Blog

  • ”რუსულმა კანონმა შესაძლოა, დააბრკოლოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების მიწოდება” – გაერო

    “რუსულმა კანონმა, შესაძლოა, დააბრკოლოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების მიწოდება” – ამის შესახებ ნათქვამია გაეროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    “გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში წუხილს გამოთქვამს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღების გამო. კანონის მიღება საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას და აფერხებს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის, როგორც ქართული დემოკრატიის მთავარი საყრდენის საქმიანობას. სხვა საფრთხეებთან ერთად, ამ კანონმა შეიძლება დააბრკოლოს სამოქალაქო საზოგადოების მიერ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სოციალური სერვისების მიწოდება. აუცილებლად მიგვაჩნია ძალადობისა და დაშინების ყველა შემთხვევის გამოძიება, რომელთაც ადგილი ჰქონდათ პროტესტების მიმდინარეობისას და მათ შემდეგ. გაერო განაგრძობს თანამშრომლობას პარტნიორებთან თანასწორი და სამართლიანი საქართველოს მხარდასაჭერად”. – წერია გაეროს განცხადებაში.

  • “ოცნებამ” ცხადი გახადა, რომ ევროპული მომავალი არ აინტერესებს! – ჯიმ რიში

    “დღეს სამოქალაქო საზოგადოების დამაზიანებელი კანონის მიღებით საქართველოს მთავრობამ ცხადი გახადა, რომ ევროპული მომავალი არ აინტერესებს. ეს უდიდესი სილის გაწვნაა ქართველთა 80%-ისთვის, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს”

    წერს აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის უფროსი წევრი რესპუბლიკური პარტიიდან, ჯიმ რიში X-ზე

  • პარლამენტის წინ დავით ქაცარავა დააკავეს

    რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშია” დამფუძნებელი დავით ქაცარავა დააკავეს.

    ცოტა ხნის წინ, პოლიციამ დააკავა ლაზარე გრიგორიადისიც.

    მანამდე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მორიგი განცხადება გაავრცელა და აქციის მონაწილეები გააფრთხილა.

    საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი.

    აქციის მონაწილეებმა დააზიანეს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული დამცავი ჯებირი.

    სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ ემორჩილებიან პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.

    საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრომ კანონმდებლობით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები გამოიყენა.

    შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის ყველა მონაწილეს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მითითებებს, არ დაუშვან სიტუაციის ხელოვნურად ესკალაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდამცველები გამოიყენებენ კანონით დადგენილ სპეციალურ საშუალებებს, – წერს შსს.

  • პარლამენტთან ლაზარე გრიგორიადისი დააკავეს

    აქციაზე, პარლამენტის წინ ლაზარე გრიგორიადისი დააკავეს. ინფორმაციას ლაზარეს დედა, თამთა კალანდაძე ადასტურებს.

    ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.

  • არ დაუშვათ მართლსაწინააღმდეგო ქმედებები, პოლიციის მხრიდან მოყვება შესაბამისი რეაგირება – შსს აქციის მონაწილეებს

    “არ დაუშვათ მართლსაწინააღმდეგო ქმედებები, პოლიციის მხრიდან მოყვება შესაბამისი რეაგირება ” – რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და პარლამენტთან ანტირუსული აქციის მონაწილეებს აფრთხილებს.

    “პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლები, მობილიზებულები არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.

    მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ მშვიდობიან ფარგლებში და არ დაუშვან მართლსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება.

    ყველა სამართალდარღვევას პოლიციის მხრიდან მოყვება შესაბამისი რეაგირება”, – წერია განცხადებაში.

  • “ქართლმა ოცნებამ” რუსული კანონი III მოსმენით მიიღო

    “ქართულმა ოცნებამ” რუსული კანონი III მოსმენით რამდენიმე წუთის წინ  მიიღო. კანონპროექტს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.

    პარალელურად პარლამენტთან დილიდან საპროტესტო აქციები იმართება.

    ახლა პარლამენტი კანონპროექტს საქართველოს პრეზიდენტს გადაუგზავნის ხელმოსაწერად, რომელსაც  სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ვეტოს დაადებს.

    3 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ “ქართულმა ოცნებამ” პირობა ისევ გადათქვა და “რუსულ კანონი,” ჩაგდებიდან 1 წლისა და ერთი თვის შემდეგ, ის ხელახლა დააინიცირა. კანონპროექტის ტექსტში განსხვავება მხოლოდ ტერმინი “უცხოური გავლენის მქონე ორგანიზაციაა,” ნაცვლად “უცხოური გავლენის აგენტისა.”

  • ლევან ბერძენიშვილმა “კავკასიის” უნივერსიტეტი დატოვა

    ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის პოზიცია, შესაბამისად, ვტოვებ ამ დაწესებულებას და უსაყვარლეს სტუდენტებს.

    ამის შესახებ, ლევან ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

     

  • ეს არის რუსეთის ჩარევა საქართველოში, მოვუწოდებთ ხალხს, წინააღმდეგობა გაუწიოს ამ გავლენას – შაპსი

    “ვინც ამ მოვლენებს ადევნებს თვალს, ეს არის რუსეთის ჩარევა საქართველოში. ჩვენ ვნახეთ, როდესაც რუსეთი უფრო აგრესიულად შეიჭრა უკრაინაში. პუტინს არ შეუძლია, არ ჩაერიოს სხვა ქვეყნების საქმეებში, ზოგჯერ ეს ხდება სამხედრო გზით, ზოგჯერ კი – გავლენის გამოყენებით. ეს არ არის კარგი მსოფლიოსთვის, არ არის კარგი თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. დიდი ბრიტანეთი გმობს ამ გავლენას, მოვუწოდებთ ხალხს, წინააღმდეგობა გაუწიოს ამ გავლენას, რომელიც რუსეთიდან მოდის. ჩემი აზრით, ისინი ასე უნდა მოიქცნენ, რადგანაც პუტინმა აჩვენა არამხოლოდ საქართველოს, რომ არ არის კარგი მსოფლიოსა და მეზობლებისთვის”.

    ამის შესახებ, განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, გრანტ შაპსმა Sky News-სთან ინტერვიუში.

  • პროექტში არსებული არაერთი ჩანაწერი პრობლემურია – იოსელიანი რუსულ კანონზე

    “როგორც კანონპროექტის სათაური, ასევე პროექტში არსებული არაერთი ჩანაწერი პრობლემურია, რაც კანონის ადრესატებისთვის ღირსების შემლახველი შეიძლება გახდეს. ამასთან, პროექტი მოქალაქეთა შესახებ საკმაოდ დიდი მოცულობის პერსონალური მონაცემების შეგროვების და გასაჯაროების რისკის შემცველია, რაც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის საფუძველს ქმნის. აღსანიშნავია, რომ კანონის პროექტის განხილვა ჩვენი მოქალაქეების თითქმის ერთთვიანი პროტესტის ფონზე მიმდინარეობს”,

    სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს უარი თქვას “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” საქართველოს კანონის ასეთი ფორმით მიღებაზე.

  • “კრემლი ხედავს საქართველოს ხელისუფლების სურვილს აღკვეთოს საშინაო საქმეებში ჩარევის მცდელობები” – პესკოვი

    „ჩვენ, ერთი მხრივ, ვხედავთ საქართველოს ხელმძღვანელობის ძლიერ სურვილს, დააზღვიონ თავიანთი ქვეყანა საშინაო საქმეებში აშკარა ჩარევისგან, ფაქტობრივად, როგორც ამას აკეთებს მსოფლიოს ქვეყნების დიდი უმრავლესობა. გვესმის საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესების მუქარაც, თუ ისინი მიიღებენ ამა თუ იმ კანონს, აბა, რა არის ეს, თუ არა საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევა”.

    აცხადებს პუტინის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი რუსულ კანონთან დაკავშირებით.