Blog

  • ხვალ, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება – სია

    ხვალ, 5 ივლისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება.

    ვაკის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის და ბაგების დასახლების მოსახლეობას.

    სამგორის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის-3 VII კვარტლის, აეროდრომის დასახლების, კალოუბნუს, შუამთის და ჯავახიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

    დიდუბის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), სანაპირო კოსმონავტების, სამტრედიის, გუდაუთის და მირცხულავას ქუჩების მოსახლეობას.

    საბურთალოს რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტაშკენტის ქუჩის მოსახლეობას.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის, ასათიანის და დელისის ქუჩების მოსახლეობას.

    მთაწმინდის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლარსის, ჩხეიძის, კეკელიძის, პეტრიაშვილის, ვეძინის, არსენას, ქიქოძის, თხინვალას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, რიწის, ცხემის და კაკაბაძეების ქუჩების მოსახლეობას.

    ჩუღურეთის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მიჩურინის, ნორიოს, საქარის, უფლისციხის, ართვინის, მამარდაშვილის, ჩეჩელაშვილის და თვალჭრელიძის ქუჩების მოსახლეობას.

    გლდანის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, VII მიკრორაიონების (ნაწილობრივ), გლდანი-დიღმის შემაერთებელი მაგისტრალის, ფეიქრების, შეშელიძის, ვეკუას და ხიზანიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის და ხერგიანის ქუჩის მოსახლეობას.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავჭალა-1 სამხედრო დასახლების, მუხიანის II მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ზღვისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), ლაგურაშვილის, ღვალაძის, ქობის, გობრონიძის, ბობოხიძის და რეზო გაბაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

    კრწანისის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბარათაშვილის, ნიშნიანიძის, ფურცელაძის, ათონელის, სულხანიშვილის, გოგჩას, ორბელიანის, სანაპიროს და მტკვრის ქუჩების მოსახლეობას.

  • 8 ივლისს პარტიისა და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეზე გადაწყვეტილებას მივიღებთ – ბოკუჩავა

    “8 ივლისს ვგეგმავთ, რომ ჩავატაროთ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება. ერთგვარი, პრეზენტაცია, სადაც იქნება ასევე პარტიული ყრილობის ნაწილი, სადაც უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები მათ შორის, პარტიის თავმჯდომარესთან და ასევე პოლიტსაბჭოს თავმჯდომარესთან დაკავშირებითაც. რა თქმა უნდა, ამ საკითხებზეც, ისევე, როგორც სხვა სიახლეებზეც, რომელსაც ძალიან მალე მოისმენს და დაინახავს საზოგადოება, შევიკრიბეთ დღეს, რათა მივიღოთ გადაწყვეტილებები.

    იცით, რომ ლევან ხაბეიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შესთავაზოს, იყოს პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე. მე მექნება პასუხისმგებლობა, რომ არჩევნებზე შევიდეთ ჩემი ხელმძღვანელობით და ჩემი თავმჯდომარეობის პირობებში. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ისეთმა წარმომადგენლობითმა ყრილობამ, როგორსაც ჩვენ ჩავატარებთ 8 ივლისს, სწორედ ამ ფორმატმა განიხილოს და იმედი მაქვს, მათი მხარდაჭერის შემთხვევაში, დაამტკიცოს”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

    ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ რეფერანდუმად ქცეული არჩევნების დროს ოპოზიციური ფლანგის ერთიანობაა საჭირო, ამიტომ მზად არიან, ძალისხმევა ამ ერთობის შექმნისკენ მიმართონ.

    “რაც შეეხება კონფიგურაციებს, იცით, რომ არსებობს ბრიუსელის ოპოზიციური ერთობის დეკლარაცია, რომელსაც მათ შორის, ხელი მოაწერა ნაციონალურმა მოძრაობამ 5 სხვა ოპოზიციურ პარტიასთან ერთად. არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ვთვლით, ძალიან მნიშვნელოვანია, ახლა, ამ გადამწყვეტ მომენტში, რეფერენდუმად ქცეულ არჩევნებში, რომ იყოს საერთო ოპოზიციური ფრონტი. ამიტომ, ეს რამდენიმე დღეც მზად ვართ, ყველა ძალისხმევა მივმართოთ, რომ ერთობა შედგეს. თუმცა თუ სხვა პარტიების და პოლიტიკური ლიდერების გადაწყვეტილებით პარტიები შევლენ არჩევნებში არსებული კონფიგურაციით, ენმ შევა არჩევნებში გასამარჯვებლად, შევა 5 ნომრით, როგორც ენმ, ჩვენი პარტიული და რეგიონული ინფრასტრუქტურით. მაგრამ მიუხედავად კონფიგურაციისა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვგეგმავთ სიახლეებს. 

    […] ჩვენთვის მთავარია გამარჯვება და მათ შორის, შიდაპარტიულ სტრუქტურებში იმგვარი კონფიგურაციის არსებობა, რომელიც საუკეთესო ფორმაში შეიყვანს ჩვენს პარტიას და თუ იქნება გამსხვილება, მთლიანად ოპოზიციას ამ რეფერენდუმად ქცეულ არჩევნებში და ვთვლით, რომ მათ შორის დღევანდელ პოლიტსაბჭოზე, ისევე, როგორც 8 ივლისის პრეზენტაციაზე, რომელსაც ასევე ექნება პარტიული ყრილობის ელემენტი, სწორედ ამ გადაწყვეტილებების მიღება მოხდება”,

    აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა.

  • სარჯველაძე აცხადებს, რომ ონკოპაციენტებს კლინიკაში წამლების თავად მიტანა აღარ მოუწვეთ

    სარჯველაძე აცხადებს, რომ ონკოპაციენტებს კლინიკაში წამლების თავად მიტანა აღარ მოუწვეთ

    ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებს აღარ მოუწევთ სააფთიაქო ქსელებიდან კლინიკაში მედიკამენტების თავად მიტანა, რადგან პროცედურაზე მისულ ყველა პაციენტს წამალი სამკურნალო დაწესებულებაში დახვდება.

    „ჯანდაცვის სამინისტროში, ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებისა და პაციენტთა ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მინისტრმა, მათ, სხვადასხვა თერაპიისთვის საჭირო მედიკამენტების გაცემის წესის ახალი პროექტი წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, წამლები პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებებში იქნება ხელმისაწვდომი.

    მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ბენეფიციარებს, აღარ მოუწევთ, სააფთიაქო ქსელებიდან, კლინიკაში, მედიკამენტების თავად მიტანა – პროცედურაზე მისულ ყველა პაციენტს, წამალი, დაწესებულებაში დახვდება. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ცვლილების მიზანია, ქვეყანაში, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდეს. პაციენტების განცხადებით კი, აღნიშნული ინიციატივა, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ ყოველდღიურობასა და თავად მკურნალობის პროცესს.

    შეხვედრაზე, ონკოლოგიის მკურნალობასთან დაკავშირებულ სხვა მიმართულებებზეც იმსჯელეს – მხარეებმა, სერვისების მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს და ერთმანეთს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს.

    შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ: ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, სამინისტროს სხვა დეპარტამენტებისა და პაციენტთა ორგანიზაციის წარმომადგენლები“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

  • ოცნებამ მხარი არ დაუჭირა რეზოლუციას, რომელმაც რუსეთი ოკუპანტად გამოაცხადა – მანჯგალაძე

    გამოჩნდა, რომ ქართული ოცნება წარმოადგენს ღიად ანტი-ქართულ ძალას. არ დაუჭირეს მხარი მთელ რეზოლუციას, რომელიც სამ მთავარ პირობას აყენებს: რუსეთი ოკუპანტად გამოაცხადა, ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს და მოითხოვს ოკუპანტების ჯარის საქართველოდან წასვლას.

    ამას ახსნა და დასაბუთება არ აქვს, ეს არის პირდაპირი მტრობა ეროვნული ინტერესის. არაფერს არ უჭერენ მხარს, ყველა პარტნიორთან აფუჭებენ ურთიერთობას. რად გვინდა ისეთი მთავრობა, რომელიც არცერთ რეზოლუციას არ უჭერს მხარს და არცერთ პარტნიორთან არ აქვს ნორმალური ურთიერთობა. რა არის გამოსავალი? გადატვირთვა ახსენა კობახიძემ, დიახ, გადატვირთვა გვჭირდება, უნდა გადავტვირთოთ საქართველო, რომელიც ამძიმებს ევროპისკენ მიმავალ გზაზე ქვეყანას.

    თქვა სტრატეგია აღმაშენებლისა და გამარჯვების პლატფორმის წევრმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

  • რუსი აქტივისტი ბორის ზოლოტარევსკი საქართველოში არ შემოუშვეს

    რუსი აქტივისტი ბორის ზოლოტარევსკი საქართველოში არ შემოუშვეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ქართველმა მესაზღვრეებმა ახსნა-განმარტების გარეშე საზღვრიდან გააბრუნეს.

    “საქართველოში არ შემიშვეს ქვეყანაში ცხოვრების მესამე წელს. თავდაპირველად მესაზღვრეებს თვალები დაუმრგვალდათ ჩემი პასპორტის დანახვისას, შემდეგ ცვლაში უფროსმა დაბღვერით შეხედა მონიტორს და წავიდა რაღაცაზე რაციით გადალაპარაკებისთვის. მთხოვეს დალოდება – 2 საათის განმავლობაში ჩემს გარშემო ბევრმა ადამიანმა გაიარა, სხვადასხვა ფერის პასპორტებით. შემდეგ მიხმეს, გადმომცეს სტანდარტული ფურცელი მშრალი ფორმულირებით “უარის მიზეზი: სხვა მიზეზები”.

    ამ წლების განმავლობაში საქართველო იქცა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილად. […] მე ოცჯერ მაინც ვარ ნამყოფი საოკუპაციო ხაზის სიახლოვედ. ხელს ვართმევდი ხალხს, ვუყურებდი თვალებში და ვეხვეოდი მათ. . რასაც ჩვენი ქვეყანა აკეთებს საქართველოს ტერიტორიის 20-ზე მეტი პროცენტის ოკუპაციით და ახალი მიწების მოკბეჩით მცოცავი ოკუპაციის ფარგლებში – საშინელებაა. ჩვენ მსოფლიო მასშტაბით კოლეგებთან ერთად შეძლებისდაგვარად ვცდილობდით და ვისწრაფვით, როგორმე მაინც დავეხმაროთ ადგილობრივებს, ვისაუბროთ ოკუპაციაზე, გავიდეთ აქციებზე. და გავაგრძელებთ ამას ნებისმიერ შემთხვევაში.

    ქართველები და საქართველო უკვე მარადიულად ჩემს გულშია, მადლობა ყველაფრისთვის საქართველო. დიდი იმედი მაქვს კიდევ შევხვდებით. ჩემზე არ ინერვიულოთ – გავაგრძელებ მუშაობას და ბრძოლას”, – წერს ის Facebook-ზე.

  • ვაფასებთ თქვენს მრავალწლიან მხარდაჭერას ჩვენი დემოკრატიის, თავისუფლებისა და მშვიდობის გზაზე – ზურაბიშვილი აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

    “ჩვენს ამერიკელ მეგობრებსა და პარტნიორებს 4 ივლისს ვულოცავ!

    საქართველო აფასებს თქვენს მრავალწლიან მეგობრობას და მხარდაჭერას ჩვენი დემოკრატიის, თავისუფლებისა და მშვიდობის გზაზე, რომელიც სამართლიანობასა და ადამიანური ღირებულებების პატივისცემაზეა დაფუძნებული.

    დამოუკიდებლობის დღეს ამერიკელ ერს ვუსურვებთ, რომ მსოფლიოში თავისუფლებისმოყვარე ერებისთვის შთაგონებად დარჩეს”.

    წერს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

  • სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა – თავდაცვა პილოტის დაღუპვაზე

    თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბოლნისში თავდაცვის ძალების კუთვნილი სუ-25 ტიპის საფრენი აპარატის კატასტროფის ადგილზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულდა, ტერიტორია დატოვეს თავდაცვის ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა.

    “იდენტიფიცირებულია საფრენი აპარატის ნაწილები და ნაპოვნია შავი ყუთი. გამოძიების ფარგლებში ამოღებულია მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია, გამოიკითხნენ მოწმეები.

    დანიშნულია საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა. დაგეგმილია ქიმიური, ბალისტიკური და ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზები.

    მომხდარი ფაქტის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მიერ, გრძელდება საგამოძიებო, საპროცესო მოქმედებები გენერალური პროკურატურის ზედამხედველობით. მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 401-ე მუხლით”, – აცხადებენ სამინისტროში.

  • თუ ტრამპმა იცის როგორ უნდა დაასრულოს ეს ომი, დღესვე უნდა გვითხრას – ზელენსკი

    ”თუ ტრამპმა იცის როგორ უნდა დაასრულოს ეს ომი, დღესვე უნდა გვითხრას.[…] ჩვენ გვინდა გავიგოთ, გვექნება თუ არა ნოემბერში [ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში] აშშ-ს ძლიერი მხარდაჭერა თუ სრულიად მარტო დავრჩებით“,

    აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის განცხადებების კომენტირებისას.

  • გერმანია არასდროს დაუჭერს მხარს ცეცხლის შეწყვეტას! რაც უკრაინის კაპიტულაციას ისახავს მიზნად – შოლცი

    გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგში მკაფიოდ დააფიქსირა ქვეყნის პოზიცია და განაცხადა, რომ გერმანია, არასდროს დაუჭერს მხარს ცეცხლის შეწყვეტას! რაც უკრაინის კაპიტულაციას ისახავს მიზნად.

    “ჩემი აზრით, ცეცხლის შეწყვეტას, რომელსაც უკრაინის კაპიტულაცია აქვს მიზნად, გერმანიის მხრიდან არასდროს არ უნდა დავუჭიროთ მხარი”, – განაცხად შოლცმა.

    მან პუტინის წინადადებას უცნაური უწოდა, ვინაიდან, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტისთვის იქნება მზად თუ “უკრაინა ასევე დათანხმდება შემდგომ ანექსიებს.”

    გერმანიის კანცლერით თქმით, ეს იმას აჩვენებს, “რამდენად ცინიკურად აზროვნებენ იქ, და რომ რუსეთის ლიდერი არ აპირებს თავისი დაპყრობითი ომის შეწყვეტას”.

  • ტემპერატურა +38 გრადუსამდე მოიმატებს – როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    7 ივლისამდე მაღალი ტემპერატურის ფონზე ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. 4 ივლისს დასავლეთ, ხოლო 5-6 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +33, +38 გრადუსამდე მოიმატებს. ინფორმაციას ამის შესახებ, გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

    თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 4 ივლისს დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 5-6 ივლისს +36, +38 გრადუსამდე მოიმატებს.

    სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 4 ივლისს ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31,+33 გრადუსი იქნება. 5 ივლისს დღის ბოლოს და 6 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსამდე დაიკლებს.

    დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 4 ივლისს ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +36, +38 გრადუსამდე მოიმატებს. 5 ივლისს დღის ბოლოს და 6 ივლისს ზოგან გაწვიმდება, ტემპერატურაც +28, +30 გრადუსამდე დაიკლებს.

    დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 4-5ივლისს ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 6 ივლისს კი გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსი იქნება.

    დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 4 ივლისს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 5 ივლისს დღის ბოლოს და 6 ივლისს ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +28, +30 გრადუსი იქნება.

    ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): მაღალი ტემპერატურის ფონზე ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა 4 ივლისს დღისით +33, +35 გრადუსი იქნება, ხოლო 5-6 ივლისს +36, +38 გრადუსამდე მოიმატებს.

    კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): მაღალი ტემპერატურის ფონზე ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა 4 ივლისს დღისით +33, +35 გრადუსი იქნება, ხოლო 5-6 ივლისს +36, +38 გრადუსამდე მოიმატებს.

    აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): მაღალი ტემპერატურის ფონზე ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი იქნება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი იქნება.