Blog

  • GoPro-ს ახალი ჰიპერსტაბილური კამერა

    {{ARTICLEIMAGE}}
    ცოტა ხნის წინ ამერიკულ კომპანია GoPro-ს ახალი ვიდეოკამერის პრეზენტაცია ჰქონდა. 


        როგორც მოგეხსენებათ GoPro შედარებით ახალი და ძალიან სწრაფად მზარდი კომპანიაა. იგი 2002 წელს დაარსდა და პოპულარობა საკმაოდ სწრაფად მოიხვეჭა. 30 სექტემბერს მათ ყველაზე გაყიდვადი HERO სერიის ახალი ვიდეო კამერა GoPro Hero 7 გამოუშვეს.


     

       

    Hero 7 ვიზუალურად ძალიან ჰგავს მის წინამორბედს, თუმცა ტექნიკურად ბევრად მოდიფიცირებულია. უმთავრესი განსხვავება, რითიც GoPro-ს მესვეურები ამაყობენ და არაერთხელ აღნიშნეს პრეზენტაციაზეც არის კამერის სტაბილიზაცია. კომპანიის დამაარსებელმა ნიკ ვუდმენმა საკმაოდ ამბიციური განცხადება გააკეთა და მისი კომპანიის ფლაგმანი კამერის ვიდეო სტაბილიზაცია საუკეთესოდ შერაცხა. 

     

       ამას გარდა, ახალ კამერაში გაუმჯობესებულია ხმის ჩამწერი სისტემაც, ლაივსთრიმი და ე.წ ‘’თაიმლაფსი’’. უნდა აღინიშნოს, რომ Hero 7 პირველი ექშენ კამერაა, რომლითაც ფეისბუქ ლაივის ჩართვას შეძლებთ.


       ‘’გოუპრომ’’ ამასთანავე მოახერხა და გააუმჯობესა ფოტო გადაღებაც. ახალ მოდელს უკვე ავტომატურად შეუძლია სახის და ღიმილის დაფიქსირება და ავტომატურად არჩევს საუკეთესო რეზოლუციასა და პარამეტრებს, თუმცა გადამღებს, რა თქმა უნდა, საკუთარი სურვილითაც შეუძლია მისი შეცვლა.

     

       
       სიახლეების მიუხედავად კომპანიამ ძველებურად დატოვა სენსორი, ლინზის ზომა და ‘’video bit-rate’’. კამერას კვლავინდებურად შეუძლია შენელებული კადრის გადაღება როგორც 120, ისე 240ფპს-ით. კამერა წყალგაუმტარია და მისით სარგებლობა 10 მეტრის სიღრმეზეა შესაძლებელი.

       
    აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი ‘’გოუპროს’’ ფასი ზუსტად იგივე დარჩა, რაც მისი წინამორბედის და მისი ფასი რეგიონის მიხედვით 400-დან 600-ას დოლარამდე მერყეობს.

  • სტრესთან გამკლავების 10 ხერხი, რომელსაც ცნობილი მილიონერები იყენებენ

    მუდმივი დაძაბულობა თანამედროვე სამყაროს განუყოფელი  ნაწილია. როცა წარმატებულ ადამიანებს ვუყურებთ, ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, თითქოს მათ ყველაფერი შესანიშნავად აქვთ და წარმოდგენაც კი არ აქვთ რა არის სტრესი. თუმცა სინამდვილეში ასე არ არის. უბრალოდ მათ, ვინც ცხოვრებაში რაღაცას მიაღწიეს, სტრესის დამარცხება ისწავლეს. ყველას საკუთარი მეთოდი აქვს.

    გთავაზობთ მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ადამიანების სტრესთან გამკლავების  მეთოდებს.

    1. დაეხმარეთ სხვებს

    კორპორაცია Virgin–ის ხელმძღვანელი, რიჩარდ ბრენსონი გვირჩევს პრიორიტეტები სწორად განვსაზღვროთ და სხვებს დავეხმაროთ.  როცა რაღაც კარგს ვაკეთებთ, ადამიანებს ვეხმარებით უფრო სუფთები და ბედნიერები ვხდებით. ამიტომაც ბიზნესმენი გვირჩევს, როცა ცხოვრებაში რთული პერიოდი გვაქვს იმ ადამიანებზე ვიფიქროთ, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ.

    “ფიქრობთ რომ გაიჭედეთ? კითხეთ საკუთარ თავს, რა შეგიძლიათ გააკეთოთ საიმისოდ, რომ ვიღაცას ერთი დღე მაინც გაულამაზოთ.“ ამბობს რიჩარდ ბრენსონი.

    როგორ გამოვიყენოთ ეს რჩევა პრაქტიკაში:

    • მიმოიხედეთ გარშემო: შესაძლოა მარტოხელა მოხუცი მეზობელი გყავთ, რომელსაც პროდუქტების საყიდლად წასვლა უჭირს, ან მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც სხვადასხვა ნივთები და სათამაშოები ძალიან სჭირდება.
    • შესაძლოა დასვენება სასარგებლო საქმესაც შეუთავსოთ და მაგალითად, შაბათ–კვირას ცხოველთა თავშესაფარში მოხალისედ წაიმუშაოთ.

      2. მოაწესრიგეთ თქვენი საქმიანობა

    Twitter –ის ერთ–ერთი დამფუძნებელი, ჯეკ დორსი თვლის, რომ სტრესის წყარო უსიამოვნო მოულოდნელობებია. ამიტომაც სამუშაო საგულდაგულოდ უნდა დაიგეგმოს და მაქსიმალურად შეეცადოთ გეგმას მიჰყვეთ. მნიშვნელოვანია მოსახერხებელი და თანმიმდევრული განრიგის შექმნა.

     

    “თუ სწორად შეადგენთ თქვენს განრიგს და მკაცრად მიჰყვებით მას, იშვიათად აღმოჩნდებით ცაიტნოტში, შესაბამისად ნაკლებ სტრესს მიიღებთ“ – ამბობს ჯეკ დორსი.

     

    როგორ გამოვიყენოთ ეს რჩევა პრაქტიკაში:

     

    • გამოიყენეთ სხვადასხვა აპლიკაციები და პროგრამები, რომლებიც ინფორმაციის სტრუქტურირებაში და ვადების დაცვაში დაგეხმარებათ (Toodledo, HabitForge, Objectiveli)  .   შესაძლოა ძველებური ტრადიციული მეთოდი – კარგი ბლოკნოტი და საწერი კალამიც გამოგადგეთ.

    • ისწავლეთ პრიორიტეტების განსაზღვრა და მუდმივად ივარჯიშეთ ყურადღების კონცენტრირებაში.

    3. გიყვარდეთ ის საქმე, რასაც აკეთებთ

     

     

    Google –ის ერთ ერთ დამფუძნებელს, სერგეი ბრინს დაძაბულობის და სტრესის მოხსნაში საკუთარი საქმის სიყვარული ეხმარება. სტრესის მიზეზი ხომ ხშირად ისიც არის რომ ადამიანს არ უყვარს საქმე, რომელსაც აკეთებს.

     

     

     

    “არ აქვს მნიშვნელობა მდიდარი ხარ თუ ღარიბი. მე ბედნიერი ვარ იმიტომ, რომ სიამოვნებას ვიღებ იმ საქმისგან, რასაც ვაკეთებ. სინამდვილეში ეს არის ყველაზე დიდი სიმდიდრე“ – ამბობს ბრინი.

     

    როგორ გამოვიყენოთ ეს რჩევა პრაქტიკაში:

     

    • განსაზღვრეთ, რომელ სფეროში ხართ ყველაზე ნიჭიერი. მოუსმინეთ საკუთარ თავს: რისი კეთება გესიამოვნებოდათ.

    • საკუთარი საქმის სიყვარულის საუკეთესო ხერხია თქვენი საყვარელი ჰობი შემოსავლის წყაროდ აქციოთ.

      4. არ ღირს პრობლემების იგნორირება

    კომპანია Amazon –ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ჯეფ ბეზოსი თვლის, რომ სტრესთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება წინდახედულებაა.  იმისათვის, რომ ფსიქოლოგიური დაძაბულობა არ დაუშვათ, დროულად უნდა დაიწყოთ მოქმედება.

    “სტრესი იმის შედეგია, რომ დროულად არ იმოქმედეთ და არაფერი გააკეთეთ მაშინ, როცა სიტუაციის კონტროლი ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო. როგორც კი პრობლემას აღმოვაჩენ, მაშინვე ვრეკავ ან ელექტრონული ფოსტით წერილს ვგზავნი, რათა სიტუაციის შეცვლა დავიწყო. პრობლემა რომც არ გადაწყდეს ის ფაქტი, რომ მისი კონტროლი დავიწყე სტრესს მნიშვნელოვნად ამცირებს“ – ამბობს ჯეფ ბეზოსი.

     

     

     

     

    როგორ გამოვიყენოთ რჩევა პრაქტიკაში:

     

    • შეადგინეთ გრძელვადიანი და მოკლევადიანი გეგმები. ეს დაგეხმარებათ საქმის მსვლელობას და მდგომარეობას ეფექტურად დააკვირდეთ.
    • კვირაში ან თვეში ერთხელ გაკეთებული საქმეები შეაჯამეთ. ასე შეძლებთ საკუთარი ეფექტურობა და შესაძლო რისკები შეაფასოთ.

    5. შეეცადეთ კონცენტრირდეთ

     

    მსოფლიოში ცნობილი კომპანია Apple–ს ხელმძღვანელის, ტიმ კუკის აზრით, რომლის მსოფლხედველობაზე სტივ ჯობსთან მეგობრობამ დიდი გავლენა იქონია ამბობს, რომ სტრესის თავიდან ასაცილებლად იმაზე უნდა კონცენტრირდეთ, რაც ყველაზე კარგად გამოგდით. 

    “რა ვისწავლე სტივისგან? ის, რომ კომპანიისა და პირადი ცხოვრების მართვისას მთავარია კონცენტრირება. მხოლოდ იმ საქმეზე უნდა კონცენტრირდე, რაც ყველაზე კარგად გამოგდის. დანარჩენს თავი უნდა გაანებო“ , ამბობს ტიმ  კუკი.

     

    როგორ გამოვიყენოთ ეს რჩევა პრაქტიკაში:

    • ისწავლეთ დელეგირება. თუ სხვა ადამიანი თანახმაა საქმის ნაწილი გადაიბაროს და თუ მას თქვენზე უკეთ აკეთებს, დაე აკეთოს.
    • თუ თქვენ რაღაც სხვებზე უკეთ გამოგდით, თავად აკეთეთ. გახსოვდეთ, რომ პროდუქტი ინჟინრებმა უნდა შეიმუშავონ, პროცესი კი მენეჯერმა უნდა მართოს.

      6. მეტი დრო გაატარეთ ოჯახთან


      სწორედ ამერიკელმა ბიზნესმენმა, YouTube –ის გენერალურმა დირექტორმა, სიუზენ ვოიჯიტსკიმა მოიფიქრა სადღესასწაულო  დღეებში სიტყვა Google -ის ანიმაციითა და სურათებით შეცვლა. სიუზენი ყველას ურჩევს მუშაობაში პაუზა გააკეთონ და თავისუფალი დრო ახლობლებთან ურთიერთობას დაუთმონ. ის წარმატებული ბიზნესვუმენია და კარგად იცის რასაც ამბობს. მას დიდი ოჯახი და ხუთი შვილი ყავს.

    “ძალიან მნიშვნელოვანია ხანდახან პაუზის გაკეთება. შევამჩნიე, რომ დასვენებისას თავში შესანიშნავი აზრები მომდის, “ ამბობს სიუზენ ვოიჯიტსკი.

     

    როგორ გამოვიყენოთ რჩევა პრაქტიკაში:

     

    • ყოველდღე ახლობლებს პირადი დროის მინიმუმ 15 წუთი დაუთმეთ.
    • წელიწადში მინიმუმ ერთხელ შვებულებაში გადით და  მეუღლესთან და ბავშვებთან ერთად დაისვენეთ. არ აქვს მნიშვნელობა სად – მშობლებთან სტუმრად სოფელში, აგარაკზე თუ ეგზოტიკურ კურორტზე. 

      7. ეძებეთ სიხარული წვრილმანებში

    კითხვა შესანიშნავია ყურადღების გადასატანად და დასამშვიდებლად. განტვირთვის ამ მეთოდს იყენებს ბილ გეითსი. მას წესად აქვს დღეში მინიმუმ ერთი საათი იკითხოს. მაშინაც კი, როცა ძალიან გვიან წვება დასაძინებლად ამ ჩვევაზე უარს არ ამბობს. ის ასევე გვირჩევს არასაჭირო ინფორმაციისგან აბსტრაგირებას და პირველ რიგში პირველხარისხოვანი საქმეების კეთებას.

     

    “ბრიჯის თამაში ძალიან ძველმოდურია, თუმცა მე ძალიან მომწონს… კიდევ, ყოველ საღამოს ჭურჭელს ვრეცხავ. აუცილებლობა არ არის, თუმცა მომწონს, რომ ამას მე თვითონ ვაკეთებ.“– ამბობს ბილ გეითსი.

     

     

    როგორ გამოვიყენოთ რჩევა პრაქტიკაში:

     

    • ეცადეთ დღის განმავლობაში რამდენჯერმე სხვადასხვა საქმეზე გადაერთოთ. გამოძებნეთ სეირნობისთვის ნახევარი საათი, ისაუზმეთ ან მიირთვით ლანჩი მყუდრო კაფეში.
    • შეეცადეთ საღამო კომპიუტერთან არ გაატაროთ . საუკეთესო დასვენება საქმიანობის შეცვლაა. გამოიყენეთ ეს დრო თქვენი ჰობისთვის ან სასიამოვნო სახლის საქმეებისთვის.

      8. დაუთმეთ დრო მედიტაციას

      ამერიკელი ბიზნესმენის და გამომგონებლის, სტივ ჯობსის რჩევით სტრესთან გამკლავება მედიტაციის საშუალებით კარგი გზაა. მედიტაცება საშუალებას გვაძლევს მოვდუნდეთ და ფიქრებისგან გავთავისუფლდეთ. ყველას შეუძლია  მისთვის მისაღები მეთოდი შეარჩიოს. კარგია სუნთქვითი ტექნიკების გამოყენებაც, რათა ტვინი და ორგანიზმი ჟანგბადით  გაჯერდეს. 

      მედიტაცია დაგეხმარებათ სამყაროს ახლებურად შეხედოთ და საკუთარ შეგრძნებებზე კონცენტრირდეთ. 

    “კონცენტრაცია და სიმარტივე. იმისათვის, რომ საღად იაზროვნოთ, დიდი ძალისხმევა გჭირდებათ. თუმცა ეს ამად ღირს. ასე ხომ მთების გადატრიალებას შეძლებთ “.

    სტივ ჯობსი

     

    როგორ გამოვიყენოთ რჩევა პრაქტიკაში:

     

    • თავიდან საკმარისია 10–15 წუთიანი მედიტირება.
    • ივარჯიშეთ გაცნობიერებაში. შესაძლოა უბრალოდ ისეირნოთ ან სადმე მიდიოდეთ, თუმცა ეცადეთ ყოველი ნაბიჯი და ჩასუნთქვა გააცნობიეროთ – ესეც ერთგვარი მედიტაციაა.

      9. კვირაში ერთი დღე ნამდვილი დასვენება მოიწყვეთ

      ცნობილი ტელეწამყვანი, ოფრა უინფრი ძალების აღდგენას დასვენების დღეების დახმარებით ახერხებს. ყოველ კვირას ის არაფრის კეთებით არის დაკავებული. ასეთ დღეებში მისი საყვარელი საქმიანობაა კითხვა, ცხელი აბაზანა ან სეირნობა.

    “პოზიტიური ემოციები სამყაროს საპასუხო რეაქციას იწვევს. როდესაც რამე კარგზე, თბილზე და კეთილზე  ფოკუსირდებით, ცხოვრებაც ასეთ ფერებს იძენს.“

    ოფრა უინფრი

     

     

    როგორ გამოვიყენოთ ეს რჩევა პრაქტიკაში:

     

    • განსაზღვრეთ საქმეები, რომელთა კეთება გსიამოვნებთ და კვირა დღე ამ საქმეებს დაუთმეთ.
    • შექმენით სახლში მაქსიმალური კომფორტი და სიმყუდროვე, რათა საღამოობით იქ მისვლა გესიამოვნოთ.

      10. დაისვენეთ სიჩუმეში და უსარგებლო არჩევანზე დროს ნუ დახარჯავთ

    Facebook–ის დამფუძნებელი, მარკ ცუკერბერგი თვლის, რომ ყოველდღიურად ტანსცმლის შერჩევას დიდი დრო მიაქვს. იმისათვის, რომ ამაზე დრო არ დაკარგოს და აღარ იდარდოს, რას რა შეუხამოს მან გარდერობი ერთნაირი სამოსით გაავსო. მისი აზრით, ასეთი გარდერობი დროის და ნერვების ეკონომიაა.

     

     

     

    მარკი საკუთარი ზომიერი მოთხოვნილებებით არის ცნობილი და თავს ყოველდღიურად ერთნაირ მაისურში და შარვალშიც კომფორტულად გრძნობს. ბიზნესმენს ასევე უყვარს განმარტოება და მოდუნება.

    “მაქვს ერთი ბინა, რომელშიც მხოლოდ საწოლი, სკამი, მაგიდა და ჩაიდანია. იმ ბინაში ინტერნეტიც არ მაქვს. ასე რომ, როცა მომინდება შემიძლია სრულ იზოლაციაში დავისვენო. “

     

    მარკ ცუკერბერგი

     

     

    როგორ გამოვიყენოთ რჩევა პრაქტიკაში:

     

    • ყველას არ აქვს საშუალება განმარტოებისთვის ცალკე ბინა შეიძინოს, ამიტომაც ეცადეთ სახლში რაც შეიძლება ნაკლები ზედმეტი ნივთი გქონდეთ.
    • თუნდაც კვირაში ერთხელ მოიწყვეთ საღამო ინტერნეტის გარეშე. თქვენს ცხოვრებაში ხომ ძალიან ბევრი ინფორმაციული ხმაურია და ხანდახან უბრალოდ სიჩუმეში ყოფნაც სასარგებლოა.

     

     

     

  • ანდრეა პირლოს ვიზიტი საქართველოში დასრულდა

    ლეგენდარული ფეხბურთელი, რომელიც საქართველოში ევროპაბეთის მოწვევით იმყოფებოდა კვირას, ნაშუადღევს, ვენაში გაფრინდა. გამგზავრების წინ, მან საქართველოში ვიზიტი შეაჯამა.

    “საქართველოში გატარებული დღეებით ძალიან კმაყოფილი ვარ. თბილისში დიდი ხნის შემდეგ დავბრუნდი და საკმაოდ ემოციური დღეები გამოვიდა, რადგან ძალიან ბევრი ფანი შემხვდა. გადაღებებითაც კმაყოფილი ვარ – ამ კამპანიაში მონაწილეობა ჩემთვის საინტერესო გამოცდილებაა,” – აცხადებს იგი.

    როგორც მოგეხსენებათ, იტალიელი ფეხბურთელი თბილისში ევროპაბეთის სარეკლამო რგოლში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. გადასაღებ მოედანზე პირლოსთან ერთად ფრანგი რეჟისორი, ჟულიენ ზენიე მუშაობდა, რომელსაც სხვადასხვა დროს ისეთი დიდი კომპანიების რეკლამები აქვს გადაღებული, როგორებიცაა ”მერსედეს ბენცი”, ”როლექსი” და ”პეჟო”. მას ამასთანავე უმუშავია მსოფლიო ვარსკვლავებთან, კრიშტიანო რონალდოსთან და ნოვაკ ჯოკოვიჩთან.

    გადაღებების დაწყებამდე პირლო გულშემატკივრებს შეხვდა, მათთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო და ავტოგრაფები დაარიგა.

    იტალიელმა ფეხბურთის ლეგენდამ გადაღებების შესახებ საკუთარ ინსტაგრამის გვერდზეც დაპოსტა.

  • პროდუქტები, რომლებიც ზამთარში ავადმყოფობისგან დაგვიცავს.

    {{ARTICLEIMAGE}}

    შემოდგომა–ზამთრის პერიოდში ადამიანის ორგანიზმის დამცავი თვისებები ქვეითდება, რაც ხშირად ავიტამინოზს და ხშირ გაციებას იწვევს. ამ პერიოდში დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ კვებას, რათა ორგანიზმის იმუნიტეტი გაძლიერდეს. რა პროდუქტები უნდა დავამატოთ რაციონში რომ ნაკლებად ვიავადმყოფოთ.


    პროდუქტები გრიპის საწინააღმდეგოდ


    მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ იმუნიტეტის გაძლიერებისთვის მთავარია ვიტამინი C, ვიტამინი E, ბეტაკაროტინი, სელენი, თუთია და ვიტამინი D. დაამატეთ თქვენს რაციონს პროდუქტები, რომლებიც C ვიტამინს შეიცავს : ფორთოხალი, გრეიფრუტი, ტომატი, ტკბილი წიწაკა, მარწყვი, პაპაია, კივი, მოცვი, ბროკოლი. ქალისთვის ძალზე მნიშვნელოვან E ვიტამინს უხვად შეიცავს: ავოკადო,  ნუში, მზესუმზირის მარცვლები და ისპანახი. იმუნიტეტის გაზრდასთან ერთად ეს პროდუქტები თქვენს კანს ჯანსაღ ელფერსაც შესძენენ. არ დაგავიწყდეთ ბეტაკაროტინიც, რომელსაც შეიცავს სტაფილო, ტკბილი კარტოფილი და გოგრა. ეს ბოსტნეული იდეალურია არომატული საშემოდგომო სუპების მოსამზადებლად. რეკომენდირებულია მწვანე სმუზის მომზადება იმუნიტეტისათვის და მასში სელენის შემცველი პროდუქტების დამატება, მაგალითად  ბრაზილირი თხილის, მზესუმზირის მარცვლების ან სხვა ტიპის მარცვლეულის და ხახვის. თუთიის მისაღებად კარგი იქნება მაგალითად გოგრის, სეზამისა და ბარდის სალათს ნუშის რძე მოვასხათ, რომელიც D ვიტამინით მდიდარია.


     

    რეცეპტები დეპრესიის წინააღმდეგ

     

    მიიღეთ რაც შეიძლება მეტი წითელი, ნარინჯისფერი და მწვანე ფერის ხილი და ბოსტნეული. თამამი ექსპერიმენტები ჩაატარეთ და გამოიყენეთ სხვადასხვა ხილ–ბოსტნეული ნაირ–ნაირი სალათების მოსამზადებლად – შემწვარი გოგრა, წიწაკა, სტაფილო, ბროკოლი,  ჭარხალი, ისპანახი, პომიდორი. ამ ინგრედიენტებით არაერთი სალათის ან კრემ–სუპის მომზადება შეგიძლიათ. არ დაგავიწყდეთ სასარგებლო ტკბილეულიც – თაფლი, აგავას სიროფი თუ კივის და ფორთოხლის წვენი. ისინი განწყობასაც გამოგისწორებენ და ორგანიზმს საჭირო ვიტამინებით და მიკროელემენტებითაც მოამარაგებენ.



     

     

  • ათი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ქალებისთვის, ვისაც მარტოს უყვარს მოგზაურობა

    {{ARTICLEIMAGE}}

    ადამიანი, რომელიც საკუთარ თავთან ჰარმონიაში თავს ყველგან კარგად გრძნობს. მათ შორის მაშინ, როცა მარტო მოგზაურობს. თანმხლების გარეშე მოგზაურობა შესაძლოა დაუვიწყარი აღმოჩნდეს, რადგან ადამიანი მთლიანად საკუთარ თავზე და ახალ შთაბეჭდილებებზეა ორიენტირებული. თუმცა არსებობს გარკვეული საფრთხეებიც, განსაკუთრებით თუ მარტოხელა მოგზაური ქალია. რომელია უსაფრთხო მარშრუტები და ადგილები, საიდანაც საღსალამათიც დაბრუნდებით და დაუვიწყარ შთაბეჭდილებებსაც მიიღებთ.

    1. კანადა

    საიდუმლო არ არის, რომ კანადელები მსოფლიოში ყველაზე ზრდილობიან და კეთილ ხალხად ითვლება, განსაკუთრებით საკუთარ მეზობლებთან შედარებით. ამიტომაც ლოგიკურია, რომ ამ ქვეყნის ორ უმსხვილეს ქალაქს– ვანკუვერს და მონრეალს   მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ქალაქის სტატუსი აქვს.

    ვანკუვერი ბრიტანეთის კოლუმბიის მთავარი ქალაქია, ამავე დროს ხუთ ქალაქს შორის შედის, სადაც ცხოვრების დონე ყველაზე მაღალია. ის ერთის მხრივ მაღალი თოვლიანი მთებით არის შემოსაზღვრული, მეორე მხარეს კი ზღვაზე გასასვლელი აქვს. ეს ქალაქი სამოთხეა მათთვის, ვისაც იმ ადგილების დათვალიერება უნდა,სადაც არაერთი ფილმი გადაიღეს. ასევე მათთვის, ვისაც ჩრდილოეთ ამერიკის ინდოელების კულტურა აინტერესებს.

    სრულიად განსხვავებულ შთაბეჭდილებებს სთავაზობს მოგზაურებს მონრეალი – კანადის სიდიდით მეორე ქალაქი. მის დიდ ნაწილს ფრანგულ–კოლონიალური ძველი მონრეალი შეადგენს, რომელიც შუა საუკუნეების არქიტექტურით გაგაოცებთ. ამ ქალაქში აუცილებლად უნდა ნახოთ ძველი რატუშა, ნოტრ დამ დე ბონსეკურის ტაძარი და მერედიტის სახლი პენის პროსპექტზე.


    2. იტალია

    საოცარი იტალია და განსაკუთრებით მისი დედაქალაქი არა  მხოლოდ ღირშესანიშნაობებით არის სავსე, არამედ მოგზაური ქალბატონებისთვის ერთ–ერთ უსაფრთხო მიმართულებად ითვლება. იტალიელები მხიარული და გულღია ხალხია. ასე რომ, საღამოობით მარტოობით არ მოიწყენთ. იტალიაში მეგობრების შეძენის შანსი ისევე შეგხვდებათ ყოველ ნაბიჯზე, როგორც არქიტექტურული საგანძური.


    3. მალტა

    მალტა პოპულარული მიმართულებაა მათთვის, ვისაც ინგლისურის შესწავლა უნდა, თუმცა ბრიტანეთში ენის შემსწავლელ კურსებზე ხელი არ მიუწვდება. პირველ რიგში, ამ ქვეყანაში ოფიციალური ენა ინგლისურია. გარდა ამისა, ხმელთაშუა ზღვის კუნძულ–სახელმწიფო დახვეწილი არქიტექტურით გამოირჩევა, რომელიც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. აქვს შესანიშნავი სამზარეულო, ადგილობრივი მოსახლეობა კი ძალიან კეთილგაანწყობილია. თუ სერიალ სამეფო კარის თამაშების მაყურებელიც ხართ, მალტაზე ბევრ პეიზაჟს ადვილად ამოიცნობთ.

    საპორტო ქალაქი ვალეტა, რომელიც მალტის დედაქალაქია, მთლიანად არის შესული იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. აქ უამრავი სასახლე, ტაძარი და შუა საუკუნეებიდან შემორჩენილი შენობაა. აქვე შეგიძლიათ სანაპიროზე გაისეირნოთ,  რომელიც ოდისევსის ლეგენდაშია ნახსენები და იმავე ქუჩებზე გაიაროთ, სადაც ნაპოლეონს გაუვლია.

    4. ინდონეზია


    ჩვენს სიაში კიდევ ერთი კუნძული სახელმწიფოა, რომელიც რამდენიმე ათას ვულკანურ კუნძულზეა განლაგებული. სურვილის შემთხვევაში აქ ნამდვილი დრაკონებიც შეგიძლიათ ნახოთ და ასობით დიალექტიც მოისმინოთ. ინდონეზია სტუმრებს მრავალფეროვანი კულტურული პროგრამით და სწრაფმავალი ავტობუსებით აოცებს. კუნძულ ბალიზე კი ისეთი შთაბეჭდილება გექმნება, რომ დღესასწაული არასდეს მთავრდება. ღირშესანიშნაობებიდან აქ აუცილებლად უნდა ნახოთ მაიმუნების ტყე და პურა ბრატანის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც 1633 წელს აშენდა.

    5. ჰოლანდია


    დავუბრუნდეთ უსაფრთხო ევროპულ მარშრუტებს და გავიხსენოთ თავისუფლებით გამორჩეული ქვეყანა – ჰოლანდია. ამ ქვეყანაზე მოარული არაერთი ლეგენდის მიუხედავად აქ დანაშაულის დონე ძალიან დაბალია. მჭიდროდ დასახლებულ ამსტერდამში კი მარტოობის არასოდეს შეგეშინდებათ, მითუმეტეს, რომ ტურისტული სეზონი აქ პრაქტიკულად მთელი წელი გრძელდება. კოფიშოფები, ლამაზი ნავებით სავსე არხები და ტიტების მინდვრები არასოდეს დაგავიწყდებათ. ამსტერდამში არაერთი გასართობის გარდა არაერთი საინტერესო მუზეუმია. ქალაქის მთავარ მოედანზე მადამ ტიუსოს მუზეუმი აუცილებლად უნდა ნახოთ, არ უნდა გამოტოვოთ ანა ფრანკის მუზეუმი, რემბრანდტის მუზეუმი და რაც მთავარია, ვან გოგის მუზეუმი. ქალებს ამსტერდამში შოფინგიც უყვართ. ადგილობრივი დიზაინერების ნახელავი გულგრილს არ დაგტოვებთ. და არც ფასებია მაინცდამაინც მაღალი. თუ უბრალოდ გასეირნება მოგინდათ შეგიძლიათ ველოსიპედი დაიქირავოთ. ისიც ხომ ამსტერდამის ერთერთი სიმბოლოა. 

    6. ნორვეგია


    “ყველაზე ბედნიერი ქვეყანა“ – ასე უწოდებენ ხშირად ნორვეგიას. ეს ქვეყანა მართლაც ცხოვრების დონით მსოფლიოში ერთ–ერთი პირველია. ნორვეგიელები კი ძირითადად მშვიდი და ბედნიერი ხალხია.

    დედაქალაქი ოსლოში მეგაპოლისის დინამიკა და სოფლური იდილია ისეა შერწყმული, რომ ორივეს მოყვარული იპოვნის მისთვის სასურველ გასართობს. შეგიძლიათ დაათვალიეროთ მუზეუმები, გალერეები და სავაჭრო მოლები. ქალაქის მიღმა კი ჩრდილოეთის ციალით შეგიძლიათ დატკბეთ. უნდა ითქვას, რომ ცხოვრების მაღალი დონე საცხოვრებლისა და პროდუქტების მაღალ ფასსაც ნიშნავს და ამ ქვეყანაში მოგზაურობა იაფი არ დაგიჯდებათ, თუმცა თავგადასავლების მოყვარულებს შეუძლიათ მთელ ქვეყანაში მიმობნეულ ბანაკ–სახლებში დაბინავდნენ, რაც სრულიად უსაფრთხოა.

    7. იაპონია


    პრაქტიკულად ყველა, ვინც იაპონიაში მოხვდება ამბობს, რომ იაპონელები უკვე 22–ე საუკუნეში ცხოვრობენ. ტექნიკური პროგრესი აქ ყოველ ნაბიჯზე იგრძნობა – ავტომატბიდან დაწყებული, სადაც ყველაფრის ყიდვა შეგიძლიათ (ვახშმის, ტანსაცმლის, ელექტროსაქონლის) და სასტუმროს ტუალეტებით დამთავრებული, რომლებიც გელაპარაკებიან. ყველაზე ფუტურისტულ რაიონად კუნძული ოდაიბა ითვლება, სადამდეც ტოკიოდან ადვილად მიხვალთ.

    ამავე დროს იაპონია ტრადიციების ქვეყნად რჩება, როცა საქმე კულტურას და ადამიანებს შორის ურთიერთობას ეხება. კლუბური ცხოვრების მოყვარული მოგზაურებისთვის საიტერესოა ტოკიოს რაიონი – სიბუია, რომელსაც არასოდეს სძინავს. დედაქალაქის გარდა აუცილებლად უნდა ნახოთ ფუძიიამას მთა, ოსაკა და შუასაუკუნეების იაპონიის დედაქალაქი კამაკურუ.

    8. სინგაპური


    კეთილგანწყობილი, საოცრად სუფთა და სრულიად უსაფრთხო სინგაპური აუცილებლად უნდა მოინახულოთ. შესაძლოა უამრავი რამის ნახვა მოგინდეთ, მათ შორის მაღაზიების შემოვლა, მაგრამ აუცილებლად უნდა გამონახოთ დრო ინდუისტური, ბუდისტური და დაოისტური ტაძრების მოსანახულებლად, რომლებიც ამ ქვეყანაში მრავლად არის.

    სინგაპურის ბოტანიკური ბაღი და“პატარა ინდოეთის“ რაიონი  კი უბრალოდ სუნთქვას შეგიკრავთ. თუმცა სანამ სინგაპურში გაემგზავრებით, კარგად გაეცანით ამ ქვეყნის კანონებს და წესჩვეულებებს. მათი დაცვის შემთხვევაში უსაფრთხოება გარანტირებული გაქვთ.

    9. ტაივანი


    ეს არის არა მხოლოდ უსაფრთხო, არამედ საოცარად შთამბეჭდავი კუნძული–სახელმწიფო წყნარ ოკეანეში, რომელიც ჩინეთს ეკუთვნის, თუმცა ამავე დროს ჩინეთის დიდი ნაწილისგან ძლიერ განსხვავდება. ოფიციალური რელიგია ბუდიზმია, მაგრამ აქ თავისი ადგილობრივი რელიგიაც აქვთ ღმერთების მთელი პანთეონით. ამიტომაც  ტაძრების კომპლექსების დათვალიერებით კარგად გაერთობით. აუცილებლად უნდა ნახოთ პრეზიდენტის სასახლე, მაოკონგის მთაზე მიმავალი საბაგირო და შილინის ბაზარი, რომელიც საღამოს რვაზე იხსნება და გამთენიისას ქრება. 

    10. ირლანდია


    და ბოლოს, ქვეყანა ინგლისისა და უელსის გვერდით, რომელიც ცნობილია თავისი ცივი სანაპიროებით და ძველი ციხესიმაგრეებით. დედაქალაქი დუბლინი საკმაოდ განვითარებული, დინამიური და თანამედროვე ქალაქია, თუმცა ირლანდია,ში მოგზაურობა მაინც ბუნების მოყვარულებს უფრო იზიდავს. საძოვრები, სანაპირო ზოლები და კოშკურები, მთები – ეს ყველაფერი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს შუა საუკუნეების ფერწერულ ტილოს უყურებთ. საღამოობით კი შეგიძლიათ მყუდრო, კლასიკურ პაბში გათბეთ, ვისკი დააგემოვნოთ და ადგილობრივებთან ერთად რივერდანსი იცეკვოთ.

    და ბოლოს: რა თქმა უნდა, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად მოგზაურობა რა თქმა უნდა კარგია, თუმცა მოგზაურობა თანამგზავრის გარეშე შეიძლება სრულიად დაუვიწყარი და ბევრად უფრო საინტერესო აღმოჩნდეს, თუ რა თქმა უნდა მარშრუტს სწორად შეარჩევთ.



  • საძილე საშუალებები

    {{ARTICLEIMAGE}}

    თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი და რიტმი ისეთია, რომ ბევრ მათგანს დამხმარე სამედიცინო პრეპარატების გარეშე არსებობა ვეღარ წარმოუდგენია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემები ადასტურებს სამწუხარო ფაქტს, რომ დასავლეთ ევროპის მცხოვრებნი სულ უფრო ხშირად იღებენ პრეპარატებს ძილის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

    მუდმივი გადაღლილობა და რეგულარული სტრესი დეპრესიულ აშლილობას და შედეგად უძილობას იწვევს. ადამიანების უმეტესობა უძილობასთან ბრძოლის სწრაფ და ხელმისაწვდომ გზას ირჩევს და საძილე პრეპარატებს იღებს.  რა თქმა უნდა, ეს დაძინების ყველაზე სწრაფო და მარტივი გზაა, რომ მძიმე სამუშაო დღის წინ კარგად გამოიძინო. მაგრამ რამდენად უსაფრთხოა უძილობის პრობლემის მოგვარების ეს მეთოდი ადამიანის ორგანიზმისთვის.

    ამერიკელ მეცნიერთა ჯგუფი ამტკიცებს, რომ საძილე პრეპარატების რეგულარული მიღება ადამიანის ორგანიზმისთვის უვნებელი არ არის. მათ კვლევაში ნათქვამია, რომ საძილე პრეპარატების რეგულარულმა მიღებამ შესაძლოა ორ კვირაში გამოიწვიოს პრეპარატზე დამოკიდებულება, რაც ალკოჰოლურ დამოკიდებულებაზე არანაკლებ მძიმეა.

    კიდევ ერთი, საგრძნობი უარყოფითი ეფექტი საძილე პრეპარატის მიღების მეორე დღეს თავის ტვინის ფუნქციონირების დაქვეითებაა. შემთხვევითი არ არის საძილე პრეპარატების ანოტაციებში მითითება, რომ პრეპარატის მიღების შემდეგ ავტოტრანსპორტის მართვა არ არის რეკომენდირებული.

  • რა გვასუქებს. უნდა ვითვალოთ თუ არა კალორიები

    {{ARTICLEIMAGE}}

    ზედმეტი წონის პრობლემა ხშირად გვაიძულებს დღის განმავლობაში მიღებული კალორიები ვითვალოთ. ზოგი დაჟინებით გვირჩევს რაციონიდან შაქარი საერთოდ ამოვიღოთ, ბევრი თვითმარქვია დიეტოლოგი მყისიერი შედეგის მისაღწევად დაბალკალორიულ მენიუს გვიდგენს. ტექნიკურ პროგრესს სპეციალური აპლიკაციების შექმნაც კი მოჰყვა, რომლებიც დღის განმავლობაში ზედმეტი კილოჯოულების მიღებაზე განგაშს ტეხენ. თუმცა ნაკლებად ვიღებთ კვალიფიციურ ინფორმაციას, რა არის კალორიები და რა კავშირშია წონის კლებასთან მათი რაოდენობა და ხარისხი.


    რა არის კალორიები?

    ფიზიკის სახელმძღვანელოდან ვიცით, რომ კალორია ეს არის სითბოს რაოდენობა, რომელსაც ერთი გრამი წყლის ერთ გრადუს ცელსიუსამდე გათბობა შეუძლია სტანდარტული ატმოსფერული წნევის შემთხვევაში. საშუალოსტატისტიკურ ადამიანს ნაკლებად აინტერესებს, რამდენ სითბოს შთანთქავს მისი სხეული, და საერთოდაც, კალორიებს ნაკლებად განიხილავენ სხეულის გასათბობი დანიშნულებით.

    1990 წელს ამერიკის მთავრობამ შემოიღო სავალდებულო მარკირება, რომელმაც მწარმოებლები დაავალდებულა პროდუქტის შეფუთვაზე პროდუქტის კალორიულობა მიუთითონ. ჩანაფიქრი ქვეყანაში ზედმეტ წონასთან ბრძოლა იყო. მოგვიანებით, 2008 წლიდან აშშ–ს რესტორნებმა მენიუში კერძების ენერგეტიკული ღირებულების
    მითითება დაიწყეს. მალე მთელი ქვეყნის მაშტაბით პოპულარული გახდა საკუთარი რაციონის კალორიულობის გამოთვლა და ზოგიერთ პროდუქტზე საერთოდ უარის თქმა.

    კალორიებმა თავისი თავდაპირველი მნიშვნელობა საერთოდ დაკარგეს და ზედმეტი წონის პრობლემის მქონე ადამიანების უსასტიკესი მტრები გახდნენ.

    რატომ უნდა ვითვალოთ კალორიები?

    არსებობს რამდენიმე ფორმულა, რომლითაც ადამიანს შეუძლია საკუთარი ყოველდღიური კალორიულობის ნორმა დაითვალოს. თუმცა ყველა ეს გათვლა და კალორიების რაოდენობის მკაცრი კონტროლი არ არის იმის გარანტია, რომ წონაში დაიკლებთ. ეს სისტემა საჭმლის მონელებაზე დახარჯულ ენერგიას არ ითვალისწინებს: სხვადასხვა საკვების მონელებას კალორიების სხვადასხვა რაოდენობა სჭირდება. მარტივად რომ ვთქვათ, წონის მატება არა კალორიების რაოდენობაზე, არამედ მიღებული კალორიების ხარისხზეა დამოკიდებული. მაგალითად, ავოკადოს 300 კილოკალორია  სხვაა და შოკოლადის 300 კილოკალორია სულ სხვა.


    არსებობს დასაბუთებული მონაცემები, რომ სხვადასხვა კომპონენტებს გადამუშავებისთვის სხვადასხვა რაოდენობის კალორია სჭირდება. ცხიმის ათვისება ყველაზე სწრაფად ხდება, უფრო ნაკლებად – ნახშირწყლების. ცილის ათვისება კი ყველაზე ძნელად. რაც უფრო მეტია საკვებში ცილების წილი, მით მეტი ენერგია იხარჯება საჭმლის მონელებაზე. 1987 წელს კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც კალორიებს ცხიმების ხარჯზე იღებდნენ ისევე იმატებდნენ წონაში, როგორც ის ადამიანები, რომლებიც ხუთჯერ მეტ კალორიებს იღებდნენ, თუმცა ნახშირწყლების ხარჯზე.

    კიდევ ერთი არგუმენტი, თუ რატომ უნდა თქვათ უარი უსარგებლო კალკულაციაზე: მთავარია არა მხოლოდ პროდუქტის ქიმიური შემადგენლობა, არამედ მისი ფიზიკური მდგომარეობაც. უმი საკვების მონელებისთვის დანახარჯი ბევრად მაღალია, ვიდრე მოხარშული ან შემწვარი საკვების მოსანელებლად.


    როდის აქვს კალორიებს მნიშვნელობა


    დიეტის დაცვა რა თქმა უნდა, ძნელია, როცა გარშემო უამრავი ცდუნებაა,  მაღაზიების თაროები სავსეა პროდუქტებით, ქალაქში კი უამრავი კაფე და რესტორანია.


    შესაბამისად, თავის ხელში აყვანა ადვილი არ არის. თუ ინტუიტიურად ვერ გრძნობთ, როგორი კვებაა თქვენთვის ოპტიმალური, კალორიების დათვლა დაგეხმარებათ თავი აკონტროლოთ. მაგრამ  ალბათ ჯობს არა იმდენად კალორიების რაოდენობაზე, არამედ მათ ხარისხზე, პროდუქტის შერჩევაზე და ზემოთმოყვანილ ინფორმაციაზე  გაამახვილოთ ყურადღება.

  • 10 მარტივი ცვლილება რომელსაც დედამიწის გადარჩენა შეუძლია

    ყველამ ვიცით რომ კლიმატის ცვლილება შეუქცევადი პროცესია, თუმცა არსებობს უამრავი ნიუანსი რომელსაც ამ პროცესის შემსუბუქება შეუძლია.
    1

  • „ჯაშუში ფოტოგრაფები“ გრიგოლ ვაშაძისგან ბოდიშს ითხოვენ

    გიორგი აბდალაძემ ე.წ. ჯაშუში ფოტოგრაფების საქმეზე 2011 წელს დაკავებულ კოლეგასტან – ნათია გედენიძესთან ერთად კიდევ ეთხელ ისაუბრა, თუ რის გამო გაასამართლეს ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს. აბდალაძე ვაშაძეს ბოდიშის მოხდას სთხოვს და საქმის გასაჯაროვების მიზნით პროკურატურას მიმართავს.