Blog

  • კამალა ჰარისმა ვიცე–პრეზიდენტობის კანდიდატი დაასახელა

    შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატმა დემოკრატიული პარტიიდან, კამალა ჰარისმა ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატად მინესოტას გუბერნატორი, ტიმ უოლცი აირჩია. საბოლოო გადაწყვეტილებამდე, შაბათ–კვირას ჰარისმა ვაშინგტონში რამდენიმე წამყვან პრეტენდენტთან გამართა გასაუბრება. ტიმ უოლცი კამალა ჰარისს საპრეზიდენტო კამპანიის ხუთდღიან ტურს შეუერთდება შვიდ ქალაქში: ჰარისი საარჩევნო კამპანიას ააქტიურებს საკვანძო შტატებში, სადაც ძირითადი პოლიტიკური ბრძოლები გაიმართება.

    ამერიკული ტელეარხის, სიბიესის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევები უჩვენებს, რომ ნაციონალური მაშტაბით კამალა ჰარისი რესპუბლიკელების კანდიდატს, დონალდ ტრამპს ერთი პუნქტით უსწრებს. მეორე გამოკითხვით კი, რომელიც კვირას გამოქვეყნდა, ტრამპის და ჰარისის რეიტინგი გათანაბრდა ისეთ შტატებში, სადაც ტრამპს 5 პროცენტიანი უპირატესობა ქონდა, სანამ ჯო ბაიდენი უარს ამბობდა საარჩევნო მარათონიდან საკუთარი კანდიდატურის მოხსნაზე.

    მართალია დემოკრატიული პარტია საკუთარ კანდიდატურას ოფიციალურად 19 აგვისტოს, პარტიის ყრილობაზე გამოაცხადებს, მაგრამ ჰარისმა უკვე მოიპოვა მომხრეთა საკმაოდ დიდი ნაწილის მხარდაჭერა, რათა ყრილობაზე ოფიციალურ დასახელებამდეც დემოკრატების კანდიდატად ჩაითვალოს.

    ვიცე–პრეზიდენტის შერჩევა პრეზიდენტის პირადი გადაწყვეტილებაა და ამ საკითხში ყრილობის დელეგატებს ხმის უფლება არ აქვთ.

    ვიცე–პრეზიდენტის არჩევა კამალა ჰარისის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება ოფიციალური ნომინაციის შემდეგ. ანალიტიკოსები ელოდნენ, რომ ვიცე–პრეზიდენტად ჰარისი შეარჩევდა თეთრ მამაკაცს რომელიმე მერყევი შტატიდან, სადაც ისტორიულად არც დემოკრატებს და არც რესპუბლიკელებს ცალსახა უპირატესობა არ აქვთ.

    მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებიდან კანდიდატურა მოხსნა და ღიად დაუჭირა მხარი კამალა ჰარისს, დემოკრატების მიმართ ნდობა კვლავ გაუჩნდა ამომრჩეველთა გარკვეულ კატეგორიას, მაგალითად 30 წელზე ახალგაზრდა ამომრჩეველს და ლათიონოამერიკულ თემებს. თუმცა, ნათლად გამოჩნდა ჰარისის სუსტი მხარეც – ხანდაზმული ამომრჩევლები, რომლებიც უფრო აქტიურად უჭერდნენ მხარს ბაიდენს.

    რამდენიმე კანდიდატიდან ტიმ უოლცი შესაძლოა სწორედ ამ მიზეზით შეირჩა. მინესოტას შტატი ისედაც დემოკრატების მხარეს იხრება და არ მოახდენს გავლენას ამ არჩევნების შედეგებზე, თუმცა 60 წლის უოლცის კანდიდატურა სავარაუდოდ ჰარისის კამპანიას ბევრ ამომრჩეველს შემატებს.
    ის გამოცდილი პოლიტიკური ლიდერია, რომელმაც კონგრესში 12 წელი იმუშავა, სანამ 2018 წელს მინესოტას გუბერნატორი გახდებოდა.

    ანალიტიკოსები თვლიან, რომ ის ბევრ დამოუკიდებელ და კონსერვატიულ ამომრჩეველს მიიმხრობს.

  • ფერდის ჩამოშლის ფაქტზე მშენებელი დაჯარიმდა, მშენებლობა შეჩერდა – მერია

    ვაკის რაიონში, ანდრია რაზმაძის ქუჩაზე ფერდის ჩამოშლის ფაქტთან დაკავშირებით, თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მუნიციპალურმა ინსპექციამ მშენებლობის შეჩერების დადგენილება მიიღო, ხოლო მშენებელი კომპანია 30 000 ლარით დააჯარიმა.

    ”საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტომასალას საბურთალოს რაიონში, ბროწეულის ქუჩა N5-ში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ადგილას გაჩენილი ბზარების შესახებ.

    აღნიშნულ მისამართზე, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ბრძანებით, შეთანხმებულია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პროექტი, რომელსაც შპს „გელოვანი დეველოფმენთი“ ახორციელებს.კომპანიას დაწყებული ჰქონდა საძირკვლისა და ხიმინჯების მოწყობა, თუმცა, ვინაიდან ბზარები შეინიშნებოდა, ამჟამად სამუშაოები შეჩერებულია.

    მუნიციპალურმა ინსპექციამ დაიწყო შესწავლა. ამ ეტაპზე, გამოიკვეთა, რომ პროექტში გათვალისწინებულია დასკვნის საფუძველზე შესაძლო რისკების დაზღვევის მიზნით კონსტრუქციული ღონისძიებები. დამკვეთს დაევალა დამატებითი კვლევის წარმოდგენა და კვლევის საფუძველზე მიზანშეწონილი ღონისძიებების გატარება. კომპანიამ დაგვიდასტურა, რომ დაწყებული აქვს კვლევები ბზარებთან დაკავშირებით. კვლევის საბოლოო შედეგები უახლოეს დღეებში შესაბამისი ფორმით წარმოდგენილი იქნება მუნიციპალურ ინსპექციაში. ასევე, გვსურს განმარტება გავაკეთოთ ვაკის რაიონში, რაზმაძის ქუჩაზე ფერდის ჩამოშლის ფაქტზეც. აღნიშნულ მისამართზე ხორციელდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული პროექტი.

    მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დროს ჩამოიშალა ფერდი. ასევე, დაზიანდა სავალი ნაწილიც.
    მომხდარ ფაქტზე თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ მოხდა კანონით გათვალისწინებული რეაგირება. კერძოდ, უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის, მუნიციპალური ინსპექციის მიერ მშენებელი დაჯარიმდა 30 000 ლარის ოდენობით. ასევე, მიღებული იქნა მშენებლობის შეჩერების დადგენილება და მშენებელს დაევალა შესაბამისი საექსპერტო შეფასებისა და კონსტრუქციული გადაწყვეტილების საფუძველზე დაზიანებული ფერდის აღდგენა”. – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

  • აშშ-მა საკონსტიტუციო სასამართლოს USAID-ის დაფინანსებული პროგრამა შეუწყვიტა

    შეერთებულმა შტატებმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს USAID-ის დაფინანსებული პროგრამა შეუწყვიტა. გავრცელებულ  ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლოში ადასტურებენ.
     

    საუბარია სამართლის უზენაესობის პროგრამაზე, რომელსაც USAID აფინანსებდა და საკონსტიტუციო სასამართლოს ამ პროგრამაში მონაწილეობის მიზანი სასამართლოს ინსტიტუციური გაძლიერება იყო.

     

  • მოქალაქეებმა, ვიტალი გუგუჩიას გირაოს თანხა, ერთ საათში შეუგროვეს

    აქტივისტ ვიტალი გუგუჩიას,რომელსაც  სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა, მოქალაქეებმა თანხა ერთ საათში აუგროვეს.

    • ”მადლობა, მადლობა, მადლობა ხალხო!შეგროვდა უკვე თანხა! სიტყვები არ მყოფნის ისეთი მადლიერი ვარ!აუცილებლად გავიმარჯვებთ ერთმანეთის ასეთი გვერდზე დგომით!კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა! გავიმარჯვებთ სახელოვნად!” – დაწერა ვიტალი გუგუჩიამ, სოციალურ ქსელში.  

    ვიტალი გუგუჩიას, რომლის მაღაზიიდანაც რუსული კანონის მხარდამჭერმა დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ მოქალაქეს ფორთოხლები ესროლა, პროპაგანდისტული, სამთავრობო POSTV-ის გადამღები ჯგუფისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლასა და ძალადობას ედავებიან.

    საუბარია მიმდინარე წლის, 31 მაისს მომხდარ შემთხვევაზე, როდესაც სამთავრობო, პროპაგანდისტული მედია POSTV-ის გადამღები ჯგუფი გუგუჩიას სახლში მივიდა და აქტივისტსა და მის ცოლს პროვოკაციულ შეკითხვებს უსვამდა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

    გუგუჩიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

     

  • სასამართლომ ვიტალი გუგუჩიას 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

    სასამართლომ აქტივისტ ვიტალი გუგუჩიას აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

    ვიტალი გუგუჩიას, რომლის მაღაზიიდანაც რუსული კანონის მხარდამჭერმა დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ მოქალაქეს ფორთოხლები ესროლა, პროპაგანდისტული, სამთავრობო POSTV-ის გადამღები ჯგუფისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლასა და ძალადობას ედავებიან.

    საუბარია მიმდინარე წლის, 31 მაისს მომხდარ შემთხვევაზე, როდესაც სამთავრობო, პროპაგანდისტული მედია POSTV-ის გადამღები ჯგუფი გუგუჩიას სახლში მივიდა და აქტივისტსა და მის ცოლს პროვოკაციულ შეკითხვებს უსვამდა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

    გუგუჩიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • რუსმა ოკუპანტებმა, ხარკოვის ცენტრი დაბომბეს – არიან დაშავებულები

    რუსმა ოკუპანტებმა, ხარკოვის ცენტრი დაბომბეს. შევჩენკოს რაიონში ისკანდერის ტიპის რაკეტა აფეთქდა.

    “დაახლოებით დილის 10 საათზე, ხარკოვში, შევჩენკოს რაიონი ოკუპანტებმა ისკანდერის ტიპის რაკეტით დაბომბა. მედიკოსებმა სამედიცინო დახმარება 5 დაშავებულ მოქალაქეს გაუწიეს. ორი ქალი ქირურგიულ განყოფილებაშია, დანარჩენები ამბულატორიაში”. – განაცხადა ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ ოლეჰ სინეგუბოვმა.
  • ზურაბიშვილი პირდაპირ ჩართულია წინასაარჩევნო აგიტაციაში, რაც კონსტიტუციის დარღვევაა – პაპუაშვილი

    ზურაბიშვილი პირდაპირ ჩართულია წინასაარჩევნო აგიტაციაში, რაც კონსტიტუციის დარღვევაა – პაპუაშვილი

    „რასაც აკეთებს სალომე ზურაბიშვილი, ეს არის კვლავ კონსტიტუციის წინააღმდეგ წასვლა – ის ჩართულია პირდაპირ წინასაარჩევნო აგიტაციაში, რაც არის კონსტიტუციის დარღვევა და ეს მისთვის უჩვეულო ნაბიჯი არ არის, ვინაიდან ჩვენ შეჩვეულები ვართ იმას, რომ ის, ზოგადად, უდიერად ეპყრობა საქართველოს კონსტიტუციას. მან გუშინ კვლავ განაცხადა, რომ ის აღიარებს სახელმწიფო ინსტიტუტების ლეგიტიმურობას, სიტყვა სიტყვით ეს თქვა მან და მათ შორის, ისაუბრა სხვადასხვა ინსტიტუტზე. ეს პირდაპირ აჩვენებს, რომ ჩვენ, ფაქტობრივად, ამ პოზიციაზე გვყავს ადამიანი, რომელიც არ აღიარებს ჩვენს სახელმწიფოს. შეგახსენებთ, თავის დროზე, როდესაც იმპიჩმენტის პროცესი მიმდინარეობდა, რამდენად ჩართულები იყვნენ უცხოელი აქტორები იმაში, რომ იმპიჩმენტი არ განხორციელებულიყო ქალბატონი სალომესი. ევროკავშირის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირები, დიპლომატები, პოლიტიკოსები პირდაპირ ზეწოლას ახდენდნენ საქართველოს პარლამენტზე, რომ იმპიჩმენტისთვის მხარი არ დაეჭირათ და ამბობდნენ, რომ ეს დეპოლარიზაციისთვის იქნებოდა ცუდი. შესაბამისად, ვნახეთ ჩვენ ბოლოს, რომ მიხეილ სააკაშვილის წყალობით, ეს იმპიჩმენტი არ შედგა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეინარჩუნა ქალბატონი სალომე იმ თანამდებობაზე. დეპოლარიზაციას მისი მხრიდან მე ცოტა ნაკლებად ვხედავ, უფრო მეტად და უფრო გაბედულად არღვევს კონსტიტუციას, ვინაიდან აქვს პირდაპირი ჯავშანი მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. ევროკავშირის სხვადასხვა წარმომადგენელი პირდაპირ ერეოდა პარლამენტის საქმიანობაში და ვნახეთ, რომ ეს აზიანებს ჩვენს ქვეყანას. ვნახეთ, რომ ამ ჩარევამ ევროკავშირის ზოგიერთი თანამდებობის პირისა და დიპლომატისა დააზიანა საქართველო, შეიყვანა უფრო მეტ პოლარიზაციაში და დღეს ჩვენ პრეზიდენტის თანამდებობაზე გვყავს ადამიანი, რომელიც პირდაპირ აცხადებს, რომ ის არ აღიარებს სახელმწიფო ინსტიტუტების ლეგიტიმურობას“

    ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

  • დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს მაქსიმუმ 2 მლნ ლარის დახმარება შეუწყდება – სარჯველაძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს მაქსიმუმ 2 მლნ ლარის დახმარება შეუწყდება – სარჯველაძე

    95 მილიონზე და მსგავს ასტრონომიულ რიცხვებზე საუბარი, როდესაც ლუგარის ლაბორატორიასა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრზე ვსაუბრობთ, არ არის. საუბარი შეიძლება იყოს მაქსიმუმ 2 მილიონი ლარის ირგვლივ. აქედანაც, ბუნებრივია, შეფასება დასჭირდება, შესაძლოა, ეს რიცხვიც არ იყოს. ვინმეს შეცდომაში შეყვანა, რომ 95 მილიონი ლარი შეუწყდა საქართველოს მხარეს, მტკნარი სიცრუეა, როგორი სიცრუეც ბევრი გავრცელდა ამ დღეებში.

    ვწუხვარ, მართლა ძალიან ვწუხვარ, რომ მე ვიტყოდი ორმხრივად, ორივე ქვეყნისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებასთან დაკავშირებით იქნა მიღებული ასეთი გადაწყვეტილება.

    განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ

  • ზედაბალი წონის პოლიტიკოსი გავლენიანს ვერ გამოიწვევს – ოდიშარია ზურაბიშვილის განცხადებაზე

    სალომე ზურაბიშვილი რომ პოლიტიკაში ნაკლებად ერკვევა, ეს ჩვენთვის და საზოგადოებისთვის ახალი არაა. მე მას მოვუწოდებდი, ოლიმპიადას კარგად დააკვირდეს და მიხვდება, რომ ზედაბალი წონები ზემაღალ წონებს არასოდეს ერკინებიან. ეს ოლიმპიური თამაშების წესებით უბრალოდ აკრძალულია. პოლიტიკაშიც ანალოგიურად ხდება. ზედაბალი რეიტინგისა და წონის მქონე პოლიტიკოსი ვერასოდეს ვერც გამოიწვევს და არც შედგება ასეთი ტიპის დებატები ისეთ გავლენიან, ავტორიტეტულ პოლიტიკოსთან და საზოგადო მოღვაწესთან, როგორიც ბიძინა ივანიშვილია.

    რაზე უნდა ესაუბროს ის ამ ადამიანს, რომელიც არის მშვიდობის გარანტი, ვისაც უდიდესი ნდობა აქვს როგორც მის მხარდამჭერებში, ასევე ზოგადად, ქართულ საზოგადოებაში  […] შესაბამისად, ეს აბსოლუტურად ბეჩავი და არაადეკვატური სანახაობა იქნებოდა.

    ასე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ქართული ოცნების დეპუტატი, ბექა ოდიშარია.

  • უკრაინელებმა 15 რუსული დრონი და 4 რაკეტა ჩამოაგდეს

    უკრაინის საჰაერო თავდაცვის ცნობით, მათ რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული,  4 რაკეტა და 15 უპილოტო საფრენი აპარატი.

    “2024 წლის 6 აგვისტოს ღამეს მტერმა უკრაინის მიმართულებით გაისროლა 2 ბალისტიკური და 2 საავიაციო რაკეტა, ასევე 16 შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი. განადგურებულია 4 რაკეტა და 15 დრონი”. – ამბობს საჰაერო ძალების ხელმძღვანელი მიკოლაი-ოლეშუკი.