Blog

  • საახალწლო რისკები. როგორ მოვიქცეთ, რომ დღესასწაულებზე ვენების პრობლემა არ გაგვირთულდეს

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვარიკოზი ცივილიზაციის დაავადებათა სიაში შეიტანა. ეს არც არის გასაკვირი თუ გავითვალისწინებთ, რომ განვითარებულ ქვეყნებში ქალების 23–33 % და კაცების 10–20% ამ დაავადებით იტანჯება და მათი რიცხვი სტაბილურად იზრდება.

    {{ARTICLEIMAGE}}

    ის, რომ ცხოვრების უძრავი წესი და არასწორი კვება პრობლემას აღრმავებს ყველამ იცის. თუმცა პროფილაქტიკაზე ნაკლებად თუ ზრუნავს ვინმე. სისხლძარღვები განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში ახალი წლის დღესასწაულების დროს ვარდება, როცა ადამიანი სრულიად მოდუნებულია, ნაკლებად მოძრაობს, ბევრს ჭამს – მათ შორის ძირითადად არაჯანსაღ საკვებს – და თან ალკოჰოლსაც აყოლებს. როგორ ავიცილოთ თავიდან საახალწლო პერიოდში ვენების პრობლემა.

    ნეგატიური ფაქტორები

    ვარიკოზული ვენების პრობლემას ორი ძირითადი მიზეზი იწვევს: მემკვიდრეობითი მიდრეკილება, ანუ გენეტიკურად განპირობებული სისხლძარღვების სისუსტე და არაკეთილსასურველი გარე ფაქტორები, რომლებიც ვენების გაგანიერების პროვოცირებას იწვევს. ეს ფაქტორები საახალწლო პერიოდში მომეტებულად გვხვდება.

    ფაქტორი პირველი: ხანგრძლივი ჯდომა

    საახალწლო ქეიფი და დროსტარება საქართველოში 31 დეკემბერს იწყება და დიდხანს გრძელდება – საშობაო დღეების და ძველით ახალი წლის ჩათვლით. გამოდის, რომ 31 დეკემბრიდან მოყოლებული არაერთ საათს ვატარებთ სუფრასთან მსხდომნი. ხანგრძლივი ჯდომის დროს ფეხის ვენებში სისხლის მიმოქცევა რთულდება და ვარიკოზული დაავადებების გართულების საფრთხე იზრდება.

    ფაქტორი მეორე: დიდი რაოდენობით საკვების მიღება

    სავსე კუჭი ინტრაპერიტონალურ წნევას ზრდის და ქვედა კიდურებიდან სისხლის მიწოდებას აუარესებს.
    ფაქტორი მესამე: წონის მომატება დღესასწაულების პერიოდში
    დღესასწაულების პერიოდში როგორც წესი წონაში რამდენიმე კილოგრამს ვიმატებთ. ჭარბწონიანი ადამიანებს ვარიკოზული დაავადება უფრო მეტად აწუხებთ, რადგან სისხლძარღვების შიდა წნევა მნიშვნელოვნად იმატებს, რაც ვენების სარქველური აპარატის არასრულფასოვან განვითარებას იწვევს.

    როგორ მოვიქცეთ, რომ ვენების დაავადება არ გაგვირთულდეს:

    1. ნუ გადატვირთავთ კუჭს. მიირთვით საკვები პატარა პორციებით
    2. მიიღეთ ბევრი ბოჭკოვანი საკვები.
    3. არ დაუშვათ კუჭში შეკრულობა. ის უკანა ტანის სისხლძარღვებში წნევის მომატებას იწვევს.
    4. დასვენების დღეებში ქეიფთან ერთად ფიზიკური აქტივობისთვისაც გამონახეთ დრო. სიარული, ცურვა, მსუბუქი სირბილი თქვენს სადღესასწაულო გრაფიკს ნამდვილად არ დააზიანებს.
    5. თუ ხანგრძლივი ქეიფი გელით ეცადეთ სუფრის წევრებს აქტიური გართობა შესთავაზოთ: ცეკვა, მოძრავი თამაშები, კონკურსები.

    და ბოლოს: ნუ დაგავიწყდებათ, რომ ახალი წლის სადღესასწაულო დღეების შემდეგ ცხოვრება ჩვეულებრივად გრძელდება და ამ პერიოდში ორგანიზმისთვის მიყენებული ზიანის გამოსასწორებლად შესაძლოა დიდი ძალისხმევა დაგჭირდეთ. ამიტომ, ჯობს თავი დაზოგოთ და პრობლემები თავიდან აიცილოთ.

  • ვენსან კასელის ამაღელვებელი ვიდეო ფეხმძიმე ცოლთან ერთად

    {{ARTICLEIMAGE}}ვენსან კასელის ახალგაზრდა მეუღლემ, თინა კუნაკიმ ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ 2019 წელი მათი ოჯახისთვის ყველაზე ბედნიერი იქნება. ის ხომ მალე დედა გახდება. თავად ვენსან კასელმა კი პირველ იანვარს ინსტაგრამზე ვიდეო პოსტი დადო. მომავალი მამა ფეხმძიმე ცოლთან ერთად ბრაზილიის პლაჟზეა გადაღებული.

    შეგახსენებთ, რომ წყვილი 2016 წლიდან ერთად არის. 2018 წლის ზაფხულში კი საფრანგეთის სამხრეთში ქორწილიც გადაიხადეს. 21 წლის თინასთვის ეს პირველი შვილია. 52 წლის ვენსან კასელს კი მონიკა ბელუჩისთან ქორწინებიდან ორი შვილი ყავს.

  • ამერიკელმა მესაზღვრეებმა მექსიკიდან მიგრანტების შესაჩერებლად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

    {{ARTICLEIMAGE}}
    ამერიკელმა მესაზღვრეებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს და ამ გზით შუშალეს ხელი მექსიკის ტერიტორიიდან საზღვარზე მიგრანტების ჯგუფის გადასვლას.

    რადიო თავისუფლების ცნობით, 150-მდე ადამიანი აშშ-ში არალეგალურად გადასვლას ცდილობდა მექსიკის ქალაქ ტიხუანიდან. შეერთებული შტატების სასაზღვრო სამსახურის განცხადებით, ცრემლსადენი გაზი მას შემდეგ გამოიყენეს, რაც მიგრანტებმა ამერიკელ მესაზღვრეებს ქვები დაუშინეს.

    ამასთან, სააგენტო AP-ის ფოტოკორესპონდენტის ცნობით, მიგრანტებმა ქვების სროლა ამერიკელი მესაზღვრეების მიერ ძალის გამოყენების შემდეგ დაიწყეს. დაკავებულია 25 ადამიანი. მექსიკიდან მიგრანტების შესაჩერებლად ამერიკელმა მესაზღვრეებმა ცრემლსადენი გაზი 2018 წლის ნოემბერშიც გამოიყენეს.

    პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონგრესისგან ჯერჯერობით უშედეგოდ მოითხოვს 5 მილიარდი დოლარის გამოყოფას მექსიკასთან საზღვარზე კედლის ასაშენებლად. კონგრესთან უთანხმოების გამო აშშ-ის პრეზიდენტმა ახალ ბიუჯეტს ხელი არ მოაწერა, რის შედეგადაც მეორე კვირაა, იძულებით, უხელფასო შვებულებაშია სახელმწიფო დაწესებულებების 380 ათასამდე თანამშრომელი, დაახლოებით 420 ათასი კი უხელფასოდ მუშაობს.

  • 99 წლის ქალმა მეორე მსოფლიო ომში დაკარგული ყოფილი საქმროს წერილი 77 წლის შემდეგ მიიღო

    {{ARTICLEIMAGE}}

    99 წლის ქალმა მეორე მსოფლიო ომში 77 წლის წინ დაკარგული ყოფილი საქმროს წერილი მიიღო. 1941 წელს ატლანტის ოკეანესთან სატვირთო გემი ჩაიძირა, სწორედ აქ იპოვა საზღვაო არქეოლოგმა ასეულობით პირადი წერილი, მათ შორის ბილ უოლკერის მიერ საცოლის, ფილის პონტინგისთვის დაწერილი ტექსტი, რომელსაც ლონდონის მუზეუმში სხვა წერილებთან ერთად სპეციალურად დაგეგმილ გამოფენაზე გამოიტანენ. 99 წლის მოხუცი ამბობს, რომ ის ბილს ძალიან უყვარდა და დაქორწინებას აპირებდნენ. 

    “არ მგონია, რომ ის გადარჩენილიყო, სხვა შემთხვევაში ის პირდაპირ ჩემთან მოვიდოდა”,ამბობს 99 წლის ქალი, რომელსაც 4 შვილი, 4 შვილიშვილი და 7 შვილთაშვილი ჰყავს.

     

     

  • მანჩესტერში მომხდარ თავდასხმაში პოლიცია ტერაქტის ნიშნებს ხედავს

    {{ARTICLEIMAGE}}
    დიდი ბრიტანეთის პოლიციაქალაქ მანჩესტერში, რკინიგზის სადგურ “ვიქტორიაში” მომხდარ თავდასხმას ტერაქტად განიხილავს.

    31 დეკემბერს საღამოს, დანით შეიარაღებულმა კაცმა სამი ადამიანი, მათ შორის პოლიციელი დაჭრა.

    დაკავებულია 25 წლის ეჭვმიტანილი, რომელიც მანჩესტერის მცხოვრებია, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა ის დიდი ბრიტანეთის მოქალაქე. განიხილება ეჭვმიტანილის ფსიქიკური აშლილობის ვერსიაც.

  • “11 თვის სასწაული”: როგორ გამოჰყავთ ბავშვი:აფეთქებული კორპუსის ნანგრევებიდან (ვიდეო)

    რუსეთში საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შემდეგ განხორციელებული სამძებრო სამუშაოების დროს, მაშველებმა 11 თვის ბავშვი ნანგრევებიდან ცოცხალი გამოიყვანეს. საგანგებო სამსახურის თანამშრომლებმა მომხდარ ფაქტს 11 თვის სასწაული უწოდეს, რადგან მაშველები მას ჰაერის საკმაოდ დაბალი ტემპერატურის პირობებში, 35 საათის განმავლობაში ეძებდნენ. ბიჭი უკვე წაიყვანეს დედასთან, რომელიც მისი შვილის მსგავსად თავს უკვე კარგად გრძნობს.

  • პოლიტიკური პროგნოზები 2019 წლისთვის

    {{ARTICLEIMAGE}}

    ინტერვიუ პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიასთან:

    _2019 გადამწყვეტი იქნება იმ კუთხით, რომ ოპოზიციამ გარკვეული მორალური უპირატესობა მიიღო იმ ფონზე, რომ ეს არ იყო კარგად ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები და ამას ყველა აღნიშნავს. ოპოზიციური ძალები ითხოვენ, გადაიხედოს საარჩევნო სისტემა და პროპორციული სისტემით ჩატარდეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები. ამიტომ, ალბათ მთელი წელი იქნება ჭიდილი ამ საკითხზე, მაგრამ არ ვიცით, როგორ დასრულდება ეს ყველაფერი. მეორე – გაგრძელდება გაშმაგებული პოლარიზაცია მედიაში და პოლიტიკურ პარტიებს შორის; ფაქტობრივად საზოგადოების გაყოფა ორ ნაწილად იმიტომ, რომ 2019 წელი არის რეალურად არჩევნების წინა პერიოდი და ორივე მხარე ეცდება, საკუთარი ამომრჩევლის შენარჩუნებას და გაზრდას და ამ პერიოდში, ორივე მხარის მიერ დაშვებული შეცდომები აისახება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს.

    _ახალი ძალის გამოჩენის მნიშვნელობას და შესაძლებლობას როგორ უყურებთ?

    იმისათვის, რომ მესამე ძალა გამოჩნდეს, მათ უნდა ჰქონდეთ ძალიან დიდი ფინანსური მხარდაჭერა, საკუთარი ტელევიზია, რადგან თუ გადახედავთ, დღევანდელ პარლამენტში შევიდნენ ის ძალები, რომელთაც ჰქონდათ საკუთარი ტელევიზია. აქედან გამომდინარე, ეს ერთგვარი ტრენდია. მაგალითად, “თავისუფალ დემოკრატებს” და რესპუბლიკელებს არ ჰქონდათ საკუთარი ტელევიზია და ისინი ვერ გავიდნენ პარლამენტში. ეს ნიშნავს, რომ ახალი ძალის უკან უნდა იდგეს ძლიერი პოლიტიკური-ფინანსური დაჯგუფება და ასევე მნიშვნელოვანია, შექმნან ახალი ნარატივი, რაც განასხვავებს მათ სხვებისგან, რომ შეძლონ მიუმხრობელი ამომრჩევლის მიზიდვა. ახალი ნარატივი იმიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ იდეურად შთააგონოს ამომრჩეველი, რათა შეცვალოს საკუთარი შეხედულებები. თუმცა ახალი ძალა უცნობ სახეებს არ ნიშნავს, აქ უფრო საუბარია ახალ იდეაზე სახელმწიფოებრივ მოწყობასთან დაკავშირებით, საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის საკითხებთან, და თუ ეს ყველაფერი მიბმული იქნება უბრალო ამომრჩევლის ინტერესებთან, წარმატების შანსი მეტი იქნება. ჩვენთან, პოლიტიკური პარტიები სამწუხაროდ, ხშირად ვერ ახერხებენ, გამოხატონ სხვადასხვა სოციალურ-პოლიტიკური ჯგუფების ინტერესები პოლიტიკურ დონეზე. ფაქტია, რომ ასეთ ძალაზე მოთხოვნა არის ქართულ საზოგადოებაში. არ უნდა დავივიწყოთ მედიარესურსების როლიც, ახალ ძალას თუ არ ექნება საკუთარი ტელევიზია, ძალიან გაუჭირდება კონკურენციაში შესვლა იმიტომ, რომ არსებული პოლიტიკური ძალები მათ ხელში არსებული უზარმაზარი რესურსების არათანაბარი გადანაწილების გამო საშუალებას არ აძლევენ მესამე ძალას, წარმატებას მიაღწიონ.

    _ასეთ რესურს ხედავთ ამ ეტაპზე?

    არა, ჩვენ ვხედავთ ორ პოლიტიკურ პოლუსს – ერთია ივანიშვილი, რომელიც ფინასურად ასევე პოლიტიკურად ფლობს “ქართულ ოცნებას” და მეორე – სააკაშვილი, რომელიც არის “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური მფლობელი და ბუნებრივია, მათ აქვთ მონოპოლიზებული მედია და ფინანსები და კონკურენცია სამართლიანი არ არის.

    _აქციებზე როგორც სტრატეგიის ნაწილზე რას ფიქრობთ?

    აქციებზე უარის თქმა ცოტა გადამეტებული იქნებოდა, რადგან მას პოლიტიკური პარტიები ევროპის ქვეყნებშიც ხშირად იყენებენ. მთავარია, აქციები სინთეზში იყოს საზოგადოებრივ აზრთან, და მნიშვნელოვანი აცდენა არ ჰქონდეს მასთან. თუ ეს ასე არ არის და სამწუხაროდ, ხშირად ასეც არის, მაშინ პოლიტიკოსები ცდილობენ რადიკალიზაციას – ამაზე ამომრჩეველი ხშირად უარს ამბობს და ამის გამო არ მოჰყვება ეფექტური შედეგი, რაც ჩაფიქრებული აქვთ ხოლმე ორგანიზატორებს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა – ყველა დარწმუნდა, რომ ამომრჩეველი გაიზარდა და მისი პოლიტიკური კულტურა კიდევ უფრო დაიხვეწა. იგი ირჩევს ევოლუციას და უარს ამბობს რევოლუციური გზით ხელისუფლების შეცვლაზე. აქედან გამომდინარე, პოლიტიკურმა პარტიებმა და ლიდერებმა ამით უნდა იხელმძღვანელონ.

  • ახალი წლიდან საქართველოში პენსია გაიზარდა

    {{ARTICLEIMAGE}}
    2019 წლის პირველი იანვრიდან სახელმწიფო პენსია 20 ლარით, არსებული 180 ლარიადან 200 ლარამდე გაიზარდა.

    როგორც ცნობილი, პენსია 20 ლარით ასევე იზრდება შშმ პირებისთვის: მკვეთრად გამოხატული პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები 180 ლარის ნაცვლად 200 ლარს მიიღებენ, მე-2 ჯგუფის შშმ პირები კი 100 ლარის ნაცვლად 120 ლარს. შშმ ბავშვები პენსიის სახით 180 ლარის ნაცვლად 200 ლარს მიიღებენ.

  • დაშავებული 36 ადამიანიდან, ერთს თითების ამპუტაცია დასჭირდა: პიროტექნიკის გამოყენების შედეგები 2019 წლის ღამეს

    {{ARTICLEIMAGE}}
    ახალი წლის ღამეს პიროტექნიკით დაშავების შემთხვევა საქართველოს 4 ქალაქში დაფიქსირდა. ბათუმში პიროტექნიკით 9 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 4 – ევროპის მოედანზე, სადაც გალაკონცერტი მიმდინარეობდა.

    დაშავებულთა შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან. პიროტექნიკამ, რომელიც ახალი წლის ღამეს გაუშვეს, მიმართულება შეკრებილებისკენ შეიცვალა. 
    დაშავებულთა შორის ასევე არიან არასრულწლოვნებიც. ექიმების თქმით, მდგომარეობა სტაბილურია და დაზიანებები ხელისა და სახის არეში აქვთ მიყენებული. 

    თბილისში ანალოგიური მიზეზით 12 მოზარდი იაშვილის კლინიკაში მოათავსეს. მათგან ათს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. დაშავებულთა ასაკი 4-დან 12 წლამდეა. მათგან ერთს თითების ამპუტაცია დასჭირდა. 

    პიროტექნიკის აფეთქების გამო თბილისის სხვადასხვა საავადმყოფოში კიდევ ორი კაცია მოთავსებული. შემთხვევები დაფიქსირდა რუსთავში, სადაც 4 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ასევე საახალწლო პიროტექნიკის გამოყენების გამო ქუთაისში 9 ადამიანია დაშავებული.