Blog

  • საპარლამენტო უმრავლესობიდან ჟორჟოლიანიც მიდის

    დეპუტატი გია ჟორჟოლიანი საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას აპირებს. ამის შესახებ მან ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

    “ვილაპარაკეთ ქვეყნის პოლიტიკის აქტუალურ პრობლემებზე. განსაკუთრებით სოციალურ -ეკონომიკის პრობლემებზე. ჩვენი ხედვები კარგა ხანია ცნობილია. არ იძვრება ეს საკითხები. ერთ კანონპროექტს ალბათ დღეს შევიტან მე რომელიც ამ საკითხთან არის დაკავშირებული. ასევე უახლოეს მომავალში შეიძლება რამდენიმე კანონპროექტი მოჰყვეს და ამათი განხილვა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი აზრით. რომ გითხრათ რომ დიდი მოლოდინი მაქვს, რომ ეს საკითხები დიდ მხარდაჭერად მოიპოვებს, არ მაქვს. ასე რომ, უფრო სავარაუდოა, რომ ჩვენ ალბათ მივალთ იქამდე , რომ ჩვენ რესურსს ამოვწურავთ უმრავლესობაში და დამოუკიდებელ მოქმედებას დავიწყებთ. ჩვენ ისედაც ვფიქრობდით არჩევნებში დამოუკიდებელ მონაწილეობას. მაგრამ შეიძლება ეს პროცესი უფრო დაჩქარდეს და უფრო ადრე დავტოვოთ უმრავლესობა“,განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

    გია ჟორჟოლიანის გარდა საპარლამენტო უმრავლესობა უკვე დატოვა 4-მა დეპუტატმა – ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა, ბექა ნაცვლიშვილმა და გედევან ფოფხაძემ.

  • ირაკლი კობახიძემ გამწირა – ფოფხაძე

    მმართველი გუნდიდან წამოსული გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ მას პარლამენტის თავმჯდომარესთან კონფლიქტი ხშირად ჰქონდა. პოლიტიკოსის განცხადებით, ირაკლი კობახიძე ინფორმაციის ცუდი გამტარია. ფოფხაძის ინფორმაციით, კობახიძე ივანიშვილს მის გარიცხვას თხოვდა.

    “მე ვიცი, რომ ივანიშვილი ისე არ გამწირავდა, როგორც გამწირა კობახიძემ. მე მქონდა იმ ადამიანთან პოლიტიკური, ადამიანური ურთიერთობა. საფუძველი იმისი, რომ თუ გვინდა პარლამენტი დავალაგოთ ფოფხაძე არ უნდა იყოს, გამართლებული არ იყო”, განაცხადა ფოფხაძემ “ტვპირველის” ეთერში. მისივე თქმით, ივანიშვილმა ბალანსი მის საზიანოდ დაარღვია.  

  • 25 თებერვალი რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის დღეა

    1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის – ანექსია მოახდინა. ბრძოლების ძირითადი ნაწილი კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა. რუსეთის წითელ არმიასთან უთანასწორო ბრძოლას იუნკერთა დიდი ნაწილი ემსხვერპლა. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ გამოცხადდა. ოკუპაციის ასეულათასობით მსხვერპლთა პატივსაცემად, ამ დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება. დღეს კი 1921 წელს გმირულად დაღუპული იუნკრების მემორიალი გვირგვინებით შეამკეს ხელისუფლების წევრებმა, პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, ასევე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და ვეტერანთა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა

  • დავით კირკიტაძე პატიმრობაში დატოვეს

    “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, დავით კირკიტაძის საქმის განხილვა გურჯაანის სასამართლოში მიმდინარეობდა. სხდომის მიმდინარეობის დროს მოსამართლეს ბრალდებულმაც მიმართა:

    “ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩემს საქმეს განიხილავს მოსამართლე, რომელიც 15 თებერვლიდან უვადოდ არის დანიშნული. დღეს თქვენი გადაწყვეტილება იქნება ტესტი იმისა, რამდენად უზუნველყოფს უვადოდ დანიშვნა მოსამართლის დამოუკიდებლობას და აქვს თუ არა მორალური უფლება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, გააგრძელოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა. მოუთმენლად ველი თქვენს გადაწყვეტილებას. მადლობას ვუხდი თითოეულ მოქალაქეს და თითოეულ პარლამენტის წევრს, რომელმაც აიღო პასუხისმგებლობა და თავდებში ჩამიდგა”, განაცხადა კირკიტაძემ. 

    დაცვის მხარე ითხოვდა, რომ კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა შეეცვალოს. ადვოკატ გიორგი კონდახაშვილის განცხადებით, სასამართლოსთვის წარსადგენად მოამზადეს 15 ათასამდე მოქალაქის და პარლამენტის 27 დეპუტატის მიერ ხელმოწერილი თავდების წერილები, თუმცა მოსამართლის განმარტებით, თავდებობა სათანადოდ არ იყო მომზადებული. 

    ადვოკატის განცხადებით, წინა სხდომაზე, რომელიც 12 თებერვალს გაიმართა, მოსამართლემ დავით კირკიტაძე პატიმრობაში დატოვა მიმალვის საფრთხის გამო, რაც კონდახაშვილის შეფასებით, მხოლოდ ჰიპოთეტური, არარსებული საფრთხეა.

    საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრს, ქვემო ქართლის ყოფილ გუბერნატორს, დავით კირკიტაძეს ბრალად ედება 2018 წლის 16 დეკემბერს, პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, სოფელ ველისციხეში “ნაციონალური მოძრაობის” საპროტესტო აქციის დროს პოლიციელზე თავდასხმა და სხვისი ქონების დაზიანება. ეს დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

    “ნაციონალური მოძრაობა” კირკიტაძეს მიიჩნევს პირად, პოლიტიკურ პატიმრად ივანიშვილის.

  • “ქართული ოცნება” შორდება თავის პრინციპებს და უახლოვდება “ნაციონალურ მოძრაობას” – ფოფხაძე

    ვის უსმენს ბიძინა ივანიშვილი და ვინ არის მისთვის ავტორიტეტი გუნდში – ამ თემაზე საუბარი “ქართული ოცნებიდან” წამოსულ გედევან ფოფხაძეს არ სურს, თუმცა აღნიშნავს, რომ ბიძინა “ივანიშვილის ისეთი ხასიათი აქვს, რომ მას შეუძლია გამოიყენოს შენი პოზიცია, თუ მას ეს იმ მომენტში აწყობს”. მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას პოლიტიკოსი “ქართულ ოცნებაში” ნაიონალიზაციის პროცესზე მიუთითებს.

    “ქართულ ოცნებაში” არიან ადამიანები, რომლებიც თანახმა არიან, ყველა გადაწყვეტილებას დაუჭირონ მხარი და ეს რა თქმა უნდა, ვიღაცას კომფორტს უქმნის – თუ მე მაქვს უმრავლესობა და გეკამათები რაღაც თემაზე – ბოლო მომენტში გეტყვით, რომ აი, მე უმრავლესობა მყავს, ხელს ამიწევენ და ეს არის გადაწყვეტილება – ისინი ყველაფერზე ხელს აწერენ – ეს არის მორჩილი და ნაკლებადაგრესიული უმრავლესობა, რომელიც “ქართული ოცნების” შიგნით ჩამოყალიბდა და რომელიც თავისი პოზიციით ხელს უწყობს “ქართული ოცნების” შიგნით “ნაციონალიზაციას” – იქ მიდის როგორც პერსონალურ დონეზე, ასევე ღირებულებების დონეზე “ნაციონალიზაცია” – იმ ადამიანების შემოყვანა “ქართულ ოცნებაში”, რომლებიც თავისი ღირებულებებით აბსოლუტურად “ნაციონალური მოძრაობის”  ნაწილი არიან. ეს განაპირობებს იმას, რომ ჩვენ ვღებულობთ ლოიალობას “ქართული ოცნების” მხრიდან ზონდერმოსამართლეების, ნაციონალი ჩინოვნიკების მიმართ, პროკურატურაში და საგამოძიებო სტრუქტურებში მთლიანად ყოფილ ნაციონალი ძალოვნების მიმართ, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ “ქართული ოცნება” შორდება თვის პრინციპებს და ღირებულებებს და უახლოვდება “ნაციონალურ მოძრაობას”, თქვა გედევან ფოფხაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, რომელიც “ქართული ოცნებიდან” საბოლოოდ წასვლას მიუძღვნა.

  • ყველა მაღალკვალიფიციურ პროფესიონალს გერმანიაში სამუშაოს მოძიება შეეძლება

    გერმანიის მთავრობის მიერ პარლამენტს წარედგინა კანონპროექტი, რომლის თანახმად, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლოს, ყველა მაღალკვალიფიციურ პროფესიონალს გერმანიაში საქართველოდან ჩასვლა და სამუშაოს მოძიება შეეძლება, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში გერმანიის საელჩოს ეკონომიკისა და სამართლის განყოფილების უფროსმა, იან ბითნერმა განუცხადა.
    მისი ინფორმაციით, ამჟამადაც, გარკვეული პროფესიის ადამიანებს, სპეციალისტებს, რომელთაც უმაღლესი განათლება აქვთ მიღებული, შეუძლიათ, გერმანიის სამუშაო ბაზარზე დასაქმდნენ და მათი რაოდენობა კანონით შეზღუდული არ არის.
    იან ბითნერის ინფორმაციით, გერმანიაში დასაქმება მაგალითად, საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტებს, მზარეულებსა და სხვა პროფესიების მქონე წარმომადგენლებს შეუძლიათ, რომლებიც მაღალი კვალიფიკაციის არიან.

    „მნიშვნელოვანია აღვნიშნო, რომ ვინც გერმანიაში სამუშაოს მოძიებას მოინდომებს, მას თავისი განათლებისა და კვალიფიკაციის დასაბუთება მოუწევს. მხოლოდ საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტებს შეეძლებათ, სამუშაო ფორმალური დიპლომის გარეშე მოიძიონ. ახლა აღნიშნული კანონი ჯერჯერობით მიღებული არ არის, ამიტომ კონკრეტულ პროცედურებზე საუბარი არ შემიძლია. მაგალითად, მზარეულების შემთხვევაში მინდა აღვნიშნო, რომ სამუშაო უფლების მინიჭება ყველას არ ეხება, არამედ ეს არის მათთვის, ვინც ეროვნული კერძების სპეციალისტია და მათზე გერმანიაში უნდა იყოს მოთხოვნა. მათ ასევე გაფორმებული უნდა ჰქონდეთ კონკრეტული შრომითი ხელშეკრულება. აღსანიშნავია, რომ მათთვის აუცილებელია საელჩოდან სამუშაო ვიზის მიღება იმიტომ, რომ უვიზო რეჟიმი მხოლოდ ტურისტებისთვისაა“, – განაცხადა იან ბითნერმა.

    გერმანიის საელჩოს წარმომადგენლის განცხადებით, გარდა სამუშაოს მოძიებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებებისა, გერმანიის პარლამენტმა კრიმინალთან ბრძოლისთვის გარკვეული რეგულაციებიც მიიღო.

    „გერმანიის სხვადასხვა ფედერალურ მიწაზე ქართველთა კრიმინალური ბანდები ნამდვილად ქმნიდნენ პრობლემებს. რაც შეეხება კონკრეტულ რეგულაციებს, საქართველოსთან მიმართებაში ჩვენ შევამცირეთ თავშესაფრის განხილვის პროცედურის ვადა და უფრო სწრაფად ხდება ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება. ასევე, გავზარდეთ საქართველოს მოქალაქეების რეადმისიის რაოდენობა. 2018 წელს საქართველოში იძულებით 1085 პირი დავაბრუნეთ.

    დეპორტაციის შემთხვევაში პირს გერმანიაში მინიმუმ 5 წლის ვადით შესვლა ეკრძალება. ცალკეულ შემთხვევებში კი ეს ვადა 10 წლამდე განისაზღვრება. გარდა იმ 1085 პირისა, რომლებიც გერმანიიდან იძულებით იყვნენ დეპორტირებულები, არიან პირები, რომელთაც განაცხადზე ეთქვათ უარი და მათ გერმანია ნებაყოფლობით დატოვეს“, – განაცხადა იან ბითნერმა.

  • ცხვრებივით გვითვლიან – ფოფხაძე

    არ მომწონს, რომ გვითვლიან, შეურაცხყოფილი ვარ – ასე უპასუხა გედევან ფოფხაძემ შეკითხვას იმის შესახებ, თუ ვის აქვს კიდევ განსხვავებული პოზიციები მმართველ გუნდში და რამდენია ასეთი დეპუტატი?

    “მე არ მომწონს, რომ ჩვენ გვითვლიან – ვინ არის ამ აზრზე, რამდენია ამ აზრზე – არ მინდა, რომ ჩვენ როგორც ცხვრებს, ისე გვითვლიდნენ და ჩვენ მართლა ასე გვითვლიან – მათ შორის პოლიტიკოსები გვითვლიან რაოდენობრივად. რა მოხდა, წავიდა ერთი ადამიანი, წავიდა ორი – მათემატიკური ანგარიშით ხელმძღვანელობენ – არ არის ეს სწორი, ამას არ აქვს მნიშვნელობა. რაოდენობრივ კონტექსტში გადაიყვანო ეკა ბესელია, ან გედი ფოფხაძე, ან ლევან გოგიჩაიშვილი არ არის სწორი. რამდენი ვიქნებით, დროთა განმავლობაში გამოჩნდება, როცა პოლიტიკოსებს პროცესები დაგვანახებს, გაიმარჯვებს იდეები თუ ღირებულებები. თუ ეს მოხდება, ჩვენ ვიქნებით ბევრი, თუ არა-ცოტა”, მაგრამ რაოდება არ უნდა იყოს განმსაზღვრელი. როგორ მიდის პროცესი – პროცესი დღეს ქართულ პოლიტიკაში მიდის რთულად – დალტონიზმამდე მივედით, დალტონიზმი ავადმყოფობაა – მხოლოდ ორ ფერს ვხედავთ, არადა სამყაროში გაცილებით ბევრი ფერია”,ამბობს ფოფხაძე. 

  • თამაზ ახობაძე მორიგ შიმშილობას აანონსებს

    თამაზ ახობაძე, იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან 4 წლის წინ ანა სუბელიანთან ერთად გაათავისუფლეს, ის სამინისტროს ვადას 27 თებერვლის 14 საათამდე აძლევს და შიმშილობას აანონსებს.ახობაძე იუსტიციის სამინისტროსგან მოითხოვოს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას.
    თავისი მოთხოვნის შესახებ ის საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს :

    „მინდა მოკლედ ჩამოვაყალიბო რა მდგომარეობაა ჩემი და იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრის დავასთან დაკავშირებით.
    როგორც იცით, დავა დასრულდა ჩემი გამარჯვებით. მოვიგე (ორჯერ) სასამართლოს სამივე ინსტანციაში სამსახურში აღდგენა და აღდგენამდე განაცდური.
    მიუხედავად ამისა, ამ ეტაპზე ეს საქმე არის თაროზე შემოდებული. სსიპ-ი არც აღასრულებს სასამართლო გადაწყვეტილებას და არც ოფიციალურად, წერილობით უარს ამბობს აღსრულებაზე, რომ მე კიდევ სადმე განვაგრძო დავა.

    არგუმენტად მოაქვთ, რომ არაერთხელ შემომთავაზეს მორიგება, რაც სიმართლეა. თუმცა, მორიგების დროს, მაშინ როცა მე ვარ გამარჯვებული, მთავაზოვბენ მხოლოდ მათთვის მისაღებ პირობას – ავიღო განაცდურის თანხა და უარი ვთქვა აღდგენაზე. მორიგებაზე წასვლა ამ შემთხვევაში, მაშინ როცა ორჯერ მაქვს მოგებული აღდგენაც და განაცდურიც, არის ჩემი კეთილინება და არა ვალდებულება. მე მაქვს მორიგებისთვის ჩემი შეთავაზებები: თუ ვერ აღმადგენენ იმ კონკრეტულ პოზიციაზე: ა) მომცენ განაცდური და აღმადგინონ სხვა პოზიციაზე; ან ბ) მომცენ განაცდური და გადამიხადონ ვერ აღდგენის კომპენსაცია; ან გ) მომცენ განაცდური და მომიხადონ ბოდიში ჩემი უფლებების დარღვევის გამო.

    აქვე, მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ჩემი სამსახურიდან გაშვება უკანონო რომ იყო, ამას ვეღარ აპროტესტებს იუსტიციის სამინისტრო. ეს ფაქტი არის უდავო. უბრალოდ, ისინი ცდილობენ კანონში არსებული ხარვეზები გამოიყენონ იმისთვის, რომ არ აღასრულონ სასამართლო გადაწყვეტილება. ხუთ წელიწადში – ერთი რეორგანიზაციით გამათავისუფლეს (უკანონოდ), მეორე რეორგანიზაციით ჩემი პოზიციაა გააერთიანეს სხვა პოზიციასთან, რომ დავა გართულებულიყო, ახლა მესამე რეორგანიზაციით აუქმებენ ჩემს პოზიციას, რომ აღდგენის მოთხოვნა შეუძლებელი გახდეს. სასამართლო პროცესის მიმდინარეობის დროს კი ჩემს პოზიციაზე პირადი განცხადების საფუძველზე დააწინაურეს ადამიანი – განცხადება დაწერა, რომ აი, კონკრეტულად ამ პოზიციაზე დამნიშნეთო და დანიშნეს.
    სამწუხაროდ, ეს საქმე არ არის იმდენად აქტუალური და როგორც ჩანს არც იმდენად მნიშვნელოვანი, რომ სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი გამოიწვიოს. არა და საქმე ეხება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების არ-აღსრულებას, რაც ნიშნავს იმას, რომ სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება შეიძლება იყოს არაფერი, ნული.

    მე არ ვაპირებ, ხუთწლიანი ბრძოლის შემდეგ, ასე მარტივად დავნებდე. ოთხშაბათამდე ვაძლევ ვადას იუსტიციის სამინისტროს, აღსრულების ეროვნულ ბიუროს, დანაშაულის პრევენციის ცენტრს, რათა დავინახო მათი კონკრეტული ქმედება გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით. ოთხშაბათს, 14:00 საათზე, მივდივარ იუსტიციის სამინისტროში და ვითხოვ შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილესთან, მიხეილ სარჯველაძესთან, რომელიც არის დანაშაულის პრევენციის ცენტრის კურატორი. თუ არც რეაგირება იქნება და არც ბატონი მიხეილი არ შემხვდება, ვიწყებ შიმშილობას იუსტიციის სამინისტროს წინ. მოთხოვნა არის აპოლიტიკური და ვითხოვ ერთადერთ რამეს – აღასრულონ სასამართლო გადაწყვეტილება.

    მე ვერავის მოგიწოდებთ, რაიმე ფორმით, შეურთდეთ ჩემს პროტესტს. თუმცა, თუ პრობლემას სერიოზულად აღიქვამთ, გელოდებით სამინისტროსთან.
    პარლამენტის წევრებო უმრავლესობიდან, არაერთხელ მოგწერეთ ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ რეაგირება არ გქონიათ. შეგახსენებთ, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება თქვენს წინაშეა ანგარიშვალდებული. სასამართლო გადაწყვეტილების არ-აღსრულება საზიანოა ქვეყნის დემოკრატიულად განვითარებისთვის. მოგიწოდებთ, მოსთხოვოთ იუსტიციის მინისტრს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.”

  • ივანიშვილი აღარ არის მედიატორი, ის მხარეა ამ დავაში – ფოფხაძე

    ბიძინა ივანიშვილმა მედიატორის ფუნქცია დაკარგა და გახდა მხარე მიმდინარე დავაში, განაცხადა გედევან ფოფხაძემ პარლამენტი გამართულ ბრიფინგზე. აღნიშნული გარემოება პოლიტიკოსმა საერთო პროცესისთვის ცუდ ფაქტორად შეაფასა. აღსანიშნავია, რომ ეკა ბესელიას მსგავსად არც ფოფხაძეს სურს ბიძინა ივანიშვილზე საუბარი.

    “არ მინდა, რომ პოლიტიკური დალტონიზმის პროცესი კიდევ უფრო გავაღრმავო. ჩემთვის პოლიტიკური დალტონიზმია, როდესაც არჩევნები წარიმართა ორი ცუდი ემოციიით – არ გვინდა “ნაციონალური მოძრაობა”, არ გვინდა ქართული ოცნება”. ეს ორი ნეგატიური ემოცია იყო არჩევნების წამმართველი. მე რომ გაუთავებლად ვილაპარაკო ბიძინა ივანიშვილზე და ჩავერთო მის წინააღმდეგ, ან გაუთავებლად ვისაუბრო “ნაციონალური მოძარაობის” დანაშაულზე, ამ პოლიტიკურ დალტონიზმს შევუწყობ ხელს”,ამბობს გედევან ფოფხაძე. 

  • ცოტა ადრე უნდა წავსულიყავი – გედევან ფოფხაძე

    მმართველი გუნდის დატოვების მიზეზებზე ისაუბრა გედევან ფოფხაძემ პარლამენტი გამართულ ბრიფინგზე. პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ პარტიის, ფრაქციის, საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების თხოვნით 22 თებერვალს მიმართა ოფიციალურად. ფოფხაძე ამბობს, რომ გუნდში მისი დარჩენა არანაირ ლოგიკას აღარ ექვემდებარებოდა და ახლა უფრო ლეგიტიმური იქნებოდა კითხვა – რატომ რჩება ის “ქართულ ოცნებაში” და არა ის, თუ რატომ ტოვებს მმართველ პარტიას, რადგან ეს არის ადგილი, სადაც განსხვავებული აზრის დაფიქსირების შემთხვევაში გეუბნებიან, რომ პოლიტიკური გაერთიანება უნდა დატოვო.

    გედევან ფოფხაძის განცხადებით, დღეს მიმდინარეობს “ქართული ოცნების” ნაციონალიზაციის პროცესი – როგორც პიროვნულ, ასევე ღირებულებების დონეზე, ამის საფუძვლად კი მოსამართლეების უვადოდ გამწესების საკითხზე მმართველი პარტიის მიდგომები დაასახელა. 

    “იმის მაგივრად, რომ დასრულებულიყო ნაციონალიზაციის პროცესი – ჩვენ დავიწყეთ გუნდში განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანების გაჩუმება. გუნდში მყოფი ჩემი მეგობრები ალბათ ფიქრობენ, რომ რაიმე გავლენას მოახდენენ ამა თუ იმ პროცესზე, თუმცა მე ეს იმედი დავკარგე”,თქვა ფოფხაძემ. 

    რაც შეეხება პოლიტიკოსის გეგმებს, ამბობს, რომ ამ საკითხზე დეტალურად არ უფიქრია: “მინდა ვიყო ყველა იმ ადამიანთან, ვისაც ამ ქვეყნისთვის სიკეთე უნდა”. 

    გედევან ფოფხაძე ფიქრობს, რომ გადაწყვეტილება გუნდიდან წასვლის შესახებ ცოტა ადრე უნდა მიეღო, თუმცა იყო მნიშვნელოვანი საკითხები, “რომლებზეც გაბრძოლება და მმართველ გუნდში ყოფნა გადაწყვიტა. ახლა, ამ გადმოსახედიდან კი, მიზეზ-შედეგობრივი კავშირის თვალსაზრისით, ეს გადაწყვეტილება გამართლებულად მიაჩნია”.  

    გედევან ფოფხაძემ მმართველი გუნდის დატოვების შესახებ ოფიციალურად ეკა ბესელიას მიერ ანალოგიური გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განაცხადა. მანამდე პოლიტიკოსისგან ხშირად ისმოდა მინიშნებები, რომ ის აპირებდა “ქართული ოცნების” დატოვებას. თუმცა ფოფხაძე ბესელიას მსგავსად მოსამართლეების უვადო გამწესების თაობაზე კანონპროექტის განხილვას დაელოდა.