Blog

  • ირინა შეიკი H&M–ის ეკოლოგიური სამოსის პრეზენტაციაზე

    33 წლის ტოპმოდელმა, ირინა შეიკმა მონაწილეობა მიიღო H&M Conscious Exclusive–ის პრეზენტაციაში. კოლექცია ეკოლოგიური, მცენარეული მასალებისგან არის შექმნილი. პრეზენტაცია ლოს ანჟელესში გაიმართა. ირინა შეიკს კოლექციიდან მსუბუქი, ჭრელი, ფრიალა კაბა ეცვა ასიმეტრიული ბოლოთი. საგაზაფხულო–საზაფხულო სამოსის სადემონსტრაციოდ ის საქანელაზე ქანაობდა და მრავალრიცხოვანი ფოტოგრაფებისთვის პოზირებდა.
    ირინა შეიკთან ერთად პრეზენტაციაში მონაწილეობდნენ: ემბერ ვალეტა, დაკოტა ფანინგი, ლეონარდო დი კაპრიოს შეყვარებული კამილა მორონე და სხვა ვარსკვლავები.
    H&M–ის ახალი კოლექცია ეკოლოგიურად სუფთა მასალებით და მცენარეული ბოჭკოთია შექმნილი. სამოსს ცელულოზას ბოჭკოთი ამზადებენ, რომელიც ანანასის ფოთლებიდან, წყალმცენარეების ბიომასისგან, ციტრუსების წვენების დამზადების შემდეგ ნარჩენი პროდუქტებისგან მზადდება.
    ამ ქსოვილებით შესაძლებელია როგორც ნატურალური აბრეშუმის მსგავსი, ასევე ნატურალური ტყავის მსგავსი მასალების დამზადება. თანაც ისინი სრულიად ეკოლოგიურია, “სუნთქავენ“ და როგორც მწარმოებლები ამბობენ, სამკურნალო ზემოქმედებაც კი აქვთ.
    “მოხარული ვართ წარმოგიდგინოთ მცენარეულ ბოჭკოთი და ახალი ეკოლოგიური მასალებით დამზადებული ხარისხიანი, ლამაზი და მოდური სამოსი. ეს არის სერიოზული განაცხადი“ განაცხადა ბრენდის კრეატიულმა დირეტორმა ან–სოფი იოჰანსონმა.

  • სოც მუშაკების გაფიცვა გაგრძელდება

    “არცერთი სოციალური მუშაკი არ უბრუნდება სამსახურს, გაფიცვის გონივრული ვადა გვაქვს მანამ სანამ არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნები”- ამის შესახებ სოც მუშაკებმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადეს.

    “ეს იყო პირველი კომუნიკაცია მინისტრთან, თითოეულ პუნტზე საჭიროა შეთანხმება ყველა სოციალურ მუშაკთან,სოციალური მუშაკები ვინარჩუნებთ ერთიანობას, ეს ნიშნავს რომ ყველა სოციალურ მუშაკს ხულოში, წალკაში, თბილისში   ვეკითხებით პოზიციას და მხოლოდ იმ შემთხვევაში შევწყვეტთ გაფიცვას, თუ ყველა სოციალური მუშაკისთვის იქნება დამაკმაყოფილებელი მოთხოვნები”-განაცხადა შეხვედრიდან გამოსულმა  სოც მუშაკმა მარიამ ბანძავამ.

    სოც მუშაკების პოზიციის საპირისპიროდ შეხვედრიდან გამოსულმა ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ შეხვედრა შეთანხმებით დასრულდა და  სოც მუშაკებთან პასუხგაუცემელი კითხვები არ დარჩენილა.

  • ჩვენს ხელისუფლებაში არ არიან პრივილეგირებული პიროვნებები – პრემიერი ქობულიას სახლის გაქურდვაზე

    პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას სახლის გაქურდვის ფაქტზე ჟურნალისტების დასმულ შეკითხვას უპასუხა. მამუკა ბახტაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში არ არიან პრივილეგირებული პიროვნებები და ეს შეიძლება ყველგან მოხდეს.

    “ვითომ შსს-მ არ დაადასტურა ეს საკითხი თუ დამალა და ა.შ. შს სამინისტრომ დაიწყო გამოძიება და ეს ინფორმაცია არის საჯარო და თუ იმას მეკითხებით, რატომ მაინცდამაინც რომელიმე მინისტრის სახლი, ჩემი პასუხი იქნება, რომ ჩვენს ხელისუფლებაში არ არიან პრივილეგირებული პიროვნებები. ასეთი რამ ყველგან შეიძლება მოხდეს“, – განაცხადა ბახტაძემ.

  • “არცერთი კითხვა არ დარჩენილა პასუხგაუცემელი “-სერგეენკო სოც მუშაკებთან შეთანხმებაზე

    რამდენიმესაათიანი მოლაპარაკება სოც მუშაკებსა და ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს შორის შეთანხმებით დასრულდა. შეხვედრის დასრულების შედეგ სერგეენკომ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა,რომ გაფიცულ სოც მუშაკებთან შეთანხმება შედგა და მოთხოვნების უმეტესობა უახლოეს მომავალში შესრულდება.

    “კონკრეტულ საკითხებზე სამუშაო ჯგუფები იმუშავებენ და 1 კვირის განმავლობაში სამოქმედო გეგმა გაიწერება, რომლის მიხედვითაც მოთხოვნები ეტაპობრივად შესრულდება”-განაცხადა სერგეენკომ.

    “ყველა პუნქტი განვიხილეთ, საბოლოო შეთანხმება არის ესეთი რომ რაზეც შევთანხმდით ამას ყველაფერს დოკუმენტის სახით გააცნობენ სხვა სოციალურ მუშაკებს, მოისმენენ მათ პოზიციებს და ამის მერე მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას გაფიცვის შეწყვეტაზე.მე ვფიქრობ რომ არცერთი კითხვა არ დარჩენილა პასუხგაუცემელი ამიტომ ვფიქრობ რომ გაფიცვა შეწყდება”
    რაც შეეხება ხელფასების ზრდას, მინისტრის განცხადებით, ამის შესაძლებლობა 9 თვის მანძილზე არ იქნება. 
    შეგახსენებთ, რომ სოც მუშაკები 25  მარტს მთელი ქვეყნის მასშტაბით  გაიფიცნენ, ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ბენეფიციარებისთვის ეფექტიანი სერვისის შექმნას  ითხოვენ.

  • ფარული ჩანაწერების საქმეს არავინ გამოიძიებს, რადგან ამას თვითო ხელისუფლება აკეთებს – გოცირიძე

    ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს არ სჯერა, რო პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეებს ივანიშვილის ხელისუფლება ოდესმე გამოიძიებს. რომა გოცირიძე დარწმუნებულია, რომ ამ ჩანაწერებთან კავშირი აქვს თავად ხელისუფლებას.

  • სუსი საკუთარ რესურსებს ოპოზიციაზე ხარჯავს- რომან გოცირიძე

    სუსი საკუთარ რესურსებს ოპოზიციაზე ხარჯავს- ასე აფასებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე

    გოცირიძის თქმით, რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი რომ ხორციელდება, ეს ყველამ იცის, მაგრამ ამ მიმართულებით სახელმწიფოს არცერთი ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგამს.
    „არაფერი იმაში სიახლე არაა,რომ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს ეწევა, მაგრამ ამ 7 წლის განმავლობაში ამ ომში მონაწილე თუნდაც ერთი აგენტი ვერ გამოავლინეს“ აცხადებს რომან გოცირიძე. 

  • სამართალდამცავები პირადი ცხოვრების მასალების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ილუზიას ქმნიან–საია

    საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გავრცელების ფაქტზე კიდევ ერთი პირის დაკავების შემთხვევას. აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 2 თვის წინ, ასევე პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების შენახვისა და მასობრივი გავრცელების ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 16 პირი დააკავა.
    საია მიიჩნევს, რომ სამართალდამცავთა მხრიდან განხორციელებული ქმედებები ქმნის პირადი ცხოვრების ამსასხველი მასალის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ილუზიას, რამდენადაც, სავარაუდოდ არ ტარდება რეალური ღონისძიებები ამგვარი ქმედების დანაშაულის პირველწყაროს დასჯის მიზნით. სისხლისამართლებრივი დევნა ფრაგმენტულად იწყება ადამიანების მიმართ მასალის ინტერნეტში ატვირთვის გამო, მაშინ, როდესაც პრინციპულად მნიშვნელოვანია პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის დამზადებასა და გავრცელების დაკვეთაში ბრალდებული პირების იდენტიფიცირება და პასუხისგებაში მიცემა. არსებული ვითარება არ ახდენს პრევენციას და ქმნის მომავალში მსგავსი დანაშაულების ჩადენის საფრთხეს. ამასთან, საკითხის აქტუალურობის და სიმწვავის მიუხედავად, საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი, რა მოქმედებები ტარდება პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის დამზადების და პირველად გავრცელების შესახებ ეფექტიანი გამოძიების მიზნით.
    ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საია მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს პროკურატურას, ეფექტიანად გამოიძიოს სადავო პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის დამზადების და გავრცელების დაკვეთის ფაქტები.
  • ყვითელი სამარშრუტო ტაქსები, სავარაუდოდ, ცენტრალურ ქუჩებზე აღარ იმოძრავებს

    ყვითელი სამარშრუტო ტაქსები, სავარაუდოდ, ცენტრალურ ქუჩებზე აღარ იმოძრავებს და შიდასაუბნო ქუჩებზე გადაინაცვლებს. 

    როგორც ცნობილია მერიაში პროექტზე უკვე  აქტიურად მუშაობენ.

    “აუცილებლად გადაიხედება შესაბამისი კონტრაქტი, რადგან ვსაუბრობთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის განახლებაზე და  გარდაუვალი პროცესია.  უახლოეს პერიოდში მოწოდებული იქნება საბოლოო ანგარიში მუნიციპალური ტრანსპორტის განახლებულ ქსელთან დაკავშირებით და ეს, რა თქმა უნდა, შეეხება ყვითელ მიკროავტობუსებსაც. ყვითელი მიკროავტობუსების ქსელის მოწესრიგება მოხდება და ის ცენტრალური ქუჩებიდან სავარაუდოდ, გადავა შიდა საუბნო არეალებში,” – განაცხადა  თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ.

  • ბრიტანეთში ყველაზე მახინჯი ძაღლი გარდაიცვალა

    ბრიტანეთში ყველაზე მახინჯ ძაღლად ცნობილი ჩინური ჯუჯა ტერიერი სახელად ჩეიზი 16 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბოლოს ის პრაქტიკულად უკბილო იყო და თვალის კატარაქტა აწუხებდა.
    2017 წელს ჩეიზიმ მესამე ადგილი დაიკავა მსოფლიოში ყველაზე მახინჯი ძაღლების კონკურსში, რომელიც კალიფორნიაში ჩატარდა.
    მისი პატრონი, უელსელი სტორმ შაილერი აცხადებს, რომ ძაღლი პანკრეატიტით გარდაიცვალა. მისი თქმით, ჩეიზი ძალიან მხიარული არსება იყო, მიუხედავად მისი სიმახინჯისა და ჯანმრთელობის პრობლემებისა.
    “ბოლო დღემდე არ კარგავდა სიცოცხლის ხალისს. ის იყო პატარა ძაღლი დიდი გულით. სხვა ასეთი აღარ იქნება“ – ამბობს ძაღლის პატრონი.
    სტორმ შაილერი აღიარებს, რომ არასოდეს არ ქონია რაიმე პრიზის იმედი, როცა ჩეიზი იყიდა. ჩეიზიმ კონკურსზე მარჯვენა თვალზე კატარაქტისა და იმის წყალობით მიიღო პრიზი, რომ კიბორჩხალასავით გადაადგილდებოდა.
    “იმ დღეს თითქოს დიდების ტალღებში ნებივრობდა და ეს ძალიან მოსწონდა. ძალიან ალერსიანი იყო, ძალიან უყვარდა მოფერება,მას ვერავინ შემიცვლის“ – ამბობს სტორმი

  • გიორგი ქობულიას აგარაკის ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ  ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას აგარაკის ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

    დაკავებული  29 წლის მამაკაცია, რომელმაც მინისტრის  აგარაკზე უკანონოდ შეაღწი და  სხვადასხვა ნივთი მოიპარა.

    „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების, შედეგად, ქურდობის ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.უ. დააკავეს.სასჯელი 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიებით  დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 16 მარტს დაბა წყნეთში მდებარე,  გიორგი ქობულიას აგარაკზე უკანონოდ შეაღწია, საიდანაც სხვადასხვა ნივთი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა მ.უ. მომხდარიდან მალევე თბილისში დააკავეს. პოლიციამ ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.

    გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
    მინისტრის აგარაკის ძარცვის ფაქტზე ინფორმაცია გუშინ გავრცელდა, თუმცა ქობულიამ ამის შესახებ კომენტარის გაკეთება “პირად ცხოვრებაში”ჩაურევლობის მოტივით არ ისურვა.