Blog

  • “ევროპელებმა დავკარგეთ ჩვენი კოლექტიური ლიბიდო”-ევროკომისიის პრეზიდენტი

    ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან კლოდ იუნკერი აცხადებს, რომ ევროპელებმა ერთმანეთისადმი „ლიბიდო“ დაკარგეს.

    „ჩვენ არ გვიყვარს ერთმანეთი, ჩვენ დავკარგეთ ჩვენი კოლექტიური „ლიბიდო“. “ბრექსითი” განსაკუთრებული შემთხვევაა. როდესაც 40 წლის განმავლობაში მიუთითებ, რომ ქვეყანა რეალურად არ ეკუთვნის ევროკავშირს, გასვლის გადაწყვეტილება ამ ყველაფრის ლოგიკური შედეგია.კომისიას არ შეუძლია აანაზღაუროს ცალკეული ქვეყნების მთავრობების სისუსტეები ევროპაში. შეხედეთ დიდ ბრიტანეთს““, – განაცხადა იუნკერმა.

    იუნკერის  თქმით, ის ფაქტი, რომ კონტინენტზე ევროსკეპტიკოსი პარტიები იზრდება სამომავლოდ ევროპაზე უარყოფითად იმოქმედებს.

    იუნკერმა აღნიშნა, რომ ევროკომისია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ვითარება გამოსწორდეს.

  • იმერეთის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა

    იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ თანამდებობა დატოვა,  ინფორმაცია ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დაადასტურა. მისი თქმით, შავლეგო ტაბატაძეს სურვილი ჰქონდა სამხედრო საქმეს დაბრუნებოდა და მან აღნიშნული თხოვნა დააკმაყოფილა.

    “შავლეგო არის გამორჩეული ადამიანი ჩვენს გუნდში. ის არის გენერალი, სამხედრო და თვითონვე ჰქონდა თხოვნა, რომ დაბრუნებოდა თავის პროფესიას. მინდა, გადავუხადო მადლობა გაწეული მუშაობისთვის, რომელიც ამ პოსტზე ყოფნის პერიოდში გააკეთა. მადლობა მას გაწეული სამსახურისთვის. ის დაუბრუნდა თავის პროფესიას, ის არის გამორჩეული სამხედრო“,-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

    შავლეგო ტაბატაძე იმერეთის გუბერნატორის პოსტს  2018 წლის 20 აგვისტოდან იკავებდა.

  • სექსუალური შევიწროება დასჯადი ხდება

    სექსუალური შევიწროება დასჯადი ხდება-პარლამენტმა სექსუალური შევიწროების შესახებ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი ერთხმად დაუჭირა.

    კანონის მიხედვით, სექსუალური შევიწროების ფაქტი გამოიწვევს  300 ლარიან ჯარიმას. ხოლო აღნიშნული ქმედების ერთი წლის განმავლობაში ჩადენა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით.

    ამასთან, სექსუალური შევიწროება ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ ან არასრულწლოვნის თანდასწრებით გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 800 ლარამდე ოდენობით. აღნიშნული ქმედების ერთი წლის განმავლობაში გამეორება კი, გამოიწვევს დაჯარიმებას 800-დან 1000 ლარამდე ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღემდე ვადით.

    “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით, სექსუალური ხასიათის ქცევაში იგულისხმება სექსუალური ხასიათის ფრაზების გამოთქმა ან მიმართვა, გენიტალური ორგანოების ჩვენება, ნებისმიერი სიტყვიერი, არასიტყვიერი და სექსუალური ხასიათის სხვა ფიზიკური ქცევა.

    ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, სექსუალური შევიწროება დარეგულირდება შრომით ურთიერთობებშიც.

    “შრომის კოდექსის“ თანახმად, სექსუალურ შევიწროებად ითვლება სექსუალური ხასიათის არასასურველი ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს და იწვევს პირის ღირსების შელახვას ან მისთვის დამამცირებელი, მტრული ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას.

    საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ფარგლებში მომზადდა და მისი ინიციატორები  პარლამენტის წევრები თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, რატი იონათამიშვილი, გუგული მაღრაძე, ენძელა მაჭავარიანი და გიორგი ტუღუში არიან.

  • კანონიდან სიტყვა “ლიბერალურის” ამოღების კანონპროექტი ჩავარდა

    “ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება”-ზოგადი განათლების შესახებ კანონიდან ამ ტერმინის ამოღება ჩავარდა.

    სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.ოპოზიციამ  კანონპროექტზე კენჭისყრის გადადება მოითხოვა.

    მათი მოთხოვნა იყო, რომ კანონპროექტი მაშინ გაეტანათ კენჭისყრაზე, სანამ საბოლოო სახით არ ჩამოყალიბდებოდა.

    განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშის თქმით,  კანონპროექტიდან სიტყვა ლიბერალურს არ ამოიღებენ, რადგან ეს საკითხი პრინციპულად მნიშვნელოვანი არ არის. 

    მეორე მოსმენამდე კანონპროექტის ავტორები ნუკრი ქანთარია და გენადი მარგველაშვილი  განათლების სამინისტროსთან კონსულტაციებს გამართავენ.

    წარმოდგენილი კანონპროექტი კენჭისყრაზე პირველი მოსმენით მაინც დააყენეს, თუმცა ის დეპუტატებმა  ჩააგდეს.

  • კირკიტაძის სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს

    გურჯაანის რაიონულ სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში  მიმდინარეობს.

    პროცესი ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გამოკვლევა და მოწმეთა დაკითხვა გრძელდება.

    პროკურორის ინფორმაციით, დღეს პროცესზე 4 მოწმე დაიკითხება.

    კირკიტაძის ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი აცხადებს, რომ ამის შემდეგ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების მოკვლევისა და მოწმეების დაკითხვის ეტაპი დაიწყება.

    დაცვის მხარეს სულ 26 მოწმე ჰყავს, რომელთა გამოკითხვაც შემდგომ პროცესებზე გაგრძელდება.

  • “მაგთიკომი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

    “მაგთიკომი” სპეციალურ  განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

    “მაგთიკომი აცხადებს, რომ საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ბილაინის შეძენის თაობაზე არ შეესაბამება სიმართლეს.

    მაგთიკომს არც ერთ ეტაპზე არ გამოუხატავს ინტერესი ამ საკითხთან მიმართებაში.

    აღნიშნული მცდარი ინფორმაციის გავრცელება შესაძლებელია მიზნად ისახავდეს ბილაინის სავაჭრო ფასის აწევას“, – ნათქვამია მაგთიკომის ოფიციალურ განცხადებაში. 

  • ქედაში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა

    აჭარაში, ქედის  რაიონში  ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა.

    როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მსუბუქი ავტომობილი ხევში გადავარდა.

    დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

    შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

  • თბილისში საცობების გამო პარლამენტის პლენარული სხდომა 20 წუთით გვიან დაიწყო

    თბილისში საცობების გამო პარლამენტის პლენარული სხდომა 20 წუთით გვიან დაიწყო. 

    “კოლეგებო ქალაქში არის საცობები ამიტომ თხოვნაა, რომ რამდენიმე წუთით გადავწიოთ რეგისტრაცია”-მიმართა დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

    სხდომა 12:00 საათზე უნდა დაწყებულიყო.სესიაზე  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ.

  • ოთხი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული 85 წლის მამაკაცი დააკავეს

    შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში  85 წლის მამაკაცი დააკავა, რომელმაც  შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 85 წლის ო.გ-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან მიჯრით, რამდენიმე გასროლით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა შვილს, რძალს და ორ მეზობელს, ასევე  ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა მეუღლეს. თვითმხილველების ცნობით, 85 წლის მამაკაცი სიცოცხლის ხელყოფით სხვა პირებსაც ემუქრებოდა.

  • თამარაშვილის ქუჩაზე, სადაც კლდე ჩამოიშალა, მოძრაობა სრულად 13:00 საათისთვის აღდგება

    თამარაშვილის ქუჩაზე, სადაც კლდის ჩამოშლის გამო გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, საავტომობილო მოძრაობა 13:00 საათისთვის სრულად აღდგება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ჩამოშლილი ფერდის მცირე მასების გაწმენდაზე მთამსვლელები მუშაობენ.

    ამ დროისთვის ნაწილობრივ გადაკეტილია უნივერსიტეტი-თამარაშვილის ქუჩებისა და ყაზბეგის გამზირი-თამარაშვილის ქუჩის გადაკვეთა, ბაგების მიმართულებით.

    თამარაშვილის ქუჩაზე კლდის ფერდი  გვიან ღამით ჩამოიშალა.

    შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.