Blog

  • აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესარჩევი კონკურსი ჩაიშალა

    აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესარჩევი კონკურსი ჩაიშალა. განმეორებითი წილისყრის დროს ისევე, როგორც პირველ ტურში, ხმები ამგვარად გადანაწილდა: მერაბ წულუკიძე – 2 ხმა, ბაჩო გურაბანიძე – 1 ხმა, ირმა ზოიძე – 1 ხმა, ნათია ზოიძე – 1 ხმა.

    თუკი მრჩეველთა საბჭო განმეორებითი წილისყრითაც ვერ ირჩევს დირექტორს, ასეთ შემთხვევაში, ხელახლა ცხადდება კონკურსი.

    მაუწყებლის დირექტორატს განმეორებითი კონკურსის გამოსაცხადებლად მრჩეველთა საბჭოს რიგგარეშე სხდომა 3 ივნისს გაიმართება.

    შეგახსენებთ, რომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ადგილი 19 აპრილიდანაა ვაკანტური, როცა მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენა.

  • კლიპი სადაც არნოლდ შვარცნეგერი რეპავს (ვიდეო)

    ახალი კლიპში, რომელიც ავსრიელმა მომღერალმა ანდრეას გაბელიამ გადაიღო,მსახიობი არნოლდ შვარცნეგერი მონაწილეობს. კლიპი სიმღერაზე “Pump it Up — The Motivation Song” თვითონ არნოლდ შვარცნეგერს ეძღვნება. 

    ვიდეომ YouTube-ზე უკვე მილიონზე მეტი ნახვა და 2000-ზე მეტი კომენტარი დააგროვა, თუმცა კომენტარების ავტორთა დიდი ნაწილი შვარცნეგერის მიერ შესრულებულ ნამღერს  ნეგატიურად აფასებს.

  • შსს–მ ზესტაფონში ნარკოდანაშაულისთვის 1 პირი დააკავა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი, 1972 წელს დაბადებული გ. ს., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ზესტაფონში დააკავეს.
    დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
    სამართალდამცველებმა, გ.ს.-ს პირადი ჩხრეკისას, 2 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინის” შემცველი ფხვნილი ამოიღეს.
    გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.
  • მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობს

    საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატთა შერჩევის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით დარეგისტრირებულ განმცხადებელთა სია იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს გამოაქვეყნა. განმცხადებელთა შორის არიან საქართველოს მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე და მისი პირველი მოადგილე, მამუკა ვასაძე.
    შალვა თადუმაძე გენერალური პროკურორის პოსტს 2018 წლის 16 ივლისიდან იკავებს. მანამდე კი 3 თვის განმავლობაში, 2018 წლის აპრილიდან ივლისამდე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო. 2012-2018 წლებში მას მთავრობის საპარლამენტო მდივნის თანამდებობა ეკავა.
    რაც შეეხება მამუკა ვასაძეს, ის 2015 წლის 30 ნოემბრიდან საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის პოსტს იკავებს.
  • მაშველებმა ყაზბეგში გერმანელი ტურისტი გადაარჩინეს

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ დაბა სტეფანწმინდაში თხილამურებით სრიალის დროს გერმანიის მოქალაქე დაშავდა.

    შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე უმოკლეს დროში მოხდა სწრაფი რეაგირების მაშველების მობილიზება, რომლებმაც სპეციალური აღჭურვილობის საშუალებით ქალბატონი უსაფრთხო ადგილზე ჩამოიყვანეს.

    ტურისტის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

  • ვირჯინიაში სამსახურიდან გათავისუფლებულმა საჯარო მოხელემ 12 ადამიანი მოკლა

    ამერიკაში, ვირჯინიის შტატში ქალაქ ვირჯინია ბიჩში სახელმწიფო მოხელემ მუნიციპალური კომპლექსში სროლა დაიწყო და 12 ადამიანი მოკლა. დაიღუპა თავად მსროლელიც.
    ვაშინგტონიდან 355 კილომეტრში მდებარე ქალაქში სროლის შესახებ პოლიციამ შეტყობინება ადგილობრივი დროით დაახლოებით 16 საათზე მიიღო. მამაკაცმა მერიის და სასამართლო შენობის სიახლოვეს მდებარე კომპლექსში, სადაც ქალაქის კომუნალური სამსახურების ოფისებია განლაგებული ცეცხლი გახსნა.
    მედიის ცნობით მამაკაცი წლების მანძილზე კომუნალური მომსახურების სფეროში მუშაობდა, თუმცა ის სამსახურიდან გაათავისუფლეს. პოლიციის შეფმა დაადასტურა, რომ ცეცხლი სამსახურიდან გათავისუფლებით უკმაყოფილო ადამიანმა გახსნა. პოლიციის ინფორმაციით ის მარტო მოქმედებდა, შენობაში შევიდა და დაუყოვნებლივ დაიწყო სროლა კონკრეტული სამიზნის გარეშე.

    გარდაცვლილების გარდა არიან დაჭრილებიც. მსროლელი საბოლოოდ პოლიციამ მოკლა. პოლიციამ ადგილზე პისტოლეტი და ვინტოვკა იპოვნა. წინასწარი ინფორმაციით მკვლელმა იარაღი კანონიერი გზით შეიძინა.

  • “ხელისუფლება ყველა ხერხით ცდილობს ხელი შეგვიშალოს სამართლის ძებნაში“–რუსთავი2–ის ყოფილი დამფუძნებელი

    ტელეკომპანია რუსთავი2–ის ყოფილი დამფუძნებელი, დავით დვალი ტელეკომპანიის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით ფეისბუქზე სტატუსს აქვეყნებს:
    “ზუსტად 25 წლის წინ რუსთავი 2 პირველად გავიდა ეთერში. მეოთხედი საუკუნეა, რაც რუსთავი 2 მა შეუქცევადად შეცვალა მედიასივრცე და მთლიანად ქვეყანაც.
    უკვე 15 წელია რაც ჩემთვის ეს დღე იქცა სახელმწიფოს მხრიდან ძალადობის და უსამართლობის სიმბოლოდ. 7 წელი სრულდება რაც სამართლიანობის აღდგენის ვალდებულებულებით მოსული ხელისუფლება ყველა ხერხით ცდილობს ხელი შეგვიშალოს სამართლის ძიებაში. არ ემეტება რუსთავი 2 დამფუძნებლებისვის..
    ჰოდა სულ რაღაც ორ კვირაში 15 წლიანი ხანდაზმულობის ვადა გადის. ეს ნიშნავს რომ ჩვენ, რუსთავი 2-ის დამფუძნებლებს, საბოლოოდ გვეკარგება შანსი სამართლებლივი გზით ვიბრძოლოთ 2004 წელს სახელმწიფოს მიერ ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ. საბოლოოდ და სამუდამოდ!
    ამ დღეებში ჩვენ საგანგებო მიმართვას გავაკეთებთ ამასთან დაკავშირებით. მანამდე კი გილოცავთ ვისთვისაც ეს დღე და ეს ტელევიზია ძვირფასია.“– წერს დავით დვალი, რომელმაც რუსთავი2–ის კიდევ ერთ მეწილესთან, ჯარჯი აქიმიძესთან ერთად ტელეკომპანიის წილი 2004 წელს დათმო იმ დროისთვის ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენის, ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ. 2012 წლიდან ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დვალმა და აქიმიძემ განაცხადეს, რომ ტელეკომპანია თავის დროზე იძულებით დაათმობინეს და მის დასაბრუნებლად ბრძოლას გეგმავდნენ. პროკურატურამ მათ დაზარალებულის სტატუსიც მიანიჭა, თუმცა მას შემდეგ საქმე ადგილიდან არ დაძრულა.
    სამაგიეროდ, ქიბარ ხალვაშმა, რომელმაც თავის დროზე რუსთავი2–ის წილი აქიმიძისგან და დვალისგან გადაიფორმა, შემდეგ კი გაყიდა, სასამართლოში რუსთავი2–ის დასაბრუნებლად ბრძოლა დაიწყო. ამ პროცესში დვალი და აქიმიძე მის გვერდით აღმოჩნდნენ. ხანგრძლივი და დაძაბული სასამართლო პროცესების და რუსთავი2–ის დასაცავად პროტესტის ფონზე ქიბარ ხალვაშმა განაცხადა, რომ თუ სასამართლოს მოიგებდა საკუთარი წილის ნახევარს დვალს და აქიმიძეს აჩუქებდა. ქიბარ ხალვაშმა სასამართლო მოიგო, თუმცა მისი აღსრულება სტრასბურგის სასამართლომ შეაჩერა  და დღემდე რუსთავი2–ის მფლობელის ბედი სტრასბურგის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. უზენაეს სასამართლოში პროცესის მოგების შემდეგ დვალმა და აქიმიძემ ქიბარ ხალვაშს დადებული პირობა შეახსენეს, თუმცა ქიბარ ხალვაშმა პოზიცია შეცვალა და განაცხადა: “ზუსტად იმდენს გავუყოფთ, რამდენსაც დაიმსახურებენ და მოვილაპარაკებთ.“

    რუსთავი2–ის მფლობელობასთან დაკავშირებულ რთულ დავაში დვალის და აქიმიძის შანსები დროთა განმავლობაში მინიმუმამდე დავიდა.

  • სალომე ზურაბიშვილი წმინდა ნინოს გზას დილიდან დაადგება. ის უკვე ფარავანზეა

    პრეზიდენტი, რომელმაც ორი დღის წინ დააანონსა, რომ პირველ ივნისს საქართველოში წმინდა ნინოს შემოსვლის მარშრუტს გაივლიდა, საქმეს უკვე შეუდგა. პრეზიდენტი ფარავანის ტბაზეა, საიდანაც წმინდა ნინოს მარშრუტს ხვალ დილიდან გაუყვება.
    სალომე ზურაბიშვილის პირად ფეისბუქ გვერდზე გამოჩნდა ფოტოები და ვიდეოები, რომლებზეც ზურაბიშვილი და მისი თანმხლები პირები კოცონს ანთებენ და მხიარულობენ.
    1 ივნისი საქართველოში წმინდა ნინოს შემოსვლის დღეა. სწორედ ამ დღეს გაიმეორებს წმინდა ნინოს მარშრუტს პრეზიდენტი.

    დილით ის ფოკას მამათა მონასტერში წირვას დაესწრება, შემდეგ კი რამდენიმე ასეულ ადამიანთან ერთად მსვლელობით გაივლის წმინდა ნინოს გზას ჯავახეთიდან მცხეთამდე.

    სალომე ზურაბიშვილს ამ გზით საქართველოს ახალი ტურისტული მარშრუტის პოპულარიზაცია სურს, რადგან ევროპაში პილიგრიმობა პოპულარულია და ამ კუთხით ტურიზმის განვითარება ჩვენში მისი აზრით  ევროპას შემოიყვანს.
    “ამ გზებით ევროპელები მიხვდებიან რამდენად ევროპულია საქართველო. ეს მარშრუტები მნიშვნელოვანია როგორც კულტურული და ტურისტული კუთხით, ასევე ეკონომიკური და რეგიონული თვალსაზრისითაც. ეს მარშრუტები ჩვენი რეგიონების აღმოჩენა იქნება, რადგან ეს არის რეგიონების პირდაპირი და სწორი განვითარების გზა”, — განაცხადა ორი დღის წინ ზურაბიშვილმა.
  • “ივანიშვილის საყვარელი ფრაზა იყო– Ниже травы, тише воды“ – თინა ხიდაშელი


    ანაკლიის პორტის თემაზე, ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე, დეკლარირებულ და რეალურ პოლიტიკაზე ტვ პირველის ეთერში საუბრისას თინა ხიდაშელმა მისი მინისტრობის პერიოდი და საგარეო ურთიერთობებში ივანიშვილის საყვარელი რუსული ფრაზა გაიხსენა: “Ниже травы, тише воды“ , რომელსაც როგორც ხიდაშელი ამბობს მას სხვადასხვა ვიზიტებისას ხშირად ეუბნებოდა. ხიდაშელი ამბობს, რომ ხელისუფლების დეკლარირებული პროდასავლური კურსის მიღმა არის ქმედებები და ხშირად უმოქმედობა, რაც ამ კურსს საფრთხის ქვეშ აყენებს. მაგალითად მან ვარშავის სამიტი მოიყვანა.
    “არ არსებობს პრაქტიკულად ივანიშვილის არცერთი საჯარო გამოსვლა, რომელშიც მას არ ეთქვას რომ საქართველო აუცილებლად უნდა შევიდეს ნატოში.და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად ნატოს წევრი გახდეს. მან იცის როგორ უნდა ილაპარაკოს. ის არ არის პოლიტიკური თვითმკვლელი. ის არ გააკეთებს საჯარო მოქმედებას ერთმნიშვნელოვანს ისეთს, თავისი განცხადებით განსაკუთრებით, რომელიც პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება მისთვის.
    ეს ხელისუფლება დიდოსტატია იმაში, როგორ უნდა გააჩროს კარგი ამბები და როგორ უნდა შეუშალოს ხელი კარგი ამბების რეალიზებას. გააჭიანუროს ისე, რომ უკვე ამ გაჭიანურების გამო შეუძლებელი გახდეს შედეგის დადგომა. შავის ზღვის პროექტი არის ამის კლასიკური მაგალითი. შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ – ის, რომ დღეს ჩვენ ვერ მოვახერხეთ ვიყოთ შავ ზღვაზე სრულფასოვანი პარტნიორი, განსაკუთრებით ნატოსთვის ამ სტრატეგიული პროექტებში არის თავიდან ბოლომდე ხელისუფლების ბრალი. ვარშავის სამიტის წინ ყველაფერი გავაკეთეთ მაშინ ვინც ვიყავით მთავრობაში, მათ შორის გიორგი კვირიკაშვილმა , რა თქმა უნდა. ვარშავის სამიტზე ჩვენი ამოცანა იყო: ყველა პარაგრაფში, სადაც შავი ზღვა გაჩნდებოდა, ყველა პარაგრაფში საქართველო უნდა ჩაწერილიყო. ამას ჩვენ მივაღწიეთ. ამის შემდეგ დეკემბერში მინისტერიალი იმართებოდა, სადაც გეგმა უნდა დაემტკიცებინათ, როგორ ხორციელდებოდა შავი ზღვის პროექტი და თავდაცვის მინისტრი არ წავიდა მინისტერიალზე. და როდესაც კითხვა დაუსვეს რატომ არ იმყოფებოდა მინისტერიალზე, სადაც საქართველოს ბედი წყდებოდა მან თქვა,ფული დავზოგეო. ჩემი წინა მინისტრი ბევრს დადიოდაო და მე ფული დავზოგეო.
    ვარშავის სამიტის კომუნიკეში ხუთ პარაგრაფში 8 ჯერ არის ნახსენები შავი ზღვა და ეს არის პირველი კომუნიკე, სადაც რუსეთი არის მტრად მოხსენიებული ; მოხდა გეოპოლიტიკური გარდატეხა.
    ეს ამბავი საერთოდ გააჩერეს , საქართველოს მოძრაობა ამ მიმართულებით, და მერე უკვე 2017 წელს სამიტზე რომ არ წავიდნენ თქვეს, რომ თურმე საქართველოს საკითხი არ იხილებოდა.
    მთავარი ამოცანა არის ის, რაც მუდმივად გვესმის , და რაც ივანიშვილის საყვარელი ფრაზაა. ბატონი ივანიშვილის საყვარელი ფრაზა იყო– Ниже травы, тише воды“ სულ მეუბნებოდა, ყოველი ჩემი ვაშინგტონში ვიზიტის შემდეგ რომ ჩამოვიდოდი დამირეკავდა და მეუბნებოდა ამ ფრაზას. ეს იყო მისი გამოხატულება იმისი, როგორ უნდა მოვიქცეთ ჩვენ. “–განაცხადა თინა ხიდაშელმა.
  • ქართველების კარვების ქალაქი სტრასბურგის პარკში. თავშესაფრის ათეულობით მაძიებელი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს

    ქართველების კარვების ქალაქები ევროპაში სულ უფრო მრავლდება. სტრასბურგის ტყე-პარკი უკვე რამდენიმე კვირაა, საქართველოდან ჩასული ემიგრანტების თავშესაფრად იქცა. ათობით ქართველი ღამეს კარვებში მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ათენებს, სააბაზანო სივრცე ხეების ძირში აქვთ მოწყობილი და საკვებს ნაჭრის კარადაში ინახავენ. უმძიმეს პირობებში საქართველოს მოქალაქეები საფრანგეთის ხელისუფლებისგან დევნილის სტატუტის მიღებას ელოდებიან. ისინი ამბობენ, რომ საქართველოში შიმშილს ამ გაუსაძლის პირობებში ყოფნა ურჩევნიათ.
    სანამ სტრასბურგის ტყე-პარკის რამდენიმე ადგილი საქართველოს მოქალაქეების დროებითი თავშესაფარი გახდებოდა, სამშობლოდან შიმშილის გამო წასულები ღამეს კლინიკის მისაღებში ათევდნენ. . ღამით, როდესაც კლინიკაში არავინ იმყოფებოდა, მოსაცდელში განთავსებული სკამები დროებით ქართველებისთვის საწოლი ხდებოდა, ვისაც ადგილი არ ჰყოფნიდა, ქვის იატაკზე იძინებდა.
    ბოლო 6 თვის განმავლობაში საქართველოდან წასული თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი რეკორდულად გაიზარდა. ქართველი ემიგრანტების ე.წ. კარვების ქალაქი სტრასბურგში „კურიერის“ გადამღებმა ჯგუფმა აღმოაჩინა. ინტერვიუში ემიგრანტები რამდენიმე მიზეზს ასახელებენ, რის გამოც ქვეყნის დატოვება უხდებათ, მათ შორისაა სიღარიბე, ქვეყნაში არსებული პოლიტიკური ვითარება და ჯანმრთელობის პრობლემა.
    ესპანეთის მსგავსად, საფრანგეთშიც ბევრ ქართველს თავშესაფრის სტატუსზე უარს ეუბნებიან. ეს კი მას შემდეგ ხდება, რაც საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანეს.