Blog

  • სამართალდამცავებმა თბილისში დააკავეს მამაკაცი, რომელიც საბრძოლო მასალით გადაადგილდებოდა

    თბილისში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 45 წლის მამაკაცი დააკავეს. დაკავებული ავტომობილით გადაადგილდებოდა, საიდანაც სამართალდამცავებმა დიდი ოდენობით რამდენიმე ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდებითა და საბრძოლო ვაზნები ამოიღეს.

    დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    “სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ავტომანქანით გადაადგილდებოდა. პოლიციამ, დაკავებულის მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის ჩხრეკისას, მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, “ჩეზეს” სისტემის პისტოლეტი და “ჰეკლერ-კოხის” სისტემის ავტომატი, სხვადასხვა სისტემის იარაღის 6 მჭიდი და 126 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

    გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით.”-აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • ივანიშვილი და სპორტის ყოფილი მინისტრი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორები არიან

    ბიძინა ივანიშვილი და სპორტის ყოფილი მინისტრი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორები არიან- ამის შესახებ ინფორმაციას და შესაბამის სტატისტიკას „ბიზნესპრესნიუსი” აქვეყნებს.

    „ბიზნესპრესნიუსმა“ სტატისტიკის ეროვნული სამსახურისგან გამოითხოვა იმ ტოპ-10 საწარმოს ჩამონათვალი, სადაც 2019 წლის 1-ელ კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა.

    „ბიზნესპრესნიუსის” მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ათეულში არის მათ შორის შპს „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი“, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაშია. ფონდი „ქართუს“ მისამართზე მდებარეობს, ამასთან, მისი 100%-იანი წილი პანამაში რეგისტრირებულ სააქციო საზოგადოება – FRANKSTON INTERNATIONAL S.A-ს ეკუთვნის, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ასევე ივანიშვილის საკუთრებაშია.

    ათეულში გვხვდება ასევე შპს „აი-ბი-ჯი ჰოლდინგ“-ი, რომლის ერთ-ერთი მეწილეც სპორტის ყოფილი მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილია. კერძოდ, მის საკუთრებაშია კომპანიის – 24%-იანი წილი. ამასთან, კომპანიის 29.22% მის მეუღლეს ეკატერინე ინასარიძეს სახელზეა გაფორმებული.

    სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის 1-ელ კვარტალში 281.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის 1-ელი კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 6.3 პროცენტით ნაკლებია.

  • ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზაზე კლდის მასის ჩამოშლის შედეგად სავალი ნაწილი ჩაიკეტა

    საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე ჩამოიშალა კლდის მასა და გზის სავალი ნაწილი ჩაკეტა.

    “ადიდებულმა მდინარემ მთლიანად წაიღო გზის სავალი ნაწილი, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

    ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გზის აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს მოძრაობის აღდგენა”-აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

  • ნატოში საქართველოს შესაძლო დაჩქარებული მიღება, რუსეთისთვის საგანგაშოა – კარასინი

    ეს დამღუპველად იმოქმედებს ჩვენს ურთიერთობებზე- ეს განცხადება კარასინმა საქართველოს ნატოში შესაძლო  გაწევრიანების გამო გააკეთა-ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, რადიო “თავისუფლებასთან” ინტერვიუში აბაშიძე-კარასინის შეხვედრის მორიგი რაუნდის დაწყებამდე განაცხადა.

    გრიგორი კარასინმა ანაკლიის პორტზეც ისაუბრა და თქვა, რომ რუსეთს არ “აწყობს” ამერიკის სახელმწიფო მდივნის იმ განცხადების ტონი, რომლის დროსაც მაიკ პომპეომ საქართველოს მიერ რუსეთისა და ჩინეთის გავლენების დაძლევის შესახებ ისაუბრა.

    “დასავლეთში ნერვიულობა გამოწვეულია იმით, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ნორმალური ურთიერთობები მყარდება. ისინი ფიქრობენ, რომ საქართველო უკვე არის გარკვეული ბლოკის შემადგენელი ნაწილი, რომელზეც შესაძლებელია დაყრდნობა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მიმართული გარკვეული არამეგობრული მოქმედების შემთხვევაში. ეს ხალხი გააქტიურდა და ნატოს დეკემბრის სამიტისთვის ემზადება. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი პომპეო ღიად აცხადებს, რომ ნატოში საქართველოს დაჩქარებული მიღებაა საჭირო. იმის თქმა, რომ ეს ვითარება რუსეთისთვის საგანგაშოა, ძალიან რბილი ნათქვამი იქნება. სინამდვილეში, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს დამღუპველად იმოქმედებს ჩვენს ურთიერთობებზე. თუ რა უნდა გაკეთდეს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, ეს საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, მაგრამ ის, რაც პომპეომ რუსეთისა და ჩინეთის მიმართ თქვა, არ არის ის ტონი, რომელიც ჩვენ გვაწყობს,”-განაცხადა კარასინმა.

  • ჩინეთში წყალდიდობის შედეგად 61 ადამიანი დაიღუპა

    ჩინეთში ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 61 ადამიანი დაიღუპა.

    მაშველებმა 4300-ზე მეტი ადამიანის გადარჩენა შეძლეს.სტიქიის ეპიცენტრებიდან 356 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. 

    ჩინეთის საგანგებო სიტუაციების მართვის  მინისტრის ინფორმაციით,   9300 სახლი სტიქიამდაანგრია, ასევე განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 3,71 მილიონი ჰექტარი მიწა, რაც პირდაპირ აისახება ეკონომიკაზე.ზარალი  1,93 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. 

  • “გურულებმა გადარიენ ამერიკა!” – გურული მოჯირითის სახე ნიუ-იორკულ მურალზე

    მანჰეტენზე, ვესტ ვილიჯის ერთ-ერთი საჯარო სკოლის კედელზე, ამერიკაში საუკუნის წინ ჩამოსული ხუთი იმიგრანტის სახეა დახატული. კედლის მხატვრობა “თავისუფლების ფერების” სერიის ნაწილია და გასულ წელს, ბრაზილიელმა მურალისტმა, ედუარდო კობრამ დახატა. მურალი მონუმენტურია და იმიგრანტების სახეები 800 კვადრატულ მეტრზეა დახატული.
    ნიუ-იორკის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ კედლის მხატვრობაზე, მკვლევარმა ირაკლი მახარაძემ, გურული მხედრის, მშვიდობაძის სახე ამოიცნო.
    ირაკლი მახარაძე, ამერიკაში გურული მოჯირითეების ისტორიას უკვე 20 წელია იკვლევს და ამ თემაზე უამრავი დოკუმენტური მასალა მოიძია. მკვლევარი ამბობს, რომ გურულ მოჯირითეებზე, რომელთაგან ბევრი თბილისშიც კი არ იყო ნამყოფი, დასავლეთმა და ყველაზე მეტად კი ამერიკამ უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა.
    “გურული მოჯირითეების თავგადასავალი ბავშვობიდანვე მიტაცებდა, განსაკუთრებით, როცა მოხუცები ყვებოდნენ ამის შესახებ: “ბიძია, გურულებმა ამერიკა სუნთლა გადარიენ მარა, თვითონაც გადარეულები ჩამევიდნენ,” მაგრამ სერიოზულად ამ თემაზე მუშაობა, დაახლოებით, 20 წელია რაც დავიწყე. ამ ხნის განმავლობაში უამრავი ახალი მასალა შევიძინე როგორც საქართველოში, ასევე ამერიკის არქივებსა და მუზეუმებში,” ამბობს ირაკლი მხარაძე.

    გურული მოჯირითეები ამერიკაში

    ირაკლი მახარაძის მიერ მოძიებული ინფორმაციით ირკვევა, რომ პირველად გურულები ევროპაში, კერძოდ კი ინგლისში, 1892 წელს მოხვდნენ. ცნობილი ამერიკელი შოუმენის ბაფალო ბილ ქოუდის წყალობით, რომელიც მთელ მსოფლიოში ეძებდა გამოცდილ ცხენოსნებს. რუსეთის იმპერიაში მისმა წარგზავნილებმა მხოლოდ გურული მხედრები შეარჩიეს. მკვვლევარის ცნობით, გურული მოჯირითეები აშშ-ში 1893 წელს ჩამოვიდნენ. გურულები “რუსი კაზაკების” სახელით 30 წელზე მეტ ხანს გამოდიოდნენ ბაფალო ბილის წარმოდგენებში და ცირკებისა და შოუების არენებზე.


    ისტორიულ წყაროებში, ე.წ. “რუსი კაზაკების,” იგივე ქართველი მხედრების შესახებ უამრავი დოკუმენტია შემონახული. მკვლევარი ამბობს, რომ ამერიკელებს ქართველი მხედრების სახელების გამოთქმა უჭირდათ, ამიტომ ისინი სანახაობებში, ძირითადად, გამოგონილი სახელებით მონაწილეობდნენ.

    “მიუხედავად იმისა, რომ დღემდე ბევრ ისტორიულ წყაროში ისინი “კაზაკებად” არიან მიჩნეულნი, ეს შეცდომა ნელ-ნელა სწორდება: ამერიკის რამდენიმე მუზეუმში მივაღწიე იმას, რომ ფოტოების აღმნიშვნელ წარწერებზე რუსების ნაცვლად, ქართველები დაეწერათ. თანამედროვე ამერიკულ საისტორიო წიგნებში უკვე მითითებულია, რომ მხედრები კაზაკები კი არა, არამედ ქართველი მოჯირითეები იყვნენ, საქართველოს დასავლეთ ნაწილიდან,” ამბობს “ამერიკის ხმასთან” საუბრისას ირაკლი მახარაძე.

    მკვლევარი ამბობს, რომ “საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ბოლშევიკებმა გურულებს დასავლეთისაკენ გზა გადაუკეტეს. ვინც საზღვრის იქითა მხარეს იმყოფებოდა, უკან აღარ ისურვა დაბრუნება და დროთა განმავლობაში ამერიკელებში აითქვიფა. კარგი დღე არ დაადგათ სამშობლოში დაბრუნებულ მოჯირითეებს. ბოლშევიკებმა ბევრი დააპატიმრეს, ზოგი გადაასახლეს – ამერიკის “შპიონი” ხარო. მხედრები თავისი და ახლობლების სიცოცხლის გადასარჩენად თავისივე ხელით ანადგურებდნენ და სწვავდნენ ფსევდომამხილებელ მასალებს, ფოტოებს, წერილებს… ამის გამო, გურულების ფოტოები, უამრავი მასალა სამუდამოდ დაიკარგა.”

    წყარო: ამერიკის ხმა

  • „შენ ხარ ივანიშვილის მიერ სოლოლაკის ბაზრობაზე ნაყიდი მონა“–გუბაზ სანიკიძე ლადო კახაძეს პასუხობს

    გუბაზ სანიკიძე ლადო კახაძეს ივანიშვილის მიერ ნაყიდ მონას უწოდებს და ურჩევს მასთან შეხვედრას მოერიდოს. გადაცემა “ბარიერში“ სანიკიძემ ლადო კახაძის იმ განცხადებას უპასუხა, რომელშიც მთაწმინდის ახლადარჩეული დეპუტატი ამბობს, რომ გუბაზ სანიკიძე მამამისს (ლევან სანიკიძეს) არცხვენს. გუბაზ სანიკისძეს კახაძის ამ განცხადებაზე მწვავე რეაქცია ჰქონდა.
    “ოცნების ახალი სახე არის ლადო კახაძე რომ ყავთ, სოლოლაკის ბაზრობაზე ახალი ნაყიდი მონა ბიძინას მიერ, ჩემზე რომ ლაპარაკობს მამას არცხვენსო. ლადო არა გრცხვენია? პრესტუპნიკების გაყვანილი დეპუტატი ხარ. არ გრცხვენია ამას რომ ლაპარაკობ? და საერთოდ ენა დაიმოკლე როცა მამაჩემს ახსენებ. რა იცი შენ მამაჩემის შესახებ? ერთადერთი ის იცი რომ მისი წიგნებიდან ციტატებს იპარავ და მერე სუფრაზე სადღეგრძელოებში ყვები. დაოკდი. შენი სტატუსი არის არღნის ჩიტობა და გააგრძელე არღნის ჩიტობა. ბიძინას არღნის ჩიტი ხარ შენ. მეორეჯერ მამაჩემი არ ახსენო და საერთოდ მოერიდე ჩემთან შეხვედრას. ეს ახლად გამოჩეკილი მამლუქი ბიძინასი ესა. უსირცხვილო შენ, როგორ არ გრცხვენია ნამსუზე და ღირსებაზე როგორ ლაპარაკობ. მეშოკივით დაგდეს პარლამენტში. მთელი ხელისუფლება დარბოდა და ძლივს გაგათრიეს იქა.ეს ნაცარა ესა, ეს ყურცქვიტა.“–თქვა “ბარიერში~ გუბაზ სანიკიძემ.
    ლადო კახაძემ გუბაზ სანიკიძე იმის გამო გააკრიტიკა, რომ ის ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის მტერს უწოდებს.
    “თურმე გუბაზ სანიკიძე ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი ქვეყნის მტერი… ადამიანი, რომელსაც სანიკიძემ მტერი უწოდა არის ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი, რომელმაც რეჟიმისგან გვიხსნა, სიკვდილისგან, წამებისგან გვიხსნა და თუ სანიკიძისთვის ბიძინა ივანიშვილი მტერია, მაშინ გუბაზ სანიკიძისთვის მეც მტერი ვარ.არის რაღაცეები რაც უბრალოდ ადამიანობის და კაცობის ზღვარს ცდება. სანიკიძეს ხალხი პატივს სცემდა პირველ რიგში მამამისის გამო და ალბათ მამამისსაც ძალიან შერცხვებოდა დღეს მისი სიტყვების, ქცევის გამო. პოლიტიკას სვრიან სწორედ ასეთი ადამიანები, ვინც ყველაფრის მკადრებელია.“–თქვა ლადო კახაძემ ორი დღის წინ.
  • რონალდუ ოჯახთან ერთად დასასვენებლად წავიდა.ფოტო გამგზავრების წინ

    ცოტა ხნის წინ 34 წლის კრიშტიანუ რონალდუმ იტალიის ჩემპიონატში გამოსვლა იუვენტუსთან ერთად ტრიუმფალური გამარჯვებით დაასრულა, შემდეგ კი პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ერთა ლიგა მოიგო. წარმატებული სეზონის შემდეგ კი დამსახურებული დასვენება მოიწყო. გუშინ ფეხბურთელი თავის მეგობარ ქალთან, 25 წლის ჯორჯინა როდრიგესთან და ოთხ შვილთან ერთად გაემგზავრა დასასვენებლად. ცხრა წლის კრიშტიანუ რონალდო უმცროსი და  ორი წლის ტყუპები –  ევა და მატეო რონალდუს სუროგატი დედისგან ყავს.   წლინახევრის გოგონა ალან მარტინა კი ჯორჯინასგან.
    როდრიგესმა ინსტაგრამზე მადრიდის აეროპორტში, კერძო თვითმფრინავის ბორტზე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და მიაწერა: “დროა დავისვენო ჩემს საუკეთესო ხალხთან ერთად“.
    ზუსტად სად გაემგზავრა ოჯახი, უცნობია. თუმცა ფაქტია, რომ ჯორჯინამ უკვე მოასწრო გარუჯვა. მან სოციალურ ქსელში უკვე დადო საცურაო კოსტუმში გადაღებული ფოტო.

    შეგახსენებთ, რომ ცნობილი ფეხბურთელის და მოდელის რომანი სამი წლის წინ დაიწყო. ჯორჯინამ რონალდუს წელიწად ნახევრის წინ გოგონა გაუჩინა. გარდა ამისა, მასთან ერთად ზრდის რონალდუს 3 შვილს. დასავლური მედიის ინფორმაციის რონალდუ და როდრიგესი მალე დაქორწინებას აპირებენ.

  • “პროტესტის ნიშნად თავს დავიწვავ“ – სოფელ დაშთაფას მოსახლეობამ პომიდვრის მოსავალი საკუთარი ხელით გაანადგურა

    მარნეულის რაიონის მცხოვრებლების პროტესტი – სოფელ დაშთაფას მოსახლეობამ საკუთარი მოსავალი ქუჩებში გამოიტანა და მთელი წლის ნაშრომი საკუთარი ხელით გაანადგურა.

    ადგილობრივები ამბობენ, რომ ხელისუფლების არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო, ტონობით მოსავალი ულპებათ და პომიდვრის გასაღებას ვეღარ ახერხებენ.

    ადგილობრივი წარმოების ნაცვლად, მარნეულის მოსახლეობა ამბობს, რომ მმართველი გუნდი ხელს იმპორტირებული პროდუქციის შემოტანას უწობს და ადგილობრივ მეწარმეებს კონკურენციის საშუალებას ართმევს.

    აქციის მონაწილეებთან დღეს, „ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის საკრებულოს წევრიც მივიდა.

    ადგილობრივები კიდევ ერთ პრობლემაზე საუბრობენ. ამბობენ, რომ წყლის დეფიციტსაც განიცდიან და მოსავლის მორწყვას ვერ ახერხებენ. წყალი მას შემდეგ გაუშვეს სოფელში, რაც გაიგეს, რომ ადგილზე “რუსთავი 2”- მიდიოდა.

    „ბანკიდან კრედიტი გამოვიტანეთ და პამიდორი დავთესეთ, ამასაც ვერ ვყიდით. სხვა ქვეყნებიდან შემოდის პამიდორი, ჩვენი მოსავალი კი სახლებში გვიფუჭდება, ბაზარშიც ვერ გაგვიტანია. მოსავალს რომ ვერ ვრწყავთ, ეს ცალკე პრობლემაა, წყალი მხოლოდ მას შემდეგ გამოუშვეს, რაც გაიგეს რომ “რუსთავი2” მოდის. ხელისუფლება დროულად თუ არ მოგვხედავს, მარნეულში ცენტრალურ გზას გადავკეტავთ“ – ამბობს სოფელ დაშთაფას ერთ-ერთი მკვიდრი, თამაზ მამედოვი.

    მოსახლეობის თქმით, თუ ცენტრალური ხელისუფლება დროულად მათ ყურადღებას არ მიაქცევს, ისინი პროტესტს რადიკალურ ზომებს მიმართავენ და ცენტრალურ მაგისტრალს გადაკეტავენ.

    „ბიძინა ივანიშვილი ცოტა ხნით საკუთარ ბიზნესს მოეშვას და ხალხს მიაქციოს ყურადღება. მე “ოცნების” მხარდამჭერი ვიყავი მაგრამ დღეს ამ მთავრობიდან მოტყუებული ვარ. ტონობით პამიდორი გამიფუჭდა. 20 კაპიკადაც ვერ ვყიდით. სოფელში ყველა ყრის პომიდორს. ივანიშვილმა გაიგოს, რომ თუ ხალხის პრობლემით არ დაინტერესდება, გზას გადავკეტავთ. პროტესტის ნიშნად თავს დავიწვავ, სხვა გამოსავალი არ მაქვს“ – განაცხადა ჰუმბათ ჯალილოვმა.

    სოფელ დაშთაფაში მცხოვრებლები ხელისუფლებას ყურადღებას და დახმარებას სთხოვენ.

    „სააკაშვილის დროს ასე არ ვიტანჯებოდით, ნორმალურად ვყიდდით მოსავალს. ივანიშვილი კი მხოლოდ საკუთარ ბიზნესს ავითარებს. ჩვენნაირი მშრომელი ხალხი კი ასე ვიტანჯებით,“ – ამბობს სოფელ დაშთაფას მკვიდრი, აილიას გაჰრამანოვი.

  • ომანის სრუტეში ორ ტანკერს ცეცხლი გაუჩნდა

    შეერთებული შტატების საზღვაო ძალები აცხადებს, რომ ომანის სრუტეში ნავთობის ორ ტანკერს დახმარება აღმოუჩინა, რომლებზეც სავარაუდოდ, თავდასხმა მოხდა.
    ბაჰრეინში ბაზირებული ამერიკის მეხუთე ფლოტის ინფორმაციით, ორივე ტანკერმა დახმარების თხოვნით ბაზას ერთი საათის ინტერვალით დაურეკა.
    ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ირნა“ იტყობინება, რომ ირანის საზღვაო ძალებმა ცეცხლმოდებული ტანკერების ბორტზე მყოფი 44 მეზღვაური გადაარჩინა.
    ომანის სრუტე ჰორმუზის სრუტესთან ახლოს მდებარეობს. ჰორმუზის სრუტეზე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სანაოსნო მარშრუტი გადის, რომელიც ნედლი ნავთობის გადასაზიდად გამოიყენება.
    მაისში შეერთებულმა შტატებმა ირანი დაადანაშაულა არაბთა გაერთიანებული საამიროების სანაპიროსთან ახლოს, ნავთობის ოთხ ტანკერზე საზღვაო ნაღმებით თავდასხმაში.
    ირანი ბრალდებას უარყოფს.