Blog

  • ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს

    ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს.

    „სავალუტო კურსზე გავლენას ახდენს სხვადასხვა შიდა და გარე ფაქტორი, მათ შორის მოლოდინები. შესაბამისად, ინფორმაცია რუსეთიდან ტურისტული ნაკადების მოსალოდნელი შემცირების შესახებ ბოლო დღეებში სავალუტო ბაზარზეც ისახება.

    საგარეო შოკის დროს გაცვლით კურსი ავტომატურ სტაბილიზატორს წარმოადგენს. ამ პირობებში გაცვლითი კურსის გაუფასურება შოკის მშთანთქმელის როლს ასრულებს. გაუფასურების შედეგად, გარკვეული დაგვიანებით მცირდება იმპორტი ან/და იზრდება ექსპორტი. რაც უფრო სწრაფად მოხდება გაცვლითი კურსის კორექცია, მით უფრო ნაკლები ნეგატიური გავლენა ექნება შოკს ეკონომიკასა და, შედეგად, დასაქმებაზე და შოკის აღმოსაფხვრელად ჯამურად უფრო ნაკლები გაუფასურება იქნება საჭირო. ასეთ დროს ეროვნული ბანკის მიერ უცხოური ვალუტის გაყიდვა მხოლოდ გადაავადებს გაცვლითი კურსის კორექციას, გააღრმავებს შოკს და საბოლოო გაუფასურების მასშტაბიც უფრო დიდი იქნება (ამის მაგალითებია სხვადასხვა წლებში აზერბაიჯანი, ყაზახეთი, რუსეთი, უკრაინა).

    ამ ეტაპზე, რთულია ზუსტი პროგნოზის გაკეთება, თუმცა პირველადი გათვლებით, რუსეთიდან ტურისტული ნაკადების შემცირებას წლის დარჩენილ პერიოდში საქართველოს ეკონომიკაზე გავლენა დაახლოებით 200-300 მლნ აშშ დოლარამდე ექნება. ეს საგარეო შოკი აისახება საგადამხდელო ბალანსზე და, შესაბამისად, კურსზეც. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ პირველი კვარტალის მიმდინარე ანგარიშის დღეს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, მიმდინარე ანგარიში 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით დაახლოებით ორჯერ (207 მლნ აშშ დოლარით) გაუმჯობესდა. ეს ნიშნავს, რომ სხვა თანაბარ პირობებში, მათ შორის რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებითაც, წლის განმავლობაში საგარეო ბალანსი პროგნოზირებულზე მცირედით, მაგრამ მაინც გაუმჯობესდება.

    საქართველოს საგარეო შოკებით გამოწვეულ კრიზისთან გამკლავების წარმატებული გამოცდილება აქვს. 2014-15 წლებში ნავთობის ფასების ვარდნის შედეგად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებიდან მოთხოვნისა და გზავნილების შემცირებამ, უკრაინაში საომარმა ვითარებამ, რუსეთისთვის საერთაშორისო ეკონომიკური სანქციების დაწესებამ და აშშ დოლარის გლობალურმა გამყარებამ სავალუტო შემოდინებები დაახლოებით 1.2 მლრდ აშშ დოლარით შეამცირა.

    მოგეხსენებათ, რომ ეროვნული ბანკი ზრუნავს საერთაშორისო რეზერვების ადეკვატურობაზე. ადეკვატური რეზერვები ზრდის ქვეყნის მიმართ ინვესტორების ნდობას, რითაც ხელს უწყობს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას. როდესაც ქვეყნას არასათანადო რაოდენობის რეზერვები აქვს, შოკების დროს იზრდება უცხოურ ვალუტაზე სპეკულაციური მოთხოვნა, ხდება კაპიტალის გადინება და გაცვლითი კურსის გაუფასურება უფრო მაღალია. შესაბამისად, ადეკვატური რეზერვის გარეშე, გაცვლით კურსზე ზეწოლა გაცილებით უფრო ძლიერი იქნებოდა.

    დღევანდელი სიტუაცია ცხადყოფს, რომ სესხის და შემოსავლის ვალუტა უმჯობესია ერთი და იგივე იყოს, როგორც ეს ეროვნულ ბანკს არაერთხელ განუცხადებია. ასეთ შემთხვევაში, მსესხებლები მოწყვლადები არ იქნებიან გაცვლითი კურსის მიმართ. ამავდროულად, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ დოლარიზაციის შემცირების პოლიტიკა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპების ამოქმედება სწორი და დროული გადაწყვეტილება იყო“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

  • საფაროვის მკლელობისთვის ბრალდებულებს 15-15 წლით პატიმრობა მიესაჯათ

    თბილისის საქალაქო სასამართლომ ვიტალი საფაროვის ჯგუფურად, განზრახ მკველობის ჩადენის მუხლით ბრალდებული ორი პირი  დამნაშავედ ცნო.

    მოსამართლე შორენა გუნცაძემ განაჩენი დღეს გამოაცხადა. მან არ მიიჩნია, რომ საფაროვი ეროვნული შეუწყნარებლობის მოტივით მოკლეს.

    2 პირს სოხაძესა და კანდელაკიშვილს ბრალი ედებოდათ ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ეროვნული შეუწყნარებლობის მოტივით.

    თავდაპირველად, მათ ბრალი წარდგენილი ჰქონდათ განზრახ მკვლელობის მუხლით, თუმცა პროკურატურამ ბრალი დაამძიმა. დაცვის მხარის მტკიცებით,  პროკურატურამ გადაწყვეტილება არაკვალიფიციურად მიიღო. ორივე ბრალდებულმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარი განაცხადა.

  • როგორ დახვდნენ ბათუმის აეროპორტში პირველ ჩარტერულ რეისს ტალინიდან {ვიდეო}

    ტალინიდან ბათუმის მიმართულებით პირველი ჩარტერული რეისი შესრულდა.

    ესტონეთიდან ჩამოფრენილ პირველ მგზავრებს ბათუმის აეროპორტში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე დახვდა.

    აეროპორტში სპეციალურად მგზავრებისთვის ფოლკლორული შოუ და ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.

    ჩარტერული რეისით ბათუმს 180 ტურისტი ესტუმრა, რომელთა 90%-იც რეგიონში ერთი კვირით გეგმავს დარჩენას და მოგზაურობას. ავიაკომპანია Smartlynx Airlines-ის ჩარტერები ტალინიდან კვირაში ერთხელ, Airbus A320 საჰაერო ხომალდით შესრულდება.

    „ესტონეთი აჭარისთვის ახალი ტურისტული ბაზარია, სადაც რეგიონის რეკლამირება ბოლო წლებია ხორციელდება. შესაბამისად, მზარდია აჭარაში ესტონელი მოგზაურების რაოდენობაც, რაც რეგიონის ადმინისტრაციული საზღვრის კვეთის ხუთი თვის მონაცემებზე დაყრდნობით 59%-იან მატებას ითვალისწინებს“,- აცხადებენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში.

    მალე  ჩარტერული ფრენები ვილნიუსიდანაც შესრულდება. 

  • სუფსაში ავტოავარიის შედეგად 3 პირი დაშავდა

    სუფსაში ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის  შედეგად დაშავდა 3 პირი, მათგან  ერთის მდგომარეობა მძიმეა. 

    დაშავებულს ხელის ამპუტაცია დასჭირდა.

  • მამუკა ბახტაძე ყოველწლიური ანგარიშით დღევანდელ პლენარულ სესიაზე აღარ გამოვა

    არსებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მთავრობის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშით დღევანდელ პლენარულ სხდომაზე აღარ გამოვა.

    სავარაუდოდ, ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში   მიმდინარე პროცესებს უკავშირდება.

    პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტში  პრემიერის ყოველწლიურის მოხსენებით გამოსვლა სავალდებულოა და საგაზაფხულო სესიის ბოლო თვეს უნდა მოხდეს.

    პარალმენტის საგაზაფხულო სესია ხვალ იხურება. ბიუროს გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა 27 ივნისის სესიაზე იყო დანიშნული.

  • სესიაზე რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად მივცემდი ხმას მელიასთვის მანდატის დროებით შეჩერებას-სოფიო ქაცარავა

    “სესიაზე რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად მივცემდი ხმას მელიასთვის მანდატის დროებით შეჩერებას და მეორე – სრულად ვუჭერ მხარს გიორგი გახარიას და ის არ უნდა გადადგეს!” – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ სოციალურ ქსელში განაცხადა.

    “არ ვარ საქართველოში, სტარსბურგში ვარ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე და ჩემი გამოცდილებით ყველაზე მძიმე და დამღლელი სესიაა, რაშიც კი მიმიღია მონაწილეობა (მიზეზები გასაგებია). მაგრამ ახლა სხვა რამის დაწერა მინდა: თბილისში სესიაზე რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად მივცემდი ხმას მელიასთვის მანდატის დროებით შეჩერებას და მეორე – სრულად ვუჭერ მხარს გიორგი გახარიას და ის არ უნდა გადადგეს!”

  • დღეს აქციის მონაწილეები პარლამენტიდან მსვლელობით ივანიშვილის რეზიდენციისკენ წავლენ

    პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია დღეს 19.00 საათზე განახლდება. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, პროტესტი არ შეწყდება, სანამ  შს მინისტრი გიორგი გახარია არ გადადდგება.

    დღეს, პროტესტის მერვე დღეს   იგეგმება მსვლელობა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ.

    აქციის მონაწილეები ივანიშვილისგან მოითხოვენ “გავრილოვის ღამის” მთავარი მოქმედი პირი, გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილმა პოსტიდან გაათავისუფლოს.

    აქციის მონაწილეების ნაწილი კი  შიმშილობას განაგრძობს.

  • “ოღონდ რუსებმა თავი დაგვანებონ და მივხედავთ ჩვენ თავს.აახვიონ“–ნინო კუზანოვა

    ექიმი და ტელეწამყვანი, ნინო ნადირაძე-კუზანოვა რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ შეზღუდვების დაწესებას  instagram-ზე ვიდეომიმართვით ეხმაურება: 

    „ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მახსოვს 90-იანი წლები, როდესაც გრაფიკით მოსული დენით თვენახევრის ბავშვს ვაბანავებდით ატმორის ქვეშ.

    მახსოვს, როდესაც 2000-იან წლებში რუსებმა გაზი გადაგვიკეტეს გაყინულ სახლში, თირკმელში კენჭის გავლით დაკრუნჩხული როგორ ვეგდე და ჩემმა სამი წლის ბავშვმა როგორ ამომიტანა პარკეტი ეზოდან, დავანთე ბუხარი და ძლივს შევძელი, რომ ვენაში გამაყუჩებელი გამეკეთებინა.

    მუხლამდე თოვლში ძლივს გავედი და ავტოსტოპით მივაღწიე კლინიკამდე. გადავრჩი, არ მოვმკვდარვარ. ჩემნაირად ძალიან ბევრი გადარჩა. ოღონდ ამ რუსებმა თავი დაგვანებონ და მივხედავთ ჩვენ თავს თვითონ. აახვიონ“, ამბობს  ნინო ნადირაძე -კუზანოვა.

  • “ყველა წყენა ჩემგან ჩავლილია“–გიგი უგულავა ნიკა მელიას მიმართავს

    ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგი უგულავა ნიკა მელიას ფეისბუქით მიმართავს:
    “გლდანის ციხეში 2014 წლის ზაფხულს “უფროსობის” დავალებით ქურდული კორიდორი მომიწყვეს. გავიარე და უკან გამოვიარე კორპუსებს შორის -კორპუსები გლეჯდენ მიწას. ისეთი გუგუნი იყო, გინება, ჯამების რახა რუხი, მოკლედ ჯოჯოხეთი – დაგეშილი უმრავლესობა.
    გასახსენებლად ისე უსიამოვნოა, რომ ამაზე წერა არც მიფიქრია. გადავწყვიტე რადგან დღეს, როცა ნიკა მელიას საპარლამენტო საბჭოთა სასამართლოს ვუყურე, ჩემი ცხოვრების ეგ ეპიზოდი მედგა თვალწინ. ზუსტად იგივე დაგეშილი უმრავლესობა, ამჯერად უკეთ კოსტუმირებული, მაგრამ ქურდულ ციხურისგან არაფრით განსხვავებული. ამაზრზენი შეგრძნება იყო. დღეს ნიკას სახით მთელმა საქართველომ განიცადა ეს.
    დღევანდელი ოცნების სასამართლოს შემდეგ, მე მაინც იმედს ვიტოვებ რომ ხვალ მურუსიძის სასამართლო გირაოთი გარეთ დაგტოვებს, თუმცა პატიმრობაც შენთვის შესაძლებლობა იქნება. ბევრი რამის შესაძლებლობა! ახლა კი განცდა მაქვს, რომ ხვალ ჯარში მიდიხარ!
    პ.ს. ყველა წყენა ჩემგან ჩავლილია“– დაწერა გიგი უგულავამ და ფეისბუქ სტატუსზე რუსთავი2–ის დირექტორი, ნიკა გვარამიაც მონიშნა:
    “Nika Gvaramiaშენც გთაგავ რადგან ციხის ეგ კორიდორი შენც გაიარე და მგონი დიდად არც შენ გილაპარაკია ამაზე“.
    პასუხად ნიკა გვარამიამ დაწერა:
    “კი ბატონო, მეც გავიარე ეგ დადგმული კორიდორი. სრულიად ყ@@ზე დავიკიდე. დაკავების და ხელბორკილების დადებისთანავე, მკაფიოდ ვიცოდი რაც იქნებოდა მომავალი წლების მთავარი ამოცანა“.
  • “ხელისუფლება ჩავიდა პოლიტიკურ ბუნკერში. ივანიშვილი აღარ არსებობს, დამთავრდა“–გია ხუხაშვილი

    ექსპერტი გია ხუხაშვილი სახალხო პროტესტს, ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას და პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს აფასებს. ის თვლის, რომ ხელისუფლება მთლიანად მოწყდა რეალობას და ის ფაქტიურად დამთავრდა:

    “ხელისუფლება ჩავიდა პოლიტიკურ ბუნკერში საბოლოოდ და აბსოლუტურად დაკარგა კომუნიკაცია გარე სამყაროსთან, პოლიტიკურ ოპოზიციასთან, ხალხთან, ბუნკერში არიან ჩაკეტილები და ერთმანეთს უყვებიან როგორ გაუშვეს პირველი თანამგზავრი მარსზე, როგორ მოიგეს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი…

    სრული საგიჟეთია რაც იქ ხდება.
    შესაბამისად რაიმე პოლიტიკურ მოტივაციაზე ლაპარაკი მათი მხრიდან ზედმეტია. მე შემიძლია ვილაპარაკო ვინც შეკვეთა გააკეთა ამ გადაწყვეტილებაზე მის მოტივაციაზე. პარლამენტში ერთი ადამიანი არ არის ვისაც ახლოს მაინც გაუვლია გადაწყვეტილების მიღებასთან. უთხრეს ასე გააკეთებ და გააკეთეს.
    მოტივი არის ძალიან მარტივი: ხელისუფლება აღმოჩნდა სერიოზული პრობლემის წინაშე. მათი ძირითადი ნარატივი რაზე დგას: აქამდე ასე იყო, რომ აქეთ ვართ ჩვენ და იქით ნაციონალური მოძრაობა. ამ ორპოლუსიანობაზე სპეკულირებდა ხელისუფლება მუდმივად და ამით გადიოდა ფონს.
    ხელისუფლება პირველივე დღიდან ცდილობდა სახალხო პროტესტი, რასაც ჩვენ ვუყურებთ რუსთაველზე, მიეწებებინა ნაციოონალურ მოძრაობასთან, რომ ეს ნაარტივი შენარჩუნებულიყო და მოეხდინა მარგინალიზაცია.
    ამორალურია, შვილების ტოლ ბავშვებთან პროვოკატორებს ჯგროდ რომ უშვებდნენ შიგნით. გულის ამრევები არიან. ახალი პოლიტიკური კლასი მოდის და იმის მაგივრად, რომ გიხაროდეთ ეს ბავშვები და ნაცვლად ამისა მთელი აგენტურა მიაყარეს, რომ როგორმე წამოიკიდონ პროვოკაციაზე. ამას რომ ხელისუფლება აკეთებს იმას გამარჯობა როგორ უნდა უთხრა.
    არც ისე ბრიყვები არიან რომ არ იცოდნენ რამხელა პოლიტიკურ ზიანს იღებენ ახლა ნიკა მელიას დაჭერით. უბრალოდ აქვთ სასიცოცხლო ამოცანა რომ პროცესი დააბრუნონ ორპოლუსიან ნარატივში. ანუ ამ მიტინგს ჩაუდონ მელია, რასაც ქვია, ჩაუდონ მელია, გახადონ მიტინგის მთავარი თემა მელიას გათავისუფლება, რომ როგორმე მიტინგს დაარქვან ნაციონალური მოძრაობა. ეს არის ხელისუფლების სასიცოცხლო ამოცანა. ამ იაფფასიან კომბინაციას ვინღა ჭამს?
    რამდენი პროვოკაცია მოუწყეს ამ ბავშვებს, რამდენი სიბინძურე შეუკერეს, არაფერი არ გამოუვიდათ. ესეც არ შველით.
    დღევანდელი ხელისუფლება იგივეა, რაც 7 ნოემბრის. მაშინ რომ ისტორია იკერებოდა, იგივე შპარგალკებით იკერება ახლა.
    ველოდები კადრებს, როგორ აპირებდა მელია გახარიას დაძინებას.
    ვიღაც “ჭკვიანი“ ზის და რაღაც სცენარებს წერს. აღარ არსებობს, ეს ხელისუფლება, დამთავრდა. შეიძლება დღეს არ მოხდეს და ექვს თვეში მოხდეს, მაგრამ ამ ხელისუფლებას ლეგიტიმაცია დაკარგული აქვს.
    ის ხელისუფლებაც კი არ წასულა ამაზე. 7 ნოემბრის შემდეგაც კი არცერთი ლიდერი არ დაუჭერიათ. მიუხედავად იმისა, რომ იყო სადიზმი, არავინ არ დაუჭერიათ. მე ფაქტობრივ შინა პატიმრობაში ვიყავი, მაგრამ არ დავუჭერივარ. მე სახელმწიფო გადატრიალების საქმის ფიგურანტი ვიყავი. შეკერილი იყო თუ როგორც იყო, ასეთი საქმე იყო. მაგრამ არ დავუჭერივარ.
    ეს რა საგიჟეთი ხდება ახლა.
    მათ როგორმე უნდათ კონტექსტი შეუცვალონ სახალხო პროტესტს, რომელიც ბევრად უფრო ფართოა და ცილდება პარტიულ კონტექსტს. ამ ორპოლუსიანობის დაკარგვის ეშინიათ და უნდათ მთავარი თემა გახადონ ნიკა მელიას დაკავება.
    ნიკა მელია არის პოლიტიკოსი და პოლიტიკოსისთვის დაჭერა სანატრელია, შეიძლება პოლიტიკური კარიერის სტარტი აღმოჩნდეს. მელიას შემთხვევა ეს შემთხვევაა.
    ფაქტობრივად, ბიძინა ივნაიშვილმა ამ დღეებში გააპრავა 7 ნოემბერი და 26 მაისი. ყველაფერი გაუპრავა მიშას. სათქმელი აღარ დაიტოვა.
    ხმა აღარ აქვს ამოსაღები არაფერზე. ყველაფერი გაუპრავა მიშას.
    როგორც დღეს შეიძლება სახელმწიფო გადატრიალებაზე ლაპარაკი იგივე ლოგიკით მაშინაც შეიძლებოდა.
    არის უმწვავესი პოლიტიკური პროცესი და ასე უგუნური როგორ უნდა იყო რომ ასე იქცეოდე.
    მოუხერხებადია ხელისუფლების ამოცანა, ეს ბავშვები ბევრად უფრო ფართოდ აზროვნებენ, ჩვენზე კარგი განათლება აქვთ, გაურყვნელები არიან, ჩვენზე მაგრები არიან და მელიამდე არ დავლენ ესენი. კი ბატონო, მელიასაც იტყვიან, მაგრამ სხვა ამოცანები აქვთ, ეს ქვეყანა უყვართ. არცერთ პროვოკაციაზე არ წამოეგნენ და ამ იაფფასიანი კომბინაციით უნდათ რაღაც შეცვალონ? ვეღარ შეცვლიან, დამთავრდა უკვე. ისტორიის მუხლუხოებში არიან უკვე, ამას ვერ ხვდებიან. ამიტომ ვამბობ რომ ბუნკერში ჩავიდა ხელისუფლება, საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ რა ხდება გარე სამყაროში. ხელისუფლება იბრძვის აფექტური მეთოდებით ბუნკერიდან. მათ გონიათ რომ რაღაცას აკონტროლებენ, არადა უკვე აღარ არიან ხელისუფლებაში. ბიძინა ივანიშვილი აღარ არსებობს, დამთავრდა უკვე. “–განაცხადა ხუხაშვილმა