Blog

  • ნარკოდანაშაულისთვის 22 პირი დააკეს – მათ შორის 19 ნარკორეალიზატორია

    ნარკოდანაშაულისთვის 22 პირი დააკეს – მათ შორის 19 ნარკორეალიზატორია

    შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარის, იმერეთისა და შიდა ქართლის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 22 პირი დააკავეს, მათ შორის 19 ნარკორეალიზატორია.

    “დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე, ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო გასაღების, გასაღების მცდელობის და გასაღების მომზადების ფაქტებზე დაკავებულები არიან: 1996 წელს დაბადებული კ.ი., 1986 წელს დაბადებული ჯ.ნ., 1991 წელს დაბადებული რ.ა., 1997 წელს დაბადებული ე.მ., 1988 წელს დაბადებული პ.მ., 1985 წელს დაბადებული გ.ს., 2001 წელს დაბადებული კ.კ., 2004 წელს დაბადებული ს.ჩ., 1976 წელს დაბადებული მ.ბ., 2002 წელს დაბადებული ს.რ., 1989 წელს დაბადებული ი.კ., 1987 წელს დაბადებული გ.ა., 1991 წელს დაბადებული მ.ა., 1994 წელს დაბადებული ა.ჩ., 1993 წელს დაბადებული რ.ჯ., 1982 წელს დაბადებული რ.ბ.,1999 წელს დაბადებული დ.კ., 1992 წელს დაბადებული გ.მ., 1984 წელს დაბადებული ლ.ა.:

    დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე დაკავებულები არიან: 2003 წელს დაბადებული ვ.კ., 1996 წელს დაბადებული ტ.ს., 1998 წელს დაბადებული დ.კ.

    დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე არაერთი ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეს, რითაც დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ.

    პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღებისთვის დაკავებული პირებისგან, ასევე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

    სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „ჰეროინი“, „ამფეტამინი“, „სუბოქსინი“, „ბუპრენორფინი“, „ალფა-პვპ“, „მეთადონი“ და „მარიხუანა“ ამოიღეს.

    საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად არის ამოღებული, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული, წებოვანი ლენტები და ელექტრო სასწორები” – წერს უწყება.

  • გამთენიისას თსუ-ს სტუდენტები დააკავეს

    დღეს გამთენიისას, თსუ-ს სამი სტუდენტი, აჩი გოჩიტაშვილი, ლუკა ხიზაძე და გიორგი ბარბაქაძე დააკავეს. როგორც ცნობილია, მათ ადმინისტრაციული წესით, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებიან.

    დაკავებულებს ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი მოინახულებს.

    სტუდენტები თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო სტენსილის წერისას დააკავეს.

  • ზელენსკის თქმით, პუტინი ომში ბელარუსის ჩათრევას გეგმავს

    უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უახლოეს მომავალში ბელარუსში ჯარების განლაგებასა და ომში ბელარუსის ჩათრევას გეგმავს.

    ზელენსკი აღნიშნავს, რომ ბელარუსის ჩართვით, პუტინი შეეცდება  პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნები “დააშინოს”.

    “ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ, რამდენი დახარჯონ [მშპ-ს წილის სახით თავდაცვაში]. ეს მათივე უსაფრთხოებისთვისაა. პუტინის ამბიციებით, დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ის ყველაფერს აკეთებს, რათა ომი გაგრძელდეს. ის უფრო შორსაც წავა და სხვა ქვეყნებზეც იფიქრებს.[…] ეს უბრალოდ მეტი რიტორიკა არ არის. თქვენ დაინახავთ, გაზაფხულზე, ზაფხულში ან შემოდგომაზე, [პუტინი] ბელარუსის ტერიტორიაზე ჯარებს განალაგებს. და ბევრი ევროპელი და ალბათ აშშ-ც იტყვის, რომ ეს დაშინების [მცდელობაა]. ეს არის პოლონეთის, ლიტვის და სხვა ბალტიისპირელი პარტნიორების დაშინების მცდელობა.[…] თუმცა, ჩემი აზრით, ისინი [ბელარუსი] ომში უკვე ყოფილან, მაგრამ არა მათი ხალხი ან არმია. ჯერჯერობით. მაგრამ პუტინს ეს ძალიან სურს. შესაბამისად, ვფიქრობ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ის შევაჩეროთ”. – თქვა პრეზიდენტმა.

     

  • გიგი უგულავამ და დიმიტრი ბიძინაშვილმა რუსთავის ციხე დატოვეს

    გასულ ღამეს,  თბილისი მოლთან აქციაზე დაკავებულმა გიგი უგულავამ და დიმიტრი ბიძინაშვილმა რუსთავის ციხე დატოვეს.

    გუშინვე, ოლიგარქის სასამართლომ Tbilisi Mall-თან სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულ რვავე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო შეუფარდა.

    ბრალდებულების ნაწილის შემთხვევაში გირაო 5 000 ლარით განისაზღვრა, ხოლო ნაწილის შემთხვევაში 3 500 ლარი.

    აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მოსამართლეს პროკურატურამ მიმართა.

    სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ბრალდებით დააკავეს: ირაკლი წიგნაძე, გიგი უგულავა, ირაკლი ტაბლაძე, ნიკოლოზ კუტუბიძე, ვასილ ელიავა, ნიკოლოზ ქუმსიშვილი, ალექსანდრე გოგოლაძე, დიმიტრი ბიძინაშვილი. მათ ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

  • “დაინიცირებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირს მივმართეთ და სამართლებრივი დასკვნის მომზადება ვთხოვეთ” – ომბუდსმენი

    “დაინიცირებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირს მივმართეთ და სამართლებრივი დასკვნის მომზადება ვთხოვეთ” – ომბუდსმენი

    “დაინიცირებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირს მივმართეთ და სამართლებრივი დასკვნის მომზადება ვთხოვეთ” – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.ომბუდსმენი საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, ეუთო/ოდირის დასკვნის გამოქვეყნებამდე, არ მისცეს კანონპროექტს შემდგომი მსვლელობა.

    “დღეს, 5 თებერვალს სახალხო დამცველმა მიმართა ეუთო/ოდირს და სთხოვა სამართლებრივი დასკვნის მომზადება იმ კანონპროექტებთან დაკავშირებით, რომელიც მიმდინარე კვირას დაინიცირდა საქართველოს პარლამენტში. წარმოდგენილი ინიციატივა დაჩქარებულად განიხილება და მიზნად ისახავს ცვლილებების შეტანას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში და სისხლის სამართლის კოდექსში.

    მითითებულ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მოწოდების მიუხედავად, პარლამენტი კვლავ დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რაც არ იძლევა მასში სრულფასოვანი მონაწილეობის და ჩართვის შესაძლებლობას.

    საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, ეუთო/ოდირის დასკვნის გამოქვეყნებამდე, არ მისცეს კანონპროექტს შემდგომი მსვლელობა და იმედს გამოთქვამს, რომ ეუთო/ოდირის დასკვნა წარმოდგენილ კანონპროექტებთან დაკავშირებით, სრულად იქნება მხედველობაში მიღებული. ამასთან, მიღებული იქნება ყველა ზომა ადამიანის უფლებებზე ნეგატიური ეფექტების აღმოსაფხვრელად,” – წერია განცხადებაში.

  • “ოცნება” მედიებისთვის ახალ კანონპროექტს აანონსებს

    “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, დააინიციირებენ მედიის კანონს, რომელიც “მედიის ობიექტურობისა და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებს” დაადგენს. მდინარაძე აცხადებს, რომ ამ კანონით აიკრძალება მედიასაშუალების უცხოური წყაროებიდან დაფინანსება.

    “მუშაობას დავიწყებთ ხვალიდანვე და დაინიცირდება მედიის კანონი, რომელსაც მივიღებთ ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად. კანონით დადგინდება მედიის ობიექტურობის, აგრეთვე ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები. განისაზღვრება აღნიშნული სტანდარტების მონიტორინგის და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები. შეიზღუდება მედიასაშუალების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან. ბუნებრივია, ეს არ შეეხება კომერციული რეკლამებიდან მიღებულ და სხვა ამგვარ შემოსავლებს

    ხვალიდანვე დავიწყებთ მუშაობას. ძალიან ზოგადად შეგვიძლია ვთქვათ, რომ BBC-ის სტანდარტად წოდებული ე.წ. ნორმები ეს არის მოქმედი ნორმები ბრიტანეთში დღეს – ამ შემთხვევაშიც, ბრიტანულ ნორმებთან შესატყვის და შესაბამის კანონმდებლობას შემოვიტანთ ქართული მედიაბაზრისთვის, იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი მოქალაქეების სიცრუისგან დაცვა, უცხოური ჩაურევლობის გარანტიები ავიღოთ მაქსიმალური და ეს იქნება ანალოგიური როგორც ბრიტანული კანონმდებლობა”. – თქვა მდინარაძემ

  • ისაკო დევიძე 3 500 ლარით დააჯარიმეს

    საპროტესტო აქციების მონაწილე ისაკო დევიძემ იზოლატორი დატოვა და  სასამართლომ 3 500 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა მიიღო.

    პირველ თებერვალს ისაკო დევიძე საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკის დროს დააკავეს.

    შსს-მ დევიძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დააკავა, რაც სამართალდამცავის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

  • ”ოცნებამ” ყოფილი ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი კომისია შექმნა

    ქართულმა ოცნებამ “2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი” დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნა.

    ივანიშვილის პარლამენტმა კომისიის შექმნის შესახებ დადგენილების პროექტს მხარი 83 ხმით დაუჭირა.

    აღნიშნული კომისიის შექმნა ქართულმა ოცნებამ 2025 წლის 9 იანვარს დააანონსა. მამუკა მდინარაძის თქმით, საგამოძიებო კომისია 6 თვის განმავლობაში იმუშავებს და მოამზადებს დასკვნას, რომელსაც განიხილავენ და დაამტკიცებენ სექტემბრის პირველი სასესიო კვირისთვის.

    თუ საგამოძიებო კომისია რეგლამენტით გათვალისწინებულ 3 თვეში ვერ მოასწრებს თავის საქმიანობას, ამავე რეგლამენტის გათვალისწინებით, მისი ვადა გაგრძელდება, მაგრამ არაუმეტეს 6 თვისა.

  • ითხოვს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იყოს წინა პლაზე და დაუყოვნებლივ დააბრუნონ პენიტენციურ დაწესებულებაში – მზია ამაღლობელის ადვოკატი

    “შევხვდი ექიმებს, აღნიშნული საავადმყოფოს წარმომადგენლებს და როგორც მითხრეს, რაღაც განსაკუთრებული პრობლემები ჯერჯერობით ანალიზებში არ არის. გადმომეცა დოკუმენტაცია და გადავამოწმებთ სხვა ექიმებთანაც. ასევე, დღეს უნდა ჩაუტარდეს სხვადასხვა კვლევები და უფრო მეტი ინფორმაცია შემდგომში გვექნება.

    გამხდარი არის, 25-ე დღეა ადამიანი შიმშილობს, მხოლოდ წყალზეა, წონის კლება აქვს, არის შენელებული, შესუსტებული, მაგრამ თვითონაც ყოველთვის იმას ითხოვს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იყოს წინა პლანზე და ამაზე არავინ ილაპარაკოს. თვითონ მოითხოვა, რომ დაუყოვნებლივ დააბრუნონ პენიტენციურ დაწესებულებაში, დარჩენა აქ არ უნდა. მაგრამ, როგორც ბატონმა ზურაბმა მომაწოდა ინფორმაცია, დღეს კიდევ განმეორებითი კვლევები უნდა ჩატარდეს და შემდგომში გადაწყვეტენ როდის გადაიყვანენ”

    აცხადებს მზია ამაღლობელის ადვოკატი, ჯუბა ქათამაძე.

  • მზია ამაღლობელი მისი სოლიდარობისთვის მოშიმშილეებს სთხოვს, შეწყვიტონ შიმშილობა – ადვოკატი

    ”მზია ამაღლობელი მისი სოლიდარობისთვის მოშიმშილეებს სთხოვს, შეწყვიტონ შიმშილობა”- განაცხადა ამის შესახებ ადვოკატმა ჯუბა ქათამაძემ  რომელმაც “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” ხელმძღვანელი, კლინიკა ვივა მედში მოინახულა. მზია ამაღლობელი უკვე 25-ე დღეა შიმშილობს,

    “მოვინახულე დღეს ქალბატონი მზია. მდგომარეობა შეიძლება ითქვას, რომ სტაბილურია. 25-ე დღეა შიმშილობის. რა თქმა უნდა, შესუსტებულია გარკვეულწილად, აქვს გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები, თუმცა თავს მხნედ გრძნობს და აცხადებს ისევ, რომ აგრძელებს ბრძოლას იმით, რითაც შეუძლია და შეიძლება ითქვას, რომ ასე ხილულად, რაც მე შემიძლია შევაფასო, რაიმე განსაკუთრებული პრობლემა არ აქვს. ისევ აცხადებს, რომ შიმშილობს არა მარტო თავისი თავისთვის, არამედ ყველა პოლიტიკური პატიმრისთვის. ასევე, ერთი თხოვნა რაც გადმომცა არის ის, რომ მისი სოლიდარობისთვის ვინც შიმშილობს, ყველა ადამიანმა შეწყვიტოს შიმშილობა”, – თქვა ადვოკატმა.