Blog

  • დაიწყოს ვიზალიბერალიზაციის გაუქმების პროცესი.სჭირდება 15 წევრი ქვეყანა, რომ ვუთხრათ რეჟიმს ქმედებები შეცვალოს”- ცაჰკნა EU-ს მიმართავს 

    “ესტონეთმა დაუწესა ათობით სხვადასხვა პირს პერსონალური სანქციები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს და პრემიერმინისტრს. ასევე, მოვუწოდებთ ევროკავშირს, დაიწყოს ვიზალიბერალიზაციის გაუქმების პროცესი. ეს საკითხი მაგიდაზეა და პროცესის დაწყებას სჭირდება 15 წევრი ქვეყანა, რომ შევაფასოთ და ვუთხრათ რეჟიმს, ქმედებები შეცვალოს”.

    განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ბრიუსელში მინისტერიალის დაწყებამდე, რომლის დღის წესრიგში მთავარი საკითხი თავდაცვის გაძლიერება და უკრაინის მხარდაჭერაა.

  • “ოცნებამ” უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადა 1 წლამდე შეუმცირა

    ”ქართული ოცნებამ”  უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადა 1 წლამდე შეუმცირა.

    “უკრაინის მოქალაქეებს აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 წლის ვადით ყოფნის უფლება. უკრაინის იმ მოქალაქეებს, რომლებიც 2025 წლის 24 თებერვლამდე შემოვიდნენ და იმყოფებოდნენ საქართველოში, ყოფნის უფლება გაუგრძელდეთ 2026 წლის 24 თებერვლამდე.”- ნათქვამია ოცნების მთავრობის დადგენილებაში რომელიც 2 აპრილით თარიღდება.

  • “შემაშფოთებელია უკუსვლა, რომელსაც საქართველოში ვხედავთ” – ნიდერლანდების საგარეო მინისტრი

    “ძალიან შემაშფოთებელია ის უკუსვლა, რომელსაც საქართველოში ვხედავთ. თქვენ ნახეთ კაია კალასისა და მარტა კოსის ერთობლივი განცხადება. ნიდერლანდები, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრი, სრულიად უჭერს ამ განცხადებას მხარს. ძალიან შეშფოთებული ვართ საქართველოში მიმდინარე მოვლენებით. ვხედავთ, რა რაოდენობით ადამიანი არის პროევროპულად განწყობილი და იბრძვის ევროპული მომავლისთვის, ჩვენ გვსურს ისინი გავამხნეოთ, რათა გააგრძელონ ეს გზა”.

    განაცხადა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, კასპარ ველდკამპმა ბრიუსელში მინისტერიალის დაწყებამდე.

  • “ბევრ განცხადებას ვისმენთ “დიფ სთეითთან” ბრძოლაზე მაგრამ ეს მხოლოდ ლაპარაკად რჩება-კალაძე

    “ბევრ განცხადებას ვისმენთ “დიფ სთეითთან” ბრძოლაზე მაგრამ ეს მხოლოდ ლაპარაკად რჩება-კალაძე

    “დღეს ბევრი განცხადება კეთდება „დიფ სთეითთან“ ბრძოლის შესახებ, თუმცა, ნაკლებად იდგმება კონკრეტული ნაბიჯები. „დღეს, ვართ მოლოდინის რეჟიმში, არის გარკვეული ვაკუუმი. არსებობს ძალიან ბევრი კითხვა, მაგალითისთვის – ბაიდენის ადმინისტრაციამ ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა იმის გამო, თითქოს მას რაღაც ურთიერთობა ჰქონდა რუსეთთან. დღეს კი რას ვხედავთ, ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, თავისი ადმინისტრაციით, პირდაპირ მართავს მოლაპარაკებებს რუსეთთან, საუბრობს ურთიერთობების გადატვირთვაზე, სავაჭრო ურთიერთობის გაღრმავებაზე და, ამავე დროს, ბიძინა ივანიშვილი ისევ დასანქცირებულია.

    მაგნიტსკის სიაში არის ჩვენი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და არავის მოუხსნია ეს სანქციები. ეს მარტო ჩვენთან მიმართებაში არ ხდება. ნახეთ, რა ხდება სხვადასხვა ქვეყანაში – იგივე რუმინეთში, სადაც არჩევნები აბსურდული მიზეზით გააუქმეს. აშშ-ის ადმინისტრაციამ ეს ყველაფერი დაგმო, მაგრამ რეალური ქმედება არ მოჰყოლია. ამასთანავე, უნგრეთის პრემიერმინისტრის ადმინისტრაციის უფროსი არის დასანქცირებული და ეს სანქციები არ მოხსნილა. იმის თქმა მინდა, რომ ბევრ განცხადებას ვისმენთ „დიფ სთეითთან“ ბრძოლის შესახებ და რომ ის დამარცხდება, მაგრამ, ჯერჯერობით, ეს მხოლოდ ლაპარაკად რჩება და კონკრეტიკა არ არსებობს. დაველოდოთ, ჩვენ ვგულშემატკივრობთ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას იმაში, რომ დაამარცხებს „დიფ სთეითს“ და, თუ ეს მართლაც მოხდა, რა თქმა უნდა, შედეგები საქართველოზეც აისახება. ტრამპმა არაერთხელ განაცხადა პრიორიტეტების შესახებ, ესენია უკრაინაში ომის დასრულება და „დიფ სთეითის“ დამარცხება, აქედან ჯერ არც ერთი მომხდარა და არც მეორე. ამიტომ დაველოდოთ პროცესებს”.

    – ასე გამოეხმაურა კახა კალაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკულ განცხადებას.

     

  • გუშინდელი დღე დარტყმა იყო რეჟიმზე, პარტნიორების რეაქცია ნაბიჯია გამარჯვებისკენ! – ზურაბიშვილი

    გუშინდელი დღე დარტყმა იყო რეჟიმზე, პარტნიორების რეაქცია ნაბიჯია გამარჯვებისკენ! – ზურაბიშვილი

    “დღეს ჩვენ განვიხილეთ პატიმრების ოჯახების ოჯახების ახალი წამოწყება, შეიქმნა ეს ფორმატი და მინდა, რომ ჩვენი კოორდინაციიდან, წინააღმდეგობის პლატფორმიდან გამოვუცხადო მათ სოლიდარობა და კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმას, რომ ამ კოორდინაციის მთავარი ორი მიზანი რჩება სრულიად უცვლელი – ესაა ახალი არჩევნებისთვის მზადება და მეორე არის, ცხადია, სინდისის პატიმრების გათავისუფლება.

    სინდისის პატიმრები და მათი მდგომარეობა, მათი წამება და ცუდი მოპყრობა, ეს ყველაფერი ჩვენი მუდმივი თემაა ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან. ცალ-ცალკე პარტიების ფორმატში, მაგრამ ახლა უკვე კოორდინაციის ფორმატში და ნიშანდობლივია, რომ ამან უკვე შედეგი გამოიღო.

    გუშინდელი დღე იყო ძალიან ძლიერი დარტყმა რეჟიმზე – წამოვიდა სხვადასხვა კუთხიდან სერიოზული რეაქციები, ერთი მხრივ ევროკავშირიდან, კაია კალასის და მარტა კოსის განცხადება, მეორე ჰელსინკის კომისიის ორპარტიული განცხადება, რომელიც ეხმაურება ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საკითხებს და ჩინელების შემოყვანას, ესეც მკაცრი განცხადება იყო, აშშ-ის სახდეპის პრესსპიკერის კომენტარი, რომელიც კიდევ ერთხელ ახსენებს რეჟიმს, რა უნდა გააკეთოს თუ მას სურს აშშ-სთან ურთიერთობების გაუმჯობესება, დიდი ბრიტანეთის ახალი სანქციები და ოდირის განცხადება FARA-სთან დაკავშირებით. ხუთივე განცხადება დიდი დარტყმაა რეჟიმისთვის. ნიშანდობლივია, რომ პირველად სასამართლო სისტემა დასანქცირდა ბრიტანეთისგან და სწორედ ის ადამიანები, ვინც არიან პასუხისმგებლები სინდისის პატიმრების დაკავებაზე.

    ეს განცხადებები, პარტნიორების ეს რეაქცია არის უკვე ერთი ნაბიჯი გამარჯვებისკენ. ჩვენ ასე მივდივართ არჩევნებისკენ, რეჟიმის ჩამოშლისკენ. ეს არის რთული, გრძელი გზა, მაგრამ ჩვენი კოორდინაციის პოლიტიკური გაგებით, ეს ერთადერთი გზაა, რომელიც მიგვიყვანს ბოლომდე”

    განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

  • რუსეთში, ირკუტსკის ოლქში რუსული ბომბდამშენი ჩამოვარდა

    გასულ ღამეს რუსეთში, ირკუტსკის ოლქში Ту-22М3-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენი ჩამოვარდა.როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, ჩამოვარდნის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა იყო.

    თვითმფრინავის ერთ-ერთი პილოტი კატასტროფის შედეგად მოკვდა. ეკიპაჟის დარჩენილმა ოთხმა წევრმა კატაპულტირება მოასწრო.

    ასეთი ბომბდამშენის ღირებულება დაახლოებით 300 მილიონი დოლარია.

    როგორც რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია წერს, ჩამოვარდნის წინ პილოტებმა თვითმფრინავი დასახლებული ტერიტორიიდან გაიყვანეს.

    Ту-22М-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენი, რომელსაც ბირთული იარაღის გადატანაც შეუძლია, ირკუტსკის ოლქში 2024 წლის აგვისტოშიც ჩამოვარდა.

  • კახეთში, წყალსაცავში მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა

    გასულ კვირას კახეთში, მზიანეთის საგანმანათლებლო ცენტრში მცირეწლოვანი ბავშვი სასტუმროს ტერიტორიაზე არსებულ წყალსაცავში ჩავარდა და დაიღუპა. ინფორმაციას ამონაშვილის აკადემია ავრცელებს. 

    “კახეთში, მზიანეთის საგანმანათლებლო ცენტრში, წინა შაბათ-კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა პედაგოგიკის საერთაშორისო კონფერენცია. ჩამოსული იყო რამდენიმე ათეული სტუმარი. ესენი იყვნენ პედაგოგები, ფსიქოლოგები და სკოლების ხელმძღვანელები სხვადასხვა ქვეყნიდან.

    ცენტრიდან გაფრთხილების მიუხედავად, ერთერთი მონაწილე კონფერენციაზე უცხოეთიდან ჩამოვიდა მცირეწლოვან შვილთან ერთად. მშობელმა იცოდა, რომ ორგანიზაცია ბავშვზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებდა. მშობლის უყურადღებობის გამო, კონფერენციის მსვლელობის დროს ბავშვი უმეთვალყურეოდ დარჩა და ჩავარდა სასტუმროს ტერიტორიაზე არსებულ წყალსაცავში.

    ცენტრის ყველა თანამშრომელმა გააკეთა ყველაფერი, რაც კი შესაძლებელი იყო ბავშვის გადასარჩენად, მაგრამ სამწუხაროდ ბავშვი გარდაიცვალა. კონფერენციამ მუშაობა შეწყვიტა.

    კონფერენციის ყველა მონაწილე ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო.

    გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ კონფერენცია არ იყო ამონაშვილის აკადემიის მიერ ორგანიზებული. ჩვენი რამდენიმე თანამშრომელი კონფერენციას ესწრებოდა, თუმცა სხვა კავშირი ორგანიზაციას ამ ღონისძიებასთან არ ჰქონია.

    გთხოვთ, გაგებით შეხვდეთ ჩვენი ოჯახის თითოეული წევრის მდგომარეობას. მადლობა.” – წერია განცხადებაში.

  • ქართული ოცნების ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებოს უფროსად ირაკლი(დაჩი) ბერაია დაინიშნა

    ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახურის უფროსი ივანიშვილის დეპუტატი ირაკლი ბერაია იქნება.

    ცნობისთვის, 2025 წლის 13 იანვარს ბერაია ანრი ოხანაშვილმა თავის მოადგილედ დანიშნა.

    ამ დრომდე, ის იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

    2016–2025 წლებში იყო საქართველოს მე-9, მე-10 და მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი.

    2 აპრილს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სოსო რამიშვილმა თანამდებობა დატოვა.

  • დონალდ ტრამპმა მთელ მსოფლიოს სავაჭრო ომი გამოუცხადა. ტრამპის ტარიფებს ვერც საქართველო გადაურჩა

    მთელი მსოფლიოს ყურადღება ტრამპის ახალი გადაწყვეტილებისკენ არის მიმართული, რომლითაც მან მსოფლიოს ყველა ქვეყანას სავაჭრო ტარიფები დაუწესა. მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშიც ეს საკითხია:

    დონალდ ტრამპმა მსოფლიო სავაჭრო ომი დაიწყო მას შემდეგ, რაც ორი თვე ამზადებდა თავის მეორე საპრეზიდენტო ვადის მთავარ მოვლენას. საზეიმო გარემოში, თეთრი სახლის ვარდების ბაღში, ტრამპმა 2 აპრილი ამერიკის „განთავისუფლების დღედ“ გამოაცხადა და განაცხადა, რომ აშშ-ში შემოტანილ საქონელზე შემოაქვს უპრეცედენტო ტარიფები — რაც მომხდარა გასული საუკუნის დასაწყისიდან არ მომხდარა.

    ტრამპის აზრით, სავაჭრო ბარიერები აიძულებს როგორც მეგობრებს, ისე მტრებს, მასთან დათმობებზე წასვლას — როგორც სავაჭრო, ისე ტერიტორიულ საკითხებში. ეკონომისტები კი გვაფრთხილებენ, რომ ახლა ცხოვრება ყველასთვის გართულდება, მათ შორის ამერიკელებისთვისაც, რომლებსაც ტრამპის მიერ დაწესებული იმპორტის გადასახადი შეეხებათ.

    „დღეს — განთავისუფლების დღეა,“ — განაცხადა ტრამპმა. „ეს ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა. ეს ამერიკის ეკონომიკური დამოუკიდებლობის დეკლარაციაა.“
    „ჩვენ ისევ გავხდებით დიდი და მდიდარი ქვეყანა. ჩვენს ქვეყანას 50 წელზე მეტია ძარცვავენ. ეს აღარ განმეორდება.“

    აშშ — მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკაა, რომელთანაც ყველა ცდილობს ვაჭრობას. ტრამპი მიიჩნევს, რომ სავაჭრო პარტნიორები ამერიკას იყენებენ — ყიდიან აშშ–ში უფრო მეტ პროდუქტს, ვიდრე მისგან ყიდულობენ, და მათ ტარიფებიც უფრო მაღალი აქვთ. მისი თქმით, დღევანდელი „საპასუხო“ ტარიფები თამაშის წესების გასასწორებლად შემოდის.

    ტრამპის სამი მთავარი სამიზნეა: ევროკავშირი (მსოფლიოში მეორე ეკონომიკა), ჩინეთი (მესამე) და კანადა-მექსიკა (მეზობლები და საბაჟო კავშირის პარტნიორები). მათზე მოდის აშშ-ს დეფიციტური სავაჭრო ბრუნვის დიდი ნაწილი. სწორედ მათ მიმართ გამოხატა ამერიკის პრეზიდენტმა თავისი სატარიფო რისხვა.

    ტრამპმა თქვა, რომ შემოაქვს „საპასუხო“ ტარიფი — ჩინეთისთვის 34%, ევროკავშირისთვის 20%, იაპონიისთვის 24%, ხოლო ინდოეთისთვის 26%. გადასახადს მსოფლიოს ვერცერთი ქვეყანა ვერ გადაურჩება — „მინიმალური საბაზო ტარიფი“ იქნება 10%. სწორედ ამ სატარიფო განაკვეთში მოხვდა საქართველო.

    სხვა ქვეყნები პასუხობენ, რომ თავისუფალი ვაჭრობა ნულოვანი შედეგის მქონე თამაში არ არის და მისით ყველა მონაწილე სარგებელს იღებს, რასაც თვალსაჩინოდ ადასტურებს მსოფლიო ეკონომიკის ისტორია უკანასკნელი ნახევარი საუკუნის განმავლობაში. ისინი მზად არიან, საპასუხო ტარიფები დააწესონ, თუმცა ჯერ კიდევ იმედოვნებენ შეთანხმებაზე.
    მანამ კი, ხვალ დილით მსოფლიო ახალ რეალობაში გაიღვიძებს — სადაც პლანეტის ყველაზე ძლიერი და მდიდარი ქვეყანა ყველა დანარჩენისგან სატარიფო ბარიერით იქნება გამიჯნული.

    რა ტარიფები იქნება მომავალში, მას შემდეგ რაც ქვეყნები ტრამპთან მოლაპარაკებების შედეგად ან შეთანხმდებიან, ან ვერა — წინასწარ გამოცნობა შეუძლებელია. თუმცა უკვე ახლა ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ-ში იმპორტირებულ საქონელზე საშუალო გადასახადი 3-4%-დან 10-15%-მდე გაიზრდება.

    შედარებისთვის: ევროკავშირში ახლა საშუალო ტარიფი დაახლოებით 5%-ია, ჩინეთში — 7.5%, ინდოეთში — 17%. დანარჩენ ქვეყნებს ტრამპი დაპირდა „მინიმალურ საბაზო ტარიფს“ — 10%.
    საშუალო მაჩვენებელი, რა თქმა უნდა, საკმაოდ პირობითია — როგორც „საშუალო ტემპერატურა პალატაში“, მაგრამ ის დაახლოებით გვიჩვენებს, როგორ დაზარალდება მსოფლიო ვაჭრობა და გლობალური კეთილდღეობის ზრდა, თუ ტრამპის მიერ გამოცხადებული დღევანდელი ტარიფები ახალი რეალობა გახდება და არა დროებითი ახირება — როგორსაც ადგილი ჰქონდა ტრამპის წინა არაერთი სატარიფო ინიციატივის დროს.

  • ნინო წილოსანს საპარლამენტო საბჭო გაუუქმეს

    ნინო წილოსანს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო გაუუქმეს – „ოცნების“ერთპარტიულმა პარლამენტმა ტერმინი „გენდერული თანასწორობა“ კანონში „ქალისა და მამაკაცის თანასწორობით“ შეცვალა.

    კანონი დღეს მესამე მოსმენით, 80 ხმით, ერთხმად მიიღეს.

    კანონიდან ამოიღეს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს შექმნის ვალდებულებაც.წინა მოწვევის პარლამენტში გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი იყო