Blog

  • ჰეროინი, მეთადონი, მარიხუანა, კანაფი – ნარკოდანაშაულის ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს

    ჰეროინი, მეთადონი, მარიხუანა, კანაფი – ნარკოდანაშაულის ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს.

    შსს-ს ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების, გასაღების მცდელობის, გასაღების მომზადებისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით სამართალდამცველებმა 1982 წელს დაბადებული შ.ვ., 1996 წელს დაბადებული ი. მ. და უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 2006 წელს დაბადებული დ. ს., 1974 წელს დაბადებული ა.ბ. და 1995 წელს დაბადებული ს.კ. დააკავეს.

    „პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელა ნარკოტიკის საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.

    სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად და მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის : „ჰეროინი“, „მეთადონი“, „მარიხუანა“ და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე, ამოღებულია ელექტრო სასწორები და ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე ტერცია, 18-260-ე ტერცია, 265-ე და 273 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

  • საგამოძიებომ TV პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

    სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტვ პირველის ჟურნალისტზე, მარიამ მაკასარიშვილისა და მის ოპერატორზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე დაიწყო, რაც ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს.

    დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ორმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე.

    ცნობისთვის, დღეს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილი პირველი მოადგილის, გიორგი შინჯიკაშვილის მამა ტელეკომპანიის ჟურნალისტ, მარიამ მაკასარაშვილს ფიზიკურად გაუსწორდა.

  • რუსები სრულიად უგულებელყოფენ 12 მაისიდან ცეცხლის სრული და მდგრადი შეწყვეტის შეთავაზებას – სიბიგა

    „მოსკოვი ხელიდან უშვებს კიდევ ერთ შესაძლებლობას, რომ ბოლო მოუღოს მკვლელობებს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსეთის ერთადერთი მიზანი ომის გახანგრძლივებაა,.[…] უკრაინა, რუსეთისგან განსხვავებით, ყველა ღონეს ხმარობს ომის დასასრულებლად და დიპლომატიისთვის შანსის მისაცემად. პრეზიდენტი ზელენსკი პუტინთან პირადად შეხვედრის შეთავაზებითაც კი გამოვიდა, თუმცა ჯერჯერობით პასუხი არ ყოფილა. ჩვენ განვიხილეთ შესაძლო ნაბიჯები, მათ შორის რუსეთის საბანკო, ცენტრალური ბანკისა და ენერგეტიკის სექტორების წინააღმდეგ სანქციები, უკრაინისთვის თავდაცვის ახალი დახმარების პაკეტებთან ერთად. პუტინმა უნდა გაიგოს სამშვიდობო მცდელობების უარყოფისა და ომის გაგრძელების შედეგები”,

    ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, პოლონეთის, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, კაია კალასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელსაც ონლაინ ფორმატში დაესწრო.

  • TV პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ოცნებას ვაკისრებთ – ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

    ”TV პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ოცნებას ვაკისრებთ”- საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფზე განხორციელებულ თავდასხმას გმობს და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ინციდენტის სწრაფად გამოძიებისკენ მოუწოდებს.

    “ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია. განსაკუთრებით საგანგაშოა, როცა ეს ხდება ფიზიკური შეურაცხყოფის თანხლებით და როცა მოძალადე პირები განზრახ აზიანებენ პროფესიულ აპარატურას.

    სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მედიაჩეკერთან დაადასტურა, რომ გამოძიება დაიწყო. თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია და ინციდენტის სწრაფად გამოძიება სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს.

    ქარტია მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობას ქართულ ოცნებას აკისრებს, რომლის რეპრესიული პოლიტიკა მედიის მიმართ ქმნის გარემოს, სადაც ჟურნალისტების უსაფრთხოება და უფლებები დაცული არ არის და სადაც ადამიანები თავს უფლებას აძლევენ, ჟურნალისტებს თავს დაესხან და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფონზე კი დღემდე არ არის გამოვლენილი და პასუხისგებაში მიცემული არცერთი პირი, რომელმაც ბოლო თვეების განმავლობაში ჟურნალისტებზე იძალადა”, – ვკითხულობთ ქარტიის განცხადებაში.

  • 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა ან ახალი სანქციები – გერმანია რუსეთს

    30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა ან ახალი სანქციები – გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა შტეფან კორნელიუსმა რუსეთს ბოლო ვადა დაუწესა.

    „დრო იწურება, დღის ბოლომდე კიდევ 12 საათი გვაქვს დარჩენილი და თუ ამ დროისთვის ცეცხლის შეწყვეტა არ იქნება, ევროპული მხარე სანქციებისთვის მზადებას დაიწყებს“, – განაცხადა გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა სტეფან კორნელიუსმა პრესკონფერენციაზე.

    ჟურნალისტის კითხვაზე, იგულისხმება თუ არა ის, რომ ორშაბათის გასვლისთანავე ევროკავშირი სანქციების მომზადებაზე გადავა, კორნელიუსმა დაადასტურა: „ზუსტად ასეა“.

  • ”ულტიმატუმების ენა მიუღებელია” – პესკოვი ზელენსკის შეთავაზებაზე

    “პუტინმა ნათლად და ცალსახად გამოხატა პოზიცია უკრაინასთან მოლაპარაკებების განახლების შესახებ წინაპირობების გარეშე.[…]თუ მოსკოვი დღის ბოლომდე 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება, ახალი სანქციების მომზადება დაიწყება. ულტიმატუმების ენა რუსეთისთვის მიუღებელია, ის არ არის შესაფერისი. რუსეთთან ასეთი ენით საუბარი არ შეიძლება“,

    ასე გამოეხმაურა კრემლის პრესსპიკერი პესკოვი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეთავაზებას, რომ 15 მაისს პირადად დაელოდება პუტინს თურქეთში.

  • ვითხოვ პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტების გათავისუფლებას! მხოლოდ ინფორმირებულ ინდივიდებს შეუძლიათ თავისუფალი არჩევანის გაკეთება! – პაპი ლეო

    მთაზე ქადაგებისას იესომ წარმოთქვა: ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი. ეს ნეტარება გამოწვევაა ყოველი ჩვენგანისთვის, თუმცა განსაკუთრებით აქტუალურია თქვენთვის [ჟურნალისტებისთვის], ვინაიდან  ყოველ თქვენგანს მოგიწოდებთ, ისწრაფოდეთ განსხვავებული სახის კომუნიკაციისკენ, რომელიც არ ეძიებს კონსენსუსს ყველაფრის ფასად, არ იყენებს აგრესიულ სიტყვებს, არ იღებს მონაწილეობას კონკურენციის კულტურაში და არასდროს გამოყოფს ჭეშმარიტების ძიებას სიყვარულისგან, რომლისკენაც ჩვენ თავმდაბლად უნდა მივისწრაფოდეთ.

    მშვიდობა თითოეული ჩვენგანისგან იწყება იმით, თუ როგორ ვუყურებთ და ვუსმენთ სხვებს, როგორ ვსაუბრობთ მათ შესახებ. ამ მხრივ, ჩვენი კომუნიკაციის გზა ფუნდამენტური მნიშვნელობისაა. ჩვენ უარი უნდა ვუთხრათ სიტყვებისა და სურათების ომს. ჩვენ უნდა უარვყოთ ომის პარადიგმა.

    ნება მომეცით, გავიმეორო ეკლესიის სოლიდარობა იმ ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც ჭეშმარიტების ძიებისა და გადმოცემისთვის პატიმრობაში არიან და მოწოდებით გამოვიდე მათი გათავისუფლებისკენ. ამ სიტყვებით პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტების გათავისუფლებას ვითხოვ.

    ვფიქრობ იმ [ჟურნალისტების] შესახებ, თავიანთი სიცოცხლის ფასადაც კი რომ აშუქებენ ომს; იმ ადამიანების სიმამაცეზე, რომლებიც იცავენ ღირსებას, სამართლიანობას და ადამიანების უფლებას, იყვნენ ინფორმირებულები, ვინაიდან მხოლოდ ინფორმირებულ ინდივიდებს შეუძლიათ თავისუფალი არჩევანის გაკეთება.

    პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტების ტანჯვა ერთა და საერთაშორისო საზოგადოების სინდისს გამოწვევის წინაშე აყენებს, მოგვიწოდებს ყველა ჩვენგანს, დავიცვათ სიტყვისა და პრესის თავისუფლების ძვირფასი საჩუქარი. გმადლობთ, ძვირფასო მეგობრებო, სიმართლის წინაშე თქვენი სამსახურისთვის.

    თქვა პაპმა ლეომ ვატიკანში, პავლე VI-ს სახელობის საკონფერენციო დარბაზში შეკრებილი მედიის წარმომადგენლებისადმი მიმართვაში.

  • გიორგი შინჯიკაშვილის მამა ფიზიკურად გაუსწორდა ქალ ჟურნალისტს; წაართვა მობილური და გაიტაცა კამერა – მელაძე

    ტელეკომპანია “პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის ინფორმაციით, გადამდგარი ვიცე გუბერნატორის, გიორგი შინჯიკაშვილის მამა ფიზიკურად გაუსწორდა მათ ჟურნალისტს, მარიამ მაკასარაშვილს:

    ”სრული განუკითხაობა ქვეყანაში!
    თავდასხმა ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე. გადამდგარი ვიცე გუბერნატორის, გიორგი შინჯიკაშვილის მამა ფიზიკურად გაუსწორდა ქალ ჟურნალისტს, მარიამ მაკასარაშივლს. წაართვა მობილური ტელეფონი და გაიტაცა ტვ პირველის სატელევიზიო კამერა.
    პოლიცია დანაშაულის ადგილზე ჯერ არ მისულა.” –წერს ნოდარ მელაძე.

  • ახმეტაში 40 წლამდე კაცი მოკლეს

    გასულ ღამეს ახმეტაში, სოფელ ქისტაურში, 40 წლამდე კაცის მოკლეს. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტის მიზეზი “ეჭვიანობა” გახდა. სიტყვიერი დაპირისპირება ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლით დასრულდა.დაჭრილია თავად სავარაუდო დამნაშავეც, რომელიც საავადმყოფოშია მოთავსებული. ადგილობრივების ინფორმაციით, ორივე ერთ სუფრასთან იმყოფებოდა, როცა მათ შორის კონფლიქტი დაიწყო.

    ერთ-ერთი ვერსიით, თავდაპირველად რამაზ ლეფსვერიძეს ესროლეს, რის შემდეგაც მან ჯაბა კვიცაშვილს მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით, 1967 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი რ.ლ. დააკავეს.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    “შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო და დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით, 1967 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი რ.ლ. დააკავეს.

    დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 მაისს, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე

    ჯ.კ.-მ სანადირო თოფიდან გასროლით ფეხის არეში დაჭრა რ.ლ., რის შემდგომაც ბრალდებულმა რ.ლ.-მ ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა ჯ.კ.-ს.

    ბრალდებული რ.ლ. კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება, ხოლო ჯ.კ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

    პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები – სანადირო თოფი და პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღო.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს,” – წერია განცხადებაში. 

  • წარმოვადგენ მთავრობას, რომელმაც EU-ში გაწევრიანებისთვის ყველაზე მეტი გააკეთა – შალვა პაპუაშვილი

    წარმოვადგენ მთავრობას, რომელმაც EU-ში გაწევრიანებისთვის ყველაზე მეტი გააკეთა – შალვა პაპუაშვილი

    საქართველო ერთგულია ევროკავშირში გაწევრიანების გზის. მე წარმოვადგენ ხელისუფლებას, რომელმაც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს წინსვლისთვის ყველაზე მეტი გააკეთა.

    ამავდროულად, პარლამენტის გადმოსახედიდან, ჩვენ ევროპული ინსტიტუტების მხრიდან გაუგებარი მოპყრობის მომსწრენი გავხდით. სამწუხაროდ, ევროკავშირის ზოგიერთი სტრუქტურის მხრიდან ვხედავთ ტენდენციას, ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს, ელაპარაკოს დირექტივებით, დაუწესოს ვალდებულებები უფლებების მინიჭების გარეშე.

    ვალდებულებების ქონა ხმის უფლების გარეშე, განსაკუთრებით ევროკავშირის იმ ინსტიტუტებში, სადაც საქართველო ჯერჯერობით არ არის წარმოდგენილი, არ შეესაბამება დემოკრატიული პლურალიზმის პრინციპს, რომელზეც დგას ევროკავშირი

    თქვა ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბუდაპეშტში, ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას