Blog

  • ალექსი ახვლედიანს უფლებამოსილება შეუწყდა

    ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელს ალექსი ახვლედიანს უფლებამოსილება შეუწყდა – შესაბამის ბრძანებას ხელი 9 ივლისს მოეწერა.  ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

    ალექსი ახვლედიანი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორად 2023 წლის მაისიდან მუშაობდა.

    შეგახსენებთ, ალექსი ახვლედიანი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ალექსი ახვლედიანს 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და სასამართლო სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.

  • ფეისბუქზე დაწერილი კომენტარის გამო როსტო ზარანდიას 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

    Facebook-ზე დაწერილი კომენტარის გამო აქტივისტ როსტო ზარანდიას ზუგდიდის სასამართლომ 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

    აქტივისსტს ზუგდიდის მერიის პრესსამსახურმა, მაგდალენა თოდუამ უჩივლა.

  • რაისა კომუნისტკა არ ისვენებს.. მავნებელი ქალია, ჩვენს ქვეყანას მტრობს… დაისვენე, ზაფხულია – ზარქუა

    რაისა კომუნისტკა არ ისვენებს. უნდა, რომ ყოველ კვირა საქართველოს ხელისუფლებაზე და ქართულ სახელმწიფოზე რაღაც გაუგებარი დებატები მოაწყოს ხოლმე […] ესე იგი, ვიზალიბერალიზაცია გადაიხედებაო – 2 წელზე მეტია, ეს გვახსოვს. რაისას რაიმე ბერკეტი რომ ჰქონდეს, აქამდე გააკეთებდა, იმიტომ, რომ მავნებელი ქალია, ჩვენს ქვეყანას მტრობს […]

    რაისას გადაეცით – დაისვენე, რა. დაისვენე, ზაფხულია. საქართველოს წინააღმდეგ ეს უნიჭო სპექტაკლები და მცდელობები არ გამოგდით და მაინც არ ისვენებთ. ჩვენც, კი ბატონო, ვერთობით ზაფხულში. გასართობი პროგრამები ნაკლებია და გიყურებთ, ამ სიგიჟეებს, როგორ წერთ რეზოლუციას, ღირებულება დაუკარგეთ.

    ასე გამოეხმაურა ივანიშვილის დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ლიტველი ევროპარლამენტარის, რასა იუკნევიჩიანეს განცხადებას.

  • საქართველო იქცა პოლიტიკური პატიმრების ქვეყნად..მოქმედების დროა, უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე უნდა მივიღოთ ზომები – აუსტრევიჩიუსი

    „საქართველო იქცა პოლიტიკური პატიმრების ქვეყნად. საქართველოს არსებულ მთავრობას არ მიჰყავს ქვეყანა ცივილიზებული სამყაროსკენ. ვერ ვხედავ დღევანდელ საქართველოს ევროკავშირში. ვერ ვხედავ ვერანაირ არგუმენტს, თუ რატომ არიან პოლიტიკური ლიდერები ციხეში. მთავრობა კვლავ ცდილობს ერთგვარ დიალოგს ევროკავშირთან. არავითარ შემთხვევაში. ეს საპირისპირო მიმართულებაა, რომელიც რუსეთისა და ბელარუსისკენ მიდის. წარმატებები ამაში.

    მე ვფიქრობ, პოლიტიკური განცხადებების პოტენციალი ამოვწურეთ. მთავრობის მიმართ ყველანაირი გაფრთხილებები დავასრულეთ. ახლა მოქმედების დროა. ვწუხვარ, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ზოგიერთი ქმედება ძალიან მტკივნეული იქნება და შეეხება არა მხოლოდ მთავრობის წარმომადგენლებს, მათ, ვინც დასავლეთს აკრიტიკებს, არამედ ხალხსაც. მაგალითად, უვიზო რეჟიმზე, ჩვენ უნდა მივიღოთ ზომები. ევროკავშირის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები უვიზო მიმოსვლა გარკვეული პერიოდით შეჩერების საშუალებას იძლევა. ვფიქრობ, რომ დროა. „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსებისთვის ყველა ნიღაბი ჩამოხსნილია, ვიცით, ვისთან გვაქვს საქმე. ამიტომაც მოქმედების დროა და ვერც ერთი სიტყვა ვერ შეცვლის სიტუაციას“,

    აცხადებს ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი „ევროსკოპთან“ ინტერვიუში.

  • კომისია მზადაა, დამატებითი ზომები განიხილოს – მარტა კოსი

    როდესაც საქართველოს უმეტესობას სურს, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს, საქართველოს ხელისუფლება ქვეყანას თავის ევროკავშირის გზას აშორებს. პასუხისმგებლობა მხოლოდ “ქართული ოცნების” მთავრობას აკისრია.

    ევროკავშირის გზაზე დაბრუნება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება განიხილებოდეს, თუკი სასქართველოს ხელისუფლება დემოკრატიული უკუსვლის შესაბრუნებლად სარწმუნო ნაბიჯებს გადადგამს, რაც გულისხმობს მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობას შეწყვეტას, ყველა უსამართლოდ დაკავებულს გათავისუფლებას, რეპრესიულ კანონებს შეჩერებასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან და ყველა პოლიტიკურ აქტორთან ერთად შინაარსობრივ დიალოგში ჩართვას, რათა ახლანდელი კრიზისიდან გზა გამოინახოს.

    გაუარესებული სიტუაციის ფონზე კომისია მზადაა, დამატებითი ზომები განიხილოს. წევრ სახელმწიფოებს შორის კოორდინირებული მიდგომა ამ მხრივ აუცილებელი იქნება.

    ამის შესახებ განაცხადა ევროკავშირის გაფართოების საკითხების კომისარმა, მარტა კოსმა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით დებატების დროს.

  • თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს

    თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ინფორმაციასპირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი ლალი ტურძელაძე ადასტურებს.გადაყვანამდე რიჟვაძის მდგომარეობა სტაბილური, ხოლო მისი კვლევის შედეგები გაუმჯობესებული იყო.

  • ცოცხლადაც რომ დაგვმარხოთ, სუნთქვას გავაგრძელებთ, კედლებში იმდენად ღრმად გავიდგამთ ფესვებს, რომ ბზარებს გავუჩენთ და ჩამოვანგრევთ“ – დავით ხომერიკის წერილი ციხიდან

    “ცოცხლადაც რომ დაგვმარხოთ, ჩვენ სუნთქვას მაინც გავაგრძელებთ და ამ კედლებში იმდენად ღრმად გავიდგამთ ფესვებს, რომ კედლებს ბზარებს გავუჩენთ და მათ აუცილებლად ჩამოვანგრევთ“  – ამის შესახებ სინდისის პატიმარი, 26 წლის მუსიკოსი, დავით ხომერიკი ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.

    „მინდა, ყველა იმ ადამიანის მიმართ კიდევ ერთხელ გამოვხატო თანაგრძნობა და სოლიდარობა, ვისაც სისტემა და სასამართლო უსამართლოდ მოექცა და მათ მხენობა და გამძლეობა ვუსურვო.
    დღევანდელობა ძალიან მძაფრი და ქაოტურია. ის, რაც გარეთ და ამ შენობაში ხდება, სრული სიგიჟეა და არავის ეგონოს, რომ ეს ქვეყნის ჯანმრთელობაზე არ გადატყდება. მე პირადად, არავის არაფერს მოვუწოდებ, რადგან ეს არ არის მარტივი გზა. ყველას თავისი არჩევანი აქვს, მაგრამ ყველამ საკუთარ თავებში უნდა ჩავიხედოთ და იქ ვეძებოთ სწორი პასუხები. პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც ადრე თუ გვიან აუცილებლად დაისმება. ბევრნაირი სიმართლე არსებობს და სიმართლეების მრავალფეროვნებით, შესაძლოა, ბევრჯერაც მოვტყუვდეთ, მაგრამ არსებობს ერთი უკვდავი ჭეშმარიტება, რომელსაც სინათლემდე მივყავართ. ეს კი უფალი და მისი მცნებებია.
    მე არ მაქვს საუბარი წარსულზე, მე ახლა აწმყოსა და მომავალზე გესაუბრებით, რომელიც თითოეული ჩვენთაგანის გადასარჩენია. მე ჩემი არჩევანი უკვე გავაკეთე და არაფრის დათმობას არ ვაპირებ, ამ ბოროტების სასიკეთოდ! ცოცხლადაც რომ დაგვმარხოთ, ჩვენ სუნთქვას მაინც გავაგრძელებთ და ამ კედლებში იმდენად ღრმად გავიდგამთ ფესვებს, რომ კედლებს ბზარებს გავუჩენთ და მათ აუცილებლად ჩამოვანგრევთ“
  • მილერი ლაგაზაურმა თანამდებობა დატოვა

    შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, მილერი ლაგაზაურმა, თანამდებობა დატოვა. უწყება “ფორმულას” ეუვნება რომ გადაწყვეტილება მან საკუთარი ნებით რამდენიმე დღის წინ მიიღო.

    აქვე შეგახსენებთ, რომ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა დატოვა ზვიად ხარაზიშვილმაც, მეტსახელად “ხარება”. მისი შემცვლელი გახდა რომან ქარცივაძე.

    ცნობისთვის, როგორც ლაგაზაური, ისე ხარაზიშვილი სანქცირებულ პირთა სიაში არიან.

  • ეს არჩევნები კი არ არის, ეს ბრძოლის ველია, რომელშიც ოპოზიციამ უნდა იბრძოლოს – სამადაშვილი

    ეს არჩევნები კი არ არის, ეს ბრძოლის ველია, რომელშიც ოპოზიციამ უნდა იბრძოლოს – სამადაშვილი

    „ეუთო-ს განცხადება, რომელშიც ის შეშფოთებას გამოხატავს იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართულ ოცნებას“ ოფიციალურად არ მიუწვევია დაკვირვებისთვის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე, ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ვამბობთ დიდი ხანია. ეს არის ხელისუფლება, რომელსაც რეალურად, არანაირი დემოკრატიული ფასადის შექმნა არ სურს არჩევნებზე. ეს არჩევნები კი არ არის, ეს არის ბრძოლის ველი, რომელშიც ოპოზიციამ უნდა იბრძოლოს და არ უნდა თქვას უარი ამ ბრძოლის ველზე. ეუთო-ს მიმართვა ხელისუფლების მიმართ, რომ მოიწვიოს მისი სადამკვირვებლო მისია, ასევე ადასტურებს იმას, რომ ეუთოც სწორედ ასე ხედავს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს, როგორც მნიშვნელოვანი პოლიტიკური ბრძოლის გამართვის არეალი. ამიტომ, ახლა კი არ აცხადებს ამ არჩევნებს არალეგიტიმურად წინსწრებით, არამედ მიმართავს ხელისუფლებას, რომ უზრუნველყოს სადამკვირვებლო ფუნქციების განხორციელება ამ მნიშვნელოვან პოლიტიკურ ბრძოლაში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რეალურად, ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ პირწმინდად აგებს მნიშვნელოვან პოზიციებს ადგილობრივ არჩევნებზე და იმდენად არის შეშინებული, რომ არც კი სურს ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მოწვევა მის ხელისუფლებას“

    ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა ეუთო/ოდირის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

  • როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში საქართველოში

    9-11 ივლისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ცალკეულ რაიონებში შესაძლებელია სეტყვა. ინფორმაციას ამის შესახებ, გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

    იმერეთის, სამეგრელოს და შიდა ქართლის რეგიონებში დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

    თბილისში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32,+36 გრადუსი.

    სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი,   ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +35 გრადუსი.

    დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსი.

    დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა დღისით, +34, +36 გრადუსი.

    დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა დღისით, +27, +29 გრადუსი.

    ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): მოსალოდნელია მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით, გორში და ცხინვალში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა შიდა ქართლში +34,+36 გრადუსი, ხოლო ქვემო ქართლში +37,+39 გრადუსი.

    კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32,+34 გრადუსი იქნება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): შესაძლებელია  ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32,+34 გრადუსი.

    აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა +21, +23, გრადუსი იქნება.