Blog

  • მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირდა – მას 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

    ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელს, სინდისის პატიმარ მზია ამაღლობელს 2 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.

    მან ჟურნალიტს წარდგენილი მუხლი გადაუკვალიფიცირა.

    დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის 7-თვიანი საქმის განხილვა დასრულდა.

    მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ და ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353¹ მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, თუმცა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ბრალი გადააკვალიფიცირა და მზია ამაღლობელი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის საფუძველზე (წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ), რაც ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას 2-დან 6 წლამდე.

  • სასამართლომ ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა

    სასამართლომ ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა

    სასამართლომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია კვლავ პატიმრობაში დატოვა – ბრალდების მხარემ აღნიშნა, რომ არსებობს მტკიცებულებების განადგურების, მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.

    დაცვის მხარემ მოსთხოვა პატიმრობის გაუქმება, თუმცა მოსამართლე ნატო ხუჯაძემ ბრალდების მხარის პოზიცია გაიზიარა.

     

     

  • ელისაშვილზე პოლიტიკური დევნა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ დაიწყო, რუსეთი მას უკრაინელი ხალხის დაცვას არ პატიობს – „ლელო – ძლიერი საქართველო“

    ელისაშვილზე პოლიტიკური დევნა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ დაიწყო, რუსეთი მას უკრაინელი ხალხის დაცვას არ პატიობს – „ლელო – ძლიერი საქართველო“

    ”ელისაშვილზე პოლიტიკური დევნა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ დაიწყო, რუსეთი მას უკრაინელი ხალხის დაცვას არ პატიობს”- ამის შესახებ, ნათქვამია კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    „კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერზე, ალეკო ელისაშვილზე მიმდინარე პოლიტიკური დევნის ოპერაციაში უკვე რუსეთის პროკურატურა ჩაერთო.

    „ქართული ოცნების“ ბატონმა დღეს ახალი განკარგულება გასცა – პუტინის რუსეთმა ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.

    ახლა ელისაშვილზე პოლიტიკური დევნა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთაც დაიწყო! რუსეთი მას უკრაინელი ხალხის დაცვას არ პატიობს!

    „ლელო-ძლიერი საქართველოს“ პოლიტიკური გუნდი მტკიცედ ვდგავართ ჩვენი პოლიტიკური ლიდერის გვერდით და არ დავუშვებთ ალეკო ელისაშვილის მიმართ ანტიკონსტიტუციური ქმედების განხორციელებას, რისი მცდელობაც დამფრთხალი „ქართული ოცნების“ მხრიდან დარწმუნებულები ვართ იქნება!

    სრული მხარდაჭერა ალეკო ელისაშვილს! დიდება უკრაინას! ცეცხლი რუსულ ოლიგარქიას!“,- აღნიშნულია განცხადებაში.

  • ბოდიშს მოვიხდი კი არა, ეს სიმართლე კიდევ უფრო ხმამაღალი იქნება, ჩვენი ხმა მისწვდება კოსმოსს – ნიკა კაცია

    „პირველ რიგში, ჩემს კოლეგა მზია ამაღლობელს უნდა გამოვუცხადო ძალიან დიდი სოლიდარობა. მზია ამაღლობელი თავისი საქციელით სამაგალითოა. როცა ვსაუბრობთ ღირსეულ ქალზე, აუცილებლად უნდა ვახსენო ნინო დათაშვილი, რომელსაც სისტემა ძალიან უსამართლოდ ექცევა.

    თუ ვინმეს ბოდიში აქვს მოსახდელი, აქვს რეჟიმს იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც სასიკვდილოდ გაწირეს. ასევე, ბოდიში აქვს მოსახდელი რეჟიმს თითოეული – 60-ზე მეტი პატიმრისთვის. ქვეყნის გაუბედურებისთვის, ბევრი ადამიანის შეურაცხყოფისთვის.

    მოდის ძალიან ბევრი ხმა, რომ რაღაცებს გვთხოვენ. ერთხელ და სამუდამოდ – ბოდიშს მოვიხდი კი არა, ეს სიმართლე კიდევ უფრო ხმამაღალი იქნება, ჩვენი ხმა მისწვდება კოსმოსს“,

    ამის შესახებ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებულმა ჟურნალისტმა ნიკა კაციამ სასამართლო დარბაზში, ჩვენების მიცემამდე განაცხადა.

  • რუსეთმა ალეკო ელისაშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა

    რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა ალექსანდრე ელისაშვილზე – მის წინააღმდეგ მიმდინარეობდა გამოძიება უკრაინის მხარეს „დაქირავებული მებრძოლობისთვის“, რომელიც დასრულდა და საქმე ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სასამართლოს გადაეცა.

    ელისაშვილს ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დაქირავებული მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში)

    მას ბრალი რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დაქირავებული მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში) დაუსწრებლად წაუყენეს.
    რუსეთის პროკურატურის თანახმად, 2022 წლის მარტში ელისაშვილი უკრაინაში ქართული ლეგიონის შემადგენლობაში იბრძოდა. მონაწილეობდა უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციებში, მათ შორის კიევის ოლქის ქალაქ ირპენის ბრძოლებში. 2022 წლის აპრილში მან დატოვა უკრაინის ტერიტორია და დაბრუნდა საქართველოში.

  • თუ ვინმეს იმედი აქვს, რომ MEGOBARI Act-ს შეიძლება რაიმე ეფექტი ჰქონდეს, ძალიან ცდება – კობახიძე

    თუ ვინმეს იმედი აქვს, რომ MEGOBARI Act-ს შეიძლება რაიმე ეფექტი ჰქონდეს, ძალიან ცდება – კობახიძე

    რეალურად, ოპოზიციას საკმაოდ ბევრი მაშველი რგოლი გადმოუგდეს, თუმცა არც ერთმა არ უშველა, გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოება ხედავს ამ ყველაფერს. მთავარია, საზოგადოების შეფასება ყველაფერთან დაკავშირებით. თუ რომელიმე აქტში, მაგალითად, ევროპარლამენტის რეზოლუციაში, ან იგივე MEGOBARI Act-ში არის ასახული ცრუ ინფორმაცია, ამას ვერავითარი ფასი ვერ ექნება, ბუნებრივია, ქართული საზოგადოებისთვის. აბსოლუტურად გაცვდა ყველა სიცრუე, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ ვრცელდებოდა კონკრეტული ინსტიტუტების მხრიდან. ამიტომ, თუ ვინმეს იმედი აქვს, რომ MEGOBARI Act-ს რაიმე ეფექტი შეიძლება ჰქონდეს, რა თქმა უნდა, ძალიან ცდება. ქართული საზოგადოება აფასებს არა გარეთ დამტკიცებულ დოკუმენტებს, არამედ იმას, თუ რამდენად არის ამ დოკუმენტებში ასახული სიმართლე.

    თქვა ”ოცნების” პრემიერმა ირაკლი კობახიძემ.

  • აღიარება მოვისმინეთ, რომ ხაზარაძე გადასახადებს არ იხდიდა, უფრო საინტერესოა, არსებობდა თუ არა ასეთი გარიგება  – კობახიძე

    აღიარება მოვისმინეთ, რომ ხაზარაძე გადასახადებს არ იხდიდა, უფრო საინტერესოა, არსებობდა თუ არა ასეთი გარიგება – კობახიძე

    „პირველი აღიარება უკვე მოვისმინეთ. რეალურად, აღიარებულია ის, რომ ხაზარაძე კონკრეტული გარიგების საფუძველზე გადასახადებს არ იხდიდა, თუმცა კიდევ უფრო საინტერესოა, არსებობდა თუ არა რეალურად ასეთი გარიგება. ეს არის მთავარი კითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს. რეალურად, მართლა გადასახადის არ გადახდას ჰქონდა ადგილი თუ სინამდვილეში არ იყო არავითარი ფინანსური გარიგება, რომელიც უკავშირდებოდა ამ კონკრეტული ქონების დაქირავებას. ეს არის მთავარი კითხვა ახლა. პირველი აღიარება მოვისმინეთ, თუმცა შეიძლება უფრო საინტერესო აღმოჩნდეს მეორე აღიარება, რომელიც მომავალში შეგვიძლია მოვისმინოთ“,

    ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს, შემოსავლების სამსახურის განცხადების საპასუხოდ განუცხადა, რომელიც გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მიერ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებული ბინის ქირაობის საკითხზე მოკვლევის დაწყებას შეეხებოდა.

  • საქართველოს არცერთხელ უთქვამს, რომ EU-სთან ინტეგრაციაზე უარს ამბობს-ქადაგიშვილი

    საქართველოს არცერთხელ უთქვამს, რომ EU-სთან ინტეგრაციაზე უარს ამბობს-ქადაგიშვილი

    საქართველოს არცერთხელ არ უთქვამს, რომ ის ევროკავშირთან ინტეგრაციაზე უარს ამბობს და ამასთან დაკავშირებით, მათ საქართველოს ხელისუფლებისგან რაიმე კონკრეტულად გაკეთებული განცხადება არ გააჩნიათ.

    სინამდვილეში, ისინი იმ დესტრუქციულ პოლიტიკას აგრძელებენ, რომელიც, სამწუხაროდ, საქართველოს მიმართ გამოიჩინეს – მათ შორის, არჩევნებთან დაკავშირებითაც. არჩევნების წინა პერიოდი, არჩევნები და მისი შემდგომი პერიოდი. საქართველოს მიმართ ეს სიტყვიერი შანტაჟი გრძელდება. სწორედ ეს არის დანიის ხელისუფლების განცხადების რეალური მოტივაცია და შინაარსი.

    თქვა ივანიშვილის დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.

  • სააპელაციომ რადიო თავისუფლების ჟურნალისტისთვის დაკისრებული 200-ლარიანი ჯარიმა გააუქმა

    სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, რომეო ტყეშელაშვილის განკარგულება რადიო თავისუფლების ჟურნალისტის ნინო თარხნიშვილის 200 ლარით დაჯარიმების შესახებ, გააუქმა.

    გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი შენგელიამ მიიღო.

    მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა  რომეო ტყეშელაშვილმა ნინო თარხნიშვილი 7 ივლისს “სასამართლოს მიმართ უპატივცემულობისთვის” დააჯარიმა.  ის ამბობდა, რომ მას შემდეგ რაც მოსამართლე დარბაზში შევიდა და დარბაზში მყოფნი, მათ შორის ჟურნალისტები, ფეხზე წამოდგნენ, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი სკამზე სასამართლოს ნებართვის გარეშე, დროზე ადრე დაჯდა.

    რადიო თავისუფლება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის განჩინებას აქვეყნებს, სადაც ის წერს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომის ვიდეო-ჩანაწერით დგინდება, რომ ნინო თარხნიშვილი შესვენებიდან დააბრუნებულ სასამართლოს, სხდომის მდივნის მოწოდებისთანავე ფეხზე წამოუდგა:

    “თბილისის სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნინო თარხნიშვილის მიზანი არ იყო სასამართლოს უპატივცემულობა, ხოლო ის ფაქტი, რომ სასამართლო სხდომის დარბაზში დამსწრე პირი, ნინო თარხნიშვილი შესვენებიდან დაბრუნებულ სასამართლოს, სხდომის მდივნის მოწოდებისთანავე ფეხზე წამოუდგა, მაგრამ სასამართლოს ნებართვის გარეშე დაჯდა, სასამართლოს მიმართ უპატივცემულობად და სხდომის თავმჯდომარის განკარგულების დაუმორჩილებლობად მიჩნევის საკმარის საფუძვლად ვერ ჩაითვლება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის 2025 წლის 7 ივლისის განკარგულება 200 ლარით დაჯარიმების შესახებ უნდა გაუქმდეს”, – ვკითხულობთ მოსამართლე ირაკლი შენგელიას განჩინებაში, რომელიც 31 ივლისით არის დათარიღებული.

  • შემოსავლების სამსახური ადასტურებს, რომ ბათუმში 15 000 ტონა რუსული საწვავი ტანკერით შემოიტანეს

    შემოსავლების სამსახური ადასტურებს, გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით 15 000 ტონა რუსული საწვავი ტანკერით ბათუმში შემოიტანეს, მაგრამ ამასთანავე აღნიშნავენ რომ სანქცირებული არც ტვირთია და არც გემი.

    “გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები. ამასთან, შემოსავლების სამსახურის მიერ გადამოწმების შედეგად, დადგინდა, რომ საერთაშორისო სანქციები არც ტვირთზე ვრცელდება, ვინაიდან საქონლის ფასი არ აღემატება სანქციებით დაწესებული ფასის ზედა ზღვარს”, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში

    ამასთან დაკავშირებით, ინფორმაცია, დღეს დილით  ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა გაავრცელა.

    “ივანიშვილი არ ჩერდება! ამ წუთებში ბათუმის პორტში დგას ნავთობტანკერი – “Capibara”, რომელიც დატვირთულია 15 000 ტონა “Газпром нефть”-ის სანქცირებული დიზელით. მომწოდებელი შუამავალი ოფშორული კომპანია “BONEX”-ია. ამ სქემით და ერთი გემით, მინიმუმ 5 მილიონ ლარს მოიგებს ივანიშვილი…”, – განაცხხადა ლევან ხაბეიშვილმა და  სქემის ხელმძღვანელობაში სუს-ის უფროსი ანრი ოხანაშვილი დაადანაშაულა.