Blog

  • დადგეს საქმეში მონაწილე ყველა პირის პასუხისმგებლობა – DRI ახობაძეზე

    „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ეხმაურება მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილის მიერ გიორგი ახობაძის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას. მოსამართლემ თითქმის 8-თვიანი პატიმრობის შემდეგ ახობაძე მტკიცებულებების არარსებობის გამო უდანაშაულოდ ცნო.

    „პატიმრობა, როგორც შიდა საკანონმდებლო, ისე საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს საქმეში სათანადო მტკიცებულებები და შესაბამისად, გონივრული ეჭვი, რომ პირმა ჩაიდინა კონკრეტული დანაშაული და სხვა სახის აღკვეთის ღონისძიების გამოყენება საფრთხეს შეუქმნის გადაწყვეტილების აღსრულებას. ამასთან, არსებობს ვალდებულება, რომ წინასწარი პატიმრობის შემთხვევაში, კიდევ უფრო სწრაფად წარიმართოს მართლმსაჯულების პროცესი. გიორგი ახობაძის საქმეზე, სასამართლომ  8-თვიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ, გამამართლებელი განაჩენი სწორედ სათანადო მტკიცებულების არარსებობას დააყრდნო და თავადაც დაადასტურა მისი უფლებების უხეში დარღვევა და საქმის პოლიტიკური მოტივი.

    გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ წევრების მიერ გიორგი ახობაძესთან მიმართებით (ასევე, აქციების კონტექსტში დაკავებულ სხვა პირთა მიმართებითაც) გაკეთებული განცხადებები, კიდევ ერთი დასტურია, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო – უდანაშაულობის პრეზუმფცია უკანონო პატიმართან მიმართებით არაერთხელ დაირღვა. ამასთან, ირაკლი კობახიძემ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ აღნიშნა, რომ მიუხედავად ბრალდების მართებულობისა, საქმეში არ არსებობდა ვიდეო-მტკიცებულება, შესაბამისად, „100%-იანი მტკიცებულების გარეშე სასამართლოს ევალება გაათავისუფლოს ადამიანი“. აღნიშნული განცხადება განსაკუთრებით საყურადღებოა მაშინ, როდესაც სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ჯერ ხელმისაწვდომი არ არის“, – წერია განცხადებაში.

    „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ შეფასებით, აუცილებელია სათანადო ორგანოების მყისიერი რეაგირება გიორგი ახობაძის საქმეზე, „მით უფრო, რომ ყველა პირი, ვინც აღნიშნულ საქმეში მონაწილეობდა, იდენტიფიცირებულია“.

    „8 თვის განმავლობაში საქმეში არსებობდა მხოლოდ ერთი მტკიცებულება – მოწმეთა ჩვენება (საქმეში არც ჩხრეკისა და დაკავების ამსახველი კადრები არსებობდა), რომელზე დაყრდნობითაც ხელმძღვანელობდა ერთი მხრივ, პროკურორი აღკვეთის ღონისძიების შუამდგომლობის ეტაპზე და მეორე მხრივ, მოსამართლე – პატიმრობის შეფარდების დროს. აღსანიშნავია, რომ გიორგი ახობაძე გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე გაჩხრიკეს (გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით). შესაბამისად, ჩნდება გონივრული ეჭვი, შესაბამისი უწყებების კოორდინირებულად მოქმედებაზე, რასაც შედეგად გიორგი ახობაძის უკანონო პატიმრობა მოჰყვა“, – წერია განცხადებაში.

    დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს:

    შესაბამის ორგანოებს:

    • „დაუყოვნებლივ/მყისიერად გამოიძიონ აღნიშნული შემთხვევა, მით უფრო, რომ საჯაროა საქმის გამომძიებლების, მოწმეების, პროკურორების, მოსამართლეთა ვინაობა;
    • კანონმდებლობის შესაბამისად, დადგეს საქმეში მონაწილე ყველა პირის პასუხისმგებლობა;
    • მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია პროაქტიულად მიეწოდოს საზოგადოებას.

    სასამართლოს:

    • საპროტესტო აქციების კონტექსტში დაკავებული რამდენიმე პირის მიმართ, რომელთა სასამართლო პროცესები ჯერ არ დასრულებულა, პროკურატურის მხრიდან, გიორგი ახობაძის საქმის მსგავსად, წარმოდგენილია ანალოგიური ბრალდება და საქმეში არ არსებობს ობიექტური/ნეიტრალური მტკიცებულება. შესაბამისად, აუცილებელია  საქმეზე დადგეს გამამართლებელი განაჩენი“.
  • მოქალაქეთა ნაწილი ID ბარათების აღებას 30-ლარად შეძლებს

    სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით – 11 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით მოქალაქეთა ნაწილი ID ბარათების აღებას ნახევარ ფასად – 30 ლარად შეძლებს. აქციის ფარგლებში პირადობის ელექტრონული მოწმობა მე-10 სამუშაო დღეს გაიცემა ნახევარ ფასად, ხოლო დოკუმენტისთვის საჭირო ფოტოსურათი უფასო იქნება.

    აქციით სარგებლობა შეუძლიათ:

    • სრულწლოვანი მოქალაქეები, რომლებსაც არასდროს აუღიათ პირადობის ელექტრონული მოწმობა;
    • სრულწლოვანი მოქალაქეები, რომლებსაც მოქმედების ვადის გასვლის გამო გაუუქმდათ ან მიმდინარე წლის ოქტომბრამდე გაუუქმდებათ პირადობის ელექტრონული მოწმობა და არ ფლობენ  მოქმედ ბიომეტრიულ პასპორტს;
    • მოქალაქეები, რომლებსაც 5 ოქტომბრამდე უსრულდებათ 18 წელი და მოქმედების ვადის გასვლის გამო გაუუქმდათ ან 5 ოქტომბრამდე გაუუქმდებათ პირადობის ელექტრონული მოწმობა და არ ფლობენ მოქმედ ბიომეტრიულ პასპორტს;
    • მოქალაქეები, რომლებსაც 5 ოქტომბრამდე უსრულდებათ 18 წელი და მათზე გაცემული არ არის პირადობის ელექტრონული მოწმობა.

    ID ბარათზე განაცხადის გაკეთება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, იუსტიციის სახლის ფილიალებსა და მობილურ იუსტიციის სახლებში.

  • ”2008-ში მოღალატე უცხოელ,ა აგენტმა, სააკაშვილმა დავალება შეასრულა და ომი დაიწყო” – ირაკლი კობახიძე

    ”2008-ში მოღალატე უცხოელ,ა აგენტმა, სააკაშვილმა დავალება შეასრულა და ომი დაიწყო” – ირაკლი კობახიძე

    ომი ვინ დაიწყო, შესაბამის დოკუმენტებში დაფიქსირებულია, სადაც ეს ყველაფერი ხელმოწერით ნაციონალურ მოძრაობასაც აქვს დადასტურებული. ეს არის ევროსაბჭოს რეზოლუცია, ტალიავინის დასკვნა და მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულება – სამივე დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ ომი, რეალურად, სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო.

    2018 წლამდე ამ პარტიის წარმომადგენლები ვერც ბედავდნენ იმაზე საუბარს, რომ ომი მათ არ დაუწყიათ. 2018-ში კი სალომე ზურაბიშვილმა განცხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ ომი საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ დაიწყო და ამან ენმ-ს ერთგვარი საბაბი მისცა, რომ საპირისპირო ემტკიცებინათ […] მაშინ, როცა ზურაბიშვილმა ეს განცხადება გააკეთა, ჩვენ მისი დაცვა გაგვიჭირდა […] მაშინ გუნდის შიგნით პრობლემები გვქონდა. 2018 წელს ქართულ ოცნებაში “დიფსთეითის” აგენტურა იყო. მაშინ ჩვენს გუნდში 10-ზე მეტი დეპუტატი იყო ჩანერგილი […]

    ყველას გვახსოვდა, რაც მოხდა. 2008 წელს ომი როგორ დაიწყო, რა ხდებოდა დილიდან, როცა სააკაშვილი, იაკობაშვილი და სხვები გვიცხადებდნენ, რომ სოფელს სოფელზე და დასახლებას დასახლებაზე იღებდნენ – ისინი ცხინვალის რეგიონს ათავისუფლებდნენ, რუსები კარგად იქცეოდნენ, სეპარატისტები იყვნენ ცუდებიო და ა.შ. 2018 წლამდე საპირისპიროს თქმას ვერ ბედავდნენ და 2018-ში გადაწყვიტეს, რომ თურმე ომი არ დაუწყიათ […] 2008 წლის ომი სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო. მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის თანამდებობაზე გაყალბებული გზით იყო დარჩენილი და ამ მოღალატემ, უცხოელმა აგენტმა, დავალება შეასრულა და ომი დაიწყო.

    განაცხადა  ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ შინდისში, ჟურნალისტებთან.

  • ღაზაში ახალი შეტევა მალე დაიწყება – ბენიამინ ნეთანიაჰუ

    ღაზაში ახალი შეტევა მალე დაიწყება – ბენიამინ ნეთანიაჰუ

    “ღაზაში ახალი შეტევა მალე დაიწყება” – ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ელოდება, რომ ღაზის სექტორში ახალი შეტევა საკმაოდ სწრაფად დაიწყება. მანამდე პარასკევს მისმა უსაფრთხოების კაბინეტმა  ღაზის სექტორზე კონტროლის აღების გეგმა დაამტკიცა.

    „ჩვენ გვინდა უსაფრთხოების სარტყელი ჩვენს საზღვართან, მაგრამ არ გვინდა ღაზაში დარჩენა. ეს ჩვენი მიზანი არ არის“, – აღნიშნა ისრაელის პრემიერმა.

  • ”სინდისის პატიმარმა ინსაფ ალიევმა შიმშილობა დაიწყო” – ადვოკატი

    ადვოკატის, აიჰან ჰასანლის განცხადებით, ინსაფ ალიევმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ ადვოკატი სოციალურ ქსელში წერს. ინსაფ ალიევს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ესაჭიროება მედიკამენტების მიღება.

    „სინდისის პატიმარმა ინსაფ ალიევმა შიმშილობა დაიწყო.

    ცოტა ხნის წინ ვიყავი მასთან. მის მიერ მიწოდებული ინფორმაციით: გუშინ, ინსაფ ალიევმა განაცხადა, რომ მათ საკანში არსებობდა არაადამიანური და არაჰუმანური პირობები კერძოდ, დიდი რაოდენობით ტარაკნები. ამის შემდეგ, ალიევი და მისი თანამესაკნეები 186-ე საკნიდან გადაიყვანეს 248-ე საკანში. ახალ საკანში არ იყო წყალი და კანალიზაცია იყო გაჭედილი. მათ არ შეეძლოთ ხელ-პირის დაბანა და ჭურჭლის რეცხვა, რის გამოც ვერ იღებდნენ საკვებს და ფაქტობრივად, შეეზღუდათ წვდომა კვებაზე.

    ინსაფ ალიევმა დახმარების თხოვნით მიმართა უფლებამოსილ პირს, თუმცა ხუთი საათის განმავლობაში არანაირი რეაგირება არ ყოფილა. ამ ხნის განმავლობაში, კვება და ჰიგიენა კვლავ პრობლემად რჩებოდა. საბოლოოდ, მან ფეხით კარზე დააკაკუნა იმ იმედით, რომ ვინმე გამოეხმაურებოდა და დახმარებას შესთავაზებდა, თუმცა ამის ნაცვლად შედგა აქტი წესრიგის დარღვევის შესახებ. იმავე საღამოს ალიევი გადაიყვანეს 5-დღიან იზოლაციაში – სამარტოო საკანში.

    აღსანიშნავია, რომ ინსაფ ალიევს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, საჭიროებს მედიკამენტებს და ნემსს ორ დღეში ერთხელ. მიუხედავად დაპირებისა, რომ მედიკამენტებს მიუტანდნენ, ამ დრომდე მას კვლავ შეზღუდული აქვს წვდომა მისთვის აუცილებელ სამკურნალო საშუალებებზე.

    სანამ მას სამარტოო საკანში გადაიყვანდნენ, ალიევმა სცადა აეხსნა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სჭირდებოდა წამლების და პირადი ნივთების აღება საკნიდან. ამის ნაცვლად, მას დაადეს ხელბორკილები და ძალის გამოყენებით გადაიყვანეს (ფაქტობრივად, ათრიეს) იზოლაციაში.

    მანამდე კი, როდესაც აღნიშნა, რომ ახალ საკანში შეზღუდული ჰქონდა წვდომა წყალზე და კანალიზაცია იყო გაუმართავი, ალიევი დროებით დააბრუნეს 186-ე საკანში, სადაც ახლახან იყო ჩატარებული სადეზინფექციო სამუშაოები. საკანში იდგა ძლიერი ქიმიური სუნი, რის გამოც ინსაფ ალიევმა ორჯერ იგრძნო თავი ცუდად და მოუწია ექიმთან გადაყვანა.

    ინსაფ ალიევმა პროტესტის ნიშნად დაიწყო შიმშილობა.

    საჯარო დამცველის აპარატი უკვე ინფორმირებულია და საქმის კურსშია“,- წერს ადვოკატი.

  • იმერეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დავაკავეთ -შსს

    იმერეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დავაკავეთ -შსს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, იმერეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

    “დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონოდ დათესვა-მოყვანის ბრალდებით დაკავებული არიან 1975 წელს დაბადებული თ.კ. და 1970 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ლ.გ.

    სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი, საცხოვრებელი სახლების, ეზოსა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკისას, 207 ძირი ნარკოტკიული ნივთიერების შემცველი მცენარე კანაფი და გამომშრალი მარიხუანა ამოიღეს”. – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

    დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • გაითვალისწინეთ: მე ტრამპისტი ვარ! – ალექსანდრ ლუკაშენკო

    გაითვალისწინეთ: მე ტრამპისტი ვარ! – ალექსანდრ ლუკაშენკო

    მე [ტრამპისთვის] ბევრი რამის თქმას, დახასიათებას, აღწერას შევძლებდი, მათ შორის, როგორ უნდა აეწყოს ურთიერთობები შეერთებულ შტატებსა და რუსეთის ფედერაციას შორის. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ამერიკელები სულელები არიან ან იქ არავინაა, ვინც მას რამეს ეტყოდა – უბრალოდ, არავინ ეუბნება. მესმის რომ ასეთი ხასიათი აქვს, თქვენც არანაკლებ იცნობთ მის ხასიათს, მაგრამ ამავდროულად გაითვალისწინეთ: მე ტრამპისტი ვარ. ასე ხშირად ვიწოდებ საკუთარ თავს. არ ვარ ბაიდენის მომხრე და ეს მაშინაც მითქვამს, როცა ბაიდენი ხელისუფლებაში იყო.

    ამის შესახებ განაცხადა, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ.

  • საქართველოში მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლას ასახავს – ლიპავსკი მზია ამაღლობელზე

    მკაცრად ვგმობ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის პოლიტიზებულ 2-წლიან პატიმრობას, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც პატიმრობაში გაუარესდა. მისი საქმე ასახავს საქართველოში მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მზარდ ზეწოლას. ჩეხეთი სოლიდარობას უცხადებს ყველა უსამართლოდ გასამართლებულ პირს და მოუწოდებს მათი გათავისუფლებისკენ.

    წერს ამის შესახებ,  ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იან ლიპავსკიი.

  • ემსახურება ქართული სახელმწიფოს საბოლოო განადგურებას და ხალხის სამშობლოს გარეშე დატოვებას – სააკაშვილი “ოცნების” განცხადებებზე

    ემსახურება ქართული სახელმწიფოს საბოლოო განადგურებას და ხალხის სამშობლოს გარეშე დატოვებას – სააკაშვილი “ოცნების” განცხადებებზე

    „ივანიშვილის მოლაპარაკე თოჯინების განცხადებები ემსახურება ქართული სახელმწიფოს საბოლოო განადგურებას და ქართველი ხალხის საბოლოოდ, სამშობლოს გარეშე დატოვებას.

    ჩვენი პასუხი უნდა იყოს მხოლოდ ერთი – შეუპოვარი, თავგანწირული ბრძოლა ამ რუსული მარწუხების ჩასაჭრელად და შესაბამისად, რეჟიმის სასწრაფოდ შესაცვლელად.

    ჩვენი ვალდებულებაა, რომ 2008 წლის და აფხაზეთის ომების მსხვერპლი ტყუილი არ აღმოაჩნდეს და ყველას დავუმტკიცოთ, რომ დღესაც ვართ მოწოდების სიმაღლეზე, გვიყვარს საქართველო და მზად ვართ ყველაფერი გადავდოთ მის გადასარჩენად.

    გავიმარჯვებთ სახელოვნად!“,

    ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

  • მოეხსნას მზია ამაღლობელს ცრუ ბრალდება! უპირობოდ და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს! -ქარტია

    საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მკაცრად გმობს მზია ამაღლობლისთვის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს და  ითხოვს, რომ მზია ამაღლობელს მოეხსნას ცრუ ბრალდება და ის უპირობოდ და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს. 

    საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მკაცრად გმობს მზია ამაღლობლისთვის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს და მას დაუსაბუთებლად, პოლიტიკურად მოტივირებულად და უსამართლოდ მიიჩნევს. 

    „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს და 6 აგვისტომდე ის წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის, სილის გაწვნის გამო. პროკურატურა მას სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა, რისთვისაც 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული. 

    მართალია, მოსამართლემ ბრალის გადაკვალიფიცირების შემდგომ შედარებით მსუბუქი მსჯავრი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე გამოიტანა, თუმცა ამ ცვლილებამ მზია ამაღლობლის უფლება სამართლიან სასამართლოზე ვერ აღადგინა,  ვინაიდან მას არც ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჩაუდენია. 

    353-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ექვს წლამდე, შემდეგი ქმედებისთვის – პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე, აშკარად უკანონო ქმედებისთვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით. 

    მზია ამაღლობლის სისხლის სამართლის საქმე ეყრდნობა ცრუ მოწმე პოლიციელთა ჩვენებებს, გაყალბებულ მტკიცებულებებს და მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველსა და ლოგიკას. მზია ამაღლობელთან არ უსაუბრიათ გამომძიებლებს. თვეების განმავლობაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები არღვევდნენ უდანაშაულობის პრეზუმფციას მზია ამაღლობლის მიმართ იმგვარი გამოგონილი ბრალდებებით, რასაც მისთვის სასჯელის დამძიმება შეეძლო. აჭარის ტელევიზიამ უარი თქვა იმ ვიდეომასალის სრულად გასაჯაროებაზე, რომლიდანაც 44-წამიანი ამონარიდი პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნისთვის მტკიცებულებად გამოიყენა.   

    საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით და არსებული სასამართლო პრაქტიკით, მათ შორის, უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით, სილის გაწვნა, არსებითი ზიანის გარეშე, არ წარმოადგენს თავდასხმას ანუ იმგვარ დანაშაულს, რაც სისხლის სამართლის კოდექსით იდევნება.

    მზია ამაღლობელს უკვე ორჯერ დააკისრეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ქმედებებისთვის, რაც მას არ ჩაუდენია. 18 მარტს ის მოსამართლე სალიხ შაინიძემ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო 2000 ლარით დააჯარიმა, ხოლო 18 ივნისს – მოსამართლე მარიანა ფომაევამ 1000 ლარით, „იერსახის დამახინჯების“ გამო, სტიკერის გაკვრის ეპიზოდზე. 

    მზია ამაღლობელმა უსამართლობისადმი პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან, 38 დღე იშიმშილა. 

    წინასწარი პატიმრობის პერიოდში მზია ამაღლობლის ჯანმრთელობა სწრაფად გაუარესდა და მან შეიძლება მხედველობა დაკარგოს, თუკი დროულად არ მიიღებს კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას.  

    მზია ამაღლობელი, რომელიც დაკავებისას დაექვემდებარა არაარადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობას, აქამდე არ უცვნიათ დაზარალებულად. არ არის დასჯილი არცერთი ის პირი, ირაკლი დგებუაძის ჩათვლით, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობდნენ. 

    მზია ამაღლობელი უსამართლოდ იდევნება, მისი გაბედული პროფესიული საქმიანობისა და „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებისათვის. „ქართული ოცნება“ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების დაშინებას ცდილობს და რეპრესიული ზომებით ავიწროებს დამოუკიდებელ მედიას, ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და ახშობს განსხვავებულ აზრს. 

    საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ითხოვს, რომ მზია ამაღლობელს მოეხსნას ცრუ ბრალდება და ის უპირობოდ და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს“, – ვკითხულობთ განცხადებაში.