Blog

  • არტემ გრიბულსა და ანასტასია ზინოვკინას 8,6 წლით პატიმრობა მიესაჯათ

    რუსეთის მოქალაქეებს – ანასტასია ზინოვკინასა და არტებ გრიბულს, რომლებიც 2024 წლის დეკემბერში თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროევროპული აქციების დროს ნარკოტიკული დანაშაულის ბრალდებით დააკავეს,  მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, 8,6-8,6 წელი მიესაჯათ.

    გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მან განაჩენი სათათბიროდ გასვლის გარეშე, დარბაზშივე გამოაცხადა.

    ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული რუსთაველზე აქციებზე  ჩაის და ყავას არიგებდნენ. 2024 წლის 17 დეკემბერს, არტემი და ანასტასია დააკავეს, ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში.

    ადვოკატების თქმით, საქმეში არსებული მტკიცებულებები გაყალბებულია და ნარკოტიკის ე.წ. ჩადების შემდეგ, მათ ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისთვის ცრუ ბრალი წარუდგინეს.

  • ვგმობთ გერმანიის ელჩის მიმართ უსაფუძვლო და აგრესიულ პირად თავდასხმებს! – ბრიტანეთის საელჩო

    “ეს წარმოადგენს მტრული დეზინფორმაციის სერიის უახლეს მაგალითს, რომელიც მიზნად ისახავს გერმანიისა და სხვა ევროპული ქვეყნების დისკრედიტაციას — იმ პარტნიორების, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში საქართველოს გვერდით იდგნენ.

    ჩვენ ვუერთდებით გერმანიას და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ყალბი ნარატივების გავრცელება საქართველოსა და მისი ხალხის მიმართ დასავლური მხარდაჭერის შესახებ”,

     

    ამის შესახებ ნათქვამია, დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • ვმუშაობთ იმაზე, არსებობს თუ არა კავშირი უკრაინის მოქალაქეების დაკავებასა და 4 ოქტომბერს დაანონსებულ, გეგმებს შორის  – სუს-ი

    ვმუშაობთ იმაზე, არსებობს თუ არა კავშირი უკრაინის მოქალაქეების დაკავებასა და 4 ოქტომბერს დაანონსებულ, გეგმებს შორის – სუს-ი

    მიმდინარეობს აქტიური მუშაობა იმასთან დაკავშირებით, არსებობს თუ არა კავშირი ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე, უკრაინის მოქალაქეების დაკავებასა და 4 ოქტომბრის არჩევნებს და მასთან რადიკალური ჯგუფების მიერ დაანონსებულ გეგმებს შორის, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ სუს-ში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

    „როგორც მოგეხსენებათ, დაკავებულია უკრაინის ორი მოქალაქე, რომლებსაც აღმოაჩნდათ 2,4 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენი“. აღნიშნული ნივთიერება საქართველოში რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის გავლით შემოვიდა. ბრალდებულების დაკავებიდან დღე ნახევრის განმავლობაში დამატებით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედება, საიდანაც დგინდება, რომ „მერსედესის“ მარკის სატვირთო ავტომანქანის მძღოლს უკრაინის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერება გადასცეს უკრაინის სპეცსამსახურის, ე.წ. „ეს ბე უს“ თანამშრომლებმა, რაც ერთ-ერთი დაკავებულის ჩვენებითაც დასტურდება და უთხრეს, რომ მას ეს ნივთიერება საქართველოს ტერიტორიაზე უნდა ჩამოეტანა და მათ მიერ მითითებული კონკრეტული პირისთვის გადაეცა.

    მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული ჩვენებაში მიუთითებს ასაფეთქებელი ნივთიერების საბოლოო დანიშნულების შესახებ, რომ ის უნდა ჩასულიყო რუსეთის ფედერაციაში და მისი თქმით, იქ უნდა მოწყობილიყო ე.წ. „პაუტინა 2“, გამოძიებისა და სხვა ოპერატიულ მასალებში ამ ეტაპზე ჩანს ერთადერთი საბოლოო ლოკაცია, თბილისი, ავლაბრის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი. სწორედ ამის გამო, გამოძიების სხვა ვერსიებთან ერთად, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა იმასთან დაკავშირებით, არსებობს თუ არა კავშირი აღნიშნულ ფაქტსა და 4 ოქტომბრის არჩევნებს და მასთან რადიკალური ჯგუფების მიერ დაანონსებულ გეგმებს შორის. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძობს მოცემულ საქმეზე საზოგადოების ინფორმირებას, რადგან მიგვაჩნია, რომ ინფორმაციის იმ ნაწილის საჯაროდ გამოტანა, რისი გამჟღავნებაც ქართულ სპეცსამსახურებს შეუძლია, მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოების პრევენციული მიზნებისთვის“, – განაცხადა მაღრაძემ.

  • არასასიამოვნოა, როცა ყოფილ თანაგუნდელს აკავებენ – კალაძე ბურჭულაძეზე

    არასასიამოვნოა, როცა ყოფილ თანაგუნდელს აკავებენ – კალაძე ბურჭულაძეზე

    „გამოძიება ყველაფერს დაადგენს. ჩემთვის ადამიანურად, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტი და არასასიამოვნოა, როდესაც ყოფილ თანაგუნდელს აკავებენ. კიდევ უფრო მეტად მძიმეა ეს ფაქტი იმ ვითარებაში, როდესაც მთელმა გუნდმა, განსაკუთრებულად ბიძინა ივანიშვილმა, ყველაფერი გადადო გვერდით და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, დანის პირზე გვიწევს სიარული. გახსოვთ რა რთული პერიოდი გამოვიარეთ. დღესაც ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა – არის ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ, ბევრი შეურაცხყოფა, შანტაჟი, მუქარებია. ამიტომ, როდესაც მსგავსი ტიპის ფაქტები ხდება, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია და არასასიამოვნოა. დაველოდოთ გამოძიებას“

    თბილისის მერი კახი კალაძე, ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებას გამოეხმაურა.

  • ჯუანშერ ბურჭულაძე თავს უდანაშაულოდ ცნობს – ადვოკატი

    თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.  ინფორმაციას მისი ადვოკატი დიმიტრი ხაჩიძე ავრცელებს. ადვოკატი TV პირველთან ამბობს, ბურჭულაძეს სამედიცინო დაწესებულებაში ტვინის შერყევა დაუდასტურდა.

    “ეს რომ არ არის კავშირში მართლმსაჯულებასთან, ეგ ვიცით. თვითონ რასაც ამბობს, არის, რომ უდანაშაულოა და ეს ყველაფერი არ უკავშირდება მართლმსაჯულების მიზნებს. “კატე” გადაუღეს, ტვინის შერყევა დადასტურებული აქვს” – ამბობს ხაჩიძე.

  • კალაძის მხარდამჭერები, რომლებმაც აქციის მონაწილეებზე იძალადეს, გაათავისუფლეს

    კახა კალაძის მხარდამჭერები (ზაზა მამალაძე და ირაკლი ბუაჩიძე), რომლებმაც აქციის მონაწილეებზე იძალადეს, გაათავისუფლეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ავრცელებს. ისინი დროებითი დაკავების იზოლატორიდან ბრალის წაყენების გარეშე გაათავისუფლეს:

    „დაზარალებულმა აქტივისტებმა არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან და მათი ჩვენებებიდან გამომდინარე, შეუძლებელი გახდა ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ორი პირის პასუხისგებაში მიცემა – შესაბამისად, ისინი დღეს გათავისუფლდნენ დაკავებიდან“, – თქვა ბრიფინგზე ალექსანდრე დარახველიძემ.

    • 1965 წელს დაბადებული ზაზა მამალაძე, რომელმაც სახეში გაარტყა ახალგაზრდა ქალს ხელი და მოგვიანებით უხამსი ჟესტით მიუთითებდა დემონსტრანტებს საკუთარ გენიტალიაზე;
    • 2003 წელს დაბადებული ირაკლი ბუაჩიძე, რომელსაც აქციაზე ჰქონდა რეზინის ხელკეტი. მან ის ჩაარტყა ერთ-ერთ დემონსტრანტს, მოგვიანებით კი პოლიციელს, რომელსაც ნივთის წართმევის დროს უთხრა: „თქვენიანი ვარ“.

    რაც შეეხება მეგი დიასამიძეს, დარახველიძის თქმით, ბრალდების მხარე მისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვს.

    “რაც შეეხება ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ მოქალაქეს როგორც ჩვენთვის ცნობილია, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უკვე მიმართა სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შესახებ და ის რამდენიმე საათში გათავისუფლდება პატიმრობიდან”, – თქვა დარახველიძემ.

    ისინი 10 სექტემბერს დააკავეს. დაკავებულებს შორისაა 23 წლის სტუდენტი, რომელსაც კახა კალაძის ბანერის დაზიანებას ედავებიან.

  • 20 კაცი კეტავს ცენტრალურ გამზირს. ერთხელ ამას აუცილებლად დავასრულებთ ისე, რომ აღარ განმეორდეს – კობახიძე

    20 კაცი კეტავს ცენტრალურ გამზირს. ერთხელ ამას აუცილებლად დავასრულებთ ისე, რომ აღარ განმეორდეს – კობახიძე

    ერთადერთი, რასაც აღწევენ, მუდმივად რაღაც დღის წესრიგის მაგვარს ქმნიან, სადღაც მოაწყვეს პროვოკაცია, რაღაცა რადიკალური აქცია, ეს არის ერთადერთი. ყოველდღე უბრალოდ ნიუსი გადის, რომ გადაიკეტა რუსთაველი, როცა ხან 50 კაცი დგას იქ, ხან მაქსიმუმ 150-ზე ადის ხოლმე.

    არაფერი, რაღაცა ელემენტარულად მაჯისცემა უნდა შეუნარჩუნონ რადიკალებს, ეს არის სპეცსამსახურში დაწერილი მარტივი სცენარები – მკვდარია ოპოზიცია, მაგრამ ნუ, ოც კაცს უნდა გადააკეტინონ რუსთაველის გამზირი. სპეცსამსახურებიდან იმართება ეს ყველაფერი, ეს ადამიანებიც, რომლებიც მიდიან შატაბთან, ჩვეულებრივად, საბოლოო ჯამში, ზოგმა არც იცის, ზოგი პირდაპირ, ზოგი არაპირდაპირ იმართება სპეცსამსახურების მიერ. ეს ყველაფერი ფინანსდება პირდაპირ უცხოური სპეცსასმსახურების მიერ.

    ტრაგიკული მოვლენაა, არ ჰგავს არცერთი არც ქართველს, არც კაცს, არც ქალს, ყველანაირი იდენტობა აქვთ დაკარგული, არის აბსოლუტურად ტრაგიკული მოვლენა. ეს ადამიანები საბოლოო ჯამში გადასარჩენები არიან,  მართლა გადასარჩენები არიან, ზოგს მკურნალობა სჭირდება, ზოგს ფსიქოლოგიური თერაპია სჭირდება, არ ვიცი, სხვადასხვა ტიპის თერაპია, ვნახოთ, იმედი ვიქონიოთ, საბოლოო ჯამში, ეს ადამიანებიც გამოსწორების გზას დაადგებიან, თუმცა, ვნახოთ […] ეს ყველაფერი არის დასამთავრებელი – უცხოური აგენტურა, ეს სიმახინჯე, ეს ფსევდოლიბერალების რადიკალიზმი, ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ უკვე განულებული აქვთ რესურსები. ესეც უნდა დამთავრდეს, რასაც ვხედავთ, რომ გამოდის 20 კაცი და აწუხებს საქართველოს მოქალაქეებს იმით, რომ კეტავს თბილისის ცენტრალურ გამზირს, ესეც უნდა დასრულდეს, ესეც დამთავრდება, ხალხი ამას მოთმინებით  უყურებს, ჩვენც მოთმინებით ვუყურებთ, მაგრამ ერთხელ, რა თქმა უნდა, ამას აუცილებლად დავასრულებთ ისე, რომ აღარ განმეორდეს. მთავარია ეს, რომ რადიკალიზმი აღარ განმეორდეს… ჩვენს საზოგადოებას უნდა მშვიდად ცხოვრება, ეს არის მთავარი ინტერესი.

    ივანიშვილის პრემიერი ირაკლი კობახიძე Tv იმედის ეთერში.

  • ყოფილი მინისტრის დაკავება სამწუხაროა, თუმცა ვერ ვიქნებით ლოიალურები – კობახიძე

    კორუფციასთან ბრძოლა ჩვენი გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ბუნებრივია, ყოფილი მინისტრის დაკავება თავისთავად ძალიან სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალურები კორუფციის მიმართ.

    ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, რაც არაერთხელ გამიხმოვანებია, მათ შორის მაშინაც, როდესაც პარლამენტში ვაბარებდი ანგარიშს როგორც საზოგადოებას, ისე პარლამენტის წევრებს. ჩვენი მიზანია, რომ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით ევროპის სამეულში შევიდეთ.

    ამ მიმართულებით ბევრი რამ გაკეთდა სისტემის გასაჯანსაღებლად. მაგალითად, სულ რამდენიმე დღის წინ ვახსენე, რომ წლის ჭრილში მხოლოდ სახელმწიფო საწარმოებში 700 მილიონი ლარი დაიზოგა. აქ საუბარია ენერგეტიკის სფეროში მოქმედ საწარმოებზე, განსაკუთრებით — ელექტროსისტემაზე, ასევე საქართველოს რკინიგზასა და სხვა სახელმწიფო კომპანიებზე.

    ეს 700-მილიონიანი დანაზოგი შემთხვევით არ არის მიღწეული. საქართველომ განახორციელა მნიშვნელოვანი ინსტიტუციური ცვლილებები. წარსულში საქმე ისე კეთდებოდა, რომ სახელმწიფოს დამატებით 700 მილიონი ლარი დაუჯდებოდა. დამეთანხმებით, ეს ძალიან დიდი დანაზოგია.

    ფაქტები ცხადყოფს, რომ ჩვენ სისტემის გაჯანსაღებაზე ვზრუნავთ. ამასთან, მნიშვნელოვანია წარსულში ჩადენილი დანაშაულების გამოვლენა, რათა ამ ყველაფერს პრევენციული ეფექტი ჰქონდეს. თუ ჩნდება დაუსჯელობის სინდრომი, ბუნებრივია, იზრდება ცდუნება — როგორც კორუფციასთან, ისე ნებისმიერი დანაშაულის მიმართ. ამიტომაც საჭიროა ეფექტური ზომების მიღება, რომ პრევენციაზე მაქსიმალურად ვიზრუნოთ.

    როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი, რამდენ ხანს გასტანს და რა შედეგით დასრულდება — ეს უკვე სამართალდამცავი უწყებების, პროკურატურისა და სასამართლოს საქმეა. მე არ მაქვს უფლება ამ პროცესებზე კონკრეტული კომენტარი გავაკეთო. მთავარი ის არის, რომ ჩვენთან მოქმედებს კანონისა და სამართლის უზენაესობა.

    ამის შესახებ “ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

  • სამართალდამცავი რომელიც  უკანონო ბრძანებებს არ დაემორჩილება, რეჟიმის შეცვლის შემდეგ იქნება წახალისებული ამა თუ იმ ფორმით ლეგიტიმურად – ბოკერია

    სამართალდამცავი რომელიც უკანონო ბრძანებებს არ დაემორჩილება, რეჟიმის შეცვლის შემდეგ იქნება წახალისებული ამა თუ იმ ფორმით ლეგიტიმურად – ბოკერია

    ივანიშვილის რეჟიმი აგრძელებს პოლიტიკურ რეპრესიებს. ამჯერად გამორჩეულად აბსურდული საბაბით ლევან ხაბეიშვილი დააკავეს თვენახევრის წინ გაკეთებულ განცხადებაზე.

    თუ არ ჩავთვლით ამ განცხადებაში თანხის საკითხს, მის ზომას, მზად ვარ, მთლიანად შევუერთდე არსებით გზავნილს – ყველა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, რომელიც ანტიკონსტიტუციურ უკანონო ბრძანებებს არ დაემორჩილება, ამ რეჟიმის შეცვლის შემდეგ იქნება წახალისებული ამა თუ იმ ფორმით ლეგიტიმურად.

    თუმცა, სერიოზული განხილვა სუს-ის ამ განცხადებისა, რაც მოვისმინეთ, სამართლებრივ ჩარჩოში შეუძლებელია. ივანიშვილის რეჟიმი კრიზისშია და ცდილობს ძალის დემონსტრირებას ამის გადასაფარად.

    ერთადერთი სწორი პასუხი საზოგადოების, ჩვენი, ყველას, თითოეული ჩვენგანის უნდა იყოს და იქნება პროტესტის გაგრძელება, გაფართოება, მანამ, სანამ ივანიშვილი ძალაუფლების დათმობას არ შეეგუება.

    აცხადებს ფედერალისტების ლიდერი გიგა ბოკერია ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის დაკავებაზე

  • “ყველა ძალოვანს მოგეცემათ პრემია ვინც რეჟიმს გადაუდგება გამოექანეთ! კალაძემ იცის საიდან… ” – გიგი უგულავა სუს-ს მიმართავს

    ”აი ამ ინტერვიუს გამო დააკავეს. იგი საჯაროდ დაპირდა რომ მომავალში საჯარო მოხელეებს პრემიას მისცემდა თუ რეჟიმს გადაუდგებიდნენ. ფაქტიურად ნებისმიერი საარჩევნო დაპირება, მაგალითად პენსიის გაზრდა, იგივე ქრთამის მიცემაა. სიგიჟე, სიდებილე. მოკლედ:
    ყველა ძალოვანი სისტემის თანამშრომლებს საჯაროდ გთავაზობთ, რომ აუცილებლად მოგეცემათ პრემია ყველას, ვინც რეჟიმს გადაუდგება.  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური / State Security Service Of Georgia გამოექანეთ. კალაძემ იცის საიდან
    ხაბე გაუძელ ძმაო❤️✌🏻”

    ასე მიმართავს გიგი უგულავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მას შემდეგ, რაც ლევან ხაბეიშვილი დააკავეს.