Blog

  • ოჯახის თვალწინ, სპეცრაზმმა სახლიდან გაკოჭილი წაიყვანა – ადვოკატი მიხეილ თოლორაიაზე

    ”ოჯახის თვალწინ, სპეცრაზმმა სახლიდან გაკოჭილი წაიყვანა” – განაცხადა ამის შესახებ, დღეს 17 ოქტომბრის დილას დაკავებული მიხეილ თოლორაიას ადვოკატმა, ბორის ყურუამ

    “მიხეილ თოლორაია მოვინახულე. მას სპეცრაზმი სახლში შეუვარდა და განსაკუთრებული საპოლიციო ღონისძიებით დააკავეს, როცა მცირეწლოვანი შვილი ჰყავს და ოჯახის წევრების თვალწინ, იარაღიანმა ადამიანებმა სახლიდან გაკოჭილი წაიყვანეს.  ჯერ მისთვის ბრალი ოფიციალურად არ წარუდგენიათ, თუმცა, სტანდარტულად, როგორც 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებს, ალბათ, მასაც ბრალად სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობასა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას წარუდგენენ”. – თქვა ყურუამ.

    17 ოქტომბერს, გამთენიისას აქციების კიდევ 9 მონაწილე დააკავეს. საქმე, სავარაუდოდ, 4 ოქტომბრის აქციას ეხება.

  • რაც ახლა ხდება, შეუმჩნეველი არ რჩება! ვმუშაობთ სანქციებზე, რომ არანაირი ფული არ გაიგზავნოს საქართველოს ხელისუფლებისთვის! – ჰიპერი

    ჩვენი შეფასებაა, რომ ქართული ოცნება განაგრძობს რეპრესიულ ზომებს, რომელიც აშკარად ინსპირირებულია რუსეთის პროპაგანდის მანქანით. ამასთან მთლიანად ვგმობთ ძალადობას ყველანაირი ფორმით. და რა თქმა უნდა, რაც ახლა საქართველოში ხდება, შეუმჩნეველი არ რჩება.

    სწორედ ამიტომ ვმუშაობთ სანქციებზე, იმის უზრუნველსაყოფად, რომ არანაირი ფული არ გაიგზავნოს საქართველოს ხელისუფლებისთვის, ვმუშაობთ ქართული სამოქალაქო საზოგადოების, ჟურნალისტების და ყველა იმ პირის მხარდასაჭერად, რომლებიც მშვიდობიანი გზით იღვწიან უკეთესი მომავლისთვის, არ კარგავენ იმედს და არ ამბობენ უარს ევროპულ ღირებულებებზე.

    განაცხადა ამის შესახებ,  ფორმულასთან ევროკომისიის საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის სპიკერმა ანიტა ჰიპერმა.

  • მარიამს განუმარტეს, რომ დაკავებულია ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის – ადვოკატი

    “მარიამს განუმარტეს, რომ დაკავებულია ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის” – აცხადებს ამის შესახებ, 17 ოქტომბერს დაკავებული აქციების მონაწილის, მარიამ მეყანწიშვილის ადვოკატი, ანა ბერია. ადვოკატი აცხადებს, რომ მასალაში დანაშაულის ამსახველი კადრები არ იყო.

    “დაიწყეს სახლის ჩხრეკით, ამოიღეს მისი კუთვნილი ქურთუკი, რომელიც თავად, თავის ნებით წარუდგინა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს. ეს ქურთუკი, როგორც მან თვითონ განმარტავს, 4 ოქტომბერს ეცვა.  როგორც თვითონ მარიამს განუმარტეს დაკავებისას, ეს არის 226-ე მუხლი, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ეს არის სრულიად სრულიად სხვა მუხლი, რაც განსხვავდება უკვე დაკავებული პირებისთვის ბრალდების შესახებ დადგენილებებით წაყენებული მუხლებისგან. […]

    4 ოქტომბერს საერთოდ არ იმყოფებოდა პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რაიმე კუთხით მონაწილეობა არ მიუღია, იყო საპროტესტო აქციაზე, თუმცა უშუალოდ პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა. […]

    აჩვენეს ვიდეოკადრიდან ამოჭრილი, დაზუმებული ქურთუკი, ჰქონდა თუ არა ეს ქურთუკი სახლში. ბუნებრივია მან ამოიცნო ქურთუკი თვითონ რაც ეცვა”. – ამბობს მარიამ მეყანწიშვილის ადვოკატი, ანა ბერია.

  • საქართველო მაშინ შეიცვალა, როცა 3 დეპუტატის შვილი ვერ მოხვდა უნივერსიტეტში, საუკეთესო შედეგი ონის სოფელში გაზრდილმა მოწაფემ დადო – გიგი უგულავა

    „რეალურად საქართველო მაშინ შეიცვალა, როცა ერთიანი ეროვნული გამოცდების შემდეგ, სამი დეპუტატის შვილი ვერ მოხვდა უნივერსიტეტში, ხოლო საუკეთესო შედეგი ონის სოფელში გაზრდილმა მოწაფემ დადო. ეს იყო ნამდვილი ვარდების რევოლუცია.
    ამის შემდეგ ჩვენი განათლების სისტემა ბოლონიის პროცესს მიუერთდა. ეს თაობა ებრძვის დღეს საბჭოური ცეხავიკების, “გუჩებში” გამოწკეპილ, კოჭებ გადმოყრილ შთამომავლობას.
    ასეთი ცხადი სინათლე და სიბნელე, ცოდნა და უვიცობა არასდროს ყოფილა. შუა ნამდვილად გაკრეფილია და სიბნელე ნამდვილად დამარცხდება“

    წერს თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავა.

  • სპეცრაზმი საჭიროა,როცა ამდენი ხნის განმავლობაში იმალებიან. შეეგუონ  იმას, რაც ხდება -კობახიძე აქტივისტების დაკავებაზე

    სპეცრაზმი საჭიროა,როცა ამდენი ხნის განმავლობაში იმალებიან. შეეგუონ იმას, რაც ხდება -კობახიძე აქტივისტების დაკავებაზე

    „სპეცრაზმი საჭიროა, როცა ამდენი ხნის განმავლობაში იმალებიან ადამიანები. ჩვენ ყველა გავაფრთხილეთ, რომ იდენტიფიცირების საშუალებაც გვქონდა მეტი და არავის არ შერჩებოდა ხელისუფლების დამხობის მცდელობაში მონაწილეობა. აქედან გამომდინარე, ყველა შეეგუოს იმას, რაც ხდება, რომ სამართალი აღსრულდება თითოეული ადამიანის მიმათ, რომელიც მონაწილეობდა დამხობის მცდელობაში. ყველა უნდა შეეგუოს ამას”.

    ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ შეკითხვას იმის შესახებ, რომ დღეს,17 ოქტომბერს, კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე.

  • სუს-მა დააკავა 3 პირი, რომლებიც ფულის სანაცვლოდ, შშმ სტატუსის ყალბი მოწმობები დაამზადეს

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ყალბი სამედიცინო მოწმობის დამზადებისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტებზე, 3 პირი დააკავა.

    “გამოძიებით დადგენილია, რომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებების ექიმებმა და მათმა დამხმარე პირებმა, კონკრეტული თანხის მიღების სანაცვლოდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყალბი სამედიცინო დოკუმენტაცია დაამზადეს, რის საფუძველზეც ადამიანებს შშმ პირის სტატუსი მიენიჭათ.

    პირველ შემთხვევაში, თბილისში, ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულმა დ.ტ.-მ მოქალაქეს 3 000 ლარის სანაცვლოდ გადასცა შშმ პირის ყალბი მოწმობა, რომლის საფუძველიც იყო ბრონქული ასთმის დიაგნოზი, ყოველგვარი სამედიცინო გამოკვლევისა და კომისიის გავლის გარეშე.

    მეორე შემთხვევაში, ბათუმში, ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების ექიმებთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა თ.დ.-მ 9 500 ლარის სანაცვლოდ მოქალაქეს გადასცა ყალბი ცნობა, რომლის საფუძველზეც მას მიენიჭა პირველი ჯგუფის შშმ პირის სტატუსი, იმ მოტივით, თითქოს მას ჰქონდა ჰეპატიტით გამოწვეული ღვიძლის დაავადება.

    მესამე შემთხვევაში, ქუთაისის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებების ექიმებთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა ც.ო.-მ 3 200 ლარის სანაცვლოდ მოქალაქეს გადასცა ყალბი სამედიცინო ცნობა, ეპილეფსიის დიაგნოზით. ამ შემთხვევაში, ც.0.-მ აღნიშნული მოქალაქე მიიყვანა ნევროლოგთან კონსულტაციაზე, რომელმაც მოამზადა კომპიუტერული ენცეფალოგრაფიის ყალბი ცნობა გამოგონილი დიაგნოზით, რის შემდეგაც ც.ო.-მ მოქალაქე წაიყვანა სხვა სამედიცინო კლინიკაში კონულტაციაზე მეორე ექიმთან, რომელმაც, თავის მხრივ, დაამზადა ყალბი სამედიცინო ცნობა ეპილეფსიის დიაგნოზით.

    სამივე შემთხვევაში, ქმედება მიმართული იყო სოციალური მომსახურების სააგენტოში ყალბი ცნობების წარდგენით და შესაბამისად შშმ სტატუსის მინიჭებით, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებული საპენსიო და სხვა შეღავათების მიღებისკენ”. – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

  • 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს

    არსებული ცნობით, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს :  მარიამ მეყანწიშვილი, სიმონ მახარაძე, დავით ღურწკაია, დავით გიუნაშვილი და გიორგი ტალახაძე. საქმე სავარაუდოდ 4 ოქტომბერს ეხება.

    ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულები სახლებიდან აიყვანეს.

     

  • განსხვავებებისთვის უნდა ვიპოვოთ მოლაპარაკების და შეთანხმების რთული ამოხსნა – გვარამია

    განსხვავებებისთვის უნდა ვიპოვოთ მოლაპარაკების და შეთანხმების რთული ამოხსნა – გვარამია

    „როცა საერთო მიზანი ისეთი დიდია, როგორც ახლა, და მას სამშობლოს გადარჩენა ჰქვია, განსხვავებებისთვის უნდა ვიპოვოთ მოლაპარაკების და შეთანხმების რთული ამოხსნა და არა დაპირისპირების და განხეთქილების მარტივი გამოსავალი.

    ისტორია არ იმახსოვრებს ისეთ უმნიშვნელო დეტალებს, ვინ ვისგან რით განსხვავდებოდა, ვინ იარა სწორად და ვინ ზიგზაგზე. ისტორია ყველას ერთიანად და თანაბრად აღგვნუსხავს როგორც თაობებს, ვინც სამშობლოსათვის გადამწყვეტ ბრძოლაში გაიმარჯვა ან ამ ბრძოლაში დამარცხდა.

    პ.ს. ქოცებმა სივრცული პატიმრობა მოგვისაჯეს, მაგრამ დრო ვერ გაგვიჩერეს პოლიტპატიმრებს. იქნებ ყველამ გამოიჩინოთ გულისხმიერება და დროში პატიმრობას ნუ მოგვისჯით. ნუ გადააქცევთ ამ დაწყევლილ 4 ოქტომბერს – სუს-ის 2 წარუმატებელი სპეცოპერაციის დღეს – დაუსრულებელ ზაზუნას დღედ. გადაფურცლეთ, ძალიან გთხოვთ.

    ხოლო ის, რომ 4 ოქტომბერს პროტესტი არ დამარცხდა (რაც პროტესტის წინსვლას შეიძლება არ უდრიდეს, მაგრამ ქოცების მარცხს უტყუარად უდრის) აგერ დაადასტურეს თავად: დრაკონის კანონების კრებულს, როგორსაც ახლა ამტკიცებენ, გამარჯვებულები არ იღებენ”,

    ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებების“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია საპატიმროდან გავრცელებულ წერილში წერს.

  • „ქართული ოცნების“ პარლამენტმა, გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი კანონპროექტი III მოსმენით მიიღო

    „ქართული ოცნების“  ერთპარტიულმა პარლამენტმა, პროტესტის შემზღუდავი კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. ცვლილებები სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში, დაჩქარებული წესით განიხილეს და ის ძალაში შევა მას შემდეგ, რაც მიხეილ ყაველაშვილი მას ხელს მოაწერს.

    ცვლილებების მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლს ემატება მე-10 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილე უალტერნატივოდ ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება შემდეგი ქმედებისთვის:

    15 დღემდე პატიმრობით დაისჯება შეკრების ან მანისფესტაციის მონაწილე, რომელიც:

    • სახის “ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით” დაიფარავს;
    • იქონიებს “ცრემლმდენ, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან/და მომწამვლელ ნივთიერებას”;
    • განზრახ შექმნის “დაბრკოლებებს ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის”;
    • მოაწყობს დროებითი კონსტრუქციას, რომლის მოწყობა “საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას”.

    აღნიშნული ქმედებები გამოიწვევს:

    1. ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით;
    2. ორგანიზატორის შემთხვევაში — 20 დღემდე ვადით;
    3. ხოლო იარაღის, ფეთქებადი, ცივი ან საშიში ნივთიერებების ქონისას – 60 დღემდე პატიმრობას.

    სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, იგივე ქმედებების განმეორება ერთ წლის განმავლობაში უკვე სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება.
    სასჯელი განისაზღვრა შემდეგნაირად:

    • ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა;
    • არაერთგზის ჩადენის შემთხვევაში — ორ წლამდე;
    • არასრულწლოვნის მიერ ჩადენისას — ჯარიმა, გამასწორებელი სამუშაო ან ერთ წლამდე პატიმრობა;
    • ორგანიზატორის მიერ ჩადენისას, რომელმაც მძიმე შედეგი გამოიწვია — ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

    ცვლილებები ასევე ეხება ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლს, რომელიც პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და სამართალდამცველის შეურაცხყოფას შეეხება. ამ მუხლის მესამედ დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება:

    • დაისჯება ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით;
    • არაერთგზის შემთხვევაში — ორ წლამდე;
    • არასრულწლოვნის შემთხვევაში — ჯარიმით, გამასწორებელი სამუშაოთი ან ერთწლამდე პატიმრობით.
  • 13 წლის განმავლობაში ყველაფერი სცადეს, მაგრამ ენმ-ი გადარჩა – ბეჟაშვილი

    13 წლის განმავლობაში ყველაფერი სცადეს, მაგრამ ენმ-ი გადარჩა – ბეჟაშვილი

    „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს 2012 წლის შემდეგ გაცხადებული მიზანი ჰქონდა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გაენადგურებინა. ამ 13 წლის განმავლობაში ყველაფერი სცადეს, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ გადარჩა და იბრძვის საქართველოს ევროპული მომავლისთვის. სწორედ ეს აწუხებს „ქართულ ოცნებას“, ამიტომ ისინი პუტინის მიმართ პირობას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გააუქმებენ, უკვე ერთპარტიული პარლამენტის ფარგლებში ახორციელებენ. თუმცა ჩვენ ივანიშვილის რუსული დიქტატორისადმი პოლიტიკურ საქმიანობას და ბრძოლას სტატუსის მიუხედავად გავაგრძელებთ. ეს არ იქნება დამოკიდებული გვექნება თუ არა პარტიული ფორმა. ამავდროულად, ევროსასამართლოში ეს აუცილებლად გასაჩივრდება და იმედი გვაქვს, რომ ევროსასამართლო ამ დრაკონულ, კომუნისტურ, რუსულ კანონს გააუქმებს“,

    ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა ცალკეული პოლიტიკური სუბიექტების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში დაგეგმილი სარჩელის თაობაზე საუბრისას განაცხადა.