Blog

  • ხელის ჩაქნევას არ ვაპირებთ, საქართველო გააგრძელებს ქვეყნის მომზადებას ევროკავშირის წევრობისთვის – პაპუაშვილი

    ხელის ჩაქნევას არ ვაპირებთ, საქართველო გააგრძელებს ქვეყნის მომზადებას ევროკავშირის წევრობისთვის – პაპუაშვილი

    „ბრიუსელის ღირებულებით უკუსვლაზე მეტყველებს ის მხარდაჭერა, რომელსაც ის უწევს ძალადობრივ ჯგუფებს, რომლებმაც 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლის შტურმი სცადეს.

    ახლა ბრიუსელი ცდილობს ითამაშოს ღირებულებებზე აპელირებით, მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობასა და ხალხს აქვს ნამდვილი პასუხი მათ მოთხოვნებზე, როდესაც საქმე ეხება დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას: ეს არის ქართული და ევროპული ღირებულებები – ტოლერანტობა, კანონის უზენაესობა, მშვიდობის პატივისცემა და განვითრება.

    სულ უფრო აშკარა ხდება, რომ ბრიუსელის მხრიდან მსგავსი დამოკიდებულების მიზანია, ხალხმა ხელი ჩაიქნიოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე, რათა უნგრეთის, სლოვაკეთისა და ახლა უკვე ჩეხეთის მსგავსად, არ მიიღონ კიდევ ერთი ქვეყანა, რომელიც ბრმად არ დაემორჩილება ბრიუსელის მითითებებსა და ინსტრუქციებს.

    უსამართლო მოქცევის, წინააღმდეგობებისა და დაბრკოლებების წინაშე ხელი ჩაგვექნია თუ არა, ეს არჩევანი არამხოლოდ დღეს, არამედ მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე გვქონდა.

    საქართველოს შანტაჟი და საქართველოზე ზეწოლა არ გამოვა. ჩვენ ხელის ჩაქნევას არ ვაპირებთ. საქართველო გააგრძელებს ქვეყნის მომზადებას ევროკავშირის წევრობისთვის. არა იმ ევროპის კავშირისთვის, რომელსაც ბრიუსელის დღევანდელი ბიუროკრატია ევროპული შინაარსისგან ცლის და მხოლოდ კავშირად ტოვებს, არამედ იმ ევროპის კავშირისთვის, რომლის მიზანიც ევროპული ღირებულებების დაბრუნებაა.

    ჩვენ ვხედავთ ნამდვილ გამოღვიძებას ევროპაში, როდესაც ქვეყნები, ერთმანეთის მიყოლებით, ირჩევენ მთავრობებს და სტრატეგიებს, რომლებიც ევროკავშირს ნამდვილი ღირებულებების სისტემაში აბრუნებს, უარყოფს ბრიუსელის უსამართლო და არასათანადო ჩარევას შიდა საქმეებში, ეროვნულ ღირებულებებში, ხალხის ნებაში, ნამდვილ დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაში.

    ჩვენ ნათლად ვხედავთ, თუ როგორ ერწყმის საქართველოს მომავალი ტრაექტორია ევროკავშირის სათანადო ღირებულებებზე დაფუძნებულ განვითარების გზას.

    ჩვენ ვაპირებთ უსამართლობის მხილებას, სიმართლით ბრძოლას, ჭეშმარიტების ჩვენებას და სამართლიანი დამოკიდებულების მიღებას. ვაპირებთ ბოლომდე“,

    ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ევროკომისიის მიერ დღეს წარმოდგენილ გაფართოების ანგარის ეხმაურება.

  • კანდიდატის სტატუსისგან მხოლოდ სახელი დარჩა – კოსი საქართველოზე

    საქართველოს ხელისუფლების ქმედებებით გამოწვეული გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერების თაობაზე ევროკომისიის შარშანდელი დასკვნის შემდეგ და ქვეყანაში განგრძობითი დემოკრატიული უკუსვლის ფონზე, კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს შემთხვევაში, კანდიდატის სტატუსისგან მხოლოდ სახელი დარჩა.

    განაცხადა გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარმა მარტა კოსმა

  • ქართველების დასახმარებლად უვიზო რეჟიმი შეგვიძლია შევუჩეროთ პასუხისმგებელ პირებს – იუკნევიჩიენე

    ქართველების დასახმარებლად უვიზო რეჟიმი შეგვიძლია შევუჩეროთ პასუხისმგებელ პირებს – იუკნევიჩიენე

    ქართული ოცნება ვერ შეინარჩუნებს ევროპულ გზას – ეს არის კრემლის მარიონეტი რეჟიმი. ზომები, რომლებიც ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ იმ ხალხის დასახმარებლად, რომლებიც ერთი წელია ქუჩაში აქციებს მართავენ ევროპული საქართველოსთვის, არის სანქციები და უვიზო რეჟიმის შეზღუდვა პასუხისმგებელი პირებისა და ასევე დეზინფორმაციის გამავრცელებელი არხების მიმართ. ერთ-ერთი არხი ამ დრომდე აქ თავისუფლად მუშაობს. “რაშა თუდეი” და “სპუტნიკი” აკრძალულია მაგრამ “ქართული ოცნების” არხი – იმედი აქ თავისუფლად მუშაობს, ავრცელებს სიძულვილს ენას ევროპელი პოლიტიკოსების წინააღმდეგ.

    აცხადებს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე.

  • 11 წლის ბიჭის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ 73 წლის კაცს ბრალდება წარედგინა

    პროკურატურამ 11 წლის ბიჭის გაუპატიურების და სექსუალური ხასიათის ქმედების ფაქტებზე დაკავებულ 73 წლის მამაკაცს ბრალდება წარუდგინა.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ძალადობით, ძალადობის მუქარით და ასაკობრივი უმწეობის გამოყენებით არასრულწლოვანი თანასოფლელი გააუპატიურა და მის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება განახორციელა. “ფორმულას” ინფორმაციით, საუბარია 11 წლის ბიჭზე.

    „სამართალდამცველებმა ბრალდებული 3 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება ჩადენილი არასრულწლოვანის მიმართ) და 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

  • შეწყდეს ადმინისტრაციული საქმის წარმოება ნინია კაკაბაძის მიმართ – ქარტია

    საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოითხოვს, რომ მედიაჩეკერისჟურნალისტის, ნინია კაკაბაძის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაუყონებლივ შეწყდეს.

    “პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, ნინია კაკაბაძისა და სხვა ჟურნალისტების დაკავებას ჟურნალისტური ეთიკის ქარტია დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლისა და კრიტიკული ხმების ჩახშობის მცდელობად მიიჩნევს.

    ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეწყდეს ადმინისტრაციული საქმის წარმოება მისი მედიაპლატფორმის, მედიაჩეკერის ჟურნალისტის, ნინია კაკაბაძის მიმართ და გაუქმდეს შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი”. – წერია ქარტიის განცხადებაში.

    3 ნოემბერსაც ნინია კაკაბაძე აქციაზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა – ეკეთა პრესის ბარათიც.თუმცა რუსთაველზე, აქციის დასრულების შემდეგ დააკავეს, თუმცა, ის მოგვიანებით პოლიციის შენობიდან გაათავისუფლეს.

  • შიმშილობის მე-8 დღეა, 2 ადამიანი შემოგვიერთდა და ამ მომენტისთვის 8 ადამიანი ვშიმშილობთ – ფოფხაძე

    მე-8 დღეა შიმშილობის, უკვე 2 ადამიანი შემოგვიერთდა. ამ მომენტისთვის 8 ადამიანი ვშიმშილობთ, 7 აქ, პარლამენტის წინ, ხოლო ერთი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

    ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ მომენტისათვის დამაკმაყოფილებელია, განსაკუთრებული პრობლემები არ გვაქვს, მხნედ ვგრძნობთ თავს. მიგვაჩნია, რომ ეს აქცია უნდა გაფართოვდეს და გაძლიერდეს, სანამ ქვეყანაში პოლიტიკური გარემო არ შეიცვლება. პარლამენტი, რომელიც არალეგიტიმურია და ამდენი პოლიტიკური პატიმარია ქვეყანაში, გამორიცხავს ქვეყნის სამართლებრივ, სამართლიან და ჯანსაღ განვითარებას.

    ამ აქციას პოლიტიკური მიზანი აქვს, რომ ეს პოლიტიკური დღის წესრიგი, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ უნდა იყვნენ და ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, იქცეს მთავარ პოლიტიკურ ამოცანად და ამ მიზნების აქტუალიზაცია მოხდეს. მარტო შიმშილობის აქცია ამ შედეგს ვერ მოგვაპოვებინებს, რადგან მეორე მხარეს არის კორუმპირებული, არალეგიტიმურ ყაჩაღთა, ვერცხლის მოყვარულთა კლუბი, რომელიც ამ ქვეყანას ძარცვავს. თავისი ნებით ისინი ამას არ დათმობენ, უნდა გაჩნდეს საპროტესტო დინება, რომელიც იბრძოლებს, დაანგრევს და ძირს გამოუთხრის მათ, რომელიც შემდგომ გაერთიანდება და წალეკავს კორუმპირებულ და არალეგიტიმურ რეჟიმს”

    „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, გედევან ფოფხაძე, რამდენიმე აქტივისტთან ერთად, პარლამენტის წინ შიმშილობას განაგრძობს.

  • არქიმანდრიტი ილია თოლორაია 5 ნოემბერს საპატრიარქოში დაიბარეს

    არქიმანდრიტი ილია თოლორაი, 5 ნოემბერს, 13:00 საათზე, საპატრიარქოშია დაბარებული. თოლორაიას თქმით, ის მისვლას აპირებს.

    “მამა მიქაელ ბოტკოველმა დამირეკა და მითხრა, რომ 5 ნოემბერს, 13:00 საათზე საპატრიარქოში დამიბარეს – მეუფე შიოსა და მეუფე თეოდორეს შენთან გასაუბრება უნდაო. მიზეზი არ უთქვამს. სავარაუდოდ, იმის გამო დამიბარეს, რომ მეუფე შიოზე ეგზარქოსი ვთქვი. თვითონ სიტყვა ეგზარქოსი მმართველს ნიშნავს, არის ეპისკოპოსი, უბრალოდ, ეპისკოპოსი, რომელიც რუსეთის მხარეს დგას.

    მე ეს ჰაერზე არ მითქვამს. მეუფესგან ერთი სიტყვა არ გამიგია, რომ რუსეთი ოკუპანტი და ჩვენი მტერია. როცა რუსთაველზე გამოსულ ხალხს ამ რუსულმა მთავრობამ სისხლი ანთხევინა, ამ ახალგაზრდების დასაცავად მეუფეს ერთი სიტყვა არ უთქვამს. ამიტომ, მე ჩემი სიტყვები უკან არ მიმაქვს”. – თქვა არქიმანდრიტმა.

  • კასპში არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის 73 წლის კაცი დააკავეს

    კასპში არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის 73 წლის კაცი დააკავეს

    შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით 1 პირი – 1952 წელს დაბადებული მ.ნ დააკავეს.

    “მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დანაშაულში ბრალდებულმა პირმა, ძალადობის გამოყენებით არასრულწლოვანი თანასოფლელი გააუპატიურა.
    სამართალდამცველებმა მ.ნ. კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მისსავე საცხოვრებელ სახლში ბრალდებულის სახით დააკავეს” – აცხადებს შსს.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს.მას 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

  • სააკაშვილი ადანაშაულებს გვარამიას, რომ ბიძინას ფულით ატარებდა არჩევნებს – ალექსანდრე რაქვიაშვილი

    მიხეილ სააკაშვილმა პოსტი დადო, სადაც ადანაშაულებს გვარამიას, რომ ბიძინა ივანიშვილის ფულით ატარებდა წინა არჩევნებს და წარმოიდგინეთ, რომ არავინ ამას არ იმჩნევს. ეს ყველამ იცოდა, ცნობილი ფაქტია, რადგან თუ 40 მილიონი შეგიძლია იშოვო, მაშინ რა რუსული რეჟიმი და დიქტატურა? თუ შეგიძლია ბიძინას წინააღმდეგ 40 მილიონი იშოვო და დაახარჯო ბრძოლას, მაშინ არც ისე დიქტატურა ყოფილა, ხომ? […] როდესაც ნაციონალური მოძრაობა იშლებოდა, ცხადია, მაშინ, დარწმუნებული ვარ, ქართულ ოცნებას თავისი წვლილი ჰქონდა, ყველა პროცესში, იქნებოდა ეს პალიკო კუბლაშვილი, თუ ზურა ჯაფარიძე. მაგრამ ეს ხომ დისკუსიის საგანი უნდა იყოს, ნუთუ არ აინტერესებთ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს, რომ დისკუსია გაიხსნას. რა დროს გაერთიანებაა თუ შენივე პარტნიორს ეძახი მოსყიდულს.

    თქვა პარტია გირჩის ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

  • ჯო უილსონს ჩემი სრული და ტოტალური მხარდაჭერა აქვს – დონალდ ტრამპი

    ჯო უილსონს ჩემი სრული და ტოტალური მხარდაჭერა აქვს – დონალდ ტრამპი

    კონგრესმენი ჯო უილსონი, რომელიც თავიდანვე ჩვენთან არის, სამხრეთ კაროლინის მე-2 კონგრესის ოლქის უდიდესი ჩემპიონია!

    სამხრეთ კაროლინის არმიის ეროვნული გვარდიის ყოფილი პოლკოვნიკი და წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წევრი – ჯოს აქვს ის სიბრძნე და სიმამაცე, რომელიც არის საჭირო ჩვენი ქვეყნის დასაცავად, ჩვენი შესანიშნავი სამხედროებისა/ვეტერანების მხარდასაჭერად და „მშვიდობა ძლიერებით“ (PEACE THROUGH STRENGTH) პრინციპის ჩემპიონობისთვის. კონგრესში ჯო ბევრს მუშაობს, რათა შეინარჩუნოს ჩვენი ახლა უკვე ძალიან უსაფრთხო საზღვარი — უსაფრთხოდ, შეაჩეროს მიგრანტების მიერ ჩადენილი დანაშაული, უზრუნველყოს კანონი და წესრიგი, გაზარდოს ჩვენი ეკონომიკა, შეამციროს გადასახადები და რეგულაციები, ხელი შეუწყოს კონცეფციას „დამზადებულია აშშ-ში“ (MADE IN THE U.S.A.), გააძლიეროს ამერიკის ენერგეტიკული დომინირება, ხელი შეუწყოს არჩევნების მთლიანობას და დაიცვას ჩვენი მუდმივი თავდასხმის ქვეშ მყოფი მეორე შესწორება.

    ჯო უილსონს აქვს ჩემი სრული და ტოტალური მხარდაჭერა ხელახლა არჩევისთვის — ის არასოდეს გაგიცრუებთ იმედს!

    წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.