Blog

  • ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში დაგვანახეს სამარცხვინო უმადურობა – პაპუაშვილი

    ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში დაგვანახეს სამარცხვინო უმადურობა – პაპუაშვილი

    „ევროკომისიის გაფართოების ანგარიშზე საუბრისას ქართველებმა არ უნდა დავივიწყოთ ის სამარცხვინო უმადურობა, რომელიც ანგარიშით დაგვანახეს – “საქართველო სისტემატურად არ უჭერდა მხარს უკრაინის მხარდამჭერ საერთაშორისო ინიციატივებს.”რამხელა უმადურობაა ამ ტყუილში, მაშინ, როდესაც, ომის დაწყებიდან, 1000-ზე მეტ რეზოლუციას, დეკლარაციას, ინიციატივას და ა.შ. დავუჭირეთ მხარი“,

    სე ეხმაურება ”ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს.

  • შშმ პირს აიძულებდა მოწყალების თხოვნას, გააუპატიურა – შსს-მ ერთი პირი დააკავა

    შშმ პირს აიძულებდა მოწყალების თხოვნას, გააუპატიურა – შსს-მ ერთი პირი დააკავა

    საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, შშმ პირის მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის, გაუპატიურების და მუქარის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა.

    პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.დანაშაულები 9-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ რუსთავში, ბრალდებულმა წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირი ექსპლუატაციის მიზნით გადაიბირა. ბრალდებულმა დაზარალებულის გონებრივი მდგომარეობით და დამყოლი ბუნებით ისარგებლა და მუქარით და ძალადობით აიძულებდა, ემუშავა მის სასარგებლოდ. კერძოდ, ბრალდებული თითქმის ყოველდღე უშვებდა დაზარალებულს, რომ ეთხოვა მოწყალება, აკონტროლებდა მის ქმედებას და თანხას სრულად ართმევდა. წინააღმდეგობის ან მისთვის არასაკმარისი შემოსავლის მიღების შემთხვევაში, ბრალდებული ცემითა და მოკვლით ემუქრებოდა დაზარალებულს, რითაც შეუქმნა იძულებითი, დამაშინებელი გარემო და ჩააყენა მონობის მდგომარეობაში, სადაც ის ანაზღაურების გარეშე ასრულებდა სამუშაოს სხვა პირის სასარგებლოდ.

    გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ძალადობით, ძალადობის მუქარითა და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით ბრალდებულმა დაზარალებული არაერთხელ გააუპატიურა.” – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

  • “დაიცავით ამერიკელი თანამშრომლები, რომლებიც უსამართლოდ გახდნენ საქართველოს ხელისუფლების სამიზნე ანტიამერიკული ქმედებების ახალი ტალღის ფარგლებში“–სენატორები აშშ–ს სახელმწიფო მდივანს

    აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა წევრებმა წერილით მიმართეს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს, რათა მან გამოიყენოს ყველა არსებული ბერკეტი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამერიკის თანამშრომლებზე თავდასხმების შესაჩერებლად.

    წერილში, რომელსაც ხელს აწერენ სენატორები ჯინ შაჰინი, როჯერ ვიკერი, შელდონ უაითჰაუსი, ჯონ კერტისი და კონგრესმენები ჯო უილსონი და სტივ კოენი, აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა განცხადებები — თითქოს აშშ რევოლუციას ამზადებდა საქართველოში — წარმოადგენს მცდარ და სახიფათო ბრალდებებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის USAID-ის ყოფილ ადგილობრივ თანამშრომლებს.

    სენატორები მოუწოდებენ სახელმწიფო დეპარტამენტს, მოითხოვოს საქართველოს მთავრობისგან ამ ცრუ ბრალდებების საჯარო უარყოფა და უზრუნველყოს, რომ ამერიკის სახელით მომუშავე არც ერთი პირი არ გახდეს დევნის ან დისკრედიტაციის სამიზნე.

    წერილში ხაზგასმულია, რომ მსგავსი ქმედებები არღვევს ორმხრივ ურთიერთობებს და ქმნის საზიანო პრეცედენტს სხვა ქვეყნებისთვისაც. „ქართულ ოცნებას არ გამოუვლენია რეალური სურვილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესების მიმართ,“ — აღნიშნულია სენატორთა განცხადებაში.

     

    ამერიკის შეერთებული შტატების სენატი
    საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი
    ვაშინგტონი, DC 20510–6225

    2025 წლის 5 ნოემბერი

    ძვირფასო სახელმწიფო მდივანო რუბიო,

    გწერთ იმ იმედით, რომ გამოიყენებთ თქვენს განკარგულებაში არსებულ ყველა ბერკეტს, რათა დაიცვათ ყოფილი ამერიკელი თანამშრომლები, რომლებიც უსამართლოდ გახდნენ საქართველოს ხელისუფლების სამიზნე ანტიამერიკული ქმედებების ახალი ტალღის ფარგლებში.

    “ქართული ოცნების “ ხელმძღვანელობით მოქმედი ხელისუფლება ხშირად აცხადებს, რომ სურს ურთიერთობების აღდგენა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, თუმცა მათი ქმედებები და განცხადებები საპირისპიროს ამტკიცებს.

    გთხოვთ, მოითხოვოთ საქართველოს მთავრობისგან გარანტიები, რომ ყოფილი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადგილობრივი თანამშრომლები (Foreign Service Nationals — FSNs) და სხვა პირები, რომლებიც მუშაობდნენ აშშ-ს სახელით, არ გახდებიან თავდასხმის ან დისკრედიტაციის სამიზნე.

    2025 წლის 1 ოქტომბერს მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა მამუკა მდინარაძემ შეერთებული შტატების მთავრობა დაადანაშაულა რევოლუციის ორგანიზებაში, თითქოს ის ადგილობრივ თანამშრომლებს უხდიდა თანხებს — რაც სინამდვილეში იყო კანონით გათვალისწინებული პენსიის გადახდა აშშ-ს თანამშრომლებისთვის  სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ.

    მდინარაძის განცხადებები ქართული ოცნების პოლიტიკოსებმაც გაიმეორეს.
    ეს მცდარი ინტერპრეტაცია საფრთხეს უქმნის ადგილობრივ თანამშრომლებს და აჩვენებს მნიშვნელოვან ფაქტს: „ქართული ოცნება“ რეალურად არ ცდილობს აშშ-სთან ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებას.

    მივესალმებით სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას, 6 ოქტომბერს  საქართველოს ელჩ თამარ ტალიაშვილთან შეხვედრის მოთხოვნაზე ამ საკითხის განსახილველად.ასევე მოვითხოვთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა მოუწოდოს საქართველოს ხელისუფლებას , ოფიციალურად და საჯაროდ უარყოს ეს ცილისმწამებლური განცხადებები.

    მნიშვნელოვანია, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ მკაფიოდ უპასუხოს ამ ნარატივს, რომელიც საფრთხეს უქმნის აშშ-ს თანამშრომლებს საქართველოში და ქმნის საშიშ პრეცედენტს სხვა ქვეყნებისათვისაც.ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, აირჩიოს ნაყოფიერი და პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობა აშშ-სთან,  და შეწყვიტოს ამერიკელი პარტნიორების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება.

    შეერთებული შტატების მთავრობა დიდწილად ეყრდნობა ადგილობრივ თანამშრომლებს, რომლებიც ასრულებენ სახელმწიფო უწყებებისა და სააგენტოების დავალებებს.თუ ჩვენ  არ დავიცავთ ამ ადამიანებს უცხო ქვეყნების ხელისუფლების თავდასხმებისგან, ამას ექნება მძიმე შედეგი — შეიზღუდება ჩვენი შესაძლებლობა, დავიქირავოთ კვალიფიციური კადრები და განხორციელდეს ამერიკის საგარეო პოლიტიკა მთელ მსოფლიოში.

    გთხოვთ, მკაფიოდ დაგმოთ ეს თავდასხმები და უზრუნველყოთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი ადგილობრივი თანამშრომლების დასაცავად, რომლებიც მუშაობენ შეერთებული შტატების სახელით –სადაც არ უნდა წარმოიშვას ასეთი საფრთხე.

    პატივისცემით,

    სენატორი ჯინ შაჰინი (Jeanne Shaheen)
    საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წამყვანი წევრი

    სენატორი შელდონ უაითჰაუსი (Sheldon Whitehouse)
    ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის წამყვანი წევრი

    სენატორი როჯერ ვიკერი (Roger Wicker)
    ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის თავმჯდომარე

    სენატორი ჯონ კერტისი (John Curtis)
    საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი

    წარმომადგენელი ჯო უილსონი (Joe Wilson)
    ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის თანათავმჯდომარე

    წარმომადგენელი სტივ კოენი (Steve Cohen)
    ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის წამყვანი წევრი

  • ევროკავშირის შეფასება ქართული ოცნებისთვის სამარცხვინო განაჩენია – ელენე ხოშტარია

    ევროკავშირის შეფასება ქართული ოცნებისთვის სამარცხვინო განაჩენია – ელენე ხოშტარია

    ევროკავშირის შეფასება არის ისტორიული ჩვენი ქვეყნისთვის და სამარცხვინო განაჩენი ქართული ოცნებისთვის, რომელმაც საუკუნის მნიშვნელობის სიკეთე, პრაქტიკულად, გაანადგურა. ეს არის ისტორიული შესაძლებლობა და გამოწვევა ჩვენთვის, რომლისთვისაც ევროპის კარი ჯერ კიდევ შეღებულია. ის მუდმივად ღია ვერ იქნება. ამას გვასწავლის ისტორია და ევროპის კარის ბოლომდე გაღებას მხოლოდ დიდი ძალისხმევით შევძლებთ. ამ ძალისხმევამ უნდა დაასრულოს რუსული რეჟიმი. ჩვენი დამოუკიდებლობის მამებს ჩვენთვის თავისუფლება იმისთვის არ გადმოუციათ, რომ ის რუსებს ჩავაბაროთ.

    ყოველდღე ბრძოლის შემყურე, დარწმუნებული ვარ, რომ ამ ისტორიულ შანსს არ დავკარგავთ, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის მოსაპოვებელია. ბოლომდე!

    ციხიდან გამოგზავნილ წერილში კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია.

     

  • პოეტ პაატა შამუგიას 5 დღიანი პატიმრობა შეეფარდა

    სასამართლომ პოეტი, პაატა შამუგია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

    გადაწყვეტილება მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ გამოაცხადა.

    პაატა შამუგია პოლიციამ გუშინ, მეტრო “თავისუფლების მოედანთან” დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტრო შამუგიას “გზის ხელოვნურად” გადაკეტვას ედავებოდა.

  • დასანანია ამ მასშტაბის უსამართლობა, ფაქტების დამახინჯება – კობახიძე EU-ს ანგარიშზე

    დასანანია ამ მასშტაბის უსამართლობა, ფაქტების დამახინჯება – კობახიძე EU-ს ანგარიშზე

    “ძალიან დასანანია, როდესაც ჩვენ ვხედავთ ამ მასშტაბის უსამართლობას და ფაქტების დამახინჯებას ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან. ევროპული ბიუროკრატია წარმოადგენს ევროკავშირს და ასეთ დროს საფრთხე ექმნება და ზიანი ადგება არა მხოლოდ ევროპული ბიუროკრატიის რეპუტაციას, არამედ ევროკავშირის რეპუტაციასაც.

    სწორედ ასეთი ქმედებების შედეგია ის, რომ საქართველოში თანდათანობით მცირდება ნდობა, როგორც ევროპული ბიუროკრატიის, ისე, ზოგადად ევროკავშირის მიმართ. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ვითარება შეიცვლება ევროკავშირში და სამართლიანობა იქნება ის პრინციპი, მომავალში რითაც იხელმძღვანელებენ ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები. თუმცა, დღეს ეს ასე არ არის და ამისი საუკეთესო გამოხატულებაა ის ანგარიში, რომელიც გამოქვეყნდა.

    იგივე, როცა საუბარია რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე, და ამასთან დაკავშირებით უკრაინის მიერ გამოხატულ შფოთვაზე, ჩვენ არ გვახსენდება უკრაინის შეშფოთებული პოზიცია მოლდოვასთან, ან სხვა კანდიდატ ქვეყნებთან მიმართებით, რომელიც ასევე არ მიუერთდა სანქციებს.ეს ყველაფერი ნიშნავს ორმაგ სტანდარტებს, ნიშნავს უსამართლობას, ნიშნავს იმას, რომ სერიოზული პრობლემებია ევროპულ ბიუროკრატიაში”.

    განაცხადა ამის შესახებ “ქართული ოცნების პრემიერ-მინოსტრმა, ირაკლი კობახიძემ.

  • ევროკომისიის ანგარიში ტყუილია – გორდულაძე

    ეს განცხადებები მიმართულია მხოლოდ იმისკენ, რომ როგორმე, საქართველოში არეულობა გამოიწვიონ და ჩვენი ქვეყნის სათავეში მათი მოსაწონი ხელისუფლება მოვიდეს, რომელიც ევრობიუროკრატიის, შესაბამისად მათი პატრონების, იმ დიდი “დიფსთეითის” დაკრულზე იცეკვებს […]

    არაფერი განსხვავებული არ არის, რაც ჩვენ წლების განმავლობაში არ გვინახავს. არის აბსოლუტური ტყუილი და დეზინფორმაცია, მათ შორის, ქართველი ხალხის არჩევანის უგულებელყოფა.

    თქვა ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე.

  • არქიმანდრიტ ილია თოლორაიას აეკრძალოს მღვდელმოქმედების უფლება – საპატრიარქო

    პატრიარქმა ილია მეორემ დააკმაყოფილა ეპარქიული კომისიის წარდგინება და არქიმანდრიტ ილია თოლორაის მღვდელმსახურება აუკრძალა, “ვიდრე არ გამოავლენს გულწრფელ სინანულს”.

    “სამების საპატრიარქო ლავრის მღვდელმსახურს, არქიმანდრიტ ილიას (თოლორაია), ეპისკოპოსის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ზოგადად ეკლესიის იერარქებისადმი ცილისმწამებლური განცხადებებისათვის, ეპარქიალური კომისიის წარდგინების საფუძველზე, აეკრძალოს მღვდელმოქმედების უფლება, ვიდრე არ გამოავლენს გულწრფელ სინანულს” – წერია ბრძანებაში.

  • საზოგადოებამ  სრულიად უტიფარი სიცრუით გაჯერებული და ანტიქართული რიტორიკით სავსე ანგარიში მოისმინა – მათიკაშვილი

    საზოგადოებამ სრულიად უტიფარი სიცრუით გაჯერებული და ანტიქართული რიტორიკით სავსე ანგარიში მოისმინა – მათიკაშვილი

    „სრულიად უტიფარი სიცრუით გაჯერებული და ანტიქართული რიტორიკით სავსე ანგარიში მოისმინა გუშინ საზოგადოებამ ევროკომისიის მხრიდან. რთულია სხვა შეფასება მისცე, თუ არა ჩვენი ქვეყნის და ქართველი ხალხის მიმართ აშკარად არაკეთილმეგობრული განწყობა, რომელიც ვერ დამალა ევროკომისიამ და ევროკავშირმა. თითქოს, მართლაც ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენ, ქართველებს, საქართველოს ხელი ააღებინონ ევროპულ პერსპექტივაზე, იმდენად შეუსაბამო, სინამდვილესთან აცდენილი ე.წ. ფაქტები და არგუმენტებით არის გაჯერებული ეს ანგარიში. პირდაპირ ტყუილი არის ჩაწერილი ანგარიშში, თურმე, როგორ არ დაუჭირა მხარი უკრაინის სასარგებლოდ არსებულ რეზოლუციებს და როგორ მოქმედებდა ის საერთო ევროპული ინიციატივების წინააღმდეგ. თავიდან ბოლომდე ანგარიში იყო გაყალბებული, ეს შეგვიძლია პირდაპირ დავარქვათ. ეს არის ყალბი ანგარიში და ყალბი ანგარიშით მცდელობა, ჩვენს საზოგადოებაზე მოახდინონ ზეწოლა. ამავდროულად, ყველაზე გასაკვირი და მათთვის სამარცხვინო, ვინც ეს ანგარიში დაწერა, არის ის, რომ პირდაპირ ევროკავშირის წიაღში, ევროკომისიის ანგარიშთან ერთად არის უამრავი ინფორმაცია საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული, სადაც ჩვენმა ქვეყანამ უდიდეს პროგრესს მიაღწია და ხშირ შემთხვევაში არის ევროკავშირის არა თუ კანდიდატი ქვეყნების, არამედ ევროკავშირის წევრი ქვეყნების რეიტინგებზე მაღალ საფეხურზე მდგომი. ამ ყველაფერს ასე გაკვრით აღნიშნავენ. ხშირ შემთხვევაში, არც აღნიშნავენ. არც აძლევენ თავის თავს იმის შესაბამის ნიადაგს, რომ საფუძვლიანად ისაუბრონ პროგრესზე,”

    ამის შესახებ “ქართული ოცნების” პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ევროკავშირის გაფართოების ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.

  • შსს-ს თქმით, დაჭრილია სპეცრაზმელი, ლიკვიდირებულია მირზა ალიევი

    ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული სპეცოპერაციის დროს ლაგოდეხში, სოფელ კაბალში, ერთ-ერთმა დასაკავებელმა პირმა, მირზა ალიევმა სპეცრაზმის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ერთი სპეცრაზმელი მძიმედ დაიჭრა. საპასუხო ცეცხლის შედეგად მირზა ალიევი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული.
    ამის შესახებ „ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.
    მირზა ალიევი,  ლაგოდეხის საკრებულოს ყოფილი დეპუტატია.

    ეს უაკანასკნელი საკრებულოში 2010-2014 წლებში მუშაობდა.

    “5 სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისა და ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის ბრალდებით 34 პირი დავაკავეთ. 7 პირს კი, მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ 2 პირს, საზღვარგარეთ მყოფ 4 ადამიანსა და 1 კანონიერ ქურდს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში ერთ-ერთმა დასაკავებელმა პირმა, მირზა ალიევმა, რომელზეც დაკავების შესახებ მოსამართლის განჩინება იყო გაცემული, სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლების მისამართით ინტენსიური ცეცხლი გახსნა. შედეგად, ერთ-ერთი სპეცრაზმელი გულმკერდის არეში მძიმედ დაიჭრა. პოლიციის საპასუხო ცეცხლის შედეგად, მირზა ალიევი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული.დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს” – თქვა  შს მინისტრის, გეკა გელაძის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ