Blog

  • შესაბამისი სტრუქტურა გადაწყვეტს, მოითხოვოს თუ არა ექსტრადიცია – ვოლსკი გახარიაზე

    შესაბამისი სტრუქტურა გადაწყვეტს, მოითხოვოს თუ არა ექსტრადიცია – ვოლსკი გახარიაზე

    „გამოძიებას მტკიცებულებათა ერთობლიობა აქვს გამოსაქვეყნებელი. ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას შესაბამისი სტრუქტურა მიიღებს – მოითხოვოს თუ არა ექსტრადიცია, მაგრამ რეალურად, თუ შევხედავთ ვითარებას – საკმაოდ მძიმე შედეგი დაუდგა საქართველოს და განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვინც ჩორჩანას საგუშაგოს სიახლოვეს ცხოვრებდა. საოცრება ის არის, რომ [გახარიას] ამ ნაბიჯზე არავისთან შეთანხმება არ ჰქონია. ჩნდება არგუმენტირებული ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს განზრახ იქნა ჩადენილი იმისთვის რომ შეტაკება მომხდარიყო ან რუსეთს უფრო მკაცრი და ხისტი ზომები მიეღო საქართველოს მიმართ, რაც შემდეგ პროცესების განვითარებას გამოიწვევდა. პროკურატურისთვის ეს მოსაზრებები საგულისხმოა, მაგრამ ამასთან დაკავშირებით ფაქტი მხოლოდ ის არის, რომ საქართველომ უშველებელი ტერიტორია დაკარგა და კვლავ გაიზარდა საოკუპაციო ზონა.

    რაც შეეხება 20 ივნისის თემას. გარდა იმისა, რომ სტრასბურგმა მოითხოვა გამოძიება იმ გადაცდომების, რაც პოლიციამ ჩაიდინა, ისიც გასათვალისწინებელია, თავად პოლიცია რა მდგომარეობაში ჩააყენა ხელმძღვანელობამ, ამ შემთხვევაში გახარიამ. რამდენიმე საათის განმავლობაში იდგნენ ამ გააფთრებული შტურმის წინააღმდეგ, არ ინძრეოდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ, გაიტაცეს, რამდენიმე მათგანს წაართვეს ეკიპირება, დაამცირეს და ამის შემდეგ განვითარდა პროცესები, რომლის გამოძიებაც სტრასბურგმა მოითხოვა. ამ შეფასებების ერთობლიობა უნდა იყოს გამყარებული ფაქტებით და რასაკვირველია, ამ შემთხვევაში შესაძლოა შესაბამისმა სტრუქტურებმა ექსტრადირება მოითხოვონ“,

  • ბრალის დაზუსტება სურთ, მიზანს ვერ ვხედავ დამძიმების, ისედაც აბსურდული მუხლებია ბრალში – თუთბერიძე პაატა ბურჭულაძეზე

    “ბრალის დაზუსტება სურთ, მიზანს ვერ ვხედავ დამძიმების, ისედაც აბსურდული მუხლებია ბრალში” – ამის შესახებ პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ განაცხადა.

    „პოლიტიკური ანგარიშსწორება შედის შურისძიების ახალ ეტაპზე. ვერავითარ ინდიკატორს ვერ ვხედავ, რომ ეს ეტაპი იქნება უფრო მსუბუქი, ვიდრე ეს იყო წინა ეტაპზე, პირიქით მგონია, რომ რეპრესიების ახალი ტალღა არის მოსალოდნელი ქვეყანაში.

    გუშინ გვიან შეგვატყობინეს, რომ ბრალის დაზუსტება სურთ, რა მიზნითაც მოვედით ბრალდებულებისა და პოლიტიკური პატიმრების სანახავად და ბრალის ახალი ფორმულირების გასაცნობად. შინაარსი უცნობია, შესაძლებელია ეს ტექნიკური ხასიათის ან შინაარსობრივი ცვლილება იყოს. ორივე მოსალოდნელია. მიზანს ვერ ვხედავ ბრალის დამძიმების, ისედაც აბსურდული მუხლებია ბრალში მოცემული და არ მგონია, რომ სხვა მოცემულობა დაგვხვდეს.

    პროკურატურის წარმომადგენლები უკვე შესულები არიან და მეც შევდივარ”,- განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

  • რუსიკო კობახიძეს 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

    საბჭოთა წარსულის მკვლევარს, ლექტორს, 9 შვილის დედას, რუსიკო კობახიძეს სასამართლომ  გზის გადაკეტვისა და სახის დაფარვის მიზეზით 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ მიიღო.

    პირველად რუსიკო კობახიძე 5 ნოემბერს ღამით გზის გადაკეტვის მიზეზით დააკავეს.

    მას კობა ჩაგუნავამ მაშინ ერთდღიანი პატიმრობა შეუფარდა.

  • ანადგურებენ საქართველოს დამოუკიდებლობას და მანადგურებენ მეც – სააკაშვილი

    ანადგურებენ საქართველოს დამოუკიდებლობას და მანადგურებენ მეც – სააკაშვილი

    ”ანადგურებენ საქართველოს დამოუკიდებლობას და მანადგურებენ მეც” – საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც გუშინ კლინიკა ვივა მედიდან საპატიმროში გადაიყვანეს, მისმა ადვოკატმა ვახო ბარამაშვილმა მოინახულა.

    “ივანიშვილი ყოველ დილას იწყებს აკვიატებული ფიქრით: აბა დღეს ვის რა ვავნო, ხოდა ამჯერად მე დამაბრუნა დილეგში გუშინ. რა თქმა უნდა, გაფრთხილების გარეშე გადამიყვანეს რუსთავის ციხეში, სადაც ზუსტად ის ხალხი დამხვდა, რომლებმაც მომწამლეს 2022 წლის მარტში. მაშინ სასწაულად გადავურჩი სიკვდილს და ამ მოწამვლის სიმპტომები დღემდე მაქვს დარჩენილი.

    მადლობა ვივამედის იმ ექიმებს, რომლებიც იბრძოდნენ ჩემი სიცოცხლისთვის. ამდენი პატიმრის და უბედურების ფონზე მე არ ვითხოვ ჩემთვის რაიმე განსაკუთრებულ სიმპატიებს.

    რატომ დამაბრუნეს სწორედ ახლა ჯალათებთან? ჯერ ერთი, იმიტომ რომ უნდათ ჩემი მრავალრიცხოვანი მომხრეების დაშინება, მეორეც – ეს უგზავნის კონკრეტულ გზავნილს დასავლეთს და უკრაინას, სადაც დღემდე ვირიცხები ზელენსკის რეფორმათა საბჭოს თავმჯდომარედ. საქმე იმაშია, რომ ივაშვილმა თავის დროზე აიღო ვალდებულება ჩემი სიცოცხლის შენარჩუნებაზე და ახლა, ამ ნაბიჯით ეუბნება ევროპელებს და ამერიკელებს, რომ ეს დაპაირება, როგორც ყველა სხვა, ძალაში აღარაა.

    დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი შეთანხმებულია მოსკოვთან. საქმე იმაშია, რომ მსოფლიოსთვის მე ვარ პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე წარმატებული რეფორმების და ასევე საქართველოს თავისუფლების და სახელმწიფოებრიობის სიმბოლო.

    ანადგურებენ საქართველოს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას და მანადგურებენ მეც.

    დღეს მინდა ვუთხრა ადამიანებს ის, რასაც მთელი ეს დრო ვეუბნებოდი: არავითან შემთხვევაში არ დანებდეთ და იბრძოლეთ, ვინაიდან ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია.

    დიდება თავისუფლებას!”, – ვკითხულობთ მიხეილ სააკაშვილის წერილში.

  • სააკაშვილის ციხეში გადაყვანა ქვეყანაში დიქტატურის კონსოლიდაციის ნაწილია – ბოკუჩავა

    “ამ გადაწყვეტილებას აქვს ორი საფუძველი. ერთი, ეს არის ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებიდან 13 წლის თავზე ივანიშვილის მთავარი მეტოქე და პოლიტიკური მტერი, ისევე როგორც პერსონალური მტერი დღესაც სწორედ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია. ეს განპირობებულია იმით, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვლადიმერ პუტინის პირადი, ნომერ პირველი მტერია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში, ახლა უკვე პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად, რომლებმაც გაბედეს და თავიანთი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა არ ჩააბარეს მტერს, იბრძოლეს ქვეყნის სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად;

    მეორე, ეს არის ივანიშვილის სასოწარკვეთილი მცდელობა, მიიქციოს დასავლეთის და, კონკრეტულად, აშშ-ის ყურადღება. გახსოვთ, აშშ-ის კონგრესში ბიძინა ივანიშვილზე იყო საუბარი, როგორც ვერშემდგარ, უნიათო დიქტატორზე, და ახლა დიქტატურის კონსოლიდაციით ივანიშვილი ცდილობს, დასავლეთს დაუმტკიცოს, რომ საქართველოს დიქტატურა შედგა, თავად შედგა, როგორც დიქტატორი და დიქტატორის რანგში მაინც დაელაპარაკოს დასავლეთსa და აშშ-ს.

    ყველაზე ძალიან რაც მიკვირს, ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება ფულის თვლაში გაატარა, ვერ აცნობიერებს, რომ, ლუკაშენკოსგან განსხვავებით, მისი პირადი, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის ფინანსები მთლიანად დასავლეთზეა ჩამოკიდებული. ამიტომ ივანიშვილი ვერასოდეს შეძლებს, ჰქონდეს ის სამომლაპარაკებლო პოზიცია დასავლეთთან, აშშ-თან, როგორიც აქვს ლუკაშენკოს ან როგორიც შესაძლოა, მომავალში ჰქონდეს ვლადიმერ პუტინს, როდესაც ეს მოლაპარაკებები შედგება.

    ამ სასოწარკვეთილ მოქმედებებზე, დიქტატურის კონსოლიდაციაზე ჩვენი პასუხი უნდა იყოს ბრძოლა, კიდევ მეტი სიმტკიცე, ერთიანობა, უფრო მეტი კონსოლიდაცია, ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის, ქვეყნის გამარჯვებისთვის, სიმართლისთვის, რომელიც ჩვენს მხარეს არის, სიმშვიდისთვის, რომელიც სჭირდება ქვეყანას, ჩვენს ოჯახებს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის და ამ ქვეყნის დაბრუნებისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. გამარჯვება უდავოდ ჩვენია და გამარჯვება აუცილებლად მოვა, ამისთვის აუცილებელია ჩვენი ერთიანი ბრძოლის გაგრძელება”,

    აცხადებს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა.

  • მეუღლეს პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებით დაემუქრა – შსს-მ 1 პირი დააკავა

    მეუღლეს პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებით დაემუქრა – შსს-მ 1 პირი დააკავა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,  გარდაბანში ოჯახში ძალადობის ბრალდებით 1975 წელს დაბადებული რ.ბ. დააკავეს.  დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ბ.-მ ურთიერთშელაპარაკებისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს – 1990 წელს დაბადებულ ს.კ.-ს და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით დაემუქრა. სამართალდამცველებმა რ.ბ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს” – წერია უწყების განცხადებაში.

  • მიხეილ სააკაშვილს აღარ ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობა და დაბრუნდა N12 პენიტენციურ დაწესებულებაში – პენიტენციური

    “მიხეილ სააკაშვილს აღარ ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობა და დაბრუნდა N12 პენიტენციურ დაწესებულებაში” – ამის შესახებ, სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
    ”როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი, სტაციონარული სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით, 2022 წლის 12 მაისს გადაყვანილ იქნა კლინიკა ვივამედში, სადაც ის ამ დრომდე იმყოფებოდა და მიეწოდებოდა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.
    საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოდან პაციენტის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნება ხორციელდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მკურნალი ექიმის გადაწყვეტილების საფუძველზე.
    ვინაიდან, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და მას აღარ ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობა, ის გამოწერილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკიდან და დაბრუნდა N12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც საერთო წესით გააგრძელებს სასჯელის მოხდას”. ნათქვამია განცხადებაში.
  • სიცრუეა, რომ არქიმანდრიტ დოროთეს პოლიტიკური შეხედულებების გამო ვდევნით –  ჯაღმაიძე

    სიცრუეა, რომ არქიმანდრიტ დოროთეს პოლიტიკური შეხედულებების გამო ვდევნით – ჯაღმაიძე

    როგორც არქიმანდრიტი ილიას შემთხვევაში, პირველი შეხვედრა, რომელიც 16 სექტემბერს შედგა არქიმანდრიტ დოროთესთან დაკავშირებით, დამოკიდებულება იყო ერთი და იგივე, რომ მისთვის გვეთქვა იმ გადაცდომების შესახებ, რომელიც ეხებოდა სასულიერო პირებს.

    არცერთი შეკითხვა, არცერთი მისდამი გამონათქვამი არ შეხებია მის პოლიტიკურ შეხედულებებს და იმთავითვე, 16 სექტემბრიდან მოყოლებული, ყველაფერი არის სიცრუე, რაც უკავშირდება იმ შინაარსს, რომ თითქოს მას პოლიტიკური შეხედულებების შესახებ დევნიან, შესაბამისად, ამდენი ხანი, ყველაფერი, რაც სართულ-სართულ დააშენეს ამ მხარემ, ყველაფერი არის უსაფუძვლო და მე მივმართავ არქიმანდრიტ დოროთეს, მთლიანად გამოაქვეყნოს ის ჩანაწერი, სრულად, რომ მსმენელმა და მაყურებელმა თავად განსაჯოს, რამდენჯერ იყო იქ ნათქვამი, რომ “შენი შეხედულებები როგორც გინდა ისე წარმოაჩინე, უბრალოდ, იყავი კორექტული კოლეგების და იერარქიის მიმართ”.

    იმ შემთხვევაში, მამა დოროთეს დაბარება მოხდა კომისიაზე გარკვეული პერიოდის შემდეგ, ხოლო მამა ილიას შემთხვევაში მოცდასაც აზრი აღარ ჰქონდა და ამიტომ, იმ დღესვე დაიწერა ის დასკვნა. ასე რომ ცოტა ხანში ეს დასკვნა გამოქვეყნდება და საშუალება გექნებათ, თავად გაეცნოთ.

    ამბობს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

  • ევროკომისია გამოაქვეყნებს ვიზის შეჩერების ანგარიშს, მათ შორის საქართველოსთვისაც – ჰერჩინსკი

    „ამ კითხვას საკმაოდ ხშირად მისვამენ და ვცდილობ, არ ვუპასუხო, რადგან უბრალოდ არ მინდა სპეკულირება.რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ახალი მექანიზმი მოქმედებს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ყველა იმ ქვეყნისთვის, რომლებიც ევროკავშირში უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ. რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ დეკემბერში, მომავალ თვეში, ევროკომისია გამოაქვეყნებს ვიზის შეჩერების მექანიზმის ანგარიშს, მათ შორის საქართველოსთვისაც. ამ ანგარიშს გაუზიარებენ წევრ სახელმწიფოებს და წევრი სახელმწიფოები განიხილავენ და მიიღებენ გადაწყვეტილებას. რა სახის გადაწყვეტილებას მიიღებენ წევრი სახელმწიფოები – ეს ნამდვილად ისეთი რამაა, რაზეც სპეკულირება არ მინდა. როგორც ყველამ ვიცით, ევროკომისიამ საქართველოს ხელისუფლებას სთხოვა განმარტებები ვიზებთან დაკავშირებული ბოლო ანგარიშიდან რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესახებ. ევროკომისიამ მიიღო პასუხი. როგორც მესმის, ეს პასუხი არ არის დამაკმაყოფილებელი. საქართველოს ხელისუფლებისგან მიღებული ამ პასუხის საფუძველზე, დეკემბერში გამოქვეყნდება ვიზების შეჩერების მექანიზმის ახალი ანგარიში. მას წევრ სახელმწიფოებს გაუზიარებენ და გადაწყვეტილებას წევრი სახელმწიფოები მიიღებენ“

    ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

  • ნაპოვნია თურქული სამხედრო თვითმფრინავის შავი ყუთი – კატასტროფის ადგილზე კი უკვე 19 გარდაცვლილის ცხედარს მიაკვლიეს

    სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ჩამოვარდნილი თურქული სამხედრო თვითმფრინავის შავი ყუთი იპოვეს. ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ადასტურებს.

    კატასტროფის ადგილზე კი უკვე 19 გარდაცვლილის ცხედარს მიაკვლიეს. ერთის ძებნა გრძელდება.ადგილზე სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

    • “ჩვენი თვითმფრინავის შავი ყუთი ნაპოვნია და გამოძიებები დაწყებულია. დაღუპულთა 19 ცხედარი ვიპოვეთ. ბოლო ცხედრის ძიება გრძელდება. ამ პროცესის განმავლობაში, უპირველეს ყოვლისა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევს ვესაუბრეთ და შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრ კობახიძეს”, – განაცხადა ერდოღანმა.

    ცნობისთვის, გუშინ, 11 ნოემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, თურქეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილი სამხედრო თვითმფრინავის, C130 “ჰერკულესი” ჩამოვარდა.

    ეს არის ამერიკული ოთხძრავიანი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომელიც გამოიყენება როგორც საჰაერო თავდასხმებისთვის, ისე ტვირთის გადასაზიდად და ჰუმანიტარული მისიებისთვის. თურქეთის შეიარაღებულ ძალებს ამ ტიპის სულ 20 სამხედრო ხომალდი ჰყავს. ეს კონკრეტული თვითმფრინავი 56 წლის იყო, 1969 წელს აწყობილი.

    თვითმფრინავი რეისს აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით ასრულებდა. ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.