Category: ახალი ამბები

  • სი ძინპინმა ტრამპი გააცილა, შემდეგი პუტინია. რით დასრულდა აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტი ჩინეთში

    სი ძინპინმა ტრამპი გააცილა, შემდეგი პუტინია. რით დასრულდა აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტი ჩინეთში

    ამერიკის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი ჩინეთში ბოლო 9 წლის განმავლობაში იმით დასრულდა, რისთვისაც იყო წამოწყებული: მყიფე მშვიდობით პლანეტის ორ მთავარ სახელმწიფოს შორის.

    ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა დონალდ ტრამპი პეკინში დიდი ზარ-ზეიმით მიიღო, მას თანასწორივით ესაუბრა და კიდეც დაემუქრა. ის არ აჩქარებულა ამერიკის დასახმარებლად მის მთავარ მტერთან — ირანთან — ბრძოლაში, ხოლო როგორც კი ტრამპი გაფრინდა, სი უკვე აშშ-ის კიდევ ერთი მეტოქის, რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინის, მისაღებად მზადებას შეუდგა.

    ექსპერტები წინასწარ ამბობდნენ, რომ ტრამპის ჩინეთში ვიზიტისგან კონკრეტულ შედეგებს არ უნდა დალოდებოდნენ. საკმარისი იქნებოდა ისიც, რომ პლანეტის ორი უდიდესი ეკონომიკისა და არმიის ლიდერები ერთმანეთს შეხვდებოდნენ და მშვიდობიანად დაშორდებოდნენ.

    საბოლოოდ ასეც მოხდა. ტრამპმა და სიმ ერთმანეთს კომპლიმენტები გაუცვალეს, ხოლო მათმა დიპლომატებმა დახურული მოლაპარაკებების შედეგები გაახმოვანეს. თუ ამ შედეგებს კონტექსტის გარეშე წავიკითხავთ, შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ტრამპი და სი თარჯიმნის გარეშე საუბრობდნენ და თითოეულმა მხოლოდ საკუთარი თავი გაიგონა და გაიგო – იმდენად რადიკალურად განსხვავდება ჩინური და ამერიკული ვერსიები იმის შესახებ, რაზე ისაუბრეს მათ.

    ჩინური მხარე ამტკიცებს, რომ სიმ ტრამპთან განიხილა, როგორ იცვლება გეოპოლიტიკა ცვალებად სამყაროში – რაც ჩინური, მოჭარბებულად დიპლომატიური ფორმულირებაა თეზისისა, რომ ამერიკა აღარ არის ჰეგემონი და ჩინეთი მასთან თანასწორია – ასევე ტაივანის საკითხი.

    ამერიკელები კი ამტკიცებენ, რომ ტრამპი საუბრობდა იმაზე, როგორ დაეხმარება ჩინეთი აშშ-ს ტრამპის მიზნების მიღწევაში: ჩინური ინვესტიციების გაზრდა ამერიკაში, აშშ-დან მეტი ნავთობისა და გაზის შეძენა, ამერიკაში ნაკლები ფენტანილის შეტანა, ამერიკული კომპანიებისთვის ჩინურ ბაზარზე წვდომის გაფართოება და  რაც მთავარია  ირანის დარწმუნება, მოხსნას ჰორმუზის სრუტის ბლოკადა და უარი თქვას ბირთვული ბომბის შექმნის იდეაზე.

    ტაივანზე ამერიკელებს საერთოდ არაფერი უთქვამთ, მაშინ როცა სიმ თავიდანვე ცხადად მიანიშნა, რომ კომუნისტური ჩინეთისთვის დემოკრატიული ჩინური კუნძულის საკითხს პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს. ტრამპთან შეხვედრამდეც კი სიმ ფსონები გაზარდა და პირველად დაემუქრა ამერიკას ომით, თუ რამე არასწორად წავიდოდა.

    „სი ძინპინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტაივანის საკითხი, ალბათ, ჩინეთსა და აშშ-ს შორის ორმხრივი დღის წესრიგის ყველაზე საკვანძო თემაა, — განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. — თუ ამ საკითხს არასწორად მიუდგებიან, ორი ქვეყანა შეიძლება ერთმანეთს შეეჯახოს და კონფლიქტშიც კი შევიდეს.“

    ტრამპს სის მუქარაზე პასუხი არ გაუცია, ხოლო ცოტა მოგვიანებით სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ის პოზიცია არ შეცვლილა. ამერიკა აღიარებს „ერთი ჩინეთის“ პრინციპს და არ უჭერს მხარს ტაივანის დამოუკიდებლობას. ჩინეთი დიდი ხანია ცდილობს, რომ აშშ-მ ფორმულირება „არ უჭერს მხარს“ შეცვალოს სიტყვებით — „ეწინააღმდეგება“.

    მიუხედავად იმისა, რომ სამიტის შედეგები ჩინური და ამერიკული ვერსიებით ორი სრულიად განსხვავებული შეხვედრის ანგარიშს ჰგავს, მთავარი ის არის, რომ არცერთი მხარე მეორეს არ ეწინააღმდეგება და არც ცდილობს, უარყოს მისი ინტერპრეტაცია, აღნიშნავს რაიან ჰასი, თეთრი სახლის ყოფილი ჩინეთის სპეციალისტი, რომელიც ბარაკ ობამას სი ძინპინთან რამდენიმე შეხვედრაზე ახლდა 2014–2016 წლებში.

    „ის ფაქტი, რომ მხარეებმა შეხვედრა ასე განსხვავებულად აღწერეს, მიუთითებს იმაზე, რომ ისინი შეგნებულად აძლევენ ერთმანეთს შესაძლებლობას, საკუთარი პრიორიტეტები გამოკვეთონ. როგორც ჩანს, ეს კეთდება ურთიერთობებში სტაბილურობის გასამყარებლად — სტაბილურობისა, რომლისკენაც ორივე ლიდერი ისწრაფვის“, — წერს ჰასი, რომელიც ახლა ამერიკული Brookings Institution-ის ექსპერტია.

    ამავე ტონით გამოვიდა სი ტრამპთან ბანკეტზე.

    „ჩვენ ერთსულოვნად მიგვაჩნია, რომ ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობები დღევანდელ მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი ორმხრივი ურთიერთობებია. ისინი უნდა გაუმჯობესდეს და არა განადგურდეს. თანამშრომლობით იგებენ ჩინეთიც და აშშ-იც, ხოლო დაპირისპირება ჩვენს შორის ორმხრივ ზიანს გამოიწვევს. ამიტომ ჩვენ პარტნიორები უნდა ვიყოთ და არა მეტოქეები“, — განაცხადა ჩინეთის ლიდერმა.

    ჩინეთი ცდილობს, მყიფე ზავი გაახანგრძლივოს, მაგრამ არ ჩქარობს ტრამპთან რაიმე კონკრეტულზე შეთანხმებას, რადგან სი გრძელ თამაშს თამაშობს. ტრამპს კი, ჯერ ერთი, სწრაფი შედეგები და ხმაურიანი „გარიგებები“ უყვარს; მეორე — იშვიათად ინარჩუნებს სიტყვას; და მესამე — მისი საპრეზიდენტო ვადა სამ წელზე ნაკლებში დასრულდება, ხოლო უკვე ნოემბერში ის შეიძლება „კოჭლ იხვად“ იქცეს, თუ დემოკრატები კონგრესის შუალედურ არჩევნებს მოიგებენ.

    „ჩინეთში ბევრი, როგორც ჩანს, დარწმუნებულია, რომ აშშ-სთან დაპირისპირება კვლავ გამწვავდება ან შუალედური არჩევნების შემდეგ, ან ტრამპის წასვლის შემდეგ. ამ თვალსაზრისით, მათი ამოცანაა არა შერიგება, არამედ დროის გაწელვა: სტაბილურობის შენარჩუნება და პარალელურად ჩინეთის გრძელვადიანი პოზიციების გაძლიერება“, — მიიჩნევს ზოი ლიუ, ჩინეთის საკითხების ექსპერტი.

    როგორ გამოადგება პუტინი სის

    ეს სტრატეგია შედეგს იძლევა. ჩინური პროპაგანდა სის წარმოაჩენს წამყვან მსოფლიო ლიდერად, რომელთანაც ერთმანეთის მიყოლებით ჩადიან მთავარი ბირთვული სახელმწიფოების ხელმძღვანელები. ჯერ ტრამპი ჩავიდა ტაივანზე ლექციის მოსასმენად. ამის შემდეგ კი სიმ წითელ ხალიჩაზე ვლადიმირ პუტინი დაიბარა — რუსეთის პრეზიდენტი, რომლის მმართველობის დროსაც რუსეთი ჩინეთის ნედლეულისა და ტექნოლოგიურ დანამატად იქცა.

    სი, სავარაუდოდ, პუტინის მომავალ კვირაში ჩასვლას გამოიყენებს იმისთვის, რომ მსოფლიოს კიდევ ერთხელ აჩვენოს: აშშ ჩინეთს ვეღარ კარნახობს წესებს. ამისთვის სის აქვს კონკრეტული ბერკეტები ახალი ჰეგემონიის საჩვენებლად.

    ერთ-ერთი ასეთი ბერკეტი ომია. ტრამპი დიდი ხანია ცდილობს, დაასრულოს რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ და საკუთარი ომი ირანთან. ჩინეთი ამ ქვეყნების მთავარი მფარველი და მოკავშირეა და ჩინეთის გარეშე ტრამპს ჯერჯერობით არაფერი გამოსდის.

    მეორე ბერკეტი ენერგეტიკაა. ტრამპი ცდილობს, ამერიკა მსოფლიოში ნავთობისა და გაზის ჰეგემონად აქციოს და სურდა დაერწმუნებინა სი, რომ ჩინეთს მეტი ნავთობი და გაზი შეეძინა აშშ-ში და არა იქ, საიდანაც ახლა ყიდულობს — ახლო აღმოსავლეთსა და რუსეთში.

    ჩინეთს კონკრეტული ვალდებულებები არ აუღია.

    უკვე მომავალ კვირაში კი სიმ შესაძლოა კიდევ ერთხელ აჩვენოს კბილები ტრამპს, თუ პუტინთან ხელს მოაწერს დიდი ხნის ნანატრ კონტრაქტს გაზსადენ „სილა სიბირი — 2“-ის მშენებლობაზე, დაჰპირდება, რომ მეტ გაზს იყიდის რუსეთში და არა აშშ-ში, და ამავდროულად დაეხმარება პუტინს ევროპაში ექსპორტის დაკარგული შემოსავლების ჩანაცვლებაში და უკრაინაში ომისთვის ფულის შოვნაში.

    ამ ყველაფერმა შეიძლება ტრამპი გააღიზიანოს და უკვე უახლოეს კვირებსა და თვეებში აშშ-ჩინეთის ურთიერთობების გამწვავება გამოიწვიოს, ამბობენ ექსპერტები. მით უმეტეს, რომ ტრამპი ჩინეთთან ახალ სავაჭრო ომს ამზადებს — მისი წინა ტარიფები მისივე უზენაესმა სასამართლომ უკანონოდ ცნო, ახლა კი თეთრი სახლი ცდილობს ახალი ტარიფების შემოღებას, ოღონდ უკვე სხვა საბაბით.

    ამიტომ ეს ზავი მეტად დროებითი და მყიფეა, აღნიშნავს მაიკლ ფრომანი — თეთრი სახლის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში საგარეო ვაჭრობასა და „დიდ შვიდეულთან“ და APEC-თან, აზიისა და ამერიკის ქვეყნების ასოციაციასთან, კავშირებს კურირებდა.

    აშშ-სა და ჩინეთს შორის უამრავი გადაუჭრელი წინააღმდეგობაა — ვაჭრობიდან ტაივანამდე და ბირთვული შეიარაღების რბოლამდე — რომლებიც ტრამპმა და სიმ უბრალოდ პეკინის სამიტის საზეიმო წითელი ხალიჩის ქვეშ გადამალეს.

    „ამ პრობლემების უმეტესობის იგნორირება მომავალი კონფლიქტის რისკს ქმნის, –ამბობს მაიკლ ფრომანი. – არსებობს განსხვავება გაწონასწორებულ სკეპტიციზმსა და თვითდამშვიდებას შორის. გარკვეულ მომენტში აშშ-ჩინეთის ურთიერთობებში საკვანძო წინააღმდეგობები გარდაუვლად მოითხოვს გადაწყვეტას.“

  • ზელენსკის თქმით, რუსები პრეზიდენტის ოფისსა და რეზიდენციაზე დარტყმას გეგმავენ

    ზელენსკის თქმით, რუსები პრეზიდენტის ოფისსა და რეზიდენციაზე დარტყმას გეგმავენ

    რუსები უკრაინის პრეზიდენტის ოფისსა და რეზიდენციაზე დარტყმას გეგმავენ, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის მეთაური ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

    „თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეციალისტებმა დოკუმენტები მოიპოვეს, რომლებიც რუსების მიერ უკრაინის წინააღმდეგ ახალი დარტყმების მომზადებაზე მეტყველებენ, კერძოდ კი, როგორც ისინი აღნიშნავენ, „გადაწყვეტილების მიღების ცენტრებზე“. მათ შორის თითქმის ორი ათეული პოლიტიკური ცენტრი და სამხედრო სარდლობის პუნქტია. რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია გავითვალისწინეთ. მაგრამ ღირს კონკრეტულად რუსეთის ხელისუფლებისთვის აღნიშვნა, რომ უკრაინა რუსეთი არ არის. აგრესორი სახელმწიფოსგან განსხვავებით, სადაც ნათლად არის ამ ომის ავტორი და მის გარშემო არსებული დიდი ხნის წრე, რომელიც რეალობისგან მის ჩამოშორებას უწყობს ხელს, უკრაინის თავდაცვის წყარო უკრაინელი ხალხის მზაობაა იბრძოლონ თავისი დამოუკიდებლობისთვისა და თავისი სუვერენული სახელმწიფოსთვის“, – წერს ზელენსკი.

  • 17 მაისს თბილისის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდებ

    17 მაისს თბილისის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდებ

    ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, 17 მაისს რუსთაველის გამზირიდან სამების საკათედრო ტაძრამდე მსვლელობა გაიმართება, რის გამოც დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

    „მსვლელობა 11:00 საათზე ქაშვეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება. 08:00-იდან 14:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება გია ჭანტურიას ქუჩაზე, რუსთაველის გამზირის კვეთიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, ასევე, ბარათაშვილის ხიდზე და ბარათაშვილის აღმართიდან ავლაბრის მოედნამდე.

    რუსთაველის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენ ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება თარხნიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდგომ, ბარნოვის, გოგებაშვილის, მაყაშვილისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით. მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვის, ზანდუკელისა და შანიძის ქუჩების გავლით.

    მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე გადაადგილებას შეძლებენ ჭანტურიას ქუჩის კვეთამდე, საიდანაც მარცხნივ მოხვევით ჭანტურიასა და სოლიკო ვირსალაძის ქუჩების გავლით მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დაუკავშირდებიან.

    თავისუფლების მოედანზე საგზაო მოძრაობის შეზღუდვის პერიოდში ავტომობილებისთვის მოძრაობა შესაძლებელი იქნება ბარათაშვილის ხიდთან არსებულ პანდუსამდე და რუსთაველის გამზირის მხრიდან ჭანტურიას ქუჩამდე. გადაადგილება შეზღუდული იქნება კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით.

    რუსთაველის გამზირზე მოძრაობა დაშვებული იქნება ჭანტურიას ქუჩამდე. გადაადგილება შეიზღუდება ლ. უკრაინკას, ა. ჯორჯაძის, ზ. ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ა. ფურცელაძისა და ლ. გუდიაშვილის ქუჩებზეც.

    თავისუფლების მოედნიდან მსვლელობა გაგრძელდება სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით, რა დროსაც საავტომობილო მოძრაობა მიმდევრობით შეიზღუდება ბარათაშვილის ხიდზე და ბარათაშვილის აღმართიდან ავლაბრის მოედნამდე.

    ბარათაშვილის ქუჩაზე მოძრაობის შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები თავისუფლების მოედნის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და კოტე აფხაზის ქუჩის გამოყენებით, ხოლო ავლაბრის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილდებიან მშრალი ხიდის გავლით, კოსტა ხეთაგუროვისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით.

    ავლაბრის მოედანზე საავტომობილო გზის გადაკეტვის დროს ქეთევან დედოფლის გამზირიდან მოძრავი ავტომანქანები ბოჭორმისა და იალბუზის ქუჩების გამოყენებით დაუკავშირდებიან მტკვრის მარცხენა სანაპიროს, ხოლო ქეთევან დედოფლის გამზირისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები ბარათაშვილის ქუჩაზე მოტრიალების შემდეგ, ბარათაშვილის ხიდის გამოყენებით იმოძრავებენ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, შემდგომ იალბუზის, ბოჭორმის ქუჩებზე და ქეთევან დედოფლის გამზირზე ავლაბრის მოედნის მიმართულებით.

    საგზაო მოძრაობა მსვლელობის დასრულების შემდეგ, ეტაპობრივად აღდგება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

  • კომპანიები, რომლებიც ყველაზე მეტ ფულს იხდიან სანქცირებულ “იმედზე” რეკლამის განთავსებისთვის

    კომპანიები, რომლებიც ყველაზე მეტ ფულს იხდიან სანქცირებულ “იმედზე” რეკლამის განთავსებისთვის

    კომუნიკაციების კომისიის ცნობით,  მიმდინარე წლის  1-ელ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როგორც ტელე, ისე რადიომაუწყებლებს გაეზარდათ კომერციული სარეკლამო შემოსავლები. მხოლოდ ტელევიზიებმა, ჯამურად, 25,6 მილიონი მიღეს. თანხის თითქმის 90% პირდაპირ რეკლამაზე მოდის.

    დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულმა ტელეკომპანია იმედმა 2026 წლის I კვარტალში “მეამას”, “ავენიუ ბაი ორბის” და “ანაგის” რეკლამებიდან ნახევარ-ნახევარ მილიონ ლარზე მეტი მიიღო.

    “შპს “მეამას” (405139425) 85%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი სულიკო ვარსემაშვილია. ამ კომპანიის 10%-იან წილს — თამაზ ხარაიძე, 5%-ს კი გიორგი ჭელიძე ფლობს.

    “ანაგის” (245416401) 100%-იანი წილის მფლობელი ნანა აროშიძეა, ხოლო წილის მმართველი — ზაზა გოგოტიშვილი. კომპანიის დირექტორმა ირაკლი გოგოლიშვილმა ქართულ ოცნებას 2023-2025 წლებში 180 000 ლარი შესწირა.

    “ავენიუ ბაი ორბის” (445488749) მფლობელი ზაზა ზოიძის საკუთრებაში არსებული “ორბი ჯგუფი ბათუმია”, — წერს “მედიაჩეკერი”.

    თითოეულმა მათგანმა “იმედზე” რეკლამის განთავსებისთვის, მხოლოდ 2026 წლის 1-ელ სამ თვეში, ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს.

    • სარეკლამო შემოსავლების მიხედვით ტელეკომპანიების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:

    1. იმედი — ₾9,8 მლნ;

    2. რუსთავი 2 — ₾7,2 მლნ;

    3. პოსტვ — ₾1,9 მლნ;

    4. ტვ პირველი — ₾975 ათასი;

    5. ფორმულა — ₾936 ათასი;

  • მიმდინარე წლის, პირველ კვარტალში, დროებითი მოთავსების იზოლატორებში 5944 პირი მოათავსეს

    მიმდინარე წლის, პირველ კვარტალში, დროებითი მოთავსების იზოლატორებში 5944 პირი მოათავსეს

    2026 წლის პირველ კვარტალში, დროებითი მოთავსების იზოლატორებში 5944 პირი მოათავსეს.

    შსს-ს ინფორმაციით, საერთო ოდენობიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლებით დაკავებულ პირთა რაოდენობა შეადგენს 4482-ს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული მუხლებით დაკავებულთა ოდენობა კი 1327-ს.

    დროებითი მოთავსების იზოლატორებში ჯამში 135 მიგრანტი პირი მოთავსდა.

    2026 წლის პირველ კვარტალში დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოთავსებული პირებიდან 5725 მამაკაცია, 219 კი ქალი.

  • ვაგრძელებთ პრაგმატული და კონსტრუქციული უკრაინულ-ქართულ დიალოგის განვითარებას – საბიგა ბოჭორიშვილს შეხვდა

    ვაგრძელებთ პრაგმატული და კონსტრუქციული უკრაინულ-ქართულ დიალოგის განვითარებას – საბიგა ბოჭორიშვილს შეხვდა

    ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მინისტერიალის სხდომაზე ჩემს ქართველ კოლეგასთან, მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შესანიშნავი შესაძლებლობა მქონდა, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.

    „განვიხილეთ ფართო ორმხრივი დღის წესრიგი, ჩვენი თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებში, კერძოდ, სუამ-ში, და უახლესი პოლიტიკური დინამიკა საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ სივრცეში ევროპიდან სამხრეთ კავკასიამდე. ვაგრძელებთ გამჭვირვალე, პრაგმატული და კონსტრუქციული უკრაინულ-ქართულ დიალოგის განვითარებას“, – წერს სიბიგა.

  • აშშ-ს სასამართლომ ნეონაცისტური დაჯგუფების ქართველ ლიდერს, „ყასაბს“ 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა

    აშშ-ს სასამართლომ ნეონაცისტური დაჯგუფების ქართველ ლიდერს, „ყასაბს“ 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა

    ნიუ-იორკის ფედერალურმა სასამართლომ 22 წლის საქართველოს მოქალაქეს – მიხეილ ჩხიკვიშვილს, რომელიც კრიმინალურ წრეებსა და ექსტრემისტულ ფორუმებზე „მეთაური ყასაბის“ (Commander Butcher) ფსევდონიმით იყო ცნობილი, 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი მოსამართლემ 2026 წლის 13 მაისს ოფიციალურად გამოაცხადა.
    აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ოფიციალური ინფორმაციით, ჩხიკვიშვილი ხელმძღვანელობდა საერთაშორისო ნეონაცისტურ დაჯგუფებას „Maniac Murder Cult“ (M.K.U.), რომლის მიზანიც თეთრკანიანთა უპირატესობის დამყარება, მასობრივი ტერაქტების მოწყობა და ეთნიკური, რელიგიური თუ სექსუალური უმცირესობების ფიზიკური განადგურება იყო.

    სასამართლო მასალების მიხედვით, ჩხიკვიშვილი ნიუ-იორკში მასშტაბურ ტერაქტს გეგმავდა. მისი ჩანაწერებით დგინდება, რომ საახალწლო დღეებში, ბრუკლინში, მის მიერ დაქირავებულ პირს სანტა კლაუსის ფორმაში გამოწყობილს ებრაელი და ეთნიკური უმცირესობების ბავშვებისთვის მომაკვდინებელი საწამლავით (რიცინით) გაჯერებული ტკბილეული უნდა დაერიგებინა. გეგმა ჩაიშალა, რადგან პირი, ვისაც ის ამ დავალებას აძლევდა, რეალურად გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ფარული აგენტი აღმოჩნდა – წერს The New York Times.
    გარდა ამისა, ექსტრემისტის ტელეფონისა და კომპიუტერის ჩხრეკისას, სამართალდამცავებმა ამოიღეს ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის ამსახველი ფაილები და მის მიერვე დაწერილი მანიფესტი „Hater’s Handbook“ (მოძულეს სახელმძღვანელო), სადაც ის მიგრანტების, უსახლკაროებისა და ლგბტ თემის წევრების მკვლელობის დეტალურ ინსტრუქციებს ავრცელებდა.

    ამერიკელი პროკურორების განცხადებით, ჩხიკვიშვილის იდეოლოგიამ და მოწოდებებმა გავლენა მოახდინა რეალურ დანაშაულებზე. კერძოდ, მის ორგანიზაციასა და მანიფესტს პირდაპირ უკავშირებდნენ ნეშვილის (ტენესი) ქრისტიანულ სკოლაში მომხდარ თავდასხმასა და თურქეთში, ქალაქ ესქიშეჰირში მეჩეთთან მომხდარ მასობრივ დაჭრას.
    მიხეილ ჩხიკვიშვილი თბილისში, საკუთარიბინიდან, დაშიფრული ჩატების მეშვეობით მართავდა დაჯგუფებას: უგზავნიდა ამერიკელ, რუს და ევროპელ წევრებს ბომბებისა და საწამლავების დამზადების ინსტრუქციებს და გეგმავდა თავდასხმებს.
    2024 წლის ივლისში, როდესაც მიხვდა, რომ სამართალდამცავები მასზე გადიოდნენ, მან სასწრაფოდ დატოვა საქართველო – ჯერ თურქეთში გადავიდა, იქიდან კი მოლდოვაში ჩაფრინდა. კიშინიოვში კი ის სამართალდამცავებმა იმ მომენტში აიყვანეს, როდესაც სახმელეთო გზით უკრაინაში გადასვლას და იქ ომის ქაოსში მიმალვას გეგმავდა. დაკავება ამერიკული სპეცსამსახურების (FBI) მიერ გაცემული საერთაშორისო ორდერით მოხდა. ის განაჩენს ამ დრომდე ბრუკლინის ციხეში ელოდებოდა.

  • ერთხელ, ერთმა ტირანმა, დაატყვევა უდანაშაულო ადამიანი, ვაწამებ და რაღაცას ვათქმევინებო, მან კი ხმა გაიკმინდა და სახეში შეაფურთხა-ხოშტარია

    ერთხელ, ერთმა ტირანმა, დაატყვევა უდანაშაულო ადამიანი, ვაწამებ და რაღაცას ვათქმევინებო, მან კი ხმა გაიკმინდა და სახეში შეაფურთხა-ხოშტარია

    “ერთხელ, ერთმა ტირანმა, დაატყვევა უდანაშაულო ადამიანი, ვაწამებ და რაღაცას ვათქმევინებო, მან კი ხმა გაიკმინდა და სახეში შეაფურთხა” – ასე ეხმაურება პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია, პატიმრების შეწყალების შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებს.

    „ერთხელ ერთმა ტირანმა, დაატყვევა თავისუფალი უდანაშაულო ადამიანი და ჩაიფიქრა, რომ ვაწამებ და რაღაცას ვათქმევინებო. ამ თავისუფალმა უდანაშაულო ადამიანმა ხმა გაიკმინდა და სახეში შეაფურთხა.

    ეს არის ჩემი პასუხი „ოცნების“ უმსგავსო ლაპარაკზე „მონანიების“ შესახებ.

    ის მართლა ტირანი მაინც იყო…“- წერს ელენე ხოშტარია.

  • უკრაინამ რუსეთის უმსხვილესი რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი საწარმო დაბომბა

    უკრაინამ რუსეთის უმსხვილესი რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი საწარმო დაბომბა

    უკრაინელებმა რუსეთში რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაზე იერიში მიიტანა.

    დაზიანებულა მაღალსართულიანი საცხოვრებელი შენობა. რუსული   უკრაინული მედია ადგილობრივებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ  რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთში ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოა.

    თავდასხმის შედეგად საწარმოში მასიური ხანძარი გაჩნდა.

    რიაზანის გარდა აფეთქებები იყო რუსეთის სხვა რეგიონებშიც, მათ შორის ბელგოროდში, ბრიანსკში, ტაგანროგსა და ეისკში, რის გამოც ნიჟნი ნოვგოროდის, იაროსლავლისა და ტამბოვის აეროპორტებში ფრენები დროებით შეჩერდა

  • 2028 წლის  არჩევნები ჩატარდება დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ამის პირობას ვაძლევ ყველას! – კობახიძე

    2028 წლის არჩევნები ჩატარდება დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ამის პირობას ვაძლევ ყველას! – კობახიძე

    „რაც შეეხება 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებს, ეს არჩევნები ჩატარდება დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ამის პირობას ვაძლევ ყველას!

    დღევანდელი კანონმდებლობა არის აბსოლუტურად შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან.

    ჩვენ ჩავატარებთ დღევანდელი მოქმედი კანონმდებლობით 2028 წლის 28 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს“,

    ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” პრემიერი, ირაკლი კობახიძე „ოპოზიციური ალიანსის“ მიერ დასახელებულ 6 ძირითად პირობას „სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად“.