Category: ახალი ამბები

  • სამი ბრალი მაქვს და მალე დასახვრეტი ვიქნები – ელისაშვილი

    სამი ბრალი მაქვს და მალე დასახვრეტი ვიქნები – ელისაშვილი

    სამი ბრალი მაქვს და უკვე მალე დასახვრეტიც ვიქნები, – ასე უპასუხა  „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა მოსამართლის კითხვას, არის თუ არა ნასამართლევი.

    მოსამართლე მეია მელქაძემ მას ბრალდება განუმარტა და ჰკითხა, იყო თუ არა მისთვის ბრალდების შინაარსი გასაგები და აღიარებდა თუ არა ის წარდგენილ ბრალდებას, რასაც ელისაშვილმა უარყოფითი პასუხი გასცა.

    „არა, არანაირად, ამას ნამდვილად მაბრალებენ. ცეცხლი არც ტერორისტული მიზნით დამინთია და არც გასათბობად“, – განაცხადა ელისაშვილმა.

    ბრალდების მიხედვით, აღნიშნული ფაქტი 2025 წლის 4 მაისს მოხდა.

    ცნობისთვის, კიდევ ერთ ეპიზოდზე ალეკო ელისაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტულ აქტს, ესე იგი აფეთქებას, ცეცხლის წაკიდებას, ადამიანზე თავდასხმას, იარაღის გამოყენებას ან სხვა ქმედებას გულისხმობს ჩადენილს ტერორისტული მიზნით, რომელიც ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის, ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას ქმნის.

    აღნიშნული ქმედება 10-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

  • გვჭირდება საკუთარი ანტიბალისტიკური შესაძლებლობები და  უფრო ძლიერი საჰაერო თავდაცვა – ზელენსკი

    გვჭირდება საკუთარი ანტიბალისტიკური შესაძლებლობები და უფრო ძლიერი საჰაერო თავდაცვა – ზელენსკი

    „არ შეიძლებოდა რუსებს არ სცოდნოდათ, თუ რომელი გემი იმყოფებოდა ზღვაში. საერთო ჯამში, რვა რეგიონში ნგრევა დაფიქსირდა და ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით ათობით ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვები. საერთო ჯამში, რუსებმა ამ დარტყმის დროს გამოიყენეს 524 თავდასხმის დრონი და სხვადასხვა ტიპის 22 რაკეტა. […]ევროპას უნდა ჰქონდეს საკუთარი ანტიბალისტიკური სისტემები და იყოს თვითკმარი ამ საფრთხეების წინაშე. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ: ახლავე გვჭირდება საკუთარი ანტიბალისტიკური შესაძლებლობები და უკრაინის უფრო ძლიერი საჰაერო თავდაცვა. ეს კვირა ფოკუსირებული იქნება ჩვენს პარტნიორებთან მუშაობაზე, რათა გავაძლიეროთ ადამიანების სიცოცხლის დაცვა“,

    ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

  • მდინარაძე: შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და სამართლებრივი რეაგირება იქნება

    მდინარაძე: შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და სამართლებრივი რეაგირება იქნება

    შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება.

    შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

    „შევთანხმდით, რომ შსს-ში უმოკლეს ვადაში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება.

    რა თქმა უნდა, იგულისხმება ნებისმიერი ტიპის საჯარო კომუნიკაცია, რომელიც შეიცავს სიძულვილის ენას, შუღლის გაღვივებას, ღირსების შელახვას და სხვა მსგავს ქმედებებს“,- განაცხადა მდინარაძემ.

  • Financial Times-მა სმარტფონები მსოფლიოში შობადობის მასობრივ ვარდნაში დაადანაშაულა

    Financial Times-მა სმარტფონები მსოფლიოში შობადობის მასობრივ ვარდნაში დაადანაშაულა

    FT ყურადღებას ამახვილებს XXI საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე შემაშფოთებელ ტენდენციაზე: სმარტფონების მასობრივი გავრცელების შემდეგ მსოფლიოში შობადობამ მკვეთრად დაიწყო კლება.

    გამოცემის მონაცემებით, მსოფლიოს ქვეყნების ორ მესამედზე მეტში შობადობის კოეფიციენტი უკვე მოსახლეობის მარტივი კვლავწარმოებისთვის საჭირო დონეზე — ერთ ქალზე 2,1 ბავშვზე — დაბლა დაეცა. ბევრ ქვეყანაში ეს მაჩვენებელი დღეს ორ ბავშვზე მეტად ერთ ბავშვს უახლოვდება, ცალკეულ შემთხვევებში კი ყველაზე გავრცელებულ „ნორმად“ საერთოდ უშვილობა იქცევა.

    FT წერს, რომ გარდატეხა თითქმის სინქრონულად დაემთხვა სმარტფონების, მობილური ინტერნეტისა და სოციალური ქსელების მასობრივ გავრცელებას. თუ ადრე შობადობა თანდათან მცირდებოდა, 2000-იანი წლების ბოლოსა და 2010-იანი წლების დასაწყისის შემდეგ ბევრ ქვეყანაში გრაფიკი ფაქტობრივად მკვეთრად დაეშვა ქვემოთ. გამოცემა მონაცემებსა და კვლევებსაც იმოწმებს, რომელთა მიხედვითაც, რიგ ქვეყნებში შობადობის ჯამური კოეფიციენტი წინა დინამიკასთან შედარებით თითქმის 40%-ით შემცირდა.

    სტატიის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ საქმე მხოლოდ ძვირ საცხოვრებელში, კრიზისებსა თუ კარიერულ პრიორიტეტებში არ არის. მთავარი პრობლემა სულ უფრო ხშირად ის ხდება, რომ ადამიანები უბრალოდ უფრო იშვიათად ქმნიან წყვილებს. ახალგაზრდები ნაკლებად ურთიერთობენ ოფლაინ, უფრო გვიან იწყებენ ურთიერთობებს და სულ უფრო ხშირად რჩებიან მარტო. მკვლევრები აღნიშნავენ, რომ დღეს ბევრ ქვეყანაში შობადობის ვარდნა უკვე არა იმით არის განპირობებული, რომ ოჯახებს ნაკლები შვილი ჰყავთ, არამედ იმით, რომ თვითონ ოჯახების რაოდენობა მცირდება.

    FT ცალკე ყურადღებას უთმობს სოციალური ქსელებისა და ციფრული გარემოს როლს. მეცნიერები სმარტფონებს უკავშირებენ ცოცხალი ურთიერთობის შემცირებას, მარტოობის ზრდას და ურთიერთობების მიმართ მოლოდინების შეცვლას. ალგორითმები, კონტენტის უსასრულო ლენტი და ვირტუალური კომუნიკაცია სულ უფრო ხშირად ანაცვლებს რეალურ გაცნობებსა და ოჯახურ ცხოვრებას.

    Instagram-ში, TikTok-სა და სხვა პლატფორმებზე „იდეალური ცხოვრების“ კულტურამ გააძლიერა შფოთვისა და არასტაბილურობის განცდა და მარტოობა მასობრივ მოვლენად აქცია.

    გამოცემა ასკვნის, რომ დემოგრაფიული კრიზისი შეიძლება იყოს არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ ტექნოლოგიური პრობლემაც. სმარტფონი, რომელიც ადამიანების დასაკავშირებლად შეიქმნა, პარადოქსულად სულ უფრო ხშირად იქცევა ფაქტორად, რომელიც მათ ერთმანეთისგან აშორებს.

  • აშშ-ის სანქციები რუსულ ნავთობზე კვლავ ამოქმედდა: ვაშინგტონმა პაუზა აღარ გააგრძელა

    აშშ-ის სანქციები რუსულ ნავთობზე კვლავ ამოქმედდა: ვაშინგტონმა პაუზა აღარ გააგრძელა

    აშშ-ის ადმინისტრაციამ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციების მოქმედების შეჩერება აღარ გააგრძელა. ეს ნიშნავს, რომ სანქციები კვლავ მოქმედებს 16 მაისიდან, როდესაც ამოიწურა გამონაკლისების ვადა, რომელიც ქვეყნებს რუსეთიდან სანქცირებული ენერგორესურსების შეძენის საშუალებას აძლევდა.

    მარტში ვაშინგტონმა ნაწილობრივ შეაჩერა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული სანქციების მოქმედება, რადგან აშშ-ისა და ისრაელის ირანთან ომის ფონზე ნავთობის ფასების ზრდის შენელებას ცდილობდა.

    მაშინ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ 30 დღით დაუშვა იმ ნავთობის შეძენა, რომელიც უკვე დატვირთული იყო გემებზე.

    ეს ვადა 11 აპრილს უნდა ამოწურულიყო, თუმცა ამერიკულმა ადმინისტრაციამ ნებართვა ისევ გააგრძელა — ამჯერად 16 მაისამდე.

    11 აპრილამდე ცოტა ხნით ადრე აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი აცხადებდა, რომ აღარ გააგრძელებდა ნებართვას, რომელიც ქვეყნებს რუსული ნავთობის შეძენის საშუალებას აძლევდა ისე, რომ აშშ-ის სანქციების არ შეშინებოდათ.

    როგორც Bloomberg აღნიშნავს, ევროპული ქვეყნები სანქციების შეჩერებას ეწინააღმდეგებოდნენ, რადგან ასეთი ზომები ასუსტებს ზეწოლას რუსეთზე, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომს ნავთობის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლებით აფინანსებს.

    თუმცა ზოგიერთი სახელმწიფო, მათ შორის ინდოეთი და ინდონეზია, ცდილობდა ტრამპის ადმინისტრაციის დარწმუნებას, რომ შეჩერება გაეგრძელებინა, რადგან ჰორმუზის სრუტის ბლოკადამ მსოფლიო ბაზრებს ნავთობის მნიშვნელოვანი ნაწილი მოაკლო, წერს Bloomberg.

  • ბულგარეთმა ვენაში გამართული 70-ე „ევროვიზიის“ ფინალი მოიგო, ისრაელი მეორე ადგილზე გავიდა

    ბულგარეთმა ვენაში გამართული 70-ე „ევროვიზიის“ ფინალი მოიგო, ისრაელი მეორე ადგილზე გავიდა

    ბულგარელმა მომღერალმა დარამ 70-ე, საიუბილეო „ევროვიზიის“ სიმღერის კონკურსი მოიგო. მან 516 ქულა დააგროვა და როგორც ეროვნული ჟიურების, ისე მაყურებლების კენჭისყრის შედეგებით პირველი ადგილი დაიკავა. დარამ ისრაელელი მომღერალი ნოამ ბეტანი ჩამოიტოვა, რომელიც მეორე ადგილზე გავიდა.

    მაყურებელთა კენჭისყრის შედეგად ისრაელი 343 ქულით წინ გავიდა და გარკვეული დროის განმავლობაში პირველ ადგილზე რჩებოდა, რადგან ბულგარეთის – ჟიურის ქულებით ლიდერის – შედეგები ბოლოს გამოცხადდა.

    ინტერვიუში დარამ განმარტა, რომ მისი გამარჯვებული სიმღერა Bangaranga გამოხატავს განწყობას, რომ „ყველაფერი შესაძლებელია და ყველაფერი კარგად იქნება“.

    წელს, ისრაელის მონაწილეობის გამო, „ევროვიზიას“ ხუთმა ქვეყანამ ბოიკოტი გამოუცხადა: ესპანეთმა, ნიდერლანდებმა, ირლანდიამ, ისლანდიამ და სლოვენიამ.

    ისრაელელი მომღერალი ნოამ ბეტანი სცენაზე ერთ-ერთი პირველი გამოვიდა. მისი გამოსვლა მოულოდნელობების გარეშე წარიმართა. მისი სიმღერა Michelle, რომელიც ინგლისურ, ფრანგულ და ივრითულ ენებზე შესრულდა, მაყურებლის მხრიდან როგორც უკმაყოფილო , ისე მხარდამჭერი შეძახილები მოჰყვა. დარბაზში ისრაელის დროშებსაც აფრიალებდნენ.

    დიდმა ბრიტანეთმა ბოლო ადგილი დაიკავა. სემ ბეთლმა, რომელიც ფსევდონიმით Look Mum No Computer გამოდიოდა, უკრაინის ეროვნული ჟიურისგან ერთი ქულა მიიღო, ხოლო ყველა ქვეყნის მაყურებლისგან — ნული. თუმცა ეს ბრიტანეთისთვის კონკურსის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგი არ არის: 2021 წელს დიდმა ბრიტანეთმა საერთოდ ვერცერთი ქულა ვერ მიიღო.

    წელს მთავარ ფავორიტად ფინური დუეტი – ლინდა ლამპენიუსი და პეტე პარკონენი  მიიჩნეოდა. ლიდერთა სამეულში ასევე იყვნენ საბერძნეთის წარმომადგენელი აკილასი –აკილას მიტილინეოსი და ავსტრალიელი დელტა გუდრემი.

    საბოლოოდ ფინეთი მეექვსე ადგილზე გავიდა, ავსტრალია — მეოთხეზე, ხოლო საბერძნეთი — მეათეზე.

    ფინალში კიდევ ერთხელ გავიდა უკრაინა. 2003 წლიდან ქვეყნის წარმომადგენლებმა კონკურსი სამჯერ მოიგეს. ამჯერად უკრაინის სახელით ვიქტორია ლელეკა გამოვიდა სიმღერით „Рiдним“ — „მშობლიურებს“.უკრაინამ 221 ქულით მეცხრე ადგილი დაიკავა.

    მოლდოვისთვის ეს საღამო სამმაგ იუბილეს ნიშნავდა: „ევროვიზიის“ 70 წლისთავს, მოლდოვის „ევროვიზიაში“ მონაწილეობის 20 წლისთავს და მოლდოვის დამოუკიდებლობის 35 წლისთავს.

    სატოშის სიმღერა სწორედ ამ სამ თარიღს ეძღვნებოდა. მას „ვივატ, მოლდოვა!“ ჰქვია და მაყურებელს ამ ქვეყნის მონახულებისკენ მოუწოდებს.

    მოლდოვამ მერვე ადგილი დაიკავა.

    სერბულმა მეტალ-ჯგუფმა Lavina სიმღერით Kraj Mene ხმაურიანი გამოსვლა მოაწყო.

    ბერძნულმა ჯგუფმა Akylas კი თავის გამოსვლაში ბენგალური ცეცხლები, სკუტერი და ქანდაკებები გამოიყენა.

    ალბანელმა მომღერალმა ალის კალაჩიმ ემოციური ბალადა „ნან“ შეასრულა, რომლის უკანაც მისი პირადი ისტორია დგას. სიმღერა დედაზე მოგვითხრობს, რომელიც კართან დგას და შვილის სახლში დაბრუნებას ელოდება.

    ეს ისტორია ალბანეთისთვის კარგად ნაცნობია: 1991 წელს კომუნისტური რეჟიმის დაცემის შემდეგ ქვეყნიდან მოსახლეობის დაახლოებით 40% ემიგრაციაში წავიდა.

    „ევროვიზიის“ პლატინის იუბილეს აღსანიშნავად სცენაზე კონკურსის ყველაზე დასამახსოვრებელი სიმღერებიც შესრულდა — ყოფილი მონაწილეებისა და გამარჯვებულების მონაწილეობით.

    მათ შორის გამოვიდნენ ბელარუსული წარმოშობის ნორვეგიელი მომღერალი ალექსანდრ რიბაკი, 2009 წლის გამარჯვებული; ფინური ჯგუფი Lordi, 2006 წლის გამარჯვებული; და უკრაინელი მომღერალი რუსლანა, რომელმაც კონკურსი 2004 წელს მოიგო.

    ბოიკოტები და პროტესტები

    წლევანდელ კონკურსს, ისევე როგორც წინა ორს, თან ახლდა პროტესტები ისრაელის მონაწილეობის წინააღმდეგ. თუმცა ამჯერად ისრაელის წარმომადგენლის მიწვევამ „ევროვიზიის“ ხუთი მუდმივი მონაწილის — ისლანდიის, ირლანდიის, ნიდერლანდების, სლოვენიისა და ესპანეთის — ბოიკოტი გამოიწვია.

    შაბათს ათასობით ადამიანი გამოვიდა ვენის ქუჩებში, რათა კონკურსში ისრაელის მონაწილეობა გაეპროტესტებინა.

    მსვლელობის მონაწილეები ვენის ქუჩებში სკანდირებდნენ: „ბოიკოტი ისრაელს, ბოიკოტი ევროვიზიას!“ და „არა სცენას გენოციდისთვის!“

    ისრაელი უარყოფს პალესტინელი მოსახლეობის გენოციდის ბრალდებებს. ის ამტკიცებს, რომ აქვს თავდაცვის უფლება ჰამასის თავდასხმის შემდეგ.

  • პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები 26 მაისს დაანონსებულ აქციას შეუერთდებიან

    პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები 26 მაისს დაანონსებულ აქციას შეუერთდებიან

    პოლიტპატიმრების  ოჯახის წევრები 26 მაისს, ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციას შეუერთდებიან.

    ამის შესახებ  მათ პარლამენტთან ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

    მათი თქმით, მნიშვნელოვანია 26 მაისს იდგნენ იქ, სადაც პატიმრობაში მყოფი პირები იდგებოდნენ.

    „მთელმა მსოფლიომ იცის, რომ რეჟიმის ტყვეები საქართველოს ღირსების დაცვისთვის და საქართველოს

    სიყვარულისთვის უკანონო ტყვეობაში იმყოფებიან. ბუნებრივია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვაკეთოთ ის, რასაც ეს უღირსეულესი ადამიანები გააკეთებდნენ. 26 მაისს ვუერთდებით ეროვნულ დღესასწაულს. 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა და უმნიშვნელოვანესია ვიყოთ იქ, სადაც იდგებოდა ნებისმიერი ბიჭი და გოგო, ვინც ახლა იმყოფება უკანონო ტყვეობაში“,- განაცხადა ნიკა კაციამ.

  • JPMorganChase-ის ანალიზში საქართველო უკვე რისკის სინონიმად იქცა: რას ნიშნავს „ქართული სცენარი“ უკრაინისთვის  და ჩვენთვის

    JPMorganChase-ის ანალიზში საქართველო უკვე რისკის სინონიმად იქცა: რას ნიშნავს „ქართული სცენარი“ უკრაინისთვის და ჩვენთვის

    JPMorganChase-ის გეოპოლიტიკური ცენტრის ახალი ანალიზი რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შესაძლო დასასრულსა და ევროპის მომავალს ეხება, უკრაინისთვის რამდენიმე სცენარს განიხილავს. მათ შორის ერთ-ერთს ავტორები პირდაპირ „ქართულ სცენარს“ უწოდებენ.

    რუსეთ-უკრაინის ომის დასასრული და ევროპის მომავალი – ასე ქვია ანალიზს, რომელშიც წერია, რომ JPMorgan-ის შეფასებით, უკრაინისთვის ომის ყველაზე სავარაუდო შედეგი „ფინური სცენარია“.

    აშშ-ის უმსხვილესი ბანკის ანალიტიკოსებმა ძველ  პროგნოზებს გადახედეს: ახლა საბაზისო სცენარად, 50%-იანი ალბათობით, მიიჩნევენ ომის დასრულებას მოლაპარაკებების გზით, უკრაინის ტერიტორიული დათმობებით, მაგრამ სუვერენიტეტის, არმიის, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ევროკურსის შენარჩუნებით.

    გასულ წელს JPMorgan უფრო სავარაუდოდ „ქართულ სცენარს“ მიიჩნევდა, რომლის მიხედვითაც უკრაინა თანდათან რუსეთის ორბიტაზე ბრუნდებოდა. ახლა ამ ვარიანტს 30%-ით აფასებენ, რადგან ევროპამ მხარდაჭერა გაააქტიურა, ხოლო დასავლეთის უსაფრთხოების გარანტიები უფრო თვალსაჩინო გახდა.

    საუკეთესო, მაგრამ ნაკლებად სავარაუდო სცენარად ანალიტიკოსები „სამხრეთკორეულს“ ასახელებენ: უკრაინის NATO-ში გაწევრიანება ან აშშ-ის მკაცრი გარანტიები, ევროპული ჯარების ყოფნა და ქვეყნის დასავლური უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ ელემენტად ქცევა. ამ სცენარის ალბათობას მხოლოდ 5%-ით აფასებენ.

    უკრაინისთვის რისკებს შორის JPMorgan ასახელებს ირანში ომს, რომელიც დასავლეთის არსენალებს ფიტავს და რუსულ ენერგორესურსებზე ფასებს ზრდის, ასევე ტრამპის შესაძლო ზეწოლას კიევზე, რათა მან ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის შეთანხმებული პირობები მიიღოს.

    ჩვენთვის საინტერესო ანალიზის ის ნაწილია, რომელიც ქართულ სცენარს აღწერს:

    გთავაზობთ ანალიზის იმ ნაწილს, რომელიც ქართულ სცენარს ეხება.

    “როგორი შეიძლება იყოს უკრაინისთვის „ქართული სცენარი“?

    დემოკრატიული დრეიფი უსაფრთხოების საყრდენების გარეშე

    2008 წელს რუსეთთან ომის შემდეგ საქართველომ დასავლეთის დახმარებისა და პოლიტიკური მხარდაჭერის მნიშვნელოვანი ტალღა მიიღო, თუმცა ეს მხარდაჭერა არ მოიცავდა არც ჯარების განთავსებას და არც უსაფრთხოების მკაფიო დაპირებებს. დღეს საქართველოს მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ — რომელსაც რუსეთისადმი მეგობრულად განწყობილი ოლიგარქი უჭერს მხარს — ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი გაყინა და კრემლის სტილის „უცხოელი აგენტების“ კანონები მიიღო, რასაც აშშ-ისა და ევროკავშირის დაფინანსების შეჩერება მოჰყვა. პოლიტიკური არასტაბილურობა და დემოკრატიული უკუსვლა, რომელსაც რუსეთის მზარდი გავლენა უწყობს ხელს, უცხოური ვალუტის რეზერვების შემცირების ფონზე ინვესტორთა ნდობაზეც აისახა.

    ამავე დროს, რუსეთთან ეკონომიკური კავშირები გაღრმავდა: მხოლოდ რუსეთიდან ფულადმა გზავნილებმა 2022–2023 წლებში საქართველოს მშპ-ის 15%-ზე მეტი შეადგინა, რაც მას ქვეყნისთვის ფულადი გზავნილების ყველაზე დიდ წყაროდ აქცევს. გაიზარდა ვაჭრობა და პირდაპირი მიმოსვლა, მკვეთრად მოიმატა რუსეთის მოქალაქეების შემოდინებამაც. 2023 წლის მხოლოდ 30,5 მილიარდი დოლარის მშპ-ით — რაც ოკლაჰომის ეკონომიკის მერვედია — საქართველოს მცირე, ფულად გზავნილებსა და ტურიზმზე დამოკიდებული ეკონომიკა ჯერ კიდევ იზრდება, მაგრამ სულ უფრო მოწყვლადი ხდება.

    საქართველო, რომელიც ერთ დროს რეფორმების წარმატებულ მაგალითად მიიჩნეოდა, დღეს აჩვენებს, როგორ შეუძლია სანდო უსაფრთხოების და ინსტიტუციური საყრდენების არარსებობას თანდათან დააზიანოს დემოკრატიული მმართველობა და შეასუსტოს ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალი.

    უკრაინამ მსგავსი შედეგის შემთხვევაში თავდაპირველად შესაძლოა დონორთა ენთუზიაზმისა და რეკონსტრუქციის დახმარების ტალღით ისარგებლოს. მაგრამ დასავლურ უსაფრთხოებისა და პოლიტიკურ სტრუქტურებში მყარად ინტეგრირების გარეშე, უკრაინა გეოპოლიტიკურ ნაცრისფერ ზონაში ნელი დრეიფის რისკის წინაშე დადგება.

    თითქმის 7 მილიონი უკრაინელი ლტოლვილიდან გარკვეულმა ნაწილმა შეიძლება დაბრუნება აღარ ისურვოს, რაც ეკონომიკას ძალიან საჭირო კვალიფიციურ სამუშაო ძალას დააკლებს. რისკის მიმართ ფრთხილმა ინვესტორებმა შესაძლოა თავი აარიდონ არასტაბილურ და უსაფრთხოების თვალსაზრისით მყიფე გარემოს, რაც პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს შეზღუდავს და ეკონომიკის დივერსიფიკაციას შეაფერხებს.

    უკრაინამ შესაძლოა ხელახლა გახსნას მოწყვლადი სავაჭრო დერეფნები ან არაფორმალური დამოკიდებულებები, რომლებიც რუსეთთან იქნება დაკავშირებული. ბიზნესისთვის დაზღვევის ხარჯები და რისკის პრემიები მაღალი დარჩება, რაც კონკურენტუნარიანობას დააზიანებს. სამხედრო ძალების ზომასა და შესაძლებლობებზე შეზღუდვებმა — თუ ისინი მოლაპარაკებით მიღწეული შეთანხმების ნაწილი გახდება — შესაძლოა ნაადრევად შეაფერხოს უკრაინის დინამიკური თავდაცვისა და ტექნოლოგიური სექტორები და ომისშემდგომი ზრდის პოტენციური ძრავა გააქროს.

    პარადოქსულად, აღმოსავლეთის ტერიტორიების დაკარგვამ შესაძლოა ერთგვარი „ტურნიკეტის“ როლი შეასრულოს — კიევი ჩამოაშოროს დონბასში ძვირადღირებულ აჯანყებას და რეკონსტრუქციის ფოკუსი უფრო მართვად, ნაკლებად დაზიანებულ რეგიონებზე გადაიტანოს, რომლებსაც ნაკლები სახელმწიფო ხარჯი დასჭირდება.

    მყარი ვალდებულებების გარეშე, უკრაინის მომავალი შეიძლება საქართველოსას დაემსგავსოს — მძიმე შეხსენება იმისა, რომ ომები შეიძლება დასრულდეს სამართლიანი მშვიდობის გარეშე, ხოლო ყველაზე ძლიერი პროდასავლური განწყობაც კი შეიძლება განელდეს, თუ მას დასავლური ინსტიტუტები სათანადოდ არ უპასუხებენ.“ – წერია ანალიზში.

    რა არის ეს ორგანიზაცია და რატომ აქვს მის ანალიზს დიდი წონა

    JPMorganChase Center for Geopolitics არის JPMorganChase-ის გეოპოლიტიკური ანალიტიკური ცენტრი, რომელიც ბანკის კლიენტებს აძლევს ანალიზს გლობალურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ რისკებზე. თავად JPMorganChase მას აღწერს როგორც რესურსს კლიენტებისთვის, რომლებიც გლობალურ ტენდენციებზე დროულ ანალიზსა და ხედვას ეძებენ. ცენტრის შექმნისას JPMorganChase-მა განაცხადა, რომ მისი მიზანია კლიენტებისთვის სტრატეგიული ხედვის, გამოცდილებისა და მონაცემებზე დაფუძნებული ანალიზის მიწოდება სწრაფად ცვალებად გლობალურ ეკონომიკაში.

    ანუ ეს არ არის უბრალოდ რომელიმე პოლიტიკური კომენტატორის ტექსტი. ეს არის ანალიზი, რომელსაც კითხულობენ კომპანიები, ინვესტორები, ფინანსური ინსტიტუტები და გლობალური ბიზნესის გადაწყვეტილების მიმღები ადამიანები:

    ამიტომ ეს ანალიზი მხოლოდ გეოპოლიტიკური შეფასება არ არის. ეს არის სიგნალი იმ წრეებისთვისაც, სადაც წყდება, რომელ ქვეყანაში შევიდეს კაპიტალი, სად გაიხსნას ბიზნესი, სად დაიგეგმოს გრძელვადიანი ინვესტიცია და სად არის რისკი იმდენად მაღალი, რომ ფული უბრალოდ სხვა მიმართულებით წავიდეს.

    ინვესტორისთვის ასეთი სურათი ძალიან მარტივად იკითხება: პატარა ეკონომიკა, მაღალი პოლიტიკური რისკი, უსაფრთხოების გაურკვევლობა, დასავლურ კურსზე ეჭვები და რუსეთზე მზარდი დამოკიდებულება. ასეთ ქვეყანაში ინვესტიცია ან არ შედის, ან შედის უფრო ძვირად, უფრო მოკლევადიანად და უფრო ფრთხილად. სწორედ ამას ნიშნავს, როცა ქვეყანა გლობალურ ანალიტიკაში „ცუდ მაგალითად“ ფიქსირდება.

  • აფრიკაში ებოლას ახალი აფეთქებაა: 80 გარდაცვლილი კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ერთი სიკვდილის შემთხვევა — უგანდაში

    აფრიკაში ებოლას ახალი აფეთქებაა: 80 გარდაცვლილი კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ერთი სიკვდილის შემთხვევა — უგანდაში

    აღმოსავლეთ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ვირუსის აფეთქების შესახებ აფრიკის წამყვანმა ჯანდაცვის სააგენტომ განაცხადა. ქვეყნის ხელისუფლებას ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

    აფრიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის — Africa CDC-ის — მონაცემებით, რეგისტრირებულია დაახლოებით 246 შემთხვევა და 80 გარდაცვალება. შემთხვევების უმეტესობა დაფიქსირდა აღმოსავლეთ იტურის პროვინციაში, ოქროს მომპოვებელ ქალაქებში — მონგვალუსა და რუამპარაში.

    პარასკევს ებოლას ვირუსით გარდაცვალების ერთი შემთხვევის შესახებ უგანდის ხელისუფლებამაც განაცხადა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 59 წლის მამაკაცს, რომელიც ხუთშაბათს გარდაიცვალა, ებოლას ვირუსზე ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. მანამდე ის ქვეყანაში კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან ჩავიდა.

    უგანდის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ წერილში ნათქვამია, რომ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის 59 წლის მოქალაქე ორშაბათს კამპალას საავადმყოფოში მოათავსეს, ხუთშაბათს კი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გარდაიცვალა.

    ოფიციალური პირების განცხადებით, უგანდაში ქვეყნის შიგნით ინფიცირების არცერთი შემთხვევა ჯერჯერობით არ გამოვლენილა.

    ებოლას ჰემორაგიული ცხელება პირველად 1976 წელს ზაირის ტერიტორიაზე — დღევანდელ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში — აღმოაჩინეს. მიიჩნევა, რომ ვირუსი ღამურებიდან გავრცელდა. ეს უკვე ებოლას მე-17 აფეთქებაა ქვეყანაში.

    დაავადება ვრცელდება ბიოლოგიურ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით და დაზიანებული კანის გზით. ის იწვევს ძლიერ სისხლდენას და შინაგანი ორგანოების უკმარისობას.

    პირველ სიმპტომებს — სიცხეს, კუნთების ტკივილს, დაღლილობას, თავის ტკივილსა და ყელის ტკივილს — შემდეგ მოსდევს ღებინება, დიარეა, გამონაყარი და სისხლდენა.

    ებოლას წინააღმდეგ დამტკიცებული სამკურნალო პრეპარატი არ არსებობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საშუალო ლეტალობა დაახლოებით 50%-ს შეადგენს.

    ქვეყნის დედაქალაქ კინშასაში, ბიოსამედიცინო კვლევების ეროვნულ ინსტიტუტში ჩატარებულმა წინასწარმა კვლევებმა ვირუსი 20 გაანალიზებული ნიმუშიდან 13-ში გამოავლინა.

    ამჟამად ტარდება ტესტები ვირუსის შტამის დასადგენად.

    Africa CDC-ის მონაცემებით, 65 გარდაცვალებიდან ოთხი დაფიქსირდა ლაბორატორიულად დადასტურებულ პაციენტებში.

    დამატებითი სავარაუდო შემთხვევები ასევე დაფიქსირდა იტურის პროვინციის დედაქალაქ ბუნიაში, თუმცა ლაბორატორიული კვლევების შედეგები ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.

    აფრიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში მიიჩნევენ, რომ ვირუსი შესაძლოა კიდევ უფრო გავრცელდეს რუამპარასა და ბუნიას მჭიდროდ დასახლებული ურბანული გარემოს გამო.

    გარდა ამისა, ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ჟან კასეიამ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე აუცილებელია სხვა სახელმწიფოების მხარდაჭერაც. მისი თქმით, დაზარალებულ რაიონებსა და მეზობელ ქვეყნებს შორის მოსახლეობის „მნიშვნელოვანი გადაადგილება“ ფიქსირდება.

    ყველა დაზარალებულ დასახლებასა და რისკის ზონას რეკომენდაცია მიეცა, მიჰყვეს ეროვნული ჯანდაცვის ორგანოების მითითებებს.

    პარასკევს გავრცელებულ განცხადებაში Africa CDC-მ აღნიშნა, რომ იწვევს შეხვედრას კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, უგანდისა და სამხრეთ სუდანის ხელისუფლებებთან, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა განიხილონ პრიორიტეტები, მათ შორის რეაგირების ზომები და ტრანსსასაზღვრო ზედამხედველობა.

    სიტუაციას ართულებს ისიც, რომ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთ რეგიონებში უკვე წლებია სხვადასხვა შეიარაღებულ დაჯგუფებას შორის ბრძოლები მიმდინარეობს. 2021 წლიდან იტურის პროვინცია სამხედრო მმართველობის ქვეშაა. კონგოს ხელისუფლება ამ გზით ცდილობს იმ ათობით შეიარაღებული ჯგუფის ნეიტრალიზებას, რომლებიც ამ რეგიონში წლების განმავლობაში მოქმედებდნენ. მათ შორისაა ჯიჰადისტური დაჯგუფება ADF — „მოკავშირე დემოკრატიული ძალები“.

    ბოლო 50 წლის განმავლობაში აფრიკის სხვადასხვა ქვეყანაში ებოლას ვირუსს დაახლოებით 15 000 ადამიანი ემსხვერპლა.

    კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ყველაზე მომაკვდინებელი ეპიდემია 2018–2020 წლებში მოხდა, რის შედეგადაც თითქმის 2300 ადამიანი დაიღუპა.

    გასული წლის სექტემბერში ქვეყნის ცენტრალურ კასაის პროვინციაში, შორეულ ბულაპეს რაიონში, ებოლას აფეთქებას 45 ადამიანი ემსხვერპლა. ეს იყო კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში პირველი აფეთქება სამი წლის განმავლობაში. სექტემბრის ბოლოს წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაცია აცხადებდა, რომ ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებები გადატვირთული იყო, ხოლო მედიკამენტების მარაგები იწურებოდა.

  • მაკა ბოჭორიშვილი განმარტავს, რატომ არ შეუერთდა საქართველო უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის გამოძიებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შეთანხმებას

    მაკა ბოჭორიშვილი განმარტავს, რატომ არ შეუერთდა საქართველო უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის გამოძიებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შეთანხმებას

    ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი განმარტავს, რატომ არ შეუერთდა საქართველო უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის გამოძიებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ შეთანხმებას.

    როგორც ბოჭორიშვილმა განაცხადა, ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, არ იძლევა შესაძლებლობას, მიიღონ ისეთი გადაწყვეტილები, რომლებიც „საქართველოს დამატებით რისკებსა და საფრთხეებს შეუქმნის“.

    „საქართველოს მიმართ ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის დამოკიდებულება, არ გვაძლევს იმის შესაძლებლობასა და ფუფუნებას, მივიღოთ გარკვეული გადაწყვეტილებები, რომლებიც დამატებით რისკებსა და საფრთხეებს შეუქმნის ჩვენს ქვეყანას და შესაძლოა, საქართველო გაზრდილი რისკების ან გამოწვევების წინაშე დააყენოს.

    ამ დამოკიდებულებას, რასაც ჩვენ ვხედავთ რიგი წევრი ქვეყნების მხრიდან, ნამდვილად სჭირდება გადახედვა, სიცხადე, თუ რა დამოკიდებულება არსებობს საქართველოსთან და საქართველოს პოზიციებთან დაკავშირებით, ვინაიდან ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ჩვენი საზოგადოების წინაშე, პირველ რიგში საქართველოში უსაფრთხოების, სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნებასთან მიმართებით“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

    15 მაისს მოლდოვაში გამართულ ევროპის საბჭოს 46 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, 36-მა ქვეყანამ და ევროკავშირმა გამოთქვეს განზრახვა, შეუერთდნენ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის გამოძიებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ ახალ გაფართოებულ ნაწილობრივ შეთანხმებას.

    მასში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა ევროპის საბჭოს ოცდათოთხმეტმა წევრმა სახელმწიფომ –ანდორა, ავსტრია, ბელგია, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მოლდოვას რესპუბლიკა, მონაკო, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სან-მარინო, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო, ასევე, ევროკავშირმა, ავსტრალიამ და კოსტა-რიკამ.