Category: ახალი ამბები

  • თანამდებობა დროებითია.. ბოლოს დარჩება ერთი კითხვა: როცა ძალაუფლება გქონდა, რამდენი სიკეთე გააკეთე?! – კახა კახიშვილი

    თანამდებობა დროებითია.. ბოლოს დარჩება ერთი კითხვა: როცა ძალაუფლება გქონდა, რამდენი სიკეთე გააკეთე?! – კახა კახიშვილი

    პოლიტიკაში ყველაზე მნიშვნელოვანია, ადამიანმა თავიდანვე იცოდეს სიმართლე – თანამდებობა და ძალაუფლება დროებითია, ყალბი დიდება დროებითია და ბოლოს მხოლოდ შენი გაკეთებული სიკეთე რჩება, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი კახა კახიშვილი წერს.

    ”პოლიტიკა ძალიან რთული გზაა… გზა, სადაც ხშირად ყველაზე გულწრფელი სიტყვებიც კი შეიძლება თამაშის ნაწილი აღმოჩნდეს, სადაც ყველაზე თბილი ღიმილის უკან – ცივი ანგარიში, ხოლო ყველაზე ხმამაღალი ერთგულების უკან – ჩუმი ღალატი იმალებოდეს.

    შეიძლება წლები ადამიანებთან ერთად გაატარო… ერთად იბრძოდეთ, ერთ იდეას ემსახურებოდეთ და გეგონოს, რომ ეს ადამიანები შენი ოჯახი არიან… მაგრამ დრო გადის და ერთ დღეს აღმოაჩენ, რომ ბევრი ურთიერთობა მხოლოდ ძალაუფლებასთან, გავლენასთან და ინტერესებთან იყო დაკავშირებული.

    როდესაც ადამიანს თანამდებობა, ძალა და გავლენა აქვს, მის ირგვლივ ყოველთვის ბევრი ადამიანი ტრიალებს – ბიზნესმენები, პოლიტიკოსები, დეპუტატები… ყველას უნდა შენთან ყოფნა, შენს გვერდით დგომა, რადგან დღეს ეს პრესტიჟი და პატივია. მაგრამ დრო ყველაფერს თავის სახელს არქმევს… და როცა ძალაუფლება, თანამდებობა ან გავლენა ქრება, ბევრი მათგანიც ისე იკარგება, როგორც ჰაერში ჩამქრალი აპლოდისმენტი.

    ეს მხოლოდ ხელისუფლებას არ ეხება და არც მხოლოდ ოპოზიციას… წლები გადის, სახელები იცვლება, ადამიანები ერთმანეთს ენაცვლებიან, მაგრამ პოლიტიკის მძიმე ბუნება თითქმის უცვლელი რჩება.

    ალბათ ამიტომაც არის, რომ საზოგადოებას ხშირად ისევ და ისევ იგივე გზის გავლა უწევს. და სიმართლე რომ ითქვას, ეს ისეთი წრეა, რომლის სრულად შეცვლაც ალბათ არც ერთ ადამიანს არ შეუძლია.

    არც კორტეჟები მიჰყვება ადამიანს ბოლომდე, არც დაცვა, არც გავლენა… ხშირად ყველაზე გულწრფელ თანადგომას იმ ადამიანებისგან იღებ, რომლებსაც შეიძლება საერთოდ არც კი იცნობდე.

    როგორც სოკრატე ამბობდა – „ყველაზე რთულია ადამიანი მაშინ შეიცნო, როცა მას ძალაუფლება აქვს“. ამიტომ პოლიტიკაში ყველაზე მნიშვნელოვანია, ადამიანმა თავიდანვე იცოდეს სიმართლე – თანამდებობა დროებითია. ძალაუფლება დროებითია. ყალბი დიდება დროებითია და ბოლოს მხოლოდ შენი გაკეთებული სიკეთე რჩება. რამდენ ადამიანს გაუმართე ხელი, რამდენს დაეხმარე მაშინ, როცა ამის ძალა და შესაძლებლობა გქონდა. რადგან თანამდებობა ღმერთისგან მოცემული დროებითი გამოცდაა. ის არ გაძლევს უფლებას, ადამიანებზე მაღლა დადგე – ის მხოლოდ გაძლევს შესაძლებლობას, უფრო მეტი კარგი საქმე გააკეთო. და ყველაზე დიდი ძალა არა ის არის, რამდენ ადამიანს ეშინია შენი… არამედ ის, რამდენს უყვარხარ გულწრფელად.

    საბოლოოდ, ადამიანს არც ფული მიჰყვება, არც გავლენა, არც ძალაუფლება… ადამიანს მხოლოდ ნეკეთები საქმეები მიჰყვება და ბოლოს დარჩება მხოლოდ ერთი კითხვა: როცა ძალაუფლება გქონდა რამდენი სიკეთე დატოვე შენს შემდეგ?! რადგან საბოლოოდ სახელს არა თანამდებობა, არამედ ნამუსი, სინდისი და კაცობა უნარჩუნებს“, – წერს კახა კახიშვილი.

  • მდინარაძეს გადაეცით, ვნანობ უფრ კარგად რომ არ შემოვარტყი და კობახიძე ზედ არ დავაყოლე! –  ელისაშვილი

    მდინარაძეს გადაეცით, ვნანობ უფრ კარგად რომ არ შემოვარტყი და კობახიძე ზედ არ დავაყოლე! – ელისაშვილი

    ” მდინარაძეს გადაეცით, ძალიან ვნანობ, უფრო კარგად რომ არ შემოვარტყი და კობახიძე არ დავაყოლე ზედ. გამოვასწორებ აუცილებლად”  – ამის შესახებ ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებულმა „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა – მას შემდეგ, რაც მანდატურის სამსახურის თანამშრომლის ჩვენების შემდეგ სიტყვა ითხოვა, თუმცა ამის უფლება არ მისცეს.

    „ბატონო გიორგი[მოსამართლე], რამ შეგაშინათ ისე, რომ მეოთხე სხდომაა, სიტყვას არ მაძლევთ, მაგრამ ჩემს სიტყვას აუცილებლად ვიტყვი.[…]  ამ მანდატურ ბიჭს კიდევ უთხარით, უხერხულია ტყუილები. იარაღი ამოვიღე და დავდევდი არა ის”,- განაცხადა ელისაშვილმა.

  • პანკისში, ტერორისტულ საქმიანობაში სხვა პირების ჩართვას ცდილობდნენ – სუს-მა 3 პირი დააკავა

    პანკისში, ტერორისტულ საქმიანობაში სხვა პირების ჩართვას ცდილობდნენ – სუს-მა 3 პირი დააკავა

    პანკისში, ტერორისტულ ორგანიზაცია ისლამურ სახელმწიფოში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით, საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

    “გასულ ღამეს, პანკისის ხეობის სოფლებში: ომალოში, ბირკიანსა და ჯოყოლოში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს 3 მოქალაქე დავაკავეთ.

    გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირები ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს რიგებში გაერთიანდნენ და ტერორისტული საქმიანობის განხორციელების მიზნით, უცხო ქვეყნიდან გარკვეულ მითითებებს იღებდნენ. ისინი პანკისის ხეობაში ტერორისტული ორგანიზაციის მხარდამჭერი ე.წ. ჯამაათის ჩამოყალიბებასა და ტერორისტულ საქმიანობაში სხვა პირების ჩართვას ცდილობდნენ, რისთვისაც სხვადასხვა ლოკაციაზე ფარულ, კონსპირაციულ შეხვედრებს აწყობდნენ და ტერორისტული იდეოლოგიის პროპაგანდას ეწეოდნენ […]

    საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია რამდენიმე ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, ასაფეთქებელი ნივთიერება, საბრძოლო მასალა, მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა და სხვა ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები. ასევე, ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს დროშა, მათი სიმბოლიკის ამსახველი ნივთები და პირადი დოკუმენტები”. – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაშიგაერთიანება ან ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) მუხლებით მიმდინარეობს, რაც 10-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

    სუს-ის ცნობით, დანაშაულში ჩართული სხვა პირების გამოვლენის მიზნით, გამოძიება გრძელდება.

  • “სადამსჯელო ღონისძიება” – ნანუკა ჟორჟოლიანი, ტროტუარზე დგომის გამო დააკავეს

    “სადამსჯელო ღონისძიება” – ნანუკა ჟორჟოლიანი, ტროტუარზე დგომის გამო დააკავეს

    ჟურნალისტს და “ნანუკას ფონდის” დამფუძნებელს, ნანუკა ჟორჟოლიანს ტროტუარზე დგომისთვის 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა.  გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მაკარიძემ გამოაცხადა.

    ჟორჟოლიანს 2025 წლის 16 დეკემბერს “ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას” ედავებოდნენ. ჟურნალისტის შვილის, მარიამ გეგუჩაძის ცნობით, ნანუკა ჟორჟოლიანი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.

    ნანუკა ჟორჟოლიანმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ  გასული წლის 16 დეკემბერს მისთვის კანონი ჯერ კიდევ უცნობი იყო და არ იცოდა, რომელ ადგილას უნდა გადაენაცვლა.

    “თქვენი საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი მოვიდა და … მითხრა, რომ დადგინდებოდა უახლოეს დღეებში ტერიტორია, სადაც დგომა ჩაითვლებოდა კანონდარღვევად და ჩვენთვის გახდებოდა ცნობილი,” – განაცხადა ჟორჟოლიანმა. (წყარო “რადიო თავისუფლება”)

     

    “ეს იყო სადამსჯელო ღონისძიება” – ამის შესახებ ტელეწამყვანის, ნანუკა ჟორჟოლიანის ადვოკატმა თეონა ზაქარაშვილმა მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ განაცხადა. ზაქარაშვილმა აღნიშნა, რომ მოსამართლემ ამ გადაწყვეტილებით აჩვენა, რომ ის “ხელს მოაწერს ყველაფერს, რასაც შსს სთხოვს და მოითხოვს”.

    ამ შემთხვევაშიც ეს არის იგივე ტენდენციის გაგრძელება, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი გამოყენებული იყოს რეპრესიის მექანიზმად და ამ რეპრესიის მექანიზმს საბოლოოდ ხელს აწერს და ადასტურებს სასამართლო. ბატონ მოსამართლეს არ აინტერესებდა, სამწუხაროდ, ჩვენს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, არ აინტერესებდა ნანუკა ჟორჟოლიანის ახსნა-განმარტება და არ აინტერესებდა არც შსს-ს მოტანილი ვიდეო მტკიცებულება, რომელიც ადასტურებდა თითქოს შსს-ს უკვე დაკანონებულ მოთხოვნას, რომ თუ ტროტუარზე ზემოთ დგახარ, კიბეების ადგილას ეს არ არის დასჯადი, ნანუკა ჟორჟოლიანი სწორედ ამ ადგილას იდგა, მხოლოდ მას შემდეგ,. რაც პოლიციელებმა მოწოდება გააკეთეს, ის მივიდა ხალხთან და სთხოვა, რომ მოდით იქნებ გადავინაცვლოთ ზემოთ მხარეს. სულ რაღაც 1 წუთიც არ მდგარა ტროტუარზე, რომელიც დასჯადია შსს-ს განმარტებით. თუმცა შსს-მ მოითხოვა პატიმრობა და მოსამართლემ ეს დააკმაყოფილა.

    ეს სხდომები არის ფორმალური, მას არ აქვს არანაირი შემხებლობა არც სამართალთან და მითუმეტეს არც სამართლიანობასთან. პრაქტიკულად კიდევ ერთხელ გვაჩვენა მოსამართლემ, რომ ის უბრალოდ ხელს მოაწერს ყველაფერს, რასაც შსს სთხოვს და მოითხოვს. […]

    ეს იყო სადამსჯელო ღონისძიება, 3 დღე ადმინისტრაციული პატიმრობა, რომელიც არ არის მსუბუქი ხასიათის პასუხისმგებლობა, ეს არის იგივე ხასიათის პასუხისმგებლობა, რაც ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც სისხლის სამართლის საქმეზე განიხილება, ეს არის მაღალი ინტენსივობის ჩარევა გამოხატვის თავისუფლებაში და შეკრება-მანიფესტაციის, რომელიც სამწუხაროდ აღარ გვაქვს. […]

    ჩვენ ვაპირებთ, რომ ყველა შესაძლო ინსტანცია გამოვიყენოთ, ეს არის გასაჩივრება სააპელაციოში და თუ გვექნება შანსი ასევე გამოვიყენოთ ადამიანის ევროპული სასამართლოს შესაძლებლობა იმიტომ, რომ ეს გადაწყვეტილებები არის ცალსახად უკანონო,” – განაცხადა თეონა ზაქარაშვილმა.

  • ღია სივრცეში გინება მიუღებელია – კალაძე შსს-ს სამმართველოზე

    ღია სივრცეში გინება მიუღებელია – კალაძე შსს-ს სამმართველოზე

    ეს გადაწყვეტილება ყველასთვის თანაბარი იქნება. ჩემს შემთხვევაშიც მომხდარა ცილისწამება კონკრეტული სიუჟეტების მეშვეობით. ეს უნდა დასრულდეს. არ აქვს მნიშვნელობა, საუბარი ჩემზე იქნება, ოპოზიციის წარმომადგენელზე თუ რიგით მოქალაქეზე.  ეს ჩვენი ქვეყნისთვის და მისი მომავლისთვის, ერთიანობისთვის არის აუცილებელი. შეიძლება, ვერ ვთანხმდებოდეთ კონკრეტულ საკითხზე, მაგრამ ეს  გადმოცემული უნდა იყოს ცივილურად. ყველამ უნდა ვცეთ პატივი ერთმანეთს.

    ბოლო წლებში მიზანმიმართული შეურაცხყოფები მიმდინარეობს. კრიტიკა მისაღებია – დემოკრატიული პროცესების ნაწილია, მაგრამ შეურაცხყოფა, ღია სივრცეში გინება მიუღებელია, თუმცა ესეც გარედან წამოსული დავალების ნაწილია. აკერმანის წიგნზე ძალიან ბევრი გვისაუბრია. ამ წიგნის მეშვეობით აკეთებდნენ ყველაფერს რევოლუციის მოსაწყობად, პოლარიზაციის გასაღრმავებლად, საზოგადოების გასახლეჩად. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია აღნიშნული გადაწყვეტილება, რაც გუშინ გაჟღერდა, რათა ეს ყველაფერი დარეგულირდეს.

    ამბობს კახა კალაძე.

    ცნობისთვის, ოცნება ქმნის სპეციალურ სამმართველოს, რომლის მთავარი ფუნქციაც “საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება”.

  • როგორც უნდათ ისე მოიქცნენ –  კალაძე ზაარბრიუკენი თბილისთან ოფიციალური კავშირების გაწყვეტის გეგმაზე

    როგორც უნდათ ისე მოიქცნენ – კალაძე ზაარბრიუკენი თბილისთან ოფიციალური კავშირების გაწყვეტის გეგმაზე

    „ეგ მათი უფლებაა, როგორც უნდათ ისე მოიქცნენ. მე 2017 წლიდან ქალაქის მერი ვარ, არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა. ერთხელ იყო ჩამოსული დელეგაცია „თბილისობაზე“,

    ასე უპასუხა კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც შეეხებოდა Saarbruecken Zeitung-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც საუბარია, რომ 51-წლიანი საქალაქო პარტნიორობის შემდეგ, გერმანიის ქალაქი ზაარბრიუკენი საქართველოს დედაქალაქ თბილისთან ყველანაირი ოფიციალური კავშირის გაწყვეტას გეგმავს.

    aarbruecken Zeitung-ის ინფორმაციით, 51-წლიანი საქალაქო პარტნიორობის შემდეგ, გერმანიის ქალაქი ზაარბრიუკენი საქართველოს დედაქალაქ თბილისთან ყველანაირი ოფიციალური კავშირის გაწყვეტას გეგმავს.

  • ბიუჯეტის ფულით ფარმაცევტული მაფია არ უნდა გამდიდრდეს – კობახიძე დიუშენის მედიკამენტზე

    ბიუჯეტის ფულით ფარმაცევტული მაფია არ უნდა გამდიდრდეს – კობახიძე დიუშენის მედიკამენტზე

    “ბიუჯეტის ფულით ფარმაცევტული მაფია არ უნდა გამდიდრდეს ” – განაცხადა “ქართული ოცნების” პრემიერმა ირაკლი კობახიძემ დიუშენით დაავადებულ ბავშვებზე და დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე საუბრისას.

    “მზად ვართ ვისაუბროთ ყველასთან, პირველ რიგში, ბუნებრივია, მზად ვართ ვისაუბროთ პატრიარქთან ყველა თემასთან დაკავშირებით და კონკრეტულად ამ თემასთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს დღეს კონკრეტული პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. თუ ვინმე სხვა რამეში დაგვარწმუნებს, ბუნებრივია, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, საგულისხმოა ნებისმიერი პოზიცია, რომელიც შეიძლება ჰქონდეს ეკლესიას, პატრიარქს ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით. მზად ვართ კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ ამ კონკრეტულ თემაზე.

    რაც შეეხება თანხას, ის თანხა, რომელზეც არის საუბარი, იქნება ეს 50 მილიონი, თუ 60 მილიონი, ეს არ არის ის თანხა, რომელსაც საკუთარი, პერსონალური ჯიბიდან ვიღებთ და გავცემთ. ეს არის ხალხის ფული, გადასახადის გადამხდელთა თანხების ერთობლიობა. აქედან გამომდინარე, ერთადერთი, რამაც ჩვენ შეიძლება შეგვაკავოს, როდესაც საუბარია თანხის პრაგმატულ ხარჯვაზე, ეს არის პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის მიმართ, გადასახადის გადამხდელების მიმართ. ჩვენთვის ყველაზე მარტივი იქნებოდა, აგვეღო ეს 50 მლნ და დაგვეხარჯა. ეს იქნებოდა ყველაზე მარტივი და პოლიტიკურად ყველაზე მომგებიანი გამოსავალი. მაგრამ მეორე მხარეს დგას პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის მიმართ იმაზე, რომ მთავრობამ რაციონალურად უნდა დახარჯოს ის თანხები, რომლებიც მობილიზებულია ბიუჯეტში, ხალხის შენატანების საფუძველზე. ეს ხალხის ფულია. საუბარია საკმაოდ დიდ თანხაზე, დაახლოებით 50 მლნ-ზე, რომელიც ყოველწლიურად უნდა დაიხარჯოს. აქ უნდა დაისვას მარტივი შეკითხვა, ეს თანხა შეიძლება დაიხარჯოს რაციონალურად და ამ თანხის დახარჯვამ მოიტანოს სათანადო შედეგი, თუ ამ თანხით ჩვენ შეიძლება უბრალოდ გავამდიდროთ ფარმაცევტული მაფია. ამ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი. თუ ჩვენ დავრწმუნდებით, რომ ამ თანხით შესაძლებელია ხელშესახები შედეგის მიღწევა, ამ შემთხვევაში რაზეა საუბარი. მაგრამ თუ გვექნება იმის განცდა, რომ ეს თანხა შეიძლება მოხმარდეს მხოლოდ და მხოლოდ ფარმაცევტული მაფიის გამდიდრებას, ამ შემთხვევაში გაგვიჭირდება შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.

    იყო საქართველოში შემთხვევები, როდესაც ხელისუფლებამ სცადა იოლი გამოსავლის გზით წასვლა და წლების განმავლობაში ამაში დაიხარჯა ხალხის მრავალი მილიონი, რომელსაც არ მოაქვს ხელშესახები შედეგი. არ მინდა დავკონკრეტდე, რა მიმართულებაზეა საუბარი. თავის დროზე მთავრობამ მიიღო ხალხის ზეწოლის საფუძველზე, საზოგადოების ნაწილის ზეწოლის საფუძველზე კონკრეტული გადაწყვეტილება, დაიხარჯა ათეულობით მილიონი იმაში, რასაც არ მოაქვს შედეგი. თუ მთავრობა ამ გზით განაგრძობს სიარულს, შეიძლება გაჩნდეს ფარმაცევტული მაფიის ახალ-ახალი ინიციატივები, რომლებსაც კიდევ ერთხელ შეიძლება არ მოჰქონდეს არავითარი შედეგები, გარდა ერთისა – ფარმაცევტული მაფიის გამდიდრებისა. თუ ფარმაცევტული მაფია დაინახავს მთავრობის სისუსტეს, მილიარდ ლარამდეც კი შეიძლება ავიდეს იმ თანხების საერთო მოცულობა, რომელიც ხმარდება არა კონკრეტულ შედეგს, არამედ ფარმაცევტული მაფიის გამდიდრებას. მთავრობამ უნდა იზრუნოს ხალხის მიერ ბიუჯეტში შეტანილი თითოეული თეთრის რაციონალურად გახარჯვაზე და არცერთი თეთრი არ უნდა მოხმარდეს ფარმაცევტულ მაფიას. ასევე, ერთ რამეს მინდა გავუსვა ხაზი, წარმოიდგინეთ, რომ არის კონკრეტული მედიკამენტი, რომლის ღირებულებაა 3 მლნ დოლარი, ან მეორე მედიკამენტი, რომლის ღირებულებაა 700 ათასი დოლარი. ამ წამლების თვითღირებულება ორივე შემთხვევაში არის მაქსიმუმ 300-700 დოლარი, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რა მასშტაბის მაფიაზეა საუბარი…

    სადაც არის შესაბამისი ექსპერტული ცოდნა, ეს არის ჯანდაცვის სამინისტრო. უმჯობესია, რომ ეს კონსულტაციები გაგრძელდეს სწორედ ჯანდაცვის სამინისტროსთან. ეს კონსულტაციები წარმოებდა და მზაობა დღესაც არსებობს. სადაც არის ექსპერტული ცოდნა, სჯობს იქ გაგრძელდეს კონსულტაციები და არა წმინდა პოლიტიკურ ჭრილში. შესაბამისად, ჩემი მოწოდება იქნებოდა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ფორმატში გაგრძელდეს ამ საკითხზე კონსულტაციები”, – თქვა კობახიძემ.

  • აზერბაიჯანში გაფორმებული ხელშეკრულება გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით ბუნდოვანია – გოცირიძე

    აზერბაიჯანში გაფორმებული ხელშეკრულება გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით ბუნდოვანია – გოცირიძე

    გუშინ აზერბაიჯანში გაფორმებული ხელშეკრულება გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით ბუნდოვანია და ბევრ კითხვას ბადებს. საქართველოს მთავრობამ უნდა აუხსნას საზოგადოებას, თუ რას მოაწერეს ხელი, შეიცვალა რაიმე თუ არა ძველ ხელშეკრულებაში თუ ახალი გაფორმდა, რა დათმო საქართველომ და რა მიიღო სანაცვლოდ?

    მთავარი კითხვა მდგომარეობს იმაში, მართლა გაგრძელდა ძველი ხელშეკრულება, როგორც აცხადებენ თუ გაფორმდა ახალი? ეს არსებითად ცვლის პირობებს, ამაზე არის დამოკიდებული ბევრი რამ, მათ შორის დაგვრჩა თუ არა ბაქო-თბილისი-ერზერუმის მილსადენდით გაზის მიღების სივრცე. ასევე რა ფასად მივიღებთ ე.წ. დამატებით გაზს აზერბაიჯანიდან და ვისი საკუთრებისაა ეს გაზი.

    თუ ხელშეკრულება გაგრძელდა, რატომ აწერს ხელს “სოკარი”? ჩვენ ხელშეკრულება გაფორმებული გვქონდა არა აზერბაიჯანთან, არამედ სართაშორისო კონსორციუმთან, სადაც გაზის ძირითადი მესაკუთრეები დასავლური კომპანიები არიან( ბიპი, ტოტალი). ჩვენ ამ კონტრაქტით ვღებულობდით არა აზებაიჯანის სახელმწიფოს კუთვნილ ე. წ. სოკარის გაზს, არამედ საერთაშორისო კონსორციუმის გაზს. ამ კონსორციუმისგან ჯერ-ჯერობით ამ საკითხზე რაიმე განცხადება არ მოგვისმენია. დავკარგეთ თუ არა ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენდში ჩვენი სივრცე, 500 მლნ. მ3-ის მოცულობით? დარჩენილი 1 მრდ.მ3 მოცულობის გატარების სივრცე, რომელიც მესამე წელია, რაც აზერბაიჯანს გადავეცით, რატომ მოხდა ეს, რა პირობით და რა ვადით? მთლიანად რომ მივებით ყაზახი-საგურამოს საბჭოთა ამორტიზებულ მილს, ეს ფაქტია. სანაცვლოდ რა მივიღეთ?

    და ბოლოს, აზერბაიჯანის სახელმწიფოს კუთვნილ გაზს მივიღებთ ასევე აზერბაიჯანის სახწლმწიფოს კუთვნილი( თანაც ამორტიზებული) მილით თუ საერთაშორისო კონსორციუმის კუთვნილი აზერბაიჯანული წარმოშობის გაზს, უკიდურესად დაცული ბაქო-თბილისი-ერზერუმის მილით, არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური საკითხიცაა.

    წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

  • აბორტების რაოდენობა 39 000-დან 12 000-მდე შემცირდა და ვფიქრობ, ეს ქადაგებების შედეგია – კობახიძე

    აბორტების რაოდენობა 39 000-დან 12 000-მდე შემცირდა და ვფიქრობ, ეს ქადაგებების შედეგია – კობახიძე

    “აბორტების რაოდენობა 39 000-დან 12 000-მდე შემცირდა და ვფიქრობ, ეს ქადაგებების შედეგია” –  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

    „რაც შეეხება პატრიარქის ქადაგებას აბორტთან დაკავშირებით, ეს არ არის მისი პირველი ქადაგება, მანამდეც, მაგალითად, შარშან 17 მაისს გვახსოვს, რომ აბორტთან დაკავშირებით, მეუფე შიო, მაშინ მოსაყდრე, აკეთებდა განცხადებებს, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ბუნებრივია, ჩვენი საზოგადოებისთვის. ყოველთვის აკეთებდა ეკლესია განსაკუთრებულ აქცენტს აბორტზე და ამას აქვს კონკრეტული შედეგები. მაგალითად, სტატისტიკას რომ შევხედოთ, რა შედეგი აქვს ეკლესიის ამ დამოკიდებულებას აბორტის მიმართ – მაგალითად, 2012 წელს, 39 000-ზე მეტი აბორტი გაკეთდა საქართველოში და შარშანდელი მაჩვენებელი არის 12 000-ზე ნაკლები. ამ პერიოდში კანონმდებლობა არ შეცვლილა. შობადობა ამდენით არ შემცირებულა და პირდაპირ კორელაციაც არ არის, რა თქმა უნდა, შობადობასა და აბორტს შორის. შობადობა შეიძლება შემცირდა, პირობითად, არ ვიცი, ზუსტი მაჩვენებელი, 20-30%-ით, მაგრამ 39 000-დან არის შემცირებული 12 000-მდე აბორტების რაოდენობა. ეს არის კონკრეტული მაჩვენებელი და მე ვფიქრობ, რომ ეს არის იმ ქადაგებების შედეგი, რასაც საზოგადოება ისმენს სასულიერო პირების მხრიდან. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ქადაგება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ პატრიარქისგან 17 მაისს.

    რაც შეეხება კანონმდებლობას, ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ ვიმსჯელოთ ეკლესიასთან, პატრიარქთან, სასულიერო პირებთან ერთად კანონმდებლობაში შესაძლო ცვლილებებზე. თუ რაიმე შეიძლება შეიცვალოს, რაც დამატებით ხელს შეუწყობს ამ ტენდენციის გაუმჯობესებას, ჩვენ ამისთვის, რა თქმა უნდა, მზად ვართ“,

  • კობახიძე ევროკავშირის ლიდერებს ღია წერილს უგზავნის და შეშფოთებას გამოთქვამს ევროპაში მიმდინარე პროცესების გამო

    კობახიძე ევროკავშირის ლიდერებს ღია წერილს უგზავნის და შეშფოთებას გამოთქვამს ევროპაში მიმდინარე პროცესების გამო

    ქართული ოცნების პრემერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე ღია წერილს უგზავნის
    ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიო კოშტას და რობერტა მეცოლას. წერილი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე წაიკითხა:

    “როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველო ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული ქვეყანაა, ქვეყანა, სადაც ადამიანის ღირსება, ჰუმანიზმი, თავისუფლება და ეროვნული თვითმყოფადობა არა დეკლარირებული პრინციპები, არამედ საუკუნეთა განმავლობაში ჩამოყალიბებული, სისხლხორცეული ღირებულებებია.   ისტორიულად, კულტურულად და ღირებულებითად, საქართველო ევროპული სივრცის ნაწილია, ამავდროულად კი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, რომელიც ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ მიისწრაფვის. სამწუხაროდ, ევროპული ბიუროკრატიის მიერ საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, ცალმხრივად, თქვენი ინიციატივით, შეწყდა პოლიტიკური დიალოგი ჩვენს ქვეყანასთან, რის შემდეგაც არაერთხელ იქნა უარყოფილი ჩვენს მიერ შეთავაზებული დისკუსიისა და თანამშრომლობის ფორმატები.

    ამგვარი ვითარების გათვალისწინებით, იძულებულნი ვართ, ღია წერილით, საჯაროდ მოგმართოთ.   არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ საქართველოს სწრაფვა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ფორმალური ინტეგრაციის სურვილით არ არის განპირობებული. ჩვენი ხალხისთვის ევროპა, პირველ რიგში, ღირებულებითი სივრცე, ჩვენი წინაპრების ცივილიზაციური არჩევანია, რომელიც ქრისტიანულ მორალს, თავისუფლებას, თანასწორობას, ადამიანის უფლებების პატივისცემასა და დემოკრატიულ პრინციპებს ეფუძნება.   ჩვენთვის ევროკავშირი საერთო, ევროპული ცივილიზაციური სივრცეა, გაერთიანება, რომელიც არა რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ფიგურას, ევროპელ ლიდერს თუ ევრობიუროკრატს, არამედ ევროპელ, მათ შორის, ქართველ ხალხს ეკუთვნის.
    ამ ფონზე, როგორც ევროპული ცივილიზაციის ნაწილს და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანას, გვაქვს კითხვები იმ შემაშფოთებელ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც შუაგულ ევროპაში, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში განვითარდა და რომლებსაც, ვფიქრობთ, არაფერი აქვს საერთო არც ევროპასთან და არც ევროპულ ღირებულებებთან.   ქალბატონო ურსულა, ბატონო ანტონიო, ქალბატონო რობერტა, მოგმართავთ კითხვით თქვენ, როგორც ევროკავშირის უმაღლესი ინსტიტუტების წარმომადგენლებს – როგორ აფასებთ იმ ძალადობას, რომლიც დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში განვითარდა, როდესაც მშვიდობიანი დემონსტრაციის მონაწილეებს ჯერ ხელკეტებით გაუსწორდნენ, შემდეგ კი მათ წინააღმდეგ ძაღლები გამოიყენეს?   იმ უმძიმესმა კადრებმა, სადაც ვიხილეთ, თუ როგორ საშინლად არბევს პოლიცია მშვიდობიან დემონსტრანტებს, საერთაშორისო საზოგადოებას ნათლად დაანახა შემაშფოთებელი რეალობა – თუკი წლების განმავლობაში ევროპა დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, აგრეთვე სხვა ფუნდამენტური ღირებულებების დაცვის ეტალონად მიიჩნეოდა, დღეს სულ უფრო მკაფიოდ იკვეთება საპირისპირო ტენდენცია. არსებული ვითარება აჩენს საფრთხეს, რომ ევროპა შესაძლოა იქცეს არა ამ ღირებულებების დაცვის, არამედ მათი უგულებელყოფისა და უხეში დარღვევის ეტალონად.

    საქართველოსთვის, ისევე, როგორც ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც დემოკრატიული ღირებულებების ერთგულია, კატეგორიულად მიუღებელია როგორც ის ძალადობა, რომელიც კოპენჰაგენში ვიხილეთ, ისე ის ფაქტი, რომ ევროკავშირი აღარ იცავს ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებსაც დაეფუძნა.   ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბუნებრივია, თქვენ მიმართ ჩნდება კითხვები, მათ შორის კითხვები იმის შესახებ, შეესაბამება თუ არა ასეთი ძალადობრივი ქმედებები იმ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების იმ სტანდარტებს, რომელთა ერთგულებასაც ევროკავშირი მუდმივად უსვამს ხაზს და რომლისკენაც მსოფლიოს ქვეყნები მიისწრაფოდნენ?   როგორც ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირები, როგორ ფიქრობთ, სად მიჰყავს ევროპა იმ პროცესებს, რომლებიც დემოკრატიულ უკუსვლას, ეკონომიკურ სტაგნაციას, მიგრაციულ კრიზისს, ისტორიული მეხსიერების დაკნინებას, ეროვნული და სქესობრივი იდენტობების შესუსტებას და საზოგადოებრივი თვითმყოფადობის რღვევას უკავშირდება?

    როგორ აღმოჩნდა ევროპა, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის განვითარების, თავისუფლებისა და დემოკრატიის მაგალითად მიიჩნეოდა, ასეთ ღრმა ღირებულებით კრიზისში და ზოგადად, საით მიჰყავს ევროკავშირი ამ გზას?   სამწუხარო და შემაშფოთებელი ფაქტია, რომ დღეს ევროკავშირი ხშირად უგულებელყოფს საზოგადოების ბუნებრივ, კულტურულ და ისტორიულ საფუძვლებს. ჩნდება განცდა, რომ ევროპული სივრცე თანდათან შორდება იმ პრინციპებს, რომლებმაც ის მსოფლიოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის სიმბოლოდ აქცია.   საქართველო, ევროპული, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა თქვენგან მკაფიო პასუხს ელის – რა გეგმა აქვს ევროკავშირს, რა მიმართულებით ვითარდება მოვლენები გაერთიანების შიგნით და რა იქნება ამ შემაშფოთებელი პროცესების საბოლო შედეგი, პროცესებისა, რომლებზეც არა მხოლოდ ჩვენ ვსაუბრობთ, არამედ სხვა ევროპული ქვეყნების მოსახლეობა თუ პოლიტიკური ლიდერებიც საჯაროდ საუბრობენ?“– წერს კობახიძე ღია წერილში.