Category: ახალი ამბები

  • ჯაფარიძეს საცირკო სანახაობის დადგმის საშუალებას არ მივცემთ.ედებატოს იმას, ვისაც ჩვენი პარტია გამოყოფს – შარმანაშვილი

    ჯაფარიძეს საცირკო სანახაობის დადგმის საშუალებას არ მივცემთ.ედებატოს იმას, ვისაც ჩვენი პარტია გამოყოფს – შარმანაშვილი

    ჯაფარიძეს საცირკო სანახაობის დადგმის საშუალებას არ მივცემთ.ედებატოს იმას, ვისაც ჩვენი პარტია გამოყოფს – ამის  შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

    „ირაკლი კობახიძე არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი და სად გინახავთ გაურკვეველი რეიტინგის მქონე ადამიანს ასე პირდაპირ ედებატა?! თუმცა ეს მისი გადასაწყვეტია, ირაკლი კობახიძის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ. რაც მთავარია, პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა თავად უნდა განსაზღვრონ, კონკრეტულ შემთხვევაში თავისი პოზიცია ვინ უნდა წარმოადგინოს. თუ ზურა გირჩი ჯაფარიძე გადაწყვეტს, რომ თავისი ორგანიზაციის პოზიცია თვითონ უნდა წარმოადგინოს, ჩვენი ორგანიზაცია გადაწყვეტს, ჩვენს პოზიციას ვინ წარმოადგენს. ჯაფარიძეს საცირკო სანახაობის დადგმის საშუალებას არ მივცემთ. უნდა, აქვს არგუმენტები?! ედებატოს იმას, ვისაც ჩვენი პარტია გამოყოფს. თავად კობახიძე გადაწყვეტს ამის გაკეთებას?! მაშინ თვითონ გააკეთებს. სხვას დაევალება ამის გაკეთება?! სხვა გააკეთებს.[…]დარწმუნებული ვარ, საქართველოში დებატების კულტურის ხელახლა მობრუნებას ხელს შევუწყობთ. ეს ადრე იყო, თუმცა შემდეგ გაქრა. ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენს ოპონენტებს აუკრძალეს ნებისმიერი კონტაქტი ჩვენთან. ეს თვითონ აქვთ ნათქვამი. მაგალითად, „გამჭვირვალობის კანონზე” როცა იყო საუბარი ამბობდნენ, შინაარსში არ შევიდეთ, ეს მათი მოედანიაო. ასეთი დავალება ჰქონდათ მიღებული,” – აღნიშნა შარმანაშვილმა.

     

  • საია-ს ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საჩივრის განხილვა დაიწყო

    საია-ს ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საჩივრის განხილვა დაიწყო

    „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის თამარ ონიანის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საჩივრის განხილვა დაიწყო.საიამ აღნიშნული საჩივარი 2025 წელს გაგზავნა.

    „საია წარდგენილ საჩივარში მიუთითებდა, რომ ჩატარებული არჩევნების დროს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ საკუთარი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებამ მასობრივად დაარღვია კენჭისყრის ფარულობის ფუნდამენტური პრინციპი, ხოლო საარჩევნო დავების განხილვის დროს დაირღვა საარჩევნო დავების ეფექტიანი მექანიზმით განხილვის უფლება. საია საჩივარში ასევე დავობდა, რომ საქართველოს კანონმდებლობაში არსებულო ბლანკეტური განაწესი, რომელიც მოქალაქეებს საარჩევნო დავაზე საჩივრის წარდგენის შესაძლებლობას უზღუდავს, არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოთხოვნებს”,-განაცხადა ონიანმა.

    საია-თავმჯდომარის განმარტებით, საქმის განხილვა მიმდინარეობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-3 მუხლისა (თავისუფალი არჩევნების უფლება) და მე-13 მუხლის (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) ფარგლებში.

    „სასამართლო ასევე იმსჯელებს და შეაფასებს, არღვევს თუ არა ხმის მიცემის უფლებას საზღვარგარეთ არასაკმარისი რაოდენობის საარჩევნო უბნების გახსნა. სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე პოზიციის წარდგენისთვის სახელმწიფოს ვადა განუსაზღვრა 2026 წლის 15 მაისამდე. სტრასბურგის სასამართლომ წარდგენილი საჩივრები მცირე დროში მიიღო არსებითად განსახილველად. აღნიშნული ხაზს უსვამს სასამართლოს მხრიდან საქმის პრიორიტეტულობას და იძლევა შესაძლებლობას საერთაშორისო სასამართლოს მიერ შეფასდეს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების დროს გამოვლენილი ფარულობის სისტემური დარღვევა და საარჩევნო კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები, რაც არღვევს კონვენციური უფლებებით დაცულ სფეროს”,- განაცხადა თამარ ონიანმა.

  • გიორგი ვაშაძე თავისუფალია

    გიორგი ვაშაძე თავისუფალია

    სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულება 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა.

    “ძალიან შემართებით ვარ, ოპტიმისტურად განწყობილი. ამდენი ადამიანი, გულშემატკივარი. მინდა, მივესალმო საქართველოს, დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ სამართლიან ქვეყანაში, ქვეყანაში, რომელიც წინ მიდის, არის განვითარებულ ქვეყნებს შორის, არის ევროკავშირის ღირსეული წევრი.. მინდა, ისეთ ქვეყანაში ვიცხოვროთ, სადაც ადამიანებს განსხვავებული აზრის გამო არ დაიჭერენ. შვიდი თვე რთული იყო, განსაკუთრებით როცა ოჯახს, შვილებს და მეუღლეს შორდები, მაგრამ რწმენა იმის, რომ გავიმარჯვებთ, იმდენად დიდია,რომ არცერთი დღე არ გამჭირვებია”- თქვა ვაშაძემ ციხიდან გამოსვლის შემდეგ.

  • თუ ირანის ცივილიზებულ სამყაროში დაბრუნებას  მომზადებულები არ დავხვდით, შეიკვრება ირანი-აზერბაიჯანი-სომხეთი-თურქეთის კვადრატი და სამუდამოდ დავრჩებით ჩიხად და რუსეთის ღარიბ სატელიტად – გვარამია

    თუ ირანის ცივილიზებულ სამყაროში დაბრუნებას მომზადებულები არ დავხვდით, შეიკვრება ირანი-აზერბაიჯანი-სომხეთი-თურქეთის კვადრატი და სამუდამოდ დავრჩებით ჩიხად და რუსეთის ღარიბ სატელიტად – გვარამია

    “თუ ირანის ცივილიზებულ სამყაროში დაბრუნებას მომზადებულები არ დავხვდით, შეიკვრება ირანი-აზერბაიჯანი-სომხეთი-თურქეთის კვადრატი და სამუდამოდ დავრჩებით ჩიხად და რუსეთის ღარიბ სატელიტად”-  ამის შესახებ ნათქვამია „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, პატიმრობაში მყოფი ნიკა გვარამიას წერილში, რომელიც სოციალურ ქსელში მის გვერდზე გავრცელდა.

    „ძალიან სამწუხარო ტექსტი მოვისმინე დავოსში აზერბაიჯანის პრეზიდენტისგან. როგორც ქართველმა მინდა ვთქვა, რომ ის, რომ დავოსში საქართველო არ არის (რაც სრული კატასტროფაა), ის, რომ ყველასგან გარიყული ე.წ. მთავრობა გვყავს, რომელიც საერთაშორისო პარიაცაა და გიჟივით იქცევა, ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მომავლისთვის და მთავარ ქვეყნებისთვის არა მარტო კავკასიაში, არამედ შავი და კასპიის ზღვების აუზებში. ეს ქართველი ხალხის ისტორიული მონაპოვარია, ჩვენი წინაპრების მონაპოვარი, ჩვენი თაობების არჩევანი და ჩვენი მომავალი თაობების სურვილი. ამიტომ არ დავთმობთ, რაც არ უნდა ხდებოდეს ქვეყნის შიგნით! არ დავუთმობთ არავის!

    როგორც ვხედავთ და როგორც მკაფიოდ ჩანს, ირანის გათავისუფლების პერსპექტივა სერიოზული „გეიმ ჩეინჯერია“ ევროპის უკიდურესი აღმოსავლეთის რეგიონში, რაშიც მე შავი ზღვის და კასპიის ზღვის აუზებს მოვიაზრებ. და თუ ირანის ცივილიზებულ სამყაროში დაბრუნების მომენტს მომზადებულები არ დავხვდით, შეიკვრება ირანი-აზერბაიჯანი-სომხეთი-თურქეთის კვადრატი და სამუდამოდ დავრჩებით ჩიხად და რუსეთის ღარიბ სატელიტად, ბიძინა ივანიშვილი კი გეოპოლიტიკური სასაფლაოს დირექტორად სიცოცხლის ბოლომდე.

    ეს არ უნდა დავუშვათ არავითარ შემთხვევაში!

    ესაა ისტორიული ამოცანა, სწორედ, თორემ „ქოცი“ იყო მმართველობაში, თუ მარსიანელი, ეს ისტორიას საერთოდ არ დააინტერესებს.

    ჩვენი ძალა იმაშია, რომ მხოლოდ ჩვენ გვაქვს ამ რეგიონში ევროკავშირის წევრობის რეალური შანსი და არ უნდა დავუშვათ, რომ ამაში სომხეთმა ჩაგვანაცვლოს.

    დროა მკაფიოდ ისიც ითქვას, რომ თბილისის შემდეგ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი, მიზიდულობის ცენტრი, გნებავთ მეორე დედაქალაქი არის ბრიუსელი, მკაფიოდ და ცალსახად – ბრიუსელი”,-წერს გვარამია.

  • ოკუპირებულ სოფელ წინაგარასთან უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია – სუს

    ოკუპირებულ სოფელ წინაგარასთან უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია – სუს

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მიმდინარე წლის 21 იანვარს, ოკუპირებულ სოფელ წინაგარას მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია.

    “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მადლობას უხდის პროცესში ჩართულ ყველა მხარეს დაკავებულის მდგომარეობის, მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებისა და სწრაფი რეაგირებისთვის.

    საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად.” – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

  • მსოფლიომ თქვა, რომ ამ ფორმის საქართველო არაფერში სჭირდებათ – ელენე ხოშტარია

    მსოფლიომ თქვა, რომ ამ ფორმის საქართველო არაფერში სჭირდებათ – ელენე ხოშტარია

    დავოსის შეკრებამ თვალნათლივ დაგვანახა ის დანაშაული, რაც რუსეთის მარიონეტებმა საქართველოში ჩაიდინეს. ეს არ არის საფრთხე, ეს შედეგია.

    მსოფლიომ, ჩვენი უშუალო მეზობლების და ყოფილი სტრატეგიული პარტნიორების ჩათვლით, თქვა, რომ ამ ფორმის საქართველო არა თუ არ უნდათ, არც არაფერში სჭირდებათ. ეს იყო რუსეთის ოცნება და ბიძინას ანონსი ჯერ კიდევ 2011 წელს.

    ეს არის ისტორიული ანომალია, ხელოვნური, უხეში ჩარევა ჩვენი ქვეყნის დაღუპვის მიზნით.

    ოცნებაზე წუხილს აზრი არ აქვს. ან ავიღებთ პასუხისმგებლობას, შევქმნით ალტერნატივას და დავამარცხებთ ამ მავნებელთა უმცირესობას, ან ბრალს ჩვენც გადავინაწილებთ.

    მე გამარჯვების ღრმად მჯერა, უბრალოდ პასუხისმგებლობის მასშტაბი მინდოდა გამომეთქვა.

    ბოლომდე!

    წერს კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია საპატიმრო დაწესებულებიდან.

  • ვინც სერიოზულად საუბრობს დემოკრატიაზე, მოწინააღმდეგე პოლიტიკურ ლიდერებს ციხეში არ კეტავს – დეკანოიძე კობახიძეს

    ვინც სერიოზულად საუბრობს დემოკრატიაზე, მოწინააღმდეგე პოლიტიკურ ლიდერებს ციხეში არ კეტავს – დეკანოიძე კობახიძეს

    „კობახიძეს უთქვამს, რომ დებატები უნდა დაბრუნდეს საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

    ხალხი, ვინც სერიოზულად საუბრობს დემოკრატიასა და ნამდვილ პოლიტიკურ დებატებზე საკუთარ მოწინააღმდეგე პოლიტიკურ ლიდერებს ციხეში არ კეტავს. ნიკა გვარამია ციხეში ზის.

    გახსენით ტელეკომპანია „იმედი“ და მზად ვართ ხალხს ველაპარაკოთ:

    – პოლიტიკურ პატიმრებზე;

    – რეპრესიულ კანონმდებლობაზე;

    – საქართველოს იზოლაციაზე;

    – გამქრალ საერთაშორისო პერსპექტივებზე;

    – ახალგაზრდებზე, ვინც ქვეყანას ტოვებენ;

    – პენსიონერებზე, ვინც წამლებს ვერ ყიდულობენ;

    – გენერალურ პროკურორზე, რომელიც რუსეთის აგენტია და მკვლელობას უკვეთს;

    – კორუფციაზე და ბაღებში ბავშვების საკვების წართმევით გამდიდრებულ თანამდებობის პირებზე;

    – ქიმიურ მოწამვლაზე;

    – ნამდვილ მშვიდობაზე, რომელზეც ივანიშვილმა უარი თქვა.

    და იმ ხალხზე, ვისაც სურსათის ყიდვა არ შეუძლია კატასტროფული ფასები გამო.

    გახსენით „იმედის“ არხი”,

    ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.

  • ერთადერთი შანსი არის ყველა პარტიის გაერთიანება – მიხეილ სააკაშვილი

    ერთადერთი შანსი არის ყველა პარტიის გაერთიანება – მიხეილ სააკაშვილი

    ”ერთადერთი შანსი არის ყველა პარტიის გაერთიანება ” – საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო პროცესს დაესწრო და სიტყვის უფლებით ისარგებლა.

    “რეჟიმი იზოლირებულია, არათუ თავისუფალი სამყაროსგან, არამედ ოკუპანტი რუსეთისგანაც. ერთადერთი, რაზეც დგას დიქტატურა, ეს არის შიში. ერთ მხარეს არის ფული, მეორე მხრიდან უნდა დავუპირისპიროთ ამას გამბედაობა, რისი თვალსაჩინო მაგალითიც გვაჩვენეს დატყვევებულმა ახალგაზრდებმა.

    მთელი ერი ტყვეობაში ჰყავს ერთ ფეოდალს. თავისი ერთგული რეზინი გამოამწყვდია ციხეში. ზებრა დასვა პრეზიდენტად. ამან შეუძლებელია დიდხანს გასტანოს. თუ ჩვენ როგორც საზოგადოება ვიქნებით ჩვენს სიმაღლეზე. უნდა დავძლიოთ შიში და ვთქვათ შეულამაზებელი მწარე სიმართლე სიმართლე იმაშია, რომ ვარდების რევოლუციის რეფორმებს, ბევრმა ვერ აუწყო ფეხი. დავეტაკეთ ქართულ ჯიგრულ პონტს, სინამდვილეში კრიმინალის, ნეპოტიზმის ფსიქოლოგიას და სუბკულტურას. ამ დაჯახების დროს მძიმე შედეგები იყო, მათ შორის ჩვენთვის.

    რეალურად მოვახდინეთ მენტალური რევოლუცია და ამას დაუპირისპირდა ეს ყაჩაღური კლანი. სწორედ ამ მოუმზადებლობამ ჩემი რეფორმებისთვის, გამოიწვია მრავალწლიანი ბიპოლარული აშლილობა, რაც გამოიხატება ლოზუნგებში, „არც ნაცი და არც ქოცი“, რაც ნიშნავს ქოცობას.

    ყველამ დავსვათ კითხვები, იქნებოდა თუ არა ჩვენი ქვეყანა უფრო მდიდარი, ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო. იარსებებდა თუ არა მეტი შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის, ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო. დაბრუნდებოდა თუ არა ქვეყანაში კორუფცია და კრიმინალი, ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო, მოვატანინებდი თუ არა მოპარულ ყველა თეთრს უკან, ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო, იქნებოდა თუ არა თითქმის 800 000 სოციალურად დაუცველი. აქ არის კურსის გაგრძელებაზე და არა ჩემს ხელისუფლებაში ყოფნაზე. მე არ გეპატიჟებით წარსულში, მე გეპატიჟებით მომავალში.

    მე არ მინდა ძალაუფლება.მე რომ გარეთ ვიყო და თავისუფლად გადაადგილება შემეძლოს, ამათ დავასრულებდი ერთ საათში. მე მზად ვარ მივიღო მონაწილეობა საქართველოს კრიზისიდან ამოთრევაში. ახლა ერთადერთი შანსი არის ყველა პარტიის გაერთიანება. რა პრინციპები და განსხვავება. რით განვსხვავდებით, გარდა იმისა, რომ ყველა მენიუში ვყავართ შესაჭმელად ფეოდალს?”- თქვა სააკაშვილმა.

  • ვინარჩუნებთ სტრატეგიულ მოთმინებას! – გორდულაძე აშშ-ზე

    ვინარჩუნებთ სტრატეგიულ მოთმინებას! – გორდულაძე აშშ-ზე

    ჩვენი გუნდის წევრები არაერთხელ ვაკეთებდით აქცენტს და ვამხელდით იმ გლობალურ ძალებს, რომელთა ინტერესიც არის სხვა ქვეყნების ინტერესების ნგრევა, მათ შორის, ეკონომიკური თვალსაზრისით, რათა გაზარდოს მათი გავლენები. [ამ ძალებს] აშშ-ში დიფ სთეითს უწოდებენ. […]

    დამატებითი საკითხი, რა თქმა უნდა, არის ის, რაც იწვევს ჩვენში ყველაზე რბილი შეფასებით, გაკვირვებას, როდესაც გლობალური ძალების გავლენებზე და სხვადასხვა ქვეყანაში, განსაკუთრებით ჩვენ ქვეყანაში, ჩარევის მცდელობებზე ჩვენი გუნდის წევრები ვსაუბრობდით, პირველად ჩვენ ვამხელდით ამ ყველაფერს, მაგრამ ახლა აშშ-შიც იგივე გაცხადებაა – ბრძოლა დიფ სთეითის წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენი ქვეყნის მიმართულებით არავითარი განცხადებები არ კეთდება. ჩვენ ისევ და ისევ ვინარჩუნებთ სტრატეგიულ მოთმინებას და გავაგრძელებთ დიფ სთეითის წინააღმდეგ ბრძოლას. […]

    ჩვენ წარმატებებს ვუსურვებთ ყველას, რომელთა სურვილიც არის რომ აღნიშნული ძალები დამარცხდნენ, მაგრამ ამ ძალების დამარცხებაზე საუბარიც კი ზედმეტია, თუ არ შეწყდება ჩვენი ქვეყნის და საზოგადოებნის მიმართ დასჯის მცდელობები.

    განაცხადა “ქართული ოცნების”  დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ.

  • ვადაგასულ ბრენდულ პროდუქციას ვარგისიანობის ვადას უცვლიდა და ყიდდა – დააკავეს 1 პირი

    ვადაგასულ ბრენდულ პროდუქციას ვარგისიანობის ვადას უცვლიდა და ყიდდა – დააკავეს 1 პირი

    ” 2025-2026 წლებში ვადაგასულ ბრენდულ პროდუქციას ვარგისიანობის ვადას უცვლიდა და ყიდდა” – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი საქონლის რეალიზაციის ფაქტზე საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს.

    “გამოძიების პროცესში დაგეგმილი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ფარგლებში, ბრალდებულისგან შეძენილი იქნა ბრენდირებული ვადაგასული პროდუქცია. ჩხრეკის შედეგად, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებული სასაწყობე ფართიდან და ავტომანქანიდან ამოღებულია დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ბრენდული ვადაგასული პროდუქცია, ვარგისიანობის ვადის შესაცვლელად კუსტარულად დამზადებული ბეჭედი, ასევე ვადაგასული პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მიღებული ფულადი თანხა. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილით. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი ვადაგასული პროდუქციის გამოვლენისა და ამოღების მიზნით.