Category: ახალი ამბები

  • ბაკურიანში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანით კაცი დაჭრა და მიიმალა – 1 პირი დააკავეს

    ბაკურიანში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანით კაცი დაჭრა და მიიმალა – 1 პირი დააკავეს

    ბაკურიანში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი – 1993 წელს დაბადებული ი.ც. დააკავეს.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაბა ბაკურიანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით – 1995 წელს დაბადებულ გ.ქ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

    დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

    სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ი.ც. ქობულეთის მუნიციპალიტეტში ბრალდებულის სახით დააკავეს”. – წერს შსს.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • მარკეტების რაოდენობა გაორმაგებულია, ეს ფასზე აისახება – კობახიძე

    მარკეტების რაოდენობა გაორმაგებულია, ეს ფასზე აისახება – კობახიძე

    “5 წელში მარკეტების რაოდენობა გაორმაგებულია, საბოლოო ჯამში, ეს ფასზე აისახება” –

    ქართული ოცნების პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი კომისიის სხდომაზე ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას ოცნების მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

    „ბიზნესის თავისუფლება არის მთავარი ამოსავალი წერტილი ჩვენთვის და ბუნებრივია, თავისი პლუსი აქვს, როდესაც ბიზნესი მთლიანად თავისი თავისუფალი შეხედულებით განსაზღვრავს საკუთარ საქმიანობას, თუმცა აქ შემოდის სოციალური ასპექტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ბიზნესი თავისუფალია და თავისუფლად აწარმოებს თავის საქმიანობას, ეს ეხმარება ეკონომიკას, დასაქმებას, ყველა თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, თუმცა ამ შემთხვევაში იმდენად მძიმე სოციალური ტვირთი შემოდის მოსახლეობისთვის, რომ გადავწყვიტეთ, კონსულტაციების საფუძველზე გვეცადა გარკვეული ცვლილებების შეტანა მთლიანად საერთო სურათში. რეალურად არის შემთხვევები, სადაც ორმაგი, სამმაგიც კი არის სხვაობა ფასებს შორის. თქვენთან ერთად გვინდა ვიმსჯელოთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ამ მიმართულებით, როგორ შეიძლება გარკვეული პრაქტიკები შეიცვალოს იმისათვის, რომ მოვახერხოთ ფასების დაწევა. მთლიანობაში ჯამური საშუალო ფასნამატი ჩვენი დაანგარიშებით შეადგენს 86 პროცენტს.

    ვფიქრობთ, ფასნამატი 86% საკმაოდ მაღალია. ხუთი წლის განმავლობაში მარკეტების რაოდენობა ქვეყანაში არის გაორმაგებული. საქართველოში 100 000 კაცზე 113 მარკეტია, მაშინ, როდესაც გერმანიაში 45-ია იგივე მაჩვენებელი, ავსტრიაში – 62. არის კიდევ უფრო დაბალი მაჩვენებლები. ეს ბუნებრივია, საბოლოო ჯამში, აისახება ფასზე და ტვირთად აწვება მოსახლეობასაც”- თქვა კობახიძემ.

  • “ქართულმა ოცნებამ” ძირი გამოუთხარა ვიზალიბერალიზაციის პრინციპებს – ევროკომისიის სპიკერი

    “ქართულმა ოცნებამ” ძირი გამოუთხარა ვიზალიბერალიზაციის პრინციპებს – ევროკომისიის სპიკერი

    ”ძირი გამოუთხარა ვიზალიბერალიზაციის პრინციპებს”  – ამის შესახებ, ევროკომისიის პრესსპიკერმა, მარკუს ლამერტმა “პუბლიკას” კითხვებზე პასუხად განაცხადა.

    „ვიზალიბერალიზაციის მიზანია ხალხთაშორისი კონტაქტების გაძლიერება და საერთო ღირებულებების პოპულარიზაცია, მათ შორის არის ადამიანის უფლებების პატივისცემა და დემოკრატიული პრინციპები.

    კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებმა ძირი გამოუთხარა იმ პრინციპებს, რომლებსაც ვიზალიბერალიზაცია ეფუძნება. ეს ქმედებები შეუსაბამოა კავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან და აფერხებს ეკონომიკური, ჰუმანიტარული, კულტურული, სამეცნიერო და სხვა კავშირების სტაბილურ განვითარებას ევროკავშირსა და საქართველოს შორის.

    პირველი ნაბიჯის სახით, კომისიამ გადასცა თავისი შეფასება ევროპარლამენტსა და ევროსაბჭოს. მიღების შემთხვევაში, უზრუნველყოფილი იქნება, რომ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს ვიზალიბერალიზაცია ერთიანად შეურჩერდებათ ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოში.

    ახალი შეჩერების მექანიზმით, რომელიც გადაიხედა და ძალაში გასული წლის ბოლოს შევიდა, შესაძლებელია ორფაზიანი მიდგომა. პირველი ეტაპი ეხება დიპლომატიური პასპორტის მფლობელებს. არსებობს შესაძლებლობა, რომ გარკვეულ ეტაპზე, უკუსვლის გაგრძელების შემთხვევაში, ეს გავრცელდეს მთლიან მოსახლეობაზეც, თუმცა ეს ავტომატურად არ ხდება”, – თქვა მან.

  • ”მთავარი საკითხი უკრაინაა და არა გრენლანდია”- მარკ რუტე

    ”მთავარი საკითხი უკრაინაა და არა გრენლანდია”- მარკ რუტე

    ”მთავარი საკითხი უკრაინაა და არა გრენლანდია” – ამის შესახებ, ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა.

    „აქ არსებობს რისკი, რომ თქვენ ფოკუსირდეთ გრენლანდიაზე, რადგან ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს საკითხი მეგობრული გზით მოგვარდება. მაგრამ მთავარი საკითხი გრენლანდია არ არის. ახლა მთავარი საკითხი უკრაინაა.[…] ჩვენ ვიცით, რომ ახლა კიევში -20 გრადუსია. ვიცით, რომ უკრაინას საკუთარი ელექტროენერგიის საჭიროების მხოლოდ 60%-ის დაკმაყოფილება შეუძლია. და დიახ, მართალია, რომ დეკემბერში რუსებმა დღეში 1000 ადამიანი დაკარგეს — არა მძიმედ დაჭრილი, არამედ დაღუპული. ეს არის 30 000-ზე მეტი მხოლოდ დეკემბრის თვეში… მაგრამ ისინი მაინც აგრძელებენ შეტევას, ისინი მაინც აძლიერებენ იერიშს“.

  • “ქართული ოცნების” 87-დან 41 დეპუტატს ბიზნესთან კავშირი აქვს

    “ქართული ოცნების” 87-დან 41 დეპუტატს ბიზნესთან კავშირი აქვს

    “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ცნობით, “ქართული ოცნების” 87 დეპუტატიდან 41-ს ბიზნესთან კავშირი აქვს.  7 კომპანიას, რომლებშიც დეპუტატები ფლობენ წილს, მოგებული აქვთ 271 ტენდერი, ხოლო 13 კომპანიას, რომლებშიც დეპუტატები ფლობენ წილს, მოგებული აქვთ 301 გამარტივებული შესყიდვა. იმ კომპანიებმა, რომლებშიც მოქმედი ოცნების დეპუტატები ფლობენ წილს, გამარტივებული შესყიდვებში მონაწილეობით სახელმწიფოსგან მიიღეს 7 736 986 ლარი, ხოლო ტენდერების მოგების შედეგად – 465 900 569 ლარი.

    “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ბოლოს წარდგენილი დეკლარაციების შესაბამისად “ოცნების” დეპუტატებმა შემოსავლის სახით მიიღეს:

    • ანტონ ობოლაშვილი 4 860 828,41 ლარი
    • ბერეკაშვილი შოთა 4 712 134,18 ლარი
    • ჭყონია გიორგი – 4 373 744,02 ლარი
    • ზაალ დუგლაძე 1 470 979,19 ლარი
    • ბარვენაშვილი გიორგი 1 033 008,48 ლარი
    • ლაშა ტალახაძე – 680 000 დოლარი

    ხოლო, 5-ზე მეტი კომპანიისმეწილეები არიან შემდეგი დეპუტატები:

    • ვასილ ჩიგოგიძე – 21
    • გიორგი ჭყონია – 20
    • გიორგი ბარვენაშვილი – 11
    • ბეჟან წაქაძე – 8
    • ზაალ დუგლაძე 7
    • გიორგი ხახუბია – 6
    • ირაკლი კირცხალია – 6
  • რა ვითარებაა ამ დროისთვის გზებზე

    რა ვითარებაა ამ დროისთვის გზებზე

    საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, ამ დროისთვის, გუდაური-კობის მონაკვეთზე აღდგენილია როგორც მსუბუქი ავტოტრანსპორტის, ასევე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობაც.

    “მლეთა-გუდაურისა და გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და M3 კატეგორიის (გააჩნია 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილი (მძღოლის ადგილის გარდა) და აქვს 5 ტონაზე მეტი სრული მასა) მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად”. – წერია დეპარტამენტის განცხადებაში.

    რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის ფარავნის უღელტეხილის მონაკვეთზე დროებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

    “ამავე გზის კმ1-კმ42 (კოდა-სოფ.ალგეთი) და კმ110-კმ146 მონაკვეთზე კი შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია”. – წერს დეპარტამენტი.

    შეზღუდვებია დაწესებული ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზეც.

    “რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ86-კმ118 (პაქსაძეების ხიდი-უტყისუბანი) მონაკვეთზე შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა

    ამავე საავტომობილო გზის კმ50-კმ85 მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია”. – წერს გზების დეპარტამენტი.

    აგრეთვე, დეპარტამენტის ცნობით, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ106 მონაკვეთზეც.

  • აშშ-მა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კიდევ ერთი ნავთობტანკერი დააკავა

    აშშ-მა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კიდევ ერთი ნავთობტანკერი დააკავა

    აშშ-მა კარიბის ზღვაში რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კიდევ ერთი ნავთობტანკერი დააკავა, – ინფორმაციას აშშ-ის სამხრეთის სარდლობა ავრცელებს.

    „დღეს დილით, აშშ-ის სამხედრო ძალებმა, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მხარდაჭერით, ინციდენტების გარეშე ხომალდი Sagitta დააკავეს. კიდევ ერთი ტანკერის დაკავება, რომელიც კარიბის ზღვაში პრეზიდენტ ტრამპის მიერ სანქცირებულ ხომალდებზე დაწესებულ კარანტინს არღვევდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მტკიცე გადაწყვეტილებას, რომ ვენესუელას მხოლოდ ის ნავთობი დატოვებს, რომლის გასვლაც კანონით იქნება გათვალისწინებული“, – ნათქვამია აშშ-ის სამხრეთის სარდლობის განცხადებაში.

  • გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის საგზაო მოძრაობა შეზღუდულია – გზების დეპარტამენტი

    გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის საგზაო მოძრაობა შეზღუდულია – გზების დეპარტამენტი

    საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, რთული მეტეოროლოგიური პირობების, ქარბუქის და შეზღუდული ხილვადობის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის საგზაო მოძრაობა დროებით შეზღუდულია.

  • მოვუწოდებთ საქართველოს ხელმძღვანელობას, დააბრუნოს ქვეყანა დემოკრატიულ გზაზე – დაუთი

    მოვუწოდებთ საქართველოს ხელმძღვანელობას, დააბრუნოს ქვეყანა დემოკრატიულ გზაზე – დაუთი

    საქართველოში დემოკრატია საფრთხის ქვეშაა. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან ამ შემაშფოთებელ საკითხზე რეაგირებისთვის.

    გასულ ოქტომბერს, მე კიდევ ერთხელ გამოვხატე ჩემი წუხილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ბოჭორიშვილთან დემოკრატიული უკუსვლის, ოპოზიციონერთა დაპატიმრებებისა და მოკავშირე ელჩებზე თავდასხმებთან დაკავშირებით.

    ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელმძღვანელობას, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები და დააბრუნოს ქვეყანა დემოკრატიულ გზაზე.

    განაცხადა ევროპის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა, სტივენ დაუთიმ

  • ადვოკატის ინფორმაციით ანასტასია ზინოვკინა დახურული ტიპის ციხეში გადაიყვანეს, შეეზღუდა ზარები

    ადვოკატის ინფორმაციით ანასტასია ზინოვკინა დახურული ტიპის ციხეში გადაიყვანეს, შეეზღუდა ზარები

    ანასტასია ზინოვკინას ადვოკატის დარია სამოდუროვას ცნობით, ზინოვკინა  დახურული ტიპის საპატიმროში გადაიყვანეს, რითაც მას სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება და პაემნების რაოდენობა შეეზღუდა.

    “2025 წლის 12 სექტემბრიდან ანასტასია მოთავსებული იყო ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. 2026 წლის 15 იანვრის ბრძანების საფუძვლად მითითებულია საიდუმლო სხდომის ოქმი. შესაბამისად, ჩვენთვის უცნობია რა მიზეზით შეუცვალეს ანასტასია ზინოვკინას თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპი. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპის შეცვლით, მას შეეზღუდა სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება და პაემნების რაოდენობა.ამ წლის 15 იანვრამდე ანასტასიას ჰქონდა განუსაზღვრელი რაოდენობით სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება, 15 იანვრის შემდეგ ანასტასია ისარგებლებს სატელეფონო ზარით თვეში 3-ჯერ. აქვე შეგახსენებთ, რომ ანასტასია ზინოვკინა მოთავსებულია სხვა პატიმრებისგან განცალკევებით, ანუ საკანში მარტოა და ყოველდღიურად ზარების განხორციელების შესაძლებლობით მას ადამიანებთან კომუნიკაცია შეეძლო, ამჯერად შეუზღუდეს ამდაგვარი სოციალიზაციაც”, – წერს ანასტასია ზინოვკინას ადვოკატი, დარია სამოდუროვა Facebook-ზე.