Category: ახალი ამბები

  • მელაძის ავტომობილის ძარცვის საქმეზე შსს-მ ერთი ადამიანი დააკავა

    TV პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის ავტომობილის ძარცვის საქმესთან დაკავშირებით 1 ადამიანი დააკავეს.  მელაძე ამბობს, რომ გუშინ საგამოძიებო უწყებაში დაიბარეს და დაზარალებულად ცნეს.

    ჩემი პროტესტის შემდეგ დამიკავშირდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროდან, მითხრეს, რომ მცნობდნენ დაზარალებულად და მომანიჭეს ეს სტატუსი. ვიყავი საგამოძიებო უწყებაში მისული. გამომძიებელთან საუბრის დროს გავარკვიე, რომ მხილებულია პირი, რომელმაც ჩაიდინა ეს დანაშაული პოლიციის მტკიცებით, თუმცა არ მეუბნებიან ვინ არის, რა ინტერესი ჰქონდა, აქვს თუ არა კრიმინალური წარსული. […] ფაქტია, რომ ავტომობილიდან წაღებულია მხოლოდ ის ნივთები, რომლებიც ჩემთვის იყო მნიშვნელოვანი ჟურნალისტური საქმიანობის განსახორციელებლად“, – განაცხადა ნოდარ მელაძემ ფორმულასთან საუბრისას.

  • ლავროვის რიტორიკის მიუხედავად, უკრაინა დასავლურ გამანადგურებლებს მიიღებს – კულება

    “უკრაინა მიიღებს F-16 ტიპის გამანადგურებლებს, როგორც ეს დაგეგმილია. რუსეთი კი ამას “გადაყლაპავს” მიუხედავად ლავროვის ბინძური რიტორიკისა”

    უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, უკრაინა აუცილებლად მიიღებს დასავლურ F-16 ტიპის გამანადგურებლებს და მათ რუსული ბინძური განცხადებების არ ეშინიათ.

  • საქართველოს მოქალაქეები სომხეთში წასვლას ID ბარათებითაც შეძლებენ

    საქართველოს მოქალაქეები სომხეთში წასვლას ID ბარათებითაც შეძლებენ

    საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები სომხეთში წასვლას ID ბარათებითაც შეძლებენ. “საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მოქალაქეთა ორმხრივი უვიზო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმება ძალაში შევიდა.

    “შეთანხმების თანახმად, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებს უფლება აქვთ იმოგზაურონ საქართველოდან სომხეთში და პირიქით, ბიომეტრიული პირადობის მოწმობით, საერთაშორისო მიმოვლისათვის ნებადართული სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით”.-აღნიშნულია განცხადებაში.

  • “კობახიძის კრეატიულობა უსაზღვროა… მაინტერესებს, იყო თუ არა ასეთი თხრობა მისი იურიდიული განათლების ნაწილი გერმანიაში” – კრამონი

    “ის უბრალოდ ყოველდღიურად უმჯობესდება. როგორც ჩანს, კობახიძის კრეატიულობა უსაზღვროა.  მაინტერესებს, იყო თუ არა თხრობის ასეთი სტილი მისი იურიდიული განათლების ნაწილი გერმანიაში ან საიდან ისწავლა ეს. იქნებ ჯობია დიუსელდორფის უნივერსიტეტის გერმანელ პროფესორებთან გადავამოწმოთ”,

    ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი Twitter-ზე წერს, რითიც ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც “ოცნების” თავმჯდომარემ თქვა, რომ “ვიოლა ფონ კრამონი რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი სატელიტი და არასერიოზული ადამიანია”.

  • ვინმეს დაჭერასთან დაკავშირებით შეკვეთების მიცემა ელჩის საქმე არაა – კობახიძე დეგნანზე

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ძალადობა თავიდან არიდებული ყოფილიყო. შსს-ს დამსახურებაა ის, რომ არცერთი ადამიანი ფიზიკურად არ დაზიანებულა, იმის მიუხედავად, რომ რისკები არსებობდა. აქედან გამომდინარე, შსს-სა და მინისტრს მადლობა ეკუთვნით. მე არ მგონია, რომ ის შეფასება სწორი იყოს, რაც, ამ შემთხვევაში, კონკრეტული დიპლომატის მხრიდან გაკეთდა. თვითონ სასჯელს რაც შეეხება – ვინმესთვის ვინმეს დაჭერასთან დაკავშირებით შეკვეთების მიცემა ელჩის საქმე არ არის, დიპლომატი ამაზე არ უნდა საუბრობდეს […] ღმერთს მადლობა, ჩვენ დამოუკიდებელი სამართალდამცველი ორგანოები გვაქვს და ამ თემებთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას ისინი იღებენ.

    აცხადებს, მმართველი გუნდის, თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პრორუსული ძალების მიერ TBILISI PRIDE ფესტივალის დარბევასთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის განცხადებასთან დაკავშირებით.

  • თავიანთ ქვეყანას მიხედონ – კალაძე ევროპარლამენტარებზე

    “ესენი არიან ადამიანები, რომელთა მთავარი მიზანი და ამოსავალი არის ის, რომ საქართველოში ხელისუფლება როგორმე შეცვალონ, ეს იქნება ძალადობრივი გზით, რევოლუციით, გადატრიალებით, დაპირისპირებით. მე მინდა დავამშვიდო ეს ადამიანები და მივმართო რომ ქართველ ახალგაზრდებს ნამდვილად არ სჭირდება მათი ზრუნვა. საქართველოს ჰყავს ღირსეული ხელისუფლება, ჰყავს ეროვნული ხელისუფლება, რომელიც ატარებს ამ ქვეყნის ინტერესს, ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ინტერესებს…მიხედონ თავიანთ ქვეყანას, თავიანთ ახალგაზრდებს…”

    აცხადებს, დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ევროპარლამენტარებზე, რომლებმაც გუშინ, 12 ივლისს ნიკა გვარამიასთან ერთობლივ ბრიფინგზე ქართველი ახალგაზრდების ევროპულ მისწრაფებებზე ისაუბრეს. 

  • ოცნება გაიმარჯვებს 2024-ის, 2025-ის და 2028 წლის არჩევნებშიც – კალაძე

    ერთი რამ შემიძლია ვთქვა, დღეს ყველაზე ძლიერი გუნდი, რომელსაც ყველაზე მეტი მხარდაჭერა აქვს მოსახლეობის მხრიდან, არის ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ 2024 წელს ქართული ოცნება გაიმარჯვებს დამაჯერებელი ანგარიშით, ძალიან დიდი ანგარიშით. დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც მივაღწევთ გამარჯვებას და 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც გაიმარჯვებს ქართული ოცნება.

    თქვა ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

  • ჩვენი მიზანი რაც იყო, დავიცავით.. ღონისძიებაზე არავინ დაშავებულა – შსს პრაიდზე

    “მობილიზებული იყო შსს-ს თითქმის ყველა დანაყოფი, 3 000-მდე პოლიციელი, მათ შორის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, მეც ვიღებდი ამ ღონისძიებაში მონაწილეობას. იქ მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ დაცული ყოფილიყო როგორც გამოხატვის თავისუფლება, ასევე ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

    შესაბამისად, მოვიდა ძალიან დიდი რაოდენობის ადამიანი, კონტრაქციის წარმომადგენლები, გვქონდა კორდონები გაკეთებული გზის სავალ ნაწილებზე და ვინაიდან ლოკაცია არ გვაძლევდა საშუალებას, რომ მთელი პერიმეტრი ყოფილიყო მაქსიმალურად დაცული და უსაფრთხო და ეს ადამიანები ცდილობდნენ კორდონებისთვის აექციათ გვერდი და მიეღწიეთ ლოკაციამდე, სადაც ეს ღონისძიება ტარდებოდა.

    ამის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, ვინაიდან სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის უპირველეს ყოვლისა და ჩვენი უშუალო მოვალეობაა ეს, მოვახდინეთ პრაიდის მონაწილეებისა და ორგანიზატორების ევაკუაცია, გავიყვანეთ ეს ადამიანები, რომ არ მომხდარიყო რაიმე დაპირისპირება. საბედნიეროდ, ჩვენი უშუალო მიზანი რაც იყო და მთავარი მიზანი, ეს იქნა დაცული და ამ ღონისძიებაზე არავინ დაზიანებულა”.

    აცხადებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის უფროსი თეიმურაზ კუპატაძე პრაიდისფესტის ჩაშლასთან დაკავშირებით.

  • ვისზეც ეჭვი არ მაქვს, ჩემი თავია – მეუფე ანტონი მოსაყდრე შიოზე

    ფაქტი ის არის, რომ ორგანიზმში აღმოჩენილი არის [ნივთიერება] და ეს ისეთი რამ არის, რომელიც ჰაერიდან არ ჩნდება. ერთადერთი, ვისზეც ეჭვი არ მაქვს, ჩემი თავია.

    [კითხვა: გამორიცხავთ, რომ შიგნიდან შეიძლებოდა ყოფილიყო ვინმესგან მცდელობა?] ნამდვილად გამოვრიცხავ იმიტომ, რომ ჩვენს წიაღში ასეთი რამ არ იბადება. ვარაუდითაც ვერ ვვარაუდობ, როგორი გზით შეიძლებოდა ამისი გაკეთება… არანაირი ვერსია არ მაქვს.

    აცხადებს ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი პატრიარქის მოსაყდრის, მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლაზე.

  • დაშინება იმიტირებული ძარცვით – ნოდარ მელაძის ავტომობილი გაძარცვეს

    ლესელიძეზე, გვიან ღამით,  TV პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის ავტომობილი გაძარცვეს – .წაღებულია გარე მეხსიერების ბარათი, სადაც ჟურნალისტი პროფესიული საქმიანობისთვის საჭირო მასალებს ინახავდა. დანარჩენს ხელი არაფერს ახლეს. პირადი ნივთები, რომელიც როგორც წესი, ქურდების სამიზნეა ავტომობილში იყო.

    ”ეს იყო ძარცვის იმიტაციის, ჩემი, როგორც ჟურნალისტის დაშინების მცდელობა იმიტომ, რომ ეს რომ ყოფილიყო რიგითი ძარცვა, ამ შემთხვევაში მანქანიდან წაიღებდნენ იმას, რაც ნახეს, ჩემი საათი ბავშვის საათი, სათვალე, პირადი ნივთები, რასაც ნებისმიერი ადამიანი მანქანაში ინახავს, ყველაფერი არის მანქანაში, არაფერზე ხელი ნახლები არ არის, წაღებულია მხოლოდ სამსახურებრივი გარე მეხსიერების ბარათი, სადაც როგორც ჟურნალისტი მასალის გადასაწერად და გადმოსაწერად ვიყენებდი.

    ინტერესი ჰქონდათ საბუთების მიმართ, რომელიც მქონდა მანქანაში შესანახ ყუთში და გადმოყრილი იყო და სულ მიმოფანტული იყო ეს ფურცლები, ეძებდნენ რაღაც კონკრეტულ საბუთს, როგორც ჩანს და წაღებულია ყურსასმენები, რომლებიც მედო გარე მეხსიერების ბარათიდან ერთად” – აცხადებს ნოდარ მელაძე.