Category: ახალი ამბები

  • ეროვნული გლოვის ჟამს, საფრანგეთი გულითადად უერთდება ქართველ ხალხის მწუხარებას – საელჩო

    ეროვნული გლოვის ჟამს, საფრანგეთი გულითადად უერთდება ქართველ ხალხის მწუხარებას – საელჩო

    საფრანგეთის საელჩო საქართველოში სამძიმარს უცხადებს მრევლს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო.

    “საფრანგეთის საელჩო საქართველოში გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მთელ ქართველ ხალხს მისი უწმინდესობისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ქართული ეკლესიის 141-ე წინამძღვრის გარდაცვალების გამო.

    როგორც ქვეყნის თანამედროვე ისტორიის ტრაგიკულ, ისე სასიხარულო მომენტებში, ის იყო ქართველი ერის წინამძღოლი და მესაჭე, უმნიშვნელოვანესი ფიგურა, რომელმაც გააერთიანა ქართველები და ეკლესიის ხანგრძლივ ისტორიაში ეროვნული ერთიანობა დაამკვიდრა. საბჭოთა ოკუპაციიდან ეროვნული დამოუკიდებლობის აღდგენამდე და დღესაც, მან უმთავრესი როლი ითამაშა ქვეყნის კულტურული და სულიერი იდენტობის შენარჩუნებაში. გახლდათ რა ქართველი ერის საყრდენი თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში და განსაკუთრებული სიბრძნით დაჯილდოებული, მისი უწმინდესობა ტოვებს სიყვარულისა და შეუდრეკლობის გზავნილს, ურყევ რწმენას, სულიერ რენესანსსა და 50 000-მდე ნათლულს.

    მისი გავლილი გზა მჭიდროდ არის გადაჯაჭვული თანამედროვე საქართველოს ცხოვრებასთან. გარდამავალ, ასევე რთულ პერიოდში, მან თავი დაიმკვიდრა, როგორც ეროვნული დამოუკიდებლობის ფიგურამ, რომელსაც საქართველოს სუვერენიტეტისადმი ღრმა ერთგულება ამოძრავებდა. ამ ეროვნული გლოვის ჟამს, საფრანგეთი გულითადად უერთდება ქართველ ხალხის მწუხარებას” – წერს საფრანგეთის საელჩო საქართველოში.

  • ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები პატრიარქის სამძიმრის წერილს აქვეყნებს

    ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები პატრიარქის სამძიმრის წერილს აქვეყნებს

    “საქართველომ დაკარგა განსაკუთრებული, მამობრივი მზრუნველობით გამორჩეული პიროვნება, რომელიც საკუთარი სიტყვითა და საქმით უკეთესობისკენ უბიძგებდა თითოეულ ადამიანს.” –  ქართული ოცნების მიერ გავრცელებული განცხადებით, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და მისი ცოლი ეკატერინე ხვედელიძე-ივანიშვილი მწუხარებას გამოთქვამენ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების გამო.

    “უზომო ტკივილსა და მწუხარებას ვგრძნობთ საქართველოს სულიერი მამის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის – ილია მეორის გარდაცვალების გამო.

    ვუსამძიმრებთ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ამ უდიდეს დანაკარგს.

    რა თქმა უნდა, ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს, თითოეულ ქართველს, მთელ ერს, რადგან უწმინდესისა და უნეტარესის სახით ჩვენმა ქვეყანამ და ხალხმა დაკარგა სიმშვიდის, სიბრძნისა და რწმენის მტკიცე საყრდენი, სულიერი მამა, რომელიც ურთულეს დროსაც კი იმედს უნერგავდა და აერთიანებდა ჩვენს ხალხს.

    საქართველომ დაკარგა განსაკუთრებული, მამობრივი მზრუნველობით გამორჩეული პიროვნება, რომელიც საკუთარი სიტყვითა და საქმით უკეთესობისკენ უბიძგებდა თითოეულ ადამიანს.

    მისი ცხოვრება და მოღვაწეობა იყო, არის და მომავალშიც დარჩება საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინაშე თავდადებისა და უანგარო მსახურების სიმბოლოდ.

    ნახევარი საუკუნის განმავლობაში, ილია მეორეს სახელი მტკიცედ უკავშირდებოდა რწმენის, ტრადიციების და ეროვნულ იდენტობის დაცვას. მისი გარდაცვალებით ჩვენი ქვეყნის ისტორიაში დასრულდა ეპოქა ადამიანისა, რომელიც ღირსეულად და მუხლჩაუხრელად ასრულებდა საქართველოს სულიერი მამის რთულ, საპასუხისმგებლო და ამავე დროს, საპატიო მისიას. დასრულდა ეპოქა წინამძღოლისა, რომელმაც არაერთხელ გაგვიყვანა სამშვიდობოს და ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის გულში განსაკუთრებული სინათლე დატოვა.

    მისი სიკეთე, სიბრძნე და სიტყვა მუდამ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში, როგორც მაგალითი იმისა, თუ რას ნიშნავს ჭეშმარიტი თავმდაბლობა და სიყვარული ადამიანისა და სამშობლოს მიმართ.

    კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს, ვიზიარებთ ამ უდიდეს ტკივილს და ვლოცულობთ მისი სულის მოსახსენიებლად.

    მარადიული ხსოვნა უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის – ილია მეორის სულს”. – ნათქვამია განცხადებაში.

  • მეუფე ზენონი ხელისუფლებას მოუწოდებს არ ჩაერიოს ეკლესიის შიდა არჩევნებში

    მეუფე ზენონი ხელისუფლებას მოუწოდებს არ ჩაერიოს ეკლესიის შიდა არჩევნებში

    მინდა მივმართო ხელისუფლებას და მოვუწოდო, რომ არანაირად არ დაუშვას, არ მისცეს თავს უფლება და ჩაერიოს ეკლესიის შიდა არჩევნებში. არც პირდაპირ და არც ირიბად.

    ეს არის ფუნდამენტური, მნიშვნელოვანი პრინციპი იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ დამოუკიდებლად ავირჩიოთ ეკლესიის საჭეთმპყრობელი ისე, როგორც ამას კანონიკური სამართალი ითვალისწინებს. ეს ვფიქრობ მნიშვნელოვანი და საყურადღებოა. რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ასეც იქნება. აღნიშნული ინფორმაცია სახელისუფლებო წრიდან მივიღე.

    თქვა TV პირველის ეთერში მეუფე ზენონმა.

  • საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა

    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა

    93 წლის ასაკში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა

    ის 17 მარტს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, კუჭიდან მასიური სისხლდენით, კლინიკაში გადაიყვანეს. ილია მეორე რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა

    ილია მეორე კათოლიკოს-პატრიარქად 1977 წელს აირჩიეს. ის საქართველოს 141-ე პატრიარქი იყო

  • იერიშების შედეგად ირანის რეჟიმის “ბასიჯის” ძალების 300-მდე წევრია მოკლული – ირანული მედია

    იერიშების შედეგად ირანის რეჟიმის “ბასიჯის” ძალების 300-მდე წევრია მოკლული – ირანული მედია

    ირანული მედიის ინფორმაციით,ღამით განხორციელებული მასშტაბური დარტყმების შედეგად „ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის“ ბასიჯის დაჯგუფების დაახლოებით 300 მეთაური და საველე თანამშრომელი დაიღუპა.დარტყმები მიმართული იყო ბასიჯის ძალების საკვანძო სამეთაურო და ოპერატიულ ცენტრებზე.

    იერიშები, სავარაუდოდ, შეეხო იმ სტრუქტურებს, რომლებიც დიდი ხანია გამოიყენება ანტისამთავრობო პროტესტების ჩასახშობად და საზოგადოებრივი უკმაყოფილების კონტროლისთვის.

    მანამდე ისრაელმა განაცხადა, რომ თეირანში საჰაერო იერიშის დროს მოკლეს “ბასიჯის” დანაყოფის მეთაური, ღოლამრეზა სოლეიმანი, რომელიც თანამდებობას ექვსი წელი იკავებდა. სოლეიმანთან ერთად მოკლულები არიან მისი მოადგილე და სხვა  მაღალჩინოსნებიც.

    “ბასიჯის ძალები ირანის ტერორისტული რეჟიმის შეიარაღებული ძალების შემადგენელი ნაწილი არიან. ირანში შიდა საპროტესტო აქციებისას და, კონკრეტულად, ბოლო პერიოდში მათი ესკალაციის დროს ბასიჯის ძალები, სოლეიმანის მეთაურობის ქვეშ, უძღვებოდნენ მთავარ დარბევით ოპერაციებს, მათ შორის, სასტიკ ძალადობას, მასშტაბურ დაკავებებსა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას.” – აცხადებს ისრაელი თავდაცვის ძალები (IDF).

    ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი შეტევისას დაზიანდა ბასიჯის დამხმარე დანაყოფის სარემონტო და ტექნიკური მომსახურების ცენტრი, სადაც ასობით ავტომობილი და მოტოციკლი ინახებოდა. აღნიშნული ტრანსპორტი გამოიყენებოდა ქუჩის ოპერაციებსა და უბნებში პატრულირებისთვის. პირველადი ინფორმაციით, ტექნიკის დიდი ნაწილი განადგურებულია.

  • როგორც პოლიტპატიმარი, კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს – ხოშტარია

    როგორც პოლიტპატიმარი, კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს – ხოშტარია

    „შეგნებულად თავს ვიკავებდი პარტიული „დოქტრინების“ განხილვისგან, არც ახლა ვაპირებ. საზოგადოებამ და შედეგმა განსაჯოს.

    ამასთანავე, რადგან ერთ-ერთი პარტიის „დოქტრინის“ ნაწილია პოლიტპატიმრებზე მოლაპარაკებები „რუსულ ოცნებასთან“, როგორც პოლიტპატიმარი, ძალიან მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას და სიტყვის წარმოთქმასაც კი.

    გასაკვირია, რომ ეს პოზიცია, ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს, ვიდრე ზოგიერთმა მის შიგნით.

    რუსთავის ქალთა ციხე“,

    ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ელენე ხოშტარია წერილში წერს.

  • მედიკამენტებით წნევის შენარჩუნება ხერხდება, ვითარება რთულია – კალოიანი პატრიარქზე

    მედიკამენტებით წნევის შენარჩუნება ხერხდება, ვითარება რთულია – კალოიანი პატრიარქზე

    8 ექიმისგან შემდგარმა კონსილიუმმა კლინიკაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II მოინახულა. კომენტარი რეანიმატოლოგმა და პარტია ფედერალისტების წევრმა, ვახტანგ კალოიანმა გააკეთა.

    “დღეს რეანიმატოლოგები შევიკრიბეთ. სამედიცინო დოკუმენტაცია და ანალიზების პასუხები ვნახეთ და პაციენტი გავსინჯეთ. ვითარება რთულია. გულის მუშაობისა და წნევის შესანარჩუნებლად ის რამდენიმე მედიკამენტზე იმყოფება. შემდგომი დინამიკა მნიშვნელოვანი იქნება, რამდენად ეფექტური იქნება ის ჩარევები, რაც განხორციელდა.

    ამ ეტაპზე, სისხლდენა გაჩერებულია და ვითარება კონტროლს ექვემდებარება. მედიკამენტების ფონზე წნევის შენარჩუნება ხერხდება, დანარჩენი უკვე დროის საკითხია. ამ ეტაპზე რაც შემიძლია ვთქვა, მკურნალობა სრული მოცულობითა და სწორადაა ჩატარებული და ეს მკურნალობა არანაირ რადიკალურ ცვლილებას არ საჭიროებდა. ამ ეტაპზე რაც შესაძლებელია, ოპტიმალურია გაკეთებული. ამ ეტაპზე მის მდგომარეობას რა პრეპარატები და ტექნიკური აღჭურვილობაც სჭირდება, ყველაფერი უზრუნველყოფილია. ამ მხრივ დაატებითი მობილიზაცია საჭირო არაა”. – თქვა კალოიანმა.

  • აჭარაში, “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 72 პირი დააკავეს – შსს

    აჭარაში, “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 72 პირი დააკავეს – შსს

    გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივუი სპეცოპერაციის შედეგად ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 72 პირი დააკავეს, კიდევ 5 პირს ბრალი წარედგინა, ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს. განცხადება ბრიფინგზე ივანიშვილის შს მინისტრმა, გეკა გელაძემ გააკეთა.

    მათ ბრალად ედებათ ქურდული სამყაროს წევრობა, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა, ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა, ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა და კანინიერი ქურდობა

    “სამართალდამცველების მიერ, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები აწყობდნენ ქურდულ გარჩევებს და გამოჰქონდათ ე.წ. ქურდული გადაწყვეტილებები.დაკავებულები ე.წ. ქურდული გარჩევებისა და შეკრებების დროს, უკავშირდებოდნენ ქურდული სამყაროს წარმომადგენლებს, მათ შორის “კანონიერ ქურდს”, ასლან ქობულაძეს და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, ე.წ. ქურდული წესების შესაბამისად, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური და სხვა კრიმინალური სახის დავებზე იღებდნენ გადაწყვეტილებებს, რის შემდეგაც მხარეებს თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი, ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ”. – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

  • ისრაელის იერიშის შედეგად მოკლულია ირანის “ბასიჯის” დანაყოფის მეთაური

    ისრაელის იერიშის შედეგად მოკლულია ირანის “ბასიჯის” დანაყოფის მეთაური

    ისრაელის თავდაცვის ძალებში (IDF) ადასტურებენ, რომ ღამით ირანში განხორციელებული დარტყმების შედეგად ბასიჯის ძალების სარდალი გოჰლამ რეზა სოლეიმანი მოკლეს. IDF-ის განცხადებით, თეირანში სოლეიმანზე, რომელიც თანამდებობას ექვსი წელი იკავებდა, ზუსტი იერიშის მიტანა სამხედრო დაზვერვის ზუსტი ინფორმაციის წყალობით გახდა შესაძლებელი.

    “ბასიჯის ძალები ირანის ტერორისტული რეჟიმის შეიარაღებული ძალების შემადგენელი ნაწილი არიან. ირანში შიდა საპროტესტო აქციებისას და, კონკრეტულად, ბოლო პერიოდში მათი ესკალაციის დროს ბასიჯის ძალები, სოლეიმანის მეთაურობის ქვეშ, უძღვებოდნენ მთავარ დარბევით ოპერაციებს, მათ შორის, სასტიკ ძალადობას, მასშტაბურ დაკავებებსა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას.” – წერს ისრაელის არმია.

    ამავდროულად, ისრაელური მედია წერს, რომ დღეს ღამით ისრაელის არმიამ იერიში ირანის უზენაესი საბჭოს მდივანზე, ალი ლარიჯანზეც მიიტანა.

  • მდგომარეობა არსებითი ცვლილებების გარეშეა, გადაყვანა არ განიხილება  – სარჯველაძე პატრიარქზე

    მდგომარეობა არსებითი ცვლილებების გარეშეა, გადაყვანა არ განიხილება – სარჯველაძე პატრიარქზე

    “მდგომარეობა არსებითი ცვლილებების გარეშეა, გადაყვანა არ განიხილება ” –  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

    “მდგომარეობა კვლავაც არის პრაქტიკულად არსებითი ცვლილებების გარეშე და რაიმე არსებითი დინამიკის გარეშე. ჩვენ ვცდილობთ, რომ გარდა სტანდარტული, კლასიკური მეთოდოლოგიისა, მაქსიმალურად თავი მოვუყაროთ ყველა მოსაზრებას, ყველა კომპეტენტურ აზრს, ყველა განსხვავებულ აზრს, რომელიც შეიძლება საკითხის ირგვლივ აღმოჩნდეს შედეგზე ორიენტირებული – იქნებ აღმოჩნდეს რაიმე შემოთავაზება, რომელსაც შეუძლია გააუმჯობესოს გარკვეული პროცედურები.აქ არიან წამყვანი სამედიცინო დაწესებულებების რეანიმაციული განყოფილებების ხელმძღვანელები, ცნობილი რეანიმატოლოგები, შესაბამისად, მათთან კონსულტაციების გავლა არის, რასაკვირველია, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია” – განაცხადა სარჯველაძემ.

    რაც შეეხება პატრიარქის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანასთან ან უცხოეთიდან ექიმების ჩამოყვანასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, სარჯველაძე ამბობს, რომ “ამ წუთას მსგავსი რამ, მაგალითად უცხოეთში წაყვანასთან დაკავშირებული საკითხი არ განიხილება.

    “რაც შეეხება უცხოელი ექიმის ჩამოყვანას, როგორც და რა წამსაც დადგება ასეთი საჭიროება, ბუნებრივია, რომ იქნება უზრუნველყოფილი. უკლებლივ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ დაუყოვნებლივ ასეთი საჭიროება იქნეს უზრუნველყოფილი. უნდა ვუთხრა საზოგადოებას, უკლებლივ ყველაფერი, რაც აუცილებელია პაციენტისთვის, რომ ყველაფერი საუკეთესო ჰქონდეს, უზრუნველყოფილია. ჩვენ ვმსჯელობთ, ვფიქრობთ იმასთან დაკავშირებით, რით შეიძლება კიდევ უფრო მეტი რესურსი იქნეს ჩართული იმისთვის, რომ უწმინდესის მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ადამიანი იმყოფება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რეანიმაციაში, პრაქტიკულად ეს ნიშნავს, რომ არავინ მისი მდგომარეობით არ შეიძლება დღეს კმაყოფილი იყოს. ჩვენ ვცდილობთ, რომ გავაუმჯობესოთ უწმინდესის მდგომარეობა” – განაცხადა სარჯველაძემ