Category: ახალი ამბები

  • პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებას ხელი მოაწერა

    პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებას ხელი მოაწერა

    საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა.

    ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

    თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა 2023 წლის 18 მაისს დაიწყო. დაცვის მხარე ამბობდა, რომ პროცესი განზრახ ჭიანურდებოდა. სხდომები არაერთხელ გადაიდო, მათ შორის დასკვნითი სხდომაც.

  • შევიკრიბოთ საქართველოს გაერთიანებისა და თავისუფლებისთვის – კალაძე კონტრაქციაზე

    მინდა, მივმართო ყველას, ვისაც ჩვენი ქვეყანა უყვარს, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ხვალინდელი დღე, თავისუფლება და სუვერენიტეტი – 29 აპრილს პარლამენტთან მოდით. შევიკრიბოთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის ურყეობისთვის, თავისუფლებისთვის, საქართველოს გაერთიანებისა და განვითარებისთვის, ჩვენი შვილების უკეთესი დღისთვის.

    მოდით, რათა ყველას გავაგონოთ და ყველამ იცოდეს, რომ მთავარი არის სამშობლო. საქართველო უპირველეს ყოვლისა. მეგობრებო, ყველას გელოდებით. მობრძანდით თქვენი შვილებით, შვილიშვილებით, პატარებით – ეს იქნება ზეიმი.

    განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ. 29 აპრილს პარლამენტთან ქართული ოცნება რუსული კანონის მხარდამჭერ კონტრაქციას გამართავს.

  • ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტში საქართველოს პოლიტიკურ სიტუაციას განიხილავენ – როთი

    ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტი დღეს საქართველოს შიდაპოლიტიკურ სიტუაციას განიხილავს.

    წერს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი X-ზე.

  • ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს

    ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს

    7-8 მარტის აქციებზე დაკავებული, ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს. ადვოკატი ლიკა ბითაძე ამბობს, რომ განაჩენი უკვე დაცვის მხარეს აქვს.

    პრეზიდენტმა მისი შეწყალების გადაწყვეტილება განაჩენის გამოცხადების დღესვე მიიღო. შეწყალების ოქმის გამოსაცემად მას სჭირდება განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი. განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მოსამზადებლად კი მოსამართლე ზვიად შარაძემ 14-დღიანი ვადა აიღო.

    “განაჩენი უკვე დაცვის მხარეს აქვს, შესაბამისად, დიდი ალბათობით, პრეზიდენტმა მოაწერა თუ არა ხელი ვერ გეტყვით, მაგრამ განაჩენი დასაბუთებული არის მზად და დიდი ალბათობით ლაზარე დღეს დატოვებს პენიტენციურ დაწესებულებას. ღამის 12 საათამდე აქვს პენიტენციურს დრო, შესაბამისად, როგორც კი გვეცოდინება რაიმე სიახლე, აუცილებლად გაცნობებთ”, – ამბობს ადვოკატი, ლიკა ბითაძე.

  • აღმოჩნდა, რომ ამ ჯგუფისთვის ევროპული ღირებულება არის დამნაშავესთან გვერდში დგომა – პაპუაშვილი  ევროპარლამენტარების ბრიფინგზე

    აღმოჩნდა, რომ ამ ჯგუფისთვის ევროპული ღირებულება არის დამნაშავესთან გვერდში დგომა – პაპუაშვილი ევროპარლამენტარების ბრიფინგზე

    „გუშინ ძალიან საინტერესო დღე იყო ამ მხრივ, გარკვეულწილად ჟანრის კლასიკა, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, ვიზუალიზაცია იმისა, თუ როგორ ესმით თურმე ევროპული ღირებულებები ზოგიერთ ჯგუფებს ევროპაში.

    გუშინ პირდაპირ ვნახეთ კადრები, ფოტოები და შინაარსი. აღმოჩნდა, რომ თურმე ამ ჯგუფისთვის ევროპული ღირებულება არის სისხლის სამართლის დამნაშავესთან გვერდში დგომა და ბრიფინგების ჩატარება. ვგულისხმობ იმ დეპუტატებს, რომლებიც ბრიფინგზე იდგნენ, იქ ხომ არ იდგა მთელი პარლამენტი?

    მეორე, აღმოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლება ყოფილა ევროპული ღირებულება, აღმოჩნდა, რომ თურმე პოლიციელზე თავდასხმა ყოფილა ევროპული ღირებულება, ესეც გავიგეთ გუშინ ამ ჯგუფისგან. ევროპარლამენტარების ეს ჯგუფი როცა გველაპარაკება, რომ ჩვენ ევროპულ ღირებულებებს არ შევესაბამებით, ამას გულისხმობს, რომ გვერდში არ ვუდგავართ კრიმინალებს, თავს არ ვესხმით პოლიციას, მიხეილ სააკაშვილი, როგორც სისხლის სამართლის დამნაშავე, ციხეშია. თურმე ამას რომ ვაკეთებთ, ეს ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს. მე მგონი, ვხედავთ, რომ პრობლემა სწორედ იმაშია, რომ ეს ჯგუფი აბსოლუტურად აცდენილები არიან არათუ ევროპულ ღირებულებებს, არამედ ადამიანურ ღირებულებებსაც კი. რაც შეეხება შინაარსს, გუშინ გამომსვლელებს შორის იყვნენ ადამიანები, ვინც არიან თავად მონაწილე საქართველოში ფარული დაფინანსებისა პოლიტიკური პარტიების და რადიკალური ჯგუფების. იატაკქვეშა ფულის ხარჯვა ხდება საქართველოში ევროპის დემოკრატიის ფონდის მიერ, ამ ფონდის მმართველობაში არიან ევროპარლამენტარები. იმართება ევროპარლამენტარების მხრიდან. მათ შორის, ანა ფოტიგა, მიხეილ გალერი არიან მმართველ საბჭოში. ასე რომ, ეს კანონპროექტი მათაც და მათ გამჭვირვალობასაც ეხება და ინტერესთა კონფლიქტია, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თავად არ იყვნენ გამჭვირვალეები და ფარულად დახარჯონ ის ფული, როგორც აქამდე ხარჯავდნენ. შეგახსენებთ, რომ ამ ევროპარლამენტარების მმართველობით, საქართველოში ფარულად ფული იხარჯება რადიკალურ პარტიებზე, „დროაზე“, მაგალითად, იხარჯება რადიკალურ ჯგუფებზე, „სირცხვილიაზე“, მაგალითად, იხარჯება „მოლოტოვის კოქტეილის“ რომანტიზებაზე. ასეთ ინფორმაციას, სამწუხაროდ, კანონის არარსებობის პირობებში, რა თქმა უნდა, ვერ ვიგებთ პირდაპირ და შემთხვევით ვიგებთ ხოლმე. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ „შავ ფულზე“, აქ, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობთ საგადასახადო მნიშვნელობით „შავ ფულს“, აქ ვგულისხმობთ ფულს, რომელიც უცნობია ჩვენი საზოგადოებისთვის და ისე იხარჯება, რომ თავს მოახვიონ გარკვეული აზრები“,

    ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტარების მიერ საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები.

  • ევროპელი პოლიტიკოსები არიან გათავხედებული.. არ შეიძლება რასა [იუკნევიჩიენე] იყოს ევროპის სახე – კობახიძე

    ევროპელი პოლიტიკოსები არიან გათავხედებული.. არ შეიძლება რასა [იუკნევიჩიენე] იყოს ევროპის სახე – კობახიძე

    რაც უფრო მეტი გამჭვირვალობა იქნება, მით უფრო ნაკლებად მოვისმენთ ჩვენ ასეთ სამარცხვინო განცხადებებს ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან.

    დღეს ევროპელი პოლიტიკოსები, ასეთი ოდიოზური პოლიტიკოსები არიან გათავხედებული სწორედ იმის გამო, რომ არის რაღაც სიცრუის ჩაკეტილი წრე. ეს სიცრუის ჩაკეტილი წრე უნდა გაირღვეს და ამას ემსახურება სწორედ ის გამჭვირვალობის კანონი, რომელიც აუცილებლად იქნება მიღებული სამი მოსმენით.

    არ შეიძლება, რასა [იუკნევიჩიენე] იყოს ევროპის სახე. რასა, რომელიც არის ვარშავის პაქტიდან გადმოვარდნილი ტიპაჟი. არ შეიძლება, ასეთი ადამიანები დღეს წარმოადგენდნენ ევროკავშირს.

    ამბობს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე.

  • სანქციები ივანიშვილს და რუსული კანონის მხარდამჭერ 83 დეპუტატს, ფინანსური დახმარების გაუქმება – რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში

    „საქართველოში უცხოელი აგენტების კანონის ხელახალი შემოღების მცდელობისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვების შესახებ“.- ამ სახელწოდებით, ევროპარლამენტში ინიცირებულია  რეზოლუციის პროექტი, რომლის კენჭისყრაც, 25 აპრილს გაიმართება.

    პროექტში აგრეთვა ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ “ქართული ოცნების: კანონპროექტი შედგენილია რუსეთში 2012 წელს მიღებული მსგავსი კანონის მიხედვით, რომლის მსგავსიც მიიღეს ყირგიზეთსა და აფხაზეთში.

    „საქართველოში უცხოელი აგენტების კანონის ხელახალი შემოღების მცდელობისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვების შესახებ“ რეზოლუციით, ევროპარლამენტი:

    1. გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას პარტია „ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის ხელახალი შემოტანის გამო; მიიჩნევს, რომ კანონმდებლობა თავისი ტექსტითაც და სულისკვეთებითაც შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან; ხაზს უსვამს, რომ კანონპროექტი არღვევს ევროკომისიის რეკომენდაციის მინიმუმ ორ ნაბიჯს (1 და 9);
    2. გამოხატავს განგაშს, რომ რუსული სტილის საგარეო გავლენის აგენტების აქტის მიღება სერიოზულად დააზარალებს საქართველოს პროევროპულ გზას და თვლის, რომ სანამ ასეთი კანონმდებლობა საქართველოს სამართლებრივი წესრიგის ნაწილია, ნებისმიერი გადაწყვეტილება გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაციისკენ სამუდამოდ უნდა შეჩერდეს; მიაჩნია, რომ კანონპროექტის ხელახალი შემოტანით, ხელისუფლების მიერ 2023 წელს აღებული საჯარო ვალდებულებების დარღვევით, ზიანდება საქართველოს რეპუტაცია და საფრთხის ქვეშ დგება მისი ევროატლანტიკური მისწრაფებები, რადგან კანონპროექტი საქართველოს იმავე გზაზე აყენებს, როგორზეც რუსეთის ფედერაცია და მისი სხვა თანამოაზრე ქვეყნები დგანან;
    3. წუხს, რომ უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტი ძირს უთხრის დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების მუშაობას, რომლებიც წარმოადგენენ საუკეთესო და ყველაზე ეფექტურ სუბიექტებს ხელისუფლების საქმიანობის შემოწმებისა და მონიტორინგისთვის; აფრთხილებს, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, ეს შეასუსტებს კონტროლისა და ბალანსის სისტემას საქართველოში;
    4. სჯერა რა, რომ ასეთი კანონმდებლობა ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებებს, ევროპარლამენტი დგას საქართველოს ხალხის გვერდით, ვინც ამ კანონპროექტს აპროტესტებს და მხარს უჭერს მათ მისწრაფებებს, იცხოვრონ აყვავებულ, კორუფციისგან თავისუფალ ქვეყანაში, რომელიც სრულად პატივს სცემს პოლიტიკურ თავისუფლებას, თავისუფალ მედიას და ღია საზოგადოებას და იცავს ადამიანის უფლებებს;
    5. მიიჩნევს, რომ კანონმდებლობის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს, ვინც მხარი დაუჭირა კანონს; კიდევ ერთხელ იმეორებს თავის მოწოდებას საბჭოსადმი, განიხილოს პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო ლიდერის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება; მოუწოდებს კომისიას, საქართველოსთვის ყველა ფინანსური დახმარების წინაპირობად ამ კანონის გაუქმება აქციოს.
    6. მიაჩნია, რომ საგარეო გავლენის აგენტების კანონპროექტის მიღების შესაძლო უარყოფითი შედეგების გათვალისწინებით, კომისიამ უნდა მოამზადოს შუალედური ანგარიში ცხრა ნაბიჯის განხორციელების შესახებ და წლიური ანგარიში, გამონაკლისის სახით, წარმოდგენილი უნდა იყოს ოქტომბრის დასაწყისში;
    7. მიმართავს პარტია „ქართულ ოცნებას“, თავი შეიკავოს საგარეო გავლენის აგენტების კანონმდებლობის მიღებისგან და გაიწვიოს ის საქართველოს ევროპული მომავლის პერსპექტივისთვის ძირის გამოთხრის თავიდან ასაცილებლად.
    8. ავალებს თავის პრეზიდენტს, გაუგზავნოს ეს რეზოლუცია კომისიის ვიცე-პრეზიდენტს/საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლეს წარმომადგენელს, საბჭოს, კომისიას, წევრი სახელმწიფოების მთავრობებსა და პარლამენტებს, ევროპის საბჭოს, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციებს და საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობას და პარლამენტს.

    რეზოლუციის ავტორები არიან დეპუტატები ევროპის სახალხო პარტიიდან:

    მირიამ ლექსმანი,

    მაიკლ გალერი,

    რასა იუკნევიჩიენე,

    დევიდ მაკალისტერი,

    ანდრიუს კუბილიუსი,

    იზაბელ ვიზელერ-ლიმა,

    ტრაიან ბასესკუ,

    ვლადიმირ ბილჩიკი,

    ანდჟეი ჰალიცკი,

    სანდრა კალნიეტე,

    ლეოპოლდო ლოპეს ხილი,

    ანტონიო ლოპეზ-ისტურიზ ვაითი,

    მიქაელა შოიდროვა,

    ეუჯენ ტომაკი.

  • დუმის დეპუტატი რუსებს მოუწოდებს, არ მიიღონ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობა

    „რუსეთიდან გადასულებს ამ დღეებში თავი მოაქვთ საქართველოში უცხოეთის აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციებში მასობრივი მონაწილეობით. და ეს გასაკვირიც არაა. “ფერადი” რევოლუციების სპეციალისტები თბილისის ქუჩებში მასობრიობის შესაქმნელად რუსეთიდან გაქცეულებს იყენებენ.[…] არ არის საჭირო ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობით ბოროტად სარგებლობა და იარაღად ქცევა გარე ძალების ხელში, რომლებიც ცდილობენ სუვერენულ საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციას.[…]ვურჩევ რუსეთის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ მსგავს აქციებში მონაწილეობისგან

    რუსეთის დუმის რუსეთის ფედერაციის საშინაო საქმეებში უცხო სახელმწიფოების ჩარევის ფაქტების საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა ვასილი პისკარევი ამის შესახებ თავის ტელეგრამში წერს.

  • პოლიტიკა რასა [იუკნევიჩიენე] ვარშავის პაქტიდან გადმოვარდნილი ტიპაჟია – კობახიძე

    პოლიტიკა რასა [იუკნევიჩიენე] ვარშავის პაქტიდან გადმოვარდნილი ტიპაჟია – კობახიძე

    “რასა, რომელიც არის ვარშავის პაქტიდან გადმოვარდნილი ტიპაჟი. არ შეიძლება ასეთი ადამიანები დღეს წარმოადგენდნენ ევროკავშირს ”

     

    აცხადებს პრემიერი კობახიძე ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენზე, რომელმაც დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს სჭირდება დებიძინიზაცია და არა რუსული კანონი.

  • უნდა მივიღოთ სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც ცდილობს საქართველოს გეზი შეცვალოს! – კრამონი

    ”ვაღიარებ, მომხრე ვიყავი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების, როცა აქ ამაზე ყველა არ თანხმდებოდა. ამის არგუმენტი იყო, რომ ქართველი ხალხი და ქართული სამოქალაქო საზოაგადოება ამას იმსახურებდა, მაგრამ ქართულმა ოცნებამ გამოიყენა კანდიდატის სტატუსი თავისი მიზნებისთვის. და ახლა რა თქმა უნდა, ძალიან რთულია ამის გადაწყვეტა, როცა თვითონ ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობს, რომ შესაძლოა საქართველოს არ სურს კანდიდატის სტატუსი.  ჩვენ შეგვიძლია, რომ გარედან ვაიძულოთ, რომ შეინარჩუნონ კანდიდატის სტატუსი? რადგან ჩვენ ვიცით, რომ ხალხის უმრავლესობა საქართველოში ეთანხმება პროდასავლურ კურსს. ამ მომენტში ჩვენ გვჭირდება, რომ ვფოკუსირდეთ გამჭვირვალე არჩევნებზე და მთელ სამართლებრივ ჩარჩოზე არჩევნების გარშემო. ეს არაა მარტივი, როგორც ნიკამ [გვარამია] ახსენა, უცხოელი აგენტების კანონის სამიზნეა ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ახორციელებენ არჩევნების მონიტორინგს და დაკვირვებას. მეორე, თუ იქნება სანქციები თავად ივანიშვილის წინააღმდეგ, მას სჭირდება, რომ ჰქონდეს ინსტრუმენტები, რომ მიიღოს მისი აქტივები, ამისთვისაა მეორე კანონი. რა შეგვიძლია გავაკეთოთ? ვფიქრობ, ჩვენ უნდა მივიღოთ სანქციები რაც შეიძლება სწრაფად და დავრწმუნდეთ, რომ სანქციების სამიზნე იქნებიან ისინი, ვინც ცდილობენ საქართველოს გეზი შეცვალონ.

    განაცხადა  ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა რუსულ კანონზე.