Category: ახალი ამბები

  • 29-ში ყველა უნდა ვიყოთ, რათა ეს ბავშვები გადავარჩინოთ – ყაველაშვილი

    “პატარა ასაკის არიან. მათი ზრდის პროცესი განხორციელდა ქართული ოცნების ხელისუფლების დროს. ის პროგრესი, რაც განვითარდა საქართველოში, მათ თვალწინ განვითარდა და ამას თავად ხომ ვერ უარყოფენ, რა მოხდა და როგორ მოხდა.” – თქვა ივანიშვილის დეპუტატმა.

    როგორც ყაველაშვილი ირწმუნება, ყველაფერი, რასთან შეხებაც შეიძლება ბავშვებს ჰქონდეთ, დაკავშირებულია ფონდი ქართუსა და ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებასთან.

    “3 მილიარდი დოლარის ინვესტირება… უკაცრავად, ქველმოქმედებაა განხორციელებული. რასაც შეიძლება ეს ბავშვები შეეხონ, ყველაფერში ამ ადამიანს და ამ ორგანიზაციას განხორციელებული აქვს ეს სიკეთე”.

    განაცხადა ხალხის ძალის დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა იმედი LIVE-ის ეთერში.

  • ევროპარლამენტარები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან – ლიეტუვის საელჩო ოცნებას

    “ლიეტუვა დიდი ხნის განმავლობაში არის და კვლავაც რჩება ერთგული ხელი შეუწყოს საქართველოსა და ლიეტუვის რესპუბლიკას შორის არსებულ ხანგრძლივი მეგობრობისა და განსაკუთრებული ურთიერთობების უნიკალურ ხასიათს. ასევე ლიეტუვა ცალსახად მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ისევე როგორც საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

    ლიეტუვამ და ლიეტუველმა ხალხმა პირველებმა გაუწოდეს საქართველოს მხარდაჭერის ხელი 2008 წლის აგვისტოში. ურყევი სოლიდარობის ნიშნად, პრეზიდენტი ვალდას ადამკუსი ჩამოვიდა თბილისში იმ დროს, როდესაც რუსეთის სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიაზე იყვნენ შემოსულნი და წინ მიიწევდნენ.

    ამჟამად, 2023 წლის 14 დეკემბერს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, იმ პირობით, რომ ევროკომისიის მიერ დადგენილი 9 ნაბიჯი გადაიდგმება, საქართველო უფრო ახლოს არის, ვიდრე ოდესმე გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან და შემდეგ ევროკავშირში გაწევრიანებასთან. ევროპული საბჭოს დეკემბრის გადაწყვეტილებას ლიეტუვამ მთელი გულით დაუჭირა მხარი.

    სხვა ნაბიჯებთან ერთად, საქართველოს მოუწოდეს ებრძოლოს დეზინფორმაციას, უცხოეთიდან ინფორმაციის მანიპულირებას და ჩარევებს ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ, ისევე როგორც უზრუნველყოს, რომ მისმა სამოქალაქო საზოგადოებამ შეძლოს თავისუფლად ფუნქციონირება. აღნიშნულთან მიმართებით, ამჟამად წარდგენილი კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ეწინააღმდეგება ევროკავშირის რეკომენდაციებს და შეუთავსებელია ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან. მოვლენების ასეთი განვითარება მნიშვნელოვან შეშფოთებას იწვევს როგორც ლიეტუვაში, ასევე ევროკავშირში.

    ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, გვსურს აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს; შესაბამისად, ლიეტუვის საელჩოს არ შეუძლია კომენტარი გააკეთოს მსგავს განცხადებებზე.

    ლიეტუვა და მისი საელჩო არანაირად არ ეთანხმებიან ძალადობას და გამოხატავენ ნდობას საქართველოს პოლიციისა და უსაფრთხოების ძალების შესაძლებლობებისადმი უზრუნველყონ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, განსაკუთრებით სამოქალაქო საზოგადოებასთან ეფექტური დიალოგის უზრუნველყოფის აუცილებლობის გათვალისწინებით.

    ლიეტუვა გულწრფელად იმედოვნებს, რომ საქართველო გამოიყენებს შესაძლებლობათა ისტორიულ ფანჯარას ევროკავშირის გაფართოების განახლებული ძალებით გააქტიურებული პროცესისთვის, განახორციელებს ევროკომისიის ყველა რეკომენდაციას და შეძლებს სწრაფად დაიწყოს გაწევრიანების მოლაპარაკებები”.

    ლიეტუვის საელჩო საქართველოში ქართული ოცნების წევრებს პასუხობს, რომლებმაც ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩუსის განცხადებასთან დაკავშირებით ლიეტუვის საელჩოსგან განმარტებები მოსთხოვეს.

  • საქართველოს ლიდერებს კანონპროექტის გაწვევისკენ! როგორც შარშან – ჯოზეფ ბორელი

    “მოვუწოდებ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, გაიწვიონ კანონპროექტი და არ გადაახვევინოს ქვეყანას ევროპული გზიდან” –  ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა და საქართველოში, “ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის ხელახალ ინიცირებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

    “გასული კვირების განმავლობაში, საქართველოს ათასობით მოქალაქე გამოვიდა ქუჩებში მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლების გამოსაყენებლად და ხელისუფლებისგან უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის გაწვევა კიდევ ერთხელ მოითხოვა.

    შარშან შთამბეჭდავი კადრები საქართველოდან უკვე ვნახეთ. ყველა ასაკის მოქალაქეებს ხელში ქართული და ევროპული დროშები ეკავა, ისინი აჩვენებდნენ დემოკრატიის, ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებების და საქართველოს ევროკავშირისკენ გზის მტკიცე ერთგულებას. მაშინ მმართველი პარტია და მთავრობა საქართველოს მოქალაქეებს საჯაროდ დაჰპირდა, რომ მსგავსი კანონმდებლობა აღარასოდეს დაბრუნდებოდა.

    საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს კანონპროექტის გაწვევისკენ მოვუწოდებ. ისევე როგორც შარშან, ნათელია, რომ ეს კანონმდებლობა ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან შეუთავსებელია. თუ მიიღეს, ეს  ევროკავშირის გზაზე საქართველოს წინსვლას საფრთხეს შეუქმნის.[…]

    საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში აქვთ მომავალი. შარშან დეკემბერში მინიჭებულმა კანდიდატის სტატუსმა ჩვენი ურთიერთობები უფრო დააახლოვა, ვიდრე ოდესმე. ჩვენი კარი ღიაა, ამიტომ მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ.

    სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების მუშაობა უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი დემოკრატიისთვის. საქართველოს ჰყავს აქტიური და მრავალფეროვანი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის წარმატებულ წინსვლას ევროკავშირის წევრობისკენ.  შემოთავაზებული კანონმდებლობა შეზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების თავისუფალი მუშაობის შესაძლებლობას, შეზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და მოახდენს საქართველოს მოქალაქეებისთვის სარგებლის მომტანი ორგანიზაციების უსამართლოდ სტიგმატიზირებას. ეს ასევე იმოქმედებს ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერაზე, რადგან ეს ნაწილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ხდება. გამჭვირვალობა სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობის შეზღუდვის ინსტრუმენტად არ უნდა იქნას გამოყენებული.[…]

    კომისიამ ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებულ ანგარიშში ხაზი გაუსვა იმ სამუშაოს, რომელიც საქართველომ უნდა განახორციელოს – კერძოდ განსახორციელებელ ცხრა ნაბიჯს. როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, საქართველო უნდა შეესაბამებოდეს კოპენჰაგენის კრიტერიუმებს, რომელიც კონკრეტულად მოითხოვს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პრინციპების დაცვას. მხოლოდ მნიშვნელოვანი და შეუქცევადი წინსვლა ამ ფუნდამენტურ სფეროებში განსაზღვრავს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნასა და საერთო ტემპს.

    დაბოლოს, ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ლიდერებს, მიაღწიონ კონსენსუსს ევროკავშირში გაწევრიანების მიზნის ირგვლივ. ყველა პოლიტიკური ლიდერისთვის გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს, შეამცირონ პოლარიზაცია და პოზიტიურად და კონსტრუქციულად ითანამშრომლონ ერთმანეთთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. გაფართოება მაშინ არის წარმატებული, როდესაც მთელი ქვეყანა ამ მიზნის ირგვლივ ერთიანდება. ის ასევე არის ნებისმიერი ქვეყნის სტრატეგიული არჩევანი, რომელიც გადაწყვეტს, ამ გზას დაადგეს. ეს არის არა მხოლოდ ჩვენს ნორმებთან ვალდებულება, არამედ ჩვენს ღირებულებებთანაც შესაბამისობის ვალდებულება.” – თვლის ბორელი.

  • რუსებმა გამოგვყარეს სოხუმიდან, ოცნება კი ვერ ბედავს, მტერს მტერი დაარქვას – კორძაია

    დრო იმდენად ცოტაა, რომ ერთმანეთის მოფერების დრო ახლა არ გვაქვს, ერთმანეთის გამხნევების დროა. 35 წელი გავიდა 9 აპრილის შემდეგ და ჩვენ ისევ ვართ ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე, რომ ისევ შეგვათრიონ საბჭოთა კავშირში – რუსეთში, რისთვისაც ჩვენმა ხალხმა სისხლი დაღვარა. როგორც კი საქართველომ მიაღწია დამოუკიდებლობას, ჩვენ რუსეთმა წაგვართვა აფხაზეთი. მე ვარ სოხუმიდან და მახსოვს, როგორ გამოგვყარეს რუსებმა იქიდან. მახსოვს, როგორ მოვდიოდით მთებით, ფეხშიშველი, მშიერი, მწყურვალი და დღეს ვართ რეალობის წინაშე, როდესაც ჩვენი ხელისუფლება ვერ ბედავს, რომ მტერს დაარქვას მტერი და მოყვარეს – მოყვარე.

    35 წელია მოვდივართ იდეით, რომ ავაშენებთ თავისუფალ, თავმოყვარე და მსოფლიო რუკაზე თავისი ადგილის მქონე სახელმწიფოს და უცებ, უცებ მოვიდა ვიღაც ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ თაობების შრომა გადაყაროს წყალში და ეს ახალგაზრდები, დღეს ვინც თქვენს წინაშე იდგა, რატომ უნდა იბრძოდნენ ისევ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, მაშინ, როდესაც მათ სამყარო გახსნილი აქვთ. დღეს რატომ უნდა ვზეიმობდეთ იმას, რომ ლაზარე თავისუფალია, ახალგაზრდა ადამიანი დაიჭირეს და პოლიტიკური შურისძიების სიმბოლოდ აქციეს მარტო იმიტომ, რომ საკუთარ სამშობლოს, ენას და თავისუფლებას იცავდა. რომ გადავხედოთ წარსულს, არცერთ ხელისუფლებას ის არ უქნია, რასაც აკეთებს დღეს ქართული ოცნება.

    განაცხადა თამარ კორძაიამ ქუთაისში, სადაც მსვლელობა “კი ევროპას, არა რუსულ კანონს!” გაიმართა.

  • არ გაიხსნას EU-სთან მოლაპარაკებები! – ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი

    „საქართველოში უცხოური აგენტის კანონის აღდგენის მცდელობისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვების შესახებ“. – გამოქვეყნდა ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ერთობლივი რეზოლუციის პროექტი, რონლის თანახმად, საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას მანამ, სანამ „აგენტების კანონი“ მისი სამართლებრივი წესრიგის ნაწილი იქნება.

    1. მკაცრად ვგმობთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებას, რადგან ის დააწესებს შეზღუდვებს სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე, რითაც დააზიანებს მათი თავისუფლად ფუნქციონირების შესაძლებლობას, რამაც უკვე გამოიწვია მასობრივი პროტესტი საქართველოს საზოგადოების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, დამოუკიდებელი მედიის, გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეებისა და ქვეყნის ევროპელი და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან;
    2. ხაზს ვუსვამთ, რომ კანონპროექტი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან, ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს, აზიანებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას;
    3. ხაზს ვუსვამთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ უნდა დაიწყოს, სანამ ეს კანონი საქართველოს სამართლებრივი წესრიგის ნაწილია;
    4. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, შეწყვიტოს საპარლამენტო საქმის წარმოება, რომელიც მიგვიყვანს კანონის მიღებამდე და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეასრულოს ვალდებულებები, რომლებიც 2023 წლის მარტში აიღო, როდესაც განაცხადა, რომ უპირობოდ უკან გაიწვევდა ამ კანონპროექტს და აღარ წარადგენდა მსგავს კანონს; მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, თავი შეიკავოს შემდგომი საკანონმდებლო წინადადებებისაგან, რომლებიც ეწინააღმდეგება დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება კოპენჰაგენის კრიტერიუმებს;
    5. ხაზს ვუსვამთ, რომ კანონპროექტი ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის მისწრაფებებს, იცხოვროს დემოკრატიულ საზოგადოებაში, გააგრძელოს დემოკრატიული და კანონის უზენაესობის რეფორმები, განაგრძოს მჭიდრო თანამშრომლობა ევროატლანტიკურ პარტნიორებთან და მიაღწიოს ევროკავშირში გაწევრიანებას;
    6. ხაზს ვუსვამთ, რომ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებისა და მშვიდობიანი პროტესტის უფლება არის ფუნდამენტური თავისუფლებები და დაცული უნდა იყოს ნებისმიერ ვითარებაში, განსაკუთრებით ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყანაში;
    7. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებებს და, შესაბამისად, გამოთქვამს შეშფოთებას სპეცრაზმის მიერ სადავო კანონპროექტის წინააღმდეგ დემონსტრანტების დასაშლელად არაპროპორციული ძალის გამოყენების შესახებ ცნობების გამო; მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიძიოს და პასუხისგებაში მისცეს პირები, ვინც პასუხისმგებელია ძალის უკანონო და არაპროპორციულ გამოყენებაზე;
    8. ხაზს ვუსვამთ, რომ საზოგადოებრივი დამკვირვებლის როლი, რომელსაც ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია, არსებითია დემოკრატიული საზოგადოებისთვის და გადამწყვეტია ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული რეფორმების წინსვლისთვის და ამიტომ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ უზრუნველყოს ხელსაყრელი გარემო, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელ მედია თავისუფლად იმუშავებს;
    9. ვგმობთ იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობა შთაგონებას იღებს უაღრესად სადაო რუსული კანონმდებლობისგან, როგორიცაა რუსეთის კანონი „უცხოელი აგენტების შესახებ“, რომელიც მიზანმიმართულად ახდენს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და აქტივისტების დისკრიმინაციას და ასევე გამოიყენება რუსეთის ომის წინააღმდეგ გამოთქმული მოსაზრებების ჩასახშობად.
    10. ვიხსენებთ, რომ 2023 წლის 14 და 15 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ გადაიდგმებოდა შესაბამისი ნაბიჯები, რომლებიც მითითებულია კომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციაში; ხაზს ვუსვამთ, რომ ეს რეკომენდაცია მოუწოდებს საქართველოს, უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად მოქმედება და ებრძოლოს დეზინფორმაციას, რომელიც მიმართულია ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ და რომ ზემოხსენებული კანონპროექტი არღვევს ორივე მიზანს;
    11. შევახსენებთ საქართველოს მთავრობას იმ ღირებულებებისა და პრინციპების მიმართ ერთგულების ვალდებულების შესახებ, რომელიც მან ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის დროს აიღო და მოვუწოდებთ კომისიის ვიცე-პრეზიდენტს/კავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, გააკეთონ იგივე;
    12. მოვუწოდებთ კომისიას, წარადგინოს საქართველოს პროგრესის შუალედური შეფასება 2023 წლის 8 ნოემბრის კომისიის რეკომენდაციაში მითითებული ცხრა ნაბიჯის განხორციელებასთან დაკავშირებით;
    13. მოვუწოდებთ კომისიას და წევრ სახელმწიფოებს, შეაფასონ ამ კანონპროექტის გავლენა ევროკავშირის, როგორც დონორის როლზე საქართველოში და ნათლად მიაწოდონ ინფორმაცია საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს ამ შესაძლო ზემოქმედებისა და ზოგადად ევროკავშირის დაფინანსებაზე მისი შედეგების შესახებ;
    14. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს ევროპულ გზას, პატივი სცეს, გააძლიეროს და ხელი შეუწყოს დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს და ჭეშმარიტად ჩაერთოს პირობების შესასრულებლად საჭირო ნაბიჯების სრულად განხორციელებაში საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან და პოლიტიკურ ოპოზიციასთან ჩართულობისა და თანამშრომლობის სულისკვეთებით;
    15. ვიმეორებთ ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებებისადმი და მათი სურვილისადმი, იცხოვრონ კორუფციისგან თავისუფალ ქვეყანაში, რომელიც სრულად პატივს სცემს ფუნდამენტურ თავისუფლებებს, იცავს ადამიანის უფლებებს და უზრუნველყოფს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის თავისუფლად მუშაობას; ხაზს ვუსვამთ, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მოტივირებული იყო საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მიღწევებისა და დემოკრატიული ძალისხმევის აღიარების სურვილით, ისევე როგორც მის მოქალაქეებს შორის ევროკავშირში გაწევრიანების აბსოლუტური მხარდაჭერით;
    16. მოვუწოდებთ მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი გრძელვადიანი საერთაშორისო არჩევნების სადამკვირვებლო მისიას, დააკვირდეს ქვეყნის მომავალ საპარლამენტო არჩევნებს 2024 წლის ოქტომბერში;
    17. ვავალებთ ევროპარლმენტის თავმჯდომარეს, გაუგზავნოს ეს რეზოლუცია კომისიის ვიცე-პრეზიდენტს/კავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, საბჭოს, კომისიას, წევრი სახელმწიფოების მთავრობებსა და პარლამენტებს, ევროპის საბჭოს, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას, ასევე საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს

    ევროპარლამენტში თავდაპირველად რეგისტრირებული იყო 5 პოლიტიკური ჯგუფის (Verts/ALE, Renew Europe, S&D, PPE და ECR) მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტები. შემდეგ ერთობლივ ტექსტზე შეჯერდნენ. საქართველოს შესახებ რეზოლუციას ევროპარლამენტში ხვალ, 25 აპრილს უყრიან კენჭს. კენჭისყრაზე შესაძლებელია, საბოლოო ვერსიაში შესწორებები შევიდეს და ტექსტი კიდევ შეიცვალოს.

     

  • გალანტის თქმით, IDF-მ სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას მეთაურების ნახევარი მოკლა

    ისრაელის თავდაცვის მინისტრ  იოავ გალანტი აცხადებს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა [IDF]სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას მეთაურების ნახევარი მოკლა.

    “სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას მეთაურების ნახევარი განადგურებულია. დარჩენილი ნახევარი კი ან იმალება ან ტოვებს ლიბანს” – თქვა იოავ გალანტმა.

    თავდაცვის მინისტრის თქმით, IDF-ის მთავარი მიზანი ჩრდილოეთში არის ის, რომ იძულებით გადაადგილებული ისრაელელი მოსახლეობა თავიანთ სახლებში დაბრუნდეს.

  • ‘”სიმცირის მიუხედავად, გზას ხელოვნურად კეტავენ” – შსს აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის შემთხვევაში ემუქრება

    შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის შემთხვევაში ემუქრება. უწყების თქმით, ”რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა ხოლო აქციაზე მყოფი პირები ხანგრძლივი დროით ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურ გადაკეტვას ახორციელებენ”.

    “როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 15 აპრილიდან, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსთაველის გამზირზე დაწყებული აქციების პარალელურად, მონაწილეები აწყობენ მსვლელობებს სხვადასხვა ტერიტორიის მიმართულებით, რაც აფერხებს საავტომობილო მოძრაობას.

    ხალხის რაოდენობის გათვალისწინებით და ორგანიზატორებთან შეთანხმებით ხდებოდა რუსთაველის გამზირის გადაკეტვა.

    ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა.

    მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვის საჭიროება არ არსებობს, თუმცა, აქციაზე მყოფი პირები ხანგრძლივი დროით ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურ გადაკეტვას ახორციელებენ.

    გზის ხელოვნური გადაკეტვა იწვევს ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებას, გარდა ამისა, ლახავს იმ პირთა უფლებებს, რომლებიც ცხოვრობენ და მუშაობენ აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხელს უშლის დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას.

    „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და 11 (პრიმა) მუხლის თანახმად, აკრძალულია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა. აგრეთვე, აკრძალულია ტრანსპორტის გადაადგილებისათვის განზრახ დაბრკოლებების შექმნა.

    აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს მოვუწოდებთ დაემორჩილონ კანონის მოთხოვნებს. თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, სამართალდამცავი უწყების მხრიდან მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, ასევე, იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ. სამართალდამცველების მიერ მათ მიმართ შესაბამისი კანონით გათვალისწინებული ზომები გატარდება”, – ნათქვამია განცხადებაში.

  • ან ვირჩევთ რუსეთს ან ვირჩევთ ევროპას.. ბრძოლა გრძელდება, შევხვდებით აქციებზე! – ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია

    მარტის აქციებზე დაკავებული, ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა .  გრიგორიადისი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოფიციალურად დღეს შეიწყალა.

    ”პირველ რიგში მინდა მადლობა მოვუხადო პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. ბრძოლა გრძელდება, ეხლა აქციები არის, აქციებზე შევხვდებით. მგონია, რომ [მოსამართლემ] პოლიტიზირებული გადაწყვეტილება მიიღო.

    [რუსული კანონი] ძირს უთხრის დემოკრატიას, არ შეიძლება, ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ასეთი კანონები მივიღოთ. ვაპირებ 7 საათზე მისვლას. […] ასე პირდაპირ თუ გაბედავდნენ [კანონის შემობრუნებას] არ მეგონა, მაგრამ გაბედეს. ხელისუფლება უკვე ყველაფერზეა წამსვლელი, ისეთ მდგომარეობაშია ჩემი აზრით. თან წინასაარჩევნო პერიოდია და დიდი ალბათობით, მაგის ბრალია ეს ყველაფერი. როდესაც ყველაფერზე მიდიხარ, ჩემი აზრით, სუსტად ხარ უკვე, ყველაფერს რისკავ. ყველანაირი გზით ცდილობენ, შეინარჩუნონ ხელისუფლება და ავტორიტარიზმი გააძლიერონ ქვეყანაში…

    ბიძინა ივანიშვილი მე მგონია, რომ რუსეთიდან არის მართული. შანსი არაა ვალდებულებები არ ჰქონდეს. დემოკრატიულ სვლებს თუ არ აკეთებ, მაშინ რას შეიძლება მივაწეროთ, თუ არა რუსეთს

    მე მგონია, რომ გარდატეხის პირას ვართ – ან ვირჩევთ რუსეთს ან ვირჩევთ ევროპას, შუაში ვერ ვიდგებით”  “

  • სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

    სასამართლომ “ლელოს” გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

    კუპრაძე 16 აპრილს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს.

    ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ კუპრაძე პოლიციელებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და კორდონის გარღვევას ცდილობდა.

  • 29-ში ვინმე თუ სხვა აქციის ჩატარებას მოინდომებს, იქნება პროვოკატორი – მდინარაძე

    29-ში ვინმე თუ სხვა აქციის ჩატარებას მოინდომებს, იქნება პროვოკატორი – მდინარაძე

    29 აპრილს არის საყოველთაო შეკრება, იქნება ძალიან ბევრი ადამიანი. იმ დღეს ნებისმიერი პასუხისმგებლობა, რომელიც რაიმე მცირე ინციდენტსაც კი შეიძლება დაუკავშირდეს, შეიძლება იყოს მხოლოდ იმ კონტექსტიდან გამომდინარე, რომელიც იქ რაღაც პროვოკაციის დაგეგმვის გამო შეიძლება მოხდეს.

    თუ იმ დღეს იქ ვინმე სხვა აქციის ჩატარებას მოინდომებს, ის იქნება პროვოკატორი, რასაც არც სახელმწიფო და არც ხალხი არ დაუშვებს. იმ დროს სხვა აქცია, რა თქმა უნდა, ვერ ჩატარდება.

    თქვა ქართული ოცნებისაღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.