Category: ახალი ამბები

  • არც აღდგომა იციან, არც საფლავი, არც ოჯახი…ამ ყველაფრის მიუხედავად, ვიღაცები მეგობრებსა და მტერს შორის უღირს ტოლობის ნიშანს სვამენ! – პრეზიდენტი ოკუპანტებზე

    “ეგრეთწოდებული ერთორწმუნე და ვითომცა ღირებულებების დამცველი! არც აღდგომა იციან, არც საფლავი, არც ოჯახი და საერთოდ სამშობლო ხომ არ იციან, და არ იციან – არც მისი ნამდვილი საზღვრები და არც გარჩევა საკუთარი და მეზობლის მიწების შორის….და ამ ყველაფრის მიუხედავად, ვიღაცეებს მეგობრები და მტრის შორის რაღაც უღირს ტოლობის ნიშანს სვამენ!”

    წერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში და ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის, რამაზ ბეღელურის, გატაცებას ეხმაურება. შეგახსენებთ, რომ ბეღელური 29 აპრილს გაიტაცეს.

  • ბრაზილიაში წყალდიდობას, სულ მცირე, 78 ადამიანი ემსხვერპლა

    ბრაზილიაში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 78 ადამიანი დაიღუპა. განხორციელდა 115 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია.

    დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიზარდოს, რადგან კვირის მონაცემებით დაკარგულად 105 ადამიანი ითვლება, შაბათს კი დაკარგულად 70 მიიჩნეოდა.

    წყალდიდობებმა რამდენიმე ქალაქში ხიდები და გზები გაანადგურა.

    ძლიერმა ნალექმა  მეწყერი გამოიწვია და ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ჩამოანგრია.

    გამოცემის ცნობით,  ქვეყნის სამხრეთით მდებარე რიო გრანდე დუ სოლის რეგიონში მოსახლეობა საკვებისა და წყლის გარეშეა დარჩენილი.

  • ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა

    ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა

    ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 7 კი დაშავდა.

    თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომობილი ორ მანქანას დაეჯახა, რის შემდეგაც მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

  • ზურაბიშვილი ელჩებს: ბიძინა ივანიშვილის განცხადებები ძალიან პროვოკაციული იყო, საქართველოში რთული სიტუაციაა

    პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა. დახურულ შეხვედრამდე სალომე ზურაბიშვილმა განცხადება გააკეთა და საერთაშორისო პარტნიორებს „ქართული ოცნების“ შეურაცხმყოფელი პოზიციის გამო ბოდიში მოუხადა. პრეზიდენტი არ მოერიდა ივანიშვილის კრიტიკასაც და მის გამოსვლას „ოცნების“ თავყრილობაზე პროვოკაციული უწოდა.

    “ვხედავთ თავდასხმებს ჩვენს პარტნიორებზე და აქვე მსურს გითხრათ ბოდიში იმ სიტყვებისთვის, რომლებიც თქვენი და თქვენი ქვეყნების წინააღმდეგ გამოიყენეს. ქვეყნების, რომლებიც 30 წელზე მეტია ამ ქვეყნის განვითარებას, სახელმწიფო ინსტიტუტებს, ეკონომიკურ ინფრასტრუქტურას, კულტურულ ინფრასტრუქტურას მხარს უჭერენ. ვფიქრობ, რომ პერიოდი, რომელიც ახლა იწყება, საკვანძო იქნება, რადგან დაგეგმილია მესამე მოსმენა. ის თუ როგორ არის არჩეული თარიღები ცოტათი პროვოკაციულია. ასე ვფიქრობ, რადგან ეს ყველაფერი ხდება სააღდგომო პერიოდში, როდესაც უნდა იყოს გაერთიანებისა და დეპოლარიზაციის დრო. ასევე, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები ძალიან პროვოკაციული იყო თქვენ მიმართ, მაგრამ, ასევე, საქართველოს მოსახლეობის მიმართ. ყველაფერი ეს იმას ნიშნავს, რომ დაძაბულ ვითარებაში ვართ და თქვენ, როგორც ჩვენს პარტნიორებს, ძალიან მნიშვნელოვანი როლი გაქვთ სტაბილურობის უზრუნველყოფაში. ჩემი თხოვნაა, რომ განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები ამ პერიოდში, მაისის ბოლომდე.“– განაცხადა ზურაბიშვილმა.

    პრეზიდენტი კონსტიტუციაზე თავდასხმად აფასებს ხელისუფლების ბოლოდროინდელ ქმედებებს და რუსულ კანონს ევროინტეგრაციის გეგმებთან შეუთავსებელს უწოდებს. მისივე თქმით, რუსული კანონის ხელმეორედ ინიცირების შემდეგ ყველაფერზე პასუხიმგებლობა მხოლოდ ხელისუფლებას ეკისრება.

    “პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ხდება დღეს ან მოხდება ხვალ და ზეგ, რა თქმა უნდა, სრულად ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას. რადგან სწორედ მათ დააინიცირეს მოვლენების ეს განვითარება, რომელიც არსაიდან მოვიდა, როდესაც მთელი ქვეყანა გაერთიანებული იყო ევროპულ გზაზე კანდიდატის სტატუსის მონიჭებისას დეკემბერში. რომელიც ასევე სრულად იყო გაერთიანებული, როდესაც ჩვენი ფეხბურთის გუნდი გავიდა ევროპის ჩემპიონატზე და სრულიად მოულოდნელად საქართველოს ხელისუფლებამ დააბრუნა ძალიან პროვოკაციული კანონი უცხოურ აგენტებთან დაკავშირებით უკვე მეორედ. მათ ასევე დააინიცირეს მთელი რიგი კანონებისა, რომლებსაც ერთმანეთის მიყოლებით ვეტოს ვადებ, რაც ეწინააღმდეგება რეკომენდაციებს, რომლებიც უნდა შევასრულოთ თუ გვსურს ვიხილოთ მოლაპარაკებების გახსნა წლის ბოლოს.“–თქვა ზურაბიშვილმა.

    ელჩებთან შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა „ქართული ოცნება“ რუსული კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდებზე თავდასხმაშიც დაადანაშაულა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ხელისუფლება ახალგაზრდებს „სატანისტებს“ არ უნდა ეძახდეს.

  • პარაგრაფთან სადაც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს აქციის მონაწილე დააკავეს

    თბილისში, სასტუმრო პარაგრაფთან, სადაც რუსული აქციის საწინააღმდეგო აქციაზე სამართალდამცავებმა აქციის მონაწილე დააკავეს. როგორც თბილისის პოლიციის უფროსი აცხადებს, დაკავებულმა პოლიციას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

    ამ წუთებში სასტუმრო პარაგრაფთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორია მოძრაობა სირცხვილია.

    სასტუმრო პარაგრაფში აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტის მიღებაა. აქციის ორგანიზატორების თქმით, მათი მიზანია, ხმა გააგონონ უცხოელ სტუმრებსაც და მასპინძელსაც.

    სასტუმროს ორივე შესასვლელს პოლიცია აკონტროლებს. აქციის მონაწილეები კონფერენციის დასრულებამდე დაშლას არ აპირებენ, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი მსვლელობას აპირებენ.

  • ვეტოს დავადებ ყველა იმ კანონპროექტს, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს! – ზურაბიშვილი

    ”ვეტო დავადე ე.წ ოფშორების კანონს და ვეტოს დავადებ ყველა იმ კანონპროექტს, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

    საქართველოს იდენტობა ევროპულია და ურყევია ნებისმიერი მცდელობების მიუხედავად”

    წერს X-ზე, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მას შემდეგ რაც ე.წ. ოფშორების კანონს ვეტო დაადო.

  • “ყველა პოლიციელი საქართველოში გადადგეს, უარი თქვას ბრძანებებზე, ან აგონ პასუხი , როცა ხალხი ქვეყანას დაიბრუნებს” – კინზინგერი

    “ყველა პოლიციელი საქართველოში გადადგეს, უარი თქვას ბრძანებებზე, ან აგოს პასუხი მაშინ, როცა ხალხი ქვეყანას დაიბრუნებს”,

    ასე ეხმაურება ყოფილი კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.

  • პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო

    ‘პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს დაუბრუნა “საგადასახადო კოდექსში” ცვლილებები.

    ინფორმაციას ამის შესახებ, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

  • პრობლემა არა მხოლოდ რუსული კანონი, არამედ რუსული მთავრობაა – სალომე ზურაბიშვილი

    პრობლემა არა მხოლოდ რუსული კანონი, არამედ რუსული მთავრობაა – სალომე ზურაბიშვილი

    „ახლა ძალიან ნათელია, რომ ეს კანონი შინაარსით რუსული კანონია, ვინაიდან ამ გზით რუსეთმა შეძლო რეალურად ჩაეხშო სამოქალაქო საზოგადოება, რასაც აქ მთავრობა ცდილობს. ცდილობს, რომ საქართველოს პარტნიორები როგორ რევოლუციის პარტნიორები წარმოსახოს, როგორც ისინი, ვინც მთავრობის დამხობას ცდილობს, და ძალიან ჩუმად არიან რუსეთთან დაკავშირებით, თითქოს ის დღეს ჩვენი მეგობარია.

    ასე რომ, სულ უფრო ნათელი ხდება, რომ პრობლემა არა მხოლოდ რუსული კანონი, არამედ პრობლემა რუსული მთავრობაა, რომელიც მიდრეკილია რუსეთისადმი დათმობები გააკეთოს და ამ ქვეყნის ორიენტაცია რუსეთისკენ შეატრიალოს“,

    ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში განაცხადა.

  • კლუბი KHIDI 3-4 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებს აუქმებს

    ღამის კლუბი KHIDI 3 და 4 მაისს ჩანიშნულ ღონისძიებებს რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების მხარდასაჭერად გააუქმებს.

    “ქართული ოცნება საკუთარი პოლიტიკური და პირადი ინტერესების განსახორციელებლად მზადაა, რომ ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხე შეუქმნას და საქართველოს პოლიტიკური კურსი რუსეთისაკენ მიმართოს. მიუხედავად იმისა, რომ მმართველი ძალა განსაკუთრებული სისასტიკით არბევს მშვიდობიან აქციებს, დღეს ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლის მთავარი ხაზი ქუჩაში გასვლასა და ხმის ამაღლებაზე გადის.

    სწორედ ამიტომ, ვიზიარებთ ჩვენს წილ სამოქალაქო პასუხისმგებლობას და ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს.

    არა რუსულ კანონს!

    შევხვდებით რუსთაველზე!” – ნათქვამია გავცრელებულ განცხადებაში.