Category: ახალი ამბები

  • სოლიდარობა სტუდენტებს, რომლებიც სახელმწიფო რეპრესიებს ეწინააღმდეგებიან – Massive Attack თბილისის საპროტესტო აქციაზე

    ”სოლიდარობა სტუდენტებს, რომლებიც სახელმწიფო რეპრესიებს ეწინააღმდეგებიან”. – მუსიკალური ბენდი Massive Attack-ი, რომელიც 28 ივლისს ბლექ სი არენაზე კონცერტს გამართავს, საქართველოში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

      • “სოლიდარობა სტუდენტებს – თბილისიდან აშშ-ის კამპუსებამდე, რომლებიც სასტიკ სახელმწიფო რეპრესიებს ეწინააღმდეგებიან.”- აღნიშნულია ბენდის ტვიტში.

    რუსული კანონის ინიციირების შემდეგ მოძრობა სირცხვილიამ ბენდს წერილობით მიმართა და მოუწოდა, გაეცნონ საქართველოში არსებულ მდგომარეობას.

    “ჯგუფი Massive Attack სამართლიანობის, გამოხატვის თავისუფლების, სამოქალაქო აქტივიზმისა და უმცირესობათა უფლებების მხარდამჭერია. ამიტომ, გთხოვთ, გაეცნოთ საქართველოში არსებულ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას. ვიმედოვნებთ, რომ გაითვალისწინებთ ამ საკითხს და თქვენი განსჯის საფუძველზე, საპასუხო ნაბიჯს გადადგამთ. სულ მცირე, ვიმედოვნებთ, რომ ამ ანტიდემოკრატიული ქმედებების წინააღმდეგ სცენიდან თქვენს პოზიციას დააფიქსირებთ. გვჯერა, რომ გამოიყენებთ თქვენს პლატფორმას, რათა მხარი დაუჭიროთ საქართველოს მოქალაქეებს თავისუფლებისა და დემოკრატიული მომავლისთვის ბრძოლაში”, – ამ წერილით მიმართა  “სირცხვილიამ”  ბენდს.

  • შსს-ს ცნობით, გუშინდელი პროტესტის დროს 23 ადამიანი დააკავეს

    გუშინ ღამით რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტის დროს 23 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

    დაკავებულები სამართალდამცველებმა ავჭალის იზოლატორში გადაიყვანეს, მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

    დაკავებულები ადვოკატებმა უკვე მოინახულეს.

    ერთ-ერთ დაკავებულს დაზიანებები აღენიშნება.

    გუშინ, თამარ მეფის გამზირზე აქციის მონაწილეების ნაწილს უცნობი პირების ჯგუფი თავს დაესხა.

  • კობახიძემ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი „ცრუ განცხადებებში“ დაადანაშაულა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მრჩეველთან, დერეკ შოლესთან სატელეფონო საუბარის შინაარსზე განცხადებას ავრცელებს. კობახიძე ამბობს, რომ შოლეს საქართველოში „ორი რევოლუციური მცდელობის“ შესახებ ელაპარაკა. ამ განცხადებაში კობახიძე ისევ აკრიტიკებს საქართველოში ამერიკის ყოფილ ელჩს, კელი დეგნანს და საქართველოში რევოლუციის მოწყობის მცდელობის მხარდაჭერაში ადანაშაულებს. კობახიძის თქმით, შოლეს “განუმარტა”, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები “ცრუ განცხადებებს” აკეთებენ რუსულ კანონთან და მის გასაპროტესტებლად გამართულ აქციებთან დაკავშირებით.

    • ”ვესაუბრე დერეკ შოლეს და გამოვხატე ჩემი გულწრფელი იმედგაცრუება 2020-2023 წლების ორი რევოლუციური მცდელობის გამო, რომელიც ამერიკის ყოფილი ელჩის მხარდაჭერით და გარედან დაფინანსებული „ენჯეოების“ მეშვეობით განხორციელდა. ბატონ შოლეს განვუმარტე, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ცრუ განცხადებები გამჭვირვალობის შესახებ კანონთან და აქციებთან დაკავშირებით გვახსენებს ამერიკის ყოფილი ელჩის 2020-2023 წლების მსგავს ცრუ განცხადებებს, რომლებიც მაშინაც უცხოური დაფინანსებით მოქმედი სუბიექტების მხრიდან ძალადობის წახალისებას და რევოლუციური პროცესების მხარდაჭერას ემსახურებოდა. ასევე, ბატონ შოლეს განვუმარტე, რომ ამ ფონზე ურთიერთობების გადატვირთვა განსაკუთრებულ ძალისხმევას საჭიროებს, რაც სამართლიანი და კეთილსინდისიერი მიდგომის გარეშე შეუძლებელია. ბატონ შოლესთან არ გამომიხატავს შეშფოთება ნიუ-იორკში სტუდენტების პროტესტის ბრუტალური დარბევის გამო”.- ამბობს კობახიძე.

    დერეკ შოლემ პლატფორმა X-ზე წუხელ დაწერა, რომ კობახიძეს საქართველოს ამჟამინდელი ტრაექტორიის გამო შეშფოთება კიდევ ერთხელ გადასცა.

    • ”პრემიერ-მინისტრ კობახიძეს განვუცხადეთ ჩვენი შეშფოთება საქართველოს ამჟამინდელ ტრაექტორიასთან დაკავშირებით. მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს. შეერთებული შტატები მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის მუშაობას, რაც ქართველების აბსოლუტურ უმრავლესობას სურს.”-დაწერა დერეკ შოლემ.

    ქართული ოცნების მეირ პარლამენტში რეინიცირებული რუსული კანონის შემდეგ საერთაშორისო პარტნიორებმა არაერთხელ გამოხატეს შეშფოთება და კანონის გაწვევა მოითხოვეს.  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი აცხადებს, რომ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი „ძალიან ყურადღებით აკვირდება“ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.

  • ივანიშვილისგან ვხედავთ იმავე ქმედებებს, რაც დავინახეთ პუტინისა და ლუკაშენკოსგან წლების წინ – კუბილიუსი

    “ეს იგივეა, რაც პუტინმა და ლუკაშენკომ გააკეთეს. თავიანთი მმართველობის პირველ წლებში მათაც მოჰქონდათ თავი დემოკრატებად, მაგრამ შემდეგ დაიწყეს ძალის გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ და იქცნენ დიქტატორებად. დღეს ჩვენ ვხედავთ, რა ხდება ამ ქვეყნებში. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ჩვენ ვხედავთ ბიძინა ივანიშვილისგან იმავე ქმედებებს, რაც დავინახეთ პუტინისა და ლუკაშენკოსგან წლების წინ და ალბათ ნათელია, საით მოძრაობს საქართველო ასეთი ლიდერების ხელში. რა თქმა უნდა, ეს ჩვენ გვაშფოთებს ევროპარლამენტში”.

    ამბობს ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი “მთავარ არხთან”.

  • ამ მძიმე დღეს თქვენთვის ვილოცებ, უფალს ვთხოვ, გიხსნათ ბოროტი ძალებისგან – წილოსანი

    “ამ მძიმე დღეს თქვენთვის ვილოცებ, უფალს ვთხოვ მოგიტევოთ თქვენში გაჯერებული ზიზღი და გიხსნათ ბოროტი ძალებისგან.. თქვენი ჩარიცხული თანხა კი ეკლესიის შესაწირ ყუთში იქნება”.

    წერს რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი, ნინო წილოსანი. ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში მოქალაქეებმა დაწერეს, რომ “ქვეყნის გამყიდველებს”, წითელ პარასკევს, სიმბოლურად, 30 თეთრს ურიცხავდნენ.

  • კანონი მოფიქრებულია “ოცნების” პატრონების მიერ მოსკოვში, ქართველებო იყავით ძლიერები! – კინზინგერი

    “ქართველმა ხალხმა იცის, რა არის რუსეთი და მათ ძალიან მკაფიოდ განაცხადეს, რომ არ სურთ, მისი ნაწილი იყვნენ. ბოლო დროს საქართველოს მმართველმა პარტიამ და მისმა დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა რუსეთის გვერდით დააყენეს და ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს დასავლეთს და აშშ-ს სურს საქართველო ომში ჩაერთოს რუსეთთან. რა თქმა უნდა, ეს არის სისულელე. ახლახან “ქართულმა ოცნებამ” დააინიცირა კანონპროექტი, რომელიც ავალდებულებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, დარეგისტრირდნენ უცხოეთის აგენტებად. ეს კანონი მოფიქრებულია “ქართული ოცნების” პატრონების მიერ მოსკოვში. ამის გამო, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი გამოვიდა ქუჩებში, რასაც მთავრობამ დემონსტრანტების სასტიკი დარბევით უპასუხა. როგორც აშშ-ის კონგრესში საქართველოს ფრაქციის ყოფილ თავმჯდომარეს, მე მაქვს გზავნილი ქართველი ხალხისთვის: იყავით ძლიერები; საქართველოს პოლიციისთვის: ნუ დაჩაგრავთ საკუთარ ხალხს. ჩვენი ალიანსი უფრო ძლიერია, ვიდრე ივანიშვილი,”

    ყოფილი კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

  • საქართველომ თავი შეიკავა საფრანგეთის კრიტიკისგან, როცა პარიზში მომიტინგეებს ბრუტალური მეთოდებით დაუპირისპირდნენ – საგარეო

    საქართველომ თავი შეიკავა საფრანგეთის კრიტიკისგან, როცა პარიზში მომიტინგეებს ბრუტალური მეთოდებით დაუპირისპირდნენ – საგარეო

    “აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავი შეიკავა საფრანგეთის მიმართ კრიტიკული განცხადებისგან მაშინაც კი, როდესაც პარიზში სამართალდამცავები მომიტინგეებს ბრუტალური, ადამიანის უფლებების საყოველთაო სტანდარტებთან სრულიად შეუსაბამო მეთოდებით დაუპირისპირდნენ.

    არაობიექტური შეფასებები ახალისებს ძალადობას, რომელიც, როგორც უკვე აღინიშნა, პოლიტიკურ ოპოზიციასთან დაკავშირებული და საზღვარგარეთიდან დაფინანსებული ძალადობრივი ჯგუფების მიერ ხორციელდება”.

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრანგეთის საგარეო უწყების კრიტიკას პასუხობს.

    აქვე შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის საგარეომ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გამოყენების გამო შეშფოთება გამოთქვა.

  • მივმართავ მეგობრებს, ამოიღეთ ხმა, ყველას ვერ გაგიშვებენ – შსს-ს სამმართველოს ყოფილი უფროსი

    მივმართავ მეგობრებს, ამოიღეთ ხმა, ყველას ვერ გაგიშვებენ – აცხადებს შსს-ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს ყოფილი უფროსი, გოგა რაზმაძე.

    “შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი, რეორგანიზაციის შემდეგ, პრაქტიკულად გამოძიების ხარისხის კონტროლის ფუნქციის გარეშე დატოვეს. დეპარტამენტს შეუცვლეს სახელი. გააუქმეს გამოძიების ხარისხის მონიტორინგის თბილისისა და რეგიონული სამმართველოები (მათ შორის, ჩემიც). ახალი დებულების თანახმად, მინისტრი ან მინისტრის მოადგილე საკუთარი სურვილისამებრ გადაწყვეტს, რა კატეგორიის დანაშაულს დამონიტორინგებს დეპარტამენტი. 2023 წლის 12 ივლისს გამოქვეყნებულ პოსტში, სწორედ ამ საკითხებზე ვისაუბრე. აღნიშნული რეორგანიზაცია დაამთხვიეს რუსული კანონის მიღებას. წინა წელს სწორედ ამ კანონის საჯაროდ გაპროტესტება არ მაპატია სისტემამ.[…] მივმართავ დეპარტამენტში დარჩენილ ჩემს მეგობრებს – ამოიღეთ ხმა, ადამიანის უფლებების დარღვევებზე, რეაგირება თქვენი კანონისმიერი ვალდებულებაა. ყველას ვერ გაგიშვებენ, თუმცა ცალ-ცალკე აუცილებლად მოგერევიან, რომელმაც პრაქტიკულად უფუნქციოდ დაგვტოვათ. არც გკითხეს ისე გადაგანაწილეს სხვადასხვა სამმართველოებში (ამაზე დიდი შეურაცხყოფა რა უნდა იყოს). საკუთარი აზრი დააფიქსირეთ რუსულ კანონთან დაკავშირებით. ესეც თქვენი ვალდებულებაა. ჩემთვისაც ეს სამსახური (სადაც 12 წელი ვმუშაობდი) ჩემი შვილების რჩენის ერთადერთი წყარო იყო. თუმცა, ღირსებაზე მაღლა არაფერი დგას. თქვენ გაქვთ ერთადერთი და ვფიქრობ, ბოლო შანსი ღიად დააფიქსიროთ საკუთარი აზრი. მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, რომელიც ბოლო დღეებში ძალადობის გამპრავებელ სპიკერად გვევლილება, არის ამ ყველაფრის შემოქმედი. არა რუსულ კანონს” – ამბობს რაზმაძე.

  • “ვდგავარ იმ ახალგაზრდების გვერდით ვინც თავიანთ ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებენ საქართველოს მომავლისთვის“–ბუდუ ზივზივაძე

    ძალიან სამწუხაროა რომ სპორტსმენს კონკრეტულად კი ფეხბურთელს უკვე მეორედ მიწევს დავაფიქსირო აზრი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და არ მიწევს ფეხბურთზე ფიქრი და ევროპის ჩემპიონატისთვის მომზადება რომ ჩემი ქვეყანა ვასახელო დიდ საფეხბურთო ფორუმზე, მაგრამ როგორც რიგითი საქართველოს მოქალაქე თავს ვალდებულად ვთვლი რომ კვლავ გავიმეორო

    არა რუსეთს და არა ყველაფერს რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
    .
    საქართველოს გზა ევროპაშია.

    ვდგავარ იმ ახალგაზრდების გვერდით ვინც თავიანთ ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებენ საქართველოს მომავლისთვის.

    ვერანაირად გამართლდება შვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა.

    პ.ს მსურს რომ საქართველო ყოველთვის ისეთი ერთიანი და ბედნიერი იყოს როგორც 26 მარტის ღამეს იყო

    ბუდუ ზივზივაძე, ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების წევრი

  • Anonymous-მა შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდი დაჰაკა

    უდიდესმა ჰაკერულმა დაჯგუფება Anonymous-მა შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდი – police.ge დაჰაკა.

    ინფორმაციას ამის შესახებ ისინი სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

    “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდი გათიშულია Anonymous-ის მიერ”, – წერია მათ სოციალურ ქსელში.