Category: ახალი ამბები

  • ფეხბურთელებზე ზეწოლა ხორციელდება – სულ ვცდილობ მათ დაცვას – კობიაშვილი

    “წარმოუდგენელი მასშტაბის ზეწოლა, თავდასხმა და შეურაცხყოფა ხორციელდება ჩვენს ბიჭებზე, ფეხბურთელებზე, იმ ადამიანებზე, რომლებმაც სულ რაღაც რამდენიმე კვირაში, პირველად ისტორიაში (!!!), სრულიად დამსახურებულად და ღირსეულად საქართველოს დროშა უნდა ჩაიტანონ ევროპის შუაგულში, გერმანიაში და წარადგინონ ჩვენი ქვეყანა […]

    ამიტომ მინდა მოვუწოდო ყველას, პატივი ეცით ყველა ფეხბურთელს! მორჩით მათ შეურაცხყოფას! დამიჯერეთ, როგორც პროფესიონალმა ფეხბურთელმა ვიცი, რომ ფიზიკურ მზაობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია მენტალური მზაობა ასეთი მნიშვნელოვანი თამაშებისთვის! აცადეთ ბიჭებს კონცენტრირდნენ საქვეყნო საქმეზე”

    წერს რუსული კანონის ორგზის მხარდამჭერი დეპუტატი და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი.

  • აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედების აღკვეთისას გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები – შსს

    აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედების აღკვეთისას გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები – შსს

    “ბოლო პერიოდში სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერებისა და აქციის ორგანიზატორების მხრიდან, მედიასაშუალებებსა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა არაერთი დეზინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა გადაამეტეს და განახორციელეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებები. გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ პოლიცია შეკრება მანიფესტაციის დროს ყოველთვის მოქმედებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

    შსს-ში შემუშავებული ინსტრუქციები, რომლებიც არეგულირებს შეკრებისა და მანიფესტაციების მართვას, სრულ შესაბამისობაშია ეუთო/ოდირის პრინციპებთან. შესაბამისად, სამართალდამცველების მხრიდან ღონისძიებების განხორციელება ხდება საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, თანმიმდევრულად და განვითარებული მოვლენების საპასუხოდ. ანალოგიურად მოქმედებდა პოლიცია ბოლო პერიოდში მიმდინარე აქციების დროსაც.

    შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებს დონორ ორგანიზაციების ღონისძიებების ფარგლებში სხვადასხვა საერთაშორისო სწავლებებში აქვთ მონაიწლეობა მიღებული და ისინი გადამზადებული არიან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. მათ საერთაშორისო დონის სწავლებები გავლილი აქვთ როგორც საქართველოში, ასევე გერმანიაში, ბულგარეთში, ნიდერლანდებში, იტალიაში, საფრანგეთსა და თურქეთის რესპუბლიკაში.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს გადამზადება გავლილი აქვთ: კრიზისულ სიტუაციაზე რეაგირებისა და მოლაპარაკებების, შეკრებისა და მანიფესტაციის ეფექტიანი მართვისა და საჯარო დემონსტრაციების დროს საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით ძალის გამოყენების შესახებ.

    ეკიპირება, სპეციალური ტექნიკა, აღჭურვილობა და სპეციალური საშუალებები, რომელთაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იყენებენ, არის საერთაშორისო სტანდარტის და მათი უმეტესი ნაწილი შეძენილია ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.

    აქვე, გვსურს საზოგადოებას გავაცნოთ სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა დროს, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების ამსახველი ვიდეომასალა.

    განვითარებული სამყარო თანხმდება, რომ ნებისმიერ სახელმწიფოში მართლწესრიგის დაცვა არის პოლიციის უმთავრესი ამოცანა და ეს კადრებიც ადასტურებს იმას, რომ ყველა ქვეყანაში პოლიციას აქვს უფლება კანონის შესაბამისად იმოქმედოს და მის მიერ არსებული უფლებამოსილების ფარგლებში, საზოგადოებისთვის ხშირად მიუღებელი და უმკაცრესი ზომები გამოიყენოს.

    აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში, კერძოდ თბილისში მიმდინარე შეკრება-მანიფესტაციები არაერთხელ გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონმდებლობით მიღებულ ზომებს. ვნახეთ შტურმი საკანონმდებლო ორგანოზე, პიკეტირების მცდელობა პარლამენტზე და ასევე, ძალადობის არაერთი შემთხვევა სამართალდამცველების მისამართით.

    ეს კადრები არა მარტო ქართული მედიის, არამედ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა და ჩვენი ევროპელი კოლეგებიც დამეთანხმებიან, რომ ეს იყო პროპორციული ძალა და საკმაოდ ლმობიერი ქმედებები, რაც ქართველმა სამართალდამცველებმა გამოიყენეს.

    ვაფრთხილებთ ყველა აქციის მონაწილეს: იმ დროს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები ისევე, როგორც აშშ-სა და ევროპის წამყვან ქვეყნებშია მიღებული”

     თქვა შსს-ში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თემურ კუპატაძემ.

  • ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდამსხმელს ბრალი წარუდგინეს

    პროკურატურამ ლანჩხუთში, პედაგოგზე ლადო აფხაზავასა და მის შვილზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

    ” საქართველოს პროკურატურამ ორი პირის მიმართ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის ფაქტზე კ.ფ.-ს ბრალდება წარუდგინა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 5 მაისს, ქალაქ ლანჩხუთში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა კ.ფ.-მ მეზობლად მცხოვრები ორი პირის მიმართ ფიზიკურად იძალადა, კერძოდ, ორივე მათგანს სახის არეში ხელი დაარტყა.

    კ.ფ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ) წარედგინა, რაც ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.” აცხადებს პროკურატურა

    ლადო აფხაზავას თავს 5 მაისს დაესხნენ. რუსული კანონის გაპროტესტების გამო, მისი დაშინება, სავარაუდოდ, ხელისუფლებამ ლანჩხუთის სასწრაფო დახმარების მძღოლს, კობა ფიფიაშვილს, დაავალა.

  • პაპუაშვილმა ქოც პარტმუშაკებს თქვენს შვილებზე “დანოსების” წერა დაავალა – ჩერგოლეიშვილი

    პაპუაშვილმა ქოც პარტმუშაკებს თქვენს შვილებზე “დანოსების” წერა დაავალა – ჩერგოლეიშვილი

    პაპუაშვილმა ქოც პარტმუშაკებს თქვენს შვილებზე პარტისთვის “დანოსების” წერა დაავალა.

    ქოც საჯარო მოხელეს რომ დაინახავთ, გაითვალისწინეთ, რომ მისი დავალება არის თქვენს შვილზე, რომელიც პროტესტში მონაწილეობს, “დანოსების” წერა.

    ვინმე ხათოს ჩაბარდება “აგენტების” თვლით ჩაბარება.

    აი საჯარო ბაღში რომ უტოვებთ ძიძას უმცროს შვილს, გახსოვდეთ რომ იგივე ადამიანი თქვენს უფროს შვილზე პარტიას “დანოსს” უწერს, რომ მომავალი გაუფუჭოს მისი ხელიდან.

    მე მჯერა, რომ ქართული საზოგადოება ამ ბოროტმოქმედებას და შუღლის თესვას, ამ ღორებს არ შეარჩენს!

    (სინამდვილეში ქართული ოცნებაა ომის პარტია, რომელიც ჩვენი საზოგადოების წევრებს ერთმანეთზე აქეზებს და მტრად ჰკიდებს).

    წერს ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი.

  • უსამშობლოების სია უნდა გაკეთდეს, ვისაც არც ღმერთის სწამთ, არც მშობლის, არც ქვეყნის – ზარქუა

    ჩვენ ვცდილობთ, გაკეთდეს რეესტრი პარტიულ ჭრილში, სადაც ის უსამშობლოები, რომლებიც აბულინგებენ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს, მათ შორის, ფეხბურთელებს და არაერთი მაგალითია ამის, შეურაცხყოფას აყენებენ საზოგადოებას. ნახეთ, პიკეტირების დროს ორსულ ქალს რა ტონალობით ელაპარაკებოდნენ, იქ ადამიანი საავადმყოფოში მიიჩქაროდა და რას ეუბნებოდნენ, არ მაინტერესებს, მოდი აქ დადექიო – აი ასეთები, უსამშობლოები, რომლებსაც არ სწამთ არც ღმერთის, არც მშობლის, არც ქვეყნის, არაფრის, აი ასეთების სია უნდა გაკეთდეს, რომ იცოდეს საზოგადოებამ, ვინ დგას და ვინ არის ორგანიზატორი ამ ანტიქართული მოძრაობების, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების და ამაზეა საუბარი.

    აცხადებს ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა.

  • 20 ივნისის შტურმს და მიმდინარე აქციებს ერთმანეთს ადარებს, “ოცნება” ცრუობს – გახარია

    “ხელისუფლება იტყუება, როცა პარალელებს ავლებს 20 ივნისის ძალადობრივ შტურმსა და დღეს მიმდინარე მშვიდობიან აქციებს შორის. სტრასბურგის სასამართლომ მკაფიო ზღვარი გაავლო ძალადობრივ პროტესტსა და მშვიდობიან პროტესტს შორის. დაუშვებელია, „ოცნებამ“ სტრასბურგის გადაწყვეტილება მშვიდობიანი მომიტინგეების, ახალგაზრდების მიმართ არალეგიტიმური ძალის გამოყენების გასამართლებლად გამოიყენოს.

    ამასთან, ხელისუფლება აპროვოცირებს სამოქალაქო დაპირისპირებას და თავს ესხმის საქართველოს მოქალაქეებს – ძალადობს მათზე, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად.

    მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკოსს, მედიასაშუალებას და სხვა აქტორებს, მშვიდი, გონივრული რეაგირება გვქონდეს ოცნების პროვოკაციებზე, არ დავუშვათ რადიკალიზაციის კიდევ უფრო გაღრმავება და ქვეყანა მშვიდობიანად მივიყვანოთ არჩევნებამდე”

    გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის განცხადებას ავრცელებს.

  • ჩემზე ძალადობიდან 20 დღეზე მეტი გავიდა, ბრალიც არავისთვის წარუდგენიათ – ელისაშვილი

    17 აპრილს ღამით მთავრობის კანცელარიასთან ჩემს წინააღმდეგ იძალადა დაახლოებით ხუთმა პოლიციელმა, ეს ყველაფერი კადრებში ჩანს, გადაღებულია. სახეზე ჩანს ისინი, თითოეული მათგანი და დამნაშავეების ამოცნობა და შესაბამისად, დასჯა იყო ძალიან მარტივი. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე ვიყავით მე და ჩემი ადვოკატი, ამის შემდეგ დაახლოებით 20 დღე გავიდა და რა მოხდა?! – არც არავინ დაუკავებიათ, არც არავისთვის ბრალი წარუდგენიათ და კიდევ უფრო მეტი, დაზარალებულადაც არ მცნეს.

    სინამდვილეში ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ, მაგრამ ვარ პარლამენტის წევრიც – მიცავს იმუნიტეტი, ხელშეუხებლობის მაღალი გარანტიები მაქვს წესით, არადა ჩემს წინააღმდეგ ბანალურ და მარტივ ძალადობას ჰქონდა ადგილი, მაგრამ ყურს არ იბერტყავს არც ხელისუფლება და არც ეს რაღაც უდღეური ორგანიზაცია – საგამოძიებო სამსახური. სინამდვილეში საქმის ჩაფარცხვაც არ არის ეს, ეს არის მოძალადე პოლიციელების წახალისება, რომ მათ თავი უსაფრთხოდ იგრძნონ და არა მხოლოდ დეპუტატზე იძალადონ, არამედ ნებისმიერ აქციის მონაწილეზე. ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ასეთ მოძალადე, სამარცხვინო და ტერორისტულ ორგანიზაციად გადაიქცა, ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება.

    ამბობს პარტია მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი, რომელიც 17 აპრილს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სამართალდამცავებმა დააკავეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

  • ჩემი “ფარული” ჩანაწერი დადეს, სადაც ასამდე ადამიანს ველაპარაკები დედაენის ბაღში – ჯაფარიძე

    “ჩემი “ფარული” ჩანაწერი დადეს, სადაც ასამდე ადამიანს ველაპარაკები დედაენის ბაღში ” – აცხადებს ამის შესახებ, პარტია გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერი ზურა ჯაფარიძე.

    “ქოცებმა დადეს ჩემი ‘ფარული’ ჩანაწერი, რომელიც 2 წლის წინ არის ჩაწერილი და სადაც ასამდე ადამიანს ველაპარაკები საჯაროდ, დედა ენის ბაღში

    ქართული ოცნება / Georgian Dream  მოგიტ&ანთ სუსი” – წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

    ცნობისთვის, ტელეკომპანია იმედმა For.ge-ზე დაყრდნობით გაავრცელა, 2 წლის წინა გადაღებული ჩანაწერი, რომელიც საჯარო შეხვედრის დროს, დედაენის ბაღშია გაკეთებული.

    “გამოსული ხართ ის ხალხი, ვინც მე მომისმინეთ, რომ ვთქვი, რომ ქუჩა და პროტესტი და პარალიზება არის გზა და მაგიტო ხართ მოსული, ჩვენ თუ ესე გავიზრდებით, ჩვენ გვეცოდინება ყველას, რომ ეს ხალხი ვართ, რომ ამაზე მზად ვართ, რომ წავიდეთ”

  • საქართველოზე, შესაძლოა, EU-ის განცხადება გამოქვეყნდეს, კომისიის შეფასება განახლდეს – იოზვიაკი

    “ბრიუსელში საქართველოს სიტუაციაზე ელჩების დონეზე დებატები გაიმართა. შეშფოთება გამოთქვა 26-მა ქვეყანამ, უნგრეთი დუმს. შესაძლოა, გამოქვეყნდეს ევოკავშირის განცხადება და ასევე, ევროკომისიისგან განახლებული შეფასება იმის თაობაზე, რამდენად შეესაბამება “უცხოური აგენტების შესახებ” კანონი ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებს”,

    წერს რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორის რიკარდ იოზვიაკი.

  • აუცილებელია შესრულდეს ევროსასამართლოს გადაწყვეტილება და გამოძიებამ შეაფასოს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი – ომბუდსმენი 20 ივნისზე

    აუცილებელია შესრულდეს ევროსასამართლოს გადაწყვეტილება და გამოძიებამ შეაფასოს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი – ომბუდსმენი 20 ივნისზე

    ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ  კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ასპექტის დარღვევა დაადგინა 2019 წლის 20-21 ივნისს, საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ შეკრების დაშლისას რეზინის ტყვიების გამოყენებისა და მომიტინგეებზე ფიზიკური ძალადობის ფაქტების არაეფექტიანი გამოძიების გამო. https://shorturl.at/iuwP1 

    საგულისხმოა, რომ ევროპული სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში სახალხო დამცველის სპეციალურ და საპარლამენტო ანგარიშებში ასახულ მიგნებებსა და რეკომენდაციებზე მიუთითებს.

    სასამართლოს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის აპარატმა ჯერ კიდევ 2019 წლის ივლისსა და 2020 წლის მარტში გაუსვა ხაზი საგამოძიებო ორგანოების მიერ მოვლენების სისტემური ანალიზის ჩატარების აუცილებლობას, ჯერჯერობით ასეთი ანალიზი არ გაკეთებულა; არ მომზადებულა არც ოფიციალური ანგარიში, მოვლენების დეტალური ქრონოლოგიის, აქციის დაშლის დაგეგმვისა და განხორციელების ეტაპების აღწერის შესახებ – მომავალში მსგავსი ინციდენტების პრევენციისთვის. სახალხო დამცველის მკაფიო რეკომენდაციების მიუხედავად, სათანადოდ არ განხილულა და არ შეფასებულა ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი.

    ევროპულმა სასამართლომ ასევე, ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს ვალდებულებაზე – ფართომასშტაბიანი საპოლიციო ღონისძიების დაგეგმვისა და განხორციელების დროს უზრუნველყოფილი იყოს არასათანადო მოპყრობაში ეჭვმიტანილი პოლიციელების იდენტიფიცირების შესაძლებლობა. (საუბარია ნიღბიანი პოლიციელების თვალსაჩინო საიდენტიფიკაციო ნიშნებზე).

    რაც შეეხება კონვენციის მე-3 მუხლის არსებით ასპექტს, ამ ეტაპზე ევროპულმა სასამართლომ თავი შეიკავა გადაწყვეტილების მიღებისგან, იმ მიზეზით, რომ გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება.

    სასამართლო მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების შესასრულებლად, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ხელისუფლების ორგანოებმა უნდა გამოიტანონ შესაბამისი დასკვნები, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ღიად დარჩენილ საკითხებთან დაკავშირებით.

    სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აუცილებელია შესრულდეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება და საგამოძიებო ორგანომ დაადგინოს აქციის დაშლისას მოვლენების სრულყოფილი სურათი და შეაფასოს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი.”

    ასე ეხმაურება, სახალხო დამცველი 20 ივნისის საქმეებზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას .