Category: ახალი ამბები

  • ზელენსკიმ, შს მინისტრს კურსკისთვის ჰუმანიტარული გეგმის შექმნა დაავალა

    ზელენსკიმ, შს მინისტრს კურსკისთვის ჰუმანიტარული გეგმის შექმნა დაავალა

    მოვისმინე ალექსანდრ სირსკის მოხსენება კურსკის ოლქში მიმდინარე ოპერაციისა და ჩვენი თავდაცვითი ქმედებების შესახებ. მადლობას ვუხდი ყველა ჯარისკაცსა და მეთაურს. გარდა ამისა, დავავალე შს მინისტრს და სხვა ჩინოსნებს, სამხედრო ოპერაციის ჩატარების ტერიტორიაზე შეიმუშაონ ჰუმანიტარული გეგმა.

    განაცხადა, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

  • პოლიტსაბჭოს განცხადება ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება” ღალატის გზას დაადგა – გოცირიძე

    პოლიტსაბჭოს განცხადება ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება” ღალატის გზას დაადგა – გოცირიძე

    „ქართული ოცნების” დღევანდელი განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მოღალატეობრივ ფაქტს, რომ “ქართული ოცნება” რუსეთის მხარეს დგას. ირიბი მინიშნებაა, რომ ომი არ იქნებოდა, უკრაინას პროვოცირება რომ არ მოეხდინა. ამ განცხადებას ორმხრივი დანიშნულება აქვს: ერთი მხრივ, ის ესხმის წინა ხელისუფლებას და ფაქტობრივად, საქართველოში რუსეთის აგრესიას ამართლებს და დამნაშავედ ქართული მხარე გამოჰყავს; და მეორე მხრივ, ეს ანალოგი ვრცელდება უკრაინასთან დაკავშირებით. ეს არის “ქართული ოცნების” ანტიდასავლური პოლიტიკის გაგრძელება. კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ ფაქტს, რომ “ქართული ოცნება” დაადგა ღალატის გზას. აი, ამ უმძიმეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ის არის რუსეთის მოკავშირე და ის ამ არჩევნებში უნდა დამარცხდეს თუ გვინდა, ქვეყანა დაადგეს ევროპული განვითარების გზას.

    „ქართული ოცნება” 12 წელია იმეორებს იმას, რომ დამნაშავე არის ქართული მხარე. ამართლებდა რა, რუსეთის აგრესიას საქართველოში და მას განიხილავდა, როგორც საქართველოს ხელისუფლების ე.წ პროვოკაციულ ნაბიჯებზე რეაგირებას. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდგომ, ეს თემა კიდევ უფრო გაამწვავა და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ინტერვიუ გამოქვეყნდებოდა თუ არა. დამახინჯებულ ინტერპრეტაციას ეწევა ამ ინტერვიუსი”,

    ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ „ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

  • მტკნარი სიცრუე…თავს ვიკავებ, უფრო მკვახედ არ მოვიხსენიო მათი საქციელი – ოდიშარია ჰელსინკის კომისიაზე

    „არ ვიცი ჰელსინკის ჯგუფს რა ამოცანები და მიზნები აქვს, როდესაც ასეთ მტკნარ სიცრუეს ტირაჟირებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თავს ვიკავებ, რომ უფრო მკვახედ არ მოვიხსენიო მათი ეს საქციელი. ყველაზე რბილი იქნებოდა გაუაზრებლობა და ინფორმაციის არ ქონა, მაგრამ ეჭვი მაქვს, ერთიც აქვს და მეორეც და უბრალოდ, სულ სხვა მიზანი აქვთ. “მიზანი” ერთია და ნათელი, საქართველო რამენაირად იყოს დადანაშაულებული, მშვიდობისმყოფელი ხელისუფლება შეიცვალოს და მოვიდეს ხელის ბიჭების და გოგოების ხროვა, რომელიც ნებისმიერ დავალებას შეასრულებს გარედან ბრძანებულს” [IPN]

    ამბობს “ოცნების” დეპუტატი ბექა ოდიშარია აშშ-ის ჰელსინკის კომისიის განცხადებაზე, რომ ოპოზიციის შევიწროებისთვის “ოცნება” თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან მიღებულ შავ ფულს ეყრდნობა.

  • “ჩატარდეს საჯარო სასამართლო პროცესი, ხალხმა გაიგოს, ვინ ჩაიდინა დანაშაული 2008-ში”. – ოცნება

    “უნდა ჩატარდეს საჯარო სასამართლო პროცესი, ხალხმა გაიგოს, ვინ ჩაიდინა დანაშაული 2008-ში”. – ამის შესახებ, “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

    “9 აგვისტოს, რადიო თავისუფლების ქართულმა ბიურომ გამოაქვეყნა ინტერვიუ, რომელიც ჟურნალისტმა ვაჟა თავბერიძემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემსწავლელი საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელთან, ჰაიდი ტალიავინისთან ჩაწერა.

    ტალიავინის დასკვნა ნაციონალური მოძრაობისთვის განაჩენის ტოლფასი დოკუმენტია. თუმცა, ჟურნალისტის კითხვებიდან და პოზიციონირებიდან იმთავითვე ცხადი გახდა, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისადმი მტრულად განწყობილ და კრებსითი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერ მედიას არა ამ დასკვნის საზოგადოებისთვის გახსენების სურვილი, არამედ სრულიად საპირისპირო მიზანი ამოძრავებდა. რადიო თავისუფლებას სურდა, ჰაიდი ტალიავინისგან მიეღო ახალი, განსხვავებული პოზიცია აგვისტოს ომის შესახებ, რაც წლების წინ დაწერილ უმძიმეს დასკვნას გააფერმკრთალებდა. თუმცა, ეს მცდელობა წარუმატებელი გამოდგა. გაირკვა, რომ ტალიავინის პოზიცია წლების შემდეგაც უცვლელია და მან ჟურნალისტის ყველა მცდელობა, ნაციონალური მოძრაობის მიერ 16 წლის წინ ჩადენილი მოღალატეობრივი ქმედებები როგორმე გაემართლებინა, არგუმენტირებული მსჯელობით გააბათილა.

    აგვისტოს ომზე დასკვნის მომზადება ტალიავინს ევროკავშირმა დაუკვეთა და შვეიცარიელი დიპლომატი ომთან დაკავშირებულ მტკიცებულებებს სწორედ ამ უმაღლესი მანდატით აგროვებდა. აღნიშნულ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ერთიან დასკვნას დაეთანხმნენ როგორც რუსეთი, ისე საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება, რითაც დასკვნაში მოცემული ფაქტების უტყუარობა ორივე მხარემ დაადასტურა.

    რუსეთის მიერ დოკუმენტზე დათანხმება სრულიად გასაგებია, რადგან დასკვნაში რუსეთის სამხედრო ინტერვენცია ქართული მხარის მიერ დაწყებულ შეიარაღებულ დაპირისპირებაზე პასუხად შეფასდა. მეტიც, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთს ჰქონდა სამართლებრივი უფლება შემოსულიყო საქართველოს ტერიტორიაზე. ის, რომ რუსეთს სამხედრო ინტერვენციის სამართლებრივი საფუძველი სააკაშვილის ქმედებებმა შეუქმნა, ტალიავინიმ რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუშიც მკაფიოდ გაიმეორა. მეტიც, ტალიავინიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს საქართველოში შემოსვლის საგანგებო ლეგიტიმაცია სამშვიდობო ძალებზე თავდასხმამ მიანიჭა, რომლებიც ცხინვალის რეგიონში ქართული მხარის მიერ დადასტურებული მანდატით მოქმედებდნენ. ეს გარემოება სწორედ ტალიავინის ბოლო ინტერვიუდან გახდა აქტუალური, რადგან ამ საკითხზე აქამდე ყურადღება არცერთ შემფასებელს არ გაუმახვილებია.

    რუსეთის პოზიციისგან განსხვავებით, სააკაშვილის ხელისუფლების ქმედებებს არავითარი ახსნა არა აქვს. ტალიავინის დასკვნის თანახმად, საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ 7 აგვისტოს განახორციელა მასირებული შეიარაღებული თავდასხმა ცხინვალზე. ამით, მან რუსეთის ფედერაციას შეუქმნა საქართველოში შემოჭრის სამართლებრივი საფუძველი, რითაც რუსეთმა ისარგებლა კიდეც და საპასუხო სამხედრო ოპერაციის წარმოება დაიწყო, რასაც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოჰყვა. სააკაშვილის რეჟიმის მიერ ამგვარი მტკიცებულებებისა და დასკვნების შემცველ დოკუმენტზე დათანხმება სრული სიცხადით ადასტურებს, რომ ამ ადამიანებმა ჯერ შესაბამისი მტკიცებულებების შექმნით და შემდეგ დასკვნის დადასტურებით, ჩაიდინეს უმძიმესი ღალატი საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე.

    ომის დასრულებიდან მალევე, სააკაშვილი, ლომაია, ყურაშვილი, გოგავა და სხვები დაუფარავად აცხადებდნენ, რომ საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ცხინვალის რეგიონში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის თაობაზე. 7-8 აგვისტოს სააკაშვილი და მისი რეჟიმის პროპაგანდისტული მედია აქტიურად ავრცელებდნენ ინფორმაციას შეტევითი ოპერაციის წარმატებით მიმდინარეობის, ერთმანეთის მიყოლებით დასახლებული პუნქტების აღების შესახებ და ადასტურებდნენ რუსული მხარის ჩაურევლობას საომარ მოქმედებებში.

    ცხადია, ზემოაღნიშნულ ქმედებებზე რუსეთის პასუხი სააკაშვილს კარგად უნდა ჰქონოდა გააზრებული და ამდენად, უნდა დავასკვნათ, რომ ეს ყველაფერი წინასწარ განსაზღვრული გეგმის ნაწილი იყო. სააკაშვილმა შეგნებულად გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ ერთი წლით ადრე საქართველოდან გასული რუსული ჯარი საქართველოში შემოებრუნებინა.

    კრებსითი ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ 2008 წლის ომის დაწყების საკითხზე საუბარი დანაშაულია და ის ტაბუდადებულ თემად უნდა დარჩეს. ამ ფონზე, არ შეიძლება არ გავიხსენოთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყება მათ ჯერ ევროსაბჭოს რეზოლუციის ხელმოწერით, ხოლო შემდეგ ტალიავინის დასკვნაზე დათანხმებით აღიარეს, ხოლო რუსეთის სამხედრო ინტერვენცია საპასუხო და სამართლებრივად დასაბუთებულ ქმედებად გამოაცხადეს.

    „რადიო თავისუფლების“ ინტერვიუს ჰაიდი ტალიავინისთან ერთვის პუტინის ინტერვიუ, რომელიც აცხადებს, რომ მოწონებული და დამტკიცებული „ქართული ოპერაციის“ გეგმა ჯერ კიდევ 2007 წელს არსებობდა. თუმცა, ჟურნალისტის ეს მცდელობაც, სააკაშვილის მიერ ჩადენილ მოღალატეობრივ დანაშაულს გამართლება მოუძებნოს, სრულიად უსუსურია. შეგახსენებთ, რომ ორივე კონფლიქტურ რეგიონში პროვოკაციების სერია სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლიდან რამდენიმე კვირაში დაიწყო, რაც როგორც რუსულ, ისე ქართულ მედიაში აქტიურად შუქდებოდა. 2004-2008 წლებში, რამდენიმე ათეულ ინციდენტს, მათ შორის ინტენსიურ შეიარაღებულ დაპირისპირებებს ჰქონდა ადგილი. აღნიშნულის კვალდაკვალ, საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობების პირები, მათ შორის მაშინდელი პრეზიდენტი და თავდაცვის მინისტრები აქტიურად აკეთებდნენ მილიტარისტულ განცხადებებს, რითაც ცეცხლზე ნავთს ასხამდნენ და ესკალაციას ხელოვნურად აღვივებდნენ.

    ცხადია, სააკაშვილის გეგმები 2004 წლიდან მარტივად იშიფრებოდა და რუსეთის ხელისუფლებას ეს მხედველობიდან არ გაუშვია. თუმცა, ოთხწლიანი განუწყვეტელი პროვოკაციების მიუხედავად, საქართველოში შემოსვლის სამართლებრივი საფუძველი რუსეთს შექმნილი არ ჰქონდა და ისიც ომს არ იწყებდა. ამის გამო, სისრულეში ვერ მოდიოდა გეგმის მთავარი ნაწილი – ნაცმოძრაობას რუსული ჯარი საქართველოში ვერ შემოჰყავდა.

    სააკაშვილი და მისი მფარველები ხვდებოდნენ, რომ საჭირო იყო ბევრად უფრო აგრესიული და მასშტაბური ქმედებები მიზნის მისაღწევად. ტალიავინის დასკვნის მიხედვით, ამგვარი მომენტი სააკაშვილის ხელისუფლებამ 2008 წლის 7 აგვისტოს შექმნა, როდესაც ცხინვალზე განხორციელებული საარტილერიო შეტევის შედეგად, რუსეთს ხელ-ფეხი გაეხსნა და რუსული ჯარი საქართველოში შემოვიდა. საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ამ ფაქტობრივ მოცემულობას აღიარებს თავად ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც ჯერ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას მოაწერა ხელი, ხოლო შემდეგ ტალიავინის დასკვნას დაეთანხმა.

    ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილს სააკაშვილის ადეკვატურობაში სამართლიანად ეპარება ეჭვი. თუმცა, ფაქტია, რომ 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებები არა მისი ფსიქიკური გაუწონასწორებლობის, არამედ გარედან დაკვეთილი და კარგად დაგეგმილი ღალატის შედეგი იყო.

    გვაქვს მოცემულობა, როდესაც არსებობს ყოფილი ხელისუფლება, რომელსაც აღიარებული აქვს 2008 წლის ომის დაწყება, ანუ საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე ღალატის ჩადენა და ამ პოლიტიკურ ძალას კვლავაც ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილი ამოძრავებს. მიგვაჩნია, რომ ასეთ პირობებში, კრებსითი ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩადენილი დანაშაულის სამართლებრივი შეუფასებლობა დანაშაულის ტოლფასია. დღეს, როდესაც ჰააგასა და სტრასბურგში სამართალწარმოება დასრულებულია, მინიშნებებით საუბრის დრო აღარ არის. დადგა დრო, დამნაშავეებმა კონსტიტუციისა და კანონის მთელი სიმკაცრით აგონ პასუხი.

    ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, წარიმართოს საჯარო სამართლებრივი პროცესი და საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს, ვინ ჩაიდინა უმძიმესი მოღალატეობრივი დანაშაული ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე”. – ნათქვამია განცხადებაში.

  • ”თუ არ მოსწონს, გამოვიდეს უკრაინიდან და შეწყვიტოს ომი” – კირბის რჩევა პუტინს, კურსკზე

    [პუტინის განცხადება, რომ უკრაინის მიერ კურსკში შეჭრა ომია რუსეთსა და დასავლეთს შორის] პუტინის პროპაგანდის სასაცილო ნაწილია, რომელსაც იგი ომის დაწყების დღიდან ებღაუჭება: რომ მას მოუწია უკრაინაში შეჭრა; რომ იგი გარშემორტყმულია NATO-ს მიერ; რომ NATO-სა და აშშ-ს მხარდაჭერა უკრაინისადმი ამტკიცებს, რომ ეს დასავლეთის ომია რუსეთის წინააღმდეგ; რომ ეს NATO-ს ომია რუსეთის წინააღმდეგ; რომ ეს აშშ-ს ომია რუსეთის წინააღმდეგ. ეს, უბრალოდ, უაზრო ტყუილების გროვაა.

    ერთადერთი ხალხი, ვინც უკრაინასთან ომშია, რუსები არიან. სწორედ ისინი შეიჭრნენ უკრაინაში. უკრაინა მხოლოდ თავს იცავს ამ აგრესიის წინააღმდეგ. ეს არის რუსეთის აგრესიის ომი უკრაინის წინააღმდეგ, მოკლედ და მარტივად. ყოველთვის იყო, დასაწყისიდან.

    მაგრამ არ შეცდეთ: ეს პუტინის ომია რუსეთის წინააღმდეგაც. და თუ მას ეს არ მოსწონს, თუ ეს მას მცირე დისკომფორტს უქმნის, მაშინ გამოსავალი მარტივია: მას უბრალოდ შეუძლია დატოვოს უკრაინა და დაასრულოს [ომი].

    ამის შესახებ თეთრი სახლის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში ჯონ კირბიმ, პუტინის კომენტარზე, რომლის მიხედვითაც, პუტინის აზრით, დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ ომს კურსკის ოლქში აწარმოებს.

  • ზუგდიდში, კორპუსის ბინაში გაჩენილ ხანძარს ტყუპი ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა

    ზუგდიდში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ორი ბავშვი ემსხვერპლა – შემთხვევა გასულ ღამეს ბუკიას ქუჩაზე მოხდა. ბინაში ხანძრის დროს სულ ოთხი მცირეწლოვანი იმყოფებოდა. ორმა მოზარდმა ბინიდან გამოსვლა მოასწრო, ხოლო უმცროსებმა ვეღარ შეძლეს და ორივე მათგანი ძლიერი დაკვამლიანებისა და ცეცხლის გამო, ადგილზე დაიღუპა. ბავშვები ბინაში მარტო იმყოფებოდნენ და ეძინათ, რა დროსაც ცეცხლი გაჩნდა.

    არსებული ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი მცირეწლოვნები მინდობით აღზრდაში იმყოფებოდნენ, თუმცა სოციალურმა სააგენტომ ისინი დედას დაუბრუნა.

    ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა, არ ჰქონდათ ელექტროენერგია, რის გამოც სანთელი ენთოთ, სავარაუდოდ სწორედ ამან გამოიწვია საცხოვრებელში ძლიერი ცეცხლი.

    ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური და პოლიცია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

    ორი ბავშვი, რომლებმაც ცეცხლმოკიდებული ბინიდან გამოსვლა მოასწრეს, კლინიკაში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

  • ”ვითარების გამოსწორების გზაზე პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას” – შაჰინი და ტერნერი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

    საქართველოში ოფიციალური ვიზიტიდან ვაშინგტონში დაბრუნების შემდეგ აშშ-ის სენატორი, ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

    • “ავტორიტარული ერების მზარდი აგრესიული ქმედებების ფონზე, როგორიცაა რუსეთი, რომელიც 16 წლის წინ შეიჭრა საქართველოში, მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვედასტურებინა შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა ქართველი ხალხის უფლების მიმართ, ჰქონდეთ ქვეყანა, რომელსაც შეუძლია განსაზღვროს საკუთარი მომავალი.ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან შეხვედრების დროს ჩვენ ხელახლა ავიღეთ ვალდებულება, მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის მისწრაფებებს ევროინტეგრაციისკენ – მაგრამ ასევე განვაცხადეთ, რომ არ ვიქნებით უმოქმედოდ დემოკრატიული პროცესების უკუსვლისა და შეერთებული შტატების მიმართ, გამიზნული, ცრუ განცხადებების ფონზე.ჩვენ უნდა დავინახოთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და კეთილსინდისიერი მცდელობები იმისთვის, რომ გაუქმდეს უცხოელი აგენტების შესახებ კანონი, რომელიც უფრო მეტ ზიანს აყენებს ერს, ვიდრე სარგებელს EU-ის წევრობის გზაზე წინსვლისთვის. ვითარების გამოსასწორებლად პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას და ჩვენ ველოდებით მათ შემოთავაზებას,” – აცხადებს სენატორი ჯინ შაჰინი.
    • “აშშ-საქართველოს ურთიერთობა ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იყო რეგიონში, თუმცა დემოკრატიული ღირებულებების საწინააღმდეგო ბოლოდროინდელმა მოვლენებმა მნიშვნელოვანი შეშფოთება გამოიწვია შეერთებულ შტატებსა და EU-ში. მე და სენატორმა შაჰინმა ნათლად განვაცხადეთ, რომ ეს შეშფოთება ორპარტიული და ორპალატიანია. გარდა ამისა, აშშ-ის პოლიტიკა არ შეიცვლება აშშ-ის ადმინისტრაციის ცვლილების მიუხედავად. აუცილებელია, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე ქართველი ხალხისთვის და საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის. მადლობელი ვარ სენატორი შაჰინის ურყევი ღრმა ერთგულებისთვის აშშ-საქართველოს ურთიერთობებისადმი, ისევე როგორც მოწვევისთვის, რომ შევერთებოდი ამ ვიზიტს ამ კრიტიკულ დროს,” – განაცხადა კონგრესმენმა ტერნერმა.
  • ბულგარეთის პორტში 38 მლნ დოლარის ჰეროინი ამოიღეს, რომელიც იქ საქართველოს გავლით ჩავიდა

    ბულგარეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ  შავი ზღვის პორტ ბურგასში, დაახლოებით 436 კილოგრამი  ჰეროინი ამოიღეს.

    საოლქო პროკურატურის ინფორმაციით ჰეროინი ტრაილერში ოფიციალურად დეკლარირებული ტვირთის შიგნით იყო დამალული. ნარკოტიკების  ღირებულება 38 მილიონ დოლარად არის შეფასებული

    ტრაილერი ივლისის ბოლოს ჩამოვიდა სახმელეთო მარშრუტით ყირგიზეთიდან საქართველოს შავი ზღვის პორტის ბათუმში, საიდანაც ის ბურგასში გადაიტანეს. ბულგარეთიდან კი ის  საბერძნეთის ალექსანდროპოლისში უნდა გადასულყო.

    ტრაილერმა ეჭვი იმის გამო გააჩინა, რომ ის უჩვეულოდ დიდი ხნის განმავლობაში იყო გაჩერებული პორტში, განუცხადა ჟურნალისტებს ნარკოტიკების დეპარტამენტის უფროსმა ივან სოკოლოვმა და დასძინა, რომ რენტგენოლოგიური გამოკვლევის შედეგად დამალული ჰეროინი აღმოაჩინეს.

    „ჯერჯერობით დაკავებული არავინ არის და არც ამ ტრანსსასაზღვრო დანაშაულში მონაწილე პირები გამოვლენილა“, – განაცხადა საოლქო პროკურორმა გეორგი ჩინევმა.

    ბულგარეთში ნარკორეალიზაციისთვის ბრალდება 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    ბულგარეთმა, რომელიც ახლო აღმოსავლეთიდან დასავლეთ ევროპისკენ მიმავალი ნარკომანიის გზაზეა, ბოლო წლებში გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ნარკომანიის პრევენციის მიზნით.

  • “ქართული ოცნება” ეყრდნობა შავ ფულს თაღლითური ქოლ-ცენტრებიდან-ჰელსინკის კომისია

    აშშ-ის ჰელსინკის კომისია პლატფორმაზე X აქვეყნებს განცხადებას “ქართული ოცნების” მხრიდან შავი ფულის გამოყენების შესახებ თაღლითური ქოლ-ცენტრებიდან.

    “‘ქართული ოცნება’ ეყრდნობა შავ ფულს, თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან მსოფლიოს გარშემო, საიმისოდ, რომ დააფინანსოს თავისი ოპერაციები და შეავიწროვოს მისი ოპოზიცია.

    სახელმწიფო დეპარტამენტი უნდა დაუპირისპირდეს ამ ქოლ-ცენტრებს, რომლებიც აფინანსებენ ‘ქართული ოცნების’ ანტიდემოკრატიულ კამპანიას ქართველი ხალხის წინააღმდეგ”–წერს ჰელსინკის კომისია.

    „ქართული ოცნების“ მიერ თაღლითური ქოლცენტრების გამოყენებაზე საუბარია  ჰელსინკის კომისიის წევრი ამერიკელი კონგრესმენების წერილშიც, რომელიც მათ 31 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს გაუგზავნეს და ბიძინა ივანიშვილისა და მისი ახლო გარემოცვისთვის სანქციების დაწესება მოითხოვეს.

    ჰელსინკის კომისია, ანუ  აშშ-ის “ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისია” არის აშშ-ის ხელისუფლების კომისია, რომელიც ხელს უწყობს ადამიანის უფლებების დაცვას, სამხედრო უსაფრთხოებას და ეკონომიკურ თანამშრომლობას ევროპის, ევრაზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის 57 ქვეყანაში. კომისიის ცხრა წარმომადგენელი სენატის წევრია, ცხრა – წარმომადგენელთა პალატის, სამი – აღმასრულებელი ხელისუფლების ოფიციალური პირია.

  • დავით ქაცარავამ ახალი პოლიტიკური პარტია დააარსა

    ანტი-საოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა, დავით ქაცარავამ ახალი პოლიტიკური პარტია, ჩვენ დააარსა. შესაბამის ინფორმაციას,  ქაცარავა მის ოფიციალურ Facebook გვერდზე ავრცელებს.

    “ხალხი მზად არის, რომ ხელისუფლება შეცვალოს, მაგრამ მუდმივად ისმის კითხვა – “ესენი არ მოგვწონს, მაგრამ ვინ?!”

    ვინ და – ჩვენ!

    ჩვენ არის ახალი პოლიტიკური პარტია, რომელიც მე და ჩემმა თანამებრძოლებმა და თანამოაზრეებმა ხალხის დაკვეთით და ხალხისთვის შევქმენით!

    ჩვენ ვიცით, რომ ძალა ერთობაშია და ამიტომაც, ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა!

    ჩვენ გელოდებით ყველას, ვინც თვლის, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და 26 ოქტომბერს ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია!

    ჩვენ ვიბრძვით ჩვენი საერთო გამარჯვებისთვის!

    ჩვენ ის პოლიტიკური ძალაა, რომელიც თავისი საქმის პროფესიონალებსა და იმ სამოქალაქო აქტივისტებს აერთიანებს, რომლებსაც ქვეყნის კეთილდღეობისთვის ბრძოლაში უკან არასოდეს დაუხევიათ!

    მოკლედ, ჩვენ დავიწყეთ!” – წერს დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში.