Category: ახალი ამბები

  • ცესკომ ბრენდირებული მარკერები წინა დღით ჩაანაცვლა არაბრენდირებული მარკერებით – თინა ბოკუჩავა

    “ცესკომ ბრენდირებული მარკერები წინა დღით ჩაანაცვლა არაბრენდირებული მარკერებით” -განაცხადა ამის შესახებ, ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ.

    “ჩვენ მტკიცებულების სახით წარვადგენთ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან რაღაცას და კიდევ ერთხელ მოვითხოვთ არჩევნების შედეგების სრულ ბათილობას, მათ შორის კონსტიტუციის სამი პრინციპის დარღვევის საფუძველზე, ეს არის ფარულობა, თავისუფალი ნების გამოხატვა და საყოველთაობა, სამივე პრინციპის დარღვევას ჰქონდა ადგილი ტოტალურად 26 ოქტომბრის არჩევნებზე.[…] ცესკომ სრულიად უკანონოდ და საკონტრაქტო პირობების დარღვევით სმარტმატიკის ბრენდირებული მარკერები წინა დღით ჩაანაცვლა არაბრენდირებული მარკერებით, რომელსაც მტკიცებულების სახით წარვადგენთ დღეს სასამართლოზე სხვა მტკიცებულებებთან ერთად, რომელიც ტოვებდა სწორედ იმ კვალს, რის საფუძველზეც ილახებოდა ფარულობის და შესაბამისად თავისუფალი ნების გამოხატვის კონსტიტუციური პრინციპები [..]მოსამართლე ივერი აბაშიძეს აქვს შესაძლებლობა დადგეს ქართველი ხალხის მხარეს”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

  • მარკერების შეცვლის ბრალდება სიცრუეა, მარკერები კომპანია სმარტმატიკმა მოგვაწოდა – ცესკო

    “მარკერების შეცვლის ბრალდება სიცრუეა, მარკერები კომპანია სმარტმატიკმა მოგვაწოდა” –  ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

    “საარჩევნო ბიულეტენზე არჩევანის დასაფიქსირებლად გამოყენებული სპეციალური მარკერები საარჩევნო ადმინისტრაციას კომპანია სმარტმატიკმა მოაწოდა.აღნიშნულს ადასტურებს კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება და მათ შორის მარკერების მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებიც საჯაროა და განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში.

    კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ პოლიტიკოსების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ცესკოს მიერ მარკერების შეცვლის შესახებ, არის სრული სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად”. – ვკითხულობთ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

  • რუსეთმა კიევზე საჰაერო იერიში მიიტანა

    რუსეთმა კიევზე რაკეტებითა და დრონებით კომბინირებული შეტევა მიიტანა. კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი პოპკომ  განაცხადა, ბოლო 73 დღის განმავლობაში მსგავსი ტიპის შეტევა პირველად მოხდა. შეტევაში ჩართული იყო საკრუიზო რაკეტები, ისკანდერის ბალისტიკური რაკეტები, Shahed-ისა და სხვა ტიპის დრონები.

    “როდესაც რაკეტები უკვე უახლოვდებოდნენ კიევს, მტერმა ერთდროულად დაიწყო ბალისტიკური დარტყმა დედაქალაქზე. მტრის შეტევა ისევ დრონებით დასრულდა”, – დაწერა პოპკომ.

    თავდასხმის შედეგად დაიჭრა ერთი ადამიანი და დაიწვა საწყობი. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რამდენიმე რაკეტისა და ათამდე დრონის განადგურება მოახერხეს. საჰაერო იერიში 2 საათზე დიდხანს გაგრძელდა.

  • კალაძის თქმით, სპორტის სასახლის რეაბილიტაცია დაიწყება

    კალაძის თქმით, სპორტის სასახლის რეაბილიტაცია დაიწყება

    თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ  სპორტის სასახლის რეაბილიტაციის სამუშაოები “ძალიან მალე” დაიწყება და აღნიშნავს, რომ პროექტი ყველა ძირითადი სივრცისა და მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება-რეაბილიტაციას გულისხმობს.

    “ახლანდელი მდგომარეობა სპორტის სასახლის არ არის დამაკმაყოფილებელი, აქვს ძალიან ბევრი პრობლემა, ხარვეზები, შესაბამისად, საჭიროებს განახლებას, რეაბილიტაციას, მოწესრიგებას. ხელშეკრულება, რომელიც 2007 წელს არის გაფორმებული, ვერ პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს. ჩვენ ვიმუშავეთ შესაბამის კომპანიასთან, შევთანხმდით, რომ სპორტის სასახლე საჭიროებს რეაბილიტაციას და სამუშაოები დაიწყება ძალიან მალე.[…] მოწესრიგდება ყველა ძირითადი სივრცე, რაც გულისხმობს იატაკის საფარის, სავარძლების, კედლების, ვიზიტორების, საცირკულაციო სივრცეების, გასახდელების, VIP შემოსასვლელების მოწესრიგებას და განახლებას. იქიდან გამომდინარე, რომ სპორტის სასახლე წარმოადგენს ისტორიულ შენობას, მაქსიმალურად შენარჩუნდება ისტორიული მასლები, განსაკუთრებით, ბუნებრივი ქვის მოპირკეთება. სპორტის სასახლე აღიჭურვება მისი დანიშნულებისთვის საჭირო მოწყობილობებითა და სივრცეებით, რაც მოიცავს განათების, ხმის, ვიდეო-ეკრანის, სცენის, იატაკის საფარის, ტრანსლაციის, სპეციალური ეფექტებისა და სხვა ტიპის მოწყობილობებს. ასევე იგეგმება სპორტის სასახლის გარშემო სარეკრეაციო და ღია სივრცეების მოწყობა და ისტორიული ფუნქციის აღდგენა.

    სპორტის სასახლის ირგვლივ ტერიტორიაზე მოეწყობა უნიკალური სარეკრეაციო სივრცე. კეთილმოეწყობა მეტროში ჩასასვლელი და მიმდებარე სივრცეები. ამავე ტერიტორიაზე მმართველი კომპანია გეგმავს პადელის ღია კორტების მოწყობას. მოწესრიგდება საპარკინგე ზონა, დარეგულირდება სატრანსპორტო გეგმა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე სპორტის სასახლის სტუმრებისთვის” – ამბობს დედაქალაქის მერი.

  • პარლამენტის პირველ შეკრებამდე სიების ჩახსნა არის შეუძლებელი – კობახიძე

    პარლამენტის პირველ შეკრებამდე სიების ჩახსნა არის შეუძლებელი – კობახიძე

    “საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა შეიცავს საბოტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმებს. ჩვენ ეს მექანიზმები გამოვიყენეთ 4 წლის წინაც და გამოვიყენებთ რა თქმა უნდა, ახლაც. აქედან გამომდინარე, ასეთი ნაბიჯები, რაც ქვეყნის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება, მხოლოდ და მხოლოდ პიარულ მიზნებზეა გათვლილი. ბუნებრივია, მეტი დატვირთვა ამას ვერ ექნება. ყველამ იცის, რომ პარლამენტის პირველ შეკრებამდე სიების ჩახსნა არის შეუძლებელი, შესაბამისად, როცა გაიმართება პარლამენტის პირველი სესია, ყველა დეპუტატის უფლებამოსილება იქნება ცნობილი. ამის შემდეგ თუ ვინმეს სურს, მიმართოს საქართველოს პარლამენტს ან ცესკოს სიების ჩახსნასთან, მანდატის შეწყვეტასთან დაკავშირებით, კი ბატონო, შეუძლიათ გააკეთონ, მაგრამ ეს ხდება მხოლოდ პარლამენტის პირველი სესიის შემდეგ”

    ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაქოში ჟურნალისტებთან ისაუბრა.

  • 15 ნოემბერს, 17:00 საათზე ჯგუფი დაიტოვე მსვლელობას გამართავს

    15 ნოემბერს, 17:00 საათზე Facebook-ზე შექმნილი ჯგუფი დაიტოვე რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობას გამართავს.

    “პროტესტი გრძელდება! ერთად უკვე დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია მშვიდობიანად გავაჩინოთ წინააღმდეგობის კერა.

    ვიკრიბებით პარასკევს, 15 ნოემბერს რესპუბლიკის მოედანზე 17:00 საათზე”, – ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • “ვის რაში აინტერესებს ცესკო და პარლამენტი როგორ განმარტავს კონსტიტუციას და კანონს?! კამერის წინაშე დავდეთ პირობა, რომ პარლამენტში არავინ შევა” – გვარამია

    “მორჩით სამართლებრივ კაზუისტიკას. ვის რაში აინტერესებს ცესკო და პარლამენტი როგორ განმარტავს კონსტიტუციას და კანონს?! მარტო ამ ნაწილშია სანდო ეს სიყალბის სიმბოლო დაწესებულებები და დანარჩენში ტყუის?! კამერის წინაშე დავდეთ პირობა, რომ პარლამენტში არ შევა არავინ წარდგენილი სიიდან. ამას ითხოვს ხალხი, ეს გავაკეთეთ ჩვენ, რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ გავაკეთებთ და არ უნდა ამას მიზეზების ძიება და პარლამენტში შესასვლელად უკანა კარის ღიად დატოვება! მახსოვს 2020-შიც “არალეგიტიმურია ეს პარლამენტი და ჩვენი შესვლით არ მივანიჭებთ ლეგიტიმურობას” ტექსტები და ამის მერე პარლამენტში შელაგებული ამ ტექსტის ავტორებიც გადასარევად მახსოვს”

    ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

  • თბილისში ორი სტუდენტის ცხედარი იპოვეს

    თბილისში ორი სტუდენტის ცხედარი იპოვეს

    თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, ბინაში პოლიციამ ორი ახალგაზრდა სტუდენტის ცხედარი იპოვა. მათი გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

    23 წლის ბიჭი და 21 წლის გოგო ექსპერტიზის ბიუროში უკვე გადაასვენეს.

  • ოკუპანტებმა სოფელ წნელისთან საქართველოს 2 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

    ოკუპანტებმა სოფელ წნელისთან საქართველოს 2 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

    რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ წნელისის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

    “ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

    ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად”, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

  • კოალიცია “ძლიერი საქართველო“ მანდატებზე უარს ამბობს

    კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა, მანდატებზე უარის თქმასთან დაკავშირებით, განცხადებები დაწერეს. ასევე ჩახსნიან სიებსაც, თუმცა, ეს მოხდება კანონით გათვალისწინებული პროცედურების შემდეგ. შესაბამის ვიდეოს სოციალურ ქსელში, ირაკლი კუპრაძე ავრცელებს.

    ”პარლამენტში არშესვლაზე ჩვენი პოზიცია დიდი ხანია ნათქვამი გვაქვს, არც არაფერი შეცვლილა.
    80-ჯერ განცხადების დაწერას არ ვაპირებთ, ერთხელ დაწერილს და იურიდიულად გამართულს შევიტანთ, რაც უპირობოდ დაკმაყოფილდება.
    პ.ს. სხვათაშორის განცხადებები დიდი ხნის წინ დავწერეთ.”- აცხადებს ირაკლი კუპრაძე.