Category: ახალი ამბები

  • გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ ხმის მიცემის აღჭურვილობა დააყადაღა – გახარია

    გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ ხმის მიცემის აღჭურვილობა დააყადაღა – აცხადებს ამის შესახებ, პარტია გახარია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია ბრიფინგზე.

    “დღეს საქართველოში ჩატარებული არჩევნები არავინ არ ცნო, როგორც დემოკრატიული, თავისუფალი. არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი ჩამოკიდებულია ჰაერში. ჩვენი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები და უცხოური პარტნიორები ამბობენ, რომ აუცილებელია შესაბამისი გამოძიების ჩატარება, რომ შემდგომ გადაწყდეს ამ არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი, ამიტომ ჩვენ სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლად მივმართეთ თხოვნით ცესკოს, რომ გაესაჯაროებინა იმ ამომრჩეველთა სიები, ვინც მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, იმის მითითებით თუ რომელ უბანზე მიიღეს მონაწილეობა, ამაზე ცესკოს, რა თქმა უნდა, არანაირი რეაგირება არ მოახდინა. ამის შემდეგ მივმართეთ სასამართლოს იმისთვის, რომ სასამართლოს დაეცვა ის აღჭურვილობა, რომელზეც ეს ინფორმაცია ინახებოდა და მივმართეთ სასამართლოს თხოვნით, რომ გადაუდებლად მოეხდინა ამ აღჭურვილობის დაცვა.

    სამწუხაროდ, სასამართლოზე გამოცხადდა ცესკოს წარმომადგენლები, რომლებმაც თქვეს, რომ პროკურატურამ დაიწყო გამოძიება და ამ გამოძიების ფარგლებში დააყადაღა ეს აღჭურვილობა.

    ფაქტობრივად, ახლა გვაქვს გარემოება, როდესაც მთავარი მტკიცებულება, რომელმაც არა მხოლოდ ჩვენთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის და პირველ რიგში, ოცნებისთვის, შეიძლება დაამტკიცოს, რომ ეს არჩევნები იყო სამართლიანი და არაფერი არ გაყალბებულა, ამისთვის საჭიროა, ამ აღჭურვილობაზე არსებული სიების ინფორმაციის გასაჯაროება, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ნახოს სად და როდის მივეცით ხმა.

    იმის მაგივრად, რომ ოცნებას ეს გაეკეთებინა, ოცნებამ პროკურატურის საშუალებით ეს აღჭურვილობა უბრალოდ ტყვეობაში აიყვანა, დააყადაღა. და ფაქტობრივად, დღეს ცესკო ღიად ამბობს, რომ რაღაც ფეიკ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ცესკოსაც აღარ აქვს წვდომა ამ აღჭურვილობაზე და მთელი პასუხისმგებლობა ასე გადავიდა პროკურატურაზე.

    შესაბამისად, ყველა ის გამოძიება, რასაც მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეები, ისევე როგორც საერთაშორისო საზოგადოება მოუწოდებს ოცნებას, რომ დავრწმუნდეთ იყო თუ არა ეს არჩევნები სამართლიანი, ოცნებასაც ხომ უნდა, რომ ამაში დავრწმუნდეთ, ამისთვის საჭიროა, ამ სიების გასაჯაროება. ზუსტად ეს აღჭურვილობა რამდენიმე დღის წინ ოცნებას აუყვანია ტყვეობაში, პროკურატურის საშუალებით, რაღაც სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში”. – თქვა ბრიფინგზე.

  • ეს არის [აფხაზეთის და სამაჩაბლოს] აღიარების პროცესის დაწყება… რუსეთისთვის არალეგიტიმური ხელისუფლება არის საჩუქარი – გახარია

    “ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიის დროს სამართლებრივი და მორალური ბაზისი შეუქმნა იმ ქმედებებს, რასაც რუსეთი ახორციელებს აფხაზეთში. ეს იყო, ბოდიში, რომელიც რუსეთის საგარეოს განცხადებაში გამოყენებულია იმის დასადასტურებლად რომ ომი დაიწყო საქართველომ. შემდგომ პრემიერის მიერ დაბრალება, რომ ომი დაიწყო საქართველომ და გაასამართლებენ ომის დამნაშავეებს. ამის შემდგომ კამპანია, რომ დასავლელი პარტნიორები გვთხოვენ ახალი, მეორე ფრონტის გახსნას რუსეთის წინააღმდეგ, აფხაზეთის და სამაჩაბლოს გავლით.

    ამ ყველაფერს რუსეთის ფედერაცია მიჰყავს შემდეგ დასკვნებამდე: თქვენ არ გაქვთ საკონსტიტუციო უმრავლესობა; გაქვთ 72-ე პუნქტი კონსტიტუციაში; თქვენ თვითონ აღიარებთ, რომ ომი დაიწყეთ თქვენ; თქვენმა ხელისუფლებამ უნდა მოიხადოს ბოდიში; გაძალებენ მეორე ფრონტის გახსნას; ქვეყანაში არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც იღვწიან ომის დასაწყებად. –  ამ ყველაფრის შედეგად რუსეთი საქართველოსგან ოფიციალურად ითხოვს აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან საზღვრების დელიმიტაციას, ოფიციალურად ითხოვს ცეცხლის არ განახლების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ფაქტობრივად აღიარების პროცესის დაწყება, თავი რომ დავანებოთ ანექსიური პროცესების უმძიმეს სახეს, რომელიც აფხაზეთში ხდება.

    უნდა გვესმოდეს, რომ “ოცნება”, რომელიც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას გვპირდებოდა, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ ძალაუფლება შეენარჩუნებინა, უზარმაზარი რისკის ქვეშ დააყენა ქვეყნის მთლიანობა და სუვერენიტეტი.

    ივანიშვილს არანაირი რესურსი არ აქვს რომ ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებით რაიმე შეთანხმებას და პროგრესს მიაღწიოს ქვეყნის მთლიანობის აღსადგენად. ერთადერთი რაც “ოცნებას” და ივანიშვილს გააჩნია ესაა, რომ რაც შეიძლება მეტი რუსული შავი ფული იშოვონ. რუსეთის ფედერაციისთვის კორუმპირებული, სუსტი და არალეგიტიმური ხელისუფლება არის საჩუქარი და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთი უკმაყოფილოა იმით, რომ ოცნებამ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ აიღო და ფაქტობრივი ანექსია დაიწყო. “

    აცხადებს, პარტია “გახარია საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია.

  • საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისთვის სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას – გოშევსკა

    ისტორია გვასწავლის, რომ დიქტატორები ძალაუფლების მოპოვებას დემოკრატიული არჩევნების გზით ცდილობენ, თუმცა თუ მათ ძალაუფლების დათმობა არ სურთ, ისინი საფრთხედ იქცევიან არამხოლოდ მათი ქვეყნისთვის, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც.

    2012 წელს პრეზიდენტმა სააკაშვილმა გადაწყვიტა, მშვიდობიანად გადაებარებინა ძალაუფლება, რომელიც მის ხელში აღარ იყო. თუმცა 2016 წელს და განსაკუთრებით 2020 წლის არჩევნების შემდეგ, საქართველო ავტორიტარული რეჟიმისკენ მიმავალ გზას დაადგა.

    სამწუხაროდ, ადამიანებმა, რომლებიც ამჟამად სადავეებთან არიან, ფული რუსული ინვესტიციებისგან იშოვეს. დღეს ის ადამიანები არიან სადავეებთან საქართველოში, რომლებსაც გარკვეულ წრეებში კრიმინალურ დაჯგუფებებთან აქვთ კავშირები.

    დროა, გამოვიტანოთ დასკვნა, ამიტომ მოგიწოდებთ, ევროკომისარო, რომ მოახდინოთ საქართველოს მოქმედი მთავრობის იზოლაცია მათთვის ევროპული ფონდების შეჩერებით, სავიზო რეჟიმის დაწესებითა და მსოფლიოს მასშტაბით ამ სისტემის წარმომადგენლებისთვის სანიტარული კორდონის შექმნით.

    თქვა ევროპარლამენტარმა მალგორჟატა გოშევსკამ საქართველოს არჩევნების თემაზე გამართულ დებატებზე ევროპარლამენტში.

  • საქართველოში დემოკრატიული არჩევნები არ ჩატარებულა – არ ვცნობთ ამ არჩევნებს – იუკნევიჩიენე

    საქართველოში დემოკრატიული არჩევნები არ ჩატარებულა – არ ვცნობთ ამ არჩევნებს – იუკნევიჩიენე

    დებატების დროს მე წარმოვადგენ ევროპის სახალხო პარტიის პოზიციას. ასევე იმედი მაქვს, რომ შემდეგ სხდომაზე 2 კვირაში რეზოლუციაც იქნება მიღებული.

    ჩვენი აზრით, საქართველოში დემოკრატიული არჩევნები არ ჩატარებულა და ჩვენ არ ვცნობთ ამ არჩევნებს.

    ქართულ ოცნებას არჩევნები არ მოუგია.

    ჩვენ ვაპირებთ წარვუდგინოთ მოსაზრება სხვა ქვეყნებს, რომ საჭიროა ამ არჩევნების დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება.

    შესაძლებელია ვისაუბროთ მომავალში ისეთი არჩევნების ჩატარებაზე, რომელსაც საერთაშორისო დემოკრატიული ინსტიტუტები გააკონტროლებენ და არა ქართული ოცნება.

    ამ ყველაფერს ექნება გავლენა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე. ამ ეტაპზე გაწევრიანების პროცესი გაჩერებულია და ეს ასე დარჩება. ევროკავშირში არავინ აპირებს ერთი და იგივე შეცდომა გაიმეოროს.

    აქამდე ქართულ ოცნებასთან რბილად ვსაუბრობდით, ვამბობდით, რომ ისინი არ იყვნენ იდეალურები, მაგრამ ხალხი იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს.

    რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი იმსახურებს ევროპულ მომავალს, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენთვის ძალიან ცხადია, რომ ევროკავშირის წევრობა შეუთავსებელია ოლიგარქიულ სისტემასთან.

    სათქმელი ბევრია და ვფიქრობ, ეს იქნება სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების სათქმელიც დებატების დროს.

    ევროპარლამენტში უკვე რამდენჯერმე ვახსენეთ სანქციები, განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილის კონტექსტში, რომელმაც დაიმსახურა დასანქცირება.

    აშშ-მაც დააწესა გარკვეული სანქციები – დარწმუნებული ვარ, ახალი ევროკომისია, რომელიც დამტკიცდება, იქნება ბევრად ქმედითი და მხარს დაუჭერენ, რომ სანქციები დაწესდეს.

    ბოლო რეზოლუციაში, რომელიც ჩვენ არჩევნებამდე შევიმუშავეთ სტრასბურგში, ვახსენეთ ვიზალიბერალიზაციის სტატუსიც, რადგან მიუღებელია, რომ იქცეოდე ანტიევროპულად და ამავდროულად სარგებლობდე ევროკავშირის სიკეთეებით.

    თქვა ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ მთავარ არხთან საუბრისას [მთავარი არხის თარგმანი].

  • საქართველოს არჩევნებზე მე და ჩემმა 6-მა კოლეგამ გაყალბება და დაშინება ვიხილეთ – ლუაზო

    “მე და ჩემი 6 კოლეგა საქართველოში არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში ვიყავით ჩართულნი და თაღლითობა, დაშინება დავინახეთ. ამიტომ, მსურს, ამაზე დებატები აქ, პარლამენტში გავმართოთ. რაც ახლა საქართველოში ხდება, ვგულისხმობ პროტესტებს, ქუჩაში ქართული და ევროპული დროშებით გამოსულ ხალხს, ისინი ბევრს ელიან ევროკავშირისგან. სამწუხაროდ, ევროპულმა საბჭომ ბოლო შეხვედრაზე ამაზე სალაპარაკოდ დრო ვერ გამონახა”,

    ამის შესახებ, ევროპარლამენტარმა, ნატალი ლუაზომ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

  • ომბუდსმენი საკონსტიტუციოს ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის აბორტის უფლებაზე შეზღუდვის მოხსნას სთხოვს

    საკონსტიტუციო სასამართლომ განსახილველად მიიღო სახალხო დამცველის სარჩელი, რომლითაც ომბუდსმენი ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის აბორტის უფლებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნას ითხოვს.

    ცნობისთვის, ორსულობის 12 კვირის შემდეგ, აბორტის გაკეთება მხოლოდ საგამონაკლისო შემთხვევებშია დასაშვები, შესაბამისი სამედიცინო ჩვენების საფუძველზე. ძალადობის მსხვერპლების შემთხვევაში, გაუპატიურების შედეგად დამდგარი ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა ორსულობის 12 კვირის შემდეგ შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუკი არსებობს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, რომლითაც დგინდება, რომ ორსული ქალის მიმართ ჩადენილია სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული – გაუპატიურება. ამგვარი გადაწყვეტილების შემთხვევაში აბორტი შესაძლებელია ორსულობის 22-ე კვირამდე.

    “2024 წლის 24 ოქტომბრის N2/15/1802 საოქმო ჩანაწერით[1] საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი,[2] რომელიც შეეხება ძალადობის მსხვერპლი ქალების მიერ აბორტის უფლებით სარგებლობის შეზღუდვას.

    სადავო კანონმდებლობა, 12 კვირის შემდეგ, გაუპატიურების შედეგად დამდგარი ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის სავალდებულო საფუძვლად სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს განსაზღვრავს, რომლითაც დადგინდება, რომ ორსული ქალის მიმართ ჩადენილია სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული – გაუპატიურება.

    საერთო სასამართლოებში სამართალწარმოების ხანგრძლივობა, როგორც წესი, აღემატება არა მხოლოდ აბორტისთვის დასაშვებ, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით[3] საგამონაკლისოდ განსაზღვრულ 22 კვირიან ვადას, არამედ ზოგჯერ ორსულობის მთლიან პერიოდსაც კი. შედეგად, უმრავლეს შემთხვევაში, გაუპატიურების მსხვერპლი ქალებისთვის შეუძლებელი ხდება, საგამონაკლისო წესის შესაბამისად, დადგენილ ვადაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის წარდგენა ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის მიზნით.

    კონსტიტუციური სარჩლის თანახმად, სადავო მოწესრიგების ლეგიტიმური მიზანი შეიძლება იყოს უკანონო აბორტების შემცირება და, შედეგად, ქალთა ჯანმრთელობის დაცვა, თუმცა, მითითებული მიზანი მიღწევადია ნაკლებად მზღუდავი და ძალადობის მსხვერპლი ქალის ინტერესებზე უფრო მეტად მორგებული საშუალებებითაც. შესაბამისად, სახალხო დამცველის პოზიციით, სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა არღვევს სქესობრივი დანაშაულის მსხვერპლი ქალის თავისუფალი განვითარების უფლებით და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობით დაცულ ავტონომიას”, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

  • “ჩორჩანა-წაღვლის ტყეში, ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ორკებმა გაიტაცეს ჩვენი მოქალაქეები” – ქაცარავა

    “ჩორჩანა-წაღვლის ტყეში, ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ორკებმა გაიტაცეს ჩვენი მოქალაქეები. ქოცური მშვიდობა ინ ეწშენ”,

    ამის შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშია” დამფუძნებელი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს. 

  • ხატია დეკანოიძე გამოკითხვაზე დაიბარეს

    ხატია დეკანოიძე გამოკითხვაზე დაიბარეს

    ”ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე, გენერალურმა პროკურატურამ, არჩევნების  გაყალბების შესახებ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარა.

    ”როცა პოლიცია ქალებზე ძალადობდა პროკურატურამ მე დამიბარა დაკითხვაზე.
    კითხვით, რა გაყალბდა და სად

    აბსურდი..”-წერს დეკანოიძე.

  • არღვევთ უდანაშაულობის პრეზუმციას! დაელოდეთ გამოძიებას – ცესკო თურაზაშვილს პასუხობს

    ”არღვევთ უდანაშაულობის პრეზუმციას! დაელოდეთ გამოძიებას”-  ამ განცხადებით პასუხობს, ცესკო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი წევრის, ქეთევან თურაზაშვილის განცხადებას.

    “საარჩევნო ადმინისტრაცია ეხმაურება ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი წარმომადგენლის, ქეთევან თურაზაშვილის განცხადებას, რომელიც საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის, თეონა ჯაფარიძის თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

    როგორც საჯარო განცხადებებიდან ირკვევა, ქეთევან თურაზაშვილის მამის, საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის, ალექსანდრე თურაზაშვილის გარდაცვალების გამო მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

    მიუხედავად იმისა, რომ არ დასრულებულა გამოძიება, გრძელდება უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა და ალექსანდრე თურაზაშვილის გარდაცვალების მიზეზად საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის თეონა ჯაფარიძის შესაძლო მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე მითითება. სათანადო მტკიცებულებებისა და გამოძიების გარეშე მსგავსი დაუსაბუთებელი ბრალდებები წარმოადგენს პირდაპირ ზეწოლას საოლქო საარჩევნო კომისიის წევრზე.

    თუ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოქმედი კომისიის წევრის მიერ გამოიკვეთება კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტი, ცესკო თავისი უფლებამოსილების ფარგლებში შეისწავლის საკითხს და ექნება სათანადო რეაგირება.

    საარჩევნო ადმინისტრაცია თხოვნით მიმართავს ქეთევან თურაზაშვილს, დაელოდოს დაწყებულ გამოძიებაზე შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს საბოლოო გადაწყვეტილებას”. – ვკითხულობთ ცესკო-ს განცხადებაში.

    კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრი, ქეთი თურაზაშვილი ცესკოს თავმჯდომარისგან თეონა ჯაფარიძის თანამდებობიდან გათავისუფლებას მოითხოვს. მისი თქმით, ჯაფარიძემ მამამისს, ალექსანდრე თურაზაშვილს სატელეფონო საუბრის დროს შეურაცხყოფა მიაყენა, ფაქტიდან რამდენიმე წუთში კი მამამისი გარდაიცვალა.

  • თეონა ჯაფარიძემ მიაყენა წარმოუდგენელი შეურაცხყოფა… 46 წუთში მამა გარდაიცვალა”- თურაზაშვილი მოითხოვს გათავისუფლდეს საოლქო კომისიის წევრი

    “მოვითხოვ გიორგი კალანდარიშვილისგან, მიიღოს შსაბამისი ზომები და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს თეონა ჯაფარიძე თანამდებობიდან” – აცხადებს ამის შესახებ, კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრი, ქეთი თურაზაშვილი. მისი თქმით, ჯაფარიძემ მის მამას, ალექსანდრე თურაზაშვილს სატელეფონო საუბრის დროს შეურაცხყოფა მიაყენა, ფაქტიდან 1 საათში კი მამამისი გარდაიცვალა.

    “ჩემი მამა,  ალექსანდრე თურაზაშვილი, საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიაში პარტია მოქალაქეებს წარმოადგენდა,  მასზე დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდა და უბნების დასათვალიერებლად  დადიოდა. იმის გამო, რომ მას არცერთი პასუხისმგებელი პირი უბნებზე არ დახვდა, მიზეზის დასადგენად რამდენიმე უბნის თავმჯდომარეს დაუკავშირდა. აღნიშნულის  შესახებ აცნობეს საოლქო კომისიის წევრს და ოცნების პოლიტიკის ინტერესების გამტარებელ თეონა ჯაფარიძეს, რომელიც გაღიზიანდა ალექსანდრეს საქმიანობით, დაურეკა მას და წარმოუდგენელი შეურაცხყოფა მიაყენა. ამ სატელეფონო საუბრიდან ერთ საათში მამა გარდაიცვალა. მამამ დამირეკა 12:31 საათზე, მომიყვა ჯაფარიძესთან საუბრის დეტალები, ის აღელვებული იყო და აღნიშნა, რომ საკადრისი პასუხი არ გასცა თეონა ჯაფარიძეს, არ უპასუხა არაფერი, რასაც ეს უტიფარი ქალი იმსახურებდა. 13:17 წუთზე უკვე დედამ დამირეკა და მითხრა, რომ მამა გარდაიცვალა. ჯაფარიძის ზარსა და მამას გარდაცვალებას შორის შუალედი 60 წუთზე ნაკლებია. […] მოვითხოვ გიორგი კალანდარიშვილისგან, მიიღოს შსაბამისი ზომები და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს თეონა ჯაფარიძე თანამდებობიდან, იმისთვის, რომ დავიცვათ მისგან სხვა ადამიანები, მოხდეს პრევენცია და მან ვეღარ შეძლოს სხვების დაზიანება. ასევე, სხვებისთვის იყოს მაგალითი, რომ ამ ქვეყანაში დაუსჯელი არ დარჩება უტიფრობა, თავხედობა, აგრესია, სიძულვილის ენის გამოყენება, უპასუხისმგებლობა და უზრდელობა” – თქვა თურაზაშვილმა.