Category: ახალი ამბები

  • „27 დაზიანება აქვს თავის არეში“ – გარდაცვლილი პატიმრის ძმა

    ამის შესახებ,  „ბათუმელებთან“ კლინიკა „ვივამედში“ გარდაცვლილი პატიმრის, შოთა გორგაძის ძმამ, იოსებ გორგაძემ განაცხადა.

    „ ჩემს ძმას 27 მოტეხილობა აქვს თავის არეში, ამას ვერც პატიმარი გააკეთებდა ისე, რომ კვალი არ დაეტოვებინა…“ – ამბობს შოთა გორგაძე, – „მთელ საქართველოს უნდა მოვუწოდო ის, რომ პატიმრები მართლაც დაუცველი არიან და კიდევ აღარ განმეორდეს.ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს საქართველოში.მე ციხის უფროსთან მქონდა საუბარი… მათ აქვთ სცენარი, რომ თითქოს საკანში მოხდა ეს ყველაფერი. ეს უკვე სასაცილოა. მე-10 სართულიდან რომ გადმოვარდეს ადამიანი, ამ სიმძიმის ტრავმას ის ვერ მიიღებდა,“ – უთხრა  შოთა გორგაძემ “ბათუმელებს”.

    46 წლის პატიმარი იოსებ გორგაძე  კლინიკაში 2025 წლის 29 იანვარს გადაიყვანეს დაზიანებებით, რომელიც მას ციხეში მიაყენეს. პაციენტი 3-თვიანი მკურნალობის შემდეგ დაიღუპა.

  • “დიფ სთეითი” ჯერ არ დამარცხებულა, ღრმად აქვს ფესვები გადგმული” – კალაძე

    “დიფ სთეითი” ჯერ არ დამარცხებულა, ღრმად აქვს ფესვები გადგმული” – კალაძე

    „დიფ სთეითი“ არ არის დამარცხებული. ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ვიცავთ. თუ ტრამპი მოახერხებს მის დამარცხებას, ამას მხოლოდ მივესალმებით და ეს ჩვენზეც აისახება. არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რაც არ უნდა დიდი ქვეყანა იყოს, რომ ჩვენი ინტერესები ფეხქვეშ გათელოს და გამოიყენოს ისე, როგორც მაგალითად, უკრაინა.

    არაერთხელ გაგვიჟღერებია, რომ ურთიერთობების გადატვირთვას და ახალი ფურცლიდან დაწყებას მივესალმებით. ჩვენთვის და არც მათთვის არ არის მიღებული არსებული ვითარება. წინა ადმინისტრაცია თეთრზე შავს გვეუბნებოდა, გაჟღერებული იყო სიცრუის პროპაგანდით. გვინდა, ეს ყველაფერი დასრულდეს. ურთიერთობა იყოს მეგობრული, პარტნიორული, ორმხრივი. მიუღებელია, დიდი სახელმწიფო, როგორიც მაგალითად, ამერიკაა ზემოდან უყურებდეს მასზე პატარა სახელმწიფოს, რომელსაც აქვს დიდი ტრადიციები და კულტურა“

    ასე ეხმაურება მერი კალაძე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში დღეს დაგეგმილ MEGOBARI აქტის განხილვას.

  • იოსებ გორგაძე ციხეში წამების ან არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა – გიორგი ბურჯანაძე

    იოსებ გორგაძე ციხეში წამების ან არასათანადო მოპყრობის რომელიმე ფორმას დაექვემდებარა და შემდგომ მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა, – წერს სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე, იურისტი გიორგი ბურჯანაძე.

    “1) ციხეში ადამიანი იყო ჯანმრთელი და საწინააღმდეგო ინფორმაცია არ გაუვრცელებია პენიტენციურს;
    2) პატიმარი 23 იანვარს ვივამედში შეიყვანეს მრავლობითი ფიზიკური დაზიანებებით – ინტერნეტში ვრცელდება პაციენტის ფორმა 100 და ასევე ზურაბ ჩხაიძის განცხადებაც ამას ადასტურებს.
    3) პენიტენციური ადასტურებს, რომ საკანში ანდა სხვაგან პატიმრებთან ჩხუბი არ მომხდარა, რასაც შეეძლო ეს დაზიანებები გამოეწვია.
    აქედან მარტივი დასკვნა, ციხის პირობებში ანუ სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ მიიღო ამ ადამიანმა ეს საშინელი დაზიანებები.
    ახლა რაც შეეხება გამოძიებას:
    1) თავიდანვე აშკარა იყო რომ ამ საქმეში არასათანადო მოპყრობას ჰქონდა ადგილი და გაუგებარია, რატომ არ დაიწყო საკითხის გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა და რატომ დაიწყო იუსტიციის საგამოძიებომ. პენიტენციური დღეს ამბობს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური დღეს უკვე “ჩართულია”, მაგრამ ეს რას ნიშნავს ვერ ვიგებ.
    2) სახალხო დამცველი თუ ამ საქმეს სწავლობს. საინტერესოა რა ნახეს ვიდეო ჩაწერებში რასაც გაეცნენ. რა ჩანს თუნდაც საერთო სივრცეების კამერებში, რა ტრაექტორიით გადაადგილდება პატიმარი და რომელ საათებში, რომელი პერიოდიდან იკარგება მისი კვალი. ასევე რა ინფორმაცია მიაწოდეს მას თანამესაკნეებმა.
    3) ასევე სახალხო დამცველმა უნდა გვითხრას რატომ არ გაუჩნდა ეჭვი, რომ არასათანადო მოპყრობის ნიშნები იყო სახეზე და არ მიმართა სპეციალურ საგამოძიებოს რომ მას დაეწყო გამოძიება (და არა იმავე უწყებას, ვისი დანაშაულებრივი ქმედებაც იკვეთებოდა).
    4) საეჭვოა ის რომ პენიტენციური 1 კვირა მალავდა ამ საკითხს და მხოლოდ სხვა პატიმრების წყალობით მოხდა ინფორმაციის მიწოდება ოჯახისთვის.
    აშკარაა, რომ ციხეში ყოფნის პერიოდში მოხდა პირის მიმართ წამება ან არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმა და შედეგად გუშინ გარდაიცვალა პატიმარი”, – წერს ბურჯანაძე.

    46 წლის იოსებ გორგაძე წუხელ კლინიკა “ვივა მედში” გარდაიცვალა. კლინიკაში ის გლდანის საპატიმროდან იანვარში, მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს და მას შემდეგ კომაში იყო.

  • წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება – როგორი ამინდი იქნება  6 მაისს

    წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება – როგორი ამინდი იქნება 6 მაისს

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 5 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 6 მაისის დილამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

    მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

  • ჩვენი პირველადი დიაგნოზით იყო მრავლობითი დაზიანება – ჩხაიძე ნაცემი პატიმრის გარდაცვალებაზე

    “ჩვენი პირველადი დიაგნოზით იყო მრავლობითი დაზიანება” – განაცხადა ამის შესახებ კლინიკა “ვივამედის” კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

    “ჩვენთან პატიმარი 23 იანვარს. ჩვენი პირველადი დიაგნოზიც იყო ის, რაც იყო რეალურად. ეს არის მრავლობითი დაზიანება, პოლიტრავმა თავის ტვინის დაზიანებით. მას ჩაუტარდა აუცილებელი და საჭირო სამკურნალო ღონისძიებები, მაგრამ მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ დადგა ლეტალური შედეგი”,- აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ.

    46 წლის იოსებ გორგაძე წუხელ კლინიკა “ვივა მედში” გარდაიცვალა. კლინიკაში ის გლდანის საპატიმროდან იანვარში, მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს და მას შემდეგ კომაში იყო.

  • ჩხუბისა და ძალადობის ფაქტი არ დასტურდება – პენიტენციური გარდაცვლილ პაციენტზე

    “ჩხუბისა და ძალადობის ფაქტი არ დასტურდება” – სპეციალური პენიტენციური სამსახური კლინიკა “ვივამედში” 46 წლის იოსებ გორგაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

    “სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებული ი. გ.-ს გარდაცვალებასთან დაკავშირებით სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

    სპეციალური პენიტენციური სამსახური უსამძიმრებს პატიმრის ოჯახის წევრებს და გმობს პატიმრის გარდაცვალების ფაქტით მანიპულირებას, რაც ცალკეული მედიასაშუალებების მხრიდან ადამიანური ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მორიგი მაგალითია.

    გვსურს, საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტოთ, რომ ბრალდებული ი.გ. №8 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

    დაწესებულებაში შესახლების დღიდან ბრალდებული იმყოფებოდა სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ. მას შესახლებისას ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო შემოწმება და სათანადო კვლევები.

    ამასთანავე, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ბრალდებულ ი.გ.-ს ან მის უფლებადამცველს დაწესებულებაში ყოფნის სრული პერიოდის განმავლობაში პენიტენციური სამსახურის და №8 დაწესებულების ადმინისტრაციის მიმართ რაიმე სახის საჩივარი ბრალდებულის უფლებების დარღვევის შესახებ არ დაუფიქსირებიათ.

    როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2025 წლის 23 იანვარს ბრალდებული ი.გ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. დაწესებულების ადმინისტრაციამ მყისიერად გამოიძახა 112-ის სასწრაფო დახმარების სამედიცინო ბრიგადა, რომელმაც ბრალდებული სამოქალაქო სექტორის მულტიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

    ბრალდებული ი.გ. იმყოფებოდა სამედიცინო დაწესებულების კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, თუმცა 2025 წლის 4 მაისს გარდაიცვალა.

    იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური აქტიურ კომუნიკაციაში იმყოფებოდა ბრალდებულის ოჯახთან და სახალხო დამცველის აპარატთან. საზოგადოების ინფორმირების მიზნით კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს შესაბამისმა დანაყოფმა მყისიერად დაიყო გამოძიება და მიმდინარეობდა ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. აღსანიშნავია, რომ ჩხუბისა და ძალადობის ფაქტი მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არ დასტურდება.

    ამჟამად, საგამოძიებო მოქმედებებში ჩართულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურიც. საზოგადოებას გამოძიების დასრულების შემდგომ ეცნობება შედეგების შესახებ. ამასთანავე, იუსტიციის სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, ბრალდებული ი.გ.-ს ოჯახის წევრებს, მის უფლებადამცველებს მიაწოდოს კანონით განსაზღვრული ნებისმიერი ინფორმაცია გამოძიების ეფექტიანად და სრულყოფილად წარმართვის ინტერესის გათვალისწინებით”. – ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

    ცნობისთვის, ინტერპრესნიუსის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გლდანის მე-8 დაწესებულებიდან “ვივამედში” მძიმე დაზიანებებით გადაყვანილი 46 წლის პატიმარი, იოსებ გორგაძე კლინიკაში გარდაიცვალა.

  • გლდანის ციხეში იანვარში ნაცემი პატიმარი გარდაიცვალა

     46 წლის ნაცემი პატიმარი, იოსებ გორგაძე წუხელ კლინიკა “ვივა მედში” გარდაიცვალა. კლინიკაში ის გლდანის საპატიმროდან იანვარში, მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს და მას შემდეგ კომაში იყო.

    სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ფაქტზე გამოძიება დაიწყო. IPN-ს ინფორმაციით, კაციტაძის უწყებამ საქმე სსკ-ის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით აღძრა, რაც სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

    “წუხელ, დაახლოებით, 22:00 საათზე, ოჯახს შეატყობინეს, რომ გარდაიცვალა იმ დაზიანებებით, რა დაზიანებებითაც ის გლდანის მე-8 დაწესებულებიდან გადაიყვანეს. დაახლოებით, 3 თვე იბრძოლა სიცოცხლის გადარჩენისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გამოძიებას დღემდე არანაირი შედეგი არ დაუდია, ბრალდებული არავინაა და მიუხედავად მძიმე დაზიანებებისა, იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო ნაწილმა გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს. ვინაიდან გარდაცვალების ფაქტი დადგა, ახლა გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო”. – უთხრა IPN-ს ადვოკატმა.

     

  • თეონა ბაკურიძემ და თამარ ჩიხლაძემ TV ფორმულა დატოვეს

    ჟურნალისტებმა, თეონა ბაკურიძემ და თამარ ჩიხლაძემ  ტელეკომპანია ფორმულა დატოვეს. ჩიხლაძე თქვა, რომ ჟურნალისტების მიერ არხის დატოვება პერსონალური მიზეზების გამო გადაწყვიტეს.

    “განსაკუთრებული მადლობა მაყურებელს, რომელიც გველოდა ყოველ სამუშაო დღეს 5-დან 7-მდე და გვენდობოდა. გვიჭირს ფორმულასთან გამომშვიდობება, ჩვენს შემთხვევაში პერსონალურმა მიზეზებმა სხვა არჩევანი არ დაგვიტოვა. ძალიან გვინდა ვთქვათ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ამ პროფესიაში ყოფნის დროს ვიცავდით პრინციპს, რომ “იმედზე” მნიშვნელოვანი “სიმართლეა”. სიმართლე არის ის, რომ ჩვენ ჯერ არ ვართ ბელარუსი, მაგრამ განსაკუთრებული სიჩქარით სწორედ ბელარუსისკენ მივემართებით”. – თქვა მაყურებელთან დამშვიდობებისას ჩიხლაძემ.

  • უკრაინა არ წავა „მშვიდობაზე ნებისმიერ ფასად“ – ანდრეი სიბიგა

    „პირველ რიგში, არ წავალთ უკრაინის ნებისმიერი დროებით ოკუპირებული ტერიტორიის რუსულად აღიარებაზე.[…] მესამე, არ მივიღებთ უკრაინის სუვერენიტეტის, ჩვენი შიდა და საგარეო პოლიტიკის რაიმე შეზღუდვებს, მათ შორის მოკავშირეებისა და ალიანსების არჩევის მხრივ, რომლებთანაც შეერთებასაც ვცდილობთ.[…] რუსეთს ან ნებისმიერ სხვა ქვეყანას არ აქვს და არ ექნება ჩვენს არჩევანზე ვეტოს უფლება,”

    ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

  • რუსთავში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წევრი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

    სუს-ის ცნობით, კონტრტერორისტული ოპერაციების ფარგლებში  რუსთავში უცხო ქვეყნის ინიციატივით ინტერპოლის ცირკულარით ძებნილი, უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე დააკავეს.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ პიროვნება 2014 წელს გაემგზავრა ახლო აღმოსავლეთში და რეგიონში მოქმედი ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გაწევრიანდა.

    კონტრტერორისტული ცენტრის ინფორმაციით, დაკავებული პირი საბრძოლო მოქმედებების გამოცდილების მქონეა და ასაფეთქებელ მოწყობილობებთან დაკავშირებით მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტია. პირი ტერორისტულ ორგანიზაციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან აქტივობებზე იყო პასუხისმგებელი.

    ჩატარებული ჩხრეკის შედეგად დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა სახის მტკიცებულება და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები”- წერია სუს-ის განცხადებაში.