Category: ახალი ამბები

  • მოსამართლემ 11 პოლიტპატიმარი პატიმრობაში დატოვა

    თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი დატოვა. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 11 პოლიტპატიმარი: ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ჯანო არჩაია, ლუკა ჯაბუა, რუსლან სივაკოვი, რევაზ კიკნაძე, გიორგი ტერაშვილი, ვალერი თეთრაშვილი, სერგეი კუხარჩუკი და ირაკლი ქერაშვილი პატიმრობაში დატოვა.

    დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის წარმომადგენლები შესავალი სიტყვით გამოვიდნენ. ამასთან, სხდომაზე გადაისინჯა სინდისის პატიმრებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა და ის ძალაში დარჩა.

    სასამართლო სხდომას ესწრებოდნენ დაკავებულებიც.

    მათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

  • პარტიის თავმჯდომარეობაზე ჩემი კანდიდატურა არ განიხილება… – კალაძე

    პარტიის თავმჯდომარეობაზე ჩემი კანდიდატურა არ განიხილება… – კალაძე

    “პარტიის თავმჯდომარეობაზე ჩემი კანდიდატურა არ განიხილება. მე ვარ „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, ასევე, დედაქალაქის მერი. ჩემთვის თანამდებობებს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. რიგითი ჯარისკაცი ვარ, უდიდესი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული როგორც ქალაქის წინაშე, ასევე, პარტიული მუშაობის თვალსაზრისითაც. რაც შეეხება კანდიდატურებს, პოლიტსაბჭო იღებს გადაწყვეტილებას და ამასთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება… თუ ირაკლი კობახიძე იქნება პარტიის თავმჯდომარის კანდიდატად წარმოდგენილი, ამას მხოლოდ მივესალმები და მხარს დავუჭერ”.

    განაცხადა თბილისის მერმა და “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ.

  • ამ ქალბატონს კლიმაქსის პრობლემა დაუდგა  – ზარქუა იუკნევიჩიენეზე

    ამ ქალბატონს კლიმაქსის პრობლემა დაუდგა – ზარქუა იუკნევიჩიენეზე

    ქალბატონი რასა ბატონ კუბილიუსთან ერთად პერესტროიკით გორბაჩოვის მთავრობასთან თანამშრომლობდა. ამ მორალის ადამიანი ჩვენ აქ დემოკრატად გამოგვეცხადა და მორალს გვიკითხავს და ქართველებს, ვინც მმართველ პარტიას დაუჭირა მხარი, რა სიტყვებით ამკობს. მე მგონია, ამ ქალბატონს კლიმაქსის პრობლემა დაუდგა და იმიტომაც აკეთებს ასეთ განცხადებებს.

    ამბობს ირაკლი ზარქუა ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეზე.

  • საქართველოს ერთადერთი პოლიტიკა აქვს, რომელიც ევროპასთან ინტეგრაციას გულისხმობს და მასთან თანხვედრაში – დავითაშვილი

    საქართველოს ერთადერთი პოლიტიკა აქვს, რომელიც ევროპასთან ინტეგრაციას გულისხმობს და მასთან თანხვედრაში – დავითაშვილი

    ჩვენი გადაწყვეტილებები პასუხისმგებლიანია და ჩვენი მოსახლეობის ინტერესებთან სრულად თანხვედრაშია. პირველში რიგში, ჩვენი გადაწყვეტილებებით საქართველოს მოსახლეობის წინაშე ვაგებთ პასუხს […] ევროინტეგრაციის პროცესი, ის, რაც საქართველოს მოსახლეობისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია, არ შეჩერებულა. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ყველა იმ შედეგს იღებს, რასაც, დღეის მდგომარეობით, ევროინტეგრაციის პროცესისგან უნდა იღებდეს.

    ჩვენ ძირითადი პოლიტიკური პრიორიტეტებისთვის არ გადაგვიხედავს […] ობიექტურად თუ ვისაუბრებთ, საქართველოს ერთადერთი პოლიტიკა აქვს, რომელიც ევროპასთან ინტეგრაციას გულისხმობს და მასთან თანხვედრაშია.

    თქვა ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.უ

  • პროკურატურა “ახალის” და “გირჩი-მეტი თავისუფლების” პრესსამსახურების პატიმრობას ითხოვს

    პროკურატურა “ახალის” და “გირჩი-მეტი თავისუფლების” პრესსამსახურების, მირანდა ბაღათურიასა და ანა ყურაშვილისთვის პატიმრობას ითხოვს.

    მოსამართლე სათათბიროთ არის გასული.

    მირანდა ბაღათურიას და ანა ყურაშვილის ადმინისტაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე პოლიციელ მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავებიან.

  • “საზმაუს სამარცხვინო ბორდის და მენეჯმენტის დიდი ხნის გეგმის მიხედვით – “რეალურ სივრცეს” ხურავენ” – ზაუტაშვილი

    “საზმაუს სამარცხვინო ბორდის და მენეჯმენტის დიდი ხნის გეგმის მიხედვით – “რეალურ სივრცეს” ხურავენ” – საზოგადოებრივი მაუწყებლის გათავისუფლებული ჟურნალისტი და ტელეწამყვანი, ნინო ზაუტაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

    “ახლა თბილისში არ ვარ, მაგრამ უნდა დავწერო. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამარცხვინო ბორდის და მენეჯმენტის დიდი ხნის გეგმის მიხედვით “რეალურ სივრცეს” ხურავენ. დითირამბებს უმღერიან ხალხურს და საჭირო პროექტად მოიხსენიებენ. სიმღერის წინააღმდეგი ნამდვილად ვერ ვიქნები, მაგრამ თუ საჭიროებაზე მიდგა საქმე, “რეალური სივრცე” ზუსტადაც რომ ყველაზე საჭირო პროექტი იყო საზოგადოებისთვის. მაგრამ მისი დახურვა დიდი ხნის წინ დაევალა ვასიკო მაღლაფერიძეს და მის გულითად მცველებს, თინათინ ბერძენიშვილს, რუსუდან მანჯგალაძეს და ბელა ოსიპოვას. ასე გააგრძელეთ გოგო-ბიჭებო. ისე, “ბონიემი” გამოვიდოდა თქვენგან და აქციეთ გადაცემად. უდიდესი რეიტინგი გექნებათ. ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. რეალურ სივრცეს თქვენ ვერ მოსპობთ, ის დიდხანს იცოცხლებს. შევხვდებით სადმე კონცერტზე. ტრადიციული ტექსტით დავამთავრებ, ვაი თქვენს პატრონს”, – წერს ზაუტაშვილი.

  • ლაშა ჯიოშვილი Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო 3 000 ლარით დააჯარიმეს

    TV პირველის ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო 3 000 ლარით დააჯარიმეს.

    ჯიოშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებოდნენ, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას გულისხმობს.

    ჯიოშვილის თანახმად, მან პოლიციელი საგზაო წესების დარღვევაში ამხილა, ამ დარღვევაზე კი, მისივე მტკიცებით, პოლიციას რეაგირება არ ჰქონია. ამ ფაქტის გამო მან სისტემას შეაგინა, ოქმიც ამ მიზეზით შეუდგინეს.

  • ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ნატროშვილი გახდა

    სამართლიანი არჩევნების (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი ლევან ნატროშვილი გახდა. ამ პოსტს აქამდე ნინო დოლიძე იკავებდა.

    “ლევან ნატროშვილი 2022 წლის ნოემბრიდან დღემდე „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა. მას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში, საჯარო სამსახურსა და აკადემიურ სექტორში 17-წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს.

    ნატროშვილი საარჩევნო და კარგი მმართველობის თემებზე 2012 წლიდან მუშაობს. ის არის პოლიტიკურ საკითხებზე ეუთო/ოდირის საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფის წევრი და არჩევნების სერტიფიცირებული დამკვირვებელი. ის 2012 წლიდან საქართველოში გამართულ ყველა საერთო არჩევნებზე სხვადასხვა ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებს თანახელმძღვანელობდა. ამასთანავე, ნატროშვილი არის ათეულობით კვლევისა და ანგარიშის ავტორი, თანაავტორი და ხელმძღვანელი. სხვადასხვა დროს მას საკონსულტაციო მომსახურება გაუწევია ისეთი ორგანიზაციებისთვის, როგორიცაა აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES) და ევროპის საბჭო (CoE). ნატროშვილი რამდენიმე პრესტიჟული აკადემიური სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულია და ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრისა და მაგისტრის, ასევე, კენტუკის უნივერსიტეტის დიპლომატიისა და საერთაშორისო ვაჭრობის მაგისტრის ხარისხებს. ის ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და პოლიტიკის მეცნიერების პროგრამის დოქტორანტია”, – წერია ინფორმაციაში.

  • მთავარი არხის სატელევიზიო მაუწყებლობა საბოლოოდ შეწყდა

    მთავარი არხის სატელევიზიო მაუწყებლობა დღეს საბოლოოდ შეწყდა. არხი განცხადებას ავრცელებს და მაყურებელს მადლობას უხდის.

    “მთავარი არხის” სატელევიზიო მაუწყებლობა დღეს საბოლოოდ შეწყდა.

    5 წელი და 8 თვე აქ მთავარი იყავით თქვენ, ჩვენი მაყურებელი, ქართული საზოგადოება და ის ღირებულებები, რომლებიც ჩვენ ყველას გვაერთიანებს, რომლებმაც აქამდე მოგვიყვანა; ღირებულებები, რომელთა გაღრმავებითაც ჩვენ არა მარტო ევროპის, არამედ მთელი მსოფლიოს ღირსეულ წევრად უნდა დავრჩეთ და გადავრჩეთ; ღირებულებები, რომლებსაც ასე დაუნდობლად ებრძვის და ნაბიჯ-ნაბიჯ ანადგურებს “ქართული ოცნება”.

    ჩვენც ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ. ჩვენი არხის არსებობა დაარსების დღიდანვე არ იყო მარტივი. ამ გზაზე გადავიტანეთ უამრავი გამოწვევა, რასაც ბევრი, უბრალოდ, ვერ გაუძლებდა. ბევრი წარმატებაც გვქონდა და არც შეცდომებისგან ვიყავით დაზღვეული, თუმცა მათი გამოსწორებისა და არხის მუდმივი გაუმჯობესებისთვის უმძიმესი კრიზისების დროსაც კი არ დაგვიკლია ძალისხმევა. დახურვის პირასაც არაერთხელ ვყოფილვართ ამ წლების განმავლობაში, მაგრამ “მთავარი არხის” თითოეული თანამშრომლის პირადი თავდადებით, თავგანწირვითა და ერთგულებით, რიგითი ადამიანებისა თუ ჩვენი პარტნიორების გვერდში დგომით, ზოგჯერ თქვენგან ჩარიცხული თითო ლარით ან, უბრალოდ, გამხნევებით, მაინც ყველა ჯერზე გადავრჩით და წარმოუდგენელ ვითარებაში ვინარჩუნებდით საქართველოს ყველაზე გავლენიანი და რეიტინგული კრიტიკული არხის პოზიციას. იმდენად, რომ, ხშირად, თვითონაც კი გვიკვირდა საკუთარი მოთმინებისა და მიღწევების.

    ჩვენ მართლაც შეუძლებელს გავუძელით, მაგრამ, როგორც ეს საქართველოს ისტორიაში, სამწუხაროდ, ბევრჯერ ხდება, ჩვენი ციხეც შიგნიდან გატეხეს, გარე მტერი ვერ მოგვერია. ჩვენ დაგვანგრია სწორედ იმან, ვინც, თავის დროზე, ამ აუღებელი კედლების აშენებაში გვეხმარებოდა. ჩვენმა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თავისი პირადი მიზნებისა თუ შურისძიების გამო დახურვამდე მიიყვანა “მთავარი არხი” და ამით დიდი სამსახური გაუწია რუსულ რეჟიმს.

    ამ ეტაპზე მხოლოდ ჩვენი ციფრული დეპარტამენტი – სოციალური ქსელები და ვებ-გვერდი განაგრძობს მუშაობას. სატელევიზიო მაუწყებლობის შესანარჩუნებლად ჩვენ არანაირი საშუალება აღარ დაგვრჩა.

    დიდი მადლობა, რომ გვიყურებდით და გვისმენდით “მთავარი არხის” გუნდს, რომელიც ნებისმიერ ფასად აგრძელებდა თქვენთვის მუშაობას. კადრში თუ კადრს მიღმა, ჩვენ ისევ ძველი ღირებულებებით განვაგრძობთ ბრძოლას და ყველგან და ყოველთვის მთავარი იქნებით თქვენ, ქართველი ხალხი და ჩვენი საქართველო.

    მომავალ შეხვედრამდე.”- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

  • სტაბილურობის გარეშე ვერ იქნება ეკონომიკური წინსვლა, მადლობა გომელაურს – კობახიძე

    სტაბილურობის გარეშე ვერ იქნება ეკონომიკური წინსვლა, მადლობა გომელაურს – კობახიძე

    [ეკონომიკურ წინსვლაში] განსაკუთრებული წვლილი უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ უწყებებს მიუძღვის.

    მშვიდობის, უსაფრთხოების, სტაბილურობის გარეშე, რა თქმა უნდა, ვერ იქნება ვერავითარი ეკონომიკური წინსვლა და რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის შსს-ს. მადლობა მინდა გადავუხადო პირადად მინისტრს, ბატონ ვახტანგ გომელაურს.

    თქვენ გახსოვთ, გასული თვეების და რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ რა პროცესები გამოვიარეთ და რომ არა შსს-ს, მინისტრის, თითოეული პოლიციელის მოწოდების სიმაღლეზე დგომა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ შევინარჩუნებდით სტაბილურობას და შესაბამისად, არც ასეთი ეკონომიკური ზრდის მონაცემები გვექნებოდა

    თქვა ირაკლი კობახიძემ.