ხელშეკრულებები არასდროს იძლევა მშვიდობის გარანტიას. საქართველომ ეს 2008-ში ისწავლა; უკრაინამ 2014-ში, ყირიმის ანექსიით და ახლა უკვე რუსეთის 3-წლიანი სრულმასშტაბიანი ომით.
ჩვენ უნდა ვუპასუხოთ შეკითხვას, თუ როგორ შევაჩეროთ დემოკრატიების წინააღმდეგ მიმართული რუსული აგრესიის ისტორიული ციკლი.
სიძლიერე აკავებს აგრესორებს. სისუსტე მათ შინ პატიჟებს.
კიევი ვერ დათანხმდება კიდევ ერთ ბუდაპეშტის მემორანდუმს – მხოლოდ სიტყვები არასდროსაა უსაფრთხოების საკმარისი გარანტია.
ამიტომაც არის ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები უკრაინის არმიის უდიდესი მხარდამჭერი და ამიტომ უნდა იყოს უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები უკრაინაში ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი.
Category: ახალი ამბები
-

ხელშეკრულებები არასდროს იძლევა მშვიდობის გარანტიას. საქართველომ ეს 2008-ში, უკრაინამ 2014-ში ისწავლა – კალასი
-
უკრაინაში მებრძოლ ქართველს რუსეთის განაჩენის საფუძველზე შსს იარაღის ფლობის ნებართვას უუქმებს
უკრაინაში მებრძოლ ქართველს რუსეთის განაჩენის საფუძველზე შსს იარაღის ფლობის ნებართვას უუქმებს – შესაბამის ინფორმაციას, ქართველი მებრძოლი, რატი ბურდული თავად ავრცელებს და შსს-ს წერილს აქვეყნებს.
„გაცნობებთ, რომ საქართველოს კანონის “იარაღის შესახებ” 27-ე მუხლის “დ(5)” ნაწილის თანახმად ლიცენზია (ნებართვა) უქმდება იმ შემთხვევებში თუ: ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი.
ვინაიდან თქვენ მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა რუსეთის ფედერაციის სს კოდექსის 359-3 მუხლით გამამტყუნებელი განაჩენი, ამავე კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული შეტყობინების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში გევალებათ საქართველოს კანონმდებლობით…”, – წერია მის მიერ გამოქვეყნებულ წერილში.რატი ბურდულს რუსეთში ბრალად ედება 2022 წლის მარტსა და 2024 წლის აგვისტოს პერიოდში უკრაინის მხარეს ბრძოლა, მას რუსეთის სასამართლომ დაუსწრებლად 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
-

ოცნების პარლამენტმა პარტიების აკრძალვის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
ოცნების პარლამენტმა პარტიების ამკრძალავ საკანონმდებლო პაკეტს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი და დაამტკიცა.
ცნობისთვის, ქართული ოცნების მიერ ინიციირებული კანონპროექტის მიხედვით, “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონის 36-ე მუხლს მე-2 პუნქტი დაემატება. სასამართლოს შეეძლება აკრძალოს პარტია, რომელიც უკვე აკრძალული პარტიის იდენტურია – მათ შორის გაცხადებული მიზნებით, საქმიანობის არსითა და პერსონალური შემადგენლობით.
ცვლილებები შეეხება ორ კანონმდებლობას – „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ და „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონებს. პარტიის აკრძალვა შესაძლებელია, თუ ის ემუქრება კონსტიტუციურ წესრიგს, დამოუკიდებლობას, ან აწარმოებს ძალადობის პროპაგანდას.
- “წარმოდგენილი კანონპროექტის მიღებით, საკონსტიტუციო სასამართლოს ექნება შესაძლებლობა განახორციელოს ეფექტიანი საკონსტიტუციო კონტროლი პოლიტიკური პარტიებზე, რომელთა მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. შესაბამისად, იმ პირებს, რომლებსაც აქვთ სურვილი კვლავ ზემოაღნიშნული პარტიების არსებითად მსგავსი ახალი პარტიები დააფუძნონ და კვლავ განაგრძონ არაკონსტიტუციური საქმიანობა, სასამართლო წესით აეკრძალებათ ასეთი ფიქციური პარტიების მეშვეობით მოქმედება”. – წერია ოცნების მიერ წარდგენილ კანონპროექტში.
-

ხელისუფლების სრული სასოწარკვეთილება – ზურაბიშვილი კობახიძის წერილზე
“საზოგადოებას მოვუწოდებ, წაიკითხოს ე.წ. პრემიერის წერილი აშშ-ის პრეზიდენტისადმი. ეს არის, პირველ რიგში, სამარცხვინო: აქ დაცული არ არის არც ერთი პროტოკოლური და არც მეგობრული ურთიერთობა, და წერილს ამის არანაირი ნიშანი აღარ გააჩნია. არ ვიცი, ვინ დაუწერა; არ ვიცი, რა განწყობით დაიწერა ეს წერილი, მაგრამ რაც ჩანს – ამას უნდა ვუყურებდეთ.
აქ ჩანს ხელისუფლების სრული სასოწარკვეთა. ეს, ალბათ, პირველი შედეგია იმის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერც ვერაფერი დაალაგა, ვერც ვერაფერს დაალაგებს. ის ვერც MEGOBARI Act-ის შედეგებს დაალაგებს, და ცხადია, რომ ძალიან დიდი ნერვიულობაა „ქართული ოცნების“ რიგებში. ამის გამომჟღავნებაა ეს წერილი.
ძალიან მაინტერესებს, ოდესმე თუ წაიკითხავს ამას ამერიკის პრეზიდენტი. ალბათ დღეს ამისთვის არ სცალია – ნაკლებად სცალია. მაგრამ ვინც წაიკითხავს, ძალიან სამწუხაროა – ეს მათთვის იქნება გამაოგნებელი. გამაოგნებელი იქნება იმ ქვეყნიდან წამოსული წერილი, რომელსაც ამერიკა 30 წელზე მეტია ყველა კუთხითა და ფორმით ეხმარება: ამერიკა, რომელმაც ჩვენ ჯარი პრაქტიკულად მოგვცა, მოამზადა იმისთვის, რომ მას ჰქონდეს თანამედროვე სტანდარტები, რომელიც მოგვეხმარება იმისთვის, რომ ქართული ეკონომიკა იყოს თავის ადგილზე.
და 30 წელი ვიყავით ერთ-ერთი პირველი ბენეფიციარი ამერიკული დახმარების. ეს არის ჩვენი პასუხი. ეს არის ქართული ტრადიციული მადლიერება. ჩვენი ტრადიციები სად იკარგება – არ ვიცი. მაგრამ ეს რომ არის მაჩვენებელი ამ ხელისუფლების მორალურად და პოლიტიკურად ჩამოშლის, ეს არის ის, რაც ჩვენ დღეს უნდა დავინახოთ”
ასე ეხმაურება, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების” პრემიერის, ირაკლი კობახიძის ღია წერილს, რომლითაც მან აშშ-ის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს მიმართა.
-
“რუსული მხარე ხუთშაბათს დაგეგმილი მოლაპარაკებებისთვის მზადებას აგრძელებს” – პესკოვი
“რუსული მხარე ხუთშაბათს დაგეგმილი მოლაპარაკებებისთვის მზადებას აგრძელებს,”
ამის შესახებ, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს.
-
ვტოვებ მერის თანამდებობას, მადლობა ქართული ოცნების დიდ ოჯახს – არჩილ ჩიქოვანი
მივიღე გადაწყვეტილება ბათუმის მერის თანამდებობის დატოვების შესახებ.
ქალაქის ხელმძღვანელად ყოფნა იყო დიდი პატივი და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა. მინდა, მადლობა გადავუხადო ბათუმელებს გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის, მადლობა იმ გუნდს, რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში ვმუშაობდი ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ.
განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო ქართული ოცნების დიდ ოჯახს და, რა თქმა უნდა, ვრჩები ამ გუნდის ერთგულ წევრად.
-

ჰეროინი, მეთადონი, მარიხუანა, კანაფი – ნარკოდანაშაულის ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების, გასაღების მცდელობის, გასაღების მომზადებისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით სამართალდამცველებმა 1982 წელს დაბადებული შ.ვ., 1996 წელს დაბადებული ი. მ. და უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 2006 წელს დაბადებული დ. ს., 1974 წელს დაბადებული ა.ბ. და 1995 წელს დაბადებული ს.კ. დააკავეს.
„პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელა ნარკოტიკის საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად და მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის : „ჰეროინი“, „მეთადონი“, „მარიხუანა“ და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე, ამოღებულია ელექტრო სასწორები და ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე ტერცია, 18-260-ე ტერცია, 265-ე და 273 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
-
საგამოძიებომ TV პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტვ პირველის ჟურნალისტზე, მარიამ მაკასარიშვილისა და მის ოპერატორზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე დაიწყო, რაც ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს.
დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ორმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე.
ცნობისთვის, დღეს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილი პირველი მოადგილის, გიორგი შინჯიკაშვილის მამა ტელეკომპანიის ჟურნალისტ, მარიამ მაკასარაშვილს ფიზიკურად გაუსწორდა.
-
რუსები სრულიად უგულებელყოფენ 12 მაისიდან ცეცხლის სრული და მდგრადი შეწყვეტის შეთავაზებას – სიბიგა
„მოსკოვი ხელიდან უშვებს კიდევ ერთ შესაძლებლობას, რომ ბოლო მოუღოს მკვლელობებს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსეთის ერთადერთი მიზანი ომის გახანგრძლივებაა,.[…] უკრაინა, რუსეთისგან განსხვავებით, ყველა ღონეს ხმარობს ომის დასასრულებლად და დიპლომატიისთვის შანსის მისაცემად. პრეზიდენტი ზელენსკი პუტინთან პირადად შეხვედრის შეთავაზებითაც კი გამოვიდა, თუმცა ჯერჯერობით პასუხი არ ყოფილა. ჩვენ განვიხილეთ შესაძლო ნაბიჯები, მათ შორის რუსეთის საბანკო, ცენტრალური ბანკისა და ენერგეტიკის სექტორების წინააღმდეგ სანქციები, უკრაინისთვის თავდაცვის ახალი დახმარების პაკეტებთან ერთად. პუტინმა უნდა გაიგოს სამშვიდობო მცდელობების უარყოფისა და ომის გაგრძელების შედეგები”,
ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, პოლონეთის, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, კაია კალასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელსაც ონლაინ ფორმატში დაესწრო.
-
TV პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ოცნებას ვაკისრებთ – ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
”TV პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ოცნებას ვაკისრებთ”- საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფზე განხორციელებულ თავდასხმას გმობს და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ინციდენტის სწრაფად გამოძიებისკენ მოუწოდებს.
“ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია. განსაკუთრებით საგანგაშოა, როცა ეს ხდება ფიზიკური შეურაცხყოფის თანხლებით და როცა მოძალადე პირები განზრახ აზიანებენ პროფესიულ აპარატურას.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მედიაჩეკერთან დაადასტურა, რომ გამოძიება დაიწყო. თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია და ინციდენტის სწრაფად გამოძიება სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს.
ქარტია მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობას ქართულ ოცნებას აკისრებს, რომლის რეპრესიული პოლიტიკა მედიის მიმართ ქმნის გარემოს, სადაც ჟურნალისტების უსაფრთხოება და უფლებები დაცული არ არის და სადაც ადამიანები თავს უფლებას აძლევენ, ჟურნალისტებს თავს დაესხან და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფონზე კი დღემდე არ არის გამოვლენილი და პასუხისგებაში მიცემული არცერთი პირი, რომელმაც ბოლო თვეების განმავლობაში ჟურნალისტებზე იძალადა”, – ვკითხულობთ ქარტიის განცხადებაში.