Category: ახალი ამბები

  • ან ძველი ბიჭი იყავი ან პარლამენტარი, დააყენე ერთი ადგილი – კაკულია გოგიჩაიშვილს

    ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე, სადაც აზარტული თამაშების კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მიმდინარეობს, დამოუკიდებელ დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილსა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრ რომან კაკულიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

    გოგიჩაიშვილის განცხადებით, მის მიერ 6 თვის წინ დარეგისტრირებული კანონპროექტი “ქართულმა ოცნებამ” გადადო, მთავრობის მიერ დარეგისტრირებული კანონპროექტი კი დაჩქარებული წესით განიხილება.

    „რა სტანდარტს აჩვენებს „ქართული ოცნება“?! ამით რას აჩვენებთ, რომ ძალიან მაგრები ხართ და ჩვენ გადაგვიგრიხეთ ხელები?! მაგარი ბიჭების როლს თამაშობთ „ქართული ოცნება“ დღეს პარლამენტში თუ რა კულტურაა მაინტერესებს?!”, – მიმართა გოგიჩაიშვილმა კაკულიას.

    კაკულიამ უპასუხა, რომ მის კომიტეტს გოგიჩაიშვილის მიერ მომზადებული კანონპროექტი განხილული აქვს და მას შენიშვნა მისცა.

    “თქვენ, რომ გელაპარაკებით, ვგულისხმობ იმ საქციელს რასაც თქვენ სჩადიხართ. ხელი აუქნიე „ნაციონალურ მოძრაობას“. ყველამ უნდა გაიგოს ვინები ხართ”, – უთხრა გოგიჩაიშვილმა კაკულიას, რაზეც მან უპასუხა, რომ “ერთი ადგილი დააყენოს”.

    “მორჩი რაა, ნუ ლაპარაკობ ასე. რა ხელის აქნევაზე ლაპარაკობ. შენზე ნაკლები ტონი არ მაქვს. შენი საქციელი რაში ჯდება? ჩხუბი გინდა მაინც და მაინც?! რას მიძაბავ ტონს. ან ძველი ბიჭი იყავი ან პარლამენტარი. ძალიან გეშლება თუ გგონია, რომ ან შენზე ნაკლები ტონი მაქვს ან სხვა რამე. დააყენე ერთი ადგილი რა. გეუბნები მხარი დაგიჭირე და დაელოდე შედეგებს. შენი მორალის წასაკითხი არაფერი მჭირს”, – მიმართა კაკულიამ გოგიჩაიშვილს.

  • ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორი ელჩები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

    8 მარტის შეთანხმება იყო პოლიტიკური პარტიებისა და პარლამენტის წევრთა დიდი უმრავლესობის მიერ მიღწეული ისტორიული მნიშვნელობის წარმატება, – საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ერთობლივ განცხადებას ამის შესახებ საქართველოში პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორები ავრცელებენ.

    „პარლამენტი ემზადება რა საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრისთვის, რომლის შედეგად უფრო მეტად პროპორციული საარჩევნო სისტემა უნდა ჩამოყალიბდეს საქართველოში, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა მხარეს 8 მარტის შეთანხმების სრულყოფილად შესრულებისკენ. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ რჩება აზრთა სხვაობა შეთანხმების ერთობლივი განცხადების ნაწილის შესრულებასთან დაკავშირებით. ამასთანავე, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შეთანხმებულ პირობას, რაც გულისხმობდა იმ ქმედებებზე რეაგირებას, რომლებიც შეიძლება აღქმული იყოს საქართველოს სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაციად, კვლავაც ექნება კრიტიკული მნიშვნელობა მოახლოებული არჩევნების პერიოდში და მის შესრულებას უწყვეტად და ყურადღებით დავაკვირდებით. ამავდროულად, საქართველოს დემოკრატიული პროცესისთვის ამ საკონსტიტუციო ცვლილებების მნიშვნელობის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ 8 მარტის შეთანხმების ყველა ხელმომწერს ამ მნიშვნელოვან კენჭისყრაში მონაწილეობისა და ცვლილებების სრულად მიღებისკენ. ამ ცვლილებებისა და განხილვის პროცესში მყოფი საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობის მიღება, რომელიც ითვალისწინებს ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს, ხელს შეუწყობს საქართველოს პროგრესს უფრო წარმომადგენლობითი პარლამენტის ფორმირებისა და პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზაციისკენ; ჩვენ გულწრფელად გვჯერა, რომ ეს მიღწევები საქართველოს დემოკრატიისა და ქართველი ხალხის ინტერესებშია,“ – ნათქვამია ფასილიტატოსრების ერთობლივ განცხადებაში.

  • რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი შეკრება-მანიფესტაციის გამო, სატრანსპორტო მოძრაობა დროებით იზღუდება

    რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი შეკრება-მანიფესტაციის გამო, 20 ივნისს, 14:00 საათიდან სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ავტომანქანების მძღოლები პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებას ალტერნტიული ქუჩების გამოყენებით შეძლებენ.

    მელიქიშვილის ქუჩიდან თავისუფლების მოედნისკენ მოძრავ ავტომობილებს შეეძლებათ, ლესია უკრაინკას, ჟვანიასა და ჩიტაძის ქუჩებზე გადაინაცვლონ, ხოლო უკუმიმართულებისას, ფურცელაძის, თაბუკაშვილისა და ჯორჯაძის ქუჩების გამოყენებით იმოძრაონ.

    რუსთაველის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით იცვლება და გადაადგილება შესაძლებელი იქნება შემდეგი მარშრუტით:

    N6, N14, N33, N42, N52, N58, N61, N87, N88 და N150 ავტობუსები ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, რუსთაველის გამზირის ნაცვლად, მელიქიშვილის ქუჩიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით, ბარათაშვილის ქუჩაზე მოხვდებიან. უკუმიმართულებისას, აღნიშნული მარშრუტები თავისუფლების მოედანზე დატრიალდებიან და მარჯვენა სანაპიროზე გავლენ, საიდანაც თბილისის საკონცერტო დარბაზის (ფილარმონია) მიმდებარე ტერიტორიას მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის მეშვეობით დაუკავშირდებიან, შემდეგ კი, მოძრაობას დადგენილი მარშრუტით გააგრძელებენ.

    ავტობუსების – N31, N37 და N46 მარშრუტები მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმართულებით მოძრაობისას, ასევე, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩით ისარგებლებენ და მარჯვენა სანაპიროს გავლით, მოძრაობას ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით გააგრძელებენ, რის შემდეგაც, დადგენილი სქემით გადაადგილდებიან. უკუმიმართულებისას, იმავე მარშრუტით კოსტავას ქუჩას დაუკავშირდებიან, შემდეგ კი გადაადგილებას დადგენილი სქემით შეძლებენ.

    რაც შეეხება N20, N3 და N95 მარშრუტებს, მათ ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, სქემა არ ეცვლებათ. უკუმიმართულებისას, ბარათაშვილის ხიდიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გავლენ და კვლავ ბარათაშვილის ხიდის გავლით, მოძრაობას მარჯვენა სანაპიროსკენ გააგრძელებენ, ხოლო შემდგომ ზაარბრიუკენის ხიდის მეშვეობით, დადგენილი სქემით იმოძრავებენ; N124 ავტობუსის ბოლო გაჩერება მეტროსადგურ „რუსთაველის“ ნაცვლად, ბარათაშვილის ქ. N2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლებს; N80 მარშრუტი კი თავისუფლების მოედანზე დატრიალდება და მოძრაობას ე.წ. კონკასთან დაასრულებს.

    მიკროავტობუსები – N2, N31, N41, N64, N72, N120, N133, N137 და N170 ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, მელიქიშვილის ქუჩიდან ასევე, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით გადაადგილდებიან. უკუმიმართულებისას, ბარათაშვილის ქუჩის დახმარებით, თაბუკაშვილის ქუჩაზე მოხვდებიან და ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრაობას დადგენილი სქემით გააგრძელებენ; N10, N140 და N149 მიკროავტობუსები კოტე აფხაზის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ. შემდგომ გადავლენ მარცხენა სანაპიროზე და ბარათაშვილის ხიდის გავლით, თაბუკაშვილის ქუჩაზე მოხვდებიან, ჭანტურიას ქუჩიდან კი შეეძლებათ, დადგენილი სქემით იმოძრაონ.

    N145 მიკროავტობუსი თავისუფლების მოედნისკენ მელიქიშვილის ქუჩის გავლით იმოძრავებს. კერძოდ, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის, მარჯვენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ქუჩის გავლის შემდეგ, თაბუკაშვილის ქუჩაზე მოხვდება და მოძრაობას დადგენილი სქემით გააგრძელებს.

  • ბრიტანეთის ელჩი შიდა ტურიზმს მურმან ლებანიძის ლექსით უჭერს მხარს

    ბრიტანეთის ელჩი, ჯასტინ მაკენზი სმიტი სოციალურ ქსელ Twitter-ზე მურმან ლებანიძის ლექსს აქვეყნებს, და ამის საქართველოს შიდა ტურიზმს  მხარდაჭერად უცხადებს. ბრიტანეთის ელჩი ლექსს ასევე ურთავს საქართველოში გადაღებულ ფოტოს ჰეშთეგებით: “ერთად დავამარცხებთ”; “შიდა ტურიზმი”.

    ““რიონს აღმა მივუყვები, ჩემსას ვზვერავ ზემო რაჭას; რა ხეობა-ჭიუხები! რა სამოთხე! ხალხი არ ჩანს!” რაჭა – მურმან ლებანიძე “Racha” – Murman Lebanidze”-

     

  • აკინძულია სიტყვა-სიტყვით მონტაჟით, არ არის ავთენტური – გვარამია გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე

    მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია უკრაინული გამოცემის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს ეხმიანება, რომელშიც , სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი გიორგი გაბუნიას საქმეზე საუბრობენ.

    გვარამიას თქმით, აუდიოჩანაწერი სიტყვა-სიტყვა აწყობილი და დამონტაჟებულია, ასევე ის არის არაკანონერი და არაავთენტურია.

    “მე ვისმინე ეს ფარული ჩანაწერი, მე არ ვიცი რა ჩავაფლავე, ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ ეს არ არის ჩემთვის ვალიდური წყარო, რომელსაც დაავეყრდნობოდი. აკინძულია სიტყვა-სიტყვით ეს ჩანაწერი, თუმცა რაღაცები იქ იკითხება ამ თემასთან დაკავშირებით, ჯერ ერთი კანონიერი არ არის და ავთენტური დანამდვილებით არ არის, ეს როგორც პროფესიონალმა შემიძლია გითხრათ”,- ამბობს ნიკა გვარამია.

    მისივე თქმით, არ არსებობს უფრო აღმატებული მიზანი მისთვის, ვიდრე ადამიანის, მითუმეტეს მისი თანამშრომლისა და მეგობრის სიცოცხლის დაცვა.

    ცნობისთვის, უკრაინულმა საიტმა გამოაქვეყნა ფარული აუდიოჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმეზე საუბრობენ და უკმაყოფილებას გამოხატავენ იმის გამო, რომ ნიკა გვარამაიამ გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა.

    აუდიოჩანაწერს მითითებული აქვს უკრაინული სუბტიტრები. დადასტურებული არ არის მისი  ავთენტურობა. ასევე, უცნობია, როგორ მოიპოვა ან რა მიზნით გაავრცელა ჩანაწერი უკრაინულმა გამოცემამ.

    გიორგი გაბუნიას თქმით, ამ ჩანაწერზე ინფორმაცია არ აქვს და კომენტარს ვერ გააკეთებს. ჩანაწერს არ გამოხმაურებია არც მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი.

  • მაჟორიტარებს სიურპრიზები არ გვახასიათებს, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დავუჭერთ – ხუნდაძე

    მაჟორიტარებს სიურპრიზები არ გვახასიათებს, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დავუჭერთ – ხუნდაძე

    უმრავლესობის მაჟორიტარი დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ მაჟორიტარებს სიურპრიზები არ ახასიათებთ, ამიტომ საკონსტიტიციო ცვლილებებს მხარს დაუჭერენ.

    „ჩვენ სიურპრიზები არ ვიცით, ჩვენ ვიცით წინასწარ გაფრთხილება. გახსოვთ მაშინ, როცა ჩვენ გავწიეთ წინააღმდეგობა სესიაზე, ჩვენ გავაფრთხილეთ როგორც უმრავლესობა, ასევე უმცირესობა წინასწარ. წინა დღეებში, წინა კვირებში ჩვენ ვაკეთებდით ამ განცხადებებს და ვაფიქსირებდით ჩვენ პოზიციას. ასე რომ, ჩვენ სიურპრიზები არ გვახასიათებს, ჩვენ გვახასიათებს ჩვენი პოზიცია, ამჯერად ჩვენი პოზიციაა იმდაგვარი, რომ ჩვენ დავუჭერთ მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს უკლებლივ.

    უმრავლესობის სხდომაზე ძირითადად, იქნება საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის საკითხი. ჩვენ კიდევ ერთხელ გავივლით, თუ ვინმეს აქვს წინააღმდეგობა, რომ იქნას შიგნით დაფიქსირებული. ძირითადად, მაჟორიტარებზე იყო მოლოდინი, რომ შესაძლო იყო წინააღმდეგობა გაეწიათ, მაგრამ გიდასტურებთ, რომ მაჟორიტარები, რომლებსაც გვქონდა გარკვეულწილად, სხვა პოზიცია, ჩვენ მხარს დავუჭერთ,”- განაცხადა ხუნდაძემ.

    შეგახსენებთ, უმრავლესობის სხდომა დღეს 15:00 საათზეა ჩანიშნული. დღესვე საკონსტიტუციო ცვლილებებს იურიდიულ კომიტეტში განიხილავენ. 21 ივნისს კი, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვა და კენჭისყრა იგეგმება.

  • ჩემი წყაროს ინფორმაციით, ბოკოვი არ არის ქილერი, მარშრუტის შემსწავლელი ჯგუფის წევრია – გვარამია

    მთავარი არხის დირექტორის ნიკა გვარამიას დაკითხვა დასრულდა. მან გამოსვლისას კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ გაბუნიასთვის დაცვის შეთავაზება ნიშნავს, რომ საფრთხე კვლავ არსებობს. მისივე ცნობით, ბოკოვი, რომელიც სუს-მა დააკავა, არ არის მკვლელი, ის მარშრუტის შემსწავლელი ჯგუფის ერთ-ერთი წევრია.

    გვარამიას განცხადებით, მისი წყარო არის სუს-ის მაღალჩინოსანი და ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც უშიშროების ორგანოებში არ მუშაობს. მისივე თქმით, წყაროების შესახებ გამოძიებას ინფორმაცია მიაწოდა.

    ცნობისთვის, გიორგი გაბუნიას სახელმწიფო დაცვა შესთავაზეს. მიიღებენ თუ არა აღნიშნულ შეთავაზებას, ჯერჯერობით უცნობია და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ის კონსულტაციას ადვოკატთან გაივლის.

  • ისეთი მებრძოლი კაცია, მგონია 301-ე არაგველი – ნათელაშვილი ხაბეიშვილზე

    ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, მაჟორიტარობის წარდგენისას ენმ-ს წევრს, ლევან ხაბეიშვილს 301-ე არაგველი უწოდა. მისი თქმით, სამგორის რაიონში ხაბეიშვილის მხარდაჭერა ყველას სამოქალაქო პასუხისმგებლობაა.

    “როდესაც ბატონ ლევან ხაბეიშვილს ვუყურებ, მომავლის იმედი მეძლევა. ისეთი მებრძოლი კაცია, მგონია 301-ე არაგველი. ნეპოტიზმის, კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ლიდერია ეს ახალგაზრდა რაინდი. ვფიქრობ, მისი მხარდაჭერა ყველა ჩვენგანის სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ვალია სამგორის რაიონში”,- თქვა ნათელაშვილმა.

    ოპოზიციამ დღეს თბილისის მაჟორიტარობის 6 კანდიდატი დაასახელა. 

  • ვინ იქნებიან თბილისში ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატები – შეთანხმება მიღწეულია

    ოპოზიციური სპექტრი საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმდნენ. გადაწყვეტილება ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა გამოაცხადა.

    • ელენე ხოშტარია – ვაკე
    • ნიკა მელია – გლდანი
    • გიორგი ვაშაძე – ისანი
    • ლევან ხაბეიშვილი – სამგორი
    • შალვა შავგულაძე – მთაწმინდა
    • შალვა ნათელაშვილი – ნაძალადევი

    ნათელაშვილის თქმით, დანარჩენ 2 კანდიდატზე კონსულტაციები მიმდინარეობს.

     

  • უკრაინული საიტი, სავარაუდოდ, სააკაშვილისა და ადეიშვილის აუდიოჩანაწერს აქვეყნებს – ავთენტურობა დაუდგენელია

    ტელეკომპანია „იმედი“ და primtime-ი უკრაინულ საიტ Obozervatel.сom-ზე დაყრდნობით აქვეყნებს აუდიოჩანაწერს, რომელშიც, ტელეკომპანიის ინფორმაციით, სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმეზე საუბრობენ.

    აუდიოჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, ყოფილი თანამდებობის პირები უკმაყოფილებას გამოხატავენ იმის გამო, რომ ნიკა გვარამაიამ გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა.

    აუდიოჩანაწერს მითითებული აქვს უკრაინული სუბტიტრები. დადასტურებული არ არის მისი  ავთენტურობა. ასევე, უცნობია, როგორ მოიპოვა ან რა მიზნით გაავრცელა ჩანაწერი უკრაინულმა გამოცემამ.

    გიორგი გაბუნიას თქმით, ამ ჩანაწერზე ინფორმაცია არ აქვს და კომენტარს ვერ გააკეთებს. ჩანაწერს არ გამოხმაურებია არც მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი.