Category: ახალი ამბები

  • სად იყო თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვალებამდე 2 კვირით ადრე–საქმის ახალი დეტალები

    სად იყო თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვალებამდე 2 კვირით ადრე–საქმის ახალი დეტალები

    დროების კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, 23 წლის  გარდაცვლილი პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი გაუჩინარებამდე რამდენიმე დღით ადრე უნივერსიტეტის ქუჩაზე, ერთერთ შენობაში იმყოფებოდა.

    დროების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილი გაუჩინარებამდე ორი კვირით ადრე ახალ სამსახურს ეძებდა და მისი მონაცემები კომპანია “კონექტში” ჰქონდა გადაგზავნილი. კომპანია უნივერსიტეტის ქუჩაზე 17 ნომერში მდებარეობს.

    დროებას წყარო უყვება, რომ ამავე კომპანიაში ბაჩალიაშვილს კონკრეტული დავალება მისცეს, რომელიც 20 ივლისს უნდა მიეტანა. რა ტიპის დავალებაზეა საუბარი უცნობია. კომპანიაში აცხადებენ, რომ მათ პროგრამისტისგან მხოლოდ cv მიიღეს.

    კომპანია კონექტის შესახებ გამოძიება, სავარაუდოდ, ინფორმირებულია. დროების  ინფორმაციით, გამოძიებამ უკვე იცის სად გაგზავნა, ბაჩალიაშვილმა CV გაუჩინარებამდე ორი კვირით ადრე. ამას ადასტურებს იმავე შენობაში არსებული VTB ბანკის თანამშრომელი, რომელიც ადასტურებს, რომ სამართალდამცველები შენობის სათვალთვალო კამერით დაინტერესდნენ.

    კომპანია “კონექტის” მიმდებარე ტერიტორიაზე 4 სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული. აქედან მხოლოდ ორი – “ვითიბი” ბანკის კამერა მუშაობს. შენობის ბალანსზე არცერთი კამერა არაა. კორპუსის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი გვიყვება, რომ დაახლოებით ორი კვირის წინ სამართალდამცველებმა კამერები ნამდვილად მოიკითხეს, თუმცა მისი ინფორცმაციით ეს ამ რეზონანსულ საქმეს არ ეხებოდა. კომპანია კონექტის ხელმძღვანელი გამოკითხვაზე ამ დრომდე არ დაუბარებიათ.

    პროკურატურამ 4 სექტემბერს ბაჩალიაშვილის ვიდეოკადრები გამოაქვეყნა, რომელზეც ჩანს, რომ 17 ივლისს რამდენიმე სხვადასხვა აფთიაქში წამლები იყიდა, თუმცა ამ დრომდე არ არის გასაჯაროებული დრონის კადრები, სადაც ბაჩალიაშვილის სამძებრო ოპერაცია უნდა ასახულიყო.

    ამ დრომდე საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. ოჯახი საგამოძიებო უწყებას უნდობლობას უცხადებს და სუიციდის ვერსიის ისევ არ სჯერა.

  • ბათუმში “ორბის” თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

    ბათუმში “ორბის” თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

    ბათუმში “ორბის” ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ინფიცირებული ქალი დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია, თუმცა ის სამსახურში ბოლო ორი კვირის განმავლობაში არ ყოფილა და Covid-19 რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა. ქალის ინფიცირების წყარო, სავარაუდოდ, საკონდიტრო “დონაა”.

    როგორც ცნობილია, ინფიცირებული ქალი საკონსტიტუციო სასამართლო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თამაშრომლის დედაა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ასევე  დაუდასტურდა კორონავირუსი.

    ცნობისთვის, კორონავირუსით ინფიცირების 29 ახალი შემთხვევიდან 15 ბათუმს უკავშირდება, მათ შორის 2 საკონდიტრო დონას კლასტერს.

    შეგახსენებთ, რომ დღეს, 6 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

  • Covid19-ის რუსული ვაქცინით პუტინის შვილი აიცრა. შეიძლება თუ არა უკვე ამ ვაქცინის გამოყენება

    Covid19-ის რუსული ვაქცინით პუტინის შვილი აიცრა. შეიძლება თუ არა უკვე ამ ვაქცინის გამოყენება

    რუსმა მეცნიერებმა ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალ Lancet-ში კორონავირუსის რუსული ვაქცინის კვლევის შედეგების შესახებ სტატია გამოაქვეყნეს. პუბლიკაციაში ისინი ამტკიცებენ, რომ რუსულ პრეპარატს შეუძლია ადამიანის ორგანიზმში Covid19-ის წინააღმდეგ იმუნიტეტი შექმნას. თუმცა დასავლელი ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ ვაქცინის ფართო გამოყენებამდე კიდევ გრძელი გზაა გასავლელი.

    სტატიაში ნათქვამია, რომ კვლევის მონაწილე ყველა პაციენტის ორგანიზმში ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები გამომუშავდა და არცერთ მათგანს სერიოზული გვერდითი მოვლენები არ ქონია. საუბარია ვაქცინაზე სახელწოდებით “Спутник-V”, რომელზეც გამალეის სამეცნიერო კვლევის ცენტრმა და რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ერთობლივად იმუშავეს.

    რუსეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, სადაც მოხმარებისთვის თანხმობა მიიღო კორონავირუსის ვაქცინამ. 11 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პრეპარატი უკვე დარეგისტრირებულია და მის ერთ–ერთ ქალიშვილს აცრა უკვე გაუკეთეს. ამასთან, პუტინმა თქვა რომ პირველი ნემსის შემდეგ მის შვილს სიცხემ 38 გრადუსამდე აუწია, მეორე დღეს უკვე 37 გრადუსი ჰქონდა. მეორე ნემსის შემდეგაც ტემპერატურამ მცირედით მოიმატა, თუმცა შემდეგ ყველაფერი მოგვარდა და ის თავს კარგად გრძნობს.

     

    შაბათს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ აცრა გაიკეთა. “თავს საკმაოდ ნორმალურად ვგრძნობ, არც ტემპერატერა მომატებულა, არც სხვა რაიმე გართულება ყოფილა. ყველას ვურჩევ ამ ვაქცინის გაკეთებას “– ციტირებს ინეტრფაქსი შოიგუს.

     

    ბევრი დასავლელი ექსპერტი ამბობდა, რომ კლინიკური კვლევების მაშტაბი მეტისმეტად მცირეა, რათა ვაქცინის ეფექტურობა და უსაფრთხოება დაამტკიცოს. ზოგიერთი მეცნიერი აღნიშნავდა, რომ რუსული ვაქცინის გამოყენება მეტისმეტად სწრაფად დაიწყეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა საჭირო პროცედურა მისი შემუშავებისას დაცული არ ყოფილა.

    თუმცა, მოსკოვი ამტკიცებს, რომ Lancet-ში გამოქვეყნებული კვლევის შედეგები კრიტიკოსების ყველა პრეტენზიას პასუხობს.

     

    რა წერია პუბლიკაციაში?

    სტატიის მიხედვით ვაქცინამ კლინიკაური კვლევების ორი სერია ივნისში და ივლისში გაიარა. ყოველ მათგანში 28 ჯანმრთელი მოხალისე მონაწილეობდა 18–დან 60 წლის ასაკამდე. ყოველმა მათგანმა ვაქცინა ორჯერ მიიღო – პირველი დოზის მიღებიდან სამი კვირის შემდეგ დამატებითი დოზა.

    ექიმები კვლევის  მონაწილეთა ჯანმრთელობის მდგომარეობას 42 დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ. ისინი ამტკიცებენ, რომ სამ კვირაში ყველა მათგანის სისხლში კორონავირუსის ანტისხეულები გაჩნდა. ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენა იყო თავის და სახსრების ტკივილი.

    კვლევებში შემთხვევითი შერჩევის მეთოდი და პლაცებო არ გამოუყენებიათ, ანუ ყველა მოხალისემ იცოდა, რომ კორონავირუსის ვაქცინას იღებდა.

    “იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ ვაქცინის გრძელვადიან უსაფრთხოებასა და ეფექტურობაში, საჭიროა სრულმაშტაბიანი და გრძელვადიანი კვლევა, მათ შორის პლაცებოს გამოყენებასთან შედარება“ – ნათქვამია პუბლიკაციაში.

    სტატიის ავტორები წერენ, რომ კვლევის მესამე ფაზაში მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ასაკის 40 ათასი მოხალისე სხვადასხვა რისკჯგუფიდან.

  • გორში ავარიას 12 წლის ბავშვი ემსხვერპლა – ავტომობილს მისი მამა მართავდა

    გორში ავარიას 12 წლის ბავშვი ემსხვერპლა – ავტომობილს მისი მამა მართავდა

    გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 12 წლის მოზარდი გარდაიცვალა. გორი-ტყვიავის საავტომობილო გზაზე მოძრავი ოპელის მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა, მანქანას ბავშვის მამა მართავდა.

    თვითმხილველები ამბობენ, რომ მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მას მართვისას 12 წლის შვილი კალთაში ეჯდა.

    სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მოზარდი კლინიკა “გორმედში” გადაიყვანა, თუმცა მედპერსონალის განცხადებით, კლინიკაში შეყვანისას ბავშვი გარდაცვლილი იყო. თავად ავტომობილის მძღოლს, ბავშვის მამა დაზიანებები არ მიუღია.

    ადგილზე იმყოფებიან შსს-ს თანამშრომლები.

  • მობრძანდეს, მობრძანდეს – გახარია მიხეილ სააკაშვილზე

    მობრძანდეს, მობრძანდეს – გახარია მიხეილ სააკაშვილზე

    “მობრძანდეს… მობრძანდეს”. – ასე ეხმიანება პრემიერმინისტრი გიორგი გახარია მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ ჩამოსვლასთან დაკავშირებულ გეგმებზე ხვალ ისაუბრებს.

    “ხვალ გავაკეთებ მიმართვას ჩემი დაბრუნების გეგმასთან დაკავშირებით”. – წერს სააკაშვილი ფეისბუქ გვერდზე.

    მან 27 სექტემბერს ვიდეომიმართვაც გაავრცელა, რომელშიც განაცხადა, რომ საქართველოში ბრუნდება.

  • აჭარის ტელევიზიის მაუწყებლობა ხვალიდან აღდგება – თანამშრომლებს COVID-19 არ დაუდგინდათ

    აჭარის ტელევიზიის მაუწყებლობა ხვალიდან აღდგება – თანამშრომლებს COVID-19 არ დაუდგინდათ

    აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის, გიორგი კოხრეიძის ინფორმაციით, აჭარის ტელევიზია მაუწყებლობას ხვალიდან განახლდება.

    “აჭარის ტელევიზია ხვალ აღადგენს მაუწყებლობას. თანამშრომლები დაემორჩილებიან იმ ინსტრუქტაჟს, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მოგვცა. თვითიზოლაციაში და კარანტინში მყოფი თანამშრომლები 12 დღის შემდეგ ხელახლა გაიტესტებიან და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში დაუბრუნდებიან სამუშაო ადგილს”,– თქვა კოხრეიძემ.

    რამდენიმე დღის წინ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის გამო 5 სექტემბერს ტელევიზიამ მაუწყებლობა შეწყვიტა.

  • ჩაკეტილი ადამიანი იყო, რას განიცდიდა, არ ამბობდა – რას წერს ბაჩალიაშვილის ბებია ჩვენებაში

    ჩაკეტილი ადამიანი იყო, რას განიცდიდა, არ ამბობდა – რას წერს ბაჩალიაშვილის ბებია ჩვენებაში

    თამარ ბაჩალიაშვილის ბებიის, რიტა ზურაბიშვილი ჩვენებაში ყვება, რომ მისი შვილიშვილი ჩაკეტილი და ემოციური ადამიანი იყო.

    მისი ჩვენების მიხედვით, ბაჩალიაშვილი ამზადებდა პროექტს, მაგრამ რა ტიპის პროექტზეა საუბარი, გარდაცვლილის ბებიისთვის უცნობია.

    “თამარ ბაჩალიაშვილთან მქონდა ძალიან ახლო, ბებია-შვილიშვილური ურთიერთობა. იგი ჩემს საცხოვრებელ სახლში ატარებდა საკმაოდ დიდ დროს. ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით სხვადასხვა თემაზე, თუმცა თამარი იყო ძალიან ჩაკეტილი პიროვნება და პირად თემებზე, გრძნობებზე ან განცდებზე ფაქტიურად არ საუბრობდა. თამარი იყო ძალიან ემოციური ადამიანი, ამიტომაც მე ვცდილობდი მასთან მესაუბრა პოზიტიურ თემებზე, დამეყენებინა კარგ ხასიათზე, თუმცა კონკრეტულად რას განიცდიდა, ამაზე ჩემთან არ საუბრობდა. ჩემთვის ცნობილი იყო, რომ თამარი მუშაობდა დეველოპერულ კომპანიაში, რომელიც მდებარეობდა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე. თავად საუბრობდა, რომ ამზადებდა პროექტს, თუმცა რა პროექტზეა საუბარი, არ ვიცი, რადგან ვერ ვერკვევი კომპიუტერულ საკითხებში. ერთხელ ჩვენ ერთად გამოვაცხეთ ნამცხვრები, რომელიც თამარმა მიართვა თავის თანამშრომლებს”, – წერს ჩვენებაში რიტა ზურაბიშვილი.

    ცნობისთვის, ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა განაცხადა, რომ რიტა ზურაბიშვილმა უთხრა, რომ ნიკა გვარამიასთან ინტერვიუზე არ წასულიყო და “შემოლაწუნებით” დაემუქრა. მანვე აღნიშნა, რომ ის თამარის გამზრდელი ბებია არ არის და იბრალებს.

  • ზესტაფონის ბაზართან გზა ჩავარდა – დაშავებულია 4 ადამიანი

    ზესტაფონის ბაზართან გზა ჩავარდა – დაშავებულია 4 ადამიანი

    ზესტაფონის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გზა ჩავარდა, რომელშიც 7 ადამიანი ჩავარდა. მათგან 4 დაშავდა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 170-ე მუხლით დაიწყო, რაც შრომის დაცვის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

  • საეკლესიო ურთიერთობები კანონიერ ქურდებთან შეწყვეტილი გვაქვს – მეუფე ნიკოლოზი

    საეკლესიო ურთიერთობები კანონიერ ქურდებთან შეწყვეტილი გვაქვს – მეუფე ნიკოლოზი

    ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტ მეუფე გერასიმეს სასიყვარულო მიმოწერისა და საქმეში ე.წ. “კანონიერი ქურდების” ჩართვაზე “მთავარ” არხზე გასულ რეპორტაჟს, მეუფე ნიკოლოზი ეხმაურება. მისი თქმით, კანონიერ ქურდებათ ეკლესიას ურთიერთობა გაწყვეტილი აქვს, ხოლო მიმოწერას “გააჩნია როგორ შეხედავ”

    “ძალიან ბევრი ადამიანი მიყვარს. ბევრ ადამიანზე ვზურნავ – მამაკაცზეც და ქალზეც. ქალებთან, ახლა ჩემი ტელეფონი რომ ნახოთ, გააჩნიათ როგორ შეხედავთ, სხვა თვალით შეიძლება რომ შეხედოთ და ჩათვალოთ, რომ ეს არის უზნეობა ან უმსგავსობა, მაგრამ არ არის ასე. [მეუფე გერასიმეს] თუ აქვს ვიღაცასთან ურთიერთობა, ეს ადამიანური ურთიერთობა იქნება, ალბათ. ყოველ შემთხვევაში, საეკლესიო ურთიერთობები კანონიერ ქურდებთან არ არსებობს – შეწყვეტილი გვაქვს – ამბობს მეუფე ნიკოლოზი.

    ცნობისთვის, მთავარზე გავიდა რეპორტაჟი იმის შესახებ, რომ მეუფე გერასიმეს სასიყვარულო შინაარსის მიმოწერაში ქალის ოჯახი ადანაშაულებს.

  • სააკაშვილსა და ენმ-ს 2012 წლამდე არსებული ვითარების დაბრუნება უნდათ – ბოკერია

    სააკაშვილსა და ენმ-ს 2012 წლამდე არსებული ვითარების დაბრუნება უნდათ – ბოკერია

    ევროპული საქართველოს ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატის, გიგა ბოკერიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ 2012 წლამდე არსებული ვითარების დაბრუნება უნდა.

    მისი თქმით, ამის პარალელურად ივანიშვილს სურს დღევანდელი ვითარების შენარჩუნება, “სადაც კიდევ უფრო მეტი ძალაუფლება აქვს და ხალხი ფეხებზე ჰკიდია”,  ხოლო „ევროპული საქართველოს“ ამოცანაა გარდამტეხი ცვლილებები.

    ბოკერია აღნიშნავს, რომ პოლიტიკური დევნა უნდა დასრულდეს, თუმცა, „ევროპული საქართველოს“ გეგმები ვინმეს დაბრუნებასთან დაკავშირებული არ არის.

    „ჩვენი „ევროპული საქართველოს“ გეგმა უკავშირდება არა ვინმეს ჩამოსვლას ან არჩამოსვლას ან მუქარას, არამედ ამ ქვეყნის მომავალს, გარდამტეხ ცვლილებებს, სწორ გზაზე დადგომას სწორი კომპასით, რომ ადამიანების ცხოვრება გაუმჯობესდეს ყველა მიმართულებით და ეს პოლიტიკური მარაზმი, რაც ივანიშვილმა შექმნა, დასრულდეს. ყველას დევნა უნდა დასრულდეს, მაგრამ ჩვენი გეგმები არ არის დაკავშირებული ერთ კაცთან ან ვინმეს დაბრუნებასთან“, – განაცხადა ბოკერიამ.