Category: ახალი ამბები

  • მარტვილში, ლეკვმა მიმკედლებელი დაკბინა – დადასტურდა ცოფის შემთხვევა

    სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაჯახავოში ცოფის შემთხვევა დადასტურდა.

    “2 თვის ლეკვმა, რომლის დედა ოჯახმა რამდენიმე თვის წინ მიიკედლა, დაკბინა მიმკედლებელი. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ინფორმაციის მიღებისთანავე, პათოლოგიური მასალა დიაგნოსტიკისთვის ლაბორატორიაში გადააგზავნა. ლაბორატორიული გამოკვლევით, ცოფი დადასტურდა. აღნიშნული ფაქტის გამო, ტერიტორიაზე გამოცხადდა კარანტინი და დაიწყო ცოფის სალიკვიდაციო ღონისძიებები – დაავადების ამთვისებელი ცხოველების ვაქცინაცია, დეზინფექცია, ცხოველთა გადაადგილების შეზღუდვა და უპატრონო და ცოფის ამთვისებელი ცხოველების ჯანმრთელობაზე ზედამხედველობა” – წერია სურსათის სააგენტოს განცხადებაში.

  • კობახიძე მეგი დიასამიძეს „ნაცი აქტივისტი, ტიტუშკა” უწოდა

    „სხვისი ქონების დაზიანება, თუ შესაბამისი ნივთი 150 ლარზე მეტის ღირებულებისაა, სისხლის სამართლის დანაშაულია. ჩვენ არ მოგვიგონია, 35 წელია ასეა. თუ აქამდე არ ყოფილა, ეტყობა, პირველი პრეცედენტია.[სხვა დაკავებულებზე] – აქედან ერთი პირი არის ნაცი აქტივისტი, ტიტუშკა, რომელმაც დააზიანა … სამი დაკავებულია-თქო. აქედან 2 არის ჩვენი პარტიის მხარდამჭერი, მაგრამ სამართალი ყველას მიმართ უნდა მოქმედებდეს თანაბრად”.

    განაცხადა,  ირაკლი კობახიძემ,  ბანერზე წარწერის გამო სისხლის სამართლის წესით დაკავებულ 23 წლის სტუდენტზე,  მეგი დიასამიძეზე.

    კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ბრალდებით 23 წლის მეგი დიასამიძე გუშინ დააკავეს. მას ბრალად ედება სსკ-ის 187-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული – სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურება. მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან ხუთ წლამდე.

    ამასთანავე, საიას თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ მეგი დიასამიძის ქმედება არც დანაშაულია და არც სამართალდარღვევა, რადგან  „პლაკატი, რომლის დაზიანების საფუძვლითაც სტუდენტი გოგო დაიჭირეს, შესაძლოა შეფასდეს კანონის დარღვევით გამოფენილ ბანერად“.

  • მე გავიმეტე? თუ თავისი თავი თვითონ გაიმეტა? – კალაძე მეგი დიასამიძეზე

    მე გავიმეტე, თუ თავისი თავი თვითონ გაიმეტა? არსებობს კანონი, რომელიც აუცილებლად აღსრულდება, ზოგადად. რაც შეეხება იმას, პატიმრობა იქნება თუ სახლში გაშვება, ამას არც თქვენ წყვეტთ, არც მე. ამას მოსამართლე წყვეტს და კეთილი ინებეთ, სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდეთ.

    უთხრა ამის შესახებ, ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ 23 წლის სტუდენტზე, მეგი დიასამიძეზე საუბრისას, რომელიც მისი საარჩევნო ბანერის დაზიანების ბრალდებით სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით დააკავეს.

  • სახედაკარგულები არიან – ქალი ქალს არ ჰგავდა, კაცი კაცს – კობახიძე აქტივისტებზე

    სახედაკარგულები არიან – ქალი ქალს არ ჰგავდა, კაცი კაცს – კობახიძე აქტივისტებზე

    კატასტროფული ტენდენციების გამოხატულება იყო სხვათა შორის ის აქციაც, რომელიც გამართეს სახედაკარგულმა ლიბერალმა აქტივისტებმა ჩვენი შტაბის წინ. აბსოლუტურად სახედაკარგული ადამიანები – ქალი ქალს არ ჰგავდა, კაცი კაცს არ ჰგავდა. ტრაგიკულია ეს მდგომარეობა, რომელშიც არიან ეს კონკრეტული ადამიანები…

    ჩვენს საარჩევნო შტაბთან იგინებოდნენ, ბილწსიტყვაობდნენ, უბინძურესი სიტყვებით საუბრობდნენ ქალიან-კაციანად. ესენი იყვნენ დაკომპლექსებული ადამიანები, მოკაცო ქალები და მოქალო კაცები და ამ კომპლექსებს ანთხევდნენ ამ ბილწსიტყვაობით.

    ამბობს ირაკლი კობახიძე მელიქიშვილზე, კახა კალაძის შტაბის წინ გამართულ აქციის მონაწილეებზე.

  • პლაკატი რომლის დაზიანების დაფუძვლით სტუდენტი დაიჭირეს, შესაძლოა შეფასდეს კანონის დარღვევით გამოფენილ ბანერად! – ნონა ქურდოვანიძე

    ”პლაკატი რომლის დაზიანების დაფუძვლით სტუდენტი დაიჭირეს, შესაძლოა შეფასდეს კანონის დარღვევით გამოფენილ ბანერად! ”- წერს სოციალურ ქსელში, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე ნონა ქუროვანიძე, რითიც 23 წლის მეგი დიასამიძის დაკავებას ეხმაურება.

    ”მეგი დიასამიძის ქმედება არც დანაშაულია და არც სამართალდარღვევა. მის წინააღმდეგ მაქსიმუმ სამოქალაქო წესით სარჩელის შეტანა შეიძლებოდა, ესეც იმ შემთხვევაში, თუ იმ პლაკატზე წარწერის მოსაშორებლად საჭირო გახდა რაიმე ხარჯის გაწევა, მაგალითად, გასაწმენდი საშუალებების შეძენა.

    ნებისმიერი რამ, ბანერი იქნება ეს თუ პლაკატი, რომელზეც გამოსახულია არჩევნებში მონაწილე პირი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი, მიიჩნევა სააგიტაციო მასალად.
    წინასაარჩვნო პერიოდში სააგიტაციო მასალის განთავსებას აქვს თავისი წესები. იმ შენობა-ნაგებობებს და სხვა ადგილებს, სადაც შესაძლებელია სააგიტაციო მასალის განთავსება, განსაზღვრავენ მუნიციპალიტეტის ორგანოები. თუმცა, საარჩევნო კოდექსით კატეგორიულად აკრძალულია სააგიტაციო მასალის განთავსება კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობაზე.

    პეტრე მელიქიშვილის N12-ში მდებარე შენობა (სასტუმრო ,,საქართველო“) სახელმწიფოს მიერ ადმინისტრირებულ პორტალზე მონიშნულია, როგორც კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი.

    შესაბამისად, ამ შენობაზე სააგიტაციო მასალის გამოფენა აკრძალულია და შესაძლებელია შეფასდეს შენობის იერსახის დამახინჯებად. შენობის იერსახის დამახინჯება არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და იწვევს იმ პირის დაჯარიმებას, რომელმაც ეს პლაკატი გააკრა.

    შესაბამისად, ის პლაკატი, რომლის დაზიანების საფუძვლით 23 წლის სტუდენტი გოგო სისხლის სამართლის წესით დაიჭირეს, შესაძლოა შეფასდეს კანონის დარღვებით გამოფენილ საარჩევნო ბანერად.

    რაც შეეხება იმას, კანონის დარღვევით გამოფენილი პლაკატის დაზიანება შეიძლება თუ არა სისხლის სამართლის დანაშაულად შეფასდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სტუდენტი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის იმგვარ დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მოცემულ შემთხვევაში პლაკატი განადგურებილი არ არის, ის ისევ გამოფენილია. პლაკატი დაზიანებულადაც კი არ შეიძლება ჩაითვალოს, რადგან მასზე გაკეთებული წარწერა მალევე, მარტივად მოაშორეს.

    დაზიანებად არ შეიძლება შეფასდეს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში გაკეთებული ისეთი წარწერა, რომელიც ნივთზე წარუშლელ კვალს არ ტოვებს ან რომლის გამოსწორებაც განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშეა შესაძლებელი.

    ამდენად, ეს ქმედება არათუ დანაშაული, სამართალდარღვევაც კი არ არის. თუ წარწერის მოშორებას დასჭირდა რაიმე გასაწმენდი საშუალების ყიდვა, რაც დაუჯდა მესაკუთრეს ამ საშუალებების შეძენა, შეეძლო დაეანგარიშებინა, წარმოედგინა შესაბამისი შესყიდვის მტკიცებულებები, შეეტანა სამოქალაქო წესით სარჩელი სასამართლოში და ედავა ამ ხარჯების ანაზღაურებაზე. ამ დავის განხილვას დალოდებიდა თვეები და შესაძლოა წლებიც, ისევე, როგორც არაერთი მოქალაქე ელოდება მისი საქმის გაჭიანურებულ განხილვას დღევანდელ სასამართლოში.

  • დრო აღარ არის ორაზროვნებისთვის, საჭიროა მკაფიო პოლიტიკა საქართველოს მიმართ! – ზურაბიშვილი ჰელსინკის კომისიაზე

    ”დრო აღარ არის ორაზროვნებისთვის, საჭიროა მკაფიო პოლიტიკა საქართველოს მიმართ!”-ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჰელსინკის კომისიაში, საქართველოს შესახებ  გამართულ მოსმენაზე განაცხადა.

    “უნდა გავიხსენო, რომ 100 წლის წინ, კონგრესის კომისია უკვე მართავდა მოსმენას საქართველოში არსებულმდგომარეობაზე. ეს იყო 1926 წელი და იმ დროს საქართველოში ვითარება უკიდურესად მძიმე იყო.

    იმედი მაქვს, რომ ამჯერად, ყველაფერი სხვანაირად დასრულდება და ჩვენ შევძლებთ ვნახოთ მოვლენების სხვა გზით განვითარება. ჩვენ ყველამ ვიცით და მედიის საშუალებითაც არაერთხელ იქნა ახსნილი, რომ სიტუაცია საქართველოში უკიდურესად რთულია დემოკრატიული უფლებების, თავისუფლებებისა და ადამიანის მდგომარეობის კუთხით.

    მე დღეს აქ ვარ იმ ადამიანების სახელით, რომლებიც ციხეში სხედან და სიმბოლურად, მინდა დავასახელო მზია ამაღლობელი, როგორც ჟურნალისტი, როგორც ქალი, რომელიც სრულიად უსაფუძვლოდაა დატყვევებული.  სწორედ ამ ადამიანების სახელით მინდა ვისაუბრო საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებზე და გავიხსენო, რომ უკვე 30 წელზე მეტია, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს გვერდით დგას, მხარში გვედგა, რათა დაგვხმარებოდა დამოუკიდებელი, სტაბილური, პროდასავლური, რეფორმებზე ორიენტირებული სახელმწიფოს აშენებაში, რომელსაც დღეს ვკარგავთ.

    საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელსაც ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.

    უკვე 30 წელზე მეტია შეერთებულმა შტატებმა – 6  მილიარდ დოლარზე მეტი გაიღო არა საჩუქრის, არამედ ვალდებულების სახით საქართველოს თავისუფლების, უსაფრთხოებისა და ევროპული მომავლისათვის; დაიცვა საქართველოს სუვერენიტეტი; ხელი შეუწყო საქართველოს ეკონომიკისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასა და გაძლიერებას; დაეხმარა საქართველოს თავდაცვის ძალების აღჭურვასა და წვრთნაში; ააშენა სკოლები და საავადმყოფოები, გაწვრთნა მასწავლებლები, სახელმწიფო მოხელეები და სამედიცინო სპეციალისტები.

    ეს იყო ქმედებები, რომლებმაც უზრუნველყვეს მშვიდობა და სტაბილურობა საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც სულ უფრო მეტად ხდება გადამწყვეტი შავი ზღვის უსაფრთხოების, შუა კორიდორისა დაენერგორესურსების გზებისათვის, რომლებიც აკავშირებენ შავ და კასპიის ზღვებს, ასევე ცენტრალურ აზიამდე და მის უდიდეს რესურსებამდე.

    საქართველო, მთელი ამ დროის განმავლობაში, მოქმედებდა როგორც შეერთებული შტატების სანდო პარტნიორი, ჩაერთო ავღანეთსა და ერაყში სახიფათო მისიებში. ქართველი ხალხი კი, მხარს უჭერდა ამ პარტნიორობას.

    საქართველო აშშ-სთვის სტრატეგიული გამარჯვება იყო. ეს იყო გამარჯვება რუსეთის წინააღმდეგ და ეს მშვიდობიანი გამარჯვება იყო მას შემდეგ, რაც რუსეთი, საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ცდილობდა კავკასიის და შესაბამისად, ცენტრალური აზიის ექსკლუზიური დომინაციის შენარჩუნებას, ამერიკა რეგიონშისრულფასოვანი მოთამაშე გახდა, შთააგონა ჩვენი ხალხი და განსაზღვრა ახალი სტანდარტები.

    დღეს, 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, პირველად საქართველოს მმართველმა რეჟიმმა ზურგი აქცია ამ პარტნიორობას, დააშორა და სანდო მოკავშირისგან იზოლაციაში მოაქცია როგორც საკუთარი თავი, ისე ქვეყანა, რითიც თანდათან უფრო მეტად დაუახლოვა ქვეყანა შეერთებული შტატების მოწინააღმდეგეებს. რუსეთი თამაშობს თავისი დომინანტური პოზიციის აღდგენისათვის.

    ქართული ოცნება სულ უფრო მეტად ხდება ანტიდასავლური და პრორუსული.

    ქართული ოცნების საჯარო პოზიციები სულ უფრო აგრესიულ, ანტიამერიკულ ტონს იღებს: საჯარო შეტევები აშშ-ის წარმომადგენლებზე, ამერიკის პოლიტიკაზე, მტრული თავდასხმები პირადად პრეზიდენტ ტრამპზე და მის ადმინისტრაციაზე, აშშ-ის მიმართ ბრალდებები ე.წ. მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნაზე.

    პარალელურად, ქართული ოცნების ლიდერები აქტიურად აღრმავებენ კავშირებს, პირველ რიგში, რუსეთთან (რუსული პიარის რიტორიკის კოპირება), ჩინეთთან (ანაკლიას პროექტი, სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკული პროექტის შეჩერების შემდეგ, ინფრასტრუქტურული პროექტები, უვიზო მიმოსვლა) და ირანთან.

    საგარეო და შიდა პოლიტიკის 360 გრადუსიანი შემოტრიალება, დამოუკიდებლობის კომპრომეტირება, რომელიც ძალიან მაღალი ფასით იქნა მიღწეული. ეს მიმართულება პირდაპირ ეწინააღმდეგება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს.

    რუსეთის ახალი ჰიბრიდული ომი საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ:

    რუსეთის უწყვეტი და გაძლიერებული ჩარევა საქართველოში დემოკრატიის შესასუსტებლად, საზოგადოების დაყოფის დასათესად, არა შეიარაღებული ძალებით, არამედ ახალი, ჰიბრიდული მეთოდებით;

    პირველად, უახლოეს ისტორიაში რუსეთი ეუფლება “რბილ ძალას” – პროპაგანდას, რომელიც დაკავშირებულია თანამედროვე ტექნოლოგიასთან. კრემლის ეს მეთოდები, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, რუსეთშია გამოცდილი;

    ტოტალური კონტროლი და ძალაუფლების კონსოლიდაცია, სახელმწიფო ინსტიტუტების ხელში ჩაგდება. ფუნდამენტური ადამიანის უფლებების დარღვევა, კონსტიტუციის უგულებელყოფა, სასამართლოების, ისევე როგორც პოლიციის ძალების პოლიტიზება;

    ოპოზიციის სრული გაუქმება (გამოგონილი ბრალდებებით სამოქალაქო აქტივისტების რამდენიმე წლით ციხეში ჩასმა) ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება და გასამართლება. პოლიტიკური პარტიები განადგურების საფრთხის წინაშე დგანან, არასამთავრობო ორგანიზაციებს ჩამოერთვათ დაფინანსება და პარალიზებულნი არიან;

    რუსეთი საქართველოში აშკარად სტრატეგიული კარტით თამაშობს, რათა აღიდგინოს თავისი დომინაცია აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტზე, კონტროლი კავკასიასა და შავ ზღვაზე,  გააუქმოს დასავლელი პარტნიორების სტრატეგიული გამარჯვება, ბოლო 30 წლის განმავლობაში, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ.

    ეჭვგარეშეა, რომ ქართველი ხალხი არ ეთანხმება ამ დივერსიულ, ძალადობრივ ქმედებებს და ისეთივეერთგული რჩება დემოკრატიისა და აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენისა, როგორც თავისი ევროპული მომავლისა. ეს არის 368-დღიანი შეუჩერებელი პროტესტის მნიშვნელობა ქართული ოცნების პრორუსული პოლიტიკის წინააღმდეგ – სამოქალაქო საზოგადოების გამძლეობის მნიშვნელობა.

    რატომ არის საქართველო მნიშვნელოვანი აშშ-სთვის? საქართველოში დემოკრატიის გარეშე არ არსებობს სტაბილურობა; საქართველოში სტაბილურობის გარეშე არ არსებობს მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში.

    საქართველოს მომავალი წარმოადგენს სტრატეგიულ გამოწვევას როგორც შეერთებული შტატების, ისე ევროპელი პარტნიორებისთვის. რუსეთმა ჯერ კიდევ  წინა საუკუნეებში აღიარა, რომ “ვინც აკონტროლებს საქართველოს, ის აკონტროლებს კავკასიას”.

    დროა, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა აღიარონ ეს სტრატეგიული რეალობა და თავიდან აიცილონ:

    • შავ ზღვაში ჩინეთისა და რუსეთის გაზრდილი გავლენა;
    • საქართველოს მზარდი ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები რუსეთთან და ჩინეთთან;
    • საქართველოს მმართველი რეჟიმის კორპორატიული კავშირი ირანთან და ტერორისტ ლიდერებთან;
    • საქართველოს ნაცრისფერ ზონად გადაქცევა, სადაც აყვავდება ტრეფიკინგი, მიგრაციული მარშრუტები.

    გეოპოლიტიკური ცვლილება რეგიონში – აშშ-ის მედიაციით მიღწეულმა შეთანხმებამ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გახსნა ახალი გზები რეგიონული სტაბილურობისთვის, კავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისთვის. ეს დიდი გამარჯვება და წარმატებაა პრეზიდენტ ტრამპისთვის.

    ეს გეოპოლიტიკური ცვლილება არ უნდა მოხდეს. თუ რუსეთს საქართველოზე გავლენის გაფართოების უფლება მიეცემა, ამით დაბლოკავს ერთიანი და მშვიდობიანი კავკასიის პოტენციალს, რომელიც შავ და კასპიის ზღვებს, ევროკავშირსა და ცენტრალურ აზიას აკავშირებს. კავშირი და ენერგეტიკული მარშრუტების დივერსიფიკაცია აშშ-სა და ევროპელი პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობებია, თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რომ რუსეთმა ვერ შეძლოს სამხრეთ ფლანგებზე ექსკლუზიური ბატონობის აღდგენა.

    და ბოლოს – რუსეთთან შემწყნარებლობა სახიფათოა; აშშ-ის შემრიგებლური მიდგომა საქართველოს ფაქტობრივ ლიდერობასთან წარსულში ჩავარდა და ვერც ახლა მიაღწევს წარმატებას; დრო აღარ არის ორაზროვნებისთვის, საჭიროა მკაფიო პოლიტიკა საქართველოს მიმართ; რასაც მმართველი რეჟიმი საქართველოში აკეთებს, ეს არ არის მხოლოდ დემოკრატიული ღირებულებების ღალატი – ეს არის პირდაპირი უარი სტრატეგიულ პარტნიორობაზე შეერთებულ შტატებთან.

    ამერიკელმა გადასახადის გადამხდელებმა, დიპლომატებმა და სამხედროებმა დიდი ძალისხმევა ჩადეს საქართველოს წარმატებაში. იმის ყურება, როგორ იკარგება ეს ინვესტიცია ანტიდემოკრატიული ქცევის, აშშ-ის უსაფრთხოების ინტერესებთან წინააღმდეგობაში მყოფი მოქმედებებისა და მტრული რიტორიკის გამო, მიუღებელი უნდა იყოს.

    ანგარიშვალდებულება აუცილებელია. რეალური შედეგები უნდა დადგეს მათთვის, ვინც ხელისუფლებაშია და ვინც ანგრევს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ახშობს განსხვავებულ აზრს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ გზას. ქართველი ხალხი იმსახურებს უკეთესს, ისევე როგორც ამერიკელი ხალხი, რომლის მხარდაჭერა ყოველთვის დაფუძნებული იყო თავისუფალი, სტაბილური და დემოკრატიული საქართველოს იმედზე.”

  • საქართველოს უსაფრთხოება შეუძლებელია შეერთებული შტატების პარტნიორობის გარეშე – თინა ხიდაშელი ჰელსინკის კომისიაში

    ”საქართველოს უსაფრთხოება შეუძლებელია შეერთებული შტატების პარტნიორობის გარეშე” – ამის შესახებ, საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ჰელსინკის კომისიაში განაცხადა.

    ჰელსინკის კომისიის სხდომაზე საქართველოს საკითხზე მოსმენა გაიმართა, სადაც მომხსენებლები მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი და ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ლუკ კოფი იყვნენ.

    “საქართველოს ყოველთვის ჰქონდა მხარდაჭერა შეერთებული შტატებიდან – კონგრესის, წარმომადგენელთა პალატის და სენატის მხრიდან. დღეს აქ ვარ იმისთვის, რომ წარმოვადგინო საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის პოზიცია – იმ ადამიანების, რომლებიც წლების განმავლობაში იბრძოდნენ პარტნიორობისთვის და აშშ-თან ერთად აგებდნენ სიცოცხლისუნარიან დემოკრატიულ სახელმწიფოს. მე აქ ვარ, რათა დავიცვა საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი საგარეო პრიორიტეტი – სტრატეგიული პარტნიორობის შენარჩუნება და გაძლიერება აშშ-სთან.

    ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გამოვააშკარაოთ ავტორიტარიზმისკენ სვლა და წარმოვადგინოთ შემაშფოთებელი მტკიცებულებები იმისა, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობამ სისტემურად და სწრაფად მიატოვა ქვეყნის ეროვნული ინტერესები და არჩევანი გააკეთა ავტორიტარულ ძალებთან ალიანსების სასარგებლოდ.

    ასევე ვეცდები ავხსნა, რატომ არის საქართველო მნიშვნელოვანი ამერიკისთვის. პრეზიდენტმაც უკვე დაასახელა გარკვეული არგუმენტები, მე კი მათ დავამატებ კიდევ რამდენიმე ასპექტს.

    დღეს ჩემ მიერ მოტანილი კონკრეტული მტკიცებულებები არ ეხება მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობიდან გასვლას. ეს, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ხალხის ნებისა და სტრატეგიული ინტერესების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს ასახავს.

    აქ ვსაუბრობ, როგორც საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრი და როგორც იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელმაც სიამაყით იბრძოლა ამერიკულ არმიასთან ერთად ერაყში, ავღანეთში და მის ფარგლებს გარეთაც. საქართველო იყო ნატოს არმიის მიღმა ყველაზე დიდი კონტრიბუტორი და მეორე ადგილზე მყოფი ქვეყანა ავღანეთში გაგზავნილი სამხედროების რაოდენობით. ჩვენ გადავიხადეთ მძიმე ფასი – ყველაზე მაღალი დანაკარგითა და 435 დაჭრილი ჯარისკაცით.

    მინდა ყველაზე მარტივი ჭეშმარიტებით დავიწყო: საქართველოს უსაფრთხოება შეუძლებელია შეერთებული შტატების პარტნიორობის გარეშე. არც არასდროს ყოფილა და ვერც იარსებებს აშშ-ის დახმარებისა და ერთგულების გარეშე. საქართველოს სახელმწიფოებრიობა ვერ შედგებოდა და ვერ გადარჩებოდა. სწორედ აშშ-ის ჩარევამ შეაჩერა პუტინი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს. აშშ-ის ლიდერობა იყო და არის გადამწყვეტი ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არაღიარების პოლიტიკაში.

    აშშ-ის დახმარებით ავაშენეთ თანამედროვე არმია და სახელმწიფო ინსტიტუტები. მათივე დახმარებით შევქმენით სკოლები და საავადმყოფოები, განვავითარეთ უნივერსიტეტები, მოვამზადეთ მასწავლებლები, საჯარო მოხელეები და ექიმები. სია ძალიან გრძელია, და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს პარტნიორობა შენარჩუნდება.

    საქართველო მნიშვნელოვანია აშშ-სთვის, ევროპისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის სამი ძირითადი მიზეზის გამო:
    პირველი – გეოგრაფია,
    მეორე – სტრატეგიული დაკავშირება,
    მესამე – დემოკრატიული მაგალითი.

    საქართველო მდებარეობს შუა კორიდორის გულში – თანამედროვე „აბრეშუმის გზაზე“, რომელიც აკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს, გვერდს უვლის რუსეთსა და ირანს. ჩვენ შეიძლება პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ ჩვენი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ვართ კარიბჭე და დამაკავშირებელი რგოლი, რომელიც აერთიანებს ცენტრალურ აზიასა და ევროპულ ბაზრებს მილსადენების, რკინიგზებისა და პორტების მეშვეობით. ეს მხოლოდ სავაჭრო გზა კი არა, არის თავისუფლების კორიდორი – გზა, სადაც გადაადგილდება საქონელი, ენერგია, მონაცემები და ადამიანები ყოველგვარი პოლიტიკური ზეწოლისა და შანტაჟის გარეშე, რაც ასე დამახასიათებელია ჩრდილოეთის გზისთვის ან ირანის გავლენისთვის სამხრეთიდან.

    შუა კორიდორი არ არის ალტერნატივა – ეს არის ერთადერთი გზა. ის არის პრაქტიკული და პოლიტიკური თვალსაზრისით სანდო როგორც შეერთებული შტატებისთვის, ისე მისი მოკავშირეებისთვის.

    აშშ-სთვის შუა კორიდორი უზრუნველყოფს გამძლეობას ავტორიტარული ძალების ფონზე – ირანის მხრიდან მომდინარე საფრთხეებისა და რუსეთის მუდმივი მცდელობის პირობებში, რომ დაიბრუნოს თავისი გავლენა, ასევე ჩინეთისგაძლიერების ფონზე. შუა კორიდორი დემოკრატიულ ალტერნატივას სთავაზობს მსოფლიოს. საქართველო კი ამ კორიდორის საყრდენია. საქართველოს გარეშე თავისუფალი კორიდორი აღარ იარსებებს – ეს გზა დაიკეტება და კარი გაიღება რუსეთის, ირანისა და ჩინეთისთვის”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

  • აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: შეერთებულმა შტატებმა შეიძლება რუსული ეკონომიკა ჩამოაქციოს, მაგრამ საჭიროა თანამშრომლობა ევროპასთან

    აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ამერიკა მზადაა ითანამშრომლოს ევროპულ ქვეყნებთან დამატებითი სანქციების დაწესების საკითხში იმ ქვეყნებზე, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, რათა „გაანადგუროს“ რუსეთის ეკონომიკა.

    „ჩვენ მზად ვართ გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთზე, მაგრამ საჭიროა, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები ჩვენს მაგალითს მიჰყვნენ,“ — თქვა ბესენტმა NBC News-თან ინტერვიუში.

    „ახლა ეს არის რბოლა, რამდენ ხანს გაუძლებს უკრაინის არმია და რამდენ ხანს გაუძლებს რუსეთის ეკონომიკა, და თუ აშშ და ევროკავშირი ჩაერევიან, შემოიღებენ დამატებით სანქციებს, მეორად ტარიფებს იმ ქვეყნებზე, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, რუსეთის ეკონომიკა მთლიანად ჩამოინგრევა და ეს აიძულებს პრეზიდენტ პუტინს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს.“–დასძინა ბესენტმა.

    აგვისტოში ტრამპის ადმინისტრაციამ ინდოეთს 50-პროცენტიანი ტარიფი დაუწესა, მიზეზად მისი მხრიდან რუსული ნავთობის უწყვეტი შესყიდვები დაასახელა.

    ბესენტმა ეს განცხადება რამდენიმე საათში გააკეთა რუსეთის მიერ კიევზე მიტანილი იერიშის შემდეგ.

    ამერიკული მედიის შეფასებით, ტრამპი ომის დასრულების მცდელობებს უფრო პესიმისტურად უყურებს, თუმცა რამდენჯერმე ესაუბრა ტელეფონით ევროპელ ლიდერებს, მოუწოდა მათ შეუერთდნენ აშშ-ს და ზეწოლა მოახდინონ ჩინეთზე რუსეთის მხარდაჭერის გამო უკრაინასთან ომში.

    წინადღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პარიზში გამართული „მოსურველთა კოალიციის“ სამიტის მონაწილეებმა ხუთშაბათს, პრეზიდენტ ტრამპთან საუბრისას, განიხილეს გზები რუსეთის აგრესიის შეჩერებისა და უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.

  • “გთხოვთ, გაეთიშოთ ბიძინას „ტრიუკს“– დაპატიმრებული აქტივისტი, ნინო დათაშვილი ლელოს ლიდერებს თხოვს არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ

    პატიმრობაში მყოფი აქტივისტი და მასწავლებელი,  ნინო დათაშვილი რუსთავის ქალთა კოლონიიდან „ლელოს“ ლიდერებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მიმართავს და თხოვს არ მიიღონდ მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.

    ნინო დათაშვილის წერილი მის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.

    „მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს: ბატონო მამუკა, ბატონო ბადრი, მე პოლიტპატიმარი მოგმართავთ, როგორც პოლიტპატიმრებს.

    ჩვენი პოლიტპატიმრების გათავისუფლება დგას საზოგადოების გაერთიანებაზე.

    გთხოვთ, გაეთიშოთ ბიძინას „ტრიუკს“, (თვითმმართველობის) არჩევნებს. როგორც ბატონმა მამუკამ თვითონ ბრძანა, ეს იყო მუხანათობა. დაასრულეთ ეს მუხანათური მდგომარეობა საქართველოში და გაუერთიანდით ბოიკოტში მყოფ საზოგადოებას.

    რუსთაველის გამზირის საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ თქვენ ხართ გმირები და რომ თქვენი დანახვა რუსთაველის გადაკეტილ გამზირზე გვაძლებინებს პროტესტის მონაწილეებს.

    დანარჩენ საზოგადოებას: ხალხო, პირდაპირ ეთერში ღალატის აქტი ჩაიდინეს, საქართველოს დააბრალეს ომის დაწყება! მეტი რარა უნდა გააკეთონ?! გამოდით ქუჩაში! გამოდით!

    თორნიკე თოშხუას კიდევ ერთხელ ვთხოვ, შეწყვიტოს შიმშილობა, რადგან ძაან ვნერვიულობ. მე თვითონ ვარ ცუდად, მაქვს კიდევ (ნერვის) მორიგი ანთება ამ გაუსაძლის პირობებში. ჩემი ხათრით, ვთხოვ, რომ ჩემი ხათრით მაინც შეწყვიტოს (შიმშილობა)“ .

    ნინო დათაშვილი
    მეხუთე პენიტენციური დაწესებულება
    6 სექტემბერი, 2025 წელი
  • კობახიძე ამბობს, რომ ლევან ხაბეიშვილის დავალებებს ოცნების გუნდის ყოფილი წევრები აძლევენ

    კობახიძე ამბობს, რომ ლევან ხაბეიშვილის დავალებებს ოცნების გუნდის ყოფილი წევრები აძლევენ

    4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე დაანონსებულ აქციას დღეს, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა. ის ამტკიცებს, რომ ლევან ხაბეიშვილის გეგმები მათთვის ცნობილია და „ხელისუფლების მშვიდობიანი დამხობის“ გეგმას განხორციელება არ უწერია. კობახიძის თქმით, ხაბეიშვილის უკან „ოცნების“ ყოფილი წევრები დგანან, თუმცა სახელებსა და გვარებს ის არ აკონკრეტებს.

    „რეალურად, ეს არის ე.წ. ანიტას დავალება და ეს დავალებაც მოდის იგივე ადამიანების მხრიდან, რომლებიც სხვა რაღაცებს ალაპარაკებენ ამ ბატონს, თუმცა მისი დავალების მიმცემებიც ნატურით ზუსტად ისეთივეები არიან, როგორიც არის ბატონი ანიტა, შესაბამისად, მათ ამ გეგმებს არ უწერია განხორციელება. არის კონკრეტული, მარტივად გაშიფვრადი გეგმა, რომელიც საპნის ბუშტივით ძალიან მარტივად შეგვიძლია გავხეთქოთ. გავიმეორებ, რომ რა თქმა უნდა, ამ გეგმას არ უწერია არავითარი განხორციელება.

    კი, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რას გულისხმობს ბატონი ანიტა ამ ყველაფერში. ეს არის დავალება იგივე ადამიანების მხრიდან, ვინც სხვა დავალებებსაც აძლევენ მას. აქაც საუბარია ჩვენი გუნდის კონკრეტულ ყოფილ წევრებზე, რომლებსაც არავითარი თვისებრივი თავსებადობა არ ჰქონიათ ჩვენს გუნდთან, როგორც მოგვიანებით გაირკვა. ანუ ეს არის იგივე დავალებები“, – ასე უპასუხა კობახიძემ 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებულ კითხვას.

    მან უპასუხა შეკითხვას, იგულისხმა თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი.

    „არა, არცერთ გვარს, რა თქმა უნდა, არ ვიტყვი. როდესაც ასე ხდება, მერე შეიძლება სხვა გვარები მოიკითხოთ და ა.შ. არცერთ გვარს არცერთი ფორმით არ დავასახელებ“, – განაცხადა კობახიძემ.