Category: ახალი ამბები

  • 30 სექტემბრიდან მოსალოდნელია წვიმა, სეტყვა და ქარი

    30 სექტემბრიდან მოსალოდნელია წვიმა, სეტყვა და ქარი

    30 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 30 სექტემბრის დღის მეორე ნახევრიდან 2 ოქტომბრის დღის პირველ ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

    “მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანო მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)” – წერია სააგენტოს განცხადებაში.

  • მოლდოვას არჩევნებში სანდუს პროევროპულმა პარტიამ გაიმარჯვა. პრორუსული ოპოზიცია დამარცხდა

    მოლდოვას საპარლამენტო არჩევნვებში პრეზიდენტ სანდუს პროევროპულმა პარტიამ – „ქმედება და სოლიდარობა“ (PAS) გაიმარჯვა. წინასწარი მონაცემებით, მან მოლდოვას პარლამენტში მანდატების უმრავლესობა მოიპოვა. პრორუსულმა ოპოზიციამ არჩევნები ისევ წააგო.

    ბიულეტენების 99,91%–ის  დათვლის შემდეგ, პარტია „ქმედება და სოლიდარობა“ (PAS) იღებს 50,16%-ს, რაც მას პარლამენტის 101 ადგილიდან 54 მანდატს ანიჭებს.

    კიდევ ერთი პროევროპული პოლიტიკური გაერთიანება — ბლოკი „ალტერნატივა“ — წინასწარი მონაცემებით  რვა მანდატს მიიღებს.

    პრორუსულმა „პატრიოტულმა ბლოკმა“, ცესკოს მონაცემებით, ხმების 24,19% მიიღო, რაც მას 27 საპარლამენტო ადგილის მანდატის მოპოვების საშუალებას აძლევს.

    „პატრიოტულ ბლოკში“ შედიან სოციალისტების პარტია ყოფილი პრეზიდენტის, იგორ დოდონის ხელმძღვანელობით, კომუნისტების პარტია კიდევ ერთ  ყოფილ პრეზიდენტთან, ვლადიმირ ვორონინთან ერთად, ასევე ყოფილი პრემიერის (2001–2008 წლებში) ვასილე ტარლევის პარტია „მოლდოვის მომავალი“.

    ამ სამ პოლიტიკურ ძალასთან ერთად პარლამენტში კიდევ ორი პარტია შედის — „დემოკრატია სახლში“, რომელსაც  ნაციონალ-კონსერვატორი ვასილე კოსტიუკი ხელმძღვანელობს. ის  მოლდოვისა და რუმინეთის გაერთიანებას უჭერს მხარს. პარლამენტში მოხვდა კიდევ ერთი –  ასევე პოპულისტი რენატო უსატის „ჩვენი პარტია“.

    მოლდოვას საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდა.  ბარიერის დასაძლევად პარტიას ხმების  მინიმუმ 5% უნდა მიეღო, ბლოკს კი — მინიმუმ 7%.

    კამპანიის მიმდინარეობისას იყო მრავალი სკანდალი და ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთბრალდებები მოსალოდნელ ფალსიფიკაციებში. კენჭისყრის დღემდე ცოტა ხნით ადრე დააკავეს ათობით ადამიანი, რომლებიც დაადანაშაულეს მასობრივი არეულობების ორგანიზებისთვის მზადებაში.

    უკვე შარშანდელი საპრეზიდენტო კამპანიის დროიდან ქვეყანაში ისმოდა ბრალდებები ბიზნესმენ ილან შორის მიმართ, რომელიც ძებნაშია და რუსეთის ტერიტორიაზე იმალება. დამოუკიდებელი გამომძიებლები და მთავრობის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ე.წ. „შორის ქსელი“ ათობით ათას ამომრჩეველს პირდაპირი ქრთამით აკონტროლებდა.

    მედიამ გამოიკვლია დეტალები და გააშუქა შორთან დაკავშირებული ქსელის მუშაობა, რომლის მეშვეობითაც რუსეთიდან მიღებული თანხებით ცდილობდნენ დეზინფორმაციის გავრცელებას.

    სანამ ხმების დათვლა დასრულდებოდა, მაგრამ PAS-ის გამარჯვება უკვე აშკარა იყო, დოდონმა განაცხადა, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვა — რადგან სანდუს პარტიას არ ჰქონდა ხმების აბსოლუტური უმრავლესობა. პარლამენტში გასული სხვა ოპოზიციური პარტიები მის პოზიციას არ დაეთანხმნენ. საბოლოოდ სანდუს პარტიამ ხმების აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა.

    დღეს დილით „პატრიოტული ბლოკის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხალხს მოუწოდა  პარლამენტის წინ გამართულ მიტინგზე გამოსულიყვნენ, რათა  “მათი გამარჯვება დაეცვათ“.  კვირას საღამოს დოდონი და ტარლევი თავიანთი მხარდამჭერებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან გასაპროტესტებლად მივიდნენ.

    ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან მოლდოვას საპარლამენტო არჩევნების შედეგებს დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.

    „მოლდოვა, შენ ისევ მოახერხე,“ — დაწერა სოციალურ ქსელ X-ში ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

    მან აღნიშნა, რომ მოლდოვამ ერთმნიშვნელოვნად გააკეთა არჩევანი ევროპისკენ, დემოკრატიისა და თავისუფლების სასარგებლოდ. „ჩვენი კარი ღიაა. და ჩვენ დაგიჭერთ მხარს ყოველ ნაბიჯზე. მომავალი შენს ხელშია,“ — დაწერა ფონ დერ ლაიენმა.

    ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამაც გამოხატა მოლდოვისთვის მხარდაჭერა ევროკავშირის სახელით.

    „მოლდოვის ხალხმა თქვა თავისი სიტყვა და მათი გზავნილი ნათელი და გასაგებია. მათ აირჩიეს დემოკრატია, რეფორმები და ევროპული მომავალი რუსეთის ზეწოლისა და ჩარევის მიუხედავად,“ — დაწერა კოშტამ სოციალურ ქსელ X-ში.

    ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა კაია კალასმა მოლდოვის არჩევნების შედეგებზე საუბრისას ახსენა რუსეთი.

    „მიუხედავად რუსეთის მასშტაბური ძალისხმევისა დეზინფორმაციის გავრცელებისა და ხმების ყიდვისთვის, ვერანაირი ძალა ვერ შეაჩერებს ხალხს, რომელიც თავისუფლებისკენ მიისწრაფვის,“ — დაწერა მან.

    საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაც აღნიშნა ჩარევის მცდელობები, თუმცა რუსეთი არ დაუსახელებია.

    „მიუხედავად ზეწოლისა და ჩარევის მცდელობებისა, მოლდოვის მოქალაქეთა არჩევანი მტკიცედ დადასტურდა. საფრანგეთი უჭერს მხარს მოლდოვას მის ევროპულ გზაზე და თავისუფლებისა და სუვერენიტეტისკენ მისწრაფებაში,“ — დაწერა მაკრონმა X-ში ჯერ ფრანგულად, შემდეგ კი რუმინულად.

    უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაია სანდუს პარტიას გამარჯვება მიულოცა.

    „ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ რუსეთის დესტაბილიზაციის მცდელობები დამარცხდა, ხოლო მოლდოვა ევროპაში იგებს. რუსეთის დივერსიული ქმედებები, მუდმივი დეზინფორმაცია — არაფერმა ამან არ გაამართლა. მნიშვნელოვანია, რომ მოლდოვამ ეფექტიანად დაიცვა თავი საფრთხეებისგან ყველა იმასთან ერთად, ვინც დაეხმარა,“ — დაწერა მან ტელეგრამში.

    კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დმიტრი პესკოვმა არჩევნების შედეგებზე კომენტარისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ „ჯერ, ალბათ, თავად მოლდოველებმა უნდა გაარკვიონ ყველაფერი“.

    მან ასევე დაამატა, რომ მოლდოვაში ზოგიერთი პოლიტიკური ძალა მიიჩნევს, რომ არჩევნები შესაძლოა დარღვევებით ჩატარდა.

    პესკოვმა აღნიშნა, რომ „ასობით ათასმა მოლდოველმა ვერ შეძლო ხმის მიცემა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე“, რადგან მთელი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ ორი საარჩევნო უბანი გაიხსნა.

    მოლდოვის ცესკოს მონაცემებით, რუსეთში სულ 4109 კაცმა მისცა ხმა.

    „შეფასებები უკვე შემდეგ უნდა გაკეთდეს, მას შემდეგ, რაც გავიგებთ, როგორ დააფიქსირებენ საკუთარ პოზიციას თავად პოლიტიკური ძალები ამ არჩევნებთან დაკავშირებით,“ — თქვა პესკოვმა.

  • არ ვეთანხმები ზელენსკის, რომ საქართველო უკვე დაკარგულია. ჯერ კიდევ ვიბრძვით! – სალომე ზურაბიშვილი

    არ ვეთანხმები ზელენსკის, რომ საქართველო უკვე დაკარგულია. ჯერ კიდევ ვიბრძვით! – სალომე ზურაბიშვილი

    ”დღეს შთაბეჭდილება რჩება, რომ ევროკავშირი პასიურია, არ იყენებს თავის მთელ შესაძლებლობებს. საქართველომ ვერ შეძლო საკუთარი თავის დაცვა არჩევნების უზარმაზარი მანიპულაციებისგან, რადგან პრეზიდენტს აღმასრულებელი ბერკეტები არ ჰქონდა. მოლდოვამ კი შეძლო საკუთარი ხალხის ხმების დაცვა. ასეთ დროს ჩვენ ველით, რომ ევროკავშირი მკაფიოდ განაცხადებს საკუთარ პოზიციას, მეტ აქტიურობას გამოიჩენს და არ დატოვებს ქვეყნებს მარტო რუსული ზეწოლის პირისპირ.

    მე ცოტა არ ვეთანხმები პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებას, თითქოს საქართველო უკვე დაკარგულია. ჩვენ ჯერ კიდევ არ დავმარცხებულვართ! ჩვენ ჯერ კიდევ ვიბრძვით! ჩვენ ჯერ კიდევ ქუჩაში ვართ. მე თავად ვარ ქუჩაში. ჩვენ გვჭირდება მეტი მხარდაჭერა, მეტი ყურადღება, მეტი აქტიური ჩართულობა.

    ევროკავშირს შეუძლია და ვალდებულია, რომ მეტი გააკეთოს როგორც უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის, ისე ჩვენთან პოლიტიკური მხარდაჭერისათვის. და თუ ეს იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირმა თავისი შიდა პრობლემები და გადაწყვეტილების მიღების სირთულეები უნდა დაძლიოს, ეს სწორედ ის არის, რასაც ჩვენ ველით და რისიც გვჯერა. ჩვენ გვჯერა ჩვენი საერთო ევროპული მომავლის!”

    განაცხადა ამის შესახებ, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე.

  • მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში მაია სანდუს პარტიამ გაიმარჯვა – დათვლილია ხმების 99.87%

    მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში მაია სანდუს პროევროპული პარტია  „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ (PAS) 50.14%-ით ლიდერობს, რაც პრაქტიკულად საბოლოო სურათს განსაზღვრავს რადგან დათვლილია ხმების 99.87%.

    პრორუსული “პატრიოტული ბლოკს” (BEC) ხმების 24.19%-ს აქვს.

    მოლდოვაში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 21:00 საათზე დაიხურა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 28 სექტემბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 52.11% იყო – რაც ნიშნავს, რომ არჩევნებზე ხმა ჯამში 1 604 316 ადამიანმა მისცა.

    მაია სანდუს პროევროპული პარტია 101-წევრიან პარლამენტში 55 მანდატს მოიპოვებს.

  • გერმანია დაფინანსებას დაბალი ადმინისტრაციული ხარჯის მქონე მეგობრებისკენ მიმართავს – ფიშერი

    “მე ჩემი ინიციატივით შევხვდი მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ბატონ ჟორჟოლიანს, რათა მეთხოვა, რომ გერმანიის მთავრობის მხრიდან გადასახადები გამონაკლისის სახით იყოს ქართულ გრანტების შესახებ კანონთან მიმართებაში, რადგანაც ეს უკვე შეთანხმებულია გერმანია-საქართველოს წინა შეთანხმებაში. ეს ლეგიტიმური იურიდიული კითხვაა. პასუხი: არა. გერმანია თავისი დაფინანსების ფოკუსს იმ მეგობრებზე მიმართავს, რომელთაც დაბალი ადმინისტრაციული ხარჯი აქვთ”,

    გერმანიის ელჩი საქართველოში, პიტერ ფიშერი, “ოცნების” მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ლევან ჟორჟოლიანთან გამართული შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

  • ”რ2 მოემზადოს პროცესისთვის! შენს შვილზე პატარაა!!!! შენს ხელში დაიბადა გაიზარდა!! რა იაფია შენი მორალი – ნანუკა ჟორჟოლიანი ნინო შუბლაძეს მიმართავს

    ”რ2 მოემზადოს პროცესისთვის! შენს შვილზე პატარაა!!!! შენს ხელში დაიბადა გაიზარდა!! რა იაფია შენი მორალი – ასე ეხმაურება, ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში რუსთავი 2-ის მიერ მის შვილთან, საბა კოდუასთან დაკავშირებულ დეზინფორმაციას.

    “მეგობრებო, ეს არის ამბავი. საბა რა თქმა უნდა დაკავებული არაა. რ2 მოემზადოს პროცესისთვის. არასრულწლოვანზე სიტყვა სავარაუდოც რომ არ დაწერეს!!ნინო შუბლაძე ათამდე დაგეთვალათ, სიტყვა სავარაუდოდ ჩაგემატებინათ!!! შენს შვილზე პატარაა!!!! შენს ხელში დაიბადა გაიზარდა!! რა იაფია შენი მორალი და ახლა როგორი არადამიანი ჩანხარ !!”, – წერს ჟორჟოლიანი.

    რუსთავი 2-მა გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, რომ „ნანუკა ჟორჟოლიანის შვილი, საბა კოდუა იარაღის უკანონო ტარებისთვის დააკავეს“. აღნიშნული ინფორმაცია ტელეკომპანიამ სოციალური ქსელიდან წაშალა.

    შსს-ში ამბობენ, რომ პოლიციამ კოდუა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, რომელშიც “ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგანი” შენიშნეს.

    “შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გადამოწმების მიზნით დაათვალიერეს 2009 წელს დაბადებული ს.კ.-ს ავტომობილი, რომლის კარშიც შენიშნეს სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგანი, რომელიც სავარაუდოდ არის “ხმოვანი აკუსტიკური იარაღი”.

    მომხდართან დაკავშირებით საქმის წარმოება მიმდინარეობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 181-ე პრიმა მუხლით”, – განმარტავს შსს.

  • ”სავარაუდოდ ხმოვანი აკუსტიკური იარაღი აღმოვაჩნეთ” – შსს ჟორჟოლიანის არასრულწლოვან შვილზე

    შსს, ნანუკა ჟორჟოლიანის არასრულწლოვანი შვილზე, საბა კოდუაზე  განმარტებას აკეთებს.   შსს-ში ამბობენ, რომ პოლიციამ კოდუა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, რომელშიც “ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგანი” შენიშნეს.

    “შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გადამოწმების მიზნით დაათვალიერეს 2009 წელს დაბადებული ს.კ.-ს ავტომობილი, რომლის კარშიც შენიშნეს სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგანი, რომელიც სავარაუდოდ არის “ხმოვანი აკუსტიკური იარაღი”.

    მომხდართან დაკავშირებით საქმის წარმოება მიმდინარეობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 181-ე პრიმა მუხლით”, – განმარტავს შსს.

    მანამდე, რუსთავი 2-მა გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, რომ „ნანუკა ჟორჟოლიანის შვილი, საბა კოდუა იარაღის უკანონო ტარებისთვის დააკავეს“. აღნიშნული ინფორმაცია ტელეკომპანიამ სოციალური ქსელიდან წაშალა.
  • ისაკო დევიძემ საკანში არსებული პირობების გამო შიმშილობა დაიწყო

    ისაკო დევიძემ შიმშილობა დაიწყო – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ნიკოლოზ ტყემალაძე ავრცელებს.

    ”ისაკო დევიძემ შიმშილობა დაიწყო საკანში არსებული პირობების გამო
    (ვერ მოვახერხე საჭმლის შეგზავნა და მიზეზს რო ვარკვევდი შიმშილობა დაუწყია)”- წერს ნიკოლოზ ტყემალაძე სოციალურ ქსელში.

    ცნობისთვის, გუშინ 25 სექტემბერს, მოსამართლე ზვიად ცეკვავას გადაწყვეტილებით, 20-დღიანი პატიმრობა შეეფარდა აქტივსტ, ისაკო დევიძეს, რომელიც პარლამენტთან 23-24 სექტემბრის ღამეს დააკავეს.

    პოლიციამ აქტივისტს ბორკილები თბილისში, რუსთაველის გამზირზე „კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის“ დაადო.

  • ბიძინა ივანიშვილს არ ეშინია სანქციების – კობახიძე

    ბიძინა ივანიშვილს არ ეშინია არავითარი სანქციების. მის მიმართ, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, პრაქტიკულად, მოქმედებს არაფორმალური სანქციები, გაუყინეს თანხები, ვერ შეაშინებენ ამ კაცს სანქციებით.

    ამბობს ირაკლი კობახიძე.

  • ნათია ლეთოდიანის სახლში აღსრულება შევიდა – თქვეს, ჯარიმების გამო თანხის ამოღებას აპირებენ – დროა

    ნათია ლეთოდიანის სახლში აღსრულება შევიდა – თქვეს, ჯარიმების გამო თანხის ამოღებას აპირებენ – ამის შესახებ ინფორმაციას, პარტია ”დროა” ავრცელებს და აცხადებს, რომ სახლი ლეთოდიანის სახელზე არ არის გაფორმებული.

    “ჩვენი პარტიის წევრის, ნათია ლეთოდიანის სახლში, რამდენიმე წუთის წინ, აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

    განუცხადეს, რომ პროტესტში მონაწილეობისთვის გამოწერილი უკანონო ჯარიმების გადაუხდელობის გამო, მისი ოჯახის საცხოვრებელი სახლის აღწერას და თანხის ასე ამოღებას აპირებენ.

    ამ დროისთვის მათ სახლი დატოვეს. ჩვენი ინფორმაციით, ორშაბათს დაბრუნდებიან ნივთების აღსაწერად. ცნობისთვის, სახლი ნათიას სახელზე არ არის გაფორმებული.

    რუსული რეჟიმი მის ხელთ არსებული ყველა ხერხით ცდილობს აქტიური ადამიანების დაშინებას, მაგრამ მაინც არ გამოსდის!

    არა რუსულ რეჟიმს! ბოლომდე!” – ნათქვამია განცხადებაში.