Category: ახალი ამბები

  • საქართველოში ტერორი ახალ სიმაღლეებს აღწევს – სალომე ზურაბიშვილი

    საქართველოში ტერორი ახალ სიმაღლეებს აღწევს – სალომე ზურაბიშვილი

    ”ტერორი საქართველოში ახალ სიმაღლეებს აღწევს! მმართველი პარტია წარადგენს კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს ოპოზიციური პარტიების აკრძალვას და ყველა წევრის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას მომავალში.ქუჩის მომიტინგეების წინააღმდეგ ადმინისტრაციული ბრალდებები სისხლის სამართლის პროცედურებით ჩანაცვლდა“

    ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს.

  • სახის ნიღბით დაფარვა, გზის გადაკეტვა..- „ოცნება“ აქციებთან დაკავშირებით კანონმდებლობას ამკაცრებს

    „ოცნების“ პარლამენტში ინიციირებული დაჩქარებული პროექტით, ცვლილებები შედის როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, ასევე სისხლის სამართლის კოდექსში.  განაცხადა ივანიშვილის წარმომადგენელმა, ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

    ცვლილებების თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვის, ცრემლსადენი ან/და მომწამვლელი ნივთიერების ქონის, გზის გადაკეტვის ან დროებით კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია, ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.

    კირცხალიას თქმით, მონაწილეობა იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება, პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით, ასევე 60 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება პირს, რომელიც შეკრებისას იქონიებს იარაღს, პიროტექნიკას ან ისეთ საგანს, რომელიც გამოიყენება სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მისაყენებლად. ამგვარი აკრძალული ქმედებები განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ერთ წლამდე ვადით, ხოლო მესამე და ყოველი შემდეგი იგივე კანონსაწინააღმდეგო ქმედება ორ წლამდე ვადით.

    ასევე, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი მუხლი, რომლითაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ პირს, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელს მესამედ მიაყენებს შეურაცხყოფას ან არ დაემორჩილება მის კანონიერ განკარგულებას.

    „აღნიშნულ პირს შეეფარდება თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე, ხოლო რეციდივის შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე ვადით. ამასთანავე არ იქნება გამოყენებული სხვა სახის სასჯელი“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.’

     

    ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლს ემატება მე-10 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილე  ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება შემდეგი ქმედებისთვის:

    • სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა;
    • ცრემლმდენი, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან/ და მომწამვლელი ნივთიერების ქონის შემთხვევაში;
    • თუ განზრახ შექმნის დაბრკოლებებს ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის;
    • მოაწყობს დროებით კონსტრუქციას, თუ მისი მოწყობა ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას და ა.შ.
    • ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვა, თუ რაოდენობის გათვალისწინებით აქციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია.

    აღნიშნული მუხლის დარღვევა გამოიწვევს:

    • ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით;
    • თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით;

    ადმინისტრაციული პატიმრობა არ შეეფარდება ორსულ ქალს, დედას, რომელსაც ჰყავს 12 წლამდე ასაკის ბავშვი, 18 წლის ასაკს მიუღწეველ პირს, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს.

    • მათ დაეკისრება ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით.

     უალტერნატივოდ 60 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა წესდება თუ აქციის მონაწილეები დაარღევენ შემდეგს: 

    ა) იქონიებენ ცეცხლსასროლი იარაღს, ფეთქებად, ადვილაალებად, რადიოაქტიურ ნივთიერებას, ცივი იარაღს ან პიროტექნიკურ ნაწარმს;

    ბ) იქონიებენ ისეთ საგანს ან ნივთიერებას, რომელიც  გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა ან სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების მიზნით;

    ზ) მონაწილეობენ იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში, რომელიც ამ კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყდა.

    • რა შემთხვევაში შეუძლია შსს-ს შეწყვიტოს აქცია? 

    დღეს მოქმედი რედაქციით, [მათ შორის სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვით, პიროტექნიკის ქონით] მასობრივად დარღვევის შემთხვევაში შეკრება ან მანიფესტაცია დაუყოვნებლივ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნისთანავე უნდა შეწყდეს.

    შეკრების ან მანიფესტაციის არშეწყვეტის შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოები შეკრების ან მანიფესტაციის შესაწყვეტად და მის მონაწილეთა დასაშლელად გამოიყენებენ საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს.

    • ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში

    რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსში შესულ ცვლილებებს, ზემოთ აღწერილი ქმედებების განმეორებით, ერთი წლის განმავლობაში ხელმეორედ დარღვევის შემთხვევაში ქმედება სისხლის სამართლის წესით დაისჯება:

    • სასჯელის სახედ გათვალისწინებულია ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა;
    • იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის − დაიწჯება ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით;
  • პენიტენციური აცხადებს, რომ ევა შაშიაშვილი უზრუნველყოფილია ყველა საჭირო ჰიგიენური საშუალებით

    ”ევა შაშიაშვილი უზრუნველყოფილია ყველა საჭირო ჰიგიენური საშუალებით” –  ამის შესახებ ნათქვამია, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. პენიტენციური  “ცრუ და გადაუმოწმებელს” უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულ ევა შაშიაშვილის მდგომარეობას ეხება. კერძოდ, უფლებადამცველების გავრცელებული ცნობებით, შაშიაშვილი იმყოფება არაადამიანურ პირობებში, მას არ აქვს ფეხსაცმელი, შარვლის სარტყელად იყენებს პოლიეთილენის პარკს და არ ეძლევა პირადი ჰიგიენის დაცვის საშუალება.

    “საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ პენიტენციური კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად, თუ ბრალდებულს/მსჯავრდებულს არ აქვს პირადი ტანსაცმელი/ფეხსაცმელი ან/და ჰიგიენის დასაცავად აუცილებელი სხვა პირადი ნივთი, პენიტენციური დაწესებულება უზრუნველყოფს მას სეზონის შესაფერისი სპეციალური ტანსაცმლით/ფეხსაცმლით ან/და ჰიგიენის დასაცავად აუცილებელი სხვა პირადი ნივთით, რომლის ფორმა არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას.

    N5 პენიტენციურ დაწესებულებაში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყველა დანარჩენი პენიტენციური დაწესებულების მსგავსად, თითოეული ბრალდებული/მსჯავრდებული უზრუნველყოფილია შხაპის მიღების შესაძლებლობით.

    ბრალდებულ ევა შაშიაშვილის საცხოვრებელ საკანში არის ინდივიდუალური საშხაპე, მას, მისი სურვილის შესაბამისად, აქვს შესაძლებლობა, დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეუზღუდავად მიიღოს შხაპი, ბრალდებულზე მიმდინარეობს 24-საათიანი ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, მას კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად არ აქვს ქამრით სარგებლობის უფლება, ხოლო პოლიეთილენის პარკი, რომელზეც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაშია საუბარი, ევა შაშიაშვილს საკანში საერთოდ არ აქვს.

    ასევე აღსანიშნავია, რომ ბრალდებულს ტანსაცმლის ან/და ფეხსაცმლის მიწოდების მოთხოვნით პენიტენციური დაწესებულებისთვის არ მიუმართავს, ასევე დაწესებულების მხრიდან არ ყოფილა საჭიროდ მიჩნეული მისთვის დამატებით ტანსაცმლის ან ფეხსაცმლის შეთავაზება, ბრალდებული უფლებამოსილია ამანათის სახით შეუფერხებლად მიიღოს კანონმდებლობით ნებადართული, მისთვის სასურველი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.

    სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულ ევა შაშიაშვილის ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფს მეთვალყურეობის შედეგად არსებული ჩანაწერის დაარქივებასა და გასაჯაროებას.

    ბრალდებული ევა შაშიაშვილი N5 პენიტენციური დაწესებულების მხრიდან უზრუნველყოფილია ყველა საჭირო ჰიგიენური საშუალებით, ბრალდებულის მოთხოვნის შემთხვევაში დაწესებულება მას დამატებით უზრუნველყოფს სეზონის შესაფერისი ტანსაცმლით/ფეხსაცმლით.

    სპეციალური პენიტენციური სამსახური დამატებით კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი თითოეული პირი იმყოფება ისეთ პირობებში რომელიც სრულ შესაბამისობაშია, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო სტანდარტებთან და არ არის პატივისა და ღირსების რაიმე სახით შემლახველი.

    სპეციალური პენიტენციური სამსახური უმკაცრესად მოუწოდებს პოლიტიკურად დაინტერესებულ ტელეკომპანიებსა და საინფორმაციო საშუალებებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი მსგავსი ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებისგან” – ნათქვამია განცხადებაში.

  • „იმედის“ მიმართვის საფუძველზე, სუს-მა გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო

    „ტელეკომპანია „იმედის“ მომართვის საფუძველზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო.
    ‘ტელეკომპანია „იმედის“ მომართვის საფუძველზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო. არხის მაუწყებლობა 17 საათსა და 48 წუთზე გაითიშა და დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში არხი ეთერში ვერ გავიდა. „ტელეიმედთან“ ერთად მაუწყებლობა შეწყდა ჰოლდინგში შემავალი კიდევ ორი კომპანიის – „მაესტროსა“ და „ჯიდიესის“ შემთხვევაშიც. მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.  – წერია სუსის განცხადებაში.
    პროპაგანდისტულმა  სამთავრობო არხმა, ტელეკომპანია “იმედმა” რამდენიმე წუთით ადრე,

    განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მაუწყებლობა 45 წუთით, “დაუდგენელი მიზეზებით” შეუწყდათ, რის გამოც მიმართეს სამართალდამცავ ორგანოებს.
    “ტელეკომპანია “იმედის” მაუწყებლობა ამ ეტაპზე დაუდგენელი მიზეზით, მოულოდნელად, დაახლოებით 45 წუთით გაითიშა. ტელეკომპანია არ გამორიცხავს, რომ ადგილი ჰქონდეს არხის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებრივ აქტს. შესაბამისად, უკვე მივმართეთ სამართალდამცავ ორგანოებსაც. ვადგენთ ხარვეზის მიზეზებს”, – ნათქვამია “იმედის” განცხადებაში.
  • იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ლანა მორგოშია დაინიშნა

    სამინისტროს ცნობით, იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას მოადგილედ ლანა მორგოშია დაინიშნა. 

    ლანა მორგოშია პროფესიით იურისტია, აქვს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მუშაობის 12-წლიანი გამოცდილება. მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე, იკავებდა იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას.” – წერია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

  • ”იმედი” აცხადებს, რომ მაუწყებლობა ”დაუდგენელი მიეზეზებით” 45 წუთით გაეთიშათ

    პროპაგანდისტული სამთავრობო არხი, ტელეკომპანია “იმედი” განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ცოტახნის წნ მაუწყებლობა 45 წუთით, “დაუდგენელი მიზეზებით” შეუწყდათ, რის გამოც მიმართეს სამართალდამცავ ორგანოებს.
    “ტელეკომპანია “იმედის” მაუწყებლობა ამ ეტაპზე დაუდგენელი მიზეზით, მოულოდნელად, დაახლოებით 45 წუთით გაითიშა. ტელეკომპანია არ გამორიცხავს, რომ ადგილი ჰქონდეს არხის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებრივ აქტს. შესაბამისად, უკვე მივმართეთ სამართალდამცავ ორგანოებსაც. ვადგენთ ხარვეზის მიზეზებს”, – ნათქვამია “იმედის” განცხადებაში.

  • მთავრობის გადადგომის მოთხოვნით 26 ოქტომბერს საპროტესტო აქცია გაიმართება

    თბილისში, 26 ოქტომბერს, 19:00 საათზე, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართება.

    პოლიტიკურმა პარტიებმა, სამოქალაქო მოძრაობებმა, სტუდენტებმა და პოლიტპატიმრების ოჯახებმა ბრიფინგზე განაცხადეს, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან 1 წლის თავზე გამართვენ საპროტესტო მსვლელობას.

    მარში 26 ოქტომბერს, 19 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე გაიმართება.

    ისინი ითხოვენ მთავრობის გადადგომას, ივანიშვილის კონტროლისგან თავისუფალ არჩევნებს და ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას.

    “26 ოქტომბერს ერთი წელი სრულდება მას შემდეგ, რაც რეჟიმმა არა მხოლოდ იმ მოქალაქეებს წაართვა ხმა, რომლებსაც ცვლილება სურდათ, არამედ საკუთარი ამომრჩეველიც მოატყუა – ღირსებით წაყვანას დაპირდა ევროპისკენ და ძალაუფლების ხელში ჩაგდებისთანავე უღალატა.

    რეალურად, 2024 წლის 26 ოქტომბერს, ივანიშვილის რეჟიმმა გადადგა ნაბიჯი საკონსტიტუციო გადატრიალების გასაფორმებლად – ამის მკაფიო დასტური იყო 28 ნოემბერს რეჟიმის მიერ საქართველოს ევროპული მომავლის და სახელმწიფოებრიობის დათმობაზე გაკეთებული განაცხადი. ახდა მერაბ კოსტავას წინასწარმეტყველება – ჩვენ მოვესწარით საქართველოს დამოუკიდებლობას, მაგრამ ისიც გაცხადდა, რომ თუ ბრძოლას შევწყვეტთ, მოპოვებულ თავისუფლებას ვკარგავთ.

    კონსტიტუციით გარანტირებული უზენაესი არჩევანის, ევროატლანტიკური მომავლის და რეალური ეროვნული დამოუკიდებლობის წართმევას ქართული საზოგადოება უწყვეტი წინააღმდეგობით შეხვდა, რასაც დღესაც აგრძელებს – რეპრესიების, დაშინების, ძალადობის და თავისუფლების აღკვეთის მიუხედავად.

    რეჟიმი ყოველდღიურად აღრმავებს საერთაშორისო იზოლაციას და საფრთხეს უქმნის ეროვნულ დამოუკიდებლობას, რომელსაც ისტორიულად ყოველთვის ვკარგავთ, თუ რუსეთის პირისპირ მარტო ვრჩებით, რადგან რუსეთის ამოცანა მეზობელი სახელმწიფოების განადგურებაა. მისი შემაკავებელი მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა და დასავლეთის მხარდაჭერაა – ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს როგორც ერთს, ისე მეორეს აკარგვინებს.

    რეჟიმი მორალურ იზოლაციაშია, რაც, საერთაშორისო წნეხთან ერთად, აღრმავებს რეჟიმის შიგნით კლანურ დაპირისპირებებს. ძალაუფლების შენარჩუნებას ის შიშის კულტივაციით ცდილობს, მაგრამ პროტესტს შიშით ვერ აკავებს. პროტესტის ძალის დემონსტრაცია იყო 4 ოქტომბრის არჩევნებად წოდებული ფარსის მიმართ ამომრჩევლის დამოკიდებულება – გაყალბებული რიცხვებითაც კი ნათლად ჩანს, რომ რეჟიმს ძირი მორყეული აქვს – ამომრჩევლის ორ მესამედზე მეტი არჩევნებზე არ მივიდა.

    ასეთ ვითარებაში, შედეგის მისაღწევად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ არ მიეცეთ ამოსუნთქვის შესაძლებლობა და დაინახონ, რომ ჩვენი ძალა და ნებისყოფა არსად წასულა. ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ საქართველოში ბრძოლა მიდის არა ივანიშვილსა და ოპოზიციას, არამედ რუსული ყაიდის ავტოკრატიასა და დემოკრატიას, საბჭოთა წარსულსა და თავისუფალ მომავალს, ერთი კაცის ახირებებს მორგებულ, ოლიგარქიულ მმართველობას და ქართულ საზოგადოებას შორის.

    ამ ბრძოლაში გამარჯვების პოტენციალი აქვს მხოლოდ და მხოლოდ თანმიმდევრულ, პრინციპულ, არაძალადობრივ სახალხო წინააღმდეგობას, რომელიც აშკარაა, რომ არა მხოლოდ რეჟიმის ცვლილებას, არამედ მთელი პოლიტიკური სპექტრის სისტემურ გადატვირთვას, დემოკრატიზაციას და საზოგადოების ინტერესების სამსახურში ჩაყენებას ითხოვს.

    სწორედ ამიტომ, მოგიწოდებთ ყველას, ვისთვისაც საქართველოს სახელმწიფოებრიობა, დამოუკიდებლობა და ღირსეული, ევროპული მომავალი მნიშვნელოვანია, ვისაც გაბრაზებთ საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა და ვინც იცით, რომ მხოლოდ დემოკრატიული ერთობით, ნებისყოფით, სიმტკიცითა და თანმიმდევრულობით შევძლებთ ეროვნული ამოცანების მიღწევას, შევიკრიბოთ 26 ოქტომბერს რესპუბლიკის მოედანზე და პარლამენტამდე საპროტესტო მსვლელობით ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ისევ ძალიან ბევრნი ვართ, ისევ არ ვთმობთ და ისევ ვაგრძელებთ მშვიდობიან ბრძოლას ბოლომდე, გამარჯვებამდე!

    26 ოქტომბერს, 19 საათზე ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე და ვითხოვთ მთავრობის გადადგომას, ივანიშვილის კონტროლისგან თავისუფალ არჩევნებს და ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას.” – ნათქვამია განცხადებაში.

  • ინფორმაცია ბრალდებულ/მსჯავრდებულთა რაოდენობის ზრდაზე, არ შეესაბამება რეალობას – პენიტენციური

    „პენიტენციური დაწესებულებების შესახებ“ ბრძანების შესაბამისად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებშიბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განთავსების მაქსიმალური ლიმიტი შეადგენს 12 332 ბრალდებულს/მსჯავრდებულს”.- ასე ეხმაურება სპეციალური პენიტენციური სამსახური სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულ/მსჯავრდებულთა რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით.

     

    „ბოლო 10 წლის განმავლობაში პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ ბრალდებულ/მსჯავრდებულთა საშუალო რაოდენობა უმნიშვნელოდ იცვლებოდა, მაგალითად 2024 წლის სექტემბრის თვის მონაცემებით ბრალდებულ/მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობა შეადგენდა 10457-ს, ხოლო 2025 წლის ანალოგიური მონაცემებით კი 10445-ს.

    ასევე, აღსანიშნავია რომ, რამდენიმე პენიტენციურ დაწესებულებაში შესაძლებელია ზემოაღნიშნული ბრძანებით განსაზღვრულ რაოდენობაზე მეტი ბრალდებულის/მსჯავრდებულის განთავსება მათი უფლებრივი მდგომარეობის გაუარესების გარეშე, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით.

    ბრძანებით განსაზღვრულ ოდენობას უმნიშვნელოდ აღემატება ორ პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ პირთა რაოდენობა. 2025 წლის სექტემბრის თვეში მიმღები პენიტენციური დაწესებულებებიდან სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში ეტაპირებულ იქნა საერთო ჯამში 617 ბრალდებული/მსჯავრდებული, აქედან დახურული ტიპის დაწესებულებაში გადაყვანილ იქნა 137, ხოლო ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში 480.

    სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს ნებისმიერ პირს, თავი შეიკავონ მსგავსი სახის ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებას და სპეციალური პენიტენციური სამსახურის საქმიანობის დისკრედიტაციას.“- ნათქვამია განცხადებაში

  • ივანიშვილი იყო და არის ერთადერთი, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს, მის გარშემო ყველა მარიონეტია – ზურაბიშვილი

    “ივანიშვილი იყო და არის ერთადერთი, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს, მის გარშემო ყველა მარიონეტია”- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრაღაში “Forum 2000”-ის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

    „საქართველოში დღეს ეს მთავრობა და პარტია „ქართული ოცნება“, რომელიც უკვე „ქართული კოშმარი“ გახდა, თავიდან სულ სხვა რამ იყო. დღეს კი სრულიად სხვა პარტიაა. 2012 წლის წევრების დაახლოებით, 80% დღეს პარტიაში აღარაა. პირვანდელი კოალიციის სხვა პარტიებიც აღარ არსებობენ. ასე რომ, ეს უკვე სხვა ძალაა, მაგრამ მთავარ ფიგურას, ბატონ ივანიშვილს თუ დავუბრუნდებით, ის მაშინაც იყო, დღესაც არის და სწორედ ის არის ერთადერთი ადამიანი, ვინც დღეს გადაწყვეტილებებს იღებს. სრულად ნათელია, რომ მის გარშემო მყოფი ყველა ადამიანი მისთვის უბრალოდ მარიონეტია. ის აშკარად იყენებს რუსულ მეთოდებს, რუსულ ნარატივებს, რუსულ ინსტრუქციებს. რატომ? რა იყო შეთანხმება, ან რა მოხდა? ამას, ალბათ, ისტორია გვეტყვის.ამჟამად ჩვენ მხოლოდ ფაქტებს ვხედავთ და არა მათ ახსნას. ფაქტი კი ის არის, რომ საქართველოში გვყავს პრორუსული მთავრობა, პრორუსი ლიდერი, რომელიც რუსეთიდან აღებულ პრაქტიკას იყენებს, ცდილობს გაანადგუროს სამოქალაქო საზოგადოება, ზუსტად ისე, როგორც ეს რუსეთში მოხდა, ერთი დიდი განსხვავებით: ქართული სამოქალაქო საზოგადოება არ არის რუსული სამოქალაქო საზოგადოება.

    საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება საბჭოთა პერიოდშიც კი არსებობდა, გვყავდა ადამიანები, რომლებიც მაშინაც ფიქრობდნენ თავისუფლად და გამოხატავდნენ საკუთარ აზრს. დღესაც გვაქვს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება. გვყავს ახალგაზრდები, და მათ შორის თითქმის ყველა, ვინც 30 წლამდეა, ნამყოფია, ან სწავლობდა ევროპასა თუ ამერიკაში. ეს უკვე სხვა თაობაა, თაობა, რომელსაც ვერ დაამარცხებენ, და სწორედ ეს არის ჩვენი იმედი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

  • ”ჰამასის” ტყვეობიდან ყველა ცოცხალი მძევალი გათავისუფლებულია – 28 მძევლის ცხედარს ისრაელში დღეს გადაასვენებენ

    ორი წლის წინ გატაცებული, ”ჰამასის” ტყვეობიდან ცოცხლად დარჩენილი 20 მძევლიდან ბოლო 13 ტყვე გათავისუფლდა. ისინი ღაზის სექტორის სამხრეთში გადასცეს საერთაშორისო ორგანიზაცია „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებს. – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

    გამოცემის ცნობით, ღაზაში რჩება 28 მძევლის ცხედარი და მათი ნაწილის ისრაელში გადასვენება დღესვე იგეგმება.

    ცნობილია, რომ ისრაელი „ჰამასის“ მხრიდან მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, 250 პალესტინელ პატიმარს და 1 700-ზე მეტ დაკავებულს გაათავისუფლებს.

    შეგახსენებთ, „ჰამასმა“ დღეს, საერთო ჯამში, 20 ცოცხალი მძევალი გაათავისუფლა