Category: ახალი ამბები

  • ოპოზიციონერო პოლიტიკოსებო, მოაზროვნე ქართველებო, სახლში როგორ ჩერდებით, როცა ხედავთ დიდს თუ პატარას არ ინდობენ? – არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი

    „კითხვა მაქვს თქვენთან: ოპოზიციონერო პოლიტიკოსებო, მოაზროვნე ქართველებო, ერთგულო მამულიშვილებო, სახლში როგორ ჩერდებით, როცა ხედავთ დიდს თუ პატარას არ ინდობენ? რით ამშვიდებთ სინდისის ქენჯნას? ნუთუ ერთი საათითაც არ შეგიძლიათ გამოხვიდეთ და ეს საზიზღარი უსამართლობა გააპროტესტოთ რუსთაველზე?! დღეს საღამოს გამოდით რუსთაველზე და მეც და მოპროტესტე ხალხს გვითხარით თუ რამე უკეთესი გზა იპოვეთ. არ მჯერა, რომ მიატოვეთ საქართველო. გელოდებით დღეს, ან შემოგვიერთდით ან უკეთესი გზა გვასწავლეთ“

    ამის შესახებ არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

  • აქციაზე დაკავებულმა 71 წლის აზა ჩილაჩავამ მშრალი შიმშილობა დაიწყო

    აქციაზე დაკავებულმა 71 წლის აზა ჩილაჩავამ მშრალი შიმშილობა დაიწყო. ინფორმაციას ადვოკატი მარიამ პატარიძე ავრცელებს.

    “ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, როგორ დავტოვეთ იზოლატორში ადვოკატებმა 71 წლის აზა ბებო, რომელსაც დაკავებისას პოლიციამ 2.55 ლარი დაულუქა. იმასაც წარმოვიდგენ, საკუთარი სახლიდან დევნილი, როგორ ათენებს პირველ ღამეს დმი-ს ოთახში, რომელიც როგორც გვითხრა, იმაზე დიდი ყოფილა, ვიდრე მისი საცხოვრებელი. რაც არ მაძინებს უღონობის შეგრძნებაა. 71 წლის დევნილმა ქალმა მშრალი შიმშილობა გადაწყვიტა და ამაზე საუბრისას შეუვალი იყო: მე ჩემი პროტესტი მაქვს! ყოველ ჩვენს თხოვნაზე ამ სიტყვებს მტკიცედ გვიმეორებდა. ცრემლები რამდენჯერმე მოერია და მხოლოდ მაშინ, როცა ახალგაზრდებზე საუბრობდა- იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც აფხაზეთში დატოვა და მათზე, ვინც ახლა ნათელი მომავლისთვის რუსთაველზე იბრძვის. არ ინერვიულოთ და ჩემთვის ნუ წუხდებითო, ამ უხერხულობით დაგვემშვიდობა”- წერს პატარიძე.

    აზა ჩილაჩავა რეჟიმის პოლიციამ 2 ნოემბერს ღამით დააკავა.

  • მიგრაციის დეპარტამენტმა ქვეყნიდან კიდევ 121 უცხოელი გააძევა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნის 121 მოქალაქე საქართველოდან გააძევა.

    “გასული თვის მანძილზე ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გააძევეს: ინდოეთის, ირანის, თურქეთის, პაკისტანის, ერაყის, ეგვიპტის, ლიბანის, მაროკოს, ფილიპინების, იორდანიის, ბანგლადეშის, ჩადის, კოტ-დიუარის, რუმინეთის, რუსეთის, ნიგერიისა და სხვა ქვეყნების – ჯამში 121 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ” – წერს შსს.

  • თავდასხმა ინგლისში მატარებელში: 10 დაჭრილი, მათგან ცხრა — მძიმედ

    ინგლისის კემბრიჯშირის საგრაფოში მატარებელში დანით თავდასხმა მოხდა , რის შედეგადაც 10 ადამიანი დაშავდა, მათგან ცხრა სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობებით. თავდასხმასთან კავშირში მყოფი ორი პირი დააკავეს. გამოძიებას ანტიტერორისტული პოლიცია შეუერთდა.

    შემთხვევა შაბათ საღამოს მოხდა მატარებელში, რომელიც ინგლისის ჩრდილო–აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ დონკასტერიდან ლონდონის „კინგს კროსის“ სადგურისკენ მიემგზავრებოდა. თავდასხმის შესახებ ინფორმაცია პოლიციამ და გადაუდებელმა სამსახურებმა მგზავრების ზარებიდან მიიღეს. მათ თქვეს, რომ მატარებელში მყოფ ადამიანებს დანით შეიარაღებული პირი დაესხა თავს.

    შემთხვევის შემდეგ პოლიციისა და სამაშველო სამსახურის მრავალი თანამშრომელი ჩავიდა შემთხვევის ადგილზე — ჰანტინგდონის სადგურზე (კემბრიჯშირი), სადაც მატარებლის იძულებითი გაჩერება მოხდა.

    მატარებელში შეიარაღებულმა პოლიციამ ორი პირი დააკავა, თუმცა მათი ვინაობა  არ სახელდება.

    თვითმხილველთა თქმით, თავდამსხმელი, სავარაუდოდ, მამაკაცი იყო. პოლიციის განცხადებით, ცხრა დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია და საავადმყოფოშია გადაყვანილი. კიდევ ერთი დაშავებული ასევე ჰოსპიტალიზებულია, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

    კვირა დილით ჰანტინგდონის სადგური კვლავ დახურული იყო. თვითმხილველების ცნობით, მატარებელი, სადაც თავდასხმა მოხდა, ისევ პლატფორმაზე დგას და პოლიცია მუშაობას განაგრძობს.

    მატარებლების მოძრაობა ამ რეგიონში ნაწილობრივ შეფერხებულია ან გაუქმებულია. მოქალაქეებს მოუწოდებენ, კვირას შეძლებისდაგვარად თავი შეიკავონ მგზავრობისგან. ასევე მოქმედებს სატრანსპორტო გადაადგილების შეზღუდვები.

    თვითმხილველების მონათხრობი


    მალე გავრცელდა ინფორმაცია იმაზე, რაც თავდასხმის მომენტში ხდებოდა.

    ოლლი ფოსტერმა, რომელიც ინციდენტისას მატარებელში იმყოფებოდა, მედიას განუცხადა, რომ მგზავრებს პანიკა დაეწყოთ — სისხლში ამოსვრილი ადამიანები ყვიროდნენ და დახმარებას ითხოვდნენ.

    ფოსტერის თქმით, პირველად გაიგონა ყვირილი: „გაიქეცით, გაიქეცით, ბიჭი ყველას დანით ჭრის!“ თავიდან ეგონა, რომ ეს ჰელოუინის ხუმრობა იყო.

    რამდენიმე წუთში ხალხმა ვაგონში გადაადგილება დაიწყო, ფოსტერმა კი შენიშნა, რომ მისი ხელი სისხლით იყო დაფარული — „სისხლი ყველგან იყო, სავარძელზეც, რომელსაც ვეყრდნობოდი“.

    მისი თქმით, ხანდაზმულმა მამაკაცმა გოგონა საკუთარი სხეულით გადაფარა და დაიცვა, თუმცა თავად თავისა და ყელის არეში დაიჭრა. მის ირგვლივ მყოფმა მგზავრებმა სისხლდენის შესაჩერებლად ქურთუკები გამოიყენეს.

    ფოსტერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი მხოლოდ 10–15 წუთი გაგრძელდა, ეს დრო უსასრულოდ გრძელი ეჩვენა.

    ბრიტანულმა სატრანსპორტო პოლიციამ „BBC“-ს დაუდასტურა, რომ თავდაპირველად გამოყენებულ იქნა კოდური სიტყვა „Plato“, რომელიც გამოიყენება „მასობრივ ტერორისტულ თავდასხმაზე“ რეაგირებისას. მოგვიანებით ეს კლასიფიკაცია გაუქმდა.

    პოლიციამ ინციდენტი „მასშტაბურ შემთხვევად“ გამოაცხადა, გამოძიება კი ანტიტერორისტული განყოფილების მხარდაჭერით მიმდინარეობს.

    სამართალდამცავების განცხადებით, ამ ეტაპზე ნაადრევია რაიმე ვერსიის ან მოტივის დასახელება.

    შინაგან საქმეთა მინისტრმა შაბანა მაჰმუდმა განაცხადა, რომ რეგულარულად იღებს ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და საზოგადოებას სთხოვა „თავი შეიკავონ კომენტარებისა და სპეკულაციებისგან ამ ეტაპზე“.

    გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა მომხდარი „გამაოგნებელ ინციდენტად“ მოიხსენია, რომელიც „დიდ შეშფოთებას იწვევს“.

  • რუსეთმა ხერსონის ოლქი დაბომბა – არიან დაღუპულები და დაშავებულები

    რუსმა ოკუპანტებმა, ხერსონის ოლქში დნიპროვსკის რაიონი დაბომბეს – 2 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა.

    ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლექსანდრ პროკუდინის, თქმით, დაშავებულებიდან სამი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

    რუსულმა თავდასხმამ ასევე დააზიანა საცალო ვაჭრობის ობიექტები, რამაც შენობებში ხანძარი გამოიწვია.

  • “საქმე როცა ყოფილ თანაგუნდელებს ეხება, რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო დამამძიმებელია” – კალაძე

    “საქმე როცა ყოფილ თანაგუნდელებს ეხება, რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო დამამძიმებელია” – კალაძე

    “საქმე როცა ყოფილ თანაგუნდელებს ეხება, რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო დამამძიმებელია” – განაცხადა ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.

    „ვინ იქნება დაკავებული, მე ამაზე გამიჭირდება საუბარი. ამასთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებები გააკეთებენ განმარტებას. ყველაფერი დამოკიდებულია გამოძიებაზე. შესაბამისად, წინასწარ მე რაიმე განმარტების გაკეთება აღნიშნულთან დაკავშირებით გამიჭირდება. ფაქტი ძალიან მძიმეა, ძალიან ცუდია, საწყენია. საქმე როცა ეხება ყოფილ თანაგუნდელებს, რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო დამამძიმებელია“,- განაცხადა კალაძემ.

  • საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიას ბექა ოდიშარია უხელმძღვანელებს

    განათლებისა და კულტურის კომისიის – თბილისის საკრებულოს გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიას ქართული ოცნების დეპუტატი, ბექა ოდიშარია უხელმძღვანელებს.

    “თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში VIIl მოწვევის პირველსავე სხდომაზე წარმომადგენლობით ორგანოში მოქმედი კომისიების თავმჯდომარეები აირჩიეს.დღეიდან განათლებისა და კულტურის კომისიას ბექა ოდიშარია უხელმძღვანელებს.ბექა ოდიშარიას განცხადებით, განათლების და კულტურის კომისიის კარი 24/7 -ზე ღია იქნება იმ ადამიანებისთვის ვინც დაინტერესებულნი ბრძანდებიან მონაწილეობა მიიღონ ქალაქის კულტურულ-საგანმანათლებლო პროცესებში ჩართვით.” – ნათქვამია განცხადებაში.

  • N15 დაწესებულებაში არც მუნისა და არც ტუბერკულოზის შემთხვევა არ ფიქსირდება – პენიტენციური განცხადებას ავრცელებს

    “N15 დაწესებულებაში არც მუნისა და არც ტუბერკულოზის შემთხვევა არ ფიქსირდება” – სპეციალური პენიტენციური სამსახური “მთავარის” გავრცელებულ ინფორმაციას, ეხმიანება და აცხადებს, რომ ქსნის N15 პენიტენციურ დაწესებულებაში არც მუნისა და არც ტუბერკულოზის არც ერთი შემთხვევა არ ფიქსირდება.

    “სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ცალკეული მიკერძოებული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას, ქსნის N15 პენიტენციურ დაწესებულებაში მუნისა და ტუბერკულოზის შემთხვევების დაფიქსირებასთან დაკავშირებით.

    საზოგადოების ინფორმირების მიზნით ხაზგასმით განვმარტავთ, რომ დღეის მდგომარეობით, ქსნის N15 პენიტენციურ დაწესებულებაში არც მუნისა და არც ტუბერკულოზის არც ერთი შემთხვევა არ ფიქსირდება.

    საყურადღებოა, რომ ბოლო პერიოდში ცალკეული მიკერძოებული მედიასაშუალებებისა და პირების მიერ გახშირდა პენიტენციური სამსახურის საქმიანობის დისკრედიტაციის მიზნით, ცილისმწამებლური განცხადებებით საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირების მცდელობები.
    სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირსა და მედიასაშუალებას თავი შეიკავონ ყველა სახის დაუზუსტებელი და დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რაც არა მხოლოდ საზოგადოების, არამედ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ოჯახის წევრების შეცდომაში შეყვანას იწვევს.” – წერია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

    ცნობისთვის, დღეს, მთავარმა არხმაგაავრცელა ინფორმაცია,  რომ N15 პენიტენციურ დაწესებულებაში მუნისა და ტუბერკულოზის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.

  • 20 მლნ-მდე ლარის თანხებია ამოღებული, ეს მიექცევა ბიუჯეტში – კობახიძე

    20 მლნ-მდე ლარის თანხებია ამოღებული, ეს მიექცევა ბიუჯეტში – კობახიძე

    პირველ რიგში, რაც შეეხება თანხების ამოღებას დაახლოებით 20 მილიონი ლარის თანხებია, როგორც ვიცი, ამოღებული მთლიანად, ეს თანხები მიექცევა საქართველოს ბიუჯეტში და სახელმწიფო ბიუჯეტს აუნაზღაურდება ის დანაკლისი, რომელიც მიიღო კონკრეტული, სავარაუდო, კორუფციის ფაქტებიდან.

    რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ამაზე უწყებები გაგცემენ პასუხს.

    რაც შეეხება ჩვენს პასუხისმგებლობას, პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს, იმ შემთხვევაში თუ არ არსებობდა ობიექტური გარემოებები, რომლის გამოც შეუძლებელი იყო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, იმ პირობებში, როდესაც ჩვენ გვიწევდა ძალიან მძიმე ფრონტზე ბრძოლა, რაღაცებში ჩაღრმავება შეიძლება იყო შეუძლებელი.

    თუმცა მე მინდა შეგახსენოთ კიდევ ერთხელ, ჯერ კიდევ 2023 წლის დეკემბერში გამოვიდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი სიტყვით და მან გააკეთა პირდაპირი განცხადებები კორუფციის მიმართ უკომპრომისო დამოკიდებულებასთან დაკავშირებით და იმ დღიდან მოყოლებული, 2024 წლის 8 თებერვლიდან, კონკრეტულად, როცა ჩამოყალიბდა ახალი მთავრობა, ჩვენ მივიღეთ არაერთი ზომა, იმისათვის რომ მაქსიმალურად გამოგვერიცხა კორუფცია ჩვენს ქვეყანაში.

    ამიტომ როცა საუბარია იმაზე, რომ აქ ჩვენ რაღაც ფულის ამოღება გვინდა, თუ სხვა რამე, ფულის ამოღებაც გვინდა ბიუჯეტისთვის, ეს ერთი, მაგრამ ჩვენ ჩვენს დამოკიდებულებას კორუფციის მიმართ ვაჩვენებთ, არა მხოლოდ იმით, რომ წარსულ საქმეებში ჩავიხედეთ, არამედ იმით, რომ 2024 წლის 8 თებერვლიდან მოყოლებული ვდგამთ ყველა ნაბიჯს, იმისათვის რომ გამჭვირვალე იყოს მთავრობის საქმიანობა და აბსოლუტურად გამჭვირვალედ წარიმართოს ყველა პროცედურა, მათ შორის, ტენდერები, პრივატიზაცია და ასე შემდეგ.

    ეს აჩვენებს, პირველ რიგში, ჩვენს დამოკიდებულებას, რომ ჩვენ ყველა ნაბიჯი გადავდგით ჩვენს ქვეყანაში კორუფციის აღსაკვეთად, რის შედეგებსაც საზოგადოება ხედავს.

    თქვა ივანიშვილის პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

  • როგორც ჩანს, კონკრეტულმა ადამიანებმა საკუთარი სარგებლის მიღება გადაწყვიტეს  – კობახიძე

    როგორც ჩანს, კონკრეტულმა ადამიანებმა საკუთარი სარგებლის მიღება გადაწყვიტეს – კობახიძე

    “2022-2024 წლები ჩვენი ქვეყნისთვის გამორჩეულად რთული და მძიმე წლები იყო. იყო უსამართლობა, უხეში ზეწოლა, უხეში ქმედებები ჩვენი ქვეყნის მიმართ. იყო პირდაპირი მოწოდებები და მოთხოვნები ომში ჩართვასთან დაკავშირებით.

    როდესაც ქვეყანა ასეთ მდგომარეობაშია, არის ამხელა ზეწოლა, ასეთი წნეხი, უსამართლობა, რევოლუციის ორგანიზების რამდენიმე მცდელობა და როცა ასეთ დროს ადამიანი ხელის მოთბობაზე ფიქრობს, ეს არის პრინციპულად არასწორი – უფრო უხეში შეფასება არ მინდა!

    2023 წლის დეკემბერში, როდესაც ჩვენთვის უკვე გარკვეული ინფორმაციები იყო ცნობილი, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. მან სწორედ ამ შენობაში კონკრეტული განცხადებები გააკეთა და კონკრეტული მინიშნებები ჰქონდა. ერთ-ერთი უმთავრესი მინიშნება სწორედ კორუფციას უკავშირდებოდა.

    2024 წელი სხვადასხვა მიმართებით ურთულესი იყო – იყო ზეწოლა, იყო საარჩევნო წელი. პოლიტიკური თვალსაზრისით ქვეყნის წინაშე პრობლემები იყო. ასეთ პირობებში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა გაგვიჭირდა, თუმცა დღეს ყველაფერი წესრიგშია – ჩატარებულია საპარლამენტო არჩევნები, ქვეყანა არის დამშვიდებული და გვაქვს პრაქტიკული შესაძლებლობა, რომ ყველა ზომა მივიღოთ, მათ შორის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის.

    ვიღაცებმა რომ რაღაცები რომ შეიძლება ვიცოდით სწორედ ამიტომ გაკეთდა განცხადებები 2023 წლის დეკემბერში – გადამჭრელი ზომების მიღებას გარკვეული დრო დასჭირდა“,

    ეს განცხადება “ქართული ოცნების” პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.