Category: ახალი ამბები

  • ევროკავშირის შეფასება ქართული ოცნებისთვის სამარცხვინო განაჩენია – ელენე ხოშტარია

    ევროკავშირის შეფასება ქართული ოცნებისთვის სამარცხვინო განაჩენია – ელენე ხოშტარია

    ევროკავშირის შეფასება არის ისტორიული ჩვენი ქვეყნისთვის და სამარცხვინო განაჩენი ქართული ოცნებისთვის, რომელმაც საუკუნის მნიშვნელობის სიკეთე, პრაქტიკულად, გაანადგურა. ეს არის ისტორიული შესაძლებლობა და გამოწვევა ჩვენთვის, რომლისთვისაც ევროპის კარი ჯერ კიდევ შეღებულია. ის მუდმივად ღია ვერ იქნება. ამას გვასწავლის ისტორია და ევროპის კარის ბოლომდე გაღებას მხოლოდ დიდი ძალისხმევით შევძლებთ. ამ ძალისხმევამ უნდა დაასრულოს რუსული რეჟიმი. ჩვენი დამოუკიდებლობის მამებს ჩვენთვის თავისუფლება იმისთვის არ გადმოუციათ, რომ ის რუსებს ჩავაბაროთ.

    ყოველდღე ბრძოლის შემყურე, დარწმუნებული ვარ, რომ ამ ისტორიულ შანსს არ დავკარგავთ, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის მოსაპოვებელია. ბოლომდე!

    ციხიდან გამოგზავნილ წერილში კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია.

     

  • პოეტ პაატა შამუგიას 5 დღიანი პატიმრობა შეეფარდა

    სასამართლომ პოეტი, პაატა შამუგია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

    გადაწყვეტილება მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ გამოაცხადა.

    პაატა შამუგია პოლიციამ გუშინ, მეტრო “თავისუფლების მოედანთან” დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტრო შამუგიას “გზის ხელოვნურად” გადაკეტვას ედავებოდა.

  • დასანანია ამ მასშტაბის უსამართლობა, ფაქტების დამახინჯება – კობახიძე EU-ს ანგარიშზე

    დასანანია ამ მასშტაბის უსამართლობა, ფაქტების დამახინჯება – კობახიძე EU-ს ანგარიშზე

    “ძალიან დასანანია, როდესაც ჩვენ ვხედავთ ამ მასშტაბის უსამართლობას და ფაქტების დამახინჯებას ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან. ევროპული ბიუროკრატია წარმოადგენს ევროკავშირს და ასეთ დროს საფრთხე ექმნება და ზიანი ადგება არა მხოლოდ ევროპული ბიუროკრატიის რეპუტაციას, არამედ ევროკავშირის რეპუტაციასაც.

    სწორედ ასეთი ქმედებების შედეგია ის, რომ საქართველოში თანდათანობით მცირდება ნდობა, როგორც ევროპული ბიუროკრატიის, ისე, ზოგადად ევროკავშირის მიმართ. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ვითარება შეიცვლება ევროკავშირში და სამართლიანობა იქნება ის პრინციპი, მომავალში რითაც იხელმძღვანელებენ ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები. თუმცა, დღეს ეს ასე არ არის და ამისი საუკეთესო გამოხატულებაა ის ანგარიში, რომელიც გამოქვეყნდა.

    იგივე, როცა საუბარია რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე, და ამასთან დაკავშირებით უკრაინის მიერ გამოხატულ შფოთვაზე, ჩვენ არ გვახსენდება უკრაინის შეშფოთებული პოზიცია მოლდოვასთან, ან სხვა კანდიდატ ქვეყნებთან მიმართებით, რომელიც ასევე არ მიუერთდა სანქციებს.ეს ყველაფერი ნიშნავს ორმაგ სტანდარტებს, ნიშნავს უსამართლობას, ნიშნავს იმას, რომ სერიოზული პრობლემებია ევროპულ ბიუროკრატიაში”.

    განაცხადა ამის შესახებ “ქართული ოცნების პრემიერ-მინოსტრმა, ირაკლი კობახიძემ.

  • ევროკომისიის ანგარიში ტყუილია – გორდულაძე

    ეს განცხადებები მიმართულია მხოლოდ იმისკენ, რომ როგორმე, საქართველოში არეულობა გამოიწვიონ და ჩვენი ქვეყნის სათავეში მათი მოსაწონი ხელისუფლება მოვიდეს, რომელიც ევრობიუროკრატიის, შესაბამისად მათი პატრონების, იმ დიდი “დიფსთეითის” დაკრულზე იცეკვებს […]

    არაფერი განსხვავებული არ არის, რაც ჩვენ წლების განმავლობაში არ გვინახავს. არის აბსოლუტური ტყუილი და დეზინფორმაცია, მათ შორის, ქართველი ხალხის არჩევანის უგულებელყოფა.

    თქვა ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე.

  • არქიმანდრიტ ილია თოლორაიას აეკრძალოს მღვდელმოქმედების უფლება – საპატრიარქო

    პატრიარქმა ილია მეორემ დააკმაყოფილა ეპარქიული კომისიის წარდგინება და არქიმანდრიტ ილია თოლორაის მღვდელმსახურება აუკრძალა, “ვიდრე არ გამოავლენს გულწრფელ სინანულს”.

    “სამების საპატრიარქო ლავრის მღვდელმსახურს, არქიმანდრიტ ილიას (თოლორაია), ეპისკოპოსის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ზოგადად ეკლესიის იერარქებისადმი ცილისმწამებლური განცხადებებისათვის, ეპარქიალური კომისიის წარდგინების საფუძველზე, აეკრძალოს მღვდელმოქმედების უფლება, ვიდრე არ გამოავლენს გულწრფელ სინანულს” – წერია ბრძანებაში.

  • საზოგადოებამ  სრულიად უტიფარი სიცრუით გაჯერებული და ანტიქართული რიტორიკით სავსე ანგარიში მოისმინა – მათიკაშვილი

    საზოგადოებამ სრულიად უტიფარი სიცრუით გაჯერებული და ანტიქართული რიტორიკით სავსე ანგარიში მოისმინა – მათიკაშვილი

    „სრულიად უტიფარი სიცრუით გაჯერებული და ანტიქართული რიტორიკით სავსე ანგარიში მოისმინა გუშინ საზოგადოებამ ევროკომისიის მხრიდან. რთულია სხვა შეფასება მისცე, თუ არა ჩვენი ქვეყნის და ქართველი ხალხის მიმართ აშკარად არაკეთილმეგობრული განწყობა, რომელიც ვერ დამალა ევროკომისიამ და ევროკავშირმა. თითქოს, მართლაც ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენ, ქართველებს, საქართველოს ხელი ააღებინონ ევროპულ პერსპექტივაზე, იმდენად შეუსაბამო, სინამდვილესთან აცდენილი ე.წ. ფაქტები და არგუმენტებით არის გაჯერებული ეს ანგარიში. პირდაპირ ტყუილი არის ჩაწერილი ანგარიშში, თურმე, როგორ არ დაუჭირა მხარი უკრაინის სასარგებლოდ არსებულ რეზოლუციებს და როგორ მოქმედებდა ის საერთო ევროპული ინიციატივების წინააღმდეგ. თავიდან ბოლომდე ანგარიში იყო გაყალბებული, ეს შეგვიძლია პირდაპირ დავარქვათ. ეს არის ყალბი ანგარიში და ყალბი ანგარიშით მცდელობა, ჩვენს საზოგადოებაზე მოახდინონ ზეწოლა. ამავდროულად, ყველაზე გასაკვირი და მათთვის სამარცხვინო, ვინც ეს ანგარიში დაწერა, არის ის, რომ პირდაპირ ევროკავშირის წიაღში, ევროკომისიის ანგარიშთან ერთად არის უამრავი ინფორმაცია საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული, სადაც ჩვენმა ქვეყანამ უდიდეს პროგრესს მიაღწია და ხშირ შემთხვევაში არის ევროკავშირის არა თუ კანდიდატი ქვეყნების, არამედ ევროკავშირის წევრი ქვეყნების რეიტინგებზე მაღალ საფეხურზე მდგომი. ამ ყველაფერს ასე გაკვრით აღნიშნავენ. ხშირ შემთხვევაში, არც აღნიშნავენ. არც აძლევენ თავის თავს იმის შესაბამის ნიადაგს, რომ საფუძვლიანად ისაუბრონ პროგრესზე,”

    ამის შესახებ “ქართული ოცნების” პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ევროკავშირის გაფართოების ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.

  • შსს-ს თქმით, დაჭრილია სპეცრაზმელი, ლიკვიდირებულია მირზა ალიევი

    ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული სპეცოპერაციის დროს ლაგოდეხში, სოფელ კაბალში, ერთ-ერთმა დასაკავებელმა პირმა, მირზა ალიევმა სპეცრაზმის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ერთი სპეცრაზმელი მძიმედ დაიჭრა. საპასუხო ცეცხლის შედეგად მირზა ალიევი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული.
    ამის შესახებ „ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.
    მირზა ალიევი,  ლაგოდეხის საკრებულოს ყოფილი დეპუტატია.

    ეს უაკანასკნელი საკრებულოში 2010-2014 წლებში მუშაობდა.

    “5 სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისა და ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის ბრალდებით 34 პირი დავაკავეთ. 7 პირს კი, მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ 2 პირს, საზღვარგარეთ მყოფ 4 ადამიანსა და 1 კანონიერ ქურდს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში ერთ-ერთმა დასაკავებელმა პირმა, მირზა ალიევმა, რომელზეც დაკავების შესახებ მოსამართლის განჩინება იყო გაცემული, სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლების მისამართით ინტენსიური ცეცხლი გახსნა. შედეგად, ერთ-ერთი სპეცრაზმელი გულმკერდის არეში მძიმედ დაიჭრა. პოლიციის საპასუხო ცეცხლის შედეგად, მირზა ალიევი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული.დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს” – თქვა  შს მინისტრის, გეკა გელაძის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ

  • თაკო ჩარკვიანი ადასტურებს, რომ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეებს შორის ერთ-ერთი ჯაკო ჩარკვიანია

    სუპერმარკეტ „სპარის“ ორი თანამშრომლის მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეებიდან ერთ-ერთი მომღერალ მამუკა ჩარკვიანის შვილი, ჯაკო (ჯანსუღ) ჩარკვიანია. ინფორმაციას ადასტურებს, ჯაკო ჩარკვიანის მამიდა, თაკო ჩარკვიანიც. IPN-ის ცნობით, მისი ძმიშვილი დაკავებული არ არის, ის არ გამოუკითხავთ და არც არსად მიმალვას არ აპირებს.

    „ჩემი ინფორმაციით, ამ ქალმა [მანანა გიორგობიანი] დაურეკა, მცემენ და მიშველეო, ის ჯაკოს გარდაცვლილი მეგობრის დედაა. ვიდეოშიც ისმის ფრაზა, „ახლა მე ბიჭებს დავურეკავო“ და მერე ამბობს კიდეც, ამან, მეორემაც დამარტყა ხელიო. აბსოლუტურად შეცდომაში შეყვანაა ადამიანების… შვილის ხელა ბავშვებს რანაირად უნდა დაურეკო ქალმა, არ ვიცი…. გარდაცვლილი მეგობრის დედა რომ გირეკავს, მიშველე, მირტყამენ, მიშველეო, ჩახვალ, ადამიანური რეაქცია იყო. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ვამართლებ, ნამდვილად ასე იყო. ძალიან ბევრი თვითმხილველია“, – აცხადებს ჩარკვიანი.

    2 ნოემბერს, გვიან ღამით, სუპერმარკეტ „სპარში“ ორ თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. სამართალდამცავებმა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე მანანა გიორგობიანი დააკავეს.

  • დააკავეს დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე

    დააკავეს დავით მიქაძის დაცვის უფროსი, დავით ჩუბინიძე. დავით მიქაძეს კი, რომელიც ასევე ბრალდებულია ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე, ახალი ბრალდება დაუსწრებლად წარედგინება.

    გამოძიები დადგინდა, რომ დავით მიქაძე და მისი დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად დაეუფლნენ ვახტანგ კობიაშვილის სახელზე რეგისტრირებულ ხუთ ერთეულ ცეცხლსასროლ იარაღს, რომელთაგან ერთ-ერთი უკანონოდ გაასაღეს მესამე პირზე.

    როგორც შს მინისტრის  მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ჩუბინიძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს. მისი საქმე სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 და 237-ე მუხლის მე-3 ნაწილებით არის აღძრული.

    შეგახსენებთ, ლევან ჯანგველაძის შეკვეთით განხორციელებულ მკვლელობასთან და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით დამნაშავედ ცნობილია ყოფილი სპეცრაზმელი გელა უძილაური, რომელსაც უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი.

    ამავე საქმეზე ბრალდებულია კიდევ ექვსი პირი – დავით და გიორგი მიქაძეები, გიორგი ჯოხაძე, სანდრო წივწივაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. სამი მათგანი – გიორგი მიქაძე, მამუკა ბაღდავაძე და გიორგი კაჭკაჭიშვილი სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს, ხოლო გიორგი ჯოხაძე და დავით მიქაძე ამჟამად ძებნაში იმყოფებიან.

  • გაფართოების ანგარიში უკიდურესად მძიმეა და EU ამას გამოიყენებს უვიზო მიმოსვლაზე გადაწყვეტილებისთვის – ბოკუჩავა

    „გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი და ამავდროულად, ძალიან მძიმე ანგარიში გამოქვეყნდა. იყო ძალიან მძიმე ბრიფინგები, სადაც ადასტურებენ ორ რამეს, რომ ივანიშვილის რუსული რეჟიმის პირობებში, სამწუხაროდ, საქართველო, რომელმაც ქართველი ხალხის ძალისხმევით მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, დღეს არანაირი მომავალი ევროკავშირში არ აქვს. ეს არის სწორედ ივანიშვილის რუსული რეჟიმის მოქმედებების, ნაბიჯების, ანტიდასავლური, ანტიევროპული პოლიტიკის შედეგი. და ასევე, მარტა კოსიმ და კაია კალასმა ღიად ისაუბრეს იმაზე, რომ ივანიშვილის რეჟიმი მიზანმიმართულად ატყუებს ქართველ ხალხს ილუზიის შექმნის მიზნით, თითქოსდა, ფორმალურად მაინც საქართველო რჩება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში. ეს არის ილუზია, ეს არის ტყუილი და სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი საქართველოს, ქართველ ხალხს, რომელსაც ელოდება ევროკავშირი საკუთარ დიდ, პოლიტიკურ, უსაფრთხო ოჯახში, შეუძლია, რომ აღადგინოს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მოვიშორებთ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს. ევროპული პენსია, ევროპული ხელფასი, ევროპული განათლება, ევროპული კეთილდღეობა, ევროპული უსაფრთხოება შეგვიძლია დავიბრუნოთ და მოვიპოვოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოვიშორებთ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს.

    ასევე, რა კონკრეტული შედეგი ექნება ამ უკიდურესად მძიმე ანგარიშს, რომელიც გუშინ მოვისმინეთ – სამწუხაროდ, სწორედ ამ ანგარიშს გამოიყენებს ევროკავშირი უვიზო მიმოსვლაზე გადაწყვეტილებისთვის. იცით, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო გუნდი მრავალი თვის განმავლობაში მუშაობს ძალიან ინტენსიურად იმაზე, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერება არ შეეხოთ საქართველოს მოქალაქეებს და ივანიშვილის რუსული რეჟიმის, ავტოკრატიული ნაბიჯების გამო არ დასანქცირდეს ქართველი ხალხი. ჩვენმა შრომამ შედეგი გამოიღო იმიტომ, რომ ახლა ევროკავშირი მსჯელობს უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე მხოლოდ რეჟიმის წევრების მიმართ. საუბარია, ივანიშვილზე, მის გარემოცვაზე, მოძალადეებზე, ცრუ მოწმეებზე, ე.წ. მოსამართლეებზე, პროპაგანდისტებზე, რომლებიც ატყუებენ ქართველ ხალხს და ფინანსურ ბიზნეს ელიტაზე, რომელიც ქართველ ხალხს ძარცვავს და აფინანსებს ივანიშვილის რეპრესიულ რუსულ მანქანას. ეს ანგარიში დაედება საფუძვლად ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ, იმედი მაქვს, რომ ჩვენი ძალისხმევის შედეგად ეს გადაწყვეტილება არ შეეხებათ საქართველოს მოქალაქეებს და ევროკავშირი აამოქმედებს უვიზო მიმოსვლის შეჩერებას მხოლოდ და მხოლოდ რეჟიმის წევრების მიმართ“,

     

    ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.