Category: სლაიდერი

  • ნამდვილად არაფერი ისეთი მე არ ჩამიდენია, დასანქცირება რომ მეკუთვნოდეს – მურუსიძე

    “ცხოვრება გაგრძელდება. არ მეკუთვნის დასანქცირება. რა ვიცი ახლა, თუ დამასანქცირებენ, თავს ხომ არ მოვიკლავ ახლა, ხომ? რა გავაკეთო. ძალიან ცუდი იქნება ჩემთვის პირადად, მაგრამ გაგრძელდება ცხოვრება. თუმცა პირდაპირ გეტყვით, რომ ნამდვილად არაფერი ისეთი მე არ ჩამიდენია, დასანქცირება რომ მეკუთვნოდეს, მაგრამ ნუ, რა ვქნათ ახლა.

    ლევან მურუსიძე ამას როგორმე გადაიტანს, თუმცა მიმაჩნია, რომ თუ ეს არის ნამდვილად ძალიან დიდი უსამართლობა, მაგრამ რომ ვთქვა, რომ მუხლები ამიკანკალდა და შემეშინდა და რაღაცა, არც ანგარიშები არა მაქვს მე არსად, პატიოსანი ცხოვრებით მიცხოვრია, კანონი მე არ დამირღვევია და თუ ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში ან ევროკავშირში არ შეგვიშვებენ, ეგრე ბაბუაჩემსაც არ უვლია და უცხოვრია კაცს ზოგადად ადამიანურად და გადაუტანია”, 

    ამბობს აშშ-ის მიერ სანქცირებული მოსამართლე, ლევან მურუსიძე მთავარ არხთან საუბრის დროს.

  • აშშ-მ სასამართლოს კლანის წევრები ჩინჩალაძე, მურუსიძე, შენგელია და ცერცვაძე დაასანქცირა

    აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კორუფციისთვის სასამართლოს კლანის წევრებს  მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს ასანქცირებს.

    “დღეს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ახდენს მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.

    აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.

    ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის გაძლიერების კუთხით და გააგრძელებს იმ პირთა ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, ვინც პირადი სარგებლის მიზნით, ბოროტად იყენებს საჯარო უფლებამოსილებას. ჩვენ ყველა იმ მოსამართლის გვერდით ვდგავართ, ვისაც აქვს გამბედაობა და კეთილსინდისიერება იმოქმედოს მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად.

    პირებს, რომელთა სანქცირებაც განხორციელდა 2023 ფისკალური წლის დაფინანსების აქტის 7031(c) თავის საფუძველზე, რომელიც ეხება სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო ოპერაციებსა და მასთან დაკავშირებულ პროგრამებს, (Div. K, P.L. 117-328) (“თავი 7031(c)”) და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა”. – ნათქვამია დოკუემენტში. 

  • პოლონეთი უკრაინას „მიგ-29“ ტიპის 14 საბრძოლო თვითმფრინავს გადასცემს

    პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ პოლონეთი უკრაინას  “მიგ-29” ტიპის 14 საბრძოლო თვითმფრინავს გადასცემს.  მედიის ცნობით, უკრაინამ უკვე მიიღო ოთხი ავიამოიერიშე.

    შეგახსენებთ, უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა მოკავშირეებს, თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავები გადასცენ, რომლებსაც შეუძლიათ დაეხმარონ უკრაინას ცის დაცვასა და კონტრშეტევის განხორციელებაში.

  • ლუკაშენკო რუსეთში ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად ჩავიდა

    ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთში ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად ჩავიდა. ამის შესახებ შესაბამის ინფორმაციას ბელარუსული მედია Belta ავრცელებს.

    “პრეზიდენტები შეხვედრაზე განიხილავენ ბელარუსი-რუსეთის ურთიერთობების საკითხთა ფართო სპექტრს, მათ შორის იმ საკითხებს, რომლებიც არ ექვემდებარება განხილვას უმაღლესი სახელმწიფო საბჭოს სხდომაზე”, – წერს ბელტა.

  • 7 მარტის აქციაზე დაშავებულ ზაზა ბირიაშვილს ცალ თვალში მხედველობა ვეღარ აღუდგება

    რუსული კანონის წინააღმდეგ, 7 მარიტს აქციაზე დაშავებულ ზაზა ბირიაშვილს ცალ თვალში მხედველობა აღარ აღუდგება. ბირიაშვილი”ნიუ ჰოსპიტალში” კვლევაზე იმყოფებოდა, სადაც ექიმებმა საბოლოო დიაგნოზი დასვეს. ზაზა ბირიაშვილს საგამოძიებო უწყებიდან ამ დრომდე არავინ დაკავშირებია და არც დაზარალებულის სტატუსი მიუნიჭებიათ.

    “მხედველობაზე ამ თვალზე უკვე 0%-ია, არაფერი არ ეშველება. მისამართი იციან, სახლი იციან, კარი იციან, მოიკვლიონ, ჩემთან არავინ მოსულა, არც სამთავრობოები, კაციშვილი არ მოსულა, არც გამოძიება და არავინ, არც მთავრობიდან კაციშვილს არ მოვუკითხივარ.

    რა უნდა ვთქვა, გვაშავებენ, ალბათ უნდათ დააშინონ ხალხი, რომ აღარ გავიდნენ მეორედ აქციებზე. მარტო არასამთავრობო იყო მოსული, ისინი დამეხმარნენ, ჩემი სამსახურიდან იყვნენ მოსული კიდევ ისინი დაეხმარნენ, ხალხი მეხმარება კიდევ, ანგარიშზე თანხას მირიცხავენ, ყველას მადლობას გადავუხდი, უღრმესი მადლობა ყველას”, – თქვა ზაზა ბირიაშვილმა.

  • ქართველებს მართლა შეგვიძლია, ჩვენი ეკონომიკა ორნიშნა რიცხვით ვზარდოთ, ოღონდ არა ერთჯერადად და არა გამოქცეული რუსების ხარჯზე – ოქრიაშვილი

    “ვეხმაურებით ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს, ბატონ  ვახტანგ ცინცაძეს, რომელმაც ჩვენს გუშინდელ კრიტიკაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველოს მსოფლიოში გამორჩეულად მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს და რომ ყველაზე კარგად ხალხი საქართველოში ცხოვრობს, ესტონეთსა და პოლონეთში კი მძიმე მდგომარეობაში არიან. მისივე თქმით, 2022 წელსაც მაღალი ეკონომიკური ზრდა გვქონდა.
    დიახ, 2022 წელს მართლაც გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც ძალიან კარგია, მაგრამ ეს არის ერთჯერადი ეფექტი, რომელიც მოგვცა ოკუპანტი ქვეყნიდან გამოქცეული რუსი მოქალაქეების მიერ ფულის შემოტანამ საქართველოში. ეს ნაკადი უკვე სრულდება, შესაბამისად, სრულდება ეფექტიც. ამიტომაც პროგნოზირებს აზიის განვითარების ბანკი 2023 წელს საქართველოს მშპ-ს 4,5-%იან ზრდას და ამიტომაც მიგვითითებს, რომ „ქვეყანამ ეკონომიკის განვითარების უფრო მდგრადი გზები უნდა ეძებოს“, რაც, რატომღაც ბატონმა ცინცაძემ არ ახსენა.
    გვესმის, რომ მას დაავალეს, უპასუხოს ბატონ ოქრიაშვილს, რადგან ხელისუფლებას არ მოსწონს კრიტიკა – თუმცა, მოგიწევთ ატანა! ბოლო 10 წელია, ჩვენი ეკონომიკა არასაკმარისად იზრდება და ინფლაციის გათვალისწინებით, სურათი კატასტროფულია.
    რაც შეეხება მთლიან შიდა პროდუქტს (მშპ) ერთ სულ მოსახლეზე, მსოფლიო ბანკის 2021 წლის მონაცემებით, ესტონეთში – 27 943 $-ს, ლიეტუვაში – 23,723 $-ს,  ლატვიაში – 21,148 $-ს, საქართველოში – 5,023 $-ს, მაშინ, როცა 1990-იან წლებში ჩვენი მშპ დაახლოებით ერთნაირი იყო. ამჟამინდელი მთავრობის პირობებში, მათი ათწლიანი მმართველობის შედეგად, დღეს ესტონეთსა და ლატვიაში ხალხი 5-ჯერ უკეთ ცხოვრობს, ვიდრე საქართველოში.
    სწორედ ბოლო 10 წლის ეკონომიკური შედეგების გამო „ოცნების“ ხელისუფლება ხალხის მიერ იქნება გადარჩეული და საქართველოს ეყოლება ზუსტად ისეთი პროგრესული ხელისუფლება, როგორიც ესტონეთს ჰყავს. დიახაც, ქართველებსაც შეგვიძლია, ეკონომიკა ვზარდოთ ორნიშნა რიცხვებით, ოღონდ არა ერთჯერადად და არა გამოქცეული რუსების ხარჯზე!

    ასე ეხმაურება, დეპუტატი კახა ოქრიაშვილი ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს, ვახტანგ ცინცაძეს, რომელმაც განაცხადა, რომ  საქართველოს მსოფლიოში გამორჩეულად მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს.

  • ყველაზე მძიმე მდგომარეობა ბახმუტში რჩება, მაგრამ მტერი ქალაქს არ აკონტროლებს – ზელენსკი

    “ყველაზე რთული ვითარება ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, არის ზუსტად იქ [ბახმუტში]. სწორედ იქ იყენებენ იარაღს ყველაზე დიდი რაოდენობით. ძალიან, ძალიან რთული ამბავია.

    ბახმუტის ზოგიერთ ნაწილში წარმატება გვაქვს – წინ მივდივართ, შემდეგ არა, ისევ ვიხევთ უკან პოზიციებზე. ეს ხდება ყოველდღიურად, მაგრამ ჩვენ ბახმუტში ვართ და მტერი ბახმუტს არ აკონტროლებს. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა”,

    აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

  • რუსეთი აფხაზეთის მიმართ აღებულ ვალდებულებას გააგრძელებს – პუტინი

    აფხაზეთის რესპუბლიკა ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე და უახლოესი მეზობელია. წელს რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების, დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებისა და მეგობრობის, თანამშრომლობისა და უერთიერთდახმარების შეთანხმების გაფორმებიდან 15 წელს აღვნიშნავთ. რუსეთი გააგრძელებს საკუთარ თავზე აღებულ ვალდებულებას აფხაზეთის კომპლექსური, სოციო-ეკონომიკური განვითარებისთვის.

    თქვა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უცხოელ ელჩებთან გამართულ შეხვედრაზე.

  • დიდი შეცდომა იყო სააკაშვილის ჯანმრთელობით მანიპულაცია შიდა არჩევნებისას – დეკანოიძე

    ჩვენ არ ვართ ექიმები და ვერ გეტყვით, პატიმრის ფსიქოლიგიური მდგომარეობა როგორი შეიძლება, იყოს – დეპრესია, სტრესი. ამან შეიძლება, ბევრი რამ განაპირობოს. ეს ზუსტად ისაა, რასაც კონსილიუმის წევრები ამბობენ. რა მდგომარეობაშიც არის, იმის საფუძველს ქმნის, რომ ფიზიოლოგიურად ძალიან სერიოზული დარღვევები და ცვლილებები ჰქონდეს.

    ხელისუფლების მხრიდან პასუხისმგებლობის არიდების მცდელობა მესმის, მაგრამ საქმე გვაქვს მესამე პრეზიდენტთან, პრეზიდენტის პატიმრობაა და ქვეყნისთვის მომავალი ექვსი თვე ძალიან მნიშვნელოვანია, ოჯახმა და ხელისუფლებამ ყოველგვარი პოლიტიკური კომპონენტის გარეშე ჰუმანიტარული მიზნით შეთანხმებას მიაღწიონ.

    ყველაზე დიდი შეცდომა იყო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობით მანიპულაცია შიდა არჩევნების პერიოდში. ეს ძალიან სერიოზული შეცდომა იყო. არ ვიკადრებ, რომ ჩემი ყოფილი პარტია დავადანაშაულო იმაში, რომ მის თავისუფლებას ვერ აღწევენ, რადგან ამას ჩვენ ვერ ვიზამთ და ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ადამიანი არის ავად, ფიზიოლოგიურად ავადმყოფია მძიმე დიაგნოზებით. ის ხაზი, რომ ვინმე მისი თავისუფლებისთვის საკმარისს არ აკეთებდა, არასწორად მეჩვენებოდა.

    ამბობს ენმ-ის ყოფილი წევრი ხატია დეკანოიძე საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში.

  • 12 წლის გოგონას გარდაცვალების ადგილი ადვოკატებს განადგურებული დახვდათ – ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“

    არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

    „დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას მშობლებმა „უფლებები საქართველოს“ საქმეში ჩართვის თხოვნით 4 აპრილს მომართეს. მშობლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში).

    მშობლების განმარტებით, არსებობს არაერთი გარემოება, რომელიც მიუთითებს, რომ მოზარდის გარდაცვალების მიზეზი უბედური შემთხვევა ვერ იქნებოდა. კერძოდ, გარდაცვლილის ტელეფონი ნაპოვნია გვამისგან მოშორებით. წარმოდგენილი ფოტოსურათებით იკვეთება, რომ გოგონას აღენიშნებოდა სახის, შუბლის, ყურის და ზურგის არეში ნაკაწრები და დაზიანებები. დაზიანებული იყო ასევე ბავშვის ტანსაცმელი. გარდა ამისა, გოგონას გვამის განლაგება ბადებს ეჭვს, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონოდა გვამის გადამალვის მცდელობას.

    საყურადღებოა, რომ დღემდე, საგამოძიებო უწყების მიერ გარდაცვლილი არასრულწლოვანის ოჯახის წევრის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობა არ მომხდარა.

    დღეს, დანაშაულის ადგილზე მისულ დედას და „უფლებები საქართველოს“ ადვოკატებს, დანაშაულის ადგილი სრულიად სახეცვლილი დახვდათ. არსებული ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებისგან თანხმობის მიღების შემდეგ, დანაშაულის ადგილზე თბილისის მერიის ადგილობრივმა გამგეობამ, კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო, რამაც საქმისთვის საკვანძო მნიშვნელობის მტკიცებულებების განადგურება გამოიწვია.

    5 აპრილს, „უფლებები საქართველოს“ იურისტებმა, მიმართეს პროკურატურას დაზარალებულის უფლებამონაცვლედ დედის ცნობისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების თაობაზე ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნებით. ამასთან, დღეს დანაშაულის ადგილზე განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, შეწყდეს იმგვარი ქმედებები, რამაც შესაძლოა კიდევ უფრო მეტად დააზიანოს დანაშაულის სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება.

    „უფლებები საქართველო“ ამ საქმეს USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.