Category: სლაიდერი

  • სანქციები და შანტაჟის მექანიზმები არ მოქმედებს – გორდულაძე

    სანქციები და შანტაჟის მექანიზმები არ მოქმედებს – გორდულაძე

    არაერთი წელია, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ დე ფაქტო სანქციები არსებობს. ეს შანტაჟის მექანიზმადაა გამოყენებული, რომ როგორმე ზეწოლა მოახდინონ იმისთვის, რომ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ იყოს გადაწყვეტილება მიღებული, მაგრამ ეს სანქციები და შანტაჟის მექანიზმები არ მოქმედებს, ყველამ კარგად დაიმახსოვროს.

    ჩვენი პარტიის დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარისთვის მატერიალური და ფინანსური რესურსები მთავარი არ არის – მთავარია, რა სჭირდება ქართველ ხალხს და ქართულ საზოგადოებას. შესაბამისად, სანქციებთან დაკავშირებით ეს განცხადებები უბრალოდ ღიმილისმომგვრელიც კი აღარაა, საერთოდ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.

    თქვა ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ.

  • ისლამური რესპუბლიკა დივერსანტების წინაშე უკან არ დაიხევს! –  აიათოლა ალი ხამენეი

    ისლამური რესპუბლიკა დივერსანტების წინაშე უკან არ დაიხევს! – აიათოლა ალი ხამენეი

    “ისლამური რესპუბლიკა დივერსანტების წინაშე უკან არ დაიხევს!” –  განაცხადა ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ. მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ჩამოაგდებენ.

    „ტრამპმა უნდა იცოდეს, რომ მსოფლიო ტირანები, როგორებიც არიან ფარაონი, ნიმროდი, რეზა შაჰი და მოჰამედ რეზა, თავიანთი ამპარტავნების პიკზე ჩამოაგდეს. მასაც ჩამოაგდებენ.[…]ყველამ უნდა იცოდეს, რომ ისლამური რესპუბლიკა ხელისუფლებაში ასობით ათასი პატიოსანი ადამიანის სისხლით მოვიდა და ის დივერსანტების წინაშე უკან არ დაიხევს.[…] უნდათ, მას ასიამოვნონ. მან რომ ქვეყნის მართვა იცოდეს, საკუთარ ქვეყანას მართავდა. აშშ-ის პრეზიდენტის ხელები 1000-ზე მეტი ირანელის სისხლით არის შეღებილი“, – განაცხადა ხამენეიმ სახელმწიფო ტელევიზიით გაკეთებულ განცხადებაში.

    ირანში საპროტესტო აქციები გრძელდება. აქციები, დაახლოებით, ორი კვირის წინ ირანული ვალუტის გაუფასურების გამო გამოწვეული უკმაყოფილებით დაიწყო და ქვეყნის 31-ვე პროვინციის 100-ზე მეტ ქალაქსა და დაბაში გავრცელდა. აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი საინფორმაციო სააგენტო (HRANA) აცხადებს, რომ საპროტესტო აქციების დროს სულ მცირე 34 მომიტინგე და უსაფრთხოების სამსახურის რვა დაცვის თანამშრომელი დაიღუპა, 2 270 მომიტინგე კი დააკავეს.

  • ვენესუელამ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება დაიწყო

    ვენესუელამ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება დაიწყო

    ვენესუელამ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება დაიწყო – ამ ეტაპზე, საუბარია ესპანეთის 5 მოქალაქეზე.ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე დაადასტურა ცნობა მათი მოქალაქეების გათავისუფლების შესახებ.

    ვენესუელის პარლამენტის სპიკერი აცხადებს, რომ საპატიმროს კიდევ ბევრი ადამიანი დატოვებს.

    “მშვიდობიანი თანაარსებობის მიზნით, ვენესუელის მოქალაქეების და უცხოელების მნიშვნელოვანი რაოდენობა დაუყოვნებლივ გათავისუფლდება”, – განაცხადა ხორხე როდრიგესმა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის ძმაა.

    გათავისუფლდა, როსიო სან მიგელი, რომელიც  ნიკოლას მადუროს აქტიური კრიტიკოსი იყო. მიგელი  2024 წელს დააკავეს,  მას ბრალად ედებოდა მაშინდელი პრეზიდენტის მკვლელობის შეთქმულებაში მონაწილეობა, სახელმწიფო ღალატი და ტერორიზმი.

    ვენესუელის ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის თანახმად, ამჟამად ციხეში 806 პოლიტიკური პატიმარი იმყოფება.

    პოლიტპატიმრების გათავისუფლების გადაწყვეტილებას, დონალდ ტრამპი გამოეხმაურა  და “მნიშვნელოვან და ჭკვიანურ ჟესტად” შეაფასა.

    “აშშ და ვენესუელა კარგად თანამშრომლობენ, განსაკუთრებით მათი ნავთობისა და ბუნებრივი აირის ბევრად უფრო დიდი, უკეთესი და მეტად თანამედროვე ფორმით აღდგენის საკითხში.ამ თანამშრომლობის გამო მე გავაუქმე წარსულში დაგეგმილი იერიშების მეორე ტალღა, რაც, როგორც ჩანს, აღარ იქნება საჭირო, თუმცა, ყველა ხომალდი ადგილზე დარჩება უსაფრთხოების მიზნით”, – დაწერა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე.

    ვენესუელაში ჯერ კიდევ პატიმრობაში რჩებიან უფლებადამცველი ორგანიზაციების წევრები და დამფუძნებლები. ოპოზიცია და უფლებადამცველი ჯგუფები წლების განმავლობაში აცხადებდნენ, რომ მთავრობა დაკავებებს განსხვავებული აზრის ჩასახშობად და კრიტიკოსების გასაჩუმებლად იყენებდა.

  • ირანის მთავრობა გავაფრთხილე – თუ მკვლელობას დაიწყებენ, ძალიან ძლიერად დავარტყამთ – ტრამპი

    ირანის მთავრობა გავაფრთხილე – თუ მკვლელობას დაიწყებენ, ძალიან ძლიერად დავარტყამთ – ტრამპი

    “ირანის მთავრობა გავაფრთხილე – თუ მკვლელობას დაიწყებენ, ძალიან ძლიერად დავარტყამთ” – განაცხადა ამის შესახებ, ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

    “მათ ვაცნობე, რომ თუ ისინი ადამიანების მკვლელობას დაიწყებენ, რასაც ისინი ძირითადად არეულობების დროს აკეთებენ, თუ ამას გააკეთებენ, ჩვენ მათ ძალიან ძლიერად დავარტყამთ. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ვითარებას. მათ იციან და ძალიან მკაცრად უთხრეს, კიდევ უფრო მკაცრად, ვიდრე ახლა გეუბნებით, რომ თუ ამას გააკეთებენ, ჯოჯოხეთური ფასის გადახდა მოუწევთ.[…] თავისუფლებისადმი მტკიცე დამოკიდებულება უნდა გქონდეთ. თავისუფლების მსგავსი არაფერია. თქვენ მამაცი ხალხი ხართ. სამწუხაროა, რაც თქვენს ქვეყანას დაემართა. თქვენი ქვეყანა [ირანი] წარსულში დიდებული ქვეყანა იყო”, – თქვა დონალდ ტრამპმა.

    ირანში საპროტესტო აქციების მე-12 დღეს ქვეყნის დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში მასშტაბური დემონსტრაციები გაიმართა.  ირანის დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის კოლაფსის ფონზე დაიწყო. მოგვიანებით გამოსვლები გადაიქცა მოძრაობად, რომელიც უკვე ქვეყნის მმართველი ისლამური ხელისუფლების ლეგიტიმურობას აყენებს ეჭვქვეშ.

  • ქარელში, ქალმა ერთ პირთან ერთად მეგობარი კაცი გაძარცვა – 2 ადამიანი დააკავეს

    ქარელში, ქალმა ერთ პირთან ერთად მეგობარი კაცი გაძარცვა – 2 ადამიანი დააკავეს

    შსს-ს ცნობით, ქარელში, ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირი – წარსულში ნასამართლევი, 1990 წელს დაბადებული ა.მ. და 2000 წელს დაბადებული გ.ქ. დააკავეს. ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანში მდებარე გ.მ-ს საცხოვრებელ სახლში სტუმრად იმყოფებოდა მისი მეგობარი ქალი ა.მ. და გ.ქ. რა დროსაც ბრალდებულები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ მასპინძლის კუთვნილ თანხას.

    ეს ფაქტი სახლის მეპატრონემ მაშინვე შენიშნა და თანხის უკან დაბრუნებას შეეცადა, რამაც ადგილზე ფიზიკური დაპირისპირება გამოიწვია. გ.მ-მ 112-ში დარეკვა სცადა, თუმცა მას ბრალდებულებმა მობილური ტელეფონი გასტაცეს და მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებულ თანხასთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ”. – წერია შსს-ს განცხადებაში.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • მივმართავ “ქოც-რუსებს”: შეწყალების ფურცელი დაკეცეთ და ჯიბეში ჩაიდეთ – ნიკოლოზ ჯავახიშვილი

    მივმართავ “ქოც-რუსებს”: შეწყალების ფურცელი დაკეცეთ და ჯიბეში ჩაიდეთ – ნიკოლოზ ჯავახიშვილი

    “მივმართავ “ქოც-რუსებს”: შეწყალების ფურცელი დაკეცეთ და ჯიბეში ჩაიდეთ” -გასული წლის საპროტესტო აქციებზე დაკავებული,  ნიკოლოზ ჯავახიშვილი წერილს აქვეყნებს.

    „ამ ტექსტის დაწერა და რაღაცების ჩამატება უკვე მესამედ მიწევს, ვეცდები მოკლედ გითხრათ, თუ რა ხდება ციხეში. გუშინ 7 იანვარს, როცა დასარეკად გამოვედი, დავურეკე მარიზი დეიდას, ვიცოდი პირდაპირ ეთერში უნდა მელაპარაკა, როცა ვთქვი “ახლა გისოსებიდან გიყურებთ და რა კარგები ხართ”, გამათიშინეს და დამაბრუნეს საკანში, შემდეგ მთელი დღე არ დაგვარეკინეს. ეს ყველაფერი ემსახურებოდა გუშინდელ დღესთან დაკავშირებულ მოვლენებს, მაგალითად ეგრეთ წოდებული ციხის წესები, ფურცლის ფრიალი, სანთლის ანთება, დროშის ფრიალი, ხმამაღალი საუბარი საკნიდან. საღამოს პენიტენციალური სამსახურის თანამშრომელთანაც გვქონდა კამათი, იმის გამო, რომ ვეუბნებოდით, რომ უსამართლოდ გვექცევა, ეს არის პირდაპირი შევიწროება. მივმართავ რამაზ ფირცხალავას შეგვხვდეს ამ განცხადების შემდეგ მაინც, უკვე 17 წერილობითი განცხადება გვაქვს გაგზავნილი შეხვედრის მოთხოვნასთან დაკავშირებით. პირდაპირ ეთერში ტელეფონი გამათიშინეს, რომ ჩემი ხმა არ მიმეწვდინა თანამებრძოლებისთვის. კარგად დაიმახსოვრეთ, სანამ ციხეში უსამართლოდ გამომკეტავდით არც მაშინ გავჩერებულვარ და არც ახლა ვაპირებ გაჩერებას, ვერ გაგვაჩუმებთ, ცეცხლი ოლიგარქიას. ახლა კი იმას წაგიკითხავთ, რისი თქმაც ეთერში მინდოდა გუშინ:

    “ახლა გისოსებიდან გიყურებთ და ნეტა იცოდეთ რა კარგები ხართ, ყველა ქმედების გამო შეიძლება დაგვშალონ და ცალ-ცალკე საკნებში გადაგვიყვანონ, გიხდით დიდ მადლობას გულშემატკივრობისთვის და გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. ეს წელი ყოფილიყოს დაუმორჩილებლობის და გამარჯვების წელი, ორიოდ სიტყვით მივმართავ ქოც-რუსებს – ეგ შეწყალების ფურცელი დაკეცეთ და ჯიბეში ჩაიდეთ, დათმეთ ძალაუფლება ან ნებითა თქვენითა, ან ძალითა ჩვენითა. როგორც მადუროს რეჟიმი დაემხო, დაე ისე დაემხოს ბიძინას რეჟიმი. მთავარია გვახსოვდეს „ქოცებმა“ რა დანაშაული ჩაიდინეს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, გვახსოვდეს, რომ ქიმიური იარაღით მოგვწამლეს და გვახსოვდეს, რომ ფიცი გვაქვს ნათქვამი. მოკითხვა და დიდი სიყვარული 38-ე საკნიდან, მალე თავისუფლებაზე და გამარჯვებულები, სიყვარულით 38-ე საკანი”, – წერს ჯავახიშვილი წერილში, რომელიც რეზო კიკნაძის “ფეისბუქ” გვერდზე ვრცელდება.

  • საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით სამინისტროში ცნობა არ შემოსულა – საგარეო აშშ-ს მიერ დაკავებულ ტანკერზე საქართველოს მოქალაქეების ყოფნის შესახებ ინფორმაციაზე

    საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით სამინისტროში ცნობა არ შემოსულა – საგარეო აშშ-ს მიერ დაკავებულ ტანკერზე საქართველოს მოქალაქეების ყოფნის შესახებ ინფორმაციაზე

    საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ცნობა საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით, რომლებიც შესაძლოა, ტანკერ Marinera-ს ეკიპაჟის შემადგენლობაში ყოფილიყვნენ, უწყებაში არ შესულა.

    „2026 წლის 7 იანვარს აშშ-ის მიერ ატლანტის ოკეანეში დაკავებული ტანკერის Marinera-ს ეკიპაჟის შემადგენლობაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით ღია წყაროებში გავრცელებული ინფორმაციის დასაზუსტებლად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ახორციელებს შესაბამის სამუშაოებს. ამ ეტაპზე საგარეო საქმეთა სამინისტროში ცნობა საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით არ შემოსულა“,- აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

    შეგახსენებთ, რომ აშშ-მა ვენესუელასთან დაკავშირებული რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი ატლანტის ოკეანეში 7 იანვარს დააკავა.

  • უკრაინაში განლაგებული უცხოური ძალები ლეგიტიმურ საბრძოლო სამიზნეებად ჩაითვლებიან – ზახაროვა

    უკრაინაში განლაგებული უცხოური ძალები ლეგიტიმურ საბრძოლო სამიზნეებად ჩაითვლებიან – ზახაროვა

    „დასავლეთის ქვეყნების სამხედრო დანაყოფების, სამხედრო ობიექტებისა და სხვა ინფრასტრუქტურის უკრაინის ტერიტორიაზე განლაგება უცხოური ინტერვენცია იქნება, რაც პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ რუსეთის, არამედ სხვა ევროპული ქვეყნების უსაფრთხოებას. ყველა მსგავსი დანაყოფები და ობიექტები რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ლეგიტიმურ სამიზნეებად ჩაითვლებიან.[…]„ვადასტურებთ, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ მისი ძირეული მიზეზების მოგვარებით, უკრაინის ნეიტრალური სტატუსის დაბრუნებით, მისი დემილიტარიზაციითა და დენაციფიკაციით, კიევის მიერ ეთნიკური რუსების, რუსულენოვანი მოქალაქეების და ეროვნული უმცირესობების ენობრივი, კულტურული და რელიგიური უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემით, ასევე, ამჟამინდელი ტერიტორიული რეალობის აღიარებით“

    ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

  • მივმართავთ BBC-ის შიდა მარეგულირებელ ინსტანციას საჩივრით – პაპუაშვილი

    მივმართავთ BBC-ის შიდა მარეგულირებელ ინსტანციას საჩივრით – პაპუაშვილი

    “მომზადებულია საჩივარი, ჩვენ ვადა გვაქვს ჯერ საჩივრის შესატანად და აუცილებლად შევა. პროცედურაა შემდეგი – თავდაპირველად უნდა მოხდეს საჩივრის შეტანა, მათ შორის, ამ სამართლებრივ კაზუისტიკაშიც გავერკვეთ, ბიბისის შიდა მარეგულირებელ ინსტანციაში და შესაბამისად, ჩვენ უახლოეს დღეებში მივმართავთ ბიბისის შიდა მარეგულირებელ ინსტანციას ჩვენი საჩივრით. ეს პროცედურა ვნახოთ. იმედი გვაქვს, ამ დონეზევე აღიარებს ბიბისი იმას, რომ იყო ფაბრიკაცია და მანიპულაცია ის სიუჟეტი, თუ არ აღიარებს, მაშინ სხვა ინსტანციებიც… მარტივია რასაც ვითხოვთ – მანიპულაციურია სიუჟეტი და ამ მანიპულაციის აღიარებას ვითხოვთ. კონკრეტულად რა მოთხოვნები იქნება, ამ ყველაფერს გაიგებთ შემდეგ. რატომ უნდა გითხრათ წინასწარ?.. ყველაფერს ნახავთ”

    აცხადებს ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი .

  • არ არსებობს მტკიცებულება, რომ ჩართული ვიყავი ხელისუფლების დამხობის გეგმაში – მანჯგალაძე

    არ არსებობს მტკიცებულება, რომ ჩართული ვიყავი ხელისუფლების დამხობის გეგმაში – მანჯგალაძე

    4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული პაატა მანჯგალაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მის მიმართ წარდგენილი ბრალი აბსურდულია. მანჯგალაძის თქმით, არ არსებობს ბუნებაში მტკიცებულება, რომ რაიმე ფორმით ან მარტო ან ვინმესთან ერთად ჩართული ვიყაბი ხელისუფლების დამხობის გეგმაში.

    “მე არ ვემიჯნები ამ განცხადებებს, რასაც იქ ვლაპარაკობ. ხელისუფლების წყარო ამ ქვეყანაში არის ხალხი, მე ამაზე ვლაპარაკობდი, ეს ვიდეო პირიქით, არგუმენტად გამოდგება. მე როგორც რიგითი მოქალაქე ისე მივდიოდი იმ აქციაზე. ხალხთან ერთად დგომა მინდოდა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცეცხლის კალოს მოწყობას ვაპირებდი. არ არსებობს ბუნებაში მტკიცებულება, რომ რაიმე ფორმით ან მარტო ან ვინმესთან ერთად ჩართული ვიყავი ხელისუფლების დამხობის გეგმაში”- თქვა მანჯგალაძემ.