Category: სლაიდერი

  • რა აქვს სამშობლოს დასაცავი იმ ხომალდიდან, რომელიც ბათუმში შემოვიდა? – კალაძე

    “სამშობლოს დღეს რა აქვს დასაცავი იმ კონკრეტული ხომალდიდან, რომელიც ბათუმში შემოვიდა?! ჩვეულებრივ შეუძლიათ რუსეთის მოქალაქეებს შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით. იცით, რომ ხმელეთით წლების განმავლობაში შესაძლებელი იყო შემოსვლა, არსებობდა პირდაპირი ფრენები, ასევე შესაძლებელია ხომალდით შემოვიდნენ, რამდენიმე საათი დაჰყონ, დახარჯონ თანხები, საერთოდ ვერ ვხედავ ამაში პრობლემას. ის რასაც ჩვენ ვხედავთ არის ფარისევლობა, იმიტომ რომ გვახსოვს, წლების წინ, მაშინ როდესაც 2008 წლის ომი იყო და ყველამ ვიცით, რამხელა უბედურება ტრიალებდა ჩვენს ქვეყანაში, მესამე მეოთხე დღეს ის ადამიანები, ვინც დღეს აპროტესტებენ რუსი ტურისტების შემოსვლას, წერილებს აგზავნიდნენ რუსეთში, რომ სახალხო ურთიერთობები დაეწყოთ, კონცერტები გაემართათ, გვახსოვს, მათი ბელადი პრეზიდენტი ყვავილებით ხვდებოდა რუს ტურისტებს, მიესალმებოდა, მაშინ არ მახსოვს, სააკაშვილს რომელიმე მათგანისთვის კითხვა დაესვა, აფხაზეთი საქართველოა თუ არა. […] საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა და გააკეთებს, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები იყოს პირველ რიგში დაცული”,

    ასე ეხმაურება, თბილისის მერი კახა კალაძე ბათუმის პორტში რუსული გემის შემოსვლას, რომელზეც რუსი ტურისტები და კრემლის პროპაგანდისტები იმყოფებოდენ და მოქალაქეების   გამართულ საპროტესტო აქციას ფარისევლობას უწოდებს.

  • ეს დოკუმენტი კანდიდატის სტატუსის მორიგი საბოტაჟია – გვარამია ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის დოკუმენტზე

    ეს დოკუმენტი კანდიდატის სტატუსის მორიგი საბოტაჟია – გვარამია ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის დოკუმენტზე

    ტელეკომპანია “მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია, საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მთავრობის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი, კანდიდატის სტატუსის მორიგი საბოტაჟია. ამასთანავე ნიკა გვარამია მადლობას უხდის, საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს, თინა ხიდაშელს მადლობას უხდის კონსულტაციისთვის

    ”გუშინ, Formula • ფორმულას ეთერში გამოვთქვი აზრი, რომ ჯერ უნდა გავერკვეთ, რას გულისხმობს ოცნება ჩინეთთან სტრატეგიულ თანამშრომლობაში და მხოლოდ ამის შემდეგ ვაკრიტიკოთ ეს დოლუმენტი:

    (ა) თუ ამას მთავრობა მარკეტინგული შეფუთვისთვის იყენებს მხოლოდ, როგორც ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობის ახალ ხარისხში აყვანის პროპაგანდისტულ ნარატივს, არ ღირს ამ საკითხის უტრირება, რადგან შეფასდება, როგორც ქვეყნის და ქართული ბიზნესის ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებზე თავდასხმა;

    (ბ) თუ ამაში სამხედრო-პოლიტიკური კომპონენტი იგულისხმება (და დოკუმენტი გუშინ ჯერ კიდევ უცნობი იყო) და ეს რეალური სტრატეგიული თანამშრომლობაა, მაშინ – კატასტროფაა.
    დღეს, გამოქვეყნდა ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის დოკუმენტის ტექსტი:

    ეკონომიკური თვალსაზრისით პოზიტიური სიახლეები ნამდვილად არის, მაგრამ ე.წ.მულტივექტორული თანამშრომლობის კონცეფცია, რომელსაც ეს დოკუმენტი გვთავაზობს, უმძიმესი საფრთხეების შემცველია, წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ ხაზთან (რასთან დაახლოვებაც ჩვენი ევროინტეგრაციული პროცესების სავალდებულო წინაპირობაა) და დასავლეთის გეოპოლიტიკური შანტაჟია.

    პრინციპში, ეს დოკუმენტი კანდიდატის სტატუსის მორიგი საბოტაჟია. კვლავ ვრჩები ჩემს აზრზე: ოცნება ყველაფერს იზამს, რომ ჩვენ ეს სტატუსი ვერ მივიღოთ, რადგან მისი ამოცანა სწორედ ეს არის.

    ps მადლობა კონსულტაციისთვის Tinatin Khidasheli”- წერს სოციალურ ქსელში ნიკა გვარამია.

    რას გულისხმობს საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა–მთავრობამ დოკუმენტი გამოაქვეყნა

  • რას გულისხმობს საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა–მთავრობამ დოკუმენტი გამოაქვეყნა

    ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტი საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებით დასრულდა, რამაც ბევრი კითხვა და ეჭვი გააჩინა. რამდენად შესაძლებელია დასავლეთზე ორიენტირებული ქვეყანა, რომელიც აშშ–ს სტრატეგიული პარტნიორია, პარალელურად ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორი გახდეს. დღეს მთავრობამ გამოაქვეყნა ჩიენთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ განცხადება, რომელშიც ეკონომიკურთან ერთად პოლიტიკურ პარტნიორობაზეც არის საუბარი. გთავაზობთ დოკუმენტს სრულად:

    ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის და საქართველოს ერთობლივი განცხადება სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ

    ქ. პეკინი, 2023 წლის 31 ივლისი

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი 2023 წლის 26 ივლისიდან 1 აგვისტომდე ჩინეთში ვიზიტის დროს ქ. ჩენგდუში ესწრებოდა საერთაშორისო საუნივერსიტეტო სპორტული ფედერაციის (FISU) 31-ე მსოფლიო საზაფხულო თამაშებს. ვიზიტის განმავლობაში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი სი ძინპინი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ქ. ჩენგდუში შეხვდა, ხოლო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ლი ციანი – ქ. პეკინში. მხარეებს შორის წარიმართა სიღრმისეული საუბარი ორმხრივი ურთიერთობების, ურთიერთ-ხელსაყრელი საერთაშორისო და რეგიონალური საკითხების შესახებ და მიღწეული იქნა ფართო კონსენსუსი. მხარეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სტრატეგიული პარტნიორობის ხარისხში აიყვანონ ორმხრივი ურთიერთობები.

    მხარეები მიიჩნევენ, რომ 1992 წლის 9 ივნისს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების დღიდან ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობა ნაყოფიერი შედეგების მომტანია სხვადასხვა მიმართულებით. საერთაშორისო და რეგიონალური ვითარების ინტენსიური და კომპლექსური განვითარების ფონზე, მხარეები იზიარებენ ვალდებულებას გააფართოვონ თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში, გააძლიერონ თანამშრომლობა საერთაშორისო საკითხებში, გააღრმავონ ორმხრივი ურთიერთობები და ერთობლივად  უზრუნველყონ რეგიონალური და გლობალური მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება.

     

    1. პოლიტიკური განზომილება
      • მხარეები ადასტურებენ პატივისცემას ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. საქართველო მტკიცედ ემხრობა ერთიანი ჩინეთის პრინციპს.
      • მხარეები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ არსებული საერთაშორისო მდგომარეობისა და ეკონომიკური გლობალიზაციის პირობებში, ჩინეთსა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი კავშირების მნიშვნელობამ საგრძნობლად იმატა. მხარეები ერთმანეთს მიიჩნევენ მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორებად, ხოლო ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას თავიანთი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად მიიჩნევენ.
      • საქართველოს სწამს, რომ ჩინეთის მოდერნიზაცია ახალ გზას და ახალ არჩევანს სთავაზობს კაცობრიობას მოდერნიზაციის მისაღწევად. მხარეები გამოთქვამენ მზაობას მმართველობის სფეროში არსებული გამოცდილების გაცვლის კუთხით, საერთო განვითარებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.
      • მხარეები მზად არიან გააძლიერონ მაღალი დონის პოლიტიკური კონსულტაციები საერთო ინტერესების მქონე საკითხებზე და გაამყარონ სტრატეგიული ურთიერთ-ნდობა.
      • მხარეები ხაზს უსვამენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს, ისევე როგორც პოლიტიკურ ჯგუფებსა და პარტიებს შორის კავშირების გაფართოების აუცილებლობას, რათა მოხდეს გამოცდილების გაზიარება და ურთიერთობის გამყარება სხვადასხვა მიმართულებით.
      • ორმხრივი ურთიერთობების გაფართოებისა და განვითარების მიმართულებით ჩინეთისა და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი როლის გათვალისწინებით, მხარეები ხაზს უსვამენ ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას მრავალი მიმართულებით და სხვადასხვა დონეზე, ისევე როგორც კომუნიკაციისა და კონსულტაციების მნიშვნელობას შესაბამის რეგიონალურ და საერთაშორისო ორგანიზაციებში.

     

    1. ეკონომიკური განზომილება
      • მხარეები მიესალმებიან ბოლო წლებში ორმხრივი ვაჭრობის მდგრად ზრდას და გამოხატავენ მზაობას მის შემდგომ მატებასთან მიმართებით, მისი სტრუქტურის ოპტიმიზაციასთან, სასაქონლო ნომენკლატურის გაფართოებასთან, საქართველოდან ჩინეთის მიმართულებით საქონლისა და მომსახურების ექსპორტის ზრდასთან დაკავშირებით.
      • საქართველო მიესალმება ჩინეთის მიერ შემოთავაზებული „სარტყელისა და გზის“ ინიციატივას. მხარეებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტებს, მათ შორის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს მთავრობებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას ხსენებული ინიციატივის ფარგლებში, რათა თანამშრომლობა მეტი ძალითა და შესაძლებლობებით წარიმართოს. მხარეები გააძლიერებენ დარგობრივი პოლიტიკის სფეროში კოორდინაციასა და განვითარებაზე ორიენტირებული გეგმების სინერგიას ხსენებული ინიციატივის ფარგლებში; გააღრმავებენ ურთიერთობასა და თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში; მიემხრობიან კონსულტაციებისა და თანამშრომლობის პრინციპს საერთო სარგებლის მისაღებად; ხელს შეუწყობენ ღია, მწვანე და სუფთა თანამშრომლობას „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის მიზნების რეალიზებისთვის და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად.
      • მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას ხელი შეუწყონ ორმხრივ ინვესტიციებსა და ვაჭრობას; მხარეები მოახდენენ თანამშრომლობის სტიმულირებას ტრანსპორტის, კომუნიკაციების, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის, შუა დერეფნის განვითარებისა და გაძლიერების, ციფრული ტექნოლოგიების, წარმოების, სარკინიგზო ქსელების განახლებისა და განვითარების, სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის, წყლის რესურსების, გარემოს დაცვის, გაუდაბნოებასთან ბრძოლის, წყლის დემინერალიზაციის, სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასების, დასავლეთის სამომხმარებლო ბაზრების მიმართულებით ჩინური პროდუქციის შეუფერხებელი ექსპორტისთვის საქართველოს სატრანზიტო ინფრასტრუქტურის გამოყენების, ტექნოლოგიური მიღწევებისა და ნოუ-ჰაუს გაზიარების, საკადრო რესურსების გადამზადების მიზნით.
      • ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა და საქართველო 2018 წლიდან იღებენ სარგებელს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარების სფეროში. ქვეყნები გააგრძელებენ თანამშრომლობის გაღრმავებას ხსენებული შეთანხმების ფარგლებში; ურთიერთ-ხელსაყრელი შედეგების მისაღებად მხარს დაუჭერენ ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებს ჩინეთისა და საქართველოს საჯარო და კერძო სექტორის სუბიექტებს შორის; აქტიურად მოხდება ხსენებული შეთანხმების გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოყენება.
      • მხარეები გამოხატავენ მზაობას ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის კომისიის შემდეგი სხდომის ჩასატარებლად, რათა გაძლიერდეს ინფორმაციის გაზიარება ვაჭრობის, ინვესტიციების, ინფრასტრუქტურისა და სხვა მიმართულებით თანამშრომლობის მიზნით ხსენებული კომისიის ფორმატში, რაც გააძლიერებს ორმხრივი ურთიერთობების ხარისხსა და ეფექტურობას.
      • ჩინეთი მიესალმება საქართველოს აქტიურ მონაწილეობას ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაში. ჩინეთი მხარს უჭერს ქართულ საწარმოებს ჩინეთის ელექტრონული ვაჭრობის პლატფორმებზე საქონლის რეალიზაციის მიზნით.
      • მხარეები გამოხატავენ მზაობას ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გასააქტიურებლად, რათა მოხდეს დარგის საერთო განვითარება. ჩინეთი მიესალმება საქართველოს მონაწილეობას ისეთ ტურისტულ გამოფენებში, როგორიცაა ჩინეთის ყოველწლიური საერთაშორისო ტურისტული ბაზარი.
      • ჩინეთი მხარს უჭერს და ხაზს უსვამს თბილისში აბრეშუმის გზის მე-4 ფორუმის მნიშვნელობას, რომლის თემა გახლავთ „დღევანდელი დაკავშირებულობა, ხვალინდელი მდგრადობისთვის“ და რომელიც 2023 წლის 26-27 ოქტომბერს გაიმართება ქ. თბილისში.
      • ჩინეთსა და ევროპის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ქვეყნებს შორის თანამშრომლობას საქართველო მიიჩნევს პრაგმატულ, ღია და ურთიერთ-სასარგებლო რეგიონალური თანამშრომლობის პლატფორმად. ჩინეთი მიესალმება საქართველოს ინტერესს ამ თანამშრომლობის მექანიზმში ჩაერთოს დამკვირვებლის რანგში.
      • ჩინეთი შეისწავლის საქართველოს მიერ სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად პრეფერენციული დაკრედიტების საკითხს.

     

    1. ხალხთა შორისი და კულტურული ურთიერთობის განზომილება
      • ახალ პირობებში ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საჭიროების გათვალისწინებით, მხარეები გამოთქვამენ მზაობას აქტიურად აწარმოონ სამეცნიერო და ტექნოლოგიური თანამშრომლობა, განაახლონ შეთანხმება მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რომელიც 1993 წელს იქნა ხელმოწერილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს შორის.
      • ხალხთა შორის კავშირებისა და კულტურული ურთიერთობების სფეროში მეგობრული დამოკიდებულებისა და თანამშრომლობის დიდი პოტენციალის გათვალისწინებით, მხარეები თანხმდებიან გააძლიერონ კულტურული თანამშრომლობა. წახალისდება ორი ქვეყნის მოქალაქეებს შორის ვიზიტები, გაძლიერდება თანამშრომლობა ტურიზმის, ჯანდაცვის, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის მიმართულებით. ამასთანავე, გაძლიერდება ურთიერთობები კინემატოგრაფიის, პრესის და საჯარო დიპლომატიის სფეროებში.
      • მხარეები შეისწავლიან ჩინეთისა და საქართველოს კულტურის წლების აღნიშვნის შესაძლებლობას და გააგრძელებენ კონსულტაციებს კულტურული ცენტრების დასაარსებლად, რასაც შესაბამისი ხელშეწყობა ექნება.
      • მხარეები გააძლიერებენ თანამშრომლობას მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სფეროებში. განხორციელდება პროფესორ-მასწავლებლების და სტუდენტების გაცვლითი პროგრამები, გაძლიერდება თანამშრომლობა მეცნიერებისა და ახალი ტექნოლოგიების კომერციალიზაციის სფეროში, განხორციელდება ერთობლივი პროექტები.
      • მხარეები ხელს შეუწყობენ უნივერსიტეტებს ერთობლივი სასწავლო პროგრამების მსგავსი პრაქტიკული თანამშრომლობის განხორციელებას; წახალისდება უნივერსიტეტების მიერ მაღალი ხარისხის ციფრული საგანმანათლებლო რესურსების სრული გამოყენება და მათი გათვალისწინება თანამშრომლობის ონლაინ და ოფლაინ ფორმატებში. მხარეები ხელს შეუწყობენ სტუდენტების ურთიერთ-გაცვლას და ერთობლივ განვითარებას, სამთავრობო სასტიპენდიო ინსტრუმენტებისა და სხვა საშუალებების გამოყენებით.
      • მხარეები მნიშვნელობას ანიჭებენ ენების შესწავლის მიზნით გაცვლისა და თანამშრომლობის პროგრამებს, წაახალისებენ ორივე ქვეყნის სკოლებს ჩინური და ქართული ენების შესწავლისკენ; მზაობას გამოთქვამენ ენის პედაგოგების გაცვლითი პროგრამების განხორციელებისა და გადამზადებისთვის; მხარს უჭერენ კონფუცის ინსტიტუტების (საკლასო ოთახების) განვითარებას.

     

    1. საერთაშორისო განზომილება
      • მხარეები გააძლიერებენ კოორდინაციას და თანამშრომლობას რეგიონალურ და საერთაშორისო საქმეებში, ჭეშმარიტი მულტილატერალიზმის ერთობლივ მხარდაჭერას; მტკიცედ დაიცავენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ირგვლივ შექმნილ საერთაშორისო სისტემას, საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, გაეროს წესდების მიზნებსა და პრინციპებზე დამყარებულ საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველზე ძირეულ ნორმებს; წაახალისებენ ახალი სახის საერთაშორისო ურთიერთობების დანერგვას.
      • მხარეები მხარს უჭერენ კაცობრიობის საერთო ღირებულებების – მშვიდობის, განვითარების, თანამშრომლობის, სამართლიანობის, დემოკრატიისა და თავისუფლების ხელშეწყობას; პატივს სცემენ ყველა ხალხის დამოუკიდებელ არჩევანს მათი ეროვნული შესაძლებლობების შესაბამისი განვითარების გზის განსაზღვრაში და ხელს უწყობენ კაცობრიობის საერთო მომავლის მქონე საზოგადოების შექმნას.
      • საქართველო მხარს უჭერს ჩინეთის მიერ შემოთავაზებული გლობალური განვითარების ინიციატივას და მზადაა აქტიური მონაწილეობა მიიღოს ხსენებული ინიციატივის ფარგლებში წარმოებულ თანამშრომლობაში, რათა დაჩქარდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2030 წლისთვის გაწერილი მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელება.
      • საქართველო მხარს უჭერს ჩინეთის მიერ შემოთავაზებული გლობალური უსაფრთხოების ინიციატივას. მხარეებს სურთ ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაძლიერება ხსენებული ინიციატივის ფარგლებში და ერთობლივ ძალისხმევას ახორციელებენ მშვიდობიანი და სტაბილური საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოსთვის, რეგიონში ქვეყნების საერთო განვითარების ხელშეწყობისა და დაცვისთვის.
      • საქართველო მხარს უჭერს ჩინეთის მიერ შემოთავაზებული გლობალური ცივილიზაციის ინიციატივას. მხარეები აქტიურად ითანამშრომლებენ ხსენებული ინიციატივის განსახორციელებლად.
  • ბათუმის პორტთან მიმდინარე აქციაზე 23 პირი დააკავეს – შსს

    ბათუმის პორტთან მიმდინარე აქციაზე, სადაც მოქალაქეები რუსი ტურისტების და კრემლის პროპაგანდისტების ჩამოსვლას აპროტესტებდნენ, 23 პირი დააკავეს.

    მოქალაქეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებულები.

    ცნობისთვის 31 ივლისის დილას რუსეთიდან მომავალ საკრუიზო გემს ASTORIA GRANDE-ს ბათუმის პორტში მოქალაქეები საპროტესტო აქციით დახვდნენ. აქცია ბათუმში გვიან ღამით დაიწყო. ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციელია მობილიზებული. მოწყობილია რკინის ორმაგი ჯებირები.

  • საქართველოს მთავრობის არჩევანია, რა სახის ურთიერთობა სურს ჩინეთთან – კელი დეგნანი

    „პირველ რიგში მივულოცავ ყველა ქართველ სპორტსმენს, ვინც მონაწილეობდა ზაფხულის საუნივერსიტეტო თამაშებში ჩენგდუში. შესანიშნავი სანახავი გახლდათ ქართული დროშა, რომელიც ამ საერთაშორისო შეჯიბრზე იყო წარმოდგენილი. რაც შეეხება საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობას, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობის არჩევანია, რა სახის ურთიერთობა სურს ჩინეთთან. ბევრი ქვეყანა არ ეთანხმება „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივას “, მას შემდეგ რაც რამდენიმე წლის შემდეგ გამოჩნდა, რომ ეს ინიციატივა არც ისეთი სასარგებლოა სხვა ქვეყნებისთვის. ასე რომ, თუ საქართველო გადაწყვეტს, რომ ეს ინიციატივა მიიღოს, იმედს ვიტოვებ, რომ ეს კარგ შედეგებამდე მიიყვანს. ჩანდა, რომ ეს ვიზიტი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო. საქართველოს არჩევანია, ვინ იქნებიან მისი პარტნიორები”,

    ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, როგორ შეაფასებდა საქართველო-ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობას და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ ქვეყანას ახალი საერთაშორისო პარტნიორი ჰყავს.

  • კრემლის ინტერვენციის ჰიბრიდული სცენარით, ქართველები მზარდი პოლარიზაციის საფასურს იხდიან – აუსტრევიჩუსი

    ქართველები აპროტესტებენ ბათუმში მორიგი რუსული კრუიზის ვიზიტს, რომელსაც კიდევ უფრო მეტი რუსი ტურისტი მიჰყავს. კრემლის ინტერვენციის ჰიბრიდული სცენარით, ქართველი ხალხი მზარდი პოლარიზაციის საფასურს იხდის

    ამის შესახებ, წერს ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი ბათუმის პორტში მიმდინარე პროტესტზე.

  • ” ჩემს მედია საქმიანობას განვაგრძობ” – ეკა ხოფერიამ აფხაზეთის განათლების მინისტრის თანამდებობა დატოვა

    ეკა ხოფერიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ  სოციალურ ქსელში წერს.

    1 აგვისტოდან სამინისტროს მისი კოლეგა, ნანა გადელია უხელმძღვანელებს.

    ეკა ხოფერია კი  მედიასაქმიანობის გაგრძელებას გეგმავს.

    “1 აგვისტოდან ჩემი ცხოვრების კიდევ ერთი ახალი ეტაპი იწყება.

    ვასრულებ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან სამსახურს – არ ვიქნები ჩვენი საყვარელი აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი.

    ეს გადაწყვეტილება მე მივიღე, ვფიქრობ , ორწელიწადნახევარში გუნდთან ერთად შევძელით ბევრის გაკეთება და ახლა დროა ახალი ეტაპი დაიწყოს, ახალი ძალებით , ახალი ენერგიით.

    პირველ რიგში , მადლობა ახლა უკვე ჩემს ძვირფას მეგობარს, ძალიან მაგარ მენეჯერს სრულიად ახალი ხედვითა და მართლა წესიერ და სამშობლოს სამსახურში მყოფ რუსლან აბაშიძეს…

    ახლა ცოტას დავისვენებ , ახალ პროექტებს მოვიფიქრებ, ჩემს მედია საქმიანობას განვაგრძობ, რომ კიდევ უფრო დიდი რესურსით და თანადგომით მეტი საქმე გავაკეთო აფხაზეთისთვის.

    სამინისტროს ჩემი კოლეგა ნანა გაბელია უხელმძღვანელებს, ბრწყინვალე მენეჯერი და ბევრი კარგი პროექტის ავტორი. წარმატებებს ვუსურვებ მას მთელი გულით,” – წერს ხოფერია Facebook-ზე.

  • არავინ არ უნდა ელოდოს, რომ ქართველები რუსების შემოსვლას მიესალმებიან – დეგნანი

    “არ აქვს მნიშვნელობა, მე რას ვფიქრობ, მთავარია, რას ფიქრობს ქართველი ხალხი და ეს მათ ძალიან მკაფიოდ და ნათლად აჩვენეს. არავინ არ უნდა ელოდოს ქართველებისგან, რომ მიესალმებიან ხალხს ქვეყნიდან, რომელიც ახორციელებს საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას. მაშინ, როცა ხელოვნური შექმნილი გამყოფი ზოლით ის ოჯახებს ყოფს. მაშინ, როცა აკავებენ საქართველოს მოქალაქეებს და ხანდახან თვეობით ჰყავთ ისინი ტყვეობაში და არ უშვებენ.

    ასევე, მნიშვნელობა არ აქვს ხმელეთით შემოვა, თუ ზღვით. რა თქმა უნდა, საქართველოს მოსახლეობა მათ არ მიესალმება და ისინი გამოთქვამენ პროტესტს, რაც გახლავთ კონსტიტუციით დაცული უფლება, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციით დაცული უფლება და ისინი ამის წინააღმდეგ გამოდიან და გამოხატავენ პროტესტს”,

    შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ბათუმის პორტში რუსული საკრუიზო ლაინერის შემოსვლას გამოეხმაურა.

  • ომი რუსეთის ტერიტორიას უბრუნდება, ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და სამართლიანი პროცესია – ზელენსკი

    “რუსულმა აგრესიამ ამოწურა თავი ბრძოლის ველზე. დღეს არის ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის 522-ე დღე, რომელზეც რუსეთის ხელმძღვანელობას ეგონა, რომ 1-2 კვირა გაგრძელდებოდა. უკრაინა ძლიერდება. თანდათან ომი უბრუნდება რუსეთის ტერიტორიას, მის სიმბოლურ ცენტრებსა და სამხედრო ბაზებს. ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია. მომავალ ზამთარს რუსეთს კვლავ შეუძლია უკრაინის ენერგეტიკის სექტორისა და კრიტიკული ობიექტების მიზანში ამოღება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მთელი ქვეყნის მასშტაბით, ახლა, ზაფხულში და სექტემბერში, მაქსიმალურად აქტიური იყოს ყველაფერში, რაც უნდა გაკეთდეს ზამთრის დადგომამდე.”

    ​ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ  ვიდეომიმართვაში მას შემდეგ ისაუბრა, რაც მოსკოვში 50-სართულიან კომპლექსს უპილოტო საფრენი აპარატი დაეჯახა და აფეთქდა.

  • “ბათუმის პორტში მიმდინარე აქციაზე უკრაინის მოქალაქე დააკავეს” – ირაკლი კუპრაძე

    “ბათუმის პორტში მიმდინარე აქციაზე უკრაინის მოქალაქე დააკავეს”  – ამის შესახებ, სოციალურ ქსელში, პარტია ლელოს გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე წერს და ვიდეოს ავრცელებს.

    “დააკავეს უკრაინის მოქალაქე ქალი, რომელსაც წაართვეს ტელეფონი, დროშა, პირადი ნივთები და არ აძლევენ ზარის განხორციელების შესაძლებლობას”. – წერს კუპრაძე Facebook-ზე.